Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-413 (კ-24) 22 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. კ-იმა 21.02.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.04.2021წ. N... შეტყობინების და 31.01.2022წ. N21-17/8274 წერილის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.03.2023წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს "დ...".

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2023წ. გადაწყვეტილებით ს. კ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.01.2022წ. N21-17/8274 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2023წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2023წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში დაცული 20.11.2018წ. N181421147 სანოტარო აქტის თანახმად, ს. კ-ისა და შპს „დ...ს“ დირექტორს დ. ჭ-ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 27.11.2018წ. იპოთეკით დაიტვირთა შპს „დ...ს“ საკუთრებაში არსებული N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ავტოფარეხი, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. N..., სართული 1-ლი, ფართი - 292.50 კვ.მ.. შემოსავლების სამსახურის მიერ 22.04.2021წ. მიღებულ იქნა N... შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რომლის თანახმად შპს ,,დ...ს“ (...) ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოშობილ იქნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, მათ შორის, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზეც გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. 07.12.2021წ. ს. კ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შპს „დ...ს“ საკუთრებაში რეგისტრირებულ 295.50 კვ.მ. ფართის ავტოფარეხზე (ს/კ ...) არსებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.01.2022წ. N21-17/8274 წერილით ს. კ-ის ეცნობა, რომ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. ამავე წერილით ს. კ-ის განემარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ − საგადასახადო დავალიანების მოთხოვნა. ამ ქონების ახალ მფლობელზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით საგადასახადო დავალიანება სრულად არ იფარება, შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით იყო დატვირთული. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება შეიძლება გაუქმდეს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავოდ გამხდარ წერილში არ არის მოცემული რაიმე სახის მსჯელობა ს. კ-იის განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტაზე. აღნიშნული განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენს საჩივარს და მასში წარმოდგენილია კონკრეტული მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის 22.04.2021წ. N0079780 შეტყობინების ავტოფარეხის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე. განმცხადებელი (საჩივრის ავტორი) ს. კ-იი მოითხოვდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმებას იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც ამავდროულად დატვირთული იყო მისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, თუმცა ს. კ-იის მოთხოვნა განხილული არ იქნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მხარემ 07.12.2021წ. განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა 295.50 კვ.მ. ფართის ავტოფარეხზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.01.2022წ.N21-17/8274 წერილით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კასატორის მოსაზრებით გაურკვეველია თუ როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.01.2022წ. N21-17/8274 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც რეალურად წარმოადგენს ინფორმაციული შინაარსის მატარებელ წერილს და აღნიშნული წერილის ბათილად ცნობით სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება რომელიმე მხარისათვის. კასატორმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელების მომენტში - 22.04.2021წ. სადავო ქონება საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად წარმოადგენდა შპს „დ...ს“ საკუთრებას, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, შპს „დ...ს“ საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (მათ შორის სადავო ქონებაზე). კასატორმა მიუთითა, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გაავრცელოს ისეთ ქონებაზეც, რომელიც უკვე დატვირთულია უზრუნველყოფის ღონისძიებით. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ − საგადასახადო დავალიანების მოთხოვნა. ამ ქონების ახალ მფლობელზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით საგადასახადო დავალიანება სრულად არ იფარება, შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით იყო დატვირთული. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან შპს "დ...ს" მიმართ არ არის რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონის პირველი პუხლის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება, პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. კასატორი თვლის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების გაუქმების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა, ხოლო 31.01.2022წ. N21-17/8274 წერილის ბათილად ცნობით გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე არანაირი სამართლებრივი შედეგი არ დადგება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, 20.11.2018წ. ს. კ-ისა და შპს "დ...ს" შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 27.11.2018წ. იპოთეკით დაიტვირთა შპს „დ...ს“ უძრავი ქონება, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ში, 1-ელ სართულზე მდებარე ავტოფარეხი ფართით 292.50 კვ.მ. (ს.კ. N...). შემოსავლების სამსახურის მიერ 22.04.2021წ. მიღებულ იქნა N... შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რომლის თანახმად შპს ,,დ...ს“ (...) ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოშობილ იქნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 19.05.2021წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ. კ-ის. ს. კ-იმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა, რომელიც იმავე დღეს გაიცა. 07.12.2021წ. ს. კ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შპს „დ...ს“ საკუთრებაში რეგისტრირებული 295.50 კვ.მ. ფართის ავტოფარეხზე (ს/კ N...) არსებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მოვალის მიერ სესხის გადაუხდელობის გამო ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო უძრავი ქონების (ავტოფარეხის) რეალიზაცია, რაც ვერ ხორციელდება ზემოაღნიშნულ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გამო. მოსარჩელის განცხადებით, იპოთეკის გაფორმების დროისათვის ქონებაზე რაიმე სახის ვალდებულება რეგისტრირებული არ ყოფილა. საგადასახადო გირავნობა გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. შესაბამისად, ს. კ-იი ითხოვდა შპს "დ...ს" საკუთრებაში არსებულ ავტოფარეხზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმებას. ს. კ-ის 07.12.2021წ. განცხადებაზე პასუხი ეცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.01.2022წ. N21-17/8274 წერილით. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ს. კ-იის 07.12.2021წ. განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენს ადმინისტრაციულ საჩივარს. ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას (სზაკ-ის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი), ხოლო განცხადება არის უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა (სზაკ-ის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი). ამდენად ადმინისტრაციული საჩივარი დაკავშირებული უნდა იყოს უფლების დარღვევასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება პირდაპირ და უშუალო გავლენას უნდა ახდენდეს მომჩივანის ინტერესებზე, ანუ საჩივრის შემტანს საჩივარში დასმული საკითხისადმი უშუალო უფლებადამცავი ინტერესი უნდა ჰქონდეს, ამასთანავე, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი უნდა უთითებდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტით ან ქმედებით ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, კერძოდ, ს. კ-იი ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადებით ითხოვდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმებას იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც ამავდროულად დატვირთული იყო მისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ს. კ-იი მიუთითებდა, რომ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გამო იგი ვერ ახორციელებდა ქონების (ავტოფარეხის) რეალიზაციას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.01.2022წ. N21-17/8274 წერილში არ არის მსჯელობა ს. კ-იის განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტაზე. სადავო წერილით ს. კ-ის ეცნობა იმ სამართლებრივი ნორმების შინაარსი, რომლებიც არეგულირებს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობას უძრავ ნივთზე, თუმცა განცხადებაში მითითებულ საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გზით არ უმსჯელია. ამასთან, სადავო აქტში არ მიუთითებია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ სადავო წერილი გამოცემულია ვალის მართვის დეპარტამენტის გადახდევინების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მიერ, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ პირს. დასახელებული სამმართველო არის სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებაში საჩივრების განხილვა არ შედის.

უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.01.2022წ. N21-17/8274 წერილის ბათილად ცნობით ვერ დადგება სამართლებრივი შედეგი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული აქტის ბათილად ცნობის პირობებში, სსიპ შემოსავლების სამსახური, როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო, ვალდებული გახდება ს. კ-იის მიერ წარდგენილი 07.12.2021წ. განცხადება, როგორც ადმინისტრაციული საჩივარი, განიხილოს არსებითად მისი შინაარსისა და მასში დასმული მოთხოვნის გათვალისწინებით. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.04.2021წ. N... შეტყობინების კანონიერება უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში და სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მის კანონშესაბამისობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი