Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1101(კ-24) 15 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სს „ნ...“ (ს/ნ ..., დირექტორი - ლ. ნ-ე)

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მ. გ-ე

მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, გ. გ-ე, მ. კ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინებები - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და 2024 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების და განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 12 ივნისს სს „ნ...მ“ სარჩელით, ხოლო 2018 წლის 29 ივნისს, 2018 წლის 24 ივლისს და 2019 წლის 18 მარტს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მ. გ-ეის მიმართ. ამასთან, სს „ნ...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. გ-ე. ამავე სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის საოქმო განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სს „ნ...ს“ სარჩელი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, განსჯადობით გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (საქმე №3/750-18).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმეები №3/750-18 და №3/390-18 და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი №3/390-18.

საქმეზე საბოლოო სასარჩელო მოთხოვნებად განისაზღვრა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერი სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 11 მაისის №10 სხდომის ოქმის მე-9 პუნქტის, მ. გ-ეზე 1125 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გადაცემის ნაწილში ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 18 მაისის განკარგულების, მ. გ-ეზე 1125 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გადაცემის ნაწილში 2017 წლის 20 ივნისს გაცემული №24 საკუთრების უფლების მოწმობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2018 წლის 4 აპრილის №...; №...; №... განცხადებებით მოთხოვნილი სათბურების ნაკვეთების (551 კვ.მ; 548 კვ.მ; 26.00 კვ.მ, მდებარე - ქ. ქუთაისში, ...ს ... ჩიხი №1 (ყოფ. ...ს ... ჩიხი №1) სს „ნ...ს“ საკუთრებად დარეგისტრირების დავალება.

მოსარჩელის განმარტებით, სს „ნ...“ დაფუძნდა 1996 წლის დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის, საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებისა და ქუთაისის საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ თანამშრომელთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილების შესაბამისად. 1996 წლის 17 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის სამინისტროსთან გაფორმდა სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, კომპანიას გადაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ის ქონება, რომელიც შრომითმა კოლექტივმა შეიძინა სახელმწიფოსგან, მათ შორის, სათბური და დამხმარე ნაგებობა. ამასთან, მოსარჩელემ ხაზი გაუსვა, რომ 1987 წელს საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ ადგილმრეწველობის სარაიონთაშორისო საწარმოო გაერთიანების №3 კომბინატს აღმასკომის გადაწყვეტილებით გამოეყო მიწის ნაკვეთი სპორტული მოედნისა და სათბურებისათვის დამხმარე მეურნეობის მოსაწყობად. გარდა ამისა, ამავე მიწაზე აშენდა პატარა შენობა, სადაც ინახებოდა ინვენტარი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. მოსარჩელემ გააფორმა ხელშეკრულება სამტრედიის კოოპერატივ „ა...თან“, რომელმაც ააშენა სათბურები და დამხმარე შენობა. მოსარჩელის მითითებით, 1996 წლის იანვარში განხორციელდა მთლიანად საწარმოს პრივატიზება, მათ შორის, შენობა-ნაგებობების, დაზგა-დანადგარების, მოწყობილობების, სათბურების და დამხმარე შენობის. მიიჩნეოდა, რომ აღნიშნული ქონების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი იყო სს „ნ...ს“ მართლზომიერ მფლობელობაში.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ სს „ნ...ს“ სარგებლობასა და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 11 მაისის სხდომის ოქმითა და ამავე კომისიის 2017 წლის 18 მაისის განკარგულებით საკუთრებაში გადაეცა მ. გ-ეს. მოსარჩელის მიერ პრივატიზების გზით შეძენილი საკუთრება შეადგენდა 1127 კვ.მ-ს, რომელიც მ. გ-ემ დაირეგისტრირა 2017 წლის 5 დეკემბერს და იმ დღესვე გაასხვისა სიძეზე - ს. ლ-ეზე, რომელმაც, თავის მხრივ, 2018 წლის 8 იანვარს უძრავი ქონება გაასხვისა მ. გ-ეის შვილზე - გ. გ-ეზე.

სს „ნ...ს“ განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სს „ნ...ს“ მიერ 2018 წლის 4 აპრილს წარდგენილ იქნა №..., №..., №... განცხადებები, რომლებითაც მოთხოვნილ იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში პრივატიზაციის გზით მიღებული 551 კვ.მ; 548 კვ.მ; 26.00 კვ.მ მიწის ნაკვეთების და მასზე განთავსებული სათბურის დამხმარე ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა საკუთრების მოწმობა და სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ქონებრივი ნუსხის ჩამონათვალით, რომელშიც მე-9 პუნქტად აღნიშნულ იქნა სათბური. საპრივატიზაციო კომისიის დასკვნაში მითითებულ იქნა, რომ საწარმოს დაკავებული ჰქონდა სულ 24647 კვ.მ, აქედან განაშენიანების ფართი შეადგენდა 5944.5 კვ.მ-ს, გაუშენებელი კი - 18698.5 კვ.მ-ს. 5944.5 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა სათბურები და დამხმარე ნაგებობა, რომელიც ფიქსირდებოდა ცნობა-დახასიათებასა და საინვენტარიზაციო გეგმაში. თუმცა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოსარჩელეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, მათ შორის, იმ საფუძვლით, რომ ვერ მოხდა იდენტიფიკაცია საპრივატიზებო გეგმასთან. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მდებარეობდა სათბურები და დამხმარე ნაგებობა, აღიარების კომისიამ საკუთრებაში გადასცა მ. გ-ეს კანონდარღვევით, რომელსაც სადავო მიწის ნაკვეთი 2007 წლამდე არ ჰქონია თვითნებურად დაკავებული.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. გ-ე, ხოლო ამავე კოლეგიის 2020 წლის 10 სექტემბრის განჩინებით - მ. კ-ე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ნ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ნ...მ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ნ...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „ნ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 11 მაისის №10 სხდომის ოქმის მე-9 პუნქტი, ამავე კომისიის 2017 წლის 18 მაისის №122 განკარგულება და 2017 წლის 20 ივნისს გაცემული №24 საკუთრების უფლების მოწმობა - გ. გ-ეისთვის ქ. ქუთაისში, ნ...ს ... ჩიხი №1-ის აღმოსავლეთით მდებარე 2843 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, 1126,45 კვ.მ მიწის ნაკვეთის (548 კვ.მ და 551 კვ.მ (სათბურების სავარაუდო განლაგების ადგილები)) და 27.45 კვ.მ არასაცხოვრებელი გაშენების ფართობის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში; მოსარჩელე სს „ნ...ს“ უარი ეთქვა სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ნ...მ“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სს „ნ...ს“ და მ. გ-ეის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და შეფასების გარეშე დატოვა საქმეზე დადგენილი ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომ №48/132-„პ“ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაცემული იყო არა სს „ნ...ზე“, არამედ საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ სახელზე. ამ მხრივ სააპელაციო პალატამ შეფასების გარეშე დატოვა მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ სს „ნ...“ რეგისტრირებული იყო 1996 წლის 16 სექტემბერს, ხოლო ქ. ქუთაისში, ნ...ს ქ. მე-9 ჩიხი №1-ში საწარმოო კომბინატი „ნ...ს“ ქონების ჩაბარების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილი იყო 1996 წლის 17 იანვარს და საკუთრების დამადასტურებელი №48/132-„პ“ მოწმობა გაცემული იყო 1996 წლის 25 იანვარს, ანუ სს „ნ...ს“ რეგისტრაციამდე რამდენიმე თვით ადრე.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გამოკვლეული არ იყო საწარმოო კომბინატი „ნ...ს“ ქონებრივი აქტივის გადაცემა მოხდა თუ არა სრულად მხოლოდ სს „ნ...სათვის“ და საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ ქონების ბაზაზე წარმოქმნილ საწარმოთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა 1999 წლის 30 ივნისის კრების ოქმის მიხედვით, №48/132-„პ“ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა იყო თუ არა მხოლოდ სს „ნ...სათვის“ უფლების დამდგენი დოკუმენტი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ „საწარმოს დაკავებული აქვს სულ 24643 კვ.მ მიწა, აქედან განაშენიანების ფართი შეადგენს - 5944.5 კვ.მ, ხოლო გაუშენებელი ანუ თავისუფალი მიწა - 18698.5 კვ.მ-ს“, არ ქმნიდა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ კონკრეტულად სს „ნ...მ“ მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთებზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საჭიროებდა დამატებით კვლევას, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა გამახვილებულიყო და შეფასებულიყო ის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით სს „ნ...ს“ საკუთრებაში აღრიცხული იყო 10666,4 კვ.მ ფართობი, ხოლო 1999 წლის 30 ივნისის კრების ოქმის თანახმად, სააქციო საზოგადოება „ნ...ს“ გადაეცა 10670 კვ.მ ფართობი. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სს „ნ...სათვის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად დასახელებული იყო ის გარემოებაც, რომ საკუთრების დამადასტურებელი №48/132-„პ“ მოწმობით კომპანიის სახელზე უკვე იყო რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება.

საკასაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა განსახილველ საქმეზე მესამე პირების ჩაბმის საფუძვლების არსებობა (1999 წლის 30 ივნისის კრების ოქმში მითითებული იურიდიული პირები), დახმარებოდა მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, დაედგინა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები და სათანადო წესით განესაზღვრა გ. გ-ეის საპროცესო სტატუსი წინამდებარე დავაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინების აღსრულების მიზნით ჩატარებული ხელახალი სამართალწარმოების ფარგლებში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებით, შუამდგომლობა მესამე პირად შპს „ა...-ის“, შპს „კ...-ის“, შპს „ხ...-ის“, შპს „ბ...სა“ და შპს „ბა...-ის“ ჩაბმის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებით, შუამდგომლობა მოწმედ ე. ჩ-ისა და ტ. ჯ-ეის დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ნ...ს“ (ს/ნ ...) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „ნ...ს“ (ს/ნ ...) დაზუსტებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქმის ხელახალი განხილვისას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები (დაზუსტებული სააპელაციო საჩივრითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2024 წლის 11 აპრილს წარმოდგენილი განცხადებით) და მხარეთა საპროცესო სტატუსები. შესაბამისად, მოპასუხეების - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მ. გ-ეის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, გ. გ-ეისა და მ. კ-ეის მიმართ წარმოდგენილი სარჩელით სს „ნ...მ“ მოითხოვა: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 11 მაისის №10 სხდომის ოქმის მე-9 პუნქტის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 18 მაისის №122 განკარგულების, 2017 წლის 20 ივნისს მ. გ-ეის სახელზე გაცემული №24 საკუთრების უფლების მოწმობის, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 16 ოქტომბრის №..., №..., №... გადაწყვეტილებების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 2018 წლის 4 აპრილის №..., №..., №... განცხადებების ხელახალი განხილვისა და ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ახლად გამოვლენილი გარემოებების, ტექ. ბიუროსა და საჯარო რეესტრის ბაზებში დაცული ინფორმაციების მიხედვით, ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა ე. ჩ-ის და ტ. ჯ-ეის მოწმედ დაკითხვის თაობაზე.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში, სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოწმეთა დაკითხვის თაობაზე სს „ნ...მ“ კიდევ ერთხელ დააყენა შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე და მხარეს გაეცა პასუხი 2024 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებით. ამდენად, იმავე საკითხებზე, 2024 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაში აღარ იმსჯელა. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებას საქმეში მესამე პირების მოწვევის აუცილებლობის შეფასების შესახებ, პალატამ აღნიშნა, რომ ამ შინაარსის შუამდგომლობა აპელანტის მიერ დამატებით გაჟღერებული იქნა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას და პალატამ 2024 წლის 11 აპრილის სხდომაზე ასევე იმსჯელა დასმულ საკითხზე და მხარეს უარი ეთქვა შპს „ა...-ის“, შპს „კ...-ის“, შპს „ხ...-ის“, შპს „ბ...სა და შპს „ბა...-ის“ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად ჩაბმის შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას დაკონკრეტდა მოპასუხეთა წრე, გამოირიცხა საქმეში მესამე პირების ჩაბმის აუცილებლობა და დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად გ. გ-ეის მიმართ გამოცემული აქტების კანონიერების შემოწმებამდე უნდა შეფასებულიყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, ამავე ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება და დადგენილიყო ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს საფუძველი სადავო უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ, პირველ რიგში, გადასაწყვეტ საკითხად მიიჩნია და განმარტა, რომ მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი სხვა სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის გამორკვევა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 20 იანვარს მ. გ-ემ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადებით მიმართა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ნ...ს ... ჩიხი №1-ის აღმოსავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 18 მაისის №122 განკარგულებით აღიარებულ იქნა გ. გ-ეის საკუთრების უფლება ქალაქ ქუთაისში, ნ...ს ... ჩიხი №1-ის აღმოსავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთზე (ფართობით - 2843.00 კვ.მ) და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე (01-არასაცხოვრებელი, გაშენების ფართობი - 27,45 კვ.მ), ხოლო 2017 წლის 20 ივნისს გ. გ-ეის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №24. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 5 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნ...ს მე-7 ჩიხი, №1-ის აღმოსავლეთით, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2843.00 კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01/1 შენობა, ნაგებობის საერთო ფართი: 21,63 კვ.მ), საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო გ. გ-ეის სახელზე, თუმცა იგი 2017 წლის 5 დეკემბერსვე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ს. ლ-ეის სახელზე, 2018 წლის 3 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით კი, იგი აღირიცხა გ. გ-ეის სახელზე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით შეწყდა წარმოება სს „ნ...ს“ განცხადებაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის შესახებ, უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. ქუთაისი, ნ...ს მე-9 ჩიხი. 2018 წლის 4 აპრილს კი, სს „ნ...ს“ სახელით ლ. ნ-ემ №..., №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ნ...ს ... ჩიხის №1-ში (ყოფილი ნ...ს ... ჩიხი №1) მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია და განცხადებას უფლების რეგისტრაციისთვის დაურთო დოკუმენტი - საკუთრების მოწმობა №48/132-„პ“, რასაც „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მიიჩნევდა. №..., №... და №... სარეგისტრაციო წარმოებების ფარგლებში სს „ნ...“ მოითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას ქ. ქუთაისში, ნ...ს ... ჩიხის №1-ში (ყოფილი ნ...ს ... ჩიხი №1) მდებარე 548 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 551 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 26 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობაზე (განაშენიანების ფართობი: 25,66 კვ.მ). რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლად სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის გადაწყვეტილებებში მითითებული იყო, რომ სს „ნ...ს“ მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო აღნიშნული გარემოების დასაბუთების მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანო ყველა გადაწყვეტილებაში უთითებდა რამდენიმე საფუძველს, თუმცა ძირითადად გამოკვეთილი იყო სამი საფუძველი, კერძოდ: ა) სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულ საკადასტრო-აზომვით ნახაზზე ასახული შენობა-ნაგებობის/მიწის ნაკვეთის პრივატიზების ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (პრივატიზაციის გეგმა) სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დაცული იყო, თუმცა აღნიშნული პრივატიზაციის გეგმით ვერ ხდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ობიექტების იდენტიფიკაცია; ბ) სააგენტოში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №48/132-„პ“ (გაფორმების თარიღი: 25/01/1996, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო), უკვე რეგისტრირებული იყო უძრავი ნივთი №... საკადასტრო კოდით; გ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლიდან გამომდინარე, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება და სააგენტო ვერ მიმართავდა შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას აღნიშნული საკითხის განსახილველად.

იმის გათვალისწინებით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სს „ნ...სათვის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად დასახელებული იყო ის გარემოება, რომ საკუთრების დამადასტურებელი №48/132-„პ“ მოწმობით კომპანიის სახელზე უკვე რეგისტრირებულ იქნა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება, პალატამ ყურადღება მიაქცია, რომ 2007 წლის 5 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, ქ. ქუთაისში ნ...ს ქ. მე-7 ჩიხი (ყოფილი ... ჩიხი) №1-ში, სს „ნ...ს“ საკუთრებაში რეგისტრირებული იყო შემდეგი უძრავი ნივთები: ა) №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, ფართობით - (დაუზუსტებელი) 1514,1 კვ.მ; ბ) №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, ფართობით (დაუზუსტებელი) - 4605,3 კვ.მ; გ) №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, ფართობით (დაუზუსტებელი) - 2410,3 კვ.მ; დ) №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, ფართობით (დაუზუსტებელი) - 609 კვ.მ; ე) №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, ფართობით (დაუზუსტებელი) - 1527,7 კვ.მ. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად კი, ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთების რეგისტრაციის საფუძვლებში მითითებული იყო საკუთრების დამადასტურებელი №48/132-„პ“ მოწმობა. დასახელებული რეგისტრაციებით სს „ნ...ს“ საკუთრებაში სულ რეგისტრირებულ იქნა 10666,4 კვ.მეტრი ფართობი.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ №48/132-„პ“ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაცემული იყო არა სს „ნ...ზე“, არამედ საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ სახელზე და ზემოთ აღნიშნულ საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე, №48/132-„პ“ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად, ასევე უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებული იყო 1996 წლის 17 იანვრის №160 ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, ქუთაისის სასამართლოს 1996 წლის 16 სექტემბრის და 1998 წლის 23 აპრილის დადგენილებები და საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ ქონების ბაზაზე წარმოქმნილ საწარმოთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა 1999 წლის 30 ივნისის კრების ოქმი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 16 სექტემბრის დადგენილებით, განხორციელდა სააქციო საზოგადოება „ნ...ს“ რეგისტრაცია (იურ. მის.: ქ. ქუთაისი, ნ...ს ქუჩა ... ჩიხი №1). 1998 წლის 23 აპრილის დადგენილებით, ცვლილებები შევიდა სს „ნ...ს“ სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერებში, რისი საფუძველიც გახდა სააქციო საზოგადოება „ნ...ს“ აქციონერთა 1998 წლის 6 აპრილის საერთო კრების დადგენილების შესაბამისად სს „ნ...ს“ ... წარმოების გამოყოფის შედეგად ახალი საწარმოს - შპს „ა...“-ის დაარსება. საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ ქონების ბაზაზე წარმოქმნილ საწარმოთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა 1999 წლის 30 ივნისის კრების ოქმით კი დამტკიცდა ყოფილ საწარმოო კომბინატ „ნ...ზე“ მიმაგრებული მიწის ნაკვეთის განაწილების გეგმა. ამასთან, საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ ქონების ბაზაზე წარმოქმნილ საწარმოთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა კრების ოქმის მიხედვით, 1999 წლის 30 ივნისს ქუთაისში, სააქციო საზოგადოება „ნ...ს“ ადმინისტრაციულ შენობაში (ქუთაისი, ნ...ს ქუჩა, ... ჩიხი, 1) გაიმართა ყოფილი საწარმო კომბინატ „ნ...ს“ ქონების ბაზაზე წარმოქმნილ საწარმოთა ერთპიროვნულ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა კრება, რომელზეც აღინიშნა, რომ „ყოფილი საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ ქონება 1996 წელს მთლიანად შეისყიდა ამავე კომბინატის თანამშრომელთა ამხანაგობამ, რის დასტურადაც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ 1996 წლის 25 იანვარს ამხანაგობის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - ლ. ნ-ეის სახელზე გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №48/132-„პ“ ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად. მომხსენებელმა კრებას წარუდგინა ყოფილ საწარმოო კომბინატ „ნ...ზე“ მიწერილი მიწის ნაკვეთის დანაწილების სქემა ამ კომბინატის ქონების ბაზაზე წარმოქმნილ საწარმოთა შორის და კრებამ დაამტკიცა საწარმოო კომბინატ „ნ...ზე“ მიმაგრებული მიწის ნაკვეთის განაწილების გეგმა რ. გ-ეის მიერ წარმოდგენილი სახით და თითოეულმა საწარმომ ნაკვეთიდან საკუთრების ან იჯარის უფლებით მიიღოს მიწის ნაკვეთები, მათ შორის სს „ნ...მ“ – 10670 კვ.მ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 1996 წელსვე, ამხანაგობის წევრების მიერ შესყიდული ქონების ბაზაზე დაარსდა ხუთი საწარმო: სააქციო საზოგადოება „ნ...“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები: „კ...“, „ბა...“, „ხ...“ და „ბ...“. ყოფილ საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ მთელი შესყიდული ქონება ამ საწარმოთა შორის განაწილდა. მოგვიანებით, 1998 წლის აპრილში სააქციო საზოგადოება „ნ...ს“ ნატურით გამოეყო მიწის წილი და ჩამოყალიბდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა...“. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1998 წლამდე ყოველგვარი მიწა სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა და საწარმოებსაც, ისევე როგორც კერძო სამართლის ნებისმიერ სხვა იურიდიულ პირებს, მისით მხოლოდ სარგებლობის უფლება ჰქონდათ. იმის გამო, რომ ექვსივე საწარმო ერთ ეზოში იყო განლაგებული და მიწით სარგებლობაც უფასო იყო, ყოფილ საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ ტერიტორიის მისი ქონების ბაზაზე დაარსებულ საწარმოებს შორის დანაწილების საკითხიც არ წამოჭრილა, მაგრამ მიწის გადასახადისა და მიწაზე კერძო საკუთრების დაკანონებამ ამის აუცილებლობა წარმოშვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ 1996 წლის 25 იანვარს საკუთრების უფლების დამადასტურებელი №48/132-„პ“ მოწმობის გაცემისა და მით უფრო, სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის 1996 წლის 17 იანვრის №160 ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დროს, სამართლებრივი სუბიექტი - სააქციო საზოგადოება „ნ...“ არ არსებობდა (სს „ნ...“ რეგისტრირებული იყო 1996 წლის 16 სექტემბერს, ხოლო ქ. ქუთაისში, ნ...ს ქ. ... ჩიხი №1-ში საწარმოო კომბინატი „ნ...ს“ ქონების ჩაბარების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილი იყო 1996 წლის 17 იანვარს და საკუთრების დამადასტურებელი №48/132-„პ“ მოწმობა გაცემული იყო 1996 წლის 25 იანვარს, ანუ სს „ნ...ს“ რეგისტრაციამდე რამდენიმე თვით ადრე), ხოლო სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა (პრივატიზაცია) განხორციელდა და საკუთრების მოწმობა გაიცა საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ სახელზე და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში სს „ნ...ს“ სახელზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებად №48/132-„პ“ მოწმობის მითითება, ნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდებოდა პრივატიზაციის პროცესის განხორციელება, ხოლო პრივატიზებულ ქონებაზე უფლებები და შესაბამისი წილები კი განაწილებული იყო სწორედ 1999 წლის 30 ივნისის კრების ოქმის საფუძველზე. ამასთან, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება №160, №48/132-„პ“ საკუთრების მოწმობა და 1999 წლის 30 ივნისის ოქმი უფლების დამდგენ დოკუმენტებად, როგორც ამას საჯარო რეესტრის ჩანაწერები ადასტურებდა, გამოყენებული ჰქონდა იგივე შპს „ა...“-საც. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული კრების ოქმი ცხადყოფდა, რომ №48/132-„პ“ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ვერ იქნებოდა მხოლოდ სს „ნ...სათვის“ უფლების დამდგენი დოკუმენტი და იგი არ ქმნიდა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ კონკრეტულად სს „ნ...მ“ მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთებზე, მით უფრო, როცა დადგენილი იყო, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, სს „ნ...ს“ საკუთრებაში აღრიცხული იყო 10666,4 კვ.მ ფართობი, ხოლო 1999 წლის 30 ივნისის კრების ოქმის თანახმად, სააქციო საზოგადოება „ნ...ს“ გადაეცა 10670 კვ.მ ფართობი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მხარის პოზიცია საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ უფლებამონაცვლედ მხოლოდ სს „ნ...ს“ წარმოჩენის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქმის მასალებში არსებულ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივნისს №... და 2019 წლის 19 აგვისტოს №... ცნობა-დახასიათებებზე, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის №II-274 გ-1კ ტექნიკური აღრიცხვის ბარათზე, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის 2010 წლის 14 ივლისის სააღრიცხვო ბარათზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 აგვისტოს №... წერილზე, 2012 წლის 24 მაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის აზომვით ნახაზზე და აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისში, ნ...ს ... ჩიხის (ყოფ. ნ...ს ... ჩიხი) №1-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებად/მოსარგებლეებად საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ შრომითი კოლექტივის ამხანაგობასთან ერთად ასევე მითითებულნი არიან: შპს „ბ...“, შპს „კ...“, შპს „ა...“ და შპს „ბა...“, გარდა შპს „ხ...-ისა“ და ისიც აღნიშნულია, რომ წილები გაურკვეველია და აღნიშნული სუბიექტები არ არიან გამიჯნული საწარმოო კომბინატ „ნ...სგან“. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სს „ნ...“ არაა კომბინატის უფლებამონაცვლე, კომბინატი შეისყიდა ამხანაგობამ, რომელმაც დააარსა სს „ნ...“, შპს „ხ...“ შპს „ბ...“, შპს „კ...“ და შპს „ბა...“. თავის მხრივ, სს „ნ...ს“ ნატურით გამოეყო შპს „ა...“. შესაბამისად, თუ რომელიმე საწარმომ მისთვის გამოყოფილი წილი ვერ მიიღო, აღნიშნული უფლებებს გაუჩენდა არა სს „ნ...ს“, არამედ მთლიანად შრომითი კოლექტივის ამხანაგობას და შესაბამისად, მათ მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, თუ ასეთი უფლების რეალიზაცია კანონით ჯერ კიდევ იქნებოდა შესაძლებელი დროში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მასალების თანახმად, ქ. ქუთაისში, ნ...ს ... ჩიხის (ყოფ. ნ...ს ... ჩიხი) №1-ში მდებარე 23829 კვ.მ ფართზე მხოლოდ და მხოლოდ სს „ნ...ს“ უფლება იყო აღრიცხული, რაც მიუთითებდა, რომ საწარმოო კომბინატი „ნ...ს“ ქონებრივი აქტივი სრულად არ იყო გადაცემული სს „ნ...სათვის“.

რაც შეეხება საკითხს, რამდენად შედიოდა სს „ნ...სთვის“ გადაცემულ ქონებაში სადავო ნაგებობები (სათბურები და დამხმარე შენობა) და შესაბამისად, ის მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც აღნიშნული სათბურები იყო განლაგებული, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე (შესრულებული შპს „ქ...-ის“ მიერ) და განმარტა, რომ აღნიშნული ნახაზით, სადავო ტერიტორია, ნაკვეთის უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი, სს „ნ...სთვის“ გამოყოფილ ნაკვეთებს შორის მოქცეული არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სადავო ქონების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით საქმის მასალებში არსებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 6 ივნისის №000821020 დასკვნაზე და აღნიშნა, რომ ექსპერტის შეფასებით მიწის მართვის სამმართველოს გეგმის სს „ნ...ს“ უფლებების დამდგენ დოკუმენტად მიჩნევა, წინააღმდეგობაში მოდიოდა საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. სააპელაციო პალატამ მიუთითა მიწათსარგებლობის გეგმაზე, რომლითაც მიწათმოსარგებლედ მითითებული იყო: სააქციო საზოგადოება „ნ...“; მდებარე: ნ...ს ... ჩიხი №1; საფუძველი: საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილება 1990წ. 13-VI №12-79.693; მთლიანი ფართობი: 32784 კვ.მ; შენობა-ნაგებობა: 4446 კვ.მ; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით: 2550 კვ.მ; შიდა გზები: 1800 კვ.მ. ამდენად, პალატამ აღნიშნა, რომ ამ გეგმაზე მონიშნული 2550 კვ.მ ფართობი, ვიზუალურად და სივრცობრივად ნამდვილად ემთხვეოდა სადავო ტერიტორიას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო სხვა გარემოებები: გეგმაზე მიწათსარგებლობის საფუძვლად მითითებული იყო ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი №12.79.693, რომლითაც დაკმაყოფილდა ქუთაისის სარაიონთაშორისო გაერთიანების №3 კომბინატის ადმინისტრაციის თხოვნა და სასათბურე მეურნეობისა და სპორტული მოედნის მოსაწყობად ნ...ს ქუჩის ... ჩიხში მათი ტერიტორიის აღმოსავლეთის მხრიდან დროებით სარგებლობაში შეემატა მიწის ნაკვეთი ფართით 0,2 ჰექტრამდე; მიწათმოსარგებლედ კი მიეთითა სააქციო საზოგადოება „ნ...“, რომელიც მიწათსარგებლობის საფუძვლად მიჩნეული დოკუმენტის შედგენით არ არსებობდა - სააქციო საზოგადოება „ნ...ს“ რეგისტრაცია განხორციელდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 16 სექტემბრის დადგენილებით; მეტიც, 1990 წლისთვის პრივატიზაციაც არ იყო განხორციელებული. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ გეგმას ვერ დაეყრდნობოდა სადავო ქონებაზე სს „ნ...ს“ უფლებების დასადასტურებლად, მით უფრო, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდიოდა საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მსჯელობა ექსპერტიზის დასკვნის მისი უფლებების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე, მით უფრო, რომ დასკვნის ის ნაწილი, რომელსაც მხარე ეყრდნობოდა, წინააღმდეგობაში მოდიოდა საქმეზე უტყუარად დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან.

ამდენად, სააპელაციო პალატამ, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით, დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება შედიოდა №48/132-„პ“ საკუთრების მოწმობაში აღნიშნულ პრივატიზებულ ქონებაში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენდა მხოლოდ სს „ნ...ს“ უფლების დამდგენ დოკუმენტს და მისი უფლებები განსაზღვრული იყო 1999 წლის 30 ივნისის კრების ოქმით, სადავო მიწის ნაკვეთი არ შედიოდა დასახელებული ოქმით სს „ნ...სთვის“ გამოყოფილ ფართობში, რაც სს „ნ...ს“ უკვე რეგისტრირებული ჰქონდა სრულად, ხოლო აღნიშნული კრების ოქმით გათვალისწინებულის გარდა სხვა ქონებაზე კი, მით უფრო საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ მთელ ქონებაზე, სს „ნ...ს“ უფლებები არ გააჩნდა, რადგან, როგორც არაერთხელ აღინიშნა, კომბინატ „ნ...ს“ ბაზაზე შეიქმნა რამდენიმე კომპანია და განისაზღვრა თითოეულის წილი. სს „ნ...ს“ გარდა სახელისა, სხვა აქტივი კომბინატისგან არ მიუღია, ვინაიდან ეს გათვალისწინებული იყო „ნ...ს“ ბაზაზე შექმნილ საზოგადოებების კრების ოქმით და სს „ნ...ს“ საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ უფლებამონაცვლეობის შესახებ, არაფერი იყო ნათქვამი არც სს „ნ...ს“ დაფუძნებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში. ამასთან, პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებში, არ იყო წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შრომითი კოლექტივის ამხანაგობის მიერ დაფუძნებულმა რომელიმე კომპანიამ არ მიიღო საკუთარი წილი, დაუთმო ეს წილი სს „ნ...ს“ ან რაიმე სხვა სამართლებრივი საფუძვლით გადაეცა მოსარჩელეს სხვა ქონება, გარდა მის საკუთრებად უკვე აღრიცხულისა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებაზე: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმარტება რომლის თანახმად 2007 წელს განხორციელებული რეგისტრაციისას ამავე საკადასტრო კოდზე აღრიცხული უნდა ყოფილიყო სადავო უძრავი ქონება, ბუნდოვანს ხდიდა თავად სასარჩელო მოთხოვნას და მოსარჩელის მიერვე გაკეთებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას, ვინაიდან გაურკვეველი ხდებოდა მოსარჩელის პოზიცია - იგი ითხოვდა რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტებას და მიაჩნდა, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაციას უნდა მოეცვა ამჟამად სადავო მიწის ნაკვეთი, თუ მოსარჩელის მიერ 2018 წლის 4 აპრილს სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილ იქნა ახალი მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია, რომელიც არც შედიოდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, წინამდებარე საქმის ხელახალი განხილვისას გამართულ სასამართლო სხდომებზე, პალატა შეეცადა გამოერკვია აპელანტი მხარის პოზიცია - რას უკავშირებდა იგი სადავო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნას: იმ ფაქტს, რომ სს „ნ...ს“ უკვე რეგისტრირებული ჰქონდა სადავო მიწის ნაკვეთი, თუ კომპანია მარეგისტრირებელი ორგანოსგან ითხოვდა უკვე რეგისტრირებული დაახლოებით 10670 კვ.მ მიწის ნაკვეთის გარდა ახალ რეგისტრაციასაც. პალატის მითითებით, მხარეს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებები ერთგვარად წინააღმდეგობრივი იყო. კერძოდ, თავდაპირველად მხარე აღნიშნავდა, რომ არ იცოდა სს „ნ...ს“ საკუთრებად რეგისტრირებულ, ჯამში დაახლოებით 10670 კვ.მ მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში ექცეოდა თუ არა სადავო მიწის ნაკვეთი და თვლიდა, რომ სწორედ ეს საკითხი იყო მოცემულ დავაზე გამოსარკვევი. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, მოსარჩელე იმასაც ამტკიცებდა, რომ გ. გ-ეის სახელზე აღრიცხული 2843 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყო ის 2550 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც შპს „ხ...-ს“ უნდა გადასცემოდა, თუმცა აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულებები და არ გაუფორმებია ეს მიწა, შესაბამისად, მიწა დარჩა სს „ნ...ს“ საკუთრებად, რომელიც იყო საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ უფლებამონაცვლე და კომბინატის ქონება სრულად ეკუთვნოდა სს „ნ...ს“. თუმცა საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლო სხდომაზე, შეჯერდა პოზიცია და სს „ნ...მ“ განაცხადა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, ნ...ს საკუთრებად დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულ 10670 კვ.მ ნაკვეთში არ შედიოდა, თუმცა შედიოდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთში, ვინაიდან ამას საჯარო რეესტრივე მიუთითებდა, როცა წარდგენილ განცხადებაზე მხარემ მიუთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი ზედდებაში მოდიოდა №... კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთთან. მხარემ დააკონკრეტა, რომ 2018 წლის 4 აპრილს საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებებით ითხოვდა არა ახალ რეგისტრაციას, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ქონება უკვე ტექ. ბიუროში რეგისტრირებული იყო სს „ნ...ს“ სახელზე, ითხოვდა დაზუსტებული მონაცემებით ამონაწერის გაცემას. მისი შეფასებით, ტექ. ბიუროში რეგისტრირებული ქონება, ხელახალ რეგისტრაციას არ საჭიროებდა. ამდენად, იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ქონება მას უკვე რეგისტრირებული ჰქონდა და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი განცხადებებითაც არ მოუთხოვია ახალი რეგისტრაცია, დაზუსტებული სარჩელით, მხარემ უკვე მოითხოვა არა სადავო მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღრიცხვა, არამედ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგად ახალი აქტის გამოცემის დავალება. მხარე თვლიდა, რომ როცა აღარ იარსებებდა ის დამაბრკოლებელი გარემოება, რაც სადავო ქონების გ. გ-ეის საკუთრებად აღრიცხვამ გამოიწვია, საჯარო რეესტრი მიიღებდა გადაწყვეტილებას სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადებების დაკმაყოფილების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარის პოზიცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მონაცემების საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მონაცემებად ჩათვლის შესახებ, მოკლებული იყო სამართლებრივ დასაბუთებას. ტექინვენტარიზაციის ბიუროში არსებული ჩანაწერები წარმოადგენდა მხოლოდ უფლების შემდგომი რეალიზაციის მართლზომიერ საფუძველს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი უფლება სათანადო წესით იყო აღრიცხული. ამდენად, საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით, პალატამ მიიჩნია, რომ სს „ნ...ს“ სარჩელი იყო უსაფუძვლო, ვინაიდან მას არ გააჩნდა უფლება 2018 წლის 4 აპრილის განცხადებებით მოთხოვნილ უძრავ ქონებებზე, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და უსაფუძვლოს ხდიდა მოსარჩელის დანარჩენ მოთხოვნებს სადავო ქონებაზე გ. გ-ეის უფლების დამდგენი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული აქტები არ აყენებდა უშუალო და პირდაპირ ზიანს სს „ნ...ს“ კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლზე, რომლის შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, აგრეთვე დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე და მიიჩნია, რომ 2018 წლის 4 აპრილს მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი განცხადებით, სს „ნ...“, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, ვერ მოიპოვებდა უფლებას უძრავ ქონებაზე, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის პირობებშიც კი, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულ პირს დაკარგული აქვს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ნ...მ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, სს „ნ...მ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებები და მათი გაუქმება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ როდესაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განხილვა, სასამართლო ვალდებულია ამ აქტის კანონიერება შეამოწმოს ასევე სახელმწიფო და საჯარო ინტერესებთან მიმართებითაც, განსახილველ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლომ საკითხი არასწორად შეაფასა და თავისი უკანონო გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონება არ ჰქონდა თავის დროზე რეგისტრირებული და საჯარო რეესტრის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები არ გააბათილა.

კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში უდავო იყო ის გარემოება, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 25 იანვარს გაცემული ჰქონდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №48/132-„პ“, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული, რამდენადაც იმ პერიოდისათვის საქართველოში მიწის პრივატიზაცია არ მიმდინარეობდა. 5944.5 კვ.მ წარმოადგენდა განაშენიანების ფართს ანუ იმ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც დე-ფაქტოდ აშენებული იყო სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობა, ხოლო თავისუფალ მიწას წარმოადგენდა 18 698.5 კვ.მ. ეს გარემოება დასტურდებოდა აღნიშნული საპრივატიზაციო კომისიის დასკვნითაც. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა 1996 წლის 7 აგვისტოს საწარმოოს კომბინატ „ნ...ს“ თანამშრომელთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, შესყიდული საწარმოს „ნ...ს“ ბაზაზე დაფუძნდა ახალი საწარმო სააქციო საზოგადოების ფორმით, შესაბამისად, დამტკიცებულ იქნა „ნ...ს“ წესდება. კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არის კანონისმიერი უფლებამონაცვლეობა და საწარმოო კომბინატი „ნ...ს“ შრომითი კოლექტივის ამხანაგობის და ყოფილი ქუთაისის საწარმო კომბინატ „ნ...ს“ უფლებები გადავიდა სს „ნ...ზე“.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ასევე შესაფასებელი იყო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 13 ივლისს წარმოდგენილი ე.წ. საპრივატიზაციო მასალები. კასატორის მითითებით სამმართველოს უფროსი დ. ჯ-ი ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ კასატორზე დამაგრებული საერთო ფართი იყო 23 829 კვ.მ. ამასთან, საკუთრების მოწმობაში დაფიქსირებული ფართი წარმოადგენდა არა მიწის, არამედ შენობების ფართს. კასატორი მიიჩნევს, რომ სამართლებრივად შესაფასებელი იყო ის გარემოება, რომ სამმართველოს უფროსის დ. ჯ-ის მიმართვა გაცემული იყო 2006 წლის 15 მაისს და დაფიქსირებული იყო, რომ არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურს უნდა დაედასტურებინა წითელი ხაზები და უნდა მომხდარიყო ამ მონაცემების გადატანა საჯარო რეესტრში. ამასთან, კასატორის მითითებით, თავად მოპასუხე - გ. გ-ეს სასამართლოში წარმოდგენილი ჰქონდა 2019 წლის 18 ოქტომბრის შუამდგომლობა, რომელსაც თან ახლდა წერილობითი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დარეგისტრირდა შენობა-ნაგებობები და მიწის საერთო ფართი - 24 643 კვ.მ, ხოლო გ. გ-ეის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის დოკუმენტებსა და ნახაზებში დაფიქსირებული იყო „სადავო მიწაზე“ განლაგებული სათბური №1 და სათბური №2, რომელიც მან უკანონოდ გაიფორმა. კასატორმა დამატებით მიუთითა გ. გ-ეის მიერ წარდგენილ, მოსარჩელის სახელზე გაცემულ ცნობა-დახასიათებაზე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან, სადაც. ე.წ. სათბური №1 (ფართით 547,22 კვ.მ) და სათბური №2 (ფართით 537.44 კვ.მ) ყვითლად ჰქონდა გაფერადებული, შესაბამისად, სათბურები გამოყოფილი ჰქონდა.

კასატორი მიიჩნევს, რომ გ. გ-ემ სპეციალურად, წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით, უკანონოდ მიიღო საკუთრებაში მითითებული №1 სათბურის ქვეშ მდებარე მიწა - 547.22 კვ.მ და სათბური №2-ის ქვეშ მდებარე მიწა ფართით 537.44 კვ.მ და დამხმარე ნაგებობა. აღნიშნული ქმედება კი კასატორის მოსაზრებით, შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, რაზედაც პროკურატურის ორგანოებმა უნდა იმსჯელონ. კასატორის მითითებით, გ. გ-ე წლების განმავლობაში მუშაობდა საწარმოო „ნ...ში“, მან კარგად იცოდა, რომ საწარმოო „ნ...ს“ სახელზე განპიროვნებულ საერთო ფართის 23 829 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თავად ამ საწარმომ ააშენა №1 სათბური, რომელიც განლაგებული იყო 547.22 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და ასევე მიმდებარედ №2 სათბური, რომელიც განლაგებული იყო 537.44 კვ.მ მიწის ფართობზე, ამასთან, ამავე სათბურების გვერდით ასევე საწარმომ თავის დროზე ააშენა 27.36 კვ.მ ფართის დამხმარე შენობა, რომელიც ამ სათბურების საქმიანობას უკავშირდებოდა; ეს შენობა წარმოადგენდა დამხმარე ნაგებობას და გამოიყენებოდა სათბურებში მოყვანილი მოსავლის შესანახად და დასაფასოებლად.

სს „ნ...ს“ წარმომადგენლის მითითებით, შესაფასებელი იყო ის გარემოებაც, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ხსენებული სარეგისტრაციო ჩანაწერები განხორციელებული იყო 1996 წელს. სამართლებრივად ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ჩანაწერი თავის მხრივ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ძალაში იყო მის გაუქმებამდე. მოცემულ შემთხვევაში ცნობა-დახასიათება დღესაც იყო ძალაში, შესაბამისად, დგინდებოდა ის გარემოება, რომ ხსენებული სათბურები წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას. კასატორი აღნიშნავს, რომ მას ასევე ეკუთვნოდა სადავო დამხმარე 27.36 კვ.მ ფართის შენობა, რომელიც არა გ. გ-ეის, არამედ მოსარჩელის მიერ იყო აშენებული, ხოლო ამ გარემოების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს წარმოდგენილი არ ჰქონია. ამასთან, კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო ქონებას, რომლის განკარგვა მოხდა სწორედაც აღიარების კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა რამდენად კანონიერად მოქმედებდა აღიარების კომისია, როდესაც განკარგავდა ამ სახელმწიფო ქონებას, რაც მას არ გაუკეთებია. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია გ. გ-ეის მიერ აღიარების კომისიაში წარდგენილი 2017 წლის 20 იანვრის განცხადების შინაარსი და ე. ჩ-ისა და ტ. ჯ-ეის (რომლებიც კასატორის მითითებით სხვა მისამართზე ცხოვრობდნენ და არასდროს ყოფილან გ. გ-ეის მეზობელი) 2016 წლის 26 დეკემბრის ერთობლივი განცხადება, აგრეთვე ე. ჩ-ის მიერ პოლიციის ორგანოში გაკეთებული განმარტება სადავო მიწაზე სათბურის კვალის შესახებ. ამდენად, კასატორი უდავოდ მიიჩნევს, რომ სადავო მიწაზე არსებული სათბურები და დამხმარე შენობა მოსარჩელის მიერ იყო შესყიდული, რაც აღიარების კომისიის უკანონო აქტების გაუქმების საფუძვლად მიიჩნია.

კასატორმა ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ გ. გ-ეის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება 2017 წლის 23 ოქტომბრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული იყო 2007 წლის 18 სექტემბრის ამონაწერი, რომლის თანახმად, 1514 კვ.მ შენობა წარმოადგენდა სს „ნ...ს“ საკუთრებას. კასატორის მითითებით, გ. გ-ემ 2017 წლის 5 დეკემბერს ახალი განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა იმაზე მიწის ნაკვეთზე და იმავე საფუძვლით რეგისტრაციის განხორციელება, რისთვისაც გადაიხადა დაჩქარების საფასურიც. შედეგად, საჯარო რეესტრმა, დაჩქარებული წესით, 2017 წლის 5 დეკემბერს სადავო უძრავი ქონება დაარეგისტრირა გ. გ-ეის სახელზე. კასატორის მითითებით, სადავო №24 საკუთრების უფლების მოწმობაში მითითებული იყო შენობის ფართი 27.45 კვ.მ, ხოლო საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო 21.63 კვ.მ ფართით.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2000-2005 წლებში, საქართველოში განხორციელდა დიდი მნიშვნელობის მქონე მიწის საკადასტრო აზომვით სამუშაოებთან დაკავშირებული რეფორმები და „სპუტნიკიდან“ გადაღებულ იქნა დე-ფაქტოდ და დე-იურედ აშენებული შენობა-ნაგებობები, სადაც დაფიქსირებულ იქნა მათ შორის სადავო სათბურები და შენობაც, ამდენად, სადავო არ იყო, რომ აღნიშნული შენობები ჩანდა სადავო მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ ერთი მხრივ დასტურდებოდა და სადავო არ იყო სათბურებისა და დამხმარე შენობების აშენებისა და რეგისტრაციის ფაქტი, თუმცა, მეორე მხრივ, ისინი გაიფორმა მოპასუხემ, რაც წარმოადგენდა კანონის დარღვევას.

კასატორი თავად გ. გ-ეის მიერ განხორციელებულ მოქმედებებსა და აღიარების კომისიის გასაჩივრებულ აქტებზე მსჯელობისას ხაზს უსვამს, რომ მოპასუხეს საჯარო რეესტრში სპეციალურად ჰქონდა წარდგენილი ისეთი ნახაზი, სადაც არ ჩანდა „სპუტნიკით“ გადაღებული ფოტოები. ხოლო, იმ პირობებში, რომ საქმეზე არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დამხმარე შენობა აშენებული იყო გ. გ-ეის მიერ, კომისიამ დაარღვია კანონი, არ გამოიკვლია დეტალურად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ გაარკვია ობიექტის დანიშნულება, აშენების წელი, მიწის ნაკვეთის დე-ფაქტო დანიშნულება, ვინ ამუშავებდა, ვინ იყვნენ მეზობლები, მიწის ნაკვეთზე სხვა პირების შესაძლო პრეტენზიები და ა.შ. და გამოიტანა აშკარად უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც ტექ-ბიუროში ოფიციალურად 1996 წელს აღრიცხული და დღესაც ძალის მქონე ამ ჩანაწერებში მითითებული უძრავი ქონება საკუთრებაში გაუფორმა სულ სხვა პიროვნებას, რომელსაც არ აუშენებია ეს შენობა და არ ფლობდა შესაბამის მიწის ნაკვეთს. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში უგულებელყოფილ იქნა მათ შორის სახელმწიფო ინტერესებიც, რამდენადაც ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცა ის შენობა, რომელიც თავის დროზე სახელმწიფო სტატუსის მქონე საწარმოს მიერ იყო აშენებული.

კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, №... საკადასტრო კოდზე ასევე რეგისტრირებული იყო 1514 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო საქმეზე გასარკვევი იყო ამ მიწაში შედიოდა თუ არა სადავო მიწის ნაკვეთი სათბურებისა და დამხმარე მიწის ნაკვეთების ჩათვლით, რაც სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია. ამასთან, კასატორის მითითებით, უდავო იყო, რომ შპს „ხ...-მა“ თავიდანვე არ შეასრულა პირობა, არ განახორციელა საწესდებო კაპიტალში თანხის შეტანა და შესაბამისად, ამ ფირმის სახელზე – 2550 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ გაფორმებულა. საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნის მიხედვით კი, სადავო მიწის ნაკვეთი, სათბურები და დამხმარე ნაგებობა მდებარეობდა სწორედ ამ 2550 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რაც სასამართლოს არ შეუფასებია. კასატორმა დააკონკრეტა, რომ ითხოვდა რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტებას, და აღნიშნა, რომ მას არ განუხორციელებია ახალი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და ს/კ ... უძრავი ქონების რეგისტრაციას უნდა მოეცვა სადავო მიწის ნაკვეთიც.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2018 წლის 4 აპრილის №..., №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებით, ლ. ნ-ეის მიერ მოთხოვნილ იქნა უძრავ ნივთებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სააქციო საზოგადოება „ნ...ს“ უფლების რეგისტრაცია ამავე განცხადებებზე წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი აზომვითი ნახაზების მიხედვით. ზემოაღნიშნული სარეგისტრაციო განცხადებების მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის ეტაპზე გამოიკვეთა, რომ ამ სარეგისტრაციო უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემები ხვდებოდა გ. გ-ეის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში. კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხემ არსებული რეალობიდან გამომდინარე გამონახა ყველაზე იოლი გზა, მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე და აღნიშნა, რომ რეგისტრირებული მონაცემების მიმართ უტყუარობის პრეზუმფციის მოქმედების გავრცელებით, კანონმდებელმა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ დაადგინა ნდობის მაღალი სტანდარტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ არის ცნობილი. ამასთან კასატორის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება იძლეოდა იმ გასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სააგენტომ არ განიხილა ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული გარემოებები და გააკეთა კონკრეტული დასკვნა, რომ ვინაიდან ს/კ ... ქონება რეგისტრირებული იყო სხვა პირზე, ამ ქონების ხელახლა დარეგისტრირება დაუშვებელი იყო.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და გამოიტანა უკანონო დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ამ ურთიერთობებში ვერ ჩაითვლებოდა დაინტერესებულ პირად და არ დააკმაყოფილა წარმოდგენილი სარჩელი. სს „ნ...“ მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ასევე საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 2 სათბური და დამხმარე შენობა არ ყოფილა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. იმავდროულად არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი ტექნიკური ინვენტარიზაციიდან ინფორმაციები (ტექ-ბიუროს ჩანაწერები), რომელთა მიხედვით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის სახელზე მთლიანობაში ტექ-ბიუროში რეგისტრირებული იყო მიწის საერთო ფართი 24 643 კვ.მ, რომელშიც უკანონოდ შედიოდა გ. გ-ეის სახელზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაფორმებული 2843.00 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული დაზუსტებული ფართით 21,63 კვ.მეტრი დამხმარე შენობა. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ გ. გ-ემ სპეციალურად შეამცირა ფართის ზომები და ნაცვლად ტექ-ბიუროში ასახული ფართისა (27.36 კვ.მ), ამზომველს დააფიქსირებინა 21.63 კვ.მ. ამდენად, კასატორი ხაზს უსვამს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითვლება უფლებამოსილ და დაინტერესებულ პირად, რადგან მას უფლებები არ დაუკარგავს და არსებული შენობა მას ეკუთვნის და შენობის ქვეშ მდებარე მიწა პრივატიზაციის გზით შეიძინა, ამდენად აღიარების კომისიის სადავო აქტები რომ არა, მოსარჩელეს ექნებოდა უფლება „კანონისმიერი ზოგადი“ წესებიდან გამომდინარე მაინც მიიღო საკუთრებაში ეს ქონება.

კასატორმა მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლზე და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევდა დადასტურებულად იმ გარემოებას, რომ სადავო მიწა არ იყო თავის დროზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და ტექბიუროში რეგისტრაცია არ წარმოშობდა ამჟამად რეგისტრაციის საფუძველს, მაინც სახეზე იყო მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რადგანაც მან თავის დროზე დადგენილი წესით შეიძინა ე.წ. სათბურები და დამხმარე შენობა, რომელიც უკანონოდ გაიფორმა გ. გ-ემ ასევე უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მხედველობაში იყო მისაღები ის გარემოება, რომ სადავო ქონება არ წარმოადგენდა თავისუფალ ქონებას, იგი თავის დროზე პრივატიზაციის გზით განიკარგა და მასზე უნდა გავრცელებულიყო არა მხოლოდ აღიარების, არამედ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მარეგულირებელი კანონმდებლობაც.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სსსკ 390.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელის სარჩელი არ დააკმაყოფილა. კასატორი აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო არ აკმაყოფილებდა სარჩელს, არ უნდა გაეუქმებინა გადაწყვეტილება და პირდაპირ უნდა გამოეტანა განჩინება. ეს პროცესუალური დარღვევა კი იძლევა საფუძველს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნეს ცნობილი და საკასაციო სასამართლომ ამ საკითხზე გააკეთოს სარეკომენდაციო ხასიათის სამართლებრივი განმარტებები. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ სააპელაციო პალატას მიუთითა, რომ საქმეში შესაძლებელი იყო მესამე პირების ჩართვა, რაზეც კასატორმაც დააყენა შუამდგომლობა, თუმცა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად განისაზღვრა საპროცესო ხარჯები და მოსარჩელეს დაეკისრა იმ თანხების ანაზღაურება, რომლის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სს „ნ...ს“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ნ...ს“ საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 11 მაისის №10 სხდომის ოქმის მე-9 პუნქტის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 18 მაისის №122 განკარგულების, 2017 წლის 20 ივნისს მ. გ-ეის სახელზე გაცემული №24 საკუთრების უფლების მოწმობის, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 16 ოქტომბრის №..., №..., №... გადაწყვეტილებების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 2018 წლის 4 აპრილის №..., №..., №... განცხადებების ხელახალი განხილვისა და ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ახლად გამოვლენილი გარემოებების, ტექ. ბიუროსა და საჯარო რეესტრის ბაზებში დაცული ინფორმაციების მიხედვით, ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს სწორედ დასახელებული მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობაზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინების კანონიერებაზე, რომლითაც, ერთი მხრივ, არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მესამე პირად შპს „ა...-ის“, შპს „კ...-ის“, შპს „ხ...-ის“, შპს „ბ...სა“ და შპს „ბა...-ის“ ჩაბმის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მოწმის სახით ე. ჩ-ისა და ტ. ჯ-ეის დაკითხვის თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით, ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. დასახელებული მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია განმარტებულია როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და სხვა მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა. დასახელებული კანონის 23-ე მუხლი კი ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის (ამჟამინდელი რედაქციის „მ“ ქვეპუნქტი) მიხედვით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. (მსგავს ნორმას შეიცავს კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი), ხოლო იმავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით (მსგავს ნორმას შეიცავს კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი), მოსარგებლეს წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე ფაქტობრივად ფლობს მიწის ნაკვეთს, როგორც საკუთარს, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთან ფორმის დაუცველად დადებული გარიგების საფუძველზე.

ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად (მსგავს ნორმას შეიცავს კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი), საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნეოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ხოლო დასახელებული მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის (მსგავს ნორმას შეიცავს კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი) თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნეოდა 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლზე, რომლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 იანვარს მ. გ-ემ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადებით მიმართა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ნ...ს ... ჩიხი №1-ის აღმოსავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 18 მაისის №122 განკარგულებით აღიარებულ იქნა გ. გ-ეის საკუთრების უფლება ქალაქ ქუთაისში, ნ...ს ... ჩიხი №1-ის აღმოსავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთზე (ფართობით - 2843.00 კვ.მ) და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე (01-არასაცხოვრებელი, გაშენების ფართობი - 27,45 კვ.მ), ხოლო 2017 წლის 20 ივნისს გ. გ-ეის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №24, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მ. გ-ეის საკუთრების უფლება, ხოლო 2017 წლის 5 დეკემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ს. ლ-ეის სახელზე, 2018 წლის 3 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით კი, იგი აღირიცხა გ. გ-ეის სახელზე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, შეწყდა წარმოება სს „ნ...ს“ განცხადებაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ქუთაისი, ნ...ს ... ჩიხი. 2018 წლის 4 აპრილს კი, სს „ნ...ს“ სახელით ლ. ნ-ემ №..., №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ნ...ს ... ჩიხის №1-ში (ყოფილი ნ...ს ... ჩიხი №1) მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 აპრილის №..., №... და №... გადაწყვეტილებებით სს „ნ...ს“ უძრავი ნივთის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ წარდგენილი იყო ლ. ნ-ეის სარეგისტრაციო განცხადება იმავე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც მიღებული იყო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება. ამასთან, წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებებს არ ერთოდათ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს. დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „ნ...ს“ დირექტორის ლ. ნ-ეის 2018 წლის 10 მაისის №267492/17 ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 12 აპრილის №..., №... და №... გადაწყვეტილებები. სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს დაევალა 2018 წლის 4 აპრილის №..., №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო წარმოებებზე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი გადაწყვეტილებების მიღება.

დადგენილია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 11 ივნისის №...., №... და №... გადაწყვეტილებებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მარეგისტრირებელი ორგანოს განმარტებით, №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოპოვებული და განცხადებაზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე სს „ნ...ს’’ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 4 ივლისის №..., №... და №... გადაწყვეტილებებით (დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების თაობაზე) მარეგისტრირებელმა ორგანომ განმარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 31 აგვისტოს №... მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან. გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული შენობა-ნაგებობის/მიწის ნაკვეთის პრივატიზების ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (პრივატიზაციის გეგმა) სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დაცული იყო, თუმცა აღნიშნული პრივატიზაციის გეგმით ვერ ხდებოდა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ობიექტების იდენტიფიკაცია. №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ასევე განცხადებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოშობდა უძრავ ნივთზე სს „ნ...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. ამასთან, სააგენტოში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, №48/132-„პ“, გაფორმების თარიღი: 25/01/1996, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო) უძრავი ნივთი №... საკადასტრო კოდით უკვე რეგისტრირებული იყო. №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოპოვებული და განცხადებაზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე სს „ნ...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავდა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. ამდენად, განიმარტა, რომ სააგენტო ვერ მიმართავდა შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას აღნიშნული საკითხის განსახილველად. ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების პროცესით ვერ ხდებოდა წარმოდგენილი ობიექტების იდენტიფიკაცია საპრივატიზაციო გეგმასთან მიმართებაში, წარმოსადგენი იყო დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა კავშირი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საპრივატიზაციო გეგმით განსაზღვრულ ობიექტებს შორის. ასევე, დგინდებოდა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან ს/კ №... (მესაკუთრე - გ. გ-ე).

დადგენილია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 16 ოქტომბრის №..., 2018 წლის 16 ოქტომბრის №... და 2018 წლის 16 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებებით, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოებები, მოტივად კი მითითებულ იქნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა დავა, კერძოდ, №..., №... და №..., სარეგისტრაციო განცხადებებზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. მოდავე მხარეებს შორის მორიგება ვერ შედგა (ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის გამო) და მედიაციის პროცესი შეწყდა. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოპოვებული და განცხადებაზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე სს „ნ...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს „ნ...ს“ დირექტორის - ლ. ნ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი. იგი მოითხოვდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2018 წლის 4 სექტემბრის №..., №.... და №.... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას. ამავე გადაწყვეტილებაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193-ე მუხლის საფუძველზე, ასევე იმსჯელა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №..., №... და №... გადაწყვეტილებების კანონიერებაზე და მიიჩნია, რომ ეს აქტები შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას და არ უნდა გაუქმებულიყო. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს სადავო მიწის ნაკვეთ(ებ)ზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციასთან დაკავშირებით, თუმცა საზოგადოების მოთხოვნა არც ერთხელ არ დაკმაყოფილდა, მათ შორის, 2018 წლის 4 აპრილს წარდგენილ განცხადებებზე სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის №..., №... და №... გადაწყვეტილებებით, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

დადგენილია, რომ 1990 წლის 29 მაისს ქუთაისის ადგილმრეწველობის სარაიონთაშორისო საწარმოო გაერთიანების კომბინატის დირექტორსა და ა/კ რკინიგზის სამტრედიის მასალათა ტექნიკური მომარაგების განყოფილებასთან არსებულ კოოპერატივ „ა...ს“ შორის დადებული №150 ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კაპიტალური, სტანდარტული ზომის სათბურის მშენებლობა ქუთაისის ადგილმრეწველობის სარაიონთაშორისო საწარმოო გაერთიანების №3 კომბინატის ტერიტორიაზე, 1000 კვ.მ ფართობზე (ორი 500 კვ.მ ცალ-ცალკე). ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 13 ივნისის სხდომის №12.79.693 ოქმის ამონაწერის თანახმად, დაკმაყოფილდა ქუთაისის სარაიონთაშორისო გაერთიანების №3 კომბინატის ადმინისტრაციის თხოვნა და სასათბურე მეურნეობისა და სპორტული მოედნის მოსაწყობად ნ...ს ქუჩის ... ჩიხში მათი ტერიტორიის აღმოსავლეთის მხრიდან დროებით სარგებლობაში შეემატა მიწის ნაკვეთი ფართით 0,2 ჰექტრამდე. პროექტი უნდა შეთანხმებულიყო ქალაქის მთავარ არქიტექტორთან.

დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს 1992 წლის 8 ივნისის №98 ბრძანებით რეორგანიზებულ იქნა ქუთაისის ადგილმრეწველობის სარაიონთაშორისო საწარმოო გაერთიანება და მის ბაზაზე შეიქმნა დამოუკიდებელი საწარმოები იურიდიული პირის უფლებით, კერძოდ: ა) ქუ... (მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ის ჩიხი №7); ბ) ქუთ... (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნ...ს ... ჩიხი, №1); გ) გ... (მდებარე: ქ. ქუთაისი, გუმათის დასახლება, ...ს ქუჩა №2ა); დ) ქუთა... (მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ს ... ჩიხი, №...); ე) თე... (მდებარე: ქ. თერჯოლა, ...ის ქუჩა №3). საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს 1992 წლის 23 ივნისის №115 ბრძანებით კი, ქუთ...ს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ქუ... „ნ...“. ამავე ბრძანებით დამტკიცდა ქუთაისის საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ წესდება.

1996 წლის 17 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტი შედგა მასზე, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ქუთაისის სამმართველომ მისი უფროსის - ზ. ნ-ეის სახით ჩააბარა, ხოლო საწარმოო კომბინატი „ნ...ს“ შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელმა ლ. ნ-ემ ჩაიბარა ქ. ქუთაისში, ნ...ს ქ. ... ჩიხი №1-ში საწარმოო კომბინატი „ნ...ს“ ქონება ამავე აქტში მითითებული ჩამონათვალით, რომელშიც მე-9 ნომრად მითითებული იყო სათბური. აქტის თანახმად, განაშენიანების საერთო ფართობი იყო - 5944.5 კვ.მ. 1996 წლის 25 იანვარს კი, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ გაცემულ იქნა საკუთრების დამადასტურებელი №48/132-„პ“ მოწმობა, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის 1996 წლის 17 იანვრის №160 ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საწარმოო კომბინატი „ნ...ს“ შრომითი კოლექტივის ამხანაგობას (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნ...ს ქ. ... ჩიხი №1) საკუთრებაში გადაეცა საწარმოო კომბინატი „ნ...“, მიწის ფართობი - 5944,5 კვ.მ.

2007 წლის 5 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, ქ. ქუთაისში ნ...ს ქ. მე-7 ჩიხი (ყოფილი ... ჩიხი) №1-ში, სს „ნ...ს“ საკუთრებაში რეგისტრირებულია იყო შემდეგი უძრავი ნივთები: ა) №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, ფართობით - (დაუზუსტებელი) 1514,1 კვ.მ; ბ) №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, ფართობით (დაუზუსტებელი) - 4605,3 კვ.მ; გ) №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, ფართობით (დაუზუსტებელი) - 2410,3 კვ.მ; დ) №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, ფართობით (დაუზუსტებელი) - 609 კვ.მ; ე) №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, ფართობით (დაუზუსტებელი) - 1527,7 კვ.მ. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად კი, ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთების რეგისტრაციის საფუძვლებში მითითებული იყო საკუთრების დამადასტურებელი №48/132-„პ“ მოწმობა. ამასთან, ყველა უძრავი ნივთის წინა საკადასტრო კოდი იყო №.... დასახელებული რეგისტრაციებით სს „ნ...ს“ საკუთრებაში სულ რეგისტრირებული იქნა 10666,4 კვ.მ ფართობი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ №48/132-„პ“ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაცემული იყო არა სს „ნ...ზე’’, არამედ საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ სახელზე და ზემოთ აღნიშნულ საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე, №48/132-„პ“ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად, ასევე უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებული იყო 1996 წლის 17 იანვრის №160 ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, ქუთაისის სასამართლოს 1996 წლის 16 სექტემბრის და 1998 წლის 23 აპრილის დადგენილებები და საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ ქონების ბაზაზე წარმოქმნილ საწარმოთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა 1999 წლის 30 ივნისის კრების ოქმი. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 16 სექტემბრის დადგენილებით, განხორციელდა სააქციო საზოგადოება „ნ...ს“ რეგისტრაცია (იურ. მის.: ქ. ქუთაისი, ნ...ს ქუჩა ... ჩიხი №1). 1998 წლის 23 აპრილის დადგენილებით, ცვლილებები შევიდა სს „ნ...ს“ სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერებში, რისი საფუძველიც გახდა სააქციო საზოგადოება „ნ...ს“ აქციონერთა 1998 წლის 6 აპრილის საერთო კრების დადგენილების შესაბამისად სს „ნ...ს“ ... წარმოების გამოყოფის შედეგად ახალი საწარმოს - შპს „ა...-ის“ დაარსება. საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ ქონების ბაზაზე წარმოქმნილ საწარმოთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა 1999 წლის 30 ივნისის კრების ოქმით კი, დამტკიცდა ყოფილ საწარმოო კომბინატ „ნ...ზე“ მიმაგრებული მიწის ნაკვეთის განაწილების გეგმა.

ასევე დადგენილია, რომ საწარმო კომბინატ „ნ...ს“ ქონების ბაზაზე წარმოქმნილ საწარმოთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა კრების ოქმის მიხედვით, 1999 წლის 30 ივნისს ქუთაისში, სააქციო საზოგადოება „ნ...ს“ ადმინისტრაციულ შენობაში (ქუთაისი, ნ...ს ქუჩა, ... ჩიხი, 1) გაიმართა ყოფილი საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ ქონების ბაზაზე წარმოქმნილ საწარმოთა ერთპიროვნულ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა კრება. კრებაზე აღინიშნა, რომ ყოფილი საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ ქონება 1996 წელს მთლიანად შეისყიდა ამავე კომბინატის თანამშრომელთა ამხანაგობამ, რის დასტურადაც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ 1996 წლის 25 იანვარს ამხანაგობის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - ლ. ნ-ეის სახელზე გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №48/132-„პ“, რისი გაცემის საფუძველია 1996 წლის 17 იანვრის სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №160 და მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულ საკუთრების მოწმობაში მიწის ფართობად მითითებულია 5944.5 კვ.მეტრი. 1996 წელსვე, ამხანაგობის წევრებმა შესყიდული ქონების ბაზაზე დააარსეს ხუთი საწარმო: სააქციო საზოგადოება „ნ...“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები: „კ...“, „ბა...“, „ხ...“ და „ბ...“. ყოფილი საწარმო კომბინატ „ნ...ს“ მთელი შესყიდული ქონება ამ საწარმოთა შორის განაწილდა. მოგვიანებით, 1998 წლის აპრილში სააქციო საზოგადოება „ნ...ს“ ნატურით გამოეყო მიწის წილი და ჩამოყალიბდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა...“. მომხსენებელმა კრებას წარუდგინა ყოფილ საწარმოო კომბინატ „ნ...ზე“ მიწერილი მიწის ნაკვეთის დანაწილების სქემა ამ კომბინატის ქონების ბაზაზე წარმოქმნილ საწარმოთა შორის და კრებამ დაამტკიცა საწარმოო კომბინატ „ნ...ზე“ მიმაგრებული მიწის ნაკვეთის განაწილების გეგმა რ. გ-ეის მიერ წარმოდგენილი სახით და თითოეულმა საწარმომ ან ნაკვეთიდან საკუთრების ან იჯარის უფლებით მიიღო მიწის ნაკვეთები, მათ შორის სს „ნ...მ“ – 10670 კვ.მ.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად, მიიჩნევს, რომ 1996 წლის 25 იანვარს საკუთრების დამადასტურებელი №48/132-„პ“ მოწმობის გაცემისა და მით უფრო, სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის 1996 წლის 17 იანვრის №160 ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დროს, სამართლებრივი სუბიექტი - სააქციო საზოგადოება „ნ...“ არ არსებობდა, ხოლო სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია განხორციელდა და საკუთრების მოწმობა გაიცა საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ სახელზე. ამასთან, პრივატიზებული ქონებაზე უფლებები და შესაბამისი წილები კი განაწილებული იყო სწორედ 1999 წლის 30 ივნისის კრების ოქმის საფუძველზე. ამასთან, სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ №48/132-„პ“ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ვერ იქნებოდა მხოლოდ სს „ნ...სათვის“ უფლების დამდგენი დოკუმენტი და იგი არ ქმნიდა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ კონკრეტულად სს „ნ...მ“ მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთებზე და საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ უფლებამონაცვლედ მხოლოდ სს „ნ...“ ვერ მიიჩნევა.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 27 ივნისს მომზადებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების თანახმად, ნაკვეთი მდებარე მისამართზე: ქ. ქუთაისი, ნ...ს ... ჩიხი (ყოფ. ნ...ს ... ჩიხი) №1, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას (ნაკვეთის ფაქტობრივი ფართობი არის 23829 კვ.მეტრი, კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ფართი უ.დ.დ-ს გარეშე: 23829 კვ.მ. შენიშვნა: საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის განცხადებებით უძრავი ქონების იპოთეკარად ითვლებიან; 1. შპს „ნ...“ 12.11.2001წ. №... განცხადებით 01.09.2001 წლის მდგომარეობით; 2. შპს „ბ...“ 12.11.2001წ. №... განცხადებით 01.09.2001 წლის მდგომარეობით; 3. შპს „ბა...“ 12.11.2001 წლის №03/97 განცხადებით 01.09.2001 წლის მდგომარეობით; 4. ინდ. მეწარმე გ. გ-ე 22.04.2002 წლის №03/902 განცხადებით 01.04.2002 წლის მდგომარეობით; 5. შპს „კ...“ 12.11.2001 წლის №03/100 განცხადებით 01.09.2001 წლის მდგომარეობით, ინვენტარის №II-274 გ-1კ). საქმის მასალებში არსებული, ამავე უძრავ ნივთთან დაკავშირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 19 აგვისტოს მომზადებული №... ცნობა-დახასიათების თანახმად კი, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ქუთაისი, ნ...ს ... ჩიხის (ყოფ. ნ...ს ... ჩიხი) №1, მესაკუთრეებად/მოსარგებლეებად საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ შრომითი კოლექტივის ამხანაგობის გარდა, ასევე მითითებული იყვნენ: შპს „ბ...“, შპს „კ...“, შპს „ა...“ და შპს „ბა...“.

ზემოაღნიშნულ ცნობა-დახასიათებაში მითითებულ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის 2007 წლის 13 ნოემბრის №II-274 გ-1კ ტექნიკური აღრიცხვის ბარათის მიხედვით კი, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალებში შენობა-ნაგებობები (მის.: ქუთაისი, ნ...ს ... ჩიხი №1 (ყოფ. ... ჩიხი №1)) უფლებით რეგისტრირებულია შემდეგ პირებზე: საწარმოო კომბინატი „ნ...ს“ შრომითი კოლექტივის ამხანაგობა, ფართი: 4519.50, დამხმარე-ნაგებობები - 2139.0, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 1) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №48/132-„პ“ 25.01.1996წ. 2) სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება №160, 17.01.1996წ. 3) მიღება-ჩაბარების აქტი 17.01.1996წ., მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი: 24643. საარქივო საბუთებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდნენ: შპს „ბ...“, შპს „ბა...“, შპს „ა...“, შპს „კ...“. ზემოთ აღნიშნული სუბიექტები არ არიან გამიჯნული საწარმოო კომბინატ „ნ...სგან“. ამასთან, ანალოგიური მონაცემები არის დატანილი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის 2010 წლის 14 ივლისის სააღრიცხვო ბარათზეც, ცალკეული შენობა-ნაგებობის ფართის მითითების გარეშე.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 აგვისტოს №... წერილში მითითებულია, რომ ქ. ქუთაისში, ნ...ს ... ჩიხის (ყოფ. ნ...ს ... ჩიხი) N1-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალის მიხედვით, საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ შრომითი კოლექტივის ამხანაგობის სახელზე აღრიცხული ფართის ოდენობა ვერ დგინდება. სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის აზომვით ნახაზზე (მომზადების თარიღი: 24.05.2012წ., მიწის ნაკვეთის მისამართი/ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ნ...ს ... ჩიხი (ყოფ. ნ...ს ... ჩიხი) №1, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი: 23829 კვ.მ) მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების მესაკუთრეების ან მოსარგებლეების შესახებ ცნობები არა იყო დატანილი, თუმცა ნახაზზე ჩანდა ნაკვეთის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში სათბურები №1 და №2.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სს „ნ...“ არ წარმოადგენს კომბინატის უფლებამონაცვლეს, რამდენადაც კომბინატი შეისყიდა ამხანაგობამ, რომელმაც დააარსა სს „ნ...“, შპს „ხ...“, შპს „ბ...“, შპს „კ...’’, და შპს „ბა...“. თავის მხრივ, სს „ნ...ს“ ნატურით გამოეყო შპს „ა...“. შესაბამისად, თუ რომელიმე საწარმომ მისთვის გამოყოფილი წილი ვერ მიიღო, აღნიშნული უფლებებს გაუჩენდა არა სს „ნ...ს“, არამედ მთლიანად შრომითი კოლექტივის ამხანაგობას და შესაბამისად, მათ მიერ დაფუძნებულ საწარმოებს. ამდენად, იქ ფაქტი, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მასალების თანახმად ქ. ქუთაისში, ნ...ს ... ჩიხის (ყოფ. ნ...ს ... ჩიხი) №1-ში მდებარე 23829 კვ.მ ფართზე მხოლოდ სს „ნ...ს“ უფლება იყო აღრიცხული, მიუთითებდა, რომ საწარმოო კომბინატი „ნ...ს“ ქონებრივი აქტივი სრულად არ იყო გადაცემული სს „ნ...სათვის“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება შედიოდა №48/132-„პ“ საკუთრების მოწმობაში აღნიშნულ პრივატიზებულ ქონებაში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენდა მხოლოდ სს „ნ...ს“ უფლების დამდგენ დოკუმენტს და მისი უფლებები განსაზღვრული იყო 1999 წლის 30 ივნისის კრების ოქმით, სადავო მიწის ნაკვეთი არ შედიოდა დასახელებული ოქმით სს „ნ...სთვის“ გამოყოფილ ფართობში, რაც სს „ნ...ს“ უკვე რეგისტრირებული ჰქონდა სრულად, ხოლო აღნიშნული კრების ოქმით გათვალისწინებულის გარდა სხვა ქონებაზე კი, მით უფრო საწარმოო კომბინატ „ნ...ს“ მთელ ქონებაზე, სს „ნ...ს“ უფლებები არ გააჩნდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარის პოზიცია, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მონაცემების საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მონაცემებად ჩათვლის შესახებ, მოკლებული იყო სამართლებრივ დასაბუთებას და ტექინვენტარიზაციის ბიუროში არსებული ჩანაწერები წარმოადგენდა მხოლოდ უფლების შემდგომი რეალიზაციის მართლზომიერ საფუძველს, თუ ასეთი უფლება სათანადო წესით იყო აღრიცხული. აღნიშნული კი ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობების არსებობას.

გარდა ამისა, განსახილველ შემთხვევაში, შეფასების საგანს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინების კანონიერება, რომლითაც ერთი მხრივ არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მესამე პირად შპს „ა...“, შპს „კ...“, შპს „ხ...“, შპს „ბ...სა“ და შპს „ბა...“ ჩაბმის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მოწმედ ე. ჩ-ისა და ტ. ჯ-ეის დაკითხვის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს აღნიშნულ პირებს დაიცვან საკუთარი კანონიერი ინტერესები, როდესაც ისინი საქმეში მონაწილეობენ როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე მხარე. საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) მოწვევას. მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა, კონკრეტული გარემოებების არსებობისას, სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლოში მესამე პირების აუცილებელ, სავალდებულო მოწვევას. მოწვევა სავალდებულოა, თუ მოსაწვევი მესამე პირი სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში იმ ხარისხით არის ჩაბმული, რომ მასთან მიმართებაში მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ე.ი. სასამართლო გადაწყვეტილება იმავდროულად ზემოქმედებას ახდენს მესამე პირის უფლებაზე ან ინტერესზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროცესში მესამე პირად მოწვევა არ ატარებს ზოგად ხასიათს და მიმართულია არა მოსარჩელის ან მოპასუხის ინტერესების, არამედ უშუალოდ იმ პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისაკენ, რომელიც მოწვეულია მესამე პირის სტატუსით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა თავიდან აიცილოს ის არახელსაყრელი ზემოქმედება, რაც შესაძლოა დადგეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ პირისათვის აღნიშნული პროცესუალური სტატუსის მინიჭება შესაძლოა მხოლოდ იმ პირობებში, თუ ის არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მესამე პირთა ინსტიტუტის მიზანს სამართლებრივი ინტერესების დაცვა, საქმის ყოველმხრივი განხილვა, ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნება და სამართლებრივი უზრუნველყოფა წარმოადგენს. ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობა მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტთან მიმართებაში გამოიხატება იმით, რომ ერთი სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრება რამდენიმე ურთიერთობის შინაარსი, მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე ურთიერთობის შინაარსს განსაზღვრავს, პრეიუდიციული დანიშნულება აქვს. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ჩაბმისას სახეზეა მესამე პირთა როგორც სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მათთვის გარკვეული უფლებებისა და მოვალეობების დაკისრება“ (სუსგ №ბს-280(კს-23), 05.05.2023წ.)

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებაში, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად შპს „ა...-ის“-, შპს „კ...-ის“, შპს „ხ...-ის“, შპს „ბ...სა“ და შპს „ბა...-ის“ ჩაბმის შუამდგომლობაზე მსჯელობის ფარგლებში სასამართლოს მიერ აღნიშნულ პოზიციას, რომ მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე ხელახალი სამართალწარმოების ფარგლებში მოსარჩელე მხარემ დააზუსტა, რომ დაზუსტებული რეგისტრაციით რეგისტრირებულ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში სადავო ნაკვეთი (2843 კვ.მ) არ შედიოდა და სადავო ნაკვეთსა და მასზე არსებულ სათბურებზე მოსარჩელეს მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება, გამოიკვეთა, რომ განსახილველი დავა და მასზე მიღებული შედეგი ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაში არსებულ პირთა (შპს „ა...“, შპს „კ...“, შპს „ხ...“, შპს „ბ...სა“ და შპს „ბა...“) უფლებებს არ ეხებოდა/შეეხებოდა.

რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მოწმის სახით ე. ჩ-ისა და ტ. ჯ-ეის დაკითხვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 11 აპრილს გამართულ სხდომაზე დასახელებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოთქმულ პოზიციაზე, რომ მოსარჩელე ითხოვდა იმ პირების მოწმის სახით დაკითხვას, რომლებმაც გ. გ-ეს დაუდასტურეს სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, ხოლო სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთზე გ. გ-ეის საკუთრების უფლების აღიარების ბათილობას მხარე ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ ამ ნაკვეთზე მას მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება, თუმცა აღიარების ტექნიკური საფუძვლები, მათ შორის, ფლობის ფაქტის დადგენა, მოსარჩელის მხრიდან დავის საგანი ვერ გახდებოდა, სანამ იგი ნაკვეთზე თავის უფლებას არ დაადასტურებდა, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. გ-ეის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადგენას წინამდებარე დავასთან შემხებლობა არ ჰქონდა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აღიარების კომისიის მხრიდან გ. გ-ეის ფლობის ფაქტის არასწორად დადგენის შემთხვევაშიც, მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული დავის საგანი შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს სადავო ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოპოვებული ექნებოდა, ამ შემთხვევაში კი აღიარების აქტი მოწმის ჩვენების მიუხედავადაც გაუქმდებოდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოწმედ ე. ჩ-ისა და ტ. ჯ-ეის დაკითხვის თაობაზე სს „ნ...ს“ შუამდგომლობა, რამდენადაც, განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტების კანონიერებასა და თითოეულ სასარჩელო მოთხოვნაზე მსჯელობის ფარგლებში, გამოკვლეულ და შეფასებულ იქნა საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება და დავის გადაწყვეტისთვის არ იკვეთებოდა მოწმედ ე. ჩ-ისა და ტ. ჯ-ეის დაკითხვის აუცილებლობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა სს „ნ...ს“ მოთხოვნა საქმეში მესამე პირებად შპს „ა...-ის“, შპს „კ...-ის“, შპს „ხ...-ის“, შპს „ბ...სა“ და შპს „ბა...-ის“- ჩართვასა და მოწმეთა სახით ე. ჩ-ისა და ტ. ჯ-ეის დაკითხვაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სს „ნ...ს“ საკასაციო საჩივარზე 23.08.2024წ. №23436554290 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ნ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინება;

4. რ. ფ-ეს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.08.2024წ. №23436554290 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა