Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1093 (2კს-23) 01 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები - რ. მ-ე

მესამე პირი - შპს „ი...“

დავის საგანი - სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2023წ. და 16.10.2023წ. განჩინებები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. მ-ემ 10.05.2022წ. სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.01.2022წ. N... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.04.2022წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, N... განაცხადთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში - ...ში №006 ბლოკში მდებარე 11 658 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რ. მ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოპასუხისათვის დავალდებულება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 15.08.2022წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად მესამე პირად ჩაბმული იქნა შპს „ი...“.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 24.02.2023წ. გადაწყვეტილებით რ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა რ. მ-ეის მიერ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 17.08.2023წ. შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართვის მოთხოვნით. სააგენტომ მიუთითა, რომ 15.08.2023წ. მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის თანახმად, №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი და სახელმწიფოს სახელზე ..., ..., ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. 2022 წლის ორთოფოტოსა და გრაფიკული მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთი ფარავს გზას. ამასთან, საჯარო რეესტრში დაცული „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (ქართულ-გერმანული KFW-ის თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში შესრულებული სისტემური აღწერების შედეგების კომპიუტერული დამუშავებისას ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზის (ე. წ. „ყვითელი ფენა“) მიხედვით, რ. მ-ეის № ... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მდებარეობა სრულად შეესაბამება სახელმწიფოს სახელზე დაცულ გრაფიკულ მონაცემს. მხარემ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთვევაში, ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლება გაუქმდება, რაც ცალსახად გულისხმობს მისი უფლების შეზღუდვას. სააგენტომ აღნიშნა, რომ აპელანტი ითხოვს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც უშუალოდ შეეხება სახელმწიფოს ინტერსებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2023წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მესამე პირად ჩაბმის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღნიშნული ბრძანებით დადგენილი ვადით აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, შესაბამის გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე(,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლი, მე-5 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი). ამ კანონის მოქმედება ასევე არ ვრცელდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე (იმავე მუხლის „დ1" ქვეპუნქტი). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით საქმეში ჩაბმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2023წ. საოქმო განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მესამე პირად ჩაბმის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

პალატის მითითებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი კვეთს გზას, რომელსაც მინიჭებული აქვს ასეთი სტატუსი. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აქვს უძრავ ნივთზე რეგისტრაციის გზით საკუთრების გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის უფლებამოსილება მინიჭებული. აღნიშნული არ გამორიცხავს მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებას ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სხვა ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე ან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის შედეგად არ დასტურდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაწილეობა სადავო სამართალურთიერთობაში, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით საქმეში ჩაბმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2023წ. და 16.10.2023წ. განჩინებები კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კერძო საჩივარში აღინიშნა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებით რ. მ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 11 653 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ 60 089 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: ...), რომლის მართვასა და განკარგვას ახორციელებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამასთან, საჯარო რეესტრში დაცული უახლესი 2022 წლის ორთოფოტოსა და გრაფიკული მონაცემების მიხედვით მიწის ნაკვეთი ფარავს გზას, რომლის მართვასა და განკარგვას ახორციელებს სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იშუამდგომლა საქმეში მესამე პირად მათ ჩართვაზე, რამდენადაც მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წარმოადგენს სამართალურთიერთობის მონაწილეს. კერძო საჩივრის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთვევაში ზედდების ნაწილში გაუქმდება სახელმწიფოსა და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკუთრების უფლება, დაკორექტირდება მიწის ნაკვეთის საზღვრები, რაც ცალსახად გულისხმობს მათი უფლების შეზღუდვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 02.10.2023წ. და 16.10.2023წ. განჩინებები დაუსაბუთებელია და არ პასუხობს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის განხილვაში არა მხოლოდ მხარეების (მოსარჩელე, მოპასუხე), არამედ აგრეთვე მესამე პირების მონაწილეობის შესაძლებლობას. მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ ადმინისტრაციული სასამართლო პროცესის ფარგლებში მოახდინონ საკუთარი ინტერესების დაცვა და რეალიზება. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. სასკ-ის მე-16 მუხლი განასხვავებს პროცესში მესამე პირების მარტივ და სავალდებულო ჩაბმას, ჩაბმის ფორმის მიხედვით განისაზღვრება მესამე პირთა საპროცესო უფლება და ქმედუნარიანობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში მესამე პირთა ჩაბმისას სასამართლო აფასებს საქმის გარემოებებს, მესამე პირთა შესაძლო კავშირს სადავო სამართალურთიერთობასთან და მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე წყვეტს შესაბამისი საპროცესო სტატუსით საქმეში პირთა ჩაბმის საკითხს. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, არასავალდებულო მოწვევის მესამე პირი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე (სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი), ხოლო სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არა მხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი. სავალდებულო მოწვევის მესამე პირი განსახილველი სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე უნდა იყოს, მას თავისი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინტერესი უნდა გააჩნდეს დავის მიმართ (სუსგ 16.01.2020წ. Nბს-1170(კს-18)). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა უფლებების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის (მე-16.2 მუხ.) წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით. მოწვევა სავალდებულოა, თუ მესამე პირი სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში იმ ხარისხით არის ჩაბმული, რომ მასთან მიმართებაში მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ე.ი. სასამართლო გადაწყვეტილება იმავდროულად ზემოქმედებას უნდა ახდენდეს მესამე პირის უფლებაზე ან ინტერესზე (სუსგ 03.06.2020წ. Nბს-992(კს-20)). ამდენად, მოცემულ დავაში უნდა დადგინდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროცესუალური უფლებამოსილების მოცულობა მათი სამართლებრივი ინტერესის შეფასების საფუძველზე. უკეთუ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს განსახილველ დავაში აქვს დამოუკიდებელი, არსებითი სამართლებრივი ინტერესი, რაც შესაძლოა გამხადარიყო დავაში მისი სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის საფუძველი, ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა მსგავსი ინტერესის არსებობა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს (სუსგ 12.02.2015წ. Nბს-145-138(კ-13)).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირებად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ხსენებული ადმინისტრაციული ორგანოები არ წარმოადგენენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღნიშნული ბრძანებით დადგენილი ვადით აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „გ" და „დ1“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე, ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაინტერესებული პირისათვის უძრავი ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი. რ. მ-ეის განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების პროცესში (26.07.2021წ.) მომზადებულ სიტუაციურ ნახაზზე (ს.ფ.34) ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან, ან რეგისტრაციის დამაბრკოლებელი სხვა გარემოება არ ფიქსირდება. ს.კ. ... რეგისტრირებული უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 04.04.2023წ., ხოლო „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.01.2022წ. N... გადაწყვეტილებით, ვინაიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სარეგისტრაციო ობიექტზე განთავსებული არ იყო შენობა-ნაგებობა და არ წარმოადგენდა დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს - მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ამ ეტაპზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით საქმეში ჩაბმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართვის თაობაზე. პალატა მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები. შესაბამისად, გზა, რომელიც ფიქსირდება დაინტერესებული პირის განაცხადზე მომზადებულ სიტუაციის ამსახველ ნახაზზე - მიეკუთვნება მუნიციპალიტეტს, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ რუსუდან მ-ეისათვის უძრავი ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი ასევე არ გამხდარა ის გარემოება, რომ სიტუაციის ამსახველი ნახაზის თანახმად ნაკვეთი მოიცავდა გზას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ დასახელებული გარემოებები არ ასაბუთებს კერძო საჩივრის საფუძვლიანობას. საპროცესო კანონმდებლობა დავაში მესამე პირად ჩართვის შესაძლებლობას ითვალისწინებს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობასთან პირის კავშირის გათვალისწინებით, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს ადგენს (1.1 მუხ.). შესაბამისად, როდესაც სასკ-ის 16.2 მუხლში მითითება ხდება სამართალურთიერთობის მონაწილე პირის საქმეში ჩართვის საჭიროებაზე, აღნიშნულ სამართალურთიერთობაში სწორედ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა იგულისხმება, რომლის შედეგიც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დგინდება. შესაბამისად, მხარის მიერ მითითებული საფუძვლით სუბიექტის სასამართლო წარმოებაში ჩართვა სასკ-ის 16.2 მუხლზე მითითებით, მოკლებულია სათანადო დასაბუთებას.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსგავს საქმეზე (№ბს-83(კს-24) 16.12.2024 წ.) საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი და საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირებად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. პალატამ მიუთითა, რომ ხსენებული ადმინისტრაციული ორგანოები არ წარმოადგენენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს.

იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს დავაში ჩასართავ პირთა წრის ხელოვნური გაფართოება, სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოების დაუსაბუთებელი გადატვირთვა და დავის განხილვაში სავალდებულო წესით მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცეს არა დავის შედეგებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს, არამედ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც არიან სასამართლოში განსახილველი მატერიალური სამართალურთიერთობის მონაწილეები და გააჩნიათ დავის მიმართ არა უბრალოდ ინტერესი, არამედ სახელდობრ სამართლებრივი ინტერესი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით განისაზღვრა საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირის ჩაბმის კონკრეტული წინაპირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნიდან გამომდინარე, არ არსებობდა საქმეში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის საფუძვლები.

რაც შეეხება კერძო საჩივარზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დამატებით 50 ლარის გადახდის დავალდებულებას, პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივარში დაყენებულია ორი დამოუკიდებელი მოთხოვნა: სააპელაციო სასამართლოს 02.10.2023წ. განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის შუამდგომლობა სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მესამე პირად ჩაბმის თაობაზე და სააპელაციო სასამართლოს 16.10.2023წ. განჩინების გაუქმება, რომლითაც ასევე არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მესამე პირად ჩაბმის თაობაზე. ერთ შემთხვევაში ფიქსირდებოდა ზედდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში ნაკვეთი ფარავდა გზას. ვინაიდან შეფასებას საჭიროებს სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოება, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი განისაზღვრება თითოეული მოთხოვნისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2023წ. და 16.10.2023წ. განჩინებები. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე