ას-625-890-05 21 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ახალაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა, მორალური ზიანის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში); ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყვეტილად იქნა ცნობილი მ. და გ. კ.-ებსა და ე. ქ.-ს შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულება 1999წ. იანვრიდან. მ. და გ. კ.-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ე. ქ.-ს დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ ქ.თბილისში, ... 2001წ. 4 ივნისის დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილი ნივთების დაბრუნება. მოსარჩელეთა მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5000 აშშ დოლარისა და ნივთების ღირებულების საფასურად მოპასუხისათვის 9517 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ეთქვა უარი. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე.ქ.-ის შეგებებული სარჩელი. მ. და გ. კ.-ებს ე.ქ.-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 22000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და გ. კ.-ებმა და მოითხოვეს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ნოემბრის სხდომის ოქმში შეტანილი განჩინებით გ. და მ. კ.-ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 8 ნოემბრის საოქმო განჩინებაზე კ.-ებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ ისინი სხდომაზე ვერ გამოცხადდნენ შეუტყობინებლობის გამო. მათ წარმომადგენელს არ ჩაბარებია სასამართლო უწყება. შესაბამისად, მან არ იცოდა სასამართლო სხდომის ადგილი და დრო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით, მ. და გ. კ.-ებს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ სხდომის დღისა და ადგილის შესახებ, ანუ მათ უწყებები ჩაბარდათ. საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მხარეებმა ვერ წარმოადგინეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. სსკ-ის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეებსა და მათს წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ საკმაო დრო ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოსაცხადებლად და საქმისათვის მოსამზადებლად.
ამდენად, მოცემული მუხლი ერთმნიშვნელოვნად და იმპერატიულად ითხოვს სასამართლო უწყების გაგზავნას როგორც მხარისათვის, ისე მისი წარმომადგენლისთვისაც. ამასთან, აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით სასამართლო უწყების გაგზავნა გულისხმობს მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყების როგორც გაგზავნას, ასევე ჩაბარებასაც.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 8 ნოემბრის სხდომის ადგილისა და დროის შესახებ სასამართლო უწყებები გაეგზავნათ აპელანტებს გ. და მ. კ.-ებს და ჩაბარდათ პირადად, რასაც ადასტურებს საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილები. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ისინი სხდომაზე ვერ გამოცხადდნენ შეუტყობინებლობის გამო.
რაც შეეხება მ. და გ. კ.-ების წარმომადგენლის მ.მრადის სასამართლოს სხდომაზე დაუბარებლობას, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, დაებარებინა იგი, ვინაიდან მ. კილასონიძის მიერ 2001წ. 23 მაისს მ.მრადისთვის მინიჭებულ რწმუნებულებას 2004წ. 8 ნოემბრისათვის გასული ჰქონდა მოქმედების სამწლიანი ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. და გ. კ.-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 8 ნოემბრის და 2005წ. 23 მარტის განჩინებები.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.