საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1391(2კ-24) 15 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – შპს „ნ...“
კასატორი (მოპასუხე) – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 29 მაისს შპს „ნ...მა“ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის №1263 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის თაობაზე, შპს „ნ...“-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2018 წლის 11 იანვრის №25/546 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის №1263 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტზე, შპს „ნ...ისათვის“ ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის და 32 ნომერზე სასტუმროს მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2015 წელს შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ...ს ქ. №...-ში საზოგადოების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დაწყებული იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. არქიტექტურული პროექტით საცხოვრებელი სახლის სართულიანობა განისაზღვრა 7 სართულით, ხოლო შენობის სიმაღლე - 23,7 მ-ით. საპროექტო დოკუმენტაციაში წარდგენილი არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შესაბამისად, რომელიც ასევე შეთანხმებული იქნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, შენობის დასაშვებ სავარაუდო სიმაღლედ დადგენილი იყო 30 მეტრი.
მოსარჩელის მითითებით, შპს „ნ...ის“ მიერ საცხოვრებელი სახლის ექვსი სართულის მშენებლობის დასრულების შემდგომ, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ იყო დასრულებული, არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების მოთხოვნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი იქნა განცხადება და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, რომლითაც საცხოვრებელი სახლის სართულიანობა განსაზღვრული იყო 9 სართულით ნაცვლად 7-ისა, ბოლო ორ სართულზე კი გათვალისწინებული იქნა სასტუმროს ტიპის ფართების მოწყობა. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის №1263 ბრძანებით, შპს „ნ...ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ცვლილებები იქნა შეტანილი 2015 წლის 27 ოქტომბრის №1074 არქიტექტურულ პროექტში. არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შემდგომ, შპს „ნ...მა“ 2017 წლის 14 სექტემბერს წერილობითი განცხადებით მოითხოვა მშენებლობის შესაბამისი სანებართვო მოწმობის გაცემა, თუმცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე რეაგირება არ მომხდარა. შემდგომ კი, მერიამ ნ...ის“ 2017 წლის 27 დეკემბრის №35517/25 დამატებითი წერილობითი მოთხოვნა მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის თაობაზე არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ მშენებლობის სანებართვო მოწმობს გაცემის მოთხოვნით შპს „ნ...ის“ 2017 წლის 14 სექტემბრის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ, აერონავიგაციის თვალსაზრისით კომპეტენტური ორგანოს მიერ თანხმობის არარსებობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ნ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის №1263 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის თაობაზე, შპს „ნ...ის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2018 წლის 11 იანვრის №25/546 წერილი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა, შპს „ნ...ის“ 2017-09-14 №10N001731 განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში საცხოვრებელი სახლისა და სასტუმროს მშენებლობის მიზნით, 2017 წლის 12 სექტემბრის №1263 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტზე, მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ნ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შპს „ნ...ისა“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა 2018 წლის 11 იანვრის №25/546 წერილით მოსარჩელეს აცნობა, შპს „ნ...ის“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ხოლო უარის თქმის საფუძვლად მითითებული იქნა, რომ მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის მოთხოვნით შპს „ნ...ის“ 2017 წლის 14 სექტემბრის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ, აერონავიგაციის თვალსაზრისით კომპეტენტური ორგანოს თანხმობის არარსებობის გამო. თუმცა, პალატის მითითებით, რომელი კომპეტენტური ორგანოს თანხმობა იგულისხმებოდა ამ უარით, 2018 წლის 11 იანვრის №25/546 წერილში მითითებული არ ყოფილა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ მოცემულ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საჭიროდ მიიჩნია შპს „ნ...ის“ შეთანხმებული მშენებლობის ...ს (...ის) რაიონში მდებარეობასთან დაკავშირებით, შენობის სიმაღლის განსაზღვრისათვის განსხვავებული რეგულაციების გამოყენება და ამ საკითხის გადაწყვეტაში საჭიროდ იქნა მიჩნეული სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, ან ადმინისტრაციული უფლებამოსილებით აღჭურვილ პირის მონაწილეობა, ეს პროცედურული საკითხი მასვე უნდა უზრუნველეყო და სათანადო კვლევის შედეგად უნდა მიეღო შესაბამისი, დასაბუთებული დასკვნა აღნიშნულ საკითხზე. მიუხედავად ამისა, პალატის მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუმართავს რომელიმე სხვა ორგანოსა და პირისათვის, არ გადაუგზავნია შესწავლისა და დასკვნისათვის შპს „ნ...ის“ დოკუმენტაცია, არ მიუღია რაიმე სახის განმარტება, ან რეკომენდაცია და ამის ნაცვლად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური 2018 წლის 11 იანვრის №25/546 წერილში მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემაზე უარის საფუძვლად მხოლოდ იმაზე მიუთითებდა, რომ არ იყო წარდგენილი აერონავიგაციის თვალსაზრისით კომპეტენტური ორგანოს თანხმობა, რაც შესაბამისობაში არ მოდიოდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობებით“ განსაზღვრულ რეგულაციებთან.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ III სტადიაზე წარსადგენი აუცილებელი და სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი არ შეიცავდა მშენებლობის სივრცით-მოცულობითი და არსებული განაშენიანების მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ რაიმე სხვა დოკუმენტაციას, გარდა I და II სტადიაზე მიღებული აქტებისა, რამდენადაც ამ ეტაპზე უკვე შესწავლილი იყო მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უკვე შეთანხმებული იყო დაგეგმილი და ასაშენებელი შენობა-ნაგებობა როგორც სივრცით-მოცულობითი, ისე, განაშენიანების თვალსაზრისით, ასევე, შეთანხმებული იყო შენობის არქიტექტურული პროექტი, სართულიანობის, გაბარიტული, ვიზუალური თუ ტექნიკური თვალსაზრისით. ამდენად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ I და II სტადია ფაქტობრივად, ძირითად მოსამზადებელ ეტაპებს წარმოადგენდა მშენებლობის ნებართვის მისაღებად, ხოლო III სტადიაზე ნებართვის მაძიებელს შესასწავლი და შესათანხმებელი ეტაპები უკვე გავლილი ჰქონდა. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის, III სტადიაზე მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის რეგულაციებით არ იყო განსაზღვრული საკითხის განხილვა, მშენებლობის ...ს (...ის) რაიონში მდებარეობასთან დაკავშირებით შენობის სიმაღლის განსაზღვრისათვის განსხვავებული რეგულაციების გამოყენების შესახებ და აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელისთვის უარის თქმა სანებართვო მოწმობის გაცემაზე, წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონმდებლობასთან.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერ მიუთითებდა იმ გარემოებაზე, თუ საიდან იქნა დადგენილი, რომ ქ. ბათუმში, ...ს დასახლებაში მდებარე 1231 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...), რომელზედაც დაგეგმილი იყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ განსაზღვრულ იმ ტერიტორიას მიეკუთვნებოდა, რაც საქართველოს საჰაერო კოდექსის 1-ლი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით იყო განსაზღვრული. გარდა ამისა, სადავო აქტში არ იყო მითითებული იმაზე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები შეისწავლა და გამოიკვლია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ თუნდაც იმ საკითხის განხილვისას, რაც უკავშირდებოდა მშენებლობის ...ს რაიონში მდებარეობას და ამასთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს დასკვნას ამ თვალსაზრისით, განაშენიანების კუთხით მშენებლობის შეუსაბამობას, ან მიუღებლობას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ის საფუძველი, რაც მითითებული იყო სადავო აქტში, არ იყო შესწავლილი და დასაბუთებული, რის გამოც, წინააღმდეგობაში მოდიოდა მოქმედ სამშენებლო კანონმდებლობასთან, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან და აღნიშნული გარემოებები წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენების წინაპირობად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ნ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორo – შპს „ნ...ი“ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 54-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ნ...ის“ მოთხოვნაზე შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტზე ნებართვის/სანებართვო მოწმობის გაცემის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე გაშვებული ჰქონდა განცხადების წარდგენის დროისათვის მოქმედი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 54-ე მუხლით განსაზღვრული განხილვის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების 7 დღიანი ვადა, ხოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში, ნებართვა გაცემულად ითვლებოდა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამ მოცემულობაში სანებართვო მოწმობის გაცემა უკვე აღარ წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და ამ ნაწილში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოს პირდაპირ ვალდებულებას განმცხადებელზე გაეცა სანებართვო მოწმობა.
გარდა ამისა, კასატორი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლზე მითითებით არ იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში არსებულ მსჯელობას დასახელებული კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენების წინაპირობების არსებობაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
კასატორი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ სადავო განჩინების მიღებისას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, მხედველობაში იყო მისაღები „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დაცვის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №73 დადგენილება, ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს საჰაერო კოდექსის 41-ე მუხლი. კერძოდ, კასატორი ხაზს უსვამს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჭირო იყო მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი თანხმობის გაცემა აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირთან. 2018 წლის 10 მაისს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცა №901 ბრძანება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 აპრილის №1633 ბრძანების და 2018 წლის 23 აპრილის №003668 სანებართვო მოწმობის ბათილად გამოცხადების თაობაზე“. ამ ბრძანების გაცემის დროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია დაეყრდნო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ, შპს „ბ...ს“ დირექტორის 2018 წლის 26 მარტის წერილს სამშენებლო ობიექტზე ცვლილებების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე, თუმცა, 2018 წლის 30 აპრილს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა შპს „ბ...მა“ და განმარტა, რომ დაწესებულება სრულად იხსნიდა პასუხისმგებლობას შპს „ბ...ს“ დირექტორის 2018 წლის 26 მარტის წერილზე, რადგან აღნიშნული წერილი არ გაცემულა შესაბამისი უწყების მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, ვინაიდან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი ნებართვის მფლობელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ნამდვილობაზე, ბათილად ცნო 2018 წლის 22 აპრილის №1633 ბრძანება და ამ ბრძანების საფუძველზე გაცემული 2018 წლის 23 აპრილის №003668 სანებართვო მოწმობა.
გარდა ამისა, კასატორმა ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის III სტადიაზე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა განსაზღვრული არ იყო და იგი შესაძლებელი იყო მხოლოდ I, ან II სტადიაზე. თუმცა, მერიის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გარემოებათა გამოკვლევის მიზნით ადმინისტრაციული კანონმდებლობის გათვალისწინებით, უფლება ჰქონდა დამატებით მოეთხოვა ისეთი დოკუმენტის წარმოდგენა, რაც საჭირო იყო სწორი და მართებული გადაწყვეტილების მისაღებად. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა თუნდაც მესამე სტადიაზე მოპასუხისგან მოეთხოვა აერონავიგაციის თვალსაზრისით კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა დაგეგმილი მშენებლობის თაობაზე და ამ უფლების განხორციელება წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას - გარემოებათა ინდივიდუალური შეფასების შემდეგ და საჭიროების შემთხვევაში, დაევალებინა მოპასუხისთვის წარმოედგინა კომპეტენტური ორგანოდან თანხმობა საჰაერო ზონაში მშენებლობის განსახორციელებლად.
მერიამ დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მერიას დაევალა საქმის გარემოებების თავიდან გამოკვლევა, წინააღმდეგობაში მოდიოდა გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგთან, რადგან მოპასუხემ სწორედ გარემოებათა გამოკვლევის მიზნით მოსთხოვა მოსარჩელე მხარეს დამატებითი დოკუმენტის სახით საჰაერო ზოლში მშენებლობასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოსგან თანხმობის წარმოდგენა. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლომ თავიდან დაავალდებულა ადმინისტრაციული ორგანო გამოეკვლია საქმის გარემოებები, მაშინ როცა ეს ადმინისტრაციულმა ორგანომ თავიდანვე განახორციელა, როცა დადგა ამის საჭიროება და მართალია, მშენებლობის მესამე სტადიაზე, თუმცა მაინც მოსთხოვა მოსარჩელეს აღნიშნული თანხმობის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ნ...ის“ საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ნ...ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2018 წლის 11 იანვრის №25/546 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და მოპასუხის მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის №1263 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტზე, შპს „ნ...ისათვის“ ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის და №32-ზე სასტუმროს მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის წინაპირობების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ (ძალადაკარგულია - 02.03.2020, №139), რომლის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტი მოიცავდა იმ ადმინისტრაციულ ორგანოებზე მითითებას, რომლებიც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას იღებდნენ, ხოლო აღნიშნული კანონი მესამე სტადიაზე სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობის საკითხს არ განსაზღვრავდა. ამავე კანონის 31-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად კი, მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის სამოქმედო ტერიტორიაზე მათ შორის ახორციელებდა ამ დადგენილების შესაბამისად II, III და IV კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩაბმის უზრუნველყოფას. აღნიშნული დანაწესი კი ადასტურებდა მშენებლობის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის თავად ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უზრუნველყოფის ვალდებულებას.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დადგენილების 53-ე მუხლი განსაზღვრავდა მშენებლობის ნებართვის მისაღებად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენის შესაძლებლობას და თან წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას. ხოლო დადგენილების 54-ე მუხლი უკავშირდებოდა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად განსაზღვრული იყო, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებდა ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებული იყო გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიეღო ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობებინა დასაბუთებული უარი მშენებლობის ნებართვის მაძიებლისათვის. ხოლო, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელი იყო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი იყო მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებული იყო აღნიშნული გადაწყვეტილება მიეღო განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში. აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნებოდა მიღებული, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლებოდა. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილი იყო ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოეთხოვა სანებართვო მოწმობა, ხოლო მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გაეცა სანებართვო მოწმობა.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს საჰაერო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ...ს რაიონში მიწის ნაკვეთის, შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ობიექტების მფლობელები მათი განთავსებისას ან გამოყენებისას ვალდებული არიან, მათი გამოყენების და ამ ობიექტებით სარგებლობის პირობები აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირთან შეათანხმონ და შესაბამისი სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვით აწარმოონ. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც არღვევენ აეროდრომის რაიონში მიწათსარგებლობის და ობიექტების მშენებლობის წესებს, ვალდებული არიან, აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მოთხოვნით, მიწათსარგებლობის პირობები და ახალი მშენებლობები დადგენილ ნორმებს შეუსაბამონ ან საკუთარი სახსრებით აიღონ ობიექტები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს, შპს „ნ...მა“, ქ. ბათუმში ...ს ქ. №...-ში მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით უკვე დამტკიცებულ 2015 წლის 27 ოქტომბრის №1074 არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, ამავე განცხადებას თან ერთოდა ცვლილებების თაობაზე არქიტექტურული პროექტი, შესაბამისი საჭირო დოკუმენტაციით და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობა მიწის ნაკვეთზე განაშენიანების კ-2 კოეფიციენტის 3,5-დან 6,5-დე გაზრდის შესახებ. აღნიშნული არქიტექტურული პროექტი ითვალისწინებდა შენობა ნაგებობის სართულიანობის გაზრდას 9 სართულამდე; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის №1263 ბრძანებით შპს „ნ...ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ცვლილებები იქნა შეტანილი 2015 წლის 27 ოქტომბრის №1074 არქიტექტურულ პროექტში, შესაბამისად, შეთანხმებული იქნა ყველა ის ცვლილება რასაც ითვალისწინებდა წარდგენილი ახალი პროექტი.
ასევე დადგენილია, რომ არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შემდგომ, შპს „ნ...ის“ მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს წერილობით მოთხოვნილი იქნა მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემა. აღნიშნულ განაცხადს თან ერთოდა მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის, 720 ლარის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალება (საბანკო ქვითარი), ასევე სამშენებლო მოედანზე ღობის მოწყობის მიზნით მოსაკრებლის, 672 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2017 წლის 1 ნოემბერს შპს „ნ...მა“ დამატებით მიმართა განცხადებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, განემარტათ მისთვის 2017 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებულ და შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის ვადის დარღვევისა და დაგვიანების მიზეზების თაობაზე. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 8 ნოემბრის №25/17864 მიმართვით შპს „ნ...ს“ 2017 წლის 1 ნოემბრის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქ. ბათუმში ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის და სასტუმროს ტიპის №32-ზე უკვე დამტკიცებულ და შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისათვის, რომლის მშენებლობა დაგეგმილი იყო ...ს რაიონში, ბათუმის საერთაშორისო ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჭირო იყო, ...ს ექსპლუატანტ ადმინისტრაციასთან, შპს „ბ...თან“ შეთანხმება შენობის განთავსებისა და დასაშვები სიმაღლის შესახებ, შესაბამისად, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით საჭირო იყო, კანონით დადგენილ ვადაზე მეტი.
დადგენილია, რომ შპს „ნ...მა“ 2017 წლის 27 დეკემბერს მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის მოთხოვნით დამატებითი წერილობითი მოთხოვნა წარადგინა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც 2018 წლის 11 იანვრის №25/546 მიმართვით იგი არ დააკმაყოფილა. უარის თქმის საფუძვლად მითითებული იქნა, რომ მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის მოთხოვნით შპს „ნ...ის“ 2017 წლის 14 სექტემბრის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ, აერონავიგაციის თვალსაზრისით კომპეტენტური ორგანოს თანხმობის არარსებობის გამო. აღნიშნულის შემდგომ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 აპრილის №1633 ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს „ნ...ის“" 2018 წლის 29 მარტის №10SDS00364OP01 განცხადება და შპს „ნ...ის“ სახელზე 2015 წლის 27 ოქტომბრის №1074 და 2017 წლის 12 სექტემბრის №1263 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტორულ პროექტში დამტკიცდა ცვლილებები და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემა.
2018 წლის 10 მაისს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცა №1901 ბრძანება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 აპრილის №1633 ბრძანების და 2018 წლის 23 აპრილის №003668 სანებართვო მოწმობის ბათილად გამოცხადების თაობაზე“, იმ საფუძვლით, რომ ამ ბრძანების გაცემის დროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია დაეყრდნო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ, შპს „ბ...ს“ დირექტორის 2018 წლის 26 მარტის №BUS.GM10165 წერილს, სამშენებლო ობიექტზე ცვლილებების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე, ხოლო 2018 წლის 30 აპრილს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა შპს „ბ...მა“, რომლითაც ის სრულად იხსნიდა პასუხისმგებლობას შპს „ბ...ს“ დირექტორის 2018 წლის 26 მარტის №BUS.GM10165 წერილზე, რადგან აღნიშნული წერილი არ გაცემულა შესაბამისი უწყების მიერ. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, ვინაიდან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი ნებართვის მფლობელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის - შპს „ბ...ს“ დირექტორის 2018 წლის 26 მარტის №BUS.GM10165 წერილის ნამდვილობაზე, ბათილად უნდა გამოცხადებულიყო მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 აპრილის №1633 ბრძანება და ამ ბრძანების საფუძველზე გაცემული 2018 წლის 23 აპრილის №003668 სანებართვო მოწმობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ერთი მხრივ სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 53-ე მუხლით განსაზღვრული, მშენებლობის ნებართვის III სტადიაზე წარსადგენი აუცილებელი და სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, არ შეიცავდა მშენებლობის სივრცით-მოცულობითი და არსებული განაშენიანების მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ რაიმე სხვა დოკუმენტაციას, გარდა I და II სტადიაზე მიღებული აქტებისა, ხოლო, მშენებლობის ...ს (...ის) რაიონში მდებარეობასთან დაკავშირებით, შენობის სიმაღლის განსაზღვრისათვის განსხვავებული რეგულაციების გამოყენება არ წარმოადგენდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მშენებლობის ნებართვის III სტადიაზე განსახილველ საკითხს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია, რამდენად არსებობდა რაიმე განსაკუთრებული გარემოებები, რაც აუცილებელს გახდიდა მშენებლობის ნებართვის III სტადიაზე მათ განხილვას და კონკრეტულ შემთხვევაში, რატომ აღემატებოდა აღნიშნული გარემოებები მოსარჩელის კერძო ინტერესებს, განსაკუთრებით იმ პირობებში რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 27 ოქტომბრის №მ/27831 ბრძანებითა და 2017 წლის 12 სექტემბრის №1263 ბრძანებით შეთანხმებული, შპს „ნ...ის“ №1074 არქიტექტურული პროექტი კვლავ ძალაში იყო. მეორე მხრივ კი, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ თუ მშენებლობის ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საჭიროდ მიიჩნია შესაბამისი საკითხის გადაწყვეტის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, ან ადმინისტრაციული უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მონაწილეობა, ეს საკითხი მასვე უნდა უზრუნველეყო და სათანადო კვლევის შედეგად უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში არ მას მიუმართავს რომელიმე სხვა ორგანოსა და პირისათვის, არ გადაუგზავნია შესწავლისა და დასკვნისათვის შპს „ნ...ის“ დოკუმენტაცია და არ მიუღია რაიმე სახის განმარტება ან რეკომენდაცია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სადავო აქტში არ არის მითითებული იმაზე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები შეისწავლა და გამოიკვლია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ თუნდაც იმ საკითხის განხილვისას, რაც უკავშირდებოდა მშენებლობის ...ს რაიონში მდებარეობას და ამასთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს დასკვნას ამ თვალსაზრისით, ან განაშენიანების კუთხით მშენებლობის შეუსაბამობას და მიუღებლობას. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა დასაბუთებული, რატომ მიიჩნია დადგენილად სადავო აქტში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რაც მშენებლობის ნებართვის გაცემის III სტადიის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნია და რაც ამ აქტის თანახმად, გამორიცხავდა შპს „ნ...ისთვის“ მშენებლობის ნებართვის გაცემას. აღნიშნული კი მეტყველებს იმაზე, რომ სადავო აქტი გამოცემულ იქნა საქმის გარემოებების სრულყოფილად და სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც ადასტურებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენების წინაპირობების არსებობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „ნ...ის“ (ს/კ: ...) მიერ საკასაციო საჩივარზე 09.12.2024წ. №8088 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნ...ის“ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;
3. შპს „ნ...ს“ (ს/კ: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.12.2024წ. №8088 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა