Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-161(კს-25) 15 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ვ. ი-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი - გადაწყვეტილების განმარტება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ვ. ი-იმა 2019 წლის 30 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 27 სექტემბრის №10/53936 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის პრივატიზაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ვ. ისმაილოვს საკუთრებაში გადაეცემოდა მარნეულის რაიონში, სოფელ ...ში (...) მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: ს/კ №..., №..., №..., №...; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 25 იანვრის №1-1/43 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი ხარჯების ანაზღაურების დავალება. მოსარჩელემ იშუამდგომლა ასევე მარნეულის რაიონში, სოფელ ...ში (...) მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ს/კ №..., №..., №..., №... ყადაღის დადება.

მოსარჩელის განმარტებით, ვ. ი-ი 2003 წლის 27 დეკემბრიდან სახელმწიფოსთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს და სარგებლობს მარნეულის რაიონში, სოფელ ...ში (...) მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით. 2011 წლის აპრილში განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და მოითხოვა მარნეულის რაიონში, სოფელ ...ში (...) მდებარე №..., №..., №..., №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის - საძოვრის პრივატიზაცია, რომლითაც 2003 წლიდან იჯარის უფლებით სარგებლობდა. მისივე განმარტებით, სამმართველოს 2012 წლის 17 ივლისის წერილების საფუძველზე გადაიხადა მითითებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის საფასური, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერდა პრივატიზაცია.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 29 ივნისის №6/39039 გადაწყვეტილებით სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მიწის ნაკვეთების პრივატიზება იმ საფუძვლით, რომ საძოვარზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების შენარჩუნება იყო უპირატესი სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით, მაშინ როდესაც მოსარჩელეს ოთხივე მიწის ნაკვეთზე გადახდილი ჰქონდა კანონით განსაზღვრული თანხები და გააჩნდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტებზე კანონიერი ნდობის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ივნისის №6/39039 და 02 ივლისის №10/40002 გადაწყვეტილებები. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 07 ოქტომბრის №1-1/434 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ვ. ი-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2018 წლის 27 სექტემბრის №10/53936 წერილით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით, სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზება.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელმაც 2019 წლის 25 იანვრის №1-1/43 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით, ვ. ი-ის სარჩელი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განჩინებით ვ. ი-ის უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, რაც გასაჩივრდა ვ. ი-ის მიერ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ვ. ი-ის საჩივარი; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეებს: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეკრძალათ მარნეულის რაიონში, სოფელ ...ში (...) მდებარე №..., №..., №..., №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გასხვისება ან რაიმე სახით უფლებრივად დატვირთვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის №10/53936 და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 25 იანვრის №1-1/43 ბრძანება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ვ. ი-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა ვ. ი-ის სააპელაციო საჩივარი; რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 27 სექტემბრის №10/53936 გადაწყვეტილება პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 25 იანვრის №1-1/43 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც ვ. ი-ის საკუთრებაში გადაეცემოდა მარნეულის რაიონში, სოფელ ...ში (...) მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (ს/კ: №.... №..., №..., №...).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

2024 წლის 05 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ვ. ი-ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა 2021 წლის 27 მაისის №3ბ/1811-20 გადაწყვეტილების განმარტება.

განმცხადებლის მითითებით, ვ. ი-იმა მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით განმცხადებელს შესთავაზა ლევან სამხარაულის მიერ შეფასებული ფასის მიხედვით თანხის გადახდა. განმცხადებელმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განემარტა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც ვ. ი-ის საკუთრებაში გადაეცემა მარნეულის რაიონში, სოფ. ...ში (იაღლუჯა) მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (ს/კ: №..., ს/კ: №..., ს/კ: №..., ს/კ: №...)“ ჩამოყალიბებულ პუნქტში იგულისხმებოდა თუ არა, რომ ვ. ი-ის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ახალი აქტის გამოცემის შემდეგ უნდა გადაეხადა ან ხელახლა უნდა გამოესყიდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები და გადასცემოდა საკუთრებაში, მაშინ როდესაც საქმეში დაცული იყო გამოსყიდვის შესახებ გადახდის ქვითრები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, ვ. ი-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, მისი აღსრულების თვალსაზრისით, არ იყო ბუნდოვანი და გაუგებარი, იგი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით არ საჭიროებდა განმარტებას. გადაწყვეტილების როგორც სამოტივაციო, ასევე სარეზოლუციო ნაწილში ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 27 სექტემბრის №10/53936 გადაწყვეტილება პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 25 იანვრის №1-1/43 ბრძანება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც ვ. ი-ის საკუთრებაში გადაეცემოდა მარნეულის რაიონში, სოფელ ...ში (...) მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (ს/კ: №..., №..., №..., №...).

პალატამ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 03 დეკემბრის №6/69481 წერილი ვერ გახდებოდა გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი, რამდენადაც, პალატის მოსაზრებით, გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს იმგვარად, როგორც ეს მის სარეზოლუციო ნაწილში არის ჩამოყალიბებული და გადაწყვეტილების განმარტებამ არ შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილების აზრი და შინაარსი. პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე განცხადება სინამდვილეში მიმართული იყო არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებისკენ, არამედ სასამართლოსაგან ერთგვარი იურიდიული კონსულტაციის მიღებისკენ, რაც გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო ცნების მიღმა იყო დარჩენილი. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის №3ბ/1811-20 გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ვ. ი-ის განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ვ. ი-ის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო თავის 2024 წლის 31 დეკემბრის განჩინებაში მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება არ არის ბუნდოვანი. თუ გადაწყვეტილება არ არის ბუნდოვანი და ის უნდა აღსრულდეს, სცდება თუ არა ერთხელ უკვე მიღებული გადაწყვეტილება მიზანს და რატომ ვერ სრულდება გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არსად არ არის მითითებული ქონებების საკუთრებაში გადაცემა მოხდება ახალი შეფასების შედეგადო. ქონების ღირებულება მხარეს რომ წინასწარ ჰქონდა გადახდილი და სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო არ გადასცემდა საკუთრებაში, სწორედ ამიტომ დაკმაყოფილდა ვ. ი-ის სარჩელი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის განმარტებით კითხვაზე „აქვს თუ არა ვ. ი-ის 2021 წლის 27 მაისის №3ბ/1811-20 სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით გადაიხადოს მიწის საკუთრებაში გადაცემისათვის ზემოთ ჩამოთვლილი ქონებების დღევანდელი ღირებულების გადახდის ვალდებულება“ გასცეს პასუხი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით, ვ. ი-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ი-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების/განჩინების განმარტების აუცილებლობა დღის წესრიგში დგება მაშინ, როდესაც მისი შინაარსი ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივია. გარდა ამისა, გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული და გადაწყვეტილების აღსრულების ვადა არ უნდა იყოს გასული. ამდენად ცალსახაა, რომ გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებაა და მისი მიზანია არა მხარის ინტერესის დაკმაყოფილება - მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. ხსენებული პირობების დადგომისას გადაწყვეტილება განიმარტება მისი სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, რამდენადაც გადაწყვეტილების განმარტება მართლმსაჯულების განხორციელებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას, მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს და ორიენტირებულია მოდავე მხარეთა უფლებების იმგვარ დაცვაზე, როდესაც ერთმნიშვნელოვნად სწორად უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2021 წლის 27 მაისის №3ბ/1811-20 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით და მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილი) ჩამოყალიბებულია გარკვევით, ნათლად და არაორაზროვნად, ამასთან, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობა ნათლად იძლევა მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების აღქმის შესაძლებლობას, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის სურვილი, სასამართლომ ზედმიწევნით ზუსტად განუსაზღვროს ადმინისტრაციული წარმოებისას განსახორციელებელი ქმედებები და პროცედურა გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით, არ შეესაბამება სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების საკანონმდებლო მიზნებს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების განმარტებაზე ვ. ი-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან არ დასტურდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობები, ამდენად, გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 დეკემბრის განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა