Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-344(კ-25) 21 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ფ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის IDP 3 23 00001581 ბრძანება; ბ) დაევალოდ მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ფ-ის ერთსულიანი ოჯახის გრძელვადიანი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის IDP 3 23 00001581 ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ფ-ის (პ//ნ ...) ერთსულიანი ოჯახის გრძელვადიანის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ცხოვრების დამადასტურებლად დაუსაბუთებლად მიუთითა ისეთ მტკიცებულებებზე, რომლებიც აღნიშნული გარემოებას ვერ ადასტურებს, კერძოდ, ყოფილ ,,...ში’’ ცხოვრების დასადასტურებლად სასამართლომ მიუთითა გადასახადის ქვითრებზე, მეზობლების გამოკითხვაზე და სასამართლო პროცესზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე. შესაბამისად, სასამართლომ არასათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება და ყურადღების მიღმა დატოვა მონიტორინგის ოქმში თავად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე, 2023 წლის 19 ივნისის კომისიის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა იძულებით გადაადგილებული პირის - გ. ფ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. იმის დასადგენად, ობიექტის გამოთავისუფლების ეტაპზე ცხოვრობდა თუ არა მოსარჩელე მისამართზე ქ. გორი, ... ქ. №63, ყოფ. ,,...’’, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა მონიტორინგი მოსარჩელის ფაქტობრივ მისამართზე. როგორც საქმეში წარმოდგენილი განაცხადით ირკვევა, მოსარჩელე 2020 წლიდან უკვე მარტო აკეთებს განაცხადს, შვილების გარეშე. მისი შვილები - თ. მ-ე და გ. მ-ე დევნილის სტატუსიდან გამომდინარე 2019 წელს სახელმწიფომ უზრუნველყო საცხოვრებელი ფართით. ამასთან, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვევა გ. მ-ემ უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. გორი, ... ქ. №27, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა დას - თ. მ-ეს. 2023 წლის 28 აპრილს მისამართზე ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ... ქ. №10, კორპ. ბ. ბინა №11 განხორციელდა მონიტორინგი. მოსარჩელის განმარტებით 2022 წლიდან დღემდე ცხოვრობს შვილის საკუთრებაში. 2016 წლიდან 2022 წლამდე ცხოვრობდა მისამართზე ... ქ. №16, ი. ვ-ის სახლში, ქირის გარეშე. მონიტორინგის მისამართზე ბინის მესაკუთრე არის გ. მ-ე. მოსარჩელის განმარტებით, შვილი - თ. მ-ე ცხოვრობს ქ. გორში, ... ქ. №5, კერძო სახლში. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ აღნიშნული სახლი 2002 წელს შეიძინა მოსარჩელემ და 2012 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ყოფილ მეუღლეს - თ. მ-ეს. როგორც მოსარჩელე განმარტავს შეძენილი საკუთრება ჰქონდა დაკეტილი, ხოლო თავად ცხოვრობდა ,,...ში’’, თუმცა ობიექტის გამოთავისულების დროისათვის (2017 წელი), როგორც თავად განმარტა, 2016 წლიდან ცხოვრობდა ი. ვ-ის საკუთრებაში ქირის გარეშე. შესაბამისად, მისი ფაქტობრივად ცხოვრება ვერ დასტურდება 2017 წლის პერიოდისათვის ნგრევად ობიექტში, გარდა იმ გარემოებისა, რომ იგი თავის დროზე, როგორც სხვა დევნილი ოჯახები, რეგისტრირებული იყო ... ქუჩაზე. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დეტალურად შეისწავლა მოსარჩელის - გ. ფ-ის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, ამასათან, აღნიშნული განხორციელდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრება კასატორისათვის 1800 ლარის ოდენობით. ვინაიდან განსახილველი საკითხი არ არის განსაკუთრებული სირთულის კატეგორიის, დაკისრებული თანხის ოდენობა არაგონივრულია. ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმა გონივრულობის პრინციპზე მიუთითებს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის დაცული.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრა ციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე - გ. ფ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი რეგისტრაციის ადგილია ქ. გორი, ... ქ. №63, შპს „...ი“, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე წარმოადგენს მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ნგრევად შენობას (ს.ფ. 15, 63-69); ბ) მოსარჩელე გ. ფ-მა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით, მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის №99 ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, გ. ფ-ის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ განხილვის ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა თავისივე გასხვისებულ ფართში ცხოვრების გამო (დააკლდა: მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა. დაემატა: ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრება - 1.5 ქულა) (ს.ფ. 25-42); გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის №111 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის №99 გადაწყვეტილების საფუძველზე, გ. ფ-ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ქ. გორში, ... ქ. №63-ში, შპს „...ში” ფაქტობრივად არცხოვრების გამო (ს.ფ. 25-42); დ) 2019 წლის 11 მაისს და განმეორებით 2020 წლის 6 ნოემბერს გ. ფ-მა, როგორც ერთსულიანმა ოჯახმა, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით განაცხადი გააკეთა სსიპ – დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში და შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარები. ორივე განაცხადში და კითხვარში ფაქტობრივ მისამართად მიუთითა გორი, ... ქ. №63 (ტურბაზის შენობა) (ს.ფ. 121-127, 241-242, 244-248); ე) 2019 წლის 28 ნოემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, გ. ფ-ს მიენიჭა 1.00 ქულა კრიტერიუმი: - (56112) მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ფორმაში აღნიშნულია გ. ფ-ის ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი შიდა-ქართლი, გორი, ... ქ. №63. განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმაში მითითებულია, რომ სარეგისტრაციო ნომერზე მარტო იყო და განაცხადი თვითონ გააკეთა. განმცხადებელს საჯარო რეესტრის ვებ. გვერდის მონაცემებით უფიქსირდებოდა საკუთრება, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მის: გორი, ... ქუჩა №5 (ს.ფ. 111); ვ) 2020 წლის 26 ივნისის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, გ. ფ-ს მინიჭებული ჰქონდა 1.00 ქულა კრიტერიუმი: - (60697) მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ფორმაში აღნიშნულია გ. ფ-ის ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი შიდა-ქართლი, გორი, ... ქ. №63. განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმაში მითითებულია, რომ სარეგისტრაციო ნომერზე იყო მარტო. განაცხადი გაკეთა თვითონ, განმცხადებელს გააჩნდა საკუთრება, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მის: გორი, ... ქუჩა №5, რომელიც 2012 წლის 27 ივლისს გაასხვისა თ. მ-ეზე (ს.ფ. 110); ზ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის, კანონიერ ძალაში შესული 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, გ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის ბრძანება №111 და დაევალა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით (ს.ფ. 25-42); თ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის (საქმე №3ბ/1042-22) განჩინებით, არ დააკმაყოფილა გ. ფ-ისა და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და მხოლოდ მონიტორინგის მასალების საფუძველზე დაასკვნა, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობდა გორში, ... ქ. №63, „...ში’’ და მის საცხოვრებელს წარმოადგენდა თავისი გასხვისებული სახლი მდებარე ქ. გორი, ... ქ. №5. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ერთჯერადად საცხოვრებელ ფართში არყოფნა, ცალსახად არ გამორიცხავდა ამავე მისამართზე ცხოვრების შესაძლებლობას, რის გამოც აღნიშნული მოტივით განმცხადებლისთვის უარის თქმა დაუსაბუთებელი იყო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქალაქო სასამართლოში გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლითაც დასტურდებოდა მათი მოსარჩელესთან ერთად ...ში 1991 წლიდან 2017 წლამდე ცხოვრების ფაქტი. მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ...ში დარჩენილი იყო მოსარჩელის პირადი ნივთები, თუმცა შენობის მესაკუთრემ გ. ფ-ს შუქი ჩაუჭრა, ბინა დაუკეტა და მოსთხოვა შენობის დატოვება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა უნდა განხორციელებულიყო სადავო აქტის გამოცემის პერიოდთან მიმართებით, ვინაიდან მოსარჩელე ვეღარ ახორციელებდა ხსენებული ფართის ფლობას. გარდა ამისა, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისთვის მოსარჩელე განაცხადს აკეთებდა შვილთან, შვილიშვილთან და მის არადევნილ რძალთან ერთად, რის გამოც მისი განსახლების საკითხი განხილულ იქნა 2-ოთახიანი ბინით დაკმაყოფილების კუთხით, ვინაიდან ოჯახი შედგებოდა 4 სულისგან, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ოჯახში განხორციელებული ცვლილების შემდგომ სარეგისტრაციო ნომერზე გ. ფ-ის შემდგომი განცხადებები მის მიერ გაკეთებული იყო ინდივიდუალურად (ს.ფ. 44-61); ი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინებით (საქმე №ბს- 1022(2კ-22)) გ. ფ-ისა და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპალაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გ. ფ-თან მიმართებით ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმ პერიოდისთვის არსებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა მიიღოს მხედველობაში. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის პირობებში უპირველესად უნდა გადაწყდეს საკითხი არის თუ არა გ. ფ-ი კრიტერიუმების გარეშე განსახლების აუცილებლობის წინაშე მყოფი პირი. მხოლოდ ზემოაღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდგომ, შეცვლილი ფაქტობრივი მოცემულობის (სახელმწიფოს მიერ მისი შვილების გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილება, განაცხადის ინდივიდუალურად გაკეთება) გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას დევნილის ოჯახის წევრთა სულადობა უნდა გაითვალისწინოს. ამასთან, საკასაციო სასამართლომ, მიუთითა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ დავის გადაწყვეტისათვის არსებითად მიიჩნევდა გ. ფ-ის რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადგენას, რაც გამოიხატება აღნიშნულ მისამართზე ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრებით. მითითებული გარემოების დადასტურება კი, შესაძლებელი იყო გადასახადის გადახდის ქვითრებით, მეზობლების გამოკითხვით და სხვა მსგავსი მტკიცებულებების ერთობლიობით (ს.ფ. 63-69); კ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 იანვრის განჩინების (საქმე №ბს-1022(კ-22) აღსრულების მიზნით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება, რის შესახებაც 2023 წლის 30 მარტის IDP 6 23 00336826 წერილით აცნობა გ. ფ-ს (ს.ფ. 23); ლ) 2023 წლის 28 აპრილს განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ... ქუჩა, №10 კორპუსი, ბინა №11 და შეივსო გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა გ. ფ-ი, რომელმაც განმარტა, რომ 2022 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე - შვილის სახლში. 2016 წლიდან - 2022 წლამდე ცხოვრობდა ქ. თბილისში, ... №16, ბინა №16-ში - ი. ვ-თან სახლში, ქირის გარეშე, ხოლო 1991 წლიდან 2016 წლამდე - ქ. გორში, მისამართზე ... ქ. №63, მე-3 კორპუსი, ბინა №3, პირველი სართული (.../...). ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე არის შვილი გ. მ-ე, რომელიც ცხოვრობს იმავე მისამართზე. მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ როდესაც გ. ფ-ი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, ბინა მდებარე ქ. გორი, ... №5, იმ პერიოდში შეიძინეს - 2001 წელს. 2003 წელს მეუღლესთან დაეძაბა სიტუაცია და ამ პერიოდში განმცხადებელი ცხოვრობდა ,,...ში’’. განმცხადებლის ყოფილი მეუღლე კი, სამაჩაბლოში. შეძენილი საკუთრება ჰქონდათ დაკეტილი, არავინ ცხოვრობდა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც უფრო დაეძაბათ ურთიერთობა, ფორმალურად გაფორმებული საკუთრება უკან დაუბრუნა ყოფილ მეუღლეს, სავარაუდოდ - 2012 წელს. შემდგომ, 2019 წელს როდესაც მათი შვილი თ. განქორწინდა მეუღლესთან, მამამისმა მისცა უფლება თ. თავის 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად აღნიშნულ სახლში ეცხოვრა. (ს.ფ. 137-140); მ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 19 ივნისის №37 სხდომის ოქმის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, კომისიამ განმეორებით იმსჯელა დევნილი გ. ფ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, გ. ფ-ს უარი ეთქვა ნგრევად ობიექტში (ქ. გორი, ... ქ. №63, ყოფილი ,,...’’) დევნილთა განსახლების ეტაპზე, ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო (ს.ფ. 141-149); ნ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის IDP 3 23 00001581 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების (№37 სხდომის ოქმი) საფუძველზე, გ. ფ-ის ოჯახს, ნგრევად ობიექტში (ქ. გორი, ... ქუჩა N63, ყოფილი ,,...’’) დევნილთა განსახლების ეტაპზე, ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. გორში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ. 22); ო) სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით, გამოიკითხა ზ. თ-ი. მოწმის განმარტებით, ცხოვრობს ქ. გორში, ... ქუჩა №12, ბინა 47-ში. გ. ფ-ი ცხოვრობდა მის მეზობლად, იმავე უბანში. მისი შვილი - გ. მ-ე იყო კლასელი, ერთად გაიზარდნენ და ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდათ. გ. ფ-ის ოჯახი ,,...ში’’ 1990-1991 წლებიდან 2018 წლამდე ცხოვრობდა. 2017 წელს იყო განსახლება და ზოგი ოჯახი გაასახლეს, თუმცა არც გ. ოჯახი და არც თავისი ოჯახი არ გაუსახლებიათ. თავად როგორც დევნილი პირი - 2020 წელს დაკმაყოფილდა სასამართლოს გადაწყვეტილებით (16.02.24წ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 205-222); პ) სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით, გამოიკითხა ი. გ-ე. მოწმის განმარტებით, 2008 წლიდან იცნობს გ. ფ-ს, რომელიც მისი მეგობრის - გ. მ-ის დედაა. ისინი ერთ ეზოში ცხოვრობდნენ, გ. ფ-ის ოჯახი პირველ სართულზე ცხოვრობდა, თავად ,,...ში’’ 2008 წლიდან - 2019 წლამდე ცხოვრობდა. რამდენადაც ახსოვს, გ. ფ-ის ოჯახი 2018 წლამდე ცხოვრობდა ...ში 16.02.24წ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 205-222); ჟ) საქმეში წარმოდგენილია კომუნალური მომსახურების, ელექტრო ენერგიის კომპანიის სს „...ის“ ამონაწერი, რომლის თანახმადაც, ქ. გორში, ... ქუჩა №63/2, ბინა 3-ში რეგისტრირებული იყო აბონენტი ..., მ- გ. - გადახდები შესრულებულია 2014 წლიდან 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით. 2018 წლის ოქტომბრის თვიდან გადახდები არ ფიქსირდება (ს.ფ. 226-231);

საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემულ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა და 2023 წლის 12 იანვრის განჩინებაში (ბს-1022(2კ-22)), რომლითაც საქმე ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახლა გამოსაკვლევად დაუბრუნდა, განმარტა, რომ სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის პირობებში უპირველესად უნდა გადაწყდეს - არის თუ არა გ. ფ-ი კრიტერიუმების გარეშე განსახლების აუცილებლობის წინაშე მყოფი პირი. მხოლოდ ზემოაღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდგომ, შეცვლილი ფაქტობრივი მოცემულობის (სახელმწიფოს მიერ მისი შვილების გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილება, განაცხადის ინდივიდუალურად გაკეთება) გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დევნილის ოჯახის წევრთა სულადობა უნდა გაითვალისწინოს. ამასთანავე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გ. ფ-თან მიმართებით ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმ პერიოდისთვის არსებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა მიიღოს მხედველობაში. საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ დავის გადაწყვეტისათვის არსებითად მიიჩნევდა გ. ფ-ის რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადგენას, რაც გამოიხატება აღნიშნულ მისამართზე ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრებით. მითითებული გარემოების დადასტურება კი, შესაძლებელი იყო გადასახადის გადახდის ქვითრებით, მეზობლების გამოკითხვით და სხვა მსგავსი მტკიცებულებების ერთობლიობით.

მოპასუხემ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რა მიზნითაც, მონიტორინგი 2023 წლის 28 აპრილს განხორციელდა მისამართზე ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ... ქუჩა, №10 კორპუსი, ბინა №11 და შეივსო გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ განმეორებით, იმსჯელა დევნილი - გ. ფ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, გ. ფ-ს უარი ეთქვა ნგრევად ობიექტში (ქ. გორი, ... ქ. №63, ყოფილი ,,...’’) დევნილთა განსახლების ეტაპზე, ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადავო 2023 წლის 4 ივლისის IDP 3 23 00001581 ბრძანებას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ უზრუნველყოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.

სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა განსახლების საკითხის გადაწყვეტის კონკრეტულ პროცედურასა და წესს ადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის №111 ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით). აღნიშნული წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მითითებული მუხლის მე-10 პუნქტი ითვალისწინებდა სააგენტოს უფლებამოსილებას დევნილი ოჯახის კრიტერიუმების გარეშე განსახლებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს.

ანალოგიურ დანაწესს ითვალისწინებს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის IDP 3 23 00001581 ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად, გულისხმიერად გამოკვლევას და კანონმდებლობის ფარგლებში, აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

საკასაციო პალატის მოსაზრებით მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ იმყოფებოდა საცხოვრებელ ადგილზე (ნგრევად ობიექტში), არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. გარკვეულ შემთხვევებში, პირი შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ასეთ ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. ნგრევად ობიექტში ცხოვრება თავისი სპეციფიკის გათვალისწინებითა და ფიზიკური პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლოა დაკავშირებული იყოს აღნიშნული ობიექტის გარკვეული დროით დატოვებასთან. პირადი და ოჯახის უსაფრთხოების მიზნით ობიექტის დროებით მიტოვება და სხვა საცხოვრებელში გადასვლის ფინანსური შესაძლებლობის ქონა ან/და ოჯახის წევრის ან ნათესავისგან დროებითი თავშესაფრის მიღება კი, არ შეიძლება იქცეს სააგენტოს მხრიდან დევნილი პირ(ებ)ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულებისთვის თავის არიდების საშუალებად. საკასაციო სასამართლო ასევე დამატებით აღნიშნავს, რომ პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე - გ. ფ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი რეგისტრაციის ადგილია ქ. გორი, ... ქ. №63, შპს „...ი“, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, წარმოადგენს მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ნგრევად შენობას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, წინა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გაამახვილეს ყურადღება სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების განმარტებაზე, რომლებმაც დაადასტურეს გ. ფ-ის 2017-2018 წლებში (განსახლების პერიოდში) ქ. გორში, ... ქ. №63-ში (ყოფილი ,,...’’) ცხოვრების ფაქტი. საქმეში ასევე წარმოადგენილია კომუნალური მომსახურების ხარჯის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ქ. გორში, ... ქუჩა №63-ში, 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარების საფასურის გადახდას, რაც ცალსახად საცხოვრებელი სახლით სარგებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ ყველა განაცხადსა თუ კითხვარში ფაქტობრივ მისამართად უთითებდა - ქ. გორი, ... ქ. №63, შპს „...ი“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.). იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით (სსკ-ის 53.1 მუხ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“, §145, 146). განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება მოსარჩელისათვის ზ. მ-ის და რ. გ-ის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, კერძოდ, მიმდინარე დავის ფარგლებში დასახელებული პირები მოსარჩელის წარმომადგენლობას ახორციელებდნენ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია გ. ფ-ს, ზ. მ-სა და რ. გ-ს შორის 2023 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება იურიდიულ მომსახურებაზე (ს.ფ. 81-84) და სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულება/მინდობილობა (ს.ფ. 17-20). აგრეთვე, 2023 წლის 16 ნოემბერს სს ,,... ბანკში’’, გ. ფ-ის მიერ ზ. მ-ის ანგარიშზე (საბუთის ნომერი - ...) საადვოკატო მომსახურების საფასურის 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 202) და სს „... ბანკში“ გ. ფ-ის მიერ რ. გ-ის ანგარიშზე (დოკუმენტის ნომერი N...) 2023 წლის 16 ნოემბერს თანხის 1000 ლარის ჩარიცხვის დოკუმენტი (ს.ფ. 203).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან მიმართებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის სირთულის, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობის, ხანგრძლივობის, ინსტანციურობის და სხვა გარემოებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად არ დასტურდება მოსარჩელისათვის ანაზღაურებული თანხის არაგონივრულობა. ამასთანავე, აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში დაცულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია