Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-756(კ-24) 15 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ვ. მ-ი

მესამე პირი - შპს „ჯ...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 8 ოქტომბერს ვ. მ-იმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 7 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

სარჩელის თანახმად, 2018 წლის 25 ივნისს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ შპს „ჯ...ს“ დამფუძნებელისაგან და დირექტორ დ. კ-ეისაგან შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალებები ...-ის ტიპის უნაგირა საწევარა, მოდელი ..., ს/ნ ..., ..., მოდელი ..., ს/ნ .... აღნიშნული ხელშეკრულება ხელმოწერის დღეს რეგისტრირებული იქნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში და გაიცა ავტომანქანების ტექნიკური პასპორტები, სადაც მესაკუთრედ დარეგისტრირდა ვ. მ-ი.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება რეგისტრირებული იყო სააგენტოში და დაცული ინფორმაციით ნასყიდობის საგანი უფლებრივად უნაკლო იყო, 2018 წლის 7 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სახელზე სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, სარეგისტრაციო მოწმობები და მას დაევალა სარეგისტრაციო მოწმობების მომსახურების სააგენტოში დაბრუნება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ვ. მ-ის შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 7 სექტემბრის №... გადაწყვეტილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე შპს „ჯ...“ ჩაბმული იქნა მესამე პირად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით, №3-303-18 ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ნ. კ-ეის მიერ შპს „ჯ...ს“ მიმართ კრედიტორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე დავის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3-303-18 საქმის წარმოება განახლდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის №3-303-18 განჩინებით გამოყენებულ ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 7 სექტემბრის №... გადაწყვეტილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 25 ივნისს შპს „ჯ...ს“ წარმომადგენელს დ. კ-ეს, ვ. მ-ისა და ნ. კ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ...-ის ტიპის უნაგირა საწევარა, მოდელი ..., ს/ნ ..., თვითმცლელი ნახევარმისაბმელი ..., მოდელი ..., ს/ნ .... აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებული იქნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში და გაიცა ავტომანქანების ტექნიკური პასპორტები, სადაც მესაკუთრედ დარეგისტრირდა ვ. მ-ი. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შპს „ჯ...ს“ ლიკვიდატორმა გ. ჭ-ამ და მოითხოვა სატრანსპორტო საშუალებების, სანომრე ნიშნებით ..., და ... ვ. მ-ის სახელზე რეგისტრაციის გაუქმება. სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 7 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, შპს „ჯ...ს“ ლიკვიდატორ გ. ჭ-ას ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა და რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის განხორციელების დღიდან იმ საფუძვლით, რომ შპს „ჯ...ს“ სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების გადაფორმებას საფუძვლად არ ედო უფლებამოსილი პირის წარმომადგენლის ხელმოწერა.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 15 ივნისს დაიწყო შპს „ჯ...ს“ ლიკვიდაციის პროცესი, 2018 წლის 24 ივლისს დამტკიცდა ლიკვიდაციის წესი, ხოლო ლიკვიდაციის მმართველად დაინიშნა გ. ჭ-ა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2018 წლის 26 ივლისის მონაცემებით დაწყებული იყო შპს „ჯ...ს“ ლიკვიდაციის პროცესი და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა ლიკვიდატორი გ. ჭ-ა. ამასთან, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საზოგადოების ლიკვიდაციის საკითხის განსახილველად საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრება თავდაპირველად მოწვეულ იქნა 2018 წლის 11 მაისს, რომელიც საზოგადოების 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის და საზოგადოების დირექტორის გამოუცხადებლობის გამო, ხელახლა მოწვეულ იქნა კიდევ ორჯერ 2018 წლის 25 მაისსა და 2018 წლის 15 ივნისს. ლევან და დ. კ-ეებს კი ჩაბარდა შეტყობინებები ზემოაღნიშნულ საერთო კრებებზე მოწვევის თაობაზე. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის №ას-48-2022 გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლომ 2018 წლის 15 ივნისს გამართული პარტნიორთა საერთო კრება მიიჩნია გადაწყვეტილებაუნარიანად. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით ნ. კ-ეის სარჩელი 2018 წლის 15 ივნისის და 24 ივლისის შპს „ჯ...ს“ პარტნიორთა საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოების მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული შპს „ჯ...ს“ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება და ლიკვიდატორის დანიშვნა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას 2018 წლის 25 ივნისს შპს „ჯ...ს“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს ლიკვიდატორი გ. ჭ-ა წარმოადგენდა, ხოლო შპს „ჯ...ს“ დირექტორი დ. კ-ე და დამფუძნებელი ნ. კ-ე, არ იყვნენ უფლებამოსილნი, ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას, ლიკვიდატორის ნების გამოვლენის გარეშე, გაესხვისებინათ შპს „ჯ...ს“ კუთვნილი ქონება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. მ-იმა და შპს „ჯ...მ“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ს“ და ვ. მ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 7 სექტემბრის №... გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი დავის ფარგლებში, პირველ რიგში უნდა შემოწმებულიყო ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის საფუძველზეც დაიწყო სადავო ადმინისტრაციული წარმოება, წარდგენილი იყო თუ არა უფლებამოსილი პირის მიერ. კერძოდ, გ. ჭ-ა წარმოადგენდა თუ არა 2018 წლის 14 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის (სატრანსპორტო საშუალებების (სანომრე ნიშნებით ... და ...) ვ. მ-ის სახელზე რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე) წარდგენაზე უფლებამოსილ პირს.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით დადგენილად მიიჩნია, რომ მართალია 2018 წლის 26 ივლისს ცვლილება შევიდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებში და შპს „ჯ...ს“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად ასევე მითითებული იქნა ლიკვიდატორი - გ. ჭ-ა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად (საქმე №2/24140-18, 16.08.2018წ.), დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის №... გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული შპს „ჯ...ს“ ლიკვიდაციის პროცესი. (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, 20.08.2018წ.). ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული განჩინებით შპს „ჯ...ს“ ლიკვიდაციის პროცესი შეჩერდა არა აღნიშნული განჩინების რეგისტრაციის მომენტიდან, არამედ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. ჭ-ას 2018 წლის 14 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის ეტაპზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების შესაბამისად, შპს „ჯ...ს“ სარეგისტრაციო მონაცემებთან მიმართებით აღდგა პირვანდელი - 2018 წლის 21 ივნისს განხორციელებული სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებამდე არსებული მდგომარეობა. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის ეტაპზე არსებული მონაცემებით, შპს „ჯ...ს“ ლიკვიდაციის დაწყების პროცესი შეჩერდა, რაც ასევე ადასტურებდა გ. ჭ-ას, როგორც შპს „ჯ...ს“ ლიკვიდატორის თაობაზე არსებული რეგისტრირებული მონაცემის მოქმედების შეჩერებას და იმ გარემოებას, რომ შპს „ჯ...ს“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე ერთადერთ უფლებამოსილ პირს კომპანიის დირექტორი - დ. კ-ე წარმოადგენდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემის ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ გ. ჭ-ა აღარ წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალებების ვ. მ-ის სახელზე რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირს, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ვინაიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ჩანაწერებით კომპანია იმყოფებოდა ლიკვიდაციის რეჟიმში, დ. კ-ეს აღნიშნულ პერიოდში არ ჰქონდა საწარმოს ქონების გასხვისების უფლებამოსილება, თუმცა სასამართლომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე შპს „ჯ...ს“ რეგისტრირებულ მონაცემებში არსებული ჩანაწერის (სტატუსი „ლიკვიდაცია დაწყებულია“) მოქმედების შეჩერება ადასტურებდა, რომ შპს „ჯ...“ არ წარმოადგენდა ლიკვიდაციის რეჟიმში (პროცესში) მყოფ კომპანიას. შესაბამისად, სადავო აქტის გამოცემის ეტაპზე, შპს „ჯ...“ ლიკვიდაციის პროცესი არ მიმდინარეობდა და მის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე, მათ შორის, საწარმოს ქონების გასხვისებაზე ერთადერთ უფლებამოსილ პირს კომპანიის დირექტორი - დ. კ-ე წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი შპს „ჯ...ს“ წესდების მე-19 მუხლის მე-4-მე-5 პუნქტებზე და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ საწარმოს ლიკვიდაციის პროცესში ქონების გასხვისება დასაშვებია მხოლოდ ლიკვიდატორის მიერ. ამრიგად, 2018 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა ელექტრონული რეესტრის მონაცემებში შპს „ჯ...“-ს დირექტორად (წარმომადგენლად) დ. კ-ეის მითითების მიუხედავად, გამოირკვა, რომ აღნიშნულ პერიოდში მას არ ჰქონდა საწარმოს ქონების გასხვისების უფლებამოსილება და შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების გადაფორმების პროცესში ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება, ვინაიდან ამ დროისათვის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ჩანაწერებით კომპანია იმყოფებოდა ლიკვიდაციის რეჟიმში.

კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული დებულებები ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საწარმოს ქონების გასხვისების კუთხით იმპერატიულად ადგენდა ორ კუმულაციურ პირობას: 1. ქონების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ლიკვიდატორის მიერ და 2. ქონების გასხვისებისას თანხა უნდა განთავსდეს სადეპოზიტო ანგარიშზე, ან ემსახურებოდეს საწარმოს კრედიტორების დაკმაყოფილებას. კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არასწორად განმარტავს აღნიშნულ დებულებებს, ვინაიდან დირექტორისა და ლიკვიდატორის უფლება-მოვალეობებს შორის ზღვარი წაშლილია. ამ სუბიექტთა უფლებების სასამართლოსეული განმარტება წინააღმდეგობაში მოდის საჯარო წესრიგთან და ზემოაღნიშნული კანონის მიზანთან. ამასთან, კასატორი ხაზს უსვამს, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს ლიკვიდატორ გ. ჭ-ას უფლებამოსილება არ ყოფილა ეჭვქვეშ და სწორედ ამ პირობებში იქნა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი. შესაბამისად, საჩივრის დასაშვებობის კუთხით რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნდა ადმინისტრაციულ ორგანოს და არც შეიძლებოდა ყოფილიყო უარის გაცხადების საფუძველი. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტიც, რომ საკასაციო სასამართლომ ლიკვიდაციის პროცესი კანონიერად მიიჩნია, შესაბამისად ქვედა ინსტანციის სასამართლოს არ ჰქონდა უფლება საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად ჩაეთვალა ყოფილი წარმომადგენელი - დირექტორი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგანს წარმოადგენს სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 7 სექტემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციაზე“, რომლის 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გადაფორმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას (რეალიზაცია, ჩუქება, გაცვლა და ა.შ.), რისთვისაც მარეგისტრირებელ ორგანოს მათ შორის წარედგინებოდა ერთობლივი განცხადება. ამავე ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააგენტოს მიერ მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია განხორციელდება, თუ საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება მათ შორის ერთობლივი განცხადებით. ამავე ინსტრუქციის 457 მუხლის თანახმად კი, სააგენტო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასახული მონაცემების გადამოწმებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით. აღნიშნული წესით მონაცემების შემოწმება უთანაბრდება მარეგისტრირებელ ორგანოში მონაცემების შემოწმებას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ივნისს შპს „ჯ...ს“ წარმომადგენელს დ. კ-ეს, ვ. მ-ისა და ნ. კ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ...-ის ტიპის უნაგირა საწევარა, მოდელი ..., ს/ნ ..., თვითმცლელი ნახევარმისაბმელი ..., მოდელი ..., ს/ნ .... 2018 წლის 25 ივნისის №GEO-...-2018 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ჯ...ს“ დამფუძნებელმა ნ. კ-ემ მიიღო, ხოლო ვ. მ-იმა გადასცა 23 000 (ოცდასამი ათასი) აშშ დოლარი ნაღდი ანგარიშსწორების გზით, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (ხელშეკრულების ნომერი: GEO-...-2018, თარიღი: 2018 წლის 25 ივნისი) გამომდინარე მყიდველის მიერ გამყიდველისთვის გადასახდელი თანხა. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებული იქნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, რომლის მიერ გაიცა ავტომანქანების (სატრანსპორტო საშუალება „...“; სატრანსპორტო საშუალება „...“) ტექნიკური პასპორტები, სადაც მესაკუთრედ მიეთითა ვ. მ-ი.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...ს“ პარტნიორთა საერთო კრების 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „ჯ...ს“ წესდების მე-15-მე-19 მუხლებისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51, 91 და მე-14 მუხლების შესაბამისად, დაიწყო შპს „ჯ...ს“ ლიკვიდაციის პროცესი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, შპს „ჯ...ს“ ლიკვიდაციის დაწყების პროცესი, ამავე რეესტრში ასახულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის №... გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული პერიოდისათვის რეესტრის მონაცემებით, შპს „ჯ...ს“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მითითებული იყო დირექტორი დ. კ-ე. დადგენილია, რომ შპს „ჯ...ს“ პარტნიორთა საერთო კრების 2018 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით დამტკიცდა შპს „ჯ...ს“ ლიკვიდაციის წესი და ლიკვიდაციის მმართველად დაინიშნა გ. ჭ-ა, ხოლო 2018 წლის 26 ივლისს ცვლილება შევიდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებში და შპს „ჯ...ს“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად ასევე მითითებულ იქნა ლიკვიდატორი - გ. ჭ-ა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანების (ძალადაკარგულია - 31.12.2021, №797) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად ითვლებოდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან. გადაწყვეტილება ძალაში შედიოდა მისი სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებისთანავე.

მოცემულ შემთხვევაში, გ. ჭ-ას ლიკვიდაციის მმართველად დანიშვნის შესახებ შპს „ჯ...ს“ პარტნიორთა საერთო კრების 2018 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებში ცვლილება შევიდა 2018 წლის 26 ივლისს, ანუ 2018 წლის 25 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, ამ პერიოდამდე კი შპს „ჯ...ს“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს სწორედ კომპანიის დირექტორი - დ. კ-ე წარმოადგენდა, საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კი ლიკვიდაციის მმართველის დანიშვნამდე, არ უზღუდავს მეწარმე სუბიექტის დირექტორს ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 30.05.2024წ. №15511 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (ს/კ: 205190513) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.05.2024წ. №15511 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა