Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1400(კ-24) 22 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. პ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მესამე პირები - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ი. ქ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 25 თებერვალს ნ. პ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. ქ-ას შორის 2009 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.4. და 2.5. პუნქტების ბათილად ცნობა მოსარჩელე ნ. პ-ას ნაწილში.

სარჩელის მიხედვით, ნ. პ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელმაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოითხოვა საცხოვრებლით დაკმაყოფილება, თუმცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მას უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. ქ-ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დანართის მიხედვით, ის მიჩნეულ იქნა საცხოვრებლით დაკმაყოფილებულად, კერძოდ, ი. ქ-ამ აიღო ვალდებულება ხელშეკრულების დანართში მითითებული პირების, მათ შორის, მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, რაც მისთვის არ იყო ცნობილი - აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არც მოსაზრება გამოუთქვამს, არც თანხმობა, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უკანონოდ შეეზღუდა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ი. ქ-ა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მსგავსი კატეგორიის დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს არა მხოლოდ ის გარემოება, იცოდა თუ არა მოსარჩელე მხარემ ი. ქ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, არამედ მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს, რომ ეს უკანასკნელი ასევე გაცნობილი იყო სადავო ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტების შინაარსსაც, რაც აწესებდა მოსარჩელის უფლებრივ შეზღუდვას, როგორც დევნილს, განცხადებით მიემართა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა, შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოპასუხეებმა - საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ასევე მესამე პირმა - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, ნ. პ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ დროისათვის, როდესაც პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის განკარგულების საფუძველზე, ი. ქ-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ისანი- სამგორი, ...ს ქ. №... (...ს ბაღი), სართული პირველი, ფართობი 108.3 კვ.მ, მოსარჩელე ნ. პ-ა წარმოადგენდა ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ურთიერთობის მონაწილე პირს და ამასთან პირობადადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის - ი. ქ-ას ოჯახის წევრს - სიდედრს, რომელიც ცხოვრობდა ამ პირთან ერთად სადავო განკარგულებით გადაცემულ ფართში, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი მასალებით; კერძოდ, 2014 წლის 30 იანვარს გაცემული დევნილის მოწმობაში მოსარჩელის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია: ქ. თბილისი, სამგორი, ...ს ქ. №... (...ს ბაღი). სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 27 აპრილის №01/81538 წერილის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში ი. ქ-ას ოჯახში რეგისტრირებულია 5 პირი: ე. მ-ა, ნ. პ-ა, მ. მ-ა, ნ. ქ-ა და ი. ქ-ა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 14 დეკემბერს შევსებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ნ. პ-ას საცხოვრებელ ადგილად ფიქსირდება ქ. თბილისი, ისანი-სამგორი, ...ს ქ. №... (...ს ბაღი). აღნიშნული ანკეტა ხელმოწერილია თავად ნ. პ-ას მიერ. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლოსათვის წარდგენილ სარჩელში მოსარჩელის ძირითად მისამართად მითითებული იყო ქ. თბილისი, ...ს ქ. №... (...ს ბაღი). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მინიმუმ 2013 წელს, როდესაც განხორციელდა ოჯახის აღწერა და ანკეტაში იმჟამინდელ საცხოვრებელ ადგილად დაფიქსირდა ქ. თბილისი, ისანი-სამგორი, ...ს ქ. №... (...ს ბაღი), რაც სააპელაციო პალატის შეფასებით მიუთითებდა მასზე, რომ შესაბამისი ბინით დაკმაყოფილება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და სადავო განკარგულების გამოცემისას მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, 2013 წლიდან 3 წლის ვადაში შეიძლებოდა გამხდარიყო სადავო, თუმცა სარჩელი არა ამ ვადაში, არამედ 2021 წლის 25 თებერვალს იქნა წარდგენილი, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში იყო ხანდაზმული, რაც მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალების მიუხედავად, არ გაიზიარა მოსარჩელის გამოთქმული არგუმენტები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაუკავშირა 2013 წლის დევნილის ანკეტას, სადაც კასატორს მითითებული აქვს საპრივატიზებო ობიექტის მისამართი, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამ მისამართზე მდებარე სხვა ბინაში და არა საპრივატიზებო ობიექტში, ნ. პ-ა ცხოვრობდა ქირით, რაც დადასტურებულია საქმის მასალებით, შესაბამისად მისთვის უცნობი იყო საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე და არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლით გათვალისწინებული თანხმობა გამოუთქვამს აღნიშნულ ხელშეკრულებაზე. მითითებული ნორმა იცავს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას იმ პირთა უფლებებს, ვისი უფლებაც იზღუდება ასეთი ხელშეკრულების დადებით და ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს მესამე პირის წერილობითი თანხმობის მოპოვებას, რაც ნ. პ-ას შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ნ. პ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეში წარმოდგენილი საოჯახო ანკეტებით დადგენილია, რომ ნ. პ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და მას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. იგი რეგისტრირებული იყო საოჯახო ნომრით №... ი. ქ-ასთან, ე. მ-ასთან, ი. ქ-ასთან, ნ. ქ-ასთან და გ. მ-ასთან ერთად მისამართზე ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, ...ს ქ. №..., ...-ე ბაგა-ბაღი. ი. ქ-ას ოჯახს 1998 წლიდან საცხოვრებელი მისამართის შეცვლის გამო მიენიჭა ახალი საოჯახო ნომერი №.... ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. თბილისი, სამგორი, ...ს ქ. №... (...ს ბაღი). №... სარეგისტრაციო ნომერზე ირიცხება ასევე გ. მ-ა, მ. მ-ა და მ. ჯ-ე.

დადგენილია, რომ მოსარჩელე - ნ. პ-ა არის მესამე პირის - ი. ქ-ას სიდედრი და მასთან ერთად ცხოვრობდა სადავო განკარგულებით გადაცემულ ფართში, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი მასალებით; კერძოდ, 2014 წლის 30 იანვარს გაცემული დევნილის მოწმობაში მოსარჩელის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია: ქ. თბილისი, სამგორი, ...ს ქ. №... (...ს ბაღი). სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 27 აპრილის №01/81538 წერილის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში ი. ქ-ას ოჯახში რეგისტრირებულია 5 პირი: ე. მ-ა, ნ. პ-ა, მ. მ-ა, ნ. ქ-ა და ი. ქ-ა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 14 დეკემბერს შევსებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ნ. პ-ას საცხოვრებელ ადგილად ფიქსირდება ქ. თბილისი, ისანი-სამგორი, ...ს ქ. №... (...ს ბაღი). აღნიშნული ანკეტა ხელმოწერილია თავად ნ. პ-ას მიერ.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ი. ქ-ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ი. ქ-ას გადაეცა ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., სართული 1, ფართი 108.30 კვ.მ. მდებარე უძრავი ქონება, რომელმაც აიღო ხელშეკრულებაში მითითებული პირების, მათ შორის, ნ. პ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა ნ. პ-ას მითითება ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის არქონის თაობაზე, რამდენადაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მინიმუმ 2013 წელს, როდესაც განხორციელდა ოჯახის აღწერა და 2013 წლის 14 დეკემბერს შევსებულ ანკეტაში იმჟამინდელ საცხოვრებელ ადგილად დაფიქსირდა ქ. თბილისი, ისანი-სამგორი, ...ს ქ. №... (...ს ბაღი). როგორც აღინიშნა, ანკეტა ხელმოწერილია თავად ნ. პ-ას მიერ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევისთვის არსებითია მისი ათვლის საკითხი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის თაობაზე. უფლების დარღვევის შესახებ უფლებამოსილი პირის ინფორმირებას უკავშირდება ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება, რა დროსაც სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის კანონმდებელი ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს. „ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას“ (სუსგ საქმე №ბს-658-627(კ-07), 09.01.2008 წ.).

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დგინდება, რომ ი. ქ-ასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე ნ. პ-ა ასევე მიჩნეულ იქნა საცხოვრებლით დაკმაყოფილებულად და მის მიმართ განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზება, რომლისთვისაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადისგან განსხვავებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 2013 წელს (იძულებით გადაადგილებულ პირის დევნილის ანკეტის შედგენის/ხელმოწერის დროს) მოქმედი რედაქციის მე-2 პუნქტი შეიცავდა სპეციალურ დათქმას პრივატიზებულ უძრავ ქონებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით და ეს ვადა შეადგენდა სამ წელს. ხაზგასასმელია, რომ ი. ქ-ა და ნ. პ-ა რეგისტრირებული არიან პრივატიზების შედეგად გადაცემულ ფართში და იმაზე მითითება, რომ იმავე მისამართზე მოსარჩელე ცხოვრობდა არა ი. ქ-ასთვის გადაცემულ ბინაში, არამედ იმავე მისამართზე მდებარე სხვა ბინაში ქირით, ვერ გამოდგება პრივატიზების პროცესის შესახებ მოსარჩელის არაინფორმირებულობის დასტურად. ამრიგად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მინიმუმ 2013 წლის დეკემბრიდან, ვინაიდან ნ. პ-ას მიერ ხელმოწერილი ანკეტით დადასტურებულია მისი იმავე მისამართზე ცხოვრება, სადაც მდებარეობს პრივატიზებული ფართი და რაც თავის მხრივ, გამორიცხავს მოსარჩელის არგუმენტების გაზიარების შესაძლებლობას არაინფორმირებულობის თაობაზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 15 მაისს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გამოკვლევის მიზნით, სადაც სასამართლომ დამატებით მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, რითაც გამოიკვეთა, რომ უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., სართული 1, ფართი 108.30 კვ.მ, შესახლებული იყო სწორედ №... სარეგისტრაციო ნომერზე არსებული ოჯახი - ნ. პ-ას ოჯახი, ი. ქ-ას ოჯახს კი, 1998 წლიდან საცხოვრებელი მისამართლის შეცვლის გამო მიენიჭა ახალი საოჯახო ნომერი №..., ამდენად, მართალია ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა უშუალოდ ი. ქ-ას სახელზე, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებით სამართლებრივად არა ი. ქ-ას, არამედ სწორედ №... სარეგისტრაციო ნომერზე არსებული, ნ. პ-ას ოჯახის უზრუნველყოფა განხორციელდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. პ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა