საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-201(2კ-25) 8 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. კ-ე
მოპასუხე- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 19 ოქტომბერს გ. კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოგვიანებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ ასევე მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
მოსარჩელის განმარტებით, საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით ნამსახურობის წლების გამოსაანგარიშებლად მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მოპასუხეთა მიერ არასწორად იქნა დათვლილი მისი ნამსახურობის წლები, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არ აისახა მისი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების პერიოდი (05.07.1993წ.-25.08.1993წ), სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში - რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებში დანამატის კატეგორიის პერიოდი (18.06.1994წ. – 29.12.1997წ.), ...ს ხეობაში მივლინების პერიოდი (20.02.2002წ.-01.03.2002წ, 15.08.2002წ.-19.09.2002წ. და „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“-ში სამსახურის პერიოდი (01.03.2004წ.-17.07.2005 წ.).
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10.09.2020წ. MOD82000803731 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 30.09.2020 წლის MIA 62002319941 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 10.09.2020 წ. MOD 82000803740 წერილის ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სადაც გათვალისწინებული იქნება გ. კ-ეის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების პერიოდი (05.07.1993 წ.-25.08.1993წ), სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში - რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებში დანამატის კატეგორიის პერიოდი (18.06.1994 წ. – 29.12.1997 წ.), ...ს ხეობაში მივლინების პერიოდი (20.02.2002წ.-01.03.2002წ), 15.08.2002წ.-19.09.2002წ.) და „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“-ში სამსახურის პერიოდი (01.03.2004 წ. -17.07.2005 წ.) და 2.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრისთვის გ. კ-ეის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა 2020 წლის სექტემბრის თვიდან; სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, 2020 წლის სექტემბრის თვიდან, ასევე 2020 წლის სექტემბრის თვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გ. კ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10.09.2020 წლის MOD82000803731 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 30.09.2020 წლის MIA 62002319941 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 10.09.2020 წლის MOD 82000803740 წერილი და მოპასუხეებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალათ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელე გ. კ-ესთან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-11 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტებზე, მე-16 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, ასევე „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 და 22-ე მუხლებზე.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრება მოსარჩელის ნამსახურობის წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების პერიოდის (05.07-25.08.1993) ჩაუთვლელობის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო დროის მონაკვეთი ემთხვევა რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ჯარების და სამხედრო გადაზიდვების სამხედრო-სატრანსპორტო ინსტიტუტში სწავლის პერიოდს, შესაბამისად თუკი სწავლის პერიოდი ჩათვლილია წელთა ნამსახურობის ნუსხაში, დროის იმავე მონაკვეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, ვერ იქნება გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის გამოთვლისას. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული წერილობითი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ გ. კ-ე სადავო პერიოდში მივლინებული იყო ქ. სოხუმში, ...ში საბრძოლო დავალებების შესასრულებლად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში სამსახური, ...ს ხეობაში მივლინების პერიოდი და "წვრთნისა და აღჭურვის’’ პროგრამაში სამსახური, ჩათვლილია გ. კ-ეის საერთო ნამსახურობის ნუსხაში, ზემოაღნიშნული არ არის გამოთვლილი საშეღავათო პერიოდით.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვის მინისტრის N289-ე ბრძანებაზე, რომელშიც აღნიშნულია საომარი მოქმედებების დროს სამხედრო ნაწილებში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტებში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, საბრძოლო მოქმედებისათვის მზადყოფნაში ან საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფის ან შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევაში სამხედრო პირთა ნამსახურობის გამოთვლის განსხვავებული წესის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის 11 აპრილის N89 ბრძანებაზე, რომლის თანახმად, სწრაფი რეაგირების ძალების "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში’’ ჩართულ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს ნამსახურობის პერიოდი, ასევე უნდა დაეთვალოთ საშეღავათო გაანგარიშებით. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 4 აპრილიდან ... გ. კ-ე დაინიშნა სწრაფი რეაგირების ძალების შტაბის ...ის თანამდებობაზე.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილ ნამსახურობის ნუსხაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ გ. კ-ეის მიერ რუსეთის ფედერაციის ჯარში (1994-1997) გავლილი სამხედრო სამსახური ასევე ექვემდებარება შეღავათიან გაანგარიშებას. თუმცა საგულისხმოა, რომ ამ ინფორმაციის ამ სახით ასახვა არ მომხდარა საბოლოო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში.
სააპელაციო პალატის მითითებით, გამოსაკვლევ გარემოებას წარმოადგენს ექვემდებარება თუ არა გ. კ-ეის სამსახური დსთ-ს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, მივლინება და სამსახური სწრაფი რეაგირების ძალებში საშეღავათო წესით გაანგარიშებას და რას წესით. ვინაიდან, ერთი მხრივ, პალატის მიერ მითითებული ბრძანებები შეიცავენ მითითებას სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშების თაობაზე, ხოლო მეორე მხრივ, ადმინისტრაციული ორგანო გასაჩივრებულ აქტებში არ ასაბუთებს რატომ არ ექვემდებარება აღნიშნულ გაანგარიშებას გ. კ-ე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელად მიიჩნია, თუ რატომ ეთქვა უარი მოსარჩელეს შეღავათიანი გაანგარიშებით ნამსახურები პერიოდის გამოთვლაზე სწრაფი რეაგირების ძალების ‘’წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში" სამსახურის პერიოდთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ იზიარებს დავის მოცემული სახით გადაწყვეტას და გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას. კასატორი აღნიშნავს, რომ გ. კ-ეს სწავლის პერიოდი ჩათვლილი აქვს ნამსახურობის ნუსხაში. კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ სათანადოდ არ შეფასებულა ის გარემოება, რომ გ. კ-ე გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით ...ს ხეობაში მივლინებული იყო რაზმის დაკომპლექტების მიზნით. "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალოდ მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადყოფნაში ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაითვლება ორ დღედ. მოცემულ შემთხვევაში, გ. კ-ე ...ს ხეობაში მივლინებული იყო რაზმის დაკომპლექტების მიზნით და სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, რის გამოც საშეღავათო წესით მისთვის ნამსახურობის დაანგარიშება საფუძველს მოკლებულია. კასატორი აღნიშნავს, რომ გ. კ-ეის წელთა ნამსახურების ვადამ ჯამში შეადგინა 27 წელი, 7 თვე და 28 დღე, რაც სავსებით საკმარისი იყო სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად, აღნიშნული ფაქტი კი არცერთმა სასამართლომ არ გაითვალისწინა.
კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრებით, გ. კ-ეის მოთხოვნას წარმოადგენდა საბრძოლო მოქმედებში 5.07.1993 წლიდან-25.08.1993 წლამდე მონაწილეობის პერიოდის განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურებად ჩათვლა. კასატორის მითითებით, გ. კ-ეს ომში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამასთან, დადასტურებულია, რომ სადავო პერიოდში გ. კ-ე სწავლობდა რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ჯარების და სამხედრო გადაზიდვების სამხედრო-სატრანსპორტო ინსტიტუტში, რომელში სწავლის პერიოდიც მოსარჩელეს ჩათვლილი აქვს ნამსახურობის წლებში. კასატორისთვის გაუგებარია იმ პირობებში, როდესაც წელთა ნამსახურობის ნუსხაში ჩათვლილია სწავლის პერიოდი, იმავე პერიოდთან მიმართებით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა განმეორებით რატომ უნდა ჩაითვალოს. კასატორი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში სამსახური, ...ს ხეობაში მივლინების პერიოდი და "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში სამსახური ჩათვლილია მოსარჩელის ნამსახურეობის წლებში. მოცემული საკითხები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას მიეკუთვნება, რის გამოც აღნიშნული საკითხების შეფასება სცდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10.09.2020წ. MOD82000803731 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 30.09.2020წ. MIA 62002319941 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 10.09.2020წ. MOD 82000803740 წერილის კანონიერება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სადაც გათვალისწინებული იქნება გ. კ-ეის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების პერიოდი (5.07.1993 წ.-25.08.1993წ), სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში - რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებში დანამატის კატეგორიის პერიოდი (18.06.1994 წ. – 29.12.1997 წ.), ...ს ხეობაში მივლინების პერიოდი (20.02.2002წ.-01.03.2002წ), 15.08.2002წ.-19.09.2002წ.) და „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“-ში სამსახურის პერიოდი (01.03.2004 წ. -17.07.2005 წ.); და 2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრისთვის გ. კ-ეის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა 2020 წლის სექტემბრის თვიდან; სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, 2020 წლის სექტემბრის თვიდან, ასევე 2020 წლის სექტემბრის თვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა.
საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გ. კ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10.09.2020 წლის MOD82000803731 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 30.09.2020 წლის MIA 62002319941 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 10.09.2020 წლის MOD 82000803740 წერილი და მოპასუხეებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალათ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელე გ. კ-ესთან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საკასაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკაციო საჩივრით გასაჩივრებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ საკასაციო საჩივრების ფარგლებში და შეაფასებს სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობის დაანგარიშებისას სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობის სტაჟში გათვალისწინებული უნდა იქნეს თუ არა კონკრეტული პერიოდი, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების პერიოდი (05.07.1993 წ.-
25.08.1993წ). მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარდმოადგენს სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში - რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებში დანამატის კატეგორიის (18.06.1994 წ. – 29.12.1997 წ.), ...ს ხეობაში მივლინების პერიოდის (20.02.2002წ.-01.03.2002წ), 15.08.2002წ.-19.09.2002წ.) და „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“-ში სამსახურის პერიოდის (01.03.2004წ. -17.07.2005წ.) შეღავათიანი გაანგარიშებით წელთა ნამსახურებაში ასახვა. ასევე შესაფასებელია თუ რა პრინციპით უნდა მოხდეს აღნიშნული პერიოდების ჩათვლა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. კ-ე 1990 წლის 1 აგვისტოდან 1994 წლის 18 ივნისამდე სწავლობდა რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ჯარების და სამხედრო გადაზიდვების სამხედრო-სატრანპორტო ინსტიტუტში, ...ს სტატუსით. გ. კ-ეს მიენიჭა სამხედრო წოდება ლეიტანეტი და ჩარიცხულ იქნა სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების განკარგულებაში. გ. კ-ემ რუსეთის ფედერაციის შეირაღებული ძალების სამხედრო გადაზიდვების წარმომადგენლობის საქართველოს რკინიგზის სამტრედიის განყოფილებაში, წარმომადგენლის თანაშემწედ იმსახურა 1994 წლის 25 ივლისიდან, 1997 წლის 29 დეკემბრამდე. გ. კ-ე 1997 წლის 29 დეკემბერს დათხოვნილია ნამდვილ სამხედრო სამსახურიდან.
სამხედრო ნაწილი N20350-ის მეთაურის 1993 წლის 5 ივლისის N16 ბრძანების თანახმად, მოხალისე გ. კ-ე მივლინებულ იქნა ქ. სოხუმში, ...ში საბრძოლო დავალების შესასრულებლად.
სამხედრო ნაწილი N20350-ის მეთაურის 1993 წლის 25 აგვისტოს ბრძანების თანახმად, მოხალისე გ. კ-ე ამორიცხულ იქნა სამხედრო ნაწილი N20350-ის სიებიდან. საქართველოს შეიარაღებული ძალების კადრების დეპარტამენტის N0007289 ცნობის თანახმად, ... გ. კ-ე, 1993 წლის 5 ივლისიდან, 1993 წლის 27 სექტემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, საფუძველი პირადი საქმე N403.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1998 წლის 17 აპრილის N143 ბრძანებით, გ. კ-ე გაწვეულ იქნა ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში რეზერვიდან და ჩაირიცხა სამხედრო ძალებში. გ. კ-ე 1998 წლის 17 აპრილიდან, 1999 წლის 1 მარტამდე მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს შტაბის ...ად, წოდებით ..., სამხედრო ნაწილი N....
გ. კ-ე გათავისუფლდა ზემოაღნიშნული თანამდებობიდან და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1999 წლის 1 მარტის N208 ბრძანებით დაინიშნა გენერალური შტაბის ...ის თანამდებობაზე, სადაც მსახურობდა 1999 წლის 7 ივნისამდე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებების შესაბამისად, გ. კ-ე, 1999 წლის 7 ივნისიდან, 1999 წლის 6 სექტემბრამდე მსახურობდა სამხედრო ნაწილი N11237 ...ედ. 1999 წლის 6 სექტემბრიდან, 1999 წლის 22 დეკემბრამდე მსახურობდა სამხედრო ნაწილი N...-ში, ... შეიარაღების დარგში, ...ად. 1999 წლის 22 დეკემბრიდან, 2001 წლის 14 მაისამდე მსახურობდა სამხედრო ნაწილი N...-ში, ... - ბატალიონის ...დ. 1999 წლის 22 დეკემბრიდან, 2001 წლის 14 მაისამდე მსახურობდა სამხედრო ნაწილი N...-ში, შტაბის ... - ბატალიონის ...დ. გ. კ-ე, 2002 წლის 31 იანვრიდან, 2003 წლის 25 იანვრამდე მსახურობდა სამხედრო ნაწილი N07747-ში ...ად.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2003 წლის 20 თებერვლის N421 ბრძანებით, იგი გადაიყვანეს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, შტატების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
გ. კ-ე, 2003 წლის 25 იანვრიდან, 2004 წლის 18 მაისამდე მსახურობდა სამხედრო ნაწილი N07747-ში, ...ის განყოფილებაში; გ. კ-ე, 2004 წლის 18 მაისიდან, 2004 წლის 19 ივლისამდე მსახურობდა სამხედრო ნაწილი N07747-ში, ...ის ჯგუფში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 14 ივლისის N1/473 ბრძანებით, გ. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მივლინებულ იქნა აშშ-ში ინგლისური ენის კურსზე 2004 წლის 14 ივლისიდან, 2005 წლის 14 ივლისამდე. ხოლო 2005 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე „...ში“.
საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 11 აგვისტოს N107 პ/შ ბრძანებით, 2005 წლის 25 ივნისს გ. კ-ე ჩაითვალა სასწავლო მივლინებიდან დაბრუნებულად. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 11 აგვისტოს N107 პ/შ ბრძანებით, მოსარჩელე 2005 წლის 14 დეკემბრიდან, დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემდგენლობის სიებიდან ამორიცხვით და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით).
გ. კ-ეს 1994 წლის 25 ივლისიდან 1997 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდი,
მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 20 თებერვლის N46 დადგენილების თანახმად, ერთი თვე სამხედრო სამსახურისა ჩაეთვალა 1,5 თვედ.
ასევე, მოსარჩელე მხარეს, 20.02.2002 წლიდან 1.03.2002 წლამდე და 15.08.2002 წლიდან 19.09.2002 წლამდე ნამსახურები პერიოდი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 30 დეკემბრის N289 ბრძანებით ერთი დღე ჩაეთვალა 3 დღედ.
გ. კ-ეს, 1.02.2003 წლიდან 19.07.2004 წლამდე პერიოდი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის 11 აპრილის N89 ბრძანებით, ერთი დღე ჩაეთვალა ორ დღედ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. კ-ე, 1993 წლის 5 ივლისიდან, 1993 წლის 27 სექტემბრამდე მონაწილებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოეულ საბრძოლო მოქმედებებში, აფხაზეთის რეგიონში (...).
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის 2002 წლის 20 თებერვლის N25 ბრძანებით, კაპიტანი გ. კ-ე - სახმელეთო ჯარების შტაბის ოპერატიული სამმართველოს საბრძოლო მზადყოფნისა და დაგეგმარების განყოფილების ...ის მ/შ, სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მივლინებით ...ს ხეობაში 7 დღით, 2020 წლის 20 თებერვლიდან, 27 თებერვლამდე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის 2002 წლის 1 მარტის N31 ბრძანებით, გ. კ-ე ჩაითვალა მივლინებიდან დაბრუნებულად და შეუდგა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.
2002 წლის 14 აგვისტოს N171 მივლინების მოწმობის თანახმად, გ. კ-ე ...ს ხეობაში მივლინებულ იქნა 30 დღის ვადით, 2002 წლის 15 აგვისტოდან, 15 სექტემბრამდე. ამავე მოწმობით დგინდება, რომ გ. კ-ე მივლინებაში წავიდა 2002 წლის 16 აგვისტოს და დაბრუნდა 2002 წლის 19 სექტემბერს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 10 სექტემბრის MOD82000803731 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 10.09.2020 წლის MOD 82000803740 წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ბაზისა და გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალების მიხედვით, გ. კ-ეის 1998 წლის 17 აპრილიდან, 2005 წლის 14 დეკემბრამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში ნამსახურობა შეადგენს 7 წელს, 7 თვეს და 27 დღეს.
2020 წლის 18 აგვისტოს, გ. კ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წელთა ნამსახურობის გაანგარიშების მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 30.09.2020 წლის MIA 62002319941 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გ. კ-ეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალა: 1) უმაღლეს სამხედრო სასწავლო დაწესებულებაში სწავლა, ყოფილი სსრკ და დსთ-ს წევრ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში სამსახური (01.08.1990წ-29.12.1997წ.) 7 წელი, 4 თვე, 28 დღე; 2) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო წოდებით სამსახური: (17.04.1998წ.-14.12.2005წ.) 7 წელი, 7 თვე, 27 დღე; 3) შს სამინისტროში სპეციალური და სამხედრო წოდებით სამსახური: (5.10.2007წ.- 22.08.2020წ.) 12 წელი, 10 თვე, 17 დღე. საბოლოოდ, გ. კ-ეის წელთა ნამსახურობამ შეადგინა 27 წელი, 11 თვე და 12 დღე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში. ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სახედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო- სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების პერიოდის" (05.07.1993წ-25.08.1993) სამხედრო ნამსახურების ვადაში ჩაუთვლელობასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მიუთითეს იმ არგუმენტზე, რომ სადავო დროის მონაკვეთი ემთხვევა მოსარჩელის რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ჯარების და სამხედრო გადაზიდვების სამხედრო-სატრანსპორტო ინსტიტუტში სწავლის პერიოდს. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სწავლის პერიოდი ჩათვლილია წელთა ნამსახურობის ნუსხაში, დროის იმავე მონაკვეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი, ვერ იქნება გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის გამოთვლისას. კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც მის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას დაასტურებდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ზემოაღნიშნულ მსჯელობებს. საკასაციო პალატა ყურადღებას ახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული გ. კ-ეის პირადი საქმიდან ნამსახურეობის ნუსხით (ტ.1, ს.ფ 102-112) და სამხედრო ნაწილის მეთაურის შესაბამისი ბრძანებებით უდავოდ დასტურდება, რომ გ. კ-ე მის მიერ დასახელებულ პერიოდში მივლინებული იყო ქ. სოხუმში, ...ში საბრძოლო დავალებების შესასრულებლად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებმა ვერ მიუთითეს საკანონმდებლო ნორმაზე, რომელიც ნამსახურების ნუსხაში მოსარჩელის სწავლის პერიოდთან დამთხვევის გამო, გ. კ-ეის მოთხოვნას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდის ნამსახურების ნუსხაში ჩათვლის თაობაზე გამორიცხავდა.
"სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაადგილების უფლება აქვს შესაბამისი მეთაურის ნებართვით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე მივლინებაში იგზავნება სამხედრო ხელმძღვანელობის ნებართვით, შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე. ამავე კანონის მე-15 მუხლი ადგენს ნამსახურები წლების გაანგარიშების წესს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებებისათვის მზადყოფნაში ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამხედრო მოსამსახურეები ჯილდოვდებიან ორდენებითა და მედლებით.
"სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით გამოიცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 30.12.2001წ. N289 ბრძანება, რომელიც საქართველოს კანონის ზემოხსენებული ნორმის იდენტურ დათქმებს ითვალისწინებდა.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს, რომ გ. კ-ე ...ს ხეობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე ორჯერ იქნა მივლინებული ...ს ხეობაში. 20.02.2002წ. N53 სამივლინებო მოწმობაში აღნიშნულია, რომ გ. კ-ეს სამსახურეობრივი მიზნით ...ს ხეობაში მივლინებული იყო 7 დღით, ხოლო 14.08.2002წ. N171 სამივლინებო მოწმობით დგინდება, რომ გ. კ-ე ...ს ხეობაში მივლინებულ იქნა კვლავ სამსახურეობრივი მიზნით 2002 წლის 14 აგვისტოდან 2002 წლის 15 სექტემბრამდე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე დადგენილია კონკრეტულ შემთხვევებში შეღავათიანი პირობებით ნამსახურების პერიოდის გაანგარიშება. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებელად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ ვინაიდან გ. კ-ე ...ს ხეობაში მივლინებული იყო სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, კერძოდ რაზმის დაკომპლექტების მიზნით, მასზე არ უნდა გავრცელდეს შეღავათიანი პერიოდით ნამსახურების დაანგარიშების საკანონმდებლო დანაწესი.
რაც შეეხება, გ. კ-ეის "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში" მონაწილეობის პერიოდის საშეღავათო წესით დაანგარიშების საკითხს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 4.04.2003წ. N1115 ბრძანების თანახმად, ... გ. ა.-ს ძე კ-ე დაინიშნა სწრაფი რეაგირების ძალების შტაბის ...ად.
საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.04.03წ. N89 ბრძანებით "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში" მონაწილე ჩაითვალა სწრაფი რეაგირების ძალების შტაბი. ამავე ბრძანებით სწრაფი რეაგირების ძალების "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში" ჩართული ქვედანაყოფების ყველა სამხედრო მოსამსახურეს ნამსახურეობის ერთი დღე ჩაეთვალოს ორ დღედ, ხოლო ყველა სახის ფულადი სარგო აუნაზღაურდეს შესაბამისად ორმაგი ოდენობით.
საქმეში დაცული სწრაფი რეაგირების ძალების შტაბის უფროსის 16.06.03წ. N142 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, სწრაფი რეაგირების ძალების "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში" ჩართული ქვედანაყოფების ყველა სამხედრო მოსამსახურეს ნამსახურეობის ერთი დღე ჩაეთვალოს ორ დღედ, ხოლო ყველა სახის ფულადი სარგო აუნაზღაურდეს შესაბამისად ორმაგი ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ გ. კ-ეის პირადი საქმიდან ნამსახურეობის ნუსხაზე, რომელშიც შესაბამის სამართლებრივი საფუძვლებზე მითითებით აღნიშნულია, გ. კ-ეისთვის შეღავათიანი გაანგარიშებით სადავო პერიოდების ჩათვლის თაობაზე. კერძოდ, ნუსხაში აღნიშნულია, რომ გ. კ-ეს 25.07.1994წ-29.12.1997წ. პერიოდი, მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 20 თებერვლის N46 დადგენილების შესაბამისად, 1 თვე სამსახური უნდა ჩაეთვალოს 1,5 თვედ, ...ს ხეობაში მივლინების პერიოდი (20.02.2002წ-01.03.2002წ და 15.08.2002წ-19.09.2002) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის 11 აპრილის N89 ბრძანების შესაბამისად 1 დღე 2 დღედ. ამავე ნუსხით დგინდება, რომ 5.07.1993-27.09.1993წ. გ. კ-ე მონაწილეოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთის რეგიონში (...ში). ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნულ სამსახურებრივ ნუსხაში ასახული ინფორმაცია არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გ. კ-ეის ნამსახურების წლების საბოლოო დაანგარიშებაში. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ გ. კ-ეის სასარჩელო მოთხოვნების უარმყოფელ სათანადო დასაბუთებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას სარჩელის წარდგენის დაუშვებლობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გ. კ-ეის ნამსახურების წლებმა შეადგინა 27 წელი, 11 თვე და 12 დღე, რაც საკმარისია კომპენსაციის დასანიშნად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით საკომპენსაციო თანხის ოდენობის დაანგარიშებისას არსებითი მნიშვნელობის მქონეა ნამსახურების წელთა ოდენობა. შესაბამისად, მოსარჩელის იურიდიული ინტერესია საკომპენსაციო თანხის ოდენობის გაზრდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას მასზედ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს სათანადოდ არ გამოუკვლევიათ და შეუფასებიათ მოსარჩელის მიმართ "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წელთა ნამსახურეობის შეღავათიანი გაანგარიშების საფუძველი. ამდენად, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზემოაღნიშნული მტკიცებულებების და განჩინების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს გ. კ-ეის მიერ მოთხოვნილი პერიოდების ნამსახურეობის წლებში ჩათვლის და მათი საშეღავათო წესით გამოანგარიშების საკითხი. მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს სათანადო სამართლებრივი ნორმებით დასაბუთებული და საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებითა და მტკიცებულებებით არგუმენტირებული
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა