საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე #ბს-459(ს-25) 8 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სს „ს...ს“ საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის დადგენილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2024 წლის 2 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #... (ასლის სახით) სს „ს...ს“ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1735 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის (საქმე #4/5106-24). 2024 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან, ასევე, წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #... (დედნის სახით) სს „ს...ს“ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1735 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის (საქმე #4/5146-24).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 ივლისის დადგენილებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით სს „ს...“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1735 მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ამავე დადგენილებით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს განემარტა, რომ დაკისრებული სახდელი (ჯარიმა) უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) დღისა. სს „ს...ს“ უფლებამოსილ წარმომადგენელს დაევალა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს არ შეუქმნას დაბრკოლება ქ. თბილისში, ...ს ქუჩის #...-ში მდებარე ობიექტში შესვლაში (სამშენებლო ნორმების დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით), აგრეთვე სამშენებლო ნორმების დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 სექტემბრის დადგენილება გაასაჩივრა სს „ს...მა“, რომელმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით „ს...ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ, საქმის მასალებში წარმოდგენილი ვიდეომასალის გაცნობის შედეგად მიიჩნია, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა არაერთხელ განუმარტა სს „ს...ს“ წარმომადგენელს, რომ სამშენებლო ობიექტზე იმყოფებოდა უნებართვოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამოსავლენად, შემდგომი რეაგირების მიზნით. რაც შეეხება ნორმატიულ საფუძველს, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საჩივრის ავტორის წარმომადგენელს განუმარტა, რომ ობიექტის დათვალიერების უფლებას აძლევდა ინსპექციის დებულება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 118.5 მუხლზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის #28-94 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა შემოწმება უნებართვოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამოსავლენად, რაშიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის - სს „ს...ს“ ადგილზე მყოფმა წარმომადგენელმა შეუშალა ხელი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სს „ს...ს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1735 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, კერძოდ, სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოსათვის ან თანამდებობის პირისათვის მოვალეობის განხორციელებისას ხელის შეშლას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ დასაბუთებული არგუმენტაცია ან მტკიცებულება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
2025 წლის 2 აპრილს სს „ს...მა“ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის დადგენილებების გაუქმების მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს...ს“ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან/და სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია დადგენილების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც არ შეუძლია საკასაციო სასამართლოს, ვინაიდან ის გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს...ს“ საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, შეაფასოს პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე გამოცემული სააპელაციო სასამართლოს დადგენილების კანონიერება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს...ს“ საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს...ს“ საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა