საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-632(3კ-24) 01 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ინდმეწარმე თ. ფ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2023წ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ინდმეწარმე თ. ფ-ამ 15.03.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ (საქმე №3/1629-22). მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 09.03.2021წ. დასკვნის, 31.03.2021წ. №... კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის, 22.07.2021წ. N23868 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.09.2021წ. №14212/2/2021 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ინდმეწარმე თ. ფ-ამ 15.06.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ (საქმე №3/4013-22). მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 11.08.2021წ. დასკვნის, 26.08.2021წ. №... კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის, 08.11.2021წ. №34868 ბრძანებისა და საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.02.2022წ. №14966/2/2021 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.11.2022წ. განჩინებით ზემოთ მითითებული ადმინისტრაციული საქმეები (№3/1629-22 და №3/4013-22) გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.01.2023წ. გადაწყვეტილებით ინდმეწარმე თ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 09.03.2021წ. დასკვნა, 31.03.2021წ. №... კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, 22.07.2021წ. №23868 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.09.2021წ. №14212/2/2021 გადაწყვეტილება, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 11.08.2021წ. დასკვნა, 26.08.2021წ. №... კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოსავლების სამსახურის 08.11.2021წ. №34868 ბრძანება, საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.02.2022წ. №14966/2/2021 გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა მათთან არსებული მტკიცებულებებითა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილებით საკითხის შესწავლის განხორციელება შაქრისა და ბურღულეულის ნაწილში, ფასნამატის გადაანგარიშება, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6000 (ექვსი ათასი) ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ინდმეწარმე თ. ფ-ას უნდა დაუბრუნდა 2000 (ორი ათასი) ლარი როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.01.2023წ. გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2023წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.01.2023წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 09.03.2021წ. დასკვნა, 31.03.2021წ. №... კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, 22.07.2021წ. №23868 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.09.2021წ. №14212/2/2021 გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში, ინდმეწარმე თ. ფ-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, თ. ფ-ას (პირადი №...) სარჩელზე 14.03.2022წ. №12826573719 საგადასახადო დავალებით და 14.06.2022წ. №13581800680 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 8000 (რვა ათასი) ლარიდან 3000 (სამი ათასი) ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, მოსარჩელე ინდმეწარმე თ. ფ-ას (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 8000 (რვა ათასი) ლარიდან 2000 (ორი ათასი) ლარი როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს ინდმეწარმე თ. ფ-ას (პირადი №...) სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2023წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრდა ინდმეწარმე თ. ფ-ას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.07.2024წ. განჩინებით ინდმეწარმე თ. ფ-ას საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა მის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 18.12.2024წ. შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და დავის საგნის არ არსებობის გამო მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 24.10.2024წ. №1530 განკარგულების საფუძველზე, ინდმეწარმე თ. ფ-ასა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის 06.11.2024წ. გაფორმდა №... საგადასახადო შეთანხმება, რომელიც სრულად შეეხო 29.08.2024წ. მდგომარეობით არსებულ როგორც აღიარებულ, ისე სადავო დავალიანებას, ხოლო განსახილველი საქმე შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021წ. №... საგადასახადო მოთხოვნაში ასახულ თანხებს. შუამდგომლობის ავტორმა საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს და წარმოდგენილ შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით და იმ მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის - საგადასახადო დავალიანება, რომლის შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 09.03.2021წ. დასკვნის, 31.03.2021წ. №... კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის, 22.07.2021წ. №23868 ბრძანების, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 11.08.2021წ. დასკვნის, 26.08.2021წ. №... კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.09.2021წ. №14212/2/2021 გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოსავლების სამსახურის 08.11.2021წ. №34868 ბრძანებისა და საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.02.2022წ. №14966/2/2021 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.12.2024წ. შუამდგომლობას ერთვის „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.10.2024წ. განკარგულება, ინდმეწარმე თ. ფ-ასა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის 06.11.2024წ. №... საგადასახადო შეთანხმება, აგრეთვე სსიპ შემოსავლების სამსახურის 03.12.2024წ. №25387 ბრძანება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საგადასახადო შეთანხმება ფორმდება შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით (292-ე-293-ე მუხ.). საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით საგადასახადო შეთანხმების გაფორმების საკითხებთან დაკავშირებული პროცედურა დეტალურად არის გაწერილი საქართველოს მთავრობის 04.04.2014წ. №275 დადგენილებით დამტკიცებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესით.“ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე გადასახადის გადამხდელი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს („წესის“ 3.1. მუხ.). შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს („წესის“ 4.1. მუხ. „ბ“ ქვ.პ.). საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას მის სხდომაზე განსახილველად („წესის“ 4.2. მუხ. და 293.1. „ბ“ ქვ.პ.). საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას, რომლითაც განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა („წესის“ 4.4. მუხ.). ამდენად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს შუალედურ ნორმატიულ რგოლს, რომელიც აკავშირებს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს მთავრობას. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში (291.1 მუხ.), გადასახადის გადამხდელის განცხადება წარედგინება საქართველოს მთავრობას მისი მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით (291.1. მუხ. „ბ“ ქვ.პ. და „წესის“ 4.2. მუხ.), ხოლო საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებას იხილავს საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ („წესის“ 4.3. მუხ.). ამდენად, უკეთუ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ და იგი მოწონებულია საქართველოს მთავრობის მიერ საამისოდ გათვალისწინებული შესაბამისი განკარგულების გამოცემით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადებითი პოზიცია საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე თავისთავად პრეზუმირებულია.
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.10.2024წ. განკარგულების დანართის მიხედვით, ინდმეწარმე თ ფ-ას (ს/ნ ...) განცხადებაში მითითებული დავალიანების თარიღისთვის, კერძოდ 29.08.2024წ. მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 4 324 981.89 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა იყო 1 280 142.38 ლარი, ავანსები - 263 059.90 ლარი, ჯარიმა - 754 014.22 ლარი, საურავი 2 027 765.39 ლარი, საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელის თანხა განისაზღვრა 1 280 142.38 ლარის ოდენობით. 06.11.2024წ. №... საგადასახადო შეთანხმების 3.1. მუხლის თანახმად, გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 1 280 142.38 ლარით. ამავე შეთანხმების 3.3. მუხლის მიხედვით საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელს 29.08.2024წ. მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 1 280 142.38 ლარით, ამასთან ამავე შეთანხმების მე-4 მუხლის თანახმად (საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი), საგადასახადო დავალიანება, რომლის შემცირების მიზნითაც გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულად. „წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების/მოსაკრებლის თანხების შემცირება მისი პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სსიპ შემოსავლების სამსახურის 03.12.2024წ. N25387 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ინდმეწარმე თ. ფ-ას (ს/ნ ...) 29.08.2024წ. მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 1 280 142.38 ლარით. სსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. სასამართლოში დავა იწყება სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის გზით, ამასთან, სწორედ მოსარჩელე განსაზღვრავს დავის საგანს და მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნას. დავის საგანი არის მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისადმი, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ და რომლის მიმართაც უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განჩინება), უფრო კონკრეტულად „საგანი“ არის მოთხოვნის შინაარსი (სუსგ ას-551-2023, 31.10.2023წ.). მოსარჩელე მოითხოვს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021წ. N... კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2021წ. N... კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას. სსიპ შემოსავლების სამსახური დავის საგნის არ არსებობის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტას მოითხოვს იმაზე მითითებით, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება შეეხო 29.08.2024წ. მდგომარეობით როგორც აღიარებულ, ისე არსებულ დავალიანებას, შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება შეეხო სასამართლოს მიერ შესაფასებელ მხარეთა შორის არსებულ სადავო პერიოდს. საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა, საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის/სანქციის დარიცხვა, ამასთან საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის და ამ საფუძვლით საგადასახადო შეთანხმების გაუქმების ფაქტი (საგადასახადო კოდექსის 293.6 მუხ.). სსიპ შემოსავლების სამსახურსა და ინდმეწარმე თ. ფ-ას შორის საგადასახადო შეთანხმება გაფორმდა 06.11.2024წ.. საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვრა 30 დღე შეთანხმებაზე ხელმოწერის დღიდან. საგადასახადო კოდექსის 293.5 მუხლის თანახმად საგადასახადო შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება მცირდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით (293.5 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში 03.12.2024წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ, საგადასახადო კოდექსის 293.5 მუხლის, საქართველოს მთავრობის 24.10.2024წ. განკარგულებისა და 06.11.2024წ. საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე, მიღებული იქნა ბრძანება საგადასახადო დავალიანების კორექტირების (შემცირების) შესახებ, კერძოდ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ინდმეწარმე თ. ფ-ას 29.08.2024წ. მდგომარეობით საგადასახადო დავალიანების თანხა განესაზღვრა 1 280 142,38 ლარის ოდენობით. შუამდგომლობის ავტორის - სსიპ შემოსავლის სამსახურის მითითებით მხარეთა შორის 06.11.2024წ. გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება სრულად შეეხო 29.08.2024წ. მდგომარეობით არსებულ დავალიანებას, მათ შორის განსახილველი დავის საგანს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მხარეთა შორის გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების გამო განსახილველი დავის საგანი აღარ არსებობს, რაც სსკ-ის 272-ე „ა1“ პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოშობს. სსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ 07.03.2022წ. და 10.06.2022წ. წარმოდგენილი სარჩელები თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.11.2022წ. განჩინებით გაერთიანდა ერთ წარმოებად. 07.03.2022წ. სარჩელზე 14.03.2022წ. №12826573719 საგადახდო დავალებით გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარის ოდენობით თანხა, ხოლო 10.06.2022წ. სარჩელზე - 14.06.2022წ. №13581800680 საგადახდო დავალებით 3 000 ლარის ოდენობით. სსკ-ის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ა.“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი, იგი საქმიან ურთიერთობაში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის ოდენობით აღემატება სსკ-ის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ა.“ ქვეპუნქტის მიხედვით ფიზიკური პირებისათვის განსაზღვრულ 3 000 ლარიან ზედა ზღვარს. აღნიშნულის გამო თ. ფ-ას უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა 2 000 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ინდმეწარმე თ. ფ-ას სარჩელზე, დავის საგნის არ არსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2023წ. გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.01.2023წ. გადაწყვეტილება;
4. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. თ. ფ-ას (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს სარჩელზე 14.03.2022წ. №12826573719 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარიდან - 2000 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე