საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-1052 (კ-24) 01 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2024წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. ქ-ამ, ი. ქ-ამ და მ. ქ-ამ 28.06.2023წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 22.06.2023წ. NIDP 5 23 00001033 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.09.2023წ. გადაწყვეტილებით ხ. ქ-ას, ი. ქ-ას და მ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 22.06.2023წ. NIDP 5 23 00001033 ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხ. ქ-ას, ი. ქ-ას და მ. ქ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "დევნილთა შესახებ" კანონის მე-2, მე-4, მე-6, მე-13 მუხლებზე, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლზე და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხ. ქ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილები არიან იძულებით გადაადგილებული პირები. ხ. ქ-ამ 10.01.2021წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2021 წლის მდგომარებით, ოჯახი შეფასდა 8,5 ქულით (1,5 ქულა - 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები: 1 წევრი; 1,5 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები; 1 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები: 2 არასრუწლოვანი; 3 ქულა - სოციალური კრიტერიუმი: 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა; 1,5 ქულა - მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე: ხ. ქ-ა). სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 22.06.2023წ. NIDP 5 23 00001033 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023წ. (ოქმი N30) გადაწყვეტილების საფუძველზე ხ. ქ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, დედის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დედის მიერ გასხვისებულ ფართში დროებით ცხოვრება არ გამორიცხავს მოსარჩელის გრძელვადიანი ფართით უზრუნველყოფის აუცილებლობას, რამდენადაც მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს სწორედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით. შესაბამისად, მხოლოდ მითითებული საფუძვლით მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ ქმნიდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევის წინაპირობებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ხ. ქ-ას ოჯახს სახელმწიფოსგან ეკუთვნის საცხოვრებელი ფართი, თუმცა სახელმწიფო რესურსიდან და ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, ხ. ქ-ას ოჯახს ამ ეტაპზე უარი ეთქვა განსახლებაზე დედის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. კასატორმა მიუთითა, რომ ოჯახის განსახლების საკითხი, შესაბამისი წესისა და პროცედურის გათვალისწინებით, შეფასებული და შესწავლილი იქნება მომდევნო ეტაპზე. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ განსახლება ამ ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა. მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით არ დადგინდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროება. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე: ქუთაისში, ...ს ქ. N...-ში განახორციელეს ვიზიტი, რის თაობაზეც შედგა მონიტორინგის ოქმი. მონიტორინგის სამსახურის ვიზიტისას შეივსო მონიტორინგის ფორმა, რა დროსაც მხარემ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2021 წლიდან, მანამდე 2019-2021წწ. ცხოვრობდა ...ს ...-ში, ხოლო 2019 წლამდე - სანატორიუმ "...ში". აღსანიშნავია, რომ მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელის დედის ბინაში, სადაც ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს და გადაღებულია ფოტოსურათებიც, თუმცა მისი განმარტებით აღნიშნული საკუთრება არის გასხვისებული დედის დეიდაშვილზე - ნ. გ-ეზე. დამატებითი მოკვლევის მიზნით 03.03.2022წ. კვლავ განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ს ქ. N..., ბინა N..., თუმცა სამსახურს მისამართზე არავინ არ დახვდა. შემდგომ სატელეფონო საუბრით მოსარჩელემ განმარტა, რომ იმყოფებოდა წყალტუბოში და ქუთაისში ორ-სამ დღეში იქნებოდა. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალა წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა საკითხზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელე გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა დედის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო.
კასატორმა "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე" მითითებით აღნიშნა, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეს ჰქონდა ფაქტობრივი საცხოვრებელი და იგი არ იყო ნგრევადი, კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. კასატორმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოხდა იმ დევნილების დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ კომისიის უარი საბოლოო არ არის და მხარის განაცხადის განხილვა/დაკმაყოფილება მოხდება საერთო წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით მოსარჩელე ხ. ქ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ხ. ქ-ას დადგენილი აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი. მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...ს ქ. N...-ში მდებარე N... ბინაში. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ხ. ქ-ამ 10.01.2021წ. შვილებთან, მ. ქ-ასთან (დაბ.: ...წ.) და ი. ქ-ასთან (დაბ.: ...წ.) ერთად შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილი განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ხ. ქ-ას ოჯახი შეფასდა 8,5 ქულით (1,5 ქულა - 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები: 1 წევრი; 1,5 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები; 1 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები: 2 არასრუწლოვანი; 3 ქულა - სოციალური კრიტერიუმი: 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა; 1,5 ქულა - მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე: ხ. ქ-ა). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023წ. №30 სხდომის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ხ. ქ-ას. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა დედის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 22.06.2023წ. NIDP 5 23 00001033 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023წ. გადაწყვეტილების (№30 სხდომის ოქმი) საფუძველზე ხ. ქ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხ. ქ-ას საკუთრებაში არ ყოფილა რეგისტრირებული რაიმე სახის უძრავი ქონება. მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად ფიქსირდება ქ. ქუთაისში, ...ს ქ. N...-ში მდებარე ბინა N..., რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ნ. გ-ეის საკუთრებად. მოსარჩელე მითითებულ ბინაში ცხოვრობს ქირის გადახდის სანაცვლოდ. კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ცხოვრობს დედის მიერ გასხვისებულ ბინაში, უსაფუძვლოა და არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუსგ 18.03.2020წ. №ბს-156(კ-20)). აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 8,5 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელეებს მიენიჭათ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ქირით ცხოვრების ფაქტს ადგენს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხ. ქ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში დაცული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 03.05.2023წ. №30 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 5 და მეტი ქულა, ხოლო მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული აქვს 8,5 ქულა. საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება, რომ ოროთახიანი ბინები განაწილდა იმ ოჯახებზე, რომლებიც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობდნენ.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე არის მარტოხელა დედა, რომელიც განაცხადს აკეთებს ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. საკასაციო პალატა "ბავშვის უფლებათა კოდექსის" მე-3 მუხლის "თ" ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნების განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხ. ქ-ას ოჯახისათვის (განაცხადით გათვალისწინებული პირებისათვის) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე