Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე #ბს-212(კ-25) 8 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „გ...“

მესამე პირი (ასკ 16.2) – ნ. ი-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 19 ნოემბერს შპს „გ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2018 წლის 9 ივლისის #02-382/მ ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის - მ. მ-ე-ხ-ის 2018 წლის 5 ივლისის წერილის საფუძველზე, შეისწავლა პაციენტ ლ. პ-ისადმი შპს „გ...ში“ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხი, რის საფუძველზეც, 2019 წლის 3 სექტემბერს შედგა #... რევიზიის აქტი.

მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 25 იანვარს პაციენტს კლინიკაში გაუკეთდა გეგმიური ოპერაცია - ...ს დახურვა. ამავე ოპერაციის დროს, მასიური შეხორცებების გამო, საჭირო გახდა წვრილი ... ... და .... იგი გაეწერა 9 დღეში, თუმცა 3 დღეში კლინიკაში შემობრუნდა ...ისა და ...ის გამო. მას ჩაუტარდა დამატებითი ოპერაცია, რის შემდგომაც მან კლინიკაში დაჰყო 21 დღე და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პაციენტი არის შშმ პირი ...ის დაავადების (თანდაყოლილი ...) გამო. რევიზიის აქტის თანახმად, ლ. პ-ისადმი გაწეული სამედიცინო მომსახურება ჩაითვალა არასრულად/არაჯეროვნად, რის გამოც პაციენტის არც ერთი ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდი (არაჯეროვანი მკურნალობისა და რეჰოსპიტალიზაციის მიზეზით) არ დაექვემდებარა ანაზღაურებას და არაჯეროვანი/არასრული მომსახურების გამო, კლინიკა დაჯარიმდა პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის სამმაგი ოდენობით - 8 570.25 ლარით.

მოსარჩელე არ ეთანხმება ზემოაღნიშნულ დასკვნას, რომ პაციენტ ლ. პ-ისადმი გაწეული სამედიცინო მომსახურება იყო არასრული ან არაჯეროვანი, რამდენადაც პაციენტს ჩაუტარდა ორი ურთულესი ოპერაცია, რთული პოსტოპერაციული პერიოდით, რომელიც საჭიროებდა მაღალკვალიფიციურ პოსტოპერაციულ მართვას ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის ჩათვლით. ამასთან, პაციენტმა ორივე ჰოსპიტალიზაციის პერიოდში კლინიკაში დაჰყო 31 დღე, რაზეც კლინიკის მხრიდან დაიხარჯა მნიშვნელოვანი ფინანსური, მატერიალური და პროფესიული რესურსი. ასევე, პაციენტის მკურნალობა, საბოლოოდ, აღმოჩნდა წარმატებული, იგი გადარჩა და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან.

მოსარჩელე, აგრეთვე, მიუთითებს, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს განხილულ იქნა ზემოაღნიშნულ რევიზიის აქტზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, სადაც იმსჯელეს როგორც მკურნალმა ექიმმა, ასევე, კლინიკის სხვა წარმომადგენლებმა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 2018 წელს პაციენტის ორი ჰოსპიტალიზაციის განმავლობაში ჩატარებული მკურნალობის ანაზღაურებაზე უარის თქმა და მით უფრო, მკურნალობის ხარჯების დასაფარად მოთხოვნილი თანხის სამმაგი ოდენობით კლინიკის დაჯარიმება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

ამდენად, მოსარჩელემ (1) ჯარიმის დაკისრების თაობაზე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 3 სექტემბრის #... რევიზიის აქტისა და (2) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 29 ოქტომბრის #02/56383 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. ი-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 19 თებერვალს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და სათანადო მოპასუხედ მიუთითა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „გ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 3 სექტემბრის #... რევიზიის აქტი; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 29 ოქტომბრის #02/56383 გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით არასწორად შეფასდა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც, საბოლოოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მომსახურების მიმწოდებლისათვის ჯარიმის არასწორად დაკისრება გამოიწვია. კერძოდ, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავდნენ საკმარის დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რატომ შეფასდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასანაზღაურებელი შემთხვევის ფარგლებში ჩატარებული სამედიცინო მომსახურება არასრულად, ასევე, სადავო აქტებით არ იყო ახსნილი, თუ რატომ იქნა პაციენტის რეჰოსპიტალიზების აუცილებლობა დაკავშირებული შპს „გ...ში“ 25.01.2018წ.-03.02.2018წ. პერიოდში გაწეულ მომსახურებასთან, მაშინ, როდესაც, თავად რეცენზენტის მიერ ჩატარებული მკურნალობა შეფასებული იყო ადეკვატურად, ხოლო პირველი ჰოსპიტალიზებისას დაფიქსირებული ... და ... რეჰოსპიტალიზების გამომწვევ უპირობო ფაქტორად განხილული არ იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის შეფასებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ასევე, სარეცენზიო დასკვნითა და რეცენზენტის განმარტებით, დასტურდება, რომ პაციენტის განმეორებითი ჰოსპიტალიზაციისა და ...ის განვითარების მიზეზი იყო ...ის უკმარისობა, რისი განვითარების ერთ-ერთ რისკ ფაქტორს, რეცენზენტის შეფასებით, წარმოადგენს ... და .... კასატორი აღნიშნავს, რომ ჰოსპიტალიზაციისას ...ი იყო ნორმის ფარგლებში და 29.01.2018წ. და 30.01.2018წ. ჩატარებულ სისხლის საერთო ანალიზში დაფიქსირებულია ... (...ი 78 გ/ლ და 79 გ/ლ), რის მიუხედავადაც, სტაციონარში ყოფნის პერიოდში, 4 დღის განმავლობაში, ანემიის მაჩვენებლები გადამოწმებული არ არის და ...ს შემცველობა საერთოდ არ არის განსაზღვრული. მეორე ჰოსპიტალიზაციისას კი, აღინიშნა მკვეთრი ... (...ი 67 გ/ლ) და ... (საერთო ცილა 47.4 გ/ლ).

ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ ოპერაციის ოქმი (#4) შევსებულია ხარვეზებით: არ არის მითითებული რეზეცირებული წვრილი ... სიგრძე; არ არის მითითებული, ...დან რა მანძილზე მოხდა წვრილი ... ... და შესაბამისად, ...; რომელი ძაფით და როგორი ნაკერებით დაედო ...; ოპერაციის დასახელებაში გამორჩენილია ...; სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის (#264) სატიტულო გვერდზე ოპერაციის დასახელებაში არ არის მითითებული წვრილი ... ....

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის შესწავლისას, სააგენტომ იხელმძღვანელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის თანახმად, რევიზიისას შესაძლებელია, გამოყენებულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რეცენზენტთა დასკვნები.

ამავე დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისათვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობით“. შესაბამისად, კასატორი აღნიშნავს, რომ რამდენადაც შპს „გ...ს“ მიერ გაწეული მომსახურება ჩაითვალა არასრულად/არაჯეროვნად, მას დაეკისრა პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის (2856.75 ლარი) სამმაგი ოდენობა, რამაც შეადგინა 8 570.25 ლარი.

ამასთან, ზემოაღნიშნული დადგენილების #1 დანართის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის იმავე დაწესებულებაში იმავე დიაგნოზით ან გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ასევე, მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სააგენტომ საქმის სრულყოფილი შესწავლის შედეგად, წარდგენილი მტკიცებულებებისა და რეცენზიის დასკვნის საფუძველზე, მართებულად ჩათვალა გაწეული მომსახურება არასრულად/არაჯეროვნად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს (1) ჯარიმის დაკისრების თაობაზე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 3 სექტემბრის #... რევიზიის აქტისა და (2) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 29 ოქტომბრის #02/56383 გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები დამატებითი ფინანსური ჯარიმა. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

ამავე დადგენილების #1 დანართის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. ამასთან, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის იმავე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ასევე მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.

ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის გამო: ა) პაციენტის გადაყვანის ან გაწერიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით პაციენტის რეჰოსპიტალიზაციისას, პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციაზე პასუხისმგებელია ის დაწესებულება, სადაც არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) იქნა ჩატარებული მკურნალობა; ბ) გართულებული შემთხვევის დაფინანსებასა და პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციაზე პასუხისმგებელია ის დაწესებულება, სადაც არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) იქნა ჩატარებული მკურნალობა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწვეული სპეციალისტის - გ. თ-ეის განმარტებაზე, რომ დოკუმენტაციის შევსებასთან მიმართებით გამოთქმულია შენიშვნები, თუმცა ოპერაციის ოქმში იგივე ინფორმაცია ასახულია. რაც შეეხება შენიშვნას, რომელიც შეეხება ამოჭრილი ... ზომის დადგენას, ოპერაციის ოქმში ასახულია მონაცემები, რაც იძლევა იმავე მონაცემის დადგენის შესაძლებლობას. ამასთან, აღნიშნულ მონაცემს აქვს მხოლოდ აკადემიური მნიშვნელობა და არა პრაქტიკულ-კლინიკური. რაც შეეხება შენიშვნას სწორი ... გაზომვასთან მიმართებით, სპეციალისტმა განმარტა, რომ მხოლოდ ... გაზომვის მიზნით ... დამატებითი ტრავმაა პაციენტისათვის, რაც გაუმართლებელია სამედიცინო კუთხით. ამასთან, გაცალკევების შემდეგ შესაძლოა კვლავ შეხორცდეს, მათ შორის იმგვარად, რომ გამოიწვიოს გაუვალობა. სპეციალისტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ოპერაციის #4 ოქმში ასახულია, რომ ოპერაციისას აღმოჩენილი შეხორცებების გაშლამ გამოიწვია ... დაზიანება, შესაბამისად, ... გაზომვის მიზნით ... გაშლის გაგრძელება დაუშვებელი ტაქტიკა იქნებოდა. სპეციალისტმა, ასევე, განმარტა, რომ შენიშვნას, თუ რა სახის ძაფი იქნა გამოყენებული, აღნიშნული დაავადების მართვასთან კავშირში არ აქვს. ამასთან, სტაციონარში პაციენტის ყოფნის ბოლო სამი დღის განმავლობაში ...ის გადამოწმების აუცილებლობა სახეზე იყო, თუმცა ვინაიდან პაციენტს ესხმებოდა სისხლი და განმზავებლები, რომლებიც სისხლის ფორმულის დადგენაზე გავლენას ახდენენ, ...ის გადამოწმებით იმ ეტაპზე უტყუარი მაჩვენებელი არ დადგინდებოდა. სისხლის გადასხმისას განზავების პირობებში ...ი მცირდება, შესაბამისად, დაახლოებით ერთი კვირის თავზე ამბულატორიულად ჩატარებული გადამოწმებით დადგინდებოდა რეალური სურათი. სპეციალისტმა, ასევე, განმარტა, რომ რეჰოსპიტალიზაციის გადაუდებელ მიზეზად ... და ... არ შეიძლება იყოს განხილული. ამასთან, გაწერისას ...ი რომც გადამოწმებულიყო და შედეგი დადგენილიყო დაბალი მონაცემით, პაციენტი მაინც გაეწერებოდა. რაც შეეხება ...ის უკმარისობის შემთხვევას, ეს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ... შეერთებისას ნაკერის უკმარისობით, რისი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ...ის ნაკლებობაც, ან პირიქით, ...ს პირობებში ... ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა. რაც შეეხება რეჰოსპიტალიზაციის მიზეზს, ...ის რისკ-ფაქტორად ცნობილია, სულ ცოტა, 5 შემთხვევა, მათ შორის არის ...ის ნაკლებობაც. თუმცა განსახილველი პაცენტის შემთხვევაში, ...ის განვითარებისათვის დაფიქსირებული იყო სხვა რისკ-ფაქტორიც, მათ შორის, ქრონიკული დაავადება. სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით მოწვეულმა ზ. დ-იმა მხარი დაუჭირა მის მიერ გაცემულ რეცენზიას და განმარტა, რომ როგორც პირველი, ისე მეორე ოპერაციისას დიაგნოზი სწორად იყო დასმული და ოპერაციული ტაქტიკა სწორად იყო არჩეული, მკურნალობა ჩატარდა ადეკვატურად.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რეჰოსპიტალიზების აუცილებლობა, თავისთავად, არ ადასტურებს ასანაზღაურებელი შემთხვევის ფარგლებში განხორციელებული მომსახურების არასრულად/არაჯეროვნად განხორციელებას, რაც „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით არის მოაზრებული. როგორც საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზით, ასევე, სპეციალისტების მიერ სასამართლოსათვის მიცემული განმარტებებით დგინდება, პოსტოპერაციული ...ის უკმარისობის განვითარების რისკ-ფაქტორებისაგან ერთ-ერთია ...ის ნაკლებობა, რაც, განსახილველ შემთხვევაში, პაციენტისათვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე პირველი ჰოსპიტალიზებისას დადგენილი იყო. ასევე, პაციენტს დანიშნული ჰქონდა შესაბამისი მკურნალობა, ხდებოდა სისხლის გადასხმა, რაც სპეციალისტის განმარტებით, სისხლის ფორმულის ზუსტი მოცემულობის დადგენისათვის ხელშემშლელ ფაქტორად განიხილება. შესაბამისად, საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ სისხლის საერთო ანალიზის გადამოწმების გარეშე პაციენტის გაწერა პაციენტის რეჰოსპიტალიზაციის გამომწვევ უტყუარ მიზეზად არ შეიძლება იქნეს განხილული. მართალია, რეცენზენტის მიერ გამოთქმულია შენიშვნა, რომ ჰოსპიტალიზებისას მე-4 დღეს ანემიის აღმოჩენის შემთხვევაში, გაწერამდე სამი დღის განმავლობაში სისხლის საერთო ანალიზი არ ჩატარებულა, თუმცა რეცენზენტი აღნიშნული ლაბორატორიული კვლევის ჩაუტარებლობას არ მიიჩნევს სამედიცინო მოსამხურების არასრულად გაწევის დამადასტურებელ გარემოებად. ასევე, საქმეში დაცული, სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული, პაციენტისათვის გაცემული მკურნალობისათვის ექიმების მიერ პაციენტის მოვლა, ლაბორატორიული კვლევები, ოპერაციის შემდგომი დანიშნულება, რასაც გადიოდა პაციენტი პირველადი ჰოსპიტალიზებისას, რეცენზენტის მიერ მიჩნეულია ადეკვატურ მკურნალობად. სპეციალიტების მიერ რეჰოსპიტალიზების აუცილებლობა განხილულია პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობით, მათ შორის, თანმხლები ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული გართულებების ერთობლიობით.

შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით არასწორად შეფასდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რამაც, საბოლოოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მომსახურების მიმწოდებლისათვის ჯარიმის უკანონოდ დაკისრება გამოიწვია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ საკმარის დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რატომ შეფასდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასანაზღაურებელი შემთხვევის ფარგლებში ჩატარებული სამედიცინო მომსახურება არასრულად, ასევე, სადავო აქტებით არ არის ახსნილი, თუ რატომ იქნა პაციენტის რეჰოსპიტალიზების აუცილებლობა დაკავშირებული შპს „გ...ში“ 25.01.2018წ.-03.02.2018წ. პერიოდში გაწეულ მომსახურებასთან, მაშინ, როდესაც, თავად რეცენზენტის მიერ, ჩატარებული მკურნალობა შეფასებულია ადეკვატურად, ხოლო პირველი ჰოსპიტალიზებისას დაფიქსირებული ... და ... რეჰოსპიტალიზების გამომწვევ უპირობო ფაქტორად არ არის განხილული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) საკასაციო საჩივარზე 05.11.2024წ. #09305 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება;

3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.11.2024წ. #09305 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა