ას-625-1004-06 6 ნოემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),
მ. ცისკაძე
დავის საგანი: კოოპერატივის რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა, სასამართლოს დადგენილების გაუქმება, კრების ოქმებისა და სანოტარო მოქმედებების ბათილად ცნობა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
კორპორაცია „...“ შპს „...“ მეანაბრეებმა - შ. ხ-კმა, ნ. ბ-ძემ, ზ. წ-ძემ, ნ. გ-ძემ და სხვებმა, ასევე, კოოპერატივ „...“ ყოფილმა დირექტორმა ა. პ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში კოოპერატივ „...“ მიმართ და მოითხოვეს, კოოპერატივ „...“ სახელით შედგენილი 2003წ. 1 სექტემბრის კრების ოქმების; ¹.., ... და სხვა სანოტარო მოქმედებათა, ასევე, რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ სასამართლოს 2003წ. 26 სექტემბრის დადგენილების ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის მათ სასარგებლოდ თითოეულზე 500 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა. პ-შვილმა, ასევე, კორპორაცია „...“ შპს „...“ დაზარალებულმა მეანაბრეებმა: ნ. გ-ძემ, შ. ხ-კმა, ნ. ბ-ძემ და სხვებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ოქტომბრის განჩინებით კორპორაცია „...“ შპს „...“ მეანაბრეების _ შ.ხ-კის, ნ. ბ-ძისა და სხვათა, ასევე, ფიზიკური პირის _ ა.პ-შვილის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. პ-შვილმა, ასევე, კორპორაცია „...“ შპს „...“ მეანაბრეებმა შ. ხ-კმა, ნ. ბ-ძემ, ზ. წ-ძემ და სხვებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 22 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2005წ. 22 ივლისს, თუმცა სასამართლო სხდომა, კოლეგიის არასრული შემდგენლობის გამო, გადაიდო ამავე წლის 19 სექტემბრისათვის. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილების შესაბამისად, სხდომის დღე ეცნობა კოოპერატივ „...“ წარმომადგენლებს _ ა.ხ-ურს, ლ.გ-ურსა და ვ.კ-შვილს, ასევე კორპორაცია „...“ შპს „...“ მეანაბრეებს _ დ.წ-ია-ჯ-შვილსა და ნ.გ-ძეს. ამასთან, ნ.გ-ძემ ვალდებულება იკისრა, სხდომის თარიღი შეეტყობინებინა თავისი მარწმუნებლებისათვის.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინებით, სსკ-ის 372-ე, 231-ე მუხლების, ასევე 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტების საფუძველზე, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კორპორაცია „...“ შპს „...“ მეანაბრეებმა _ ნ. გ-ძემ, შ. ხ-კმა, ნ. ბ-ძემ, ე. ბ-ურმა, დ. წ-ია-ჯ-შვილმა, ასევე ა. პ-შვილმა შეიტანეს კერძო საჩივრები, მოითხოვეს მისი გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სააპელაციო საჩივრების განხილვა შემდეგ გარემოებათა გამო: ა.პ-შვილს, შ.ხ-კსა და სხვა აპელანტებს სასამართლო უწყებები საქმის განხილვის 2005წ. 19 სექტემბრისათვის გადადების შესახებ სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით არ ჩაბარებიათ, ამდენად, სასამართლო სხდომაზე ისინი კანონის დაცვით მიწვეული არ ყოფილან და სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრები არასწორად დატოვა განუხილველი. ნ.გ-ძის განმარტებით, იგი სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, კერძოდ, მისმა შვილმა მიიღო ტრავმა და საჭიროებდა მეთვალყურეობას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. პ-შვილის, ასევე კორპორაცია „...“ შპს „...“ მეანაბრეების _ ნ. გ-ძის, შ. ხ-კის, ნ. ბ-ძის, ე. ბ-ურისა და დ. წ-ია-ჯ-შვილის კერძო საჩივრები საფუძვლიანია და უნდა დაკმყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრების განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში ა. პ-შვილის, ასევე კორპორაცია „...“ შპს „...“ მეანაბრეების _ ნ. გ-ძის, შ. ხ-კის, ნ. ბ-ძის, ე. ბ-ურისა და დ. წ-ია-ჯ-შვილის სააპელაციო საჩივრების განხილვა დაინიშნა 2005წ. 22 ივლისს, თუმცა სასამართლო სხდომა გადაიდო ამავე წლის 19 სექტემბრისათვის.
საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილების შესაბამისად, სხდომის დღე ეცნობა კოოპერატივ „...“ წარმომადგენლებს _ ა.ხ-ურს, ლ.გ-ურსა და ვ.კ-შვილს, ასევე კორპორაცია „...“ შპს „...“ მეანაბრეებს _ დ.წ-ია-ჯ-შვილსა და ნ.გ-ძეს. ნ.გ-ძემ ვალდებულება იკისრა, სხდომის თარიღი შეეტყობინებინა თავისი მარწმუნებლებისათვის, რის გამოც შ.ხ-კს, ნ.ბ-ძეს, ე.ბ-ურისა და ა.პ-შვილის სასამართლო უწყებები არ გაგზავნიათ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 231-ე მუხლი და 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტი, რომელთა თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ასევე, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაადგენს, რომ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა. მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობისას სარჩელს განუხილველად დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს სასამართლო უწყებები სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩაჰბარდა.
გასაჩივრებული განჩინების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი სსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. აღნიშნული ნორმა სასამართლო აკისრებს ვალდებულებას, სასამართლო უწყებით სხდომის დრო აცნობოს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, ამავე მუხლის მეორე ნაწილი კი ითვალისწინებს უწყების მხარისა და მისი წარმომადგენლისათვის დროულად ჩაბარების აუცილებლობას. ამდენად, სსკ-ის 231-ე მუხლითა და 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასამართლო უწყების მხარისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებად ჩაითვლება უწყების მხარისა და მისი წარმომადგენლისათვის დროულად ჩაბარება, რაც სათანადო მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტთა ნაწილისათვის, კერძოდ, ა.პ-შვილის, ნ.ბ-ძის, ე.ბ-ურისა და შ.ხ-კისათვის უწყებები სხდომის თარიღის შესახებ არ გაუგზავნია, რითაც სასამართლომ ზემოხსენებულ ნორმათა მოთხოვნები დაარღვია და გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრები მხარეთა გამოუცხადებლობის მოტივით არასწორად დატოვა განუხილველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაუცველად, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრების განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. პ-შვილის, კორპორაცია „...“ შპს „...“ მეანაბრეების _ ნ. გ-ძის, შ. ხ-კის, ნ. ბ-ძის, ე. ბ-ურისა და დ. წ-ია-ჯ-შვილის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრების განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.