საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-168(კ-25) 21 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. მ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე გ. მ-ის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) გ. მ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ. მ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის 2500 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯარიმის შემცირებასთან დაკავშირებით. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 15 პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-18 თავის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, თუ რა იგულისხმება სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ფინანსურ პასუხისმგებლობად, კერძოდ, ესენია: ჯარიმა, პირგასამტეხლო, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხა, კომპენსაცია ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხები, რომელთა გადახდის ვალდებულებაც წარმოექმნება სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებულია კონტრაქტის ფორმა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული 3000 ლარის ოდენობით ჯარიმა აანაზღაუროს. აღნიშნული ბრძანება დღემდე იურიდიული ძალის მქონე მრავალჯერადად შესასრულებელი აქტია და მითითებული ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ფორმა ათასობით სამხედრო მოსამსახურეს უფორმდება.
კასატორის განმარტებით, ერთმანეთისგან განსხვავდება სახელშეკრულებო და კანონით განსაზღვრული პირგასამტეხლო (ჯარიმა). სახელშეკრულებო პირგასამტეხლო განისაზღვრება მხარეთა მიერ და შესაბამისად, მისი ოდენობა, გამოთვლის წესი და ა.შ. მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარებს. რაც შეეხება კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს იგი ექვემდებარება გამოყენებას, მიუხედავად იმისა, გათვალისწინებულია თუ არა მისი გადახდა მხარეთა შეთანხმებით. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებულ პირობას, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების ძალაში დატოვებით მოპასუხე იქნება უპირატეს მდგომარეობაში იმ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, ვისაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, უკვე დაკისრებული აქვთ იმავე სახის კონტრაქტის დარღვევისთვის ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 05.09.2017 წლის №1175 ბრძანებით გ. მ-ე ჩარიცხულ იქნა აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე. ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. მ-ეს შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა თავდაცვის მინისტრის 17.09.2011 წლის №729 ბრძანებით დამტკიცებული №1283 კონტრაქტი. კონტრაქტის 2.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 6 კალენდარულ წელს და იუნკერად ყოფნის ვადის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყება იუნკერად ჩარიცხვის დღიდან. აღნიშნული ვადის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა მხოლოდ ნამსახურები კალენდარული წლები (ს.ფ. 18-23); გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 13 სექტემბრის MOD 3 17 00003152 ბრძანებით გ. მ-ე გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და 2017 წლის 11 სექტემბრიდან მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „რიგითი“ (ს.ფ. 17); დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. მ-ეს შორის გაფორმებული შეთანხმების ოქმით ცვლილებები შევიდა 11.09.2017 წლის №1283 კონტრაქტში, მათ შორის, 6.2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: თუ მოსამსახურე ვადამდე იქნება დათხოვნილი სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით (გარდა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით _ დადასტურებული მიზეზის გამო (მათ შორის მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა) ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“- „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მას ეკისრება ჯარიმა შემდეგი ოდენობით: ა) პირველ კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში - 1500 ლარი; ბ) მე-2 კურსზე ყოფნისას ან მის კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში - 2500 ლარი; გ) მე-3 კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში - 4000 ლარი; დ) მე-4 კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში - 5000 ლარი. ხოლო კონტრაქტის 6.3. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობა სამინისტროსთვის (სახელმწიფო ბიუჯეტისთვის) ანაზღაურებულ უნდა იქნას კონტრაქტის შეწყვეტიდან არა უგვიანეს 1 თვისა. (ს.ფ.24-26); ე) გ. მ-ემ 2021 წლის 13 სექტემბერს პატაკით მიმართა საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურს და მოითხოვა სამსახურიდან განთავისუფლება (ს.ფ. 27); ვ) გ. მ-ე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 22 სექტემბრის №2649 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) შესაბამისად (ს.ფ. 30); ზ) გ. მ-ემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახურა 04 წელი 00 თვე და 19 დღე (ს.ფ. 28-29);
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად (ამავე კოდექსის 361-ე მუხ.).
საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი) ქვეპუნქტების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის მიერ დარღვევის ფაქტი, რომელიც სანქციის (პირგასამტეხლოს) სახით ჯარიმას ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-570(კ-19)).
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების შეუძლებლობის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი წარმოშობის საფუძვლებს ენიჭება (კანონმდებლის მიერ თუ მხარეთა შეთანხმებით). ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-139(კ-24)).
განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული №1283 კონტრაქტი და აღნიშნულ კონტრაქტში შეტანილი ცვლილება წარმოადგენს, რომელიც, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ერთჯერადი თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სახეზეა ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე, როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს. მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, სკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სამართლიანი გადაწყვეტის, ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის ინტერესი მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში. სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1166(2კ-19)). შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მოპასუხის სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების თაობაზე იმაზე მითითებით, რომ იმავე სახის კონტრაქტის დარღვევის გამო ათობით სამხედრო მოსამსახურეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე დაკისრებული აქვთ ჯარიმის სრული ოდენობის ანაზღაურების ვალდებულება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების წინაპირობების არსებობა ფასდება კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შესაბამისად, შემცირების საფუძვლებიც (მაგ. ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა. შ.) ინდივიდუალურად ფასდება. გასათვალისწინებელია მოპასუხის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა, ვალდებულების სახე და დარღვევის ხარისხი. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში დადგენილ იმ ფაქტს, რომ მოპასუხემ 11.09.2017წ. ხელშეკრულების საფუძველზე 4 წელი და 19 დღე იმსახურა. შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელების სურვილის არქონის გამო, მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება, მოპასუხემ, პირადი პატაკის საფუძველზე ვადაზე ადრე შეწყვეტა. საქმეში დაცული მასალებით კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში კი, დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, მოკლებულია დასაბუთებას. შესაბამისად, სახეზე იყო პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, შესაბამისად მისი შემცირების წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში - 2 500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია