საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-412(კ-24) 22 მაისი, 2025წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2023წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-იმა 24.10.2022წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის დანამატის სახით 4 200 ლარის გადახდის დაკისრება და პირგასამტეხლოს სახით დაყოვნებული თანხის 4 200 ლარის 0.07 % ყოველდღიურად გადახდის დავალება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 18.11.2022წ. წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელით, მოსარჩელემ მოპასუხედ დამატებით განსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დამატებით მოითხოვა დანამატის შეწყვეტის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. №2807928 ბრძანების ბათილად ცნობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.2023წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 22.10.2019წ. №2807928 ბრძანება ,,დანამატის შეწყვეტის შესახებ’’ და მოპასუხე მხარეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე - ნ. მ-იისათვის დანამატის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
მოსარჩელე ნ. მ-იმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.2023წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.2023წ. გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის დანამატის სახით 4 200 ლარის გადახდის დაკისრებასთან და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით დაყოვნებული თანხის 4 200 ლარის 0.07 % ყოველდღიურად გადახდის დავალებასთან დაკავშირებით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.2023წ. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა მოპასუხეების - სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.2023წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მან ასევე მოითხოვა 09.11.2022წ. შესაგებლით დაყენებულ შუამდგომლობებზე გადაწყვეტილების მიღება, რომელიც უკავშირდება დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტასა და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სარჩელის განუხილველად დატოვებას. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, სააგენტომ ასევე, მოითხოვა დავის საგნის არ არსებობის ან/და მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.2023წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2023წ. გადაწყვეტილებით, ნ. მ-იის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.2023წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნ. მ-იის სასარგებლოდ დაეკისრა 4200 ლარის გადახდა, ხოლო ნ. მ-იის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა წრეც განისაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე ნ. მ-იი დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სხვადასხვა პოზიციებზე: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) 20.02.2008წ. №55პ/შ ბრძანებით ნ. მ-იი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს პირველი განყოფილების ინსპექტორად 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) 20.05.2008წ. №193პ/შ ბრძანებით ნ. მ-იი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს პირველი განყოფილების ინსპექტორად; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 01.10.2008წ. №402 პ/შ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მეორე განყოფილების ინსპექტორად; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 19.09.2014წ. №1855517 ბრძანებით, ნ. მ-იი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 21.09.2014წ. №1863735 ბრძანებით, ნ. მ-იი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ...ად; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 21.07.2015წ. №1595177 ბრძანებით, ნ. მ-იი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 22.07.2015წ. №1604812 ბრძანებით ნ. მ-იი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ...ად; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 12.02.2016წ. №353261 ბრძანებით ნ. მ-იი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში; ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 12.02.2016წ. №355025 ბრძანებით, ნ. მ-იი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ...ად; კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 12.06.2016წ. №1340651 ბრძანებით, ნ. მ-იი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ...ად; ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 01.03.2018წ. №497791 ბრძანებით, ნ. მ-იი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში და დაინიშნა საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ...ად; მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 01.08.2020წ. №7177074 ბრძანებით, ნ.მ-იი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში და დაინიშნა საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს იურიდიული სამმართველოს ...ის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოცემის შემდეგ, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ,,დანამატის დაწესების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 23.01.2019წ. №182023 ბრძანებაზე, რომლითაც ნ. მ-იზე 2019 წლის 01 მარტიდან უნდა გაცემულიყო ხელფასზე დანამატი 150 ლარის ოდენობით. მოგვიანებით, მოსარჩელე ნ. მ-იის მიმართ გამოიცა „დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 02.10.2019წ. ბრძანება (MIA 7 19 02615459), რომლითაც მოსარჩელეს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - „საყვედური.“ აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელეს შეუწყდა დანამატი „დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. №2807928 ბრძანებით, რომლის საფუძვლადაც მიეთითა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 18.10.2019წ. №2777004 პატაკი. აღნიშნული პატაკის მიხედვით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის საქართველოს შსს მინისტრის 23.01.2019წ. №182023 ბრძანებით დაწესებული დანამატის (150 ლარი) შეწყვეტა 02.10.2019 წლიდან დისციპლინური სახდელის „საყვედურის“ შეფარდების გამო. მოსარჩელე ნ. მ-იმა გაასაჩივრა „დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 02.10.2019წ. ბრძანება (MIA 7 19 02615459), რომელიც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.04.2021წ. გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2021წ. განჩინებით უცვლელად დარჩა აღნიშნული გადაწყვეტილება, ხოლო - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.07.2022წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი. „დანამატის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.09.2022წ. №2656500 ბრძანებით, მოსარჩელე ნ. მ-ის კვლავ დაუწესდა დანამტი ხელფასზე 150 ლარის ოდენობით 2022 წლის 1 სექტმებრიდან. მოსარჩელემ 19.08.2022წ. (MIA 0 22 02314119) პატაკით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორს, რომლითაც მოითხოვა განმარტება 2019 წლის ოქტომბრიდან მიუღებელ სახელფასო დანამატთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადღეისოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.04.2021წ. გადაწყვეტილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2021წ. განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.07.2022წ. განჩინების შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი „დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 02.10.2019წ. (MIA 7 19 02615459) ბრძანება. სააპელაციო პალატამ გაანალიზა “დანამატის დაწესების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 23.01.2019წ. №182023 ბრძანებისა და ,,დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. N2807928 ბრძანების შინაარსი. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 18.10.2019წ. №2777004 პატაკის ანალიზისას, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ნ. მ-იისათვის დანამატის შეწყვეტის თაობაზე მიმართვის საფუძველი იყო მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით ,,საყვედურის“ გამოცხადება. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დისციპლინური სახდელის დაკისრების მიზეზით დანამატის შეწყვეტის ფაქტი სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე დადასტურდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მიერ (იხ., 28.11.2023წ. სხდომის ოქმი, 11:48:10-11:49:30 სთ.). ამასთანავე, დადგენილია და მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ ,,დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. №2807928 ბრძანება ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელეს არ ჩაბარებია (იხ., 28.11.2023წ. სხდომის ოქმი, 11:47:43-11:48:00 სთ.). სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 2019 წლის ოქტომბრიდან მიუღებელ სახელფასო დანამატთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ ნ. მ-იის 19.08.2022წ. (MIA 0 22 02314119) პატაკზე და აღნიშნა, რომ მითითებულ პატაკზე სააგენტოს წერილობითი პასუხი არ გაუცია, რაც დასტურდება მხარეთა განმარტებით. „დანამატის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.09.2022წ. №2656500 ბრძანებით უტყუარად დასტურდება, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეს - ... ნ. მ-ის 2022 წლის 1 სექტემბრიდან დაუწესდა ხელფასზე დანამატი 150 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ მოიხმო უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 02.06.2021წ. განჩინება საქმეზე Nბს-568(2კ-კს-20), აღნიშნა, რომ იგი თავად იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე, ვინაიდან, ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, თავისთავად არ ქმნის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველს. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ მიმოიხილა სზაკ-ის 207-ე, სკ-ის 992-ე და 1005-ე მუხლების ნორმატიული შინაარსი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ-ის ,,დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 02.10.2019წ. (MIA 71902615459) ბრძანების მიღების გამო აღარ ერიცხებოდა სახელფასო დანამატი. ვინაიდან, ხსენებული ბრძანება სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი, დასტურდება, რომ კანონშეუსაბამო ადმინისტრაციული აქტის მიღების შედეგად ნ. მ-ეს მიადგა ზიანი: მას აღარ ერიცხებოდა სახელფასო დანამატი, როგორც დისციპლინური სახდელის მქონე პირს. აღნიშნულ სამართლებრივ დასკვნას ამყარებს ის მოცემულობაც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნ. მ-იმა 19.08.2022წ. (MIA 0 22 02314119) პატაკით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ხოლო ,,დანამატის შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.09.2022წ. №2656500 ბრძანებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეს - ... ნ. მ-ის 2022 წლის 01 სექტემბრიდან კვლავ დაუწესდა ხელფასზე დანამატი 150 ლარის ოდენობით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. მ-იის მოთხოვნა მიუღებელი სახელფასო დანამატის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. სააპელაციო წესით საქმის განხილვის დროს დადასტურდა, რომ ნ. მ-ის სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი ადმინისტრაციული აქტის - ,,დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 02.10.2019წ. (MIA 7 19 02615459) ბრძანების საფუძველზე შეუწყდა დანამატის დარიცხვა. ამდენად, კანონშეუსაბამო ადმინისტრაციული აქტის მიღების გამო ნ. მ-ის მიადგა მატერიალური ზიანი, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას. სააპელაციო პალატის შეფასებით, ნ. მ-იისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის ,,დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. №2807928 ბრძანების ძალაში ყოფნა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია უშუალო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ბათილად ცნობილ აქტსა და დამდგარ ზიანს შორის, რომლის ანაზღაურების საფუძველსაც ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში 22.10.2019წ. №2807928 ბრძანება არ იქნებოდა მიღებული ,,დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 02.10.2019წ. (MIA 7 19 02615459) ბრძანების არსებობის გარეშე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტი - სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელფასო დანამატის დაწესების დისკრეციულ უფლებამოსილებაზე დამოკიდებულების გამო, კონკრეტულ შემთხვევაში მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოსა და დამსახურების მიხედვით დანამატის გაცემის გამო, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი დანამატის ანაზღაურების თაობაზე, საფუძველს არის მოკლებული. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ შეადგენს დანამატის დანიშვნა, პალატა არ აფასებს დანამატის დანიშვნის წესსა და მართებულობას. ვინაიდან მოსარჩელე იღებდა კონკრეტული ოდენობის ხელფასის დანამატს და ამ დანამატის შეწყვეტის საფუძველი იყო სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი დისციპლინური სახდელის დანიშვნის შესახებ ბრძანება, შესაბამისად, ნ. მ-იის მიმართ გამოყენებულ დისციპლინურ სახდელსა და დანამატის დარიცხვის შეწყვეტას შორის არსებობდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ეს უკანასკნელი წარმოშობს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა მიუღებელი სახელფასო დანამატის ანაზღაურება 4200 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება ,,დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. N2807928 ბრძანების ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას და მითითებას იმ გარემოებების თაობაზე, რომლებიც შესაძლოა არსებითი მნიშვნელობის მქონე ყოფილიყო სადავო საკითხის გადასაწყვეტად და რომელიც არ იქნა გამოკვლეული სადავო 22.10.2019წ. №2807928 ბრძანების მიღებამდე. სააპელაციო წესით საქმის განხილვის შედეგადაც არ დადასტურდა იმგვარი გარემოებების არსებობა, რომელთა დადგენაც შეუძლებელი იქნებოდა საქმის მასალებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში აპელანტების განმარტებები საფუძვლიანია და უნდა იქნეს გაზიარებული. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ მოცემულობაზე, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მიხედვით, პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი, რომლის დანიშვნა და შეწყვეტა უფლებამოსილი პირის დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 18.10.2019წ. №2777004 პატაკის შინაარსის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დასაბუთებულად იქნა მიღებული 22.10.2019წ. №2807928 ბრძანება, ვინაიდან სადავო აქტის მიღების დროს ვერ იქნებოდა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ,,დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 02.10.2019წ. (MIA 7 19 02615459) ბრძანება უკანონო ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2023წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის 05.12.2023წ. გადაწყვეტილება სსკ-ის 394-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევითაა მიღებული, ვინაიდან გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება. კასატორის შეფასებით, დარღვევას ასევე წარმოადგენს სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტების მოთხოვნათა დაუცველობა გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე ნ. მ-ის სრულად ჩაერიცხა “პოლიციის შესახებ” კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე გასაცემი ხელფასი. რაც შეეხება ხელფასზე დანამატს, აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას, რომელშიც დაუსაბუთებლად ჩაერია სააპელაციო პალატა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ ისე იმსჯელა დანამატის მოხსნის კანონიერებაზე, რომ შეფასების მიღმა დატოვა დანამატის დანიშვნისა და მოხსნის საფუძვლები, ასევე, გაუქმებული აქტის მოქმედების პერიოდი და მისი გასაჩივრების ვადები. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ნ. მ-ის დანამატი შეუწყდა ,,დანამატის შეწყვეტის შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 22.10.2019წ. №2807928 ბრძანებით, რომელიც მას არ გაუსაჩივრებია და არც მომდევნო წლებში გაუხდია სადავოდ დანამატთან დაკავშირებით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის ფაქტი, ამასთანავე, მართალია აღნიშნული ბრძანება ნ. მ-ის არ ჩაბარებია, თუმცა იგი აღსრულებულია. მოსარჩელე ნ. მ-ის დანამატი დაენიშნა ,,დანამატის დაწესების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 23.01.2019წ. №182023 ბრძანებით, მხოლოდ 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან (თავის მხრივ, დანამატი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან). ამდენად, აქტის მოქმედების ზღვარი შემოიფარგლება 2019 წლით, იგი არ იყო დაკავშირებული მომდევნო წლებთან, რაც გამორიცხავს მომდევნო წლებში დანამატის მიუღებლობის საკითხზე მსჯელობას. „პოლიციის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციელისათვის ხელფასზე დანამატის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №998 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად. ,,დანამატის შეწყვეტის შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 22.10.2019წ. №2807928 ბრძანებაც, რომელიც არ გასაჩივრებულა, მოქმედებდა 2019 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში. შემდგომ წლებში მოსარჩელე ნ. მ-იისათვის დანამატის დანიშვნა დამოკიდებული იყო მინისტრის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, თუმცა, სააპელაციო პალატის შეფასებით, „დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 02.10.2019წ. ბრძანების საფუძვლით ვერ მიიღო მოსარჩელემ მომდევნო წლებში დანამატი. მოსარჩელე ნ. მ-იზე ხელფასის დანამატის გაცემაზე უარი ეფუძნება სწორედ უფლებამოსილი პირის დისკრეციას და არა დისციპლინური სახდელის არსებობის ფაქტს, შესაბამისად, არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ,,დანამატის შეწყვეტის შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 22.10.2019წ. №2807928 ბრძანებასა და 2020 წლიდან, მოსარჩელის მიერ დანამატის მიუღებლობას შორის. დელიქტურ ნორმათა გამოყენებას უპირობოდ გამორიცხავს მოსარჩელის მიმართ მომდევნო წლებში დანამატის დანიშვნის გადაწყვეტილების მიუღებლობის უკანონობის დაუდგენლობა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ თავად განმარტა, რომ დანამატის დანიშვნა უფლებამოსილი პირის დისკრეციის სფეროა, შესაბამისად, დასკვნა იმის შესახებ, რომ 2020-2022 წლებში მოსარჩელეს დანიშნული უნდა ჰქონოდა დანამატი, წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დაუსაბუთებელ ჩარევას. კასატორის მოსაზრებით, კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს არ აქვს რაიმე ვალდებული დაუნიშნოს დანამატი დასაქმებულს. აღნიშნული თვალსაზრისით, სააპელაციო პალატის სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს დიდი პალატის მიერ 19.04.2007წ. მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე Vilho Eskelinen and Others v. Finland (App. No. 63235/00). კასატორმა მოიხმო ამ საქმეში გაკეთებული განმარტებები მასზედ, რომ ევროკონვენციით არ არის დაცული უფლება სახელმწიფომ გააგრძელოს ანაზღაურების გადახდა კონკრეტული ოდენობით, საკუთრების უფლება ქმედითია მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ხოლო - ამ საქმეში განმცხადებლებს არ ჰქონდათ დანამტის მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, ვინაიდან კომპენსაციის აღნიშნული უფლება არ იყო გაწერილი ეროვნული კანონმდებლობით (იხ., §94.). შესაბამისად, კასატორს არგუმენტად მოჰყავს Vilho Eskelinen and Others v. Finland (App. No. 63235/00) საქმეზე ევროსასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პრეცედენტული ლოგიკა, რომელიც უკავშირდება სწორედ პოლიციელისათვის დანამატის შეწყვეტას, რომელშიც სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფოს არგუმენტაცია მასზედ, რომ საკითხი წარმოადგენდა სამსახურის დისკრეციას, სახელმწიფო არ იყო ვალდებული გადაეხადა „ბონუსი“/დანამატი საკუთარი მოსამსახურისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს იმას, რომ სააპელაციო პალატის 05.12.2023წ. გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, ასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ამდენად, იმთავითვე დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია სსკ-ის 394-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით. სსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის მიერ არ არის წამოყენებული არცერთი პრეტენზია (შედავება), თუნდაც ზოგადი ან/და შაბლონური ფორმით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით (იხ., mutatis mutandis, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 30.06.2009წ. გადაწყვეტილება საქმეზე Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (No. 2) [GC], App. No. 32772/02, §43.). შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მხარეთა მიერ სადავოდ არის გამხდარი არა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არამედ სამართლებრივი შეფასება.
საფუძველს მოკლებულია კასატორის შედავება მასზედ, რომ ,,დანამატის შეწყვეტის შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 22.10.2019წ. №2807928 ბრძანება გასაჩივრებულია ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. სზაკ-ის 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. მოცემული ბრძანების შინაარსის მიხედვით, მოსარჩელე ნ. მ-ის 2019 წლის 02 ოქტომბრიდან შეუწყდა ,,დანამატის დაწესების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 23.01.2019წ. №182023 ბრძანებით დაწესებული დანამატი ხელფასზე 150 ლარის ოდენობით, აღნიშნული ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე (3 მუხ.) და იგი უნდა გაცნობოდა დაინტერესებულ პირებს (2 მუხ.). საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ,,დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. №2807928 ბრძანება ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელისათვის არ ჩაუბარებია (იხ., 28.11.2023წ. სხდომის ოქმი, 11:47:43-11:48:00 სთ.), კასატორი ადასტურებს აღნიშნულ გარემოებას წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში. ასკ-ის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელი სასამართლოს წარედგინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 1 თვის ვადაში. სზაკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „აქტის გაცნობამდე გასაჩივრების დაშვება გამოიწვევს საჩივრის მიზნის - კონტროლის განხორციელების უარყოფას. ადმინისტრაციული აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, ვის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი. მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადების ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა, შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა“ (იხ. სუსგ., ბს-854-836(კ-12), 10.10.2013წ.). მოსარჩელემ „დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. №2807928 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა დაზუსტებული სარჩელით, მასში მიუთითა, რომ აღნიშნული ბრძნების თაობაზე მან შეიტყო სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 09.11.2022წ. შესაგებლით, რის საფუძველზეც ადგილი ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტებას. შესაბამისად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია „დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. №2807928 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაუცველად წარდგენაზე მითითება მაშინ, როდესაც ხანდაზმულობის ვადის დენა სწორედ მოსარჩელისათვის აქტის ოფიციალურად გაცნობიდან იწყება.
ზემოაღნიშნულთან ერთად მხედველობაშია მისაღები, რომ მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული დავის საგანია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით (სასკ-ის 2.1. „გ“ ქვ.პ.), დავის საგანი არ უკავშირდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან (სასკ-ის 2.1. „ა“ ქვ.პ.). მოსარჩელისათვის სამართლებრივ შედეგს წარმოშობს არა „დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. №2807928 ბრძანების ბათილობა, არამედ „დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 02.10.2019წ. ბრძანება, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.04.2021წ. გადაწყვეტილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2021წ. განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.07.2022წ. განჩინების შესაბამისად. აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა დასტურდება თავად „დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. №2807928 ბრძანების შინაარსით. ბრძანების გამოცემის საფუძვლად დასახელებულ იქნა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 18.10.2019წ. №2777004 პატაკი, რის მიხედვითაც, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის საქართველოს შსს მინისტრის 23.01.2019წ. №182023 ბრძანებით დაწესებული დანამატის (150 ლარი) შეწყვეტა 2019 წლის 02 ოქტომბრიდან დისციპლინური სახდელის - „საყვედურის“ შეფარდების საფუძვლით. დისციპლინური სახდელის დაკისრების მიზეზით დანამატის შეწყვეტის ფაქტი სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე დადასტურდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მიერ (იხ., 28.11.2023წ. სხდომის ოქმი, 11:48:10-11:49:30 სთ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. №2807928 ბრძანების იურიდიული რელევანტობა სრულად ეფუძნება „დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 02.10.2019წ. ბრძანებას, ხოლო - ამ უკანასკნელის ბათილობამ საფუძველი მთლიანად გამოაცალა მის იურიდიულ ქმედითობას. სკ-ის 992-ე მუხლის მიზნებისათვის, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების უშუალო წყაროა „დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 02.10.2019წ. მართლსაწინააღმდეგო ბრძანება, „დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. №2807928 ბრძანება მხოლოდ ზემოაღნიშნული ბრძანების შედეგს აღასრულებს. იმ სამართლებრივი შედეგისთვის, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს მოსარჩელე, არ არის აუცილებელი „დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. №2807928 ბრძანების, როგორც მართლსაწინააღმდეგო შედეგის აღსრულების ინსტრუმენტის, ბათილად ცნობის ცალკე მოთხოვნის დაყენება, ვინაიდან აღნიშნული ბრძანების გამოცემის ერთადერთი საფუძველი - „დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 02.10.2019წ. ბრძანება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი. ამდენად, სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანი იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და არა ხელფასზე დანამატის დანიშვნის ან/და მისი მოხსნის კანონიერების, მასთან დაკავშირებული გასაჩივრების ვადების, აგრეთვე, აღნიშნულ სფეროში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების საკითხები.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დანამატის მოხსნა გამოწვეული იყო არა უკანონო აქტით, ხოლო მისი შემდგომ დაწესება არა უკანონო აქტით გამოწვეული დარღვეული უფლების აღდგენის საჭიროებით, არამედ მარტოოდენ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული კანონიერი გადაწყვეტილებებით, კერძოდ, „დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. №2807928 ბრძანებით და ,,დანამატის შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.09.2022წ. №2656500 ბრძანებით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დანამატის შეწყვეტის ფაქტსა და დისციპლინური სახდელის დაკისრებას შორის თავად კასატორის მიერ იქნა აღიარებული (იხ., 28.11.2023წ. სხდომის ოქმი, 11:48:10-11:49:30 სთ.). ამასთანავე, „დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. №2807928 ბრძანებაში დანამატის გაცემის შეწყვეტის საფუძვლად დასახელდა შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 18.10.2019წ. №2777004 პატაკი, რომელიც ეფუძნება „დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 02.10.2019წ. ბრძანებას. აღნიშნული ბრძანების უკანონობასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მოსარჩელემ 19.08.2022წ. (MIA 0 22 02314119) პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის ოქტომბრიდან მიუღებელ სახელფასო დანამატთან დაკავშირებით, რაზეც სააგენტოს წერილობითი პასუხი არ გაუცია (იხ. კასატორის 30.01.2023წ. განცხადება), თუმცა, „დანამატის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.09.2022წ. №2656500 ბრძანებით მოსარჩელეს 01.09.2022 წლიდან დაუწესდა ხელფასზე დანამატი 150 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის ქმედება აიხსნება არა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით, არამედ „დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 02.10.2019წ. ბრძანების საფუძველზე დანამატის მოხსნით („დანამატის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.10.2019წ. №2807928 ბრძანება), ხოლო მისი უკანონოდ გამოცხადების შემდეგ, მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დანამატის დაწესების პოზიტიური ღონისძიებით („დანამატის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.09.2022წ. №2656500 ბრძანება). ამდენად, დღევანდელი მდგომარეობით, მოსარჩელე ითხოვს სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსადმი 19.08.2022წ. (MIA 0 22 02314119) პატაკით მოთხოვნილ 2019 წლის ოქტომბრიდან მისაღებ სახელფასო დანამატს, როგორც დელიქტური ქმედებით უშუალოდ გამოწვეულ ზიანს, რომელსაც იგი მიიღებდა დელიქტური ქმედების განუხორციელებლობის შემთხვევაში.
უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს მოსარჩელე ვალდებული იყო ცალკე გაესაჩივრებინა მასზე მომდევნო წლებში დანამატის გაუცემლობის ფაქტი და მავალებელი ადმინისტრაციული სარჩელით მიემართა სასამართლოსთვის შესაბამისი აქტის გამოცემის მოთხოვნით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელის საპროცესო ძალისხმევა უკავშირდებოდა სწორედ „დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 02.10.2019წ. ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაზეც მოწმობს - თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.04.2021წ. გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2021წ. განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.07.2022წ. განჩინება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსარჩელე წარმატებით შეძლებდა სასურველი შედეგის მიღწევას „დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 02.10.2019წ. ბრძანების ძალაში ყოფნის პირობებში, უკეთუ „დანამატის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.09.2022წ. №2656500 ბრძანება გამოცემულ იქნა სწორედ ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მოსარჩელის მიერ 19.08.2022წ. (MIA 0 22 02314119) პატაკში დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება მასზედ, რომ სააპელაციო პალატის სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს დიდი პალატის მიერ 19.04.2007წ. მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე Vilho Eskelinen and Others v. Finland (App. No. 63235/00). კასატორი მოიხმობს Vilho Eskelinen-ის საქმის §94-ის 1-ელ წინადადებას: „კონვენციის მიხედვით არ არსებობს უფლება, გაგრძელდეს კონკრეტული ოდენობის ხელფასის გადახდა.“ საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ცალკეული უფლების ევროკონვენციით დაუცველობა არ ადასტურებს აღნიშნული უფლების ეროვნული კანონმდებლობით დაუცველობის აუცილებლობას. ევროკონვენციით დაცულია ბაზისური უფლებების (ე.წ. მინიმალური) ჩამონათვალი, რაც არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ის უფლებები, რომლებიც ევროკონვენციით არ არის დაცული, შეიძლება იყოს ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული. Vilho Eskelinen-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების §94-ის 1-ელ წინადადებაში ასახული სამართლებრივი თეზისი მოწმობს მხოლოდ იმას, რომ თუ დასახელებული უფლება არაა პირდაპირ დაცული ეროვნული კანონმდებლობით, სახელმწიფოს აღნიშნული უფლების დაცვა ვერ დაეკისრება კონვენციური ვალდებულების სახით. შესაბამისად, Vilho Eskelinen-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების §94-ში, რომელსაც ეყრდნობა კასატორი, ციტირებულია საბაზისო კონვენციური პრინციპი იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნა შეიძლება მიჩნეულ იქნეს “აქტივად” პირველი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისათვის მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს საკმარისი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში, მაგალითად, როდესაც არსებობს მისი დამადასტურებელი ეროვნული სასამართლოების დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა. კერძოდ, ლეგიტიმური მოლოდინის მართლზომიერება მოითხოვს არა უბრალო მოლოდინს ან იმედს აღნიშნულის თაობაზე, არამედ საამისოდ გათვალისწინებულ ცხად საკანონმდებლო დათქმას, სამართლებრივ აქტს ან სასამართლო გადაწყვეტილებას (იხ. mutatis mutandis, ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 10.07.2002წ. დაუშვებლობის შესახებ განჩინება საქმეზე Gratzinger and Gratzingerova v. the Czech Republic, App. No. 39794/98, §73, იხ. აგრეთვე, ევროპული სასამართლოს 02.03.2005წ. დასაშვებობის შესახებ განჩინება საქმეზე Von Maltzan and Others v. Germany, App. nos. 71916/01, 71917/01 and 10260/02, ECHR 2005-V, §112). ამდენად, შესაფასებელია Vilho Eskelinen-ის საქმის პრეცედენტული ლოგიკა, გამოსარკვევია საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ჰქონდათ განმცხადებლებს Vilho Eskelinen-ის საქმეში და მოსარჩელეს მოცემულ საქმეში შესაბამისი გასაცემლის მიღების ეროვნული ნორმებით გათვალისწინებული „ლეგიტიმური მოლოდინი.“ Vilho Eskelinen-ის საქმეში ასეთი „ლეგიტიმური მოლოდინი“ განმცხადებლებს არ გააჩნდათ, ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ არსებობდა სამუშაო ადგილამდე მგზავრობის ხარჯების კომპენსაციის მიღების უფლება, ამასთანავე, აღმასრულებელი ინსტრუქციიდან ცხადად გამომდინარეობდა, რომ განმცხადებლები მოკლებულნი იყვნენ ინდივიდუალური სახელფასო დანამატის მიღების ლეგიტიმური მოლოდინს, ვინაიდან სამსახურის ადგილმდებარეობის ცვლილების შედეგად მათი უფლებამოსილება სახელფასო დანამატზე შეწყდა. Vilho Eskelinen-ის საქმისგან მოსარჩელის შემთხვევა იმით განსხვავდება, რომ საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, მოსარჩელეს გააჩნია ხელფასზე დანამატის სახით გასაცემლის მიღების „ლეგიტიმური მოლოდინი.“ საკასაციო პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №998 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სპეციალური წოდების მქონე პირს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო - ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიური ფულადი სარგო) ყოველთვიური დანამატი, საჭიროების შემთხვევაში სასურსათო ულუფა, ფორმის ტანსაცმელი, სხვა დანამატები და კომპენსაციები. ამავე „წესის“ 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს უფლება აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსამსახურეს დაუწესოს სპეციალური დანამატები და კომპენსაციები, განუსაზღვროს ერთჯერადი დახმარების ან სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი არის ერთ-ერთი სპეციალური წოდება. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელე არის ...ი, იგი ექვემდებარება ხელფასზე დანამატის სახით გასაცემლის მიღებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელეს გააჩნია ეროვნული კანონმდებლობით დაცული ხელფასზე დანამატის სახით გასაცემლის მიღების „ლეგიტიმური მოლოდინი.“ საუბარია ლეგიტიმურ მოლოდინზე და არა უბრალო მოლოდინზე ან იმედზე, რომელიც არ ეფუძნება არც სამართლის კონკრეტულ ნორმას და არც რაიმე სასამართლო გადაწყვეტილებას (ევროპული სასამართლოს დასაშვებობის შესახებ 10.07.2002წ. განჩინება საქმეზე Gratzinger and Gratzingerova v. the Czech Republic, App. No. 39794/98, §73.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის „ლეგიტიმური მოლოდინის“ ხელყოფა მოხდა „დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 02.10.2019წ. უკანონოდ ცნობილი ბრძანებით, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრება წარმოადგენს „ლეგიტიმური მოლოდინის“ რეალიზების ინსტრუმენტს, ხელფასზე დანამატის სახით ფულადი თანხის სწორედ იმ პერიოდის პროპორციულად გაცემის მეშვეობით, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული დანამატი ვერ იქნა მიღებული უშუალოდ კასატორის ბრალეული ქმედებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2023წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე