Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1229(კ-23) 01 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ნ-ე, ნ.ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2023წ. განჩინება

დავის საგანი - დევნილი პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ნ-ემ და ნ. ჩ-იმა 20.10.2021წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.09.2021წ. №03/16522 წერილის - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სააგენტოსათვის მოსარჩელეების კომპენსირებულ პირთა რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ აქტის გამოცემის დავალება. შემდგომში მოსარჩელეებმა დააზუსტეს (17.11.2020წ.) სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.09.2021წ. №03/16522 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელეთათვის 30 კვ.მ.-დან 40 კვ.მ.-მდე ფართის ოდენობით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ 1992 წლიდან დღემდე ცხოვრობენ სოფელ ...ში, ...ს ქუჩა N ...-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი კორპუსის, საკადასტრო კოდი: ..., მეორე სართულზე მდებარე 85 კვ.მ. ფართში. მოსარჩელემ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.11.2015წ. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაზე, რის მიხედვითაც შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი და საფრთხის შემცველი იყო, შენობას დღემდე რაიმე გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათ ოჯახს, სულ 11 წევრს, საქართველოს მთავრობის 16.10.2020წ. N 2019 განკარგულების საფუძველზე, 16.11.2020წ. საკუთრებაში გადაეცათ ორი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ...ს ქ. N22-ში, კერძოდ, N 496 ბინა, 72.52 კვ.მ., ს/კ ... და N ... ბინა 72.80 კვ.მ. ... მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მიკუთვნებული საცხოვრებელი ფართების სიმცირის გათვალისწინებით, ისინი იძულებულნი არიან იცხოვრონ ძველ მისამართზე. ამდენად, მოსარჩელეთა შეფასებით, მათ დამატებით უნდა გადაეცეთ საცხოვრებელი ფართი და ამოირიცხონ კომპენსირებულ პირთა რეესტრიდან, თუმცა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.09.2021წ. N 03/16522 წერილით მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეები თვლიან, რომ ისინი სრულად აკმაყოფილებენ დევნილი პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებს, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ადგილი ჰქონდა საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.01.2023წ. გადაწყვეტილებით მ. ნ-ეისა და ნ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.09.2021წ. №03/16522 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე - სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ განცხადებაზე/მოთხოვნაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა განმარტება, რომ ისინი აგრძელებენ ცხოვრებას თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე შენობაში, რის შესახებაც მოსარჩელეები უთითებდნენ 13.09.2021წ. №19/01212593196-31 განცხადებაშიც. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ მითითებულ მისამართზე მდებარე შენობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი და საფრთხის შემცველი იყო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ ის, რომ სააგენტო თითქოს მოკლებული იყო შესაძლებლობას მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადაეწყვიტა წარმოდგენილ განცხადებაში დასმული მოთხოვნა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო აქტებს და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს. სზაკ-ის მე-601 მუხლის თანახმად, აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ევალებოდა ჩაეტარებინა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად ემსჯელა განცხადებაში დასმული მოთხოვნის კანონიერებასა და საფუძვლიანობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.01.2023წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2023წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.01.2023წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მ. ნ-ეისა და ნ. ჩ-ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მოწმობები. ამასთანავე, ნ. ჩ-ის სახელზე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემულია ვეტერანის მოწმობა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.11.2015წ. №50668/01 დასკვნის თანახმად, თბილისში, სოფელ ...ში, ...ს ქუჩაზე №...-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი და საფრთხის შემცველია, შენობა განიცდის დეფორმაციებს და საჭიროებს გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, რომელიც უნდა განხორციელდეს დეტალური კვლევის შედეგების საფუძველზე მომზადებული პროექტის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. №39 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ იმსჯელა 22.05.2019წ. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე ქ. თბილისში ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 20 ნგრევადი ობიექტის და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე 5 ობიექტის დახურვის მიზნით მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა ალტერნატიული ფართით (დადგენილი სტანდარტების შესაბამისად) უზრუნველყოფის თაობაზე. ამავე ოქმის შესაბამისად, 6 (3+3) ოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე თანხმობა ეთქვათ: ა. ჩ-ის, დ. ჩ-ის, თ. ჯ-ის, ლ. ჩ-ის, მ. ნ-ეს, ნ. ჩ-ის, ნ. ჯ-ის, ნ. ჩ-ის (დაბადებული - ... წელს), ნ. ჩ-ის, რ. რ-ესა და ხ. ჯ-ის. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 16.10.2020წ. №2019 განკარგულების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს (მათ შორის მოსარჩელეებს). აღნიშნულის გათვალისწინებით, 21.12.2020წ. და 16.12.2020წ. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩაზე №22-ში მდებარე ფართი - სართული ..., ბინა ..., ბლოკი ..., ფართით 72,80 კვ.მ. და ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №34-ში მდებარე ფართი - სართული ..., ბინა ..., ბლოკი C, ფართით 72,52 კვ.მ. 15.12.2020წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ა. ჩ-ის, დ. ჩ-ის, თ. ჯ-იის, ლ. ჩ-ის, მ. ნ-ეის, ნ. ჩ-ის, ნ. ჯ-იის, ნ. ჩ-ის (დაბადებული - ... წელს), ნ. ჩ-ის, რ. რ-ეისა და ხ. ჯ-იის თანასაკუთრებად. აღნიშნულის შემდგომ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას 13.09.2021წ. №19/01212593196-31 განცხადებით მიმართა მ. ნ-ეის წარმომადგენელმა და მ. ნ-ეისა და ნ. ჩ-ისთვის ქ. თბილისში, ნორმალური ცხოვრებისათვის საჭირო საცხოვრებელი ფართის, არანაკლებ ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინის გამოყოფა მოითხოვა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.09.2021წ. №03/16522 მიმართვის თანახმად, მ. ნ-ეს 13.09.2021წ. №19/01212593196-31 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 16.10.2020წ. №2019 განკარგულების საფუძველზე, ა. ჩ-ის, დ. ჩ-ის, თ. ჯ-ის, ლ. ჩ-ის, მ. ნ-ეს, ნ. ჩ-ის, ნ. ჯ-ის, ნ. ჩ-ის, (დაბადებული - ... წელს), ნ. ჩ-ის, რ. რ-ეს და ხ. ჯ-ის საკუთრებაში გადაეცათ 2 ბინა: თბილისში, ...ს ქუჩაზე №34-ში, მე-... სართულზე, ბინა №..., 72,52 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და თბილისში, ...ს ქუჩაზე №22-ში, მე-... სართულზე, ბინა №..., 72,80 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველსა და შესაძლებლობას გადაეწყვიტა განცხადებაში დასმული მოთხოვნა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.09.2021წ. №03/16522 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერება. სააპელაციო პალატამ მოიხმო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლი, მე-3 მუხლის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები, მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი, მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, სზაკ-ის 96-ე მუხლი, 97-ე მუხლი და 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მუხლის ნორმატიული შინაარსი, სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ყურადღება გაამახვილა მოსარჩელეების განმარტებაზე, რომ აგრძელებენ ცხოვრებას ...ს ქუჩაზე N ...-ში. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა სზაკ-ით მინიჭებული ბერკეტები, გადაწყვეტილების მიღებისას კი ემსჯელა საკითხის ისეთი სახის გადაწყვეტაზე, რომლითაც არ შეილახებოდა ინდივიდის კანონით გარანტირებული უფლებები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებისათვის ადგილი უნდა ჰქონდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევასა და შესწავლა-გაანალიზებას, გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი შეფასების შემცველი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მოქმედი სამართლებრივი ნორმების სუბსუმციის საფუძველზე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სადავო საკითხთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.09.2021წ. №03/16522 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ განცხადებაზე/მოთხოვნაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობის საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ჩაეტარებინა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელეთა მიერ განცხადებაში დასმული საკითხის მართებულად გადაწყვეტის მიზნით. ამდენად, სახეზე იყო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და კანონისმიერი წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს რაიმე მითითებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა გამოიკვლიოს ზუსტად ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება კანონიერად რომ ჩაითვალოს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომელიც შემდგომ დავის საგანი გახდებოდა. საქმეში დაცული 28.09.2021წ. N03/16522 სადავო წერილი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს, მხარეს მიეწოდა ინფორმაცია განცხადებაში დასმულ საკითხთან, კერძოდ კი, გრძელვადიანი საცხოვრებლით ხელახლა უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ამასთან, ოჯახმა ჯერ კიდევ უძრავი ქონების გადაცემისას, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას გაკეთებული ხელმოწერის საფუძველზე გამოხატა თანხმობა შეთავაზებულ ფართებზე (16.11.2020წ.), მათ სადავოდ არ გაუხდიათ არც სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არც საქართველოს მთავრობის განკარგულება და არც საკუთრივ გადაცემული საცხოვრებელი ფართები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, მოთხოვნა ხანდაზმული იყო, შესაბამისად, აღნიშნული ნაწილობრივაც არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. კასატორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მოსარჩელეთათვის საცხოვრებლით დამატებით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან. მოსარჩელეს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული აქვს ორი საცხოვრებელი ფართი, აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, მისი საცხოვრებლით ხელმეორედ დაკმაყოფილების ვალდებულება სახელმწიფოს აღარ წარმოეშვება. სააგენტო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია იზრუნოს სხვა დევნილი ოჯახების დაკმაყოფილებაზე, განსაკუთრებით იმ პირთა სოციალურ და საცხოვრებელ მდგომარეობაზე, რომლებსაც ჯერ კიდევ ერთი საცხოვრებელიც არ მიუღიათ, ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად მოკლებულია შესატყვის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს და საამისოდ გათვალისწინებულ იურიდიულ დასაბუთებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კომბინირებული სარჩელი, - შეცილებითი (სასკ-ის 22-ე მუხ.) და მავალდებულებელი (სასკ-ის 23-ე მუხ.) სარჩელი, შესაბამისად, დავის გადაწყვეტა საჭიროებს აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ადმინისტრაციული ორგანოს აქტის გამოცემაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი (სზაკ-ის 2.1. მუხ. „ზ“ ქვ.პ.). იურიდიული შინაარსის მიხედვით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.09.2021წ. №03/16522 სადავო წერილი სზაკ-ის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 52-ე მუხლის თანახმად, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დავის გადაწყვეტა თავდაპირველად საჭიროებს სააგენტოს მიერ 28.09.2021წ. გამოცემული №03/16522 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას (სასკ-ის 2.1. მუხ. „ა“ ქვ.პ.). ამ მიზნით, საკასაციო პალატა შეაფასებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ №1 დანართის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის 1-ლი წინადადების ნორმატიული შინაარსს საცხოვრისით უზრუნველყოფის ძირითადი უფლების სოციალური-ეკონომიკური ბუნების და განზომილების გამოკვეთის შუქზე.

ნორმის განმარტება საჭიროებს გამოსაყენებელი ნორმის ნამდვილი არსის გარკვევას და კანონმდებლის კონკრეტული მიზნის დადგენას (იხ. სუსგ., ბს-520-515(კ-11), 15.09.2012წ.). ხსენებული „წესის“ №1 დანართის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის 1-ლი წინადადების ნორმატიული შინაარსის მიხედვით, იმ დევნილ ოჯახთა განცხადებები, რომლებმაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე მიიღეს საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში, არ ექვემდებარება არათუ დაკმაყოფილებას, არამედ მათ ხელახალ განხილვასაც კი, მათ დაკმაყოფილებაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემის მიზნით. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დევნილი ოჯახის მიმართ საცხოვრისით უზრუნველყოფის სფეროში ეფექტიანი უფლებადაცვითი ან/და მაკომპენსირებელი ზომების განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფო იხსნის დევნილი ოჯახის საცხოვრისით ხელმეორედ დაკმაყოფილების ყოველგვარ ვალდებულებას. აღნიშნული საკანონმდებლო დათქმის სემანტიკური ფორმულირებისას გამოყენებული ისეთი იმპერატიული საკანონმდებლო ტერმინი, როგორიც არის „არ განიხილება“ – მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოს არ უტოვებს ამ ნორმისთვის დისპოზიციური შინაარსის მინიჭების რაიმე ნორმატიულ სივრცეს. აღსანიშნავია, რომ საცხოვრისის ხელახლა მიღებით დაინტერესებულმა დევნილმა ოჯახმა წერილობითი განცხადება უნდა წარუდგინოს შესაბამის სამსახურს, მასში უნდა დააფიქსიროს შესაბამისი მოთხოვნა და განცხადებას უნდა დაურთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც მას კანონით ეკისრება (სზაკ-ის 78.1. მუხ „გ“ ქვ.პ. და 78.2. მუხ.), მათ შორის იგულისხმება განკუთვნადი წერილობითი საბუთებიც იმასთან დაკავშირებით, რომ დევნილი ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან ერთხელ უკვე დაკმაყოფილდა კანონით განსაზღვრული წესით. ადმინისტრაციული ორგანო შეამოწმებს განცხადების გამართულობას (სზაკ-ის 83.1. მუხ.), წარმოდგენილი განცხადების ან/და საკუთარ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის (კანონის 4 მუხ. „კ“ ქვ.პ.) საფუძველზე გადაამოწმებს დევნილი ოჯახის ადეკვატური საცხოვრისით დაკმაყოფილების ფაქტს და დადებითი პასუხის შემთხვევაში, უკეთუ კანონის საფუძველზე გამოცემული აქტით სპეციალურად არის დადგენილი ასეთი კატეგორიის განცხადების განხილვაზე უარის თქმა, პირდაპირ განუხილველად დატოვებს მას (სზაკ-ის 101.1. მუხ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ ამგვარი შედეგი არაა უსამართლო, არ არსებობს ნორმის Contra Legem განმარტების გამოყენების სამართლიანობით ნაკარნახევი აუცილებლობა. მოცემული სამართლებრივი დასკვნა ეფუძნება ორ ურთიერთდაკავშირებულ ნორმატიულ ფაქტორს: ა) დევნილ ოჯახსა და სახელმწიფოს შორის არსებობს სპეციალური კანონისმიერი რეჟიმის ფარგლებში აღმოცენებული სამართალურთიერთობა, სახელმწიფო დევნილი ოჯახის მიმართ გარკვეული ვალდებულებებით იტვირთება, ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ დევნილი ოჯახის ადეკვატური საცხოვრისით დაკმაყოფილება ხდება არა ერთეულ შემთხვევებში, არამედ ჯამურად მრავალი დევნილი ოჯახის მიმართ, შესაძლებელია მოხდეს სახელმწიფოსათვის არაპროპორციული ვალდებულებითი ტვირთის დაკისრება, რაც სახელმწიფოს შეზღუდული რესურსის მხედველობაში მიღებით შეუსაბამო იქნება დევნილი ოჯახების დაკმაყოფილების კოლექტიურ საჯარო ინტერესთან; ბ) თავად დევნილ ოჯახებს შორის არსებობს კოლექტიური სოლიდარობის განსაკუთრებული იურიდიული ფორმა, ადეკვატური საცხოვრისით ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახის საცხოვრისით ხელმეორედ დაკმაყოფილება შეამცირებს უსახლკარო დევნილებისათვის განკუთვნილი საცხოვრისის საერთო ფონდს, დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს საცხოვრისით უკვე დაკმაყოფილებულ დევნილ ოჯახს, ამდენად, „წესის“ დანართი №1-ის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის 1-ლი წინადადება მიზნად ისახავს უფლების ბოროტად გამოყენების პრევენციას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცალკეული დევნილი ოჯახის პირდაპირ განზრახვას არ წარმოადგენს სხვებისათვის ზიანის მიყენება (შდრ.: სკ-ის 115 მუხ.).

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული მიდგომა ეფუძნება ადეკვატური საცხოვრისის უფლების ეკონომიკურ რესურსებზე მჭიდრო დამოკიდებულების უფლებრივ განზომილებას. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტით საერთაშორისო დონეზე მოხდა ადეკვატური საცხოვრისის უფლების რეგლამენტაცია, აღნიშნულ უფლებას საფუძვლად უდევს ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის უფლება და ცენტრალური მნიშვნელობის მქონეა ყველა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლების რეალიზებისთვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სოციალური, ეკომომიკური და კულტურული უფლებების კომიტეტი (CESCR) პაქტის მე-11 მუხლის 1-ელ პუნქტთან დაკავშირებულ No. 4. ზოგად კომენტარში განმარტავს ამ უფლების ნორმატიულ შინაარსს და აღნიშნავს, რომ საცხოვრებლის უფლება არ უნდა იქნას განმარტებული ვიწრო გაგებით, რაც მას მაგალითად აიგივებს გადახურულ თავშესაფართან, იგი უნდა კონცეპტუალიზდეს როგორც უსაფრთხოდ, მშვიდად და ღირსეულად ცხოვრების უფლებად (UN Committee on Economic, Social and Cultural Rights (CESCR), General Comment No. 4: The Right to Adequate Housing (Art. 11(1) of the Covenant), Sixth Session, 1991, INT_CESCR_GEC_4759_E.§7). აღნიშნული მიზნის უზრუნველსაყოფად აუცილებელი მრავალი ღონისძიება რესურსების განაწილებასა და ზოგადი ხასიათის პოლიტიკურ ინიციატივებს მოითხოვს, ამასთან, აღნიშნულ კონტექსტში არ უნდა იქნეს უგულვებელყოფილი ფორმალური საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების როლი (იხ. იქვე, §15.). სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულებისთვის მიღებული ზომები ადეკვატური საცხოვრებლის უფლების დასაცავად შესაძლოა მოიცავდეს საჯარო და კერძო სექტორის სხვადასხვა ზომების გარკვეულ გეგმაზომიერ კომბინაციას (იხ. იქვე, §14.). სადღეისოდ, ევროსასამართლოს იურისპრუდენცია შეჯერებულია იმ სამართლებრივ პოზიციაზე, რომ განსაკუთრებით მოწყვლადი პირების მიმართ საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება ევროკონვენციის მე-8 მუხლიდან შესაძლებელია მომდინარეობდეს მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში (იხ., ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 18.01.2001წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Chapman v. The United Kingdom, App. No. 27238/95, §99; ევროპული სასამართლოს 26.06.2001წ. დასაშვებობის შესახებ განჩინება Peter O’Rourke v. The United Kingdom, App. No. 39022/97, p.8; იხ., ევროპული სასამართლოს 24.04.2012წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Yordanova and Others v. Bulgaria, App. No. 25446/06, §130.). საკასაციო პალატა მიუთითებს სოციალური, ეკომომიკური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) No. 3. ზოგად კომენტარზე, აღნიშნული უკავშირდება პაქტის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების ზოგადი ბუნების იურიდიულ შინაარსს და გამოიყენება ამავე პაქტის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის მატერიალური შინაარსის განსაზღვრისათვის მისი ადგილობრივ კონტექსტში გამოსაყენებლად. ხსენებული პაქტის 2(1) მუხლით გათვალისწინებულია სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება ამ უფლებების პროგრესული რეალიზაციის მიზნით. პროგრესული რეალიზაციის მიზანია რეალური სამყაროს სინადმვილისა და სირთულების გათვალისწინებით იმ მინიმალური საბაზისო ვალდებულების შესრულება, რომელიც აუცილებელია ცალკეული უფლების მინიმალური დონის უზრუნველსაყოფად, თუმცაღა, მხოლოდ სახელმწიფოსათვის „ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში,“ აღნიშნული უშუალოდ მოიაზრებს სახელმწიფოში არსებული შეზღუდული რესურსების მხედველობაში მიღებას (UN Committee on Economic, Social and Cultural Rights (CESCR), General Comment No. 3: The Nature of States Parties' Obligations (Art. 2, Para. 1, of the Covenant), Fifth Session, 1990, INT_CESCR_GEC_4758_E. §§9-10.). ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, როგორიც საცხოვრისით უზრუნველყოფაა, სახელმწიფო სარგებლობს შეფასების ფართო ფარგლებით (იხ. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 12.04.2006წ. გადაწყვეტილება საქმეზე Stec and Others v. The United Kingdom, App. Nos. 65731/01 and 65900/01, §52.). ამასთანავე, ადეკვატური საცხოვრისით უზრუნველყოფა შესაძლოა განიხილებოდეს ეკონომიკური და სოციალური სტრატეგიის ზოგადი ღონისძიების საკითხად (იხ. mutatis mutandis ევროპული სასამართლოს 24.04.2012წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Yordanova and Others v. Bulgaria, App. No. 25446/06, §118.). სახელმწიფოსათვის კარგად არის ცნობილი საკუთარი სოციალური უსაფრთხოების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაბამისი სახსრების ოდენობა, რომელიც მათ საპასუხოდ არის გამოყოფილი (იხ. ევროპული სასამართლოს 26.10.2021წ. გადაწყვეტილება საქმეზე Šaltinytė v. Lithuania, App. No. 32934/19, §77). სახელმწიფოს საკუთარი ლოკალური პოზიციის გათვალისწინებით, შეუძლია ადეკვატურად განსაზღვროს რა არის საჯარო ინტერესის სფეროში შესაბამისი სახელმწიფოს ინდივიდუალური ეკონომიკური ან სოციალური ფაქტორების მიხედვით (იხ. ევროპული სასამართლოს 27.09.2011წ. გადაწყვეტილება საქმეზე Bah v. The United Kingdom, App. No. 56328/07, §37). აღნიშნულ სფეროში დისკრეციის არსებობა განპირობებულია სახელმწიფოში არსებული ლოკალური ფაქტორების ინდივიდიაულურ თავისებურებებით, რომელიც თან ახლავს თითოეულ ასეთ გადაწყვეტილებას (იხ., ევროპული სასამართლოს 27.05.2004წ. გადაწყვეტილება საქმეზე Connors v. The United Kingdom, App. No. 66746/01, §82). ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკით ნაკარნახევი ასეთი გადაწყვეტილება შეესაბამება ევროკონვენციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი არჩევანი „გონივრულ საფუძველს ერთმნიშვნელოვნად არის მოკლებული“ (იხ. mutatis mutandis, ევროპული სასამართლოს 27.05.2004წ. გადაწყვეტილება საქმეზე Connors v. The United Kingdom, App. No. 66746/01, §82; იხ. აგრეთვე., ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 12.04.2006წ. გადაწყვეტილება საქმეზე Stec and Others v. The United Kingdom, App. Nos. 65731/01 and 65900/01, §52). იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანომ აირჩია ისეთი მეთოდი, რომელზეც შესაძლოა ითქვას რომ წარმოადგენს გონივრულ და შესაფერის საშუალებას კანონმდებლის მიერ დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ევროსასამართლო არ აფასებს იმას თუ რამდენად წარმოადგენდა შერჩეული საკანონმდებლო ღონისძიება არსებული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალებას და უნდა განხორციელებულიყო თუ არა საკანონმდებლო დისკრეცია სხვაგვარად, შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ის საკითხი თუ რამდენადაა ასეთი საკანონმდებლო პოლიტიკა „ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებული“ (იხ. ევროპული სასამართლოს 26.10.2021წ. გადაწყვეტილება საქმეზე Šaltinytė v. Lithuania, App. No. 32934/19, §§64,77).

საკასაციო პალატა თვლის, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი საცხოვრისით უზრუნველყოფის პოზიტიური ღონისძიება, ნორმატიულად გამართლებულია დევნილი ოჯახების, როგორც სოციალური ჯგუფის კატეგორიის მომეტებული მოწყვლადობის გათვალისწინებით. კანონის შემუშავების ლეგიტიმური მიზნები და ის საკვანძო სულისკვეთება, რომელსაც აღნიშნული კანონი განასახიერებს, ასაბუთებს ერთი მხრივ, დევნილი პირების განსაკუთრებით მოწყვლად პირთა კატეგორიაში მიკუთვნების არსს, მეორე მხრივ კი, აფუძნებს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ იმგვარ საგამონაკლისო რეჟიმს, რომელიც საფუძველს უყრის სახელმწიფოს მიერ დევნილი პირებისათვის საცხოვრისით უზრუნველყოფის პოზიტიურ ვალდებულებას. ის სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი პრობლემატიკა, რომელიც საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ფაქტობრივი მდგომარეობის მგრძნობიარე კონტექსტით არის განპირობებული, აღიარებულია ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 21.01.2021წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Georgia v. Russia (II), App.No. 38263/08, §296-301.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი პირების განსაკუთრებული მოწყვლადობა პირდაპირ არის ასახული კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ნორმატიული დეფინიციით. ევროკონვენციის არცერთი მუხლის ნორმატიული ძალა არ უკრძალავს წევრ სახელმწიფოებს ზოგადი საკანონმდებლო სქემების შემუშავებას, რომლითაც ინდივიდთა გარკვეული კატეგორიის ან ჯგუფის მიმართ სახელმწიფო ახორციელებს განსხვავებულ საკანონმდებლო პოლიტიკას, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეული სოციალური ჯგუფის მოწყვლადი და არახელსაყრელი პოზიცია ასაბუთებს ასეთი საკანონმდებლო პოლიტიკის განხორციელების არსს (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 26.10.2021წ. გადაწყვეტილება საქმეზე Šaltinytė v. Lithuania, App. No. 32934/19, §64.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, დევნილი პირისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონეა მისი იმგვარი სოციალური გარანტიით უზრუნველყოფა, როგორიც არის სათანადო საცხოვრისი. თუმცაღა, სხვადასხვა ეკონომიკური, ფულადი თუ ფინანსური რესურსი, რომელიც აუცილებელია ამ უფლების უზრუნველსაყოფად, ამოწურვადია, იგი პირდაპირ უკავშირდება და დამოკიდებულია სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების დონეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი №1-ის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის 1-ლი წინადადებით დადგენილი ნორმატიული პრინციპი არათუ მოკლებულია გონივრულ საკონსტიტუციო-სამართლებრივ საფუძვლებს, არამედ სამართლიანი და დასაბუთებულია დევნილი ოჯახების რიცხვის, საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესში სახელმწიფოს შეზღუდული ეკონომიკური რესურსებისა და თავად ადეკვატურ საცხოვრისის უფლების ფინანსურ რესურებთან მჭიდრო ურთიერთკავშირის გათვალისწინებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სახელმწიფოს გააჩნია სამართლებრივად დაცვის ღირსი და საჯარო ინტერესის შესაბამისი კეთილსინდისიერი ლეგიტიმური ინტერესი არ დაუშვას ისეთი დევნილი ოჯახების საცხოვრებლით ხელმეორედ უზრუნველყოფა, რომელთაც სახელმწიფოს მიერ იმპლემენტირებული საკანონმდებლო პოლიტიკის ფარგლებში ერთხელ უკვე მიეკუთვნათ საცხოვრისი. სხვა დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრისიც ჯერ კიდევ არაა უზრუნველყოფილი შეზღუდული რესურსების მიზეზით, გაუჩნდებათ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციის განცდა, უკეთუ საცხოვრისის არათანაბარმა განაწილებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საცხოვრისის ხელმისაწვდომობის პროცესში დევნილ ოჯახთა არათანაბარი ჩართულობა (იხ. mutatis mutandis, UN Committee on Economic, Social and Cultural Rights (CESCR), General Comment No. 4: The Right to Adequate Housing (Art. 11(1) of the Covenant), Sixth Session, 1991, INT_CESCR_GEC_4759_E. §17d). სახელმწიფო პირიქით უნდა ცდილობდეს, რომ კონკრეტული ზომების მეშვეობით, სპეციალური პრიორიტეტი მიანიჭოს იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც არახელსაყრელ პირობებში ცხოვრობენ, საკანონმდებლო პოლიტიკა არ უნდა იყოს იმგვარად შემუშავებული, რომ სარგებელი მიენიჭოს უკვე ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ სოციალურ ჯგუფებს სხვათა უფლებების შელახვის ხარჯზე (იხ. mutatis mutandis, UN Committee on Economic, Social and Cultural Rights (CESCR), General Comment No. 4: The Right to Adequate Housing (Art. 11(1) of the Covenant), Sixth Session, 1991, INT_CESCR_GEC_4759_E. §11.). საკასაციო პალატა Contra Legem განმარტების გამოყენებით ვერ ამოიკითხავს ამ ნორმატიულ დათქმაში („წესის“ 1.3. მუხ.) საცხოვრებლის ხელახლა უზრუნველყოფის კანონიერი უფლების დამფუძნებელ სამართლებრივ პრინციპს, უკეთუ აღნიშნული იურიდიული დასკვნა საცხოვრისით უკვე დაკმაყოფილებულ დევნილ ოჯახებს შეუქმნის საცხოვრისით ხელახალი დაკმაყოფილების რეალური ნორმატიული შესაძლებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს (იხ. mutatis mutandis, ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 10.07.2002წ. დაუშვებლობის შესახებ განჩინება საქმეზე Gratzinger and Gratzingerova v. the Czech Republic, App. No. 39794/98, §73).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.09.2021წ. №03/16522 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი №1-ის მე-3 მუხლით დადგენილია საცხოვრებელი ფართების მიღების პროცედურა, ხოლო მე-6 მუხლით რეგლამენტირებულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა („წესის“ 6.1. მუხ.). კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომელიც ექვემდებარება დაჯამებას დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი („წესის“ 6.1. მუხ.). ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ადგილი აქვს დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილებას, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა („წესის“ 6.2. მუხ.). დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა („წესის“ 6.3. მუხ.). დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად („წესის“ 6.5. მუხ. და 2 მუხ. „ვ“ ქვ.პ.). მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი №9 დანართის („გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“) შესაბამისად („წესის“ 6.6. მუხ. და 2 მუხ. „ზ“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კრიტერიუმების პრინციპის საფუძველზე შეფასებისაგან დაშვებულია გამონაკლისიც, როდესაც სახეზეა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი), რომელიც: ავარიულია და საფრთხეს უქმნის იქ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; დღეის მდგომარეობით არ არის და არც შეიძლება იყოს ადაპტირებული საცხოვრებელ ფართებად („წესის“ 2 მუხ. „ი“ ქვ.პ.). შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების მხედველობაში მიუღებლად განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით („წესის“ 6.10. მუხ. „ა“ ქვ.პ.). საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.11.2015წ. №50668/01 დასკვნის თანახმად, „ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩაზე №...-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი და საფრთხის შემცველია, შენობა განიცდის დეფორმაციებს და საჭიროებს გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, რომელიც უნდა განხორციელდეს დეტალური კვლევის შედეგების საფუძველზე მომზადებული პროექტის მიხედვით.“ საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ფართების გამოყოფის პერიოდში მოქმედებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი,“ რომელიც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის საფუძველზე. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ მიიღებულ იქნა კომისიის მიერ და გაფორმდა კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინა სააგენტოს დირექტორს (ძალადაკარგული „წესის“ 3.10. მუხ.). კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. №39 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ იმსჯელა 22.05.2019წ. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე ქ. თბილისში ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 20 ნგრევადი ობიექტის და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე 5 ობიექტის დახურვის მიზნით მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა ალტერნატიული ფართით (დადგენილი სტანდარტების შესაბამისად) უზრუნველყოფის თაობაზე. ამავე ოქმის შესაბამისად, 6 (3+3) ოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე თანხმობა ეთქვათ: ა. ჩ-ის, დ. ჩ-ის, თ. ჯ-ის, ლ. ჩ-ის, მ. ნ-ეს, ნ. ჩ-ის, ნ. ჯ-ის, ნ. ჩ-ის (დაბადებული - ... წელს), ნ. ჩ-ის, რ. რ-ესა და ხ. ჯ-ის. აღნიშნულის შემდგომ დევნილი ოჯახი ვალდებული იყო განეცხადებინა წერილობითი თანხმობა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს მიერ შეთავაზებული კონკრეტული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე (ძალადაკარგული „წესის“ 3.12. მუხ.). საქმის მასალებით, აგრეთვე, დგინდება რომ 19.10.2019წ. დევნილმა ოჯახის წევრებმა, მათ შორის მოსარჩელეებმა, „საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის წერილობითი თანხმობის №655“ დოკუმენტზე (ს.ფ. 109) ხელმოწერით დაადასტურეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 10.10.2019წ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის №39 სხდომის ოქმით გათვალისწინებული ფართის მიღების მზაობა. საქმეში დაცულია აგრეთვე 19.10.2019წ. N 655 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში ოჯახმა ჩაიბარა 3+3 ოთახიანი საცხოვრებელი ფართი, მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია მოსარჩელეების (მ. ნ-ე, ნ. ჩ-ი) და მათი ოჯახის წევრების მიერ (ს.ფ. 110.). შესაბამისი საორიენტაციო სტანდარტები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყო ძალადაკარგული „წესის“ მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, რის მიხედვითაც საცხოვრებელი ფართის სტანდარტები განისაზღვრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული №8 დანართით - „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით,“ კერძოდ, №8 დანართის მიხედვით, მინიმალური საორიენტაციო სტანდარტი ახლად აშენებული და ცარიელი შენობებისათვის საცხოვრებელი ფართის პარამეტრის თვალსაზრისით შეადგენდა 65-დან - 80მ2-მდე ერთეულს თითოეულ ბინაში, საცხოვრებელ ფართში ოთახების რაოდენობა არის სამოთახიანი ბინის ტოლი, ხოლო დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობობის თვალსაზრისით იგი გათვლილი იყო 5-6 მოსახლეზე. დღეს მოქმედი რეგულაციით, საცხოვრებელი ფართის სტანდარტები დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული №9 დანართით, რომლითაც დადგენილია „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით.“ „წესის“ №9 დანართის მიხედვით, მინიმალური საორიენტაციო სტანდარტი ახლად აშენებული და ცარიელი შენობებისათვის საცხოვრებელი ფართის პარამეტრის თვალსაზრისით შეადგენს 70-დან - 80მ2-მდე ერთეულს თითოეულ ბინაში, საცხოვრებელ ფართში ოთახების რაოდენობა არის სამოთახიანი ბინის ტოლი, ხოლო დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობობის თვალსაზრისით იგი გათვლილია 5-6 მოსახლეზე. აღნიშნულის შემდგომ, კომისიის გადაწყვეტილებისა და დევნილი ოჯახის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გამოიცა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 25.12.2019წ. №03-576/ო ბრძანება, რომლის 1-ლი მუხლის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 10.10.2019წ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის №39 სხდომის ოქმის საფუძველზე, ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილდა დანართში მითითებული მოსარჩელეთა ოჯახი. ამავე ბრძანების მე-3 მუხლით, მოსარჩელეებს განემარტა მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესი. ამასთანავე, 19.10.2019წ. №655 მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით, მოსარჩელეებმა იკისრეს ვალდებულება ჩაებარებინათ მათთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, შედგომოდნენ ფართით სარგებლობას. დევნილი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე გამოცემული სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენდა განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების, კანონმდებლობის შესაბამისად, კონკრეტულ გასანაწილებელ საცხოვრებელ ფართ(ებ)ში განსახლების საფუძველს (ძალადაკარგული „წესის“ 3.15. მუხ.). აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 1 თვის ვადაში, შესაბამისი ინფორმაცია უნდა ასახულიყო დევნილთა მონაცემთა ბაზაში დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ (ძალადაკარგული „წესის“ 3.16. მუხ.). საქართველოს მთავრობის 16.10.2020წ. №2019 განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს (მათ შორის მოსარჩელეებს). მითითებული განკარგულების მიხედვით, უძრავი ნივთების საპრივატიზაციო პირობებად განისაზღვრა ის, რომ ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ხელშეკრულების დადების მომენტისთვის არ უნდა სარგებლობდნენ რაიმე საცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, განკარგულებაში მიეთითა აგრეთვე, რომ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოითხოვონ სახელმწიფოსგან, მუნიციპალიტეტისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა (მე-2 მუხ. „ა“ და „ბ“ ქვ.პ.). ანალოგიურ დებულებას შეიცავს მოსარჩელეების ოჯახის მიერ ხელმოწერილი 16.11.2020წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 3.5. პუნქტში მიეთითა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ „მყიდველს“ აღარ წარმოეშობა უფლება, მისი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოითხოვოს სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისაგან რაიმე სახით კომპენსაციის მოთხოვნა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა. მ. ნ-ემ 15.12.2020წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად პრივატიზების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (ს.ფ. 96.). საქმეში დაცული მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ 21.12.2020წ. და 16.12.2020წ. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩაზე №22-ში მდებარე ფართი - სართული ..., ბინა ..., ბლოკი A, ფართით 72,80 კვ.მ. და ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №34-ში მდებარე ფართი - სართული ..., ბინა ..., ბლოკი ..., ფართით 72,52 კვ.მ., 16.11.2020წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ა. ჩ-ის, დ. ჩ-ის, თ. ჯ-იის, ლ. ჩ-ის, მ. ნ-ეის, ნ. ჩ-ის, ნ. ჯ-იის, ნ. ჩ-ის (დაბადებული - ... წელს), ნ. ჩ-ის, რ. რ-ეისა და ხ. ჯ-იის თანასაკუთრებად, ამდენად, მოსარჩელეები ორივე ბინის თანამესაკუთრეები არიან.

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის გზით არც სრულად და არც ნაწილობრივ სადავოდ არ გაუხდიათ მათ მიმართ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბრძანება, საქართველოს მთავრობის განკარგულება, მოსარჩელეებმა შეთავაზებული ფართის მიღებაზე თანხმობა განაცხადეს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათთვის საცხოვრებლად გადაცემული ფართების სიმცირე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდა მათ უფლებას (ასკ-ის 22.2. მუხ.), თუმცა მოსარჩელეები დაეთანხმნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული №8 დანართით გათვალისწინებულ სტანდარტს („გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“), რომლის მიხედვით მინიმალური საორიენტაციო სტანდარტი ახლად აშენებული და ცარიელი შენობებისათვის საცხოვრებელი ფართის პარამეტრის თვალსაზრისით იყო 65-დან - 80მ2-მდე ერთეული თითოეულ ბინაში; საცხოვრებელ ფართში ოთახების რაოდენობა იყო სამოთახიანი ბინის ტოლი; დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობობის თვალსაზრისით გათვლილი იყო 5-6 მოსახლეზე. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 25.12.2019წ. №03-576/ო ბრძანების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, მოსარჩელეთა სამართლებრივი მდგომარეობა ავტომატურად მოექცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ განსაზღვრული დანართი №1-ის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის დადგენილი სამართლებრივი პრინციპის სფეროში, რომლითაც არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. მართალია აღნიშნული „წესი“ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლით, თუმცა, სადღეისოდ მოქმედი „წესის“ დანართი №1-ის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი იდენტურ ნორმატიულ შინაარსს შეიცავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იდენტური ნორმატიული შინაარსი აისახა საქართველოს მთავრობის 16.10.2020წ. №2019 განკარგულების მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, შესაბამისად, მოსარჩელეებს ვერ ექნებოდათ განსხვავებული ლეგიტიმური მოლოდინი. ამასთანავე, 19.10.2019წ. საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის წერილობითი თანხმობის №655 დოკუმენტსა და 19.10.2019წ. №655 მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა ქმნის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელეებმა თანხმობა გამოთქვეს მათთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართების მიღებაზე, მოიწონეს მისი ნივთობრივი მდგომარეობა (სკ-ის 488.1. მუხ.) და დათანხმდნენ მასში განსახლებაზე. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრება, რომ ისინი აგრძელბენ ცხოვრებას ავარიულ შენობაში, არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, თვალნათელია, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსადმი 13.09.2021წ. №19/01212593196-31 განცხადებით მიმართვას და მასში დაფიქსირებულ მოთხოვნას მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ფართის, არანაკლებ ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინის გამოყოფის შესახებ არ ჰქონდა წარმატების პერსპექტივა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.09.2021წ. №03/16522 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიეთითა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველსა და შესაძლებლობას გადაეწყვიტა განცხადებაში დასმული მოთხოვნა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. სამართლებრივი საფუძვლის თვალსაზრისით, სააგენტოს ცხადია მხედველობაში ჰქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი №1-ის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სამართლებრივი პრინციპი დევნილ ოჯახთა იმ განცხადებათა განუხილველობის შესახებ, რომელთაც ერთხელ უკვე მიეკუთვნათ საცხოვრისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. კასატორმა მიუთითა კიდეც აღნიშნულის თაობაზე 28.09.2021წ. №03/16522 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, რომლითაც მოსარჩელე მ. ნ-ეს 13.09.2021წ. №19/01212593196-31 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 16.10.2020წ. №2019 განკარგულების საფუძველზე, ა. ჩ-ის, დ. ჩ-ის, თ. ჯ-ის, ლ. ჩ-ის, მ. ნ-ეს, ნ. ჩ-ის, ნ. ჯ-ის, ნ. ჩ-ის, (დაბადებული - ... წელს), ნ. ჩ-ის, რ. და ხ. ჯ-ის საკუთრებაში გადაეცათ 2 ბინა: თბილისში, ...ს ქუჩაზე №34-ში, მე-... სართულზე, ბინა №..., 72,52 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და თბილისში, ...ს ქუჩაზე №22-ში, მე-... სართულზე, ბინა №..., 72,80 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეთა განცხადების დაკმაყოფილება საგრძნობლად გაართულებს იმ დევნილ ოჯახთა საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნების რეალიზებას, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ იგი მიღებული. მოსარჩელეებს სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ ორი საცხოვრებელი ფართი, შესაბამისად მართებულია კასატორის მოსაზრება, რომ სახელმწიფოს არ აქვს ხელმეორედ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება, მით უფრო, რომ მრავალი დევნილი ოჯახი ელოდება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების რიგს, მათ ჯერ ერთი საცხოვრებელი ფართიც არ მიუღიათ, ხოლო მოსარჩელეების ოჯახი უკვე მესამე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვის დავალების საფუძველი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელეთა მიერ სარჩელში მითითებულ სუბიექტურ მოტივაციაზე, რომლის გამოც ადგილი ჰქონდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობისადმი 13.09.2021წ. №19/01212593196-31 განცხადებით მიმართვას და მასში დაფიქსირებულ მოთხოვნას - მათთვის საცხოვრებელი ფართის, არანაკლებ ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინის გამოყოფასთან დაკავშირებით. მოსარჩელეთა მოსაზრებით, მათთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართები მცირეა და ამ მიზეზის გამო ისინი ვერ ახერხებენ მასში ცხოვრებას. ამასთანავე, ისინი სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობის 16.10.2020წ. №2019 განკარგულების საფუძველზე მოსარჩელეები დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი საცხოვრებლით, მათთვის პრობლემურია მხოლოდ გადაცემული ფართების სიმცირე. საკასაციო პალატა მიუთითებს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის 1-ელ პუნქტთან დაკავშირებულ No. 4. ზოგად კომენტარზე, რის მიხედვითაც ადამიანის უფლება საცხოვრისზე ეფუძნება ადეკვატურობის კონცეფციას, ხოლო ადეკვატურობის კონცეფციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საცხოვრებლის ვარგისიანობის მოთხოვნა. მიიჩნევა, რომ ადეკვატური საცხოვრებელი უნდა იყოს ვარგისი საცხოვრებლად, რაც გულისხმობს მოსახლეობისათვის საკმარისი სივრცის უზრუნველყოფას და მათ დაცვას სიცივისგან, ტენიანობისგან, სიცხისგან, წვიმისგან, ქარისგან ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სხვა ფაქტორებისგან, მათ შორის კონსტრუქციული რისკებისა და დაავადებების გადამტანებისგან (UN Committee on Economic, Social and Cultural Rights (CESCR), General Comment No. 4: The Right to Adequate Housing (Art. 11(1) of the Covenant), Sixth Session, 1991, INT_CESCR_GEC_4759_E.§8(d)). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეფასების საგანს წარმოადგენს არა მოსარჩელეთა სუბიექტური მოსაზრება საცხოვრებელი ფართის სივრცითი ოდენობის ადეკვატურობის შესახებ, არამედ საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესრულდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელეთა მიმართ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებანი მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, რომლის სივრცითი ოდენობის ადეკვატურობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნა ეფუძნება სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ მინიმალური საბაზისო ვალდებულების ცნებას აუცილებელი მინიმალური დონის დაკმაყოფილების შესახებ, მას სახელმწიფო ახორციელებს „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში“ და მხედველობაში მიიღება სახელმწიფოში შეზღუდული რესურსების კუთხით არსებული ვითარება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი პაქტის 2(1) მუხლთან დაკავშირებით შემუშავებულ No.3 ზოგად კომენტარში შეგნებულად არ განმარტავს საერთაშორისო პაქტით დაცული უფლებების იმპლემენტირებისას მინიმალური საბაზისო ვალდებულების აუცილებელ ნორმატიულ შინაარსს. უკეთუ სახელმწიფოებში არსებობს განსხვავებული ვითარება შეზღუდული რესურსების თვალსაზრისით, შესაბამისად, განსხვავდება ასევე მინიმალური საბაზისო ვალდებულების ნორმატიული შინაარსი და ის საზომიც, რომელიც გამოიყენება პაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ადეკვატურობის შესაფასებლად (იხ. mutatis mutandis, UN Committee on Economic, Social and Cultural Rights (CESCR), General Comment No. 3: The Nature of States Parties' Obligations (Art. 2, Para. 1, of the Covenant), Fifth Session, 1990, INT_CESCR_GEC_4758_E. §10.). საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სხვადასხვა პოლიტიკური, დემოგრაფიული, სოციალური, ეკონომიკური ან/და ინფრასტრუქტურული მნიშვნელობის მქონე ფაქტორების რელატიური როლის ანალიზის საფუძველზე, მიიჩნიეს რომ მინიმალური საორიენტაციო სტანდარტი ახლად აშენებული და ცარიელი შენობებისათვის საცხოვრებელი ფართის პარამეტრის თვალსაზრისით უნდა განსაზღვრულიყო 65-დან - 80მ2-მდე ერთეულით თითოეულ ბინაში, საცხოვრებელ ფართში ოთახების რაოდენობა უნდა ყოფილიყო სამოთახიანი ბინის ტოლი, ხოლო დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობობის თვალსაზრისით იგი გათვლილი უნდა ყოფილიყო 5-6 მოსახლეზე (ძალადაკარგული „წესის“ 2 მუხ. „ზ“ ქვ.პ. და ძალადაკარგული „ბრძანების“ მუხ 1.7. დანართი №8). რამდენადაც მოსარჩელეთა ოჯახი შედგებოდა სულ 11 (თერთმეტი) წევრისაგან, მათ გადაეცათ ორი ბინა, თანაც არა მინიმალური 65 კვ.მ.-ის ოდენობით, არამედ 72,52 კვ.მ. და 72,80 კვ.მ.-ის ოდენობით. მოსარჩელეთათვის აშკარად სასურველი იყო მათთვის უფრო დიდი ოდენობის ფართობის მქონე საცხოვრებლის გადაცემა, თუნდაც სტანდარტით განსაზღვრულ 80მ2-ზე მეტი მოცულობის ფართისა. ამასთანავე, სახელმწიფოში შეზღუდული რესურსების, დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახების საერთო ოდენობისა და ადეკვატური საცხოვრისის უფლების სოციალურ-ეკონომიკური ბუნების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა ვერ ჩაითვლება არაგონივრულად, იგი სრულად ასახავს სახელმწიფოს საზოგადოებრივ საჭიროებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელეთა ოჯახს, როგორც დევნილთა ოჯახის მოწყვლად სოციალურ ჯგუფს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ უკვე გადაეცა საცხოვრისი, საცხოვრისის ხელმეორედ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ იწვევს მოსარჩელეთა ევროკონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.09.2021წ. №03/16522 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ დაურღვევია მოსარჩელეთა ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული საკუთრების უფლება. საცხოვრისით ხელმეორედ დაკმაყოფილების ლეგიტიმური მოლოდინის მართლზომიერება მოითხოვს არა უბრალო მოლოდინს ან იმედს აღნიშნულის თაობაზე, არამედ საამისოდ გათვალისწინებულ ცხად საკანონმდებლო დათქმას, სამართლებრივ აქტს ან სასამართლო გადაწყვეტილებას (იხ. mutatis mutandis, ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 10.07.2002წ. დაუშვებლობის შესახებ განჩინება საქმეზე Gratzinger and Gratzingerova v. the Czech Republic, App. No. 39794/98, §73, იხ. აგრეთვე., ევროპული სასამართლოს 02.03.2005წ. დასაშვებობის შესახებ განჩინება საქმეზე Von Maltzan and Others v. Germany, App. nos. 71916/01, 71917/01 and 10260/02, ECHR 2005-V, §112.). მსგავს ფაქტობრივ-სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით არსებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სტაბილური და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა სრულად გამორიცხავს მოსარჩელის ამგვარი ლეგიტიმური ინტერესის არსებობას (იხ. სუსგ., ბს-9(კ-19), 11.04.2019წ., ბს-986(კ-19), 05.03.2020წ., ბს-292(კ-21) 29.12.2021წ., ბს-700(კ-22), 29.09.2022წ., ბს-181(კ-22), 12.10.2022წ., ბს-1370(კ-22), 09.03.2023წ. ბს-1363(კ-22), 06.04.2023წ., ბს-1489(კ-22), 28.04.2023წ., ბს-240(2კ-23), 05.04.2023წ., ბს-1404(კ-22), 25.04.2023წ., ბს-1010(კ-23), 01.02.2024წ., ბს-534(კ-22), 06.04.2024წ., ბს-1101(კ-23), 03.04.2024წ., ბს-1030(კ-23), 23.03.2024წ., ბს-1279(კ-23), 28.03.2024წ., ბს-216(კ-24), 25.09.2024წ., ბს-263(კ-24), 23.10.2024წ., ბს-853(კ-24), 21.11.2024წ.). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2023წ. განჩინებაში მოხმობილი მსჯელობა ეწინააღმდგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას, იგი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნორმატიული მიზეზებით იყო განპირობებული მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ შეისწავლა და არ გამოიკვლია საქმის მნიშვნელოვანი გარემოებები, თუმცა არცერთი ინსტანციის სასამართლო არ უთითებს გამოსაკვლევ გარემოებებს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დავა არ ეხება ფაქტობრივ გარემოებებს, საქმის ფაქტობრივი გარემოებები დავას არ იწვევს, მიუხედავად ამისა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სასამართლოს მიერ დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ხელახალი განხილვისა და ახალი გადაწყვეტილების მისაღებად დაბრუნების დასაბუთებას. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება და ახალი აქტის გამოცემის დავალება საჭიროებს იმ გარემოებების მითითებას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას და ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ გარემოების გარკვევის დავალებას. სასკ-ის 32.4. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. სასკ-ის 32.4. მუხლის საფუძველზე აქტის გაუქმება დასაშვებია, თუ აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე. უკვე აღინიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სასკ-ის 32.4. მუხლის გამოყენების დასაბუთებას, სასამართლოს არ უმსჯელია ასეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ წინაპირობებზე, სასკ-ის 32.4. მუხლის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში დასაბუთებული არ არის სასკ-ის 32.4. მუხლის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამასთანავე, ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისთვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას არ გააჩნია სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო პრეტენზია არგუმენტირებული და დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2023წ. განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ნ-ეისა და ნ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2023წ. განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ნ-ეისა და ნ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე