საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-320(გ-25) 01 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ქ. ქ-ეის სარჩელთან დაკავშირებული დავა მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, განსჯადობის თაობაზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ქ-ემ 24.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.11.2019წ. განჩინებით დაუშვებლობის საფუძველზე საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის გათვალისწინებით, ქ. ქ-ეის სასარჩელო მოთხოვნები საბოლოოდ ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ა) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 20.04.2016წ. დადგენილების ბათილად ცნობა; ბ) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 23.01.2017წ. №1/2017 დადგენილების ბათილად ცნობა, ...ის მიმართულებით კომისიის გაფართოების ნაწილში; გ) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 10.02.2017წ. №17/2017 დადგენილების ბათილად ცნობა; დ) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელე ქ. ქ-ე გამოცხადდება კონკურსში გამარჯვებულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2018წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მე-3 პირად ჩაება ა. თ-ი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 1993 წლიდან დასაქმებულია სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტში საქართველოს ...ს ლექტორის პოზიციაზე, ხოლო 2006 წლიდან იკავებს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ...ის აკადემიურ თანამდებობას ზემოაღნიშნული პროფილით. მან 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ...ის მიმართულებით სსიპ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ...ის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, რომელშიც მოსარჩელის აზრით, კონკურსის მიმდინარეობის წესების უხეში დარღვევების ფონზე, დაუმსახურებლად გაიმარჯვა მოსარჩელის კონკურენტმა ა. თ-იმა. მოსარჩელის შეფასებით, საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, მისი თითოეული წევრი, ხასიათდებოდა ობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი განსჯის უნარის არ ქონით, გამოსაცდელ პირსა (ა. თ-ისა) და გამომცდელებს შორის მრავალმხრივი კავშირების გათვალისწინებით, მოსარჩელეს ჩამოუყალიბდა გონივრული ვარაუდი, რომ საკონკურსო კომისია იმთავითვე მოქმედებდა მოსარჩელის კონკურენტ - ა. თ-ის გამარჯვების წინასწარი რწმენით. შესაბამისად, მოსარჩელემ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მიმართა სასამართლოს. თბილისის საქალაქოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2015წ. გადაწყვეტილებით №3/1257-14 ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 10.02.2014წ. №11/2014 დადგენილებით დამტკიცებული კომისიის (პუნქტი „ა“) საქართველოს ...ის მიმართულება) 20.02.2014წ. შემაჯამებელი სხდომის ოქმი და აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო აკადემიური საბჭოს 28.03.2014წ. №35/2014 დადგენილების ნაწილი ა. თ-ის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების კანონით გათვალისწინებული წესის საფუძველზე და შესაბამის ვადებში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მართალია №3/1257-14 ადმინისტრაციულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2015წ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, თუმცა იმის გამო, რომ მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ გადაწყვეტილებას დაგვიანებით, არაჯეროვნად და იმავე ხარვეზების დაშვებით მხოლოდ ფორმალურად აღასრულებს, იგი იძულებული გახდა 24.05.2016წ. ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის გზით განმეორებით მიემართა სასამართლოსათვის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 20.04.2016წ. დადგენილებით საკონკურსო და სააპელაციო კომისია მხოლოდ მოჩვენებითად დაკომპლექტდა ახალი წევრებით, მაშინ როდესაც მისი ძირითადი წევრები - უცვლელი დარჩა. ხსენებული ხარვეზი ვერ აღმოიფხვრა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 23.01.2017წ. №1/2017 დადგენილებით, რომლითაც ...ის კომისია გაფართოვდა, თუმცა მასში კვლავ შევიდნენ ა. თ-ის გამარჯვებით დაინტერესებული პირები, რაც ასეთი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას იმთავითვე არაობიექტურს ხდის. შესაბამისად, მოსარჩელისათვის ცხადია, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 10.02.2017წ. №17/2017 დადგენილება, რომელიც უკავშირდებოდა თბილისის საქალაქოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2015წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაწეული მუშაობის შედეგების დამტკიცებას (შეჯამებას), მოკლებულია სათანადო სამართლებრივ წანამძღვრებს. მოსარჩელისა და ა. თ-ის საკონკურსო დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და საცდელი ლექციების ამსახველი ვიდეოჩანაწერი არაობიექტურად შეფასდა, ხოლო მათი განხილვის შედეგები მიკერძოებით ფორმულირდა. მოსარჩელე თვლის, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ...ის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსანტის - ა. თ-ის გამარჯვება ეფუძნებოდა კანონის უხეშ დარღვევას, ამდენად, მოსარჩელე მიზნად ისახავს მისი კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.04.2021წ. განჩინებით, ქ. ქ-ეის სარჩელი მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ განსჯადობით გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ კონკრეტული სადავო სამართალურთიერთობის შინაარსის ანალიზით არ იკვეთება ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლით მოწესრიგებული დავის საგნის არსებობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისა და მისი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის განმსაზღვრელია დავის საგანი და ურთიერთობის შინაარსი, რომელიც წარმოშობილია ადმინისტრაცული (საჯარო) კანონმდებლობიდან. სასამართლომ მოიხმო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, ამავე კანონის 34-ე მუხლი, „უმაღლესი განათლების შესახებ კანონის“ 36-ე მუხლი და აღნიშნა, რომ აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნებიც უშუალოდ კერძო სამართლებრივ - შრომით ურთიერთობას ეფუძნება, რომელსაც არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსი. აღნიშნულს ამყარებს ის არგუმენტიც, რომ ...ების სამსახურში მიღების კონკურსი არ ჩატარებულა ადმინისტრაციული კანონმდებლობის - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. სასამართლომ საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.06.2019წ. გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-515(გ-19), რომლითაც სამართლებრივი დავა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მასში დასაქმებულ პირს (მეცნიერ თანამშრომელს) შორის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადად განისაზღვრა. შესაბამისად, სამართლის ზემოხსენებული წყაროების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებული დავა არ მომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლიდან, იგი სრულად ექცევა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების სფეროში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.03.2025წ. განჩინებით, ქ. ქ-ეის სარჩელი მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელია მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს, სამართალურთიერთობა მომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ...ის მიმართულებით სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის პირობებში გამოცემული აქტების ბათილად ცნობას და შედეგების თვალსაზრისით, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. ამდენად, უნდა შეფასდეს ის ნორმატიული აქტები, რომლებიც სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ...ის აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით გათვალისწინებული კონკურსის წარმართვის საკითხებს უკავშირდება. სასამართლომ მოიხმო „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლი, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-20 პუნქტი, 32-ე მუხლი და 34-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები, აგრეთვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 11.09.2013წ. №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 28-ე მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტები. მოხმობილ ნორმათა ერთობლივი შინაარსის ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. კონკურსის წარმატებით გავლის შემდგომ, პროფესორებსა და უნივერსიტეტს შორის შესაძლებელია საქართველოს შრომის კოდექსით მოწესრიგებული შრომითი ურთიერთობა ყალიბდებოდეს, თუმცა, თავად კონკურსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად წარმართვის ან/და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათი დარღვევის საკითხის გამოკვლევა ეფუძნება მხოლოდ ამავე ნორმატიული აქტებთან და არა საქართველოს შრომის კოდექსთან ან/და სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი აქტებთან შესაბამისობას. სასამართლომ საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად დაიმოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.07.2023წ. გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-643(გ-23) და 21.03.2023წ. გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-213(გ-23), აღნიშნული გადაწყვეტილებები შინაარსობრივად უკავშირდებოდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე წარმოშობილი საგნობრივი განსჯადობის სამართლებრივ პრობლემატიკას. სასამართლომ, აგრეთვე, დაიმოწმა №ბს-376(კ-21) საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.10.2021წ. განჩინება, რომელიც განხილული და გადაწყვეტილი იქნა ადმინისტრაციული წესით, დავის საგანი უკავშირდებოდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მიღებული აქტების ბათილად ცნობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი ექცევა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიაში, შესაბამისად, დავის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ქ. ქ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ევროკონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალება მაშინ ჩაითვლება ქმედითად, როდესაც ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულია ისეთი სამართლებრივი მექანიზმი, რომლითაც შეიძლება აღმოიფხვრას შესაბამისი ეჭვები განსახილველი საქმის განსჯადობის საკითხის თაობაზე (იხ., mutatis mutandis, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 17.01.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე Mosendz v. Ukraine, App. No. 52013/08, §122-125). სასკ-ის 26.3. მუხლი ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებას გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის დავა განსჯადობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივი განსჯადობის საკითხს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ამ უფლებით სარგებლობისათვის მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით. საქმის განხილვა და გადაწყვეტა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება და კომპეტენცია გააჩნია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.11.2014 წ. N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ვ. გელბახიანი, მ. ნიკოლაიშვილი და ა. სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ პარა.106.). კანონიერი სასამართლოს უფლება (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი) სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს, რადგან განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის (ordre public) შემადგენელ ნაწილად. ამასთანავე, საგნობრივ განსჯადობას აქვს იმპერატიული და არა დისპოზიციური ხასიათი. ამდენად, კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს განსჯადად მიჩნევისათვის პირველ რიგში უნდა დადასტურდეს განმხილველი სასამართლოს საგნობრივი კომპეტენცია.
სასკ-ის 2.3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. საგნობრივი განსჯადობის საკითხის გარკვევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის იმანენტურ ბუნებას, აღნიშნული ეფუძნება თვით ასეთი სამართალურთიერთობის ხასიათსა და გადასაწყვეტი დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სამართალურთიერთობის ხასიათის სიღრმისეული ანალიზით განისაზღვრება საგნობრივი განსჯადობის საკითხი, რომლის დროსაც გამოსარკვევია იმ სადავო ურთიერთობის ბუნება, რომლიდანაც წარმოშობილია მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადავო აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება. საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტა საჭიროებს სამართალურთიერთობის სუბიექტების მოქმედების სპეციალური სამართლებრივი ფორმისა და მისი გარეგანი იურიდიული გამოხატულების სამართლებრივ შეფასებას. სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება მასზედ, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს, სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში (იხ. სუსგ. ბს-275(გ-23), 22.06.2023წ.). უკეთუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა არსობრივად მოცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან სხვა საჯარო სამართლის წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება. ამასთან, საჯარო სამართლის ნორმების მარტოოდენ ფორმალური გამოყენება იმთავითვე არ აქცევს ასეთ ურთიერთობას საჯარო-სამართლებრივად, ისევე როგორც - საჯარო საქმიანობისას სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება თავისთავად არ გამორიცხავს ასეთი საქმიანობის საჯარო-სამართლებრივ ბუნებას. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს დავის არსი, ქმედებათა შინაარსი და ურთიერთობის მახასიათებლები, სწორედ აღნიშნული გარემოებების, არსებული ნორმატიული მოწესრიგების, საკანონმდებლო რეგულაციის მიზნის ერთობლივი შეფასების შედეგად ხდება შესაძლებელი ურთიერთობის საჯარო თუ კერძო სამართლისათვის მიკუთვნება (იხ. სუსგ.ბს-515(გ-19), 04.06.2019წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით ცხადია, რომ სადავო სამართალურთიერთობის საჯარო თუ კერძო სამართლისადმი კუთვნილების საკითხი განისაზღვრება სამართლის შესაბამისი დარგის ნორმატიულ-იურიდიული ღერძის, აგრეთვე, მისი არსებობის განმაპირობებელი სახელმწიფოებრივი მიზნების შეფასებით, რომლის ფონზეც აღნიშნული სადავო ურთიერთობა ჯერ აღმოცენდა, შემდგომ განვითარდა, საბოლოოდ კი, წარმოშობილი დავის სახით მიაღწია კულმინაციას. ამდენად, განსჯადობის საკითხის მართებულად გარკვევისათვის უნდა დადგინდეს სადავო სამართალურთიერთობა თავისი არსით საჯარო თუ კერძო კანონმდებლობას ეფუძნება. ამასთან, სადავო ურთიერთობაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხარედ გამოსვლა და მასზე საჯარო-სამართლებრივი რეგულირების გავრცელება, თავისთავად არ ადასტურებს დავის საჯარო-სამართლებრივ ხასიათს, აღნიშნული იზოლირებულად, სხვა ფაქტორების მხედველობაში მიღების გარეშე, ვერ შექმნის მყარ იურიდიულ საფუძველს მოცემული შემთხვევის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიისადმი მიკუთვნებისათვის, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს თავისუფლად შეუძლია იყოს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე იმგვარად, რომ სრულად ექვემდებარებოდეს სამოქალაქო ნორმებს. სადავო ურთიერთობის იურიდიული იდენტობისა და ამდენად, მხარეთა სამართალურთიერთობის იმანენტური ბუნების სწორად დასადგენად, მთლიანობაშია შესაფასებელი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მიზნების შუქზე, დასადგენია ძირითადი, საკვანძო არსით რამდენად ეფუძნება სადავო სამართალურთიერთობა საჯარო სამართლებრივი ბუნების ნორმებს. შესაბამისად, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამართლებრივ ანალიზს საჭიროებს ერთი მხრივ, მოსარჩელის მოთხოვნათა ადმინისტრაციული სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობა, ხოლო მეორე მხრივ, შესაფასებელია საკითხი იმასთან მიმართებით, თუ რომელი იურიდიული ბუნების სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მოქმედებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელის პრეტენზიათა წარმოშობისას, რამდენად ახორციელებდა იგი ასეთ დროს საჯარო კანონმდებლობით განსაზღვრულ კონკრეტულ სფეროში საჯარო მიზნისათვის კანონით მინიჭებულ მმართველობით-ადმინისტრაციულ უფლებამოსილებას.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სზაკ-ის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა. საქართველოს მთავრობის 29.07.2013წ. №187 დადგენილებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ რეგულაციის 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტებიდან გამომდინარე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომლის დამფუძნებლად განისაზღვრა სახელმწიფო, ხოლო წარმომადგენლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საჯარო სამსახურის საკანონმდებლო დეფინიციას, მის ნორმატიულ მასშტაბში მოქცეულია საქმიანობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, თუმცა, საჯარო სამსახურად არ ითვლება საქმიანობა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუნდაც ასეთი საგანმანათლებლო დაწესებულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ოპერირებდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „გ,“ „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების ერთობლივი შინაარსის ანალიზის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირი არ მიიჩნევა საჯარო მოსამსახურედ და მასზე არც ამავე კანონის 34-ე მუხლით დადგენილი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვის იურიდიული წინაპირობები ვრცელდება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ცალკეული დებულებების საგანამანთლებლო დაწესებულებებზე გაუვრცელებლობა თავისთავად არ მოიაზრებს საგანამანათლებლო დაწესებულებების და მით უმეტეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო ნორმებით მოწესრიგებული სფეროდან გამორიცხვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რიგ ადმინისტრაციულ ორგანოებში, მათ შორის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის მოწესრიგების საჯარო-სამართლებრივი სფერო, როგორც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხის მოწესრიგების სტრატეგია ან/და ტექნიკა, არ დაიყვანება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონამდე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ტექსტუალურ ნაწილში მოხსენიებული ტერმინი „გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა“ მიუთითებს კანონმდებლის ექსპლიციტურად ფორმულირებულ ნებაზე, რომელიც გამოხატავს სპეციალური ნორმების მოქმედების პრიმატს, კერძოდ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დაკავშირებული ურთიერთობები იმის გამო არ ექვემდებარება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ზოგად დებულებებს, რომ ურთიერთობათა ის ვრცელი სპექტრი, უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკა და მასთან დაკავშირებული თავისებურებები ადეკვატურად ვერ მოექცევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ზოგადი დებულებების სამართლებრივ ჩარჩოში, რამაც წარმოშვა აღნიშნული სფეროს სპეციალური საკანონმდებლო აქტით – „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით მოწესრიგების აუცილებლობა. აღნიშნული არა შემთხვევითი, სამართლის სისტემაში მოქმედ ნორმათა მხოლოდ სპონტანური ურთიერთმიმართების შედეგია, არამედ სიღრმისეულად გაანალიზებული საკანონმდებლო განზრახულობის ცხადი გამოხატულებაა. უკეთუ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს სახელმწიფოს მოვალეობას იზრუნოს განათლების განვითარებაზე, ხოლო 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი უზრუნველყოფს აკადემიური თავისუფლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიას, უმაღლესი განათლების საკონსტიტუციო მიზნები გამოიხატება მისი რეგულირების მასშტაბური, შესაძლოა ითქვას ყოვლისმომცველი არეალით. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით მოწესრიგებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან, მათ შორის უმაღლესი განათლების მართვასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები (1 მუხ.), რომლებიც მიზნად ისახავს მრავალი ღირებული საჯარო მიზნის მიღწევას (მე-3 მუხ.). „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი საჯარო სამართლის წყაროა, იმანენტური საჯარო ბუნების მატარებელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულ ღირებულ საჯარო მიზნებს საფუძვლად უდევს უმაღლესი განათლების აბსტრაქტული საკონსტიტუციო იდეალის - საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დაცული განათლების მიღების, მათ შორის უმაღლესი განათლების მიღების უფლებების ადეკვატური უზრუნველყოფა. უმაღლესი განათლების დაწესებულების პარადიგმულ გამოვლინებას წარმოადგენს უნივერსიტეტი (კანონის 9.1. მუხ. „ა“ ქვ.პ.). საუნივერსიტეტო სწავლების კონცეფციის მეშვეობით განათლების მიღება და ცოდნის გადაცემა სწავლების აღნიშნულ მოდელს ორმხრივ სარგებელს სძენს, ხსენებული გამოიხატება იმაში, რომ ეს უკანასკნელი ინდივიდუალურ სასწავლო დისციპლინაში სპეციალიზებული ცოდნის მიღების მსურველთათვის ქმნის ხარისხიანი განათლების მიღების პირობებს, ხოლო უნივერსიტეტის ბაზაზე აკადემიურ ან სხვა სამეცნიერო თანამდებობაზე დასაქმებულ პირებს სთავაზობს აკადემიური თავისუფლების მრავალი საუნივერსიტეტო სიკეთით სარგებლობის მაქსიმალურად მრავალხმრივ ალტერნატივებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, უნივერსიტეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთეულია, მის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა ... სწორედ საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში (საკონსტიტუციო სასამართლოს 22.02.2023წ. განჩინება №1/4/1691 საქმეზე „გიორგი გოროშიძე და ინდიკო აბაშიძე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ“, §22.). ხსენებულის შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უმაღლესი განათლება, განათლების უფლება და ზოგადად, ამ სიკეთეებზე ხელმისაწვდომობა, თავიანთი სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, გარდაუვლად სახელმწიფოს რეგულირების საგანი ხდება, რეგულირება შესაძლოა განსხვავდებოდეს კონტექსტის შესაბამისად, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული შეზღუდვები, ძირითადად, ემსახურება პროფესიონალიზმის მაღალი დონის მიღწევის, უმაღლესი განათლების დაწესებულებაში შესატყვისი პირობებისა და ადეკვატური საგანმანათლებლო დონის უზრუნველყოფის კანონიერ მიზნებს, რაც უდავოდ საჯარო ინტერესს წარმოადგენს (შდრ.: სუსგ. ბს-275(გ-23), 22.06.2023წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის დებულებათა გაუვრცელებლობა არ გამორიცხავს ზოგადად მისი როგორც ასეთის საჯარო-სამართლებრივ, ხოლო კონკრეტულად – „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით რეგულაციას.
მოსარჩელე არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ისეთი აკადემიური ხარისხის მფლობელი, რომელიც მოსარჩელეს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების შესრულებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად მიენიჭა (2 მუხ. „უ“ ქვ.პ.). დისერტაცია არის სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად (2 მუხ. „რ“ ქვ.პ.). სადღეისოდ მოსარჩელე დასაქმებულია სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ...ის აკადემიურ თანამდებობაზე ...ის მიმართულებით, იგი თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში (2 მუხ. „ი“ ქვ.პ.), ამასთანავე, სარგებლობს აკადემიური თავისუფლებით, მათ შორის აკადემიური პერსონალის უფლებით დამოუკიდებლად განახორციელოს სწავლება და სამეცნიერო კვლევა (2 მუხ. „გ“ ქვ.პ.). მოსარჩელის სურვილია დაწინაურდეს, იგი მიზნად ისახავს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებას, რომელიც მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას (2 მუხ. „კ“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავება ხორციელდება საჯარო სამართლის ნორმებით მკაცრად რეგლამენტირებული იურიდიული პროცედურების თანახმად. თავისი ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული სრულად ექცევა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვისა და საქმიანობის პროცესში განხორციელებული საჯარო-სამართლებრივი ღონისძიებების სფეროში. უმაღლესი განათლების სფეროში საჯარო მმართველობითი ღონისძიების განხორციელება არის განათლების რეგულირებადი ბუნების გამოხატულება. საჯარო სამართლებრივი აქტით – „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით მოწესრიგებას ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ შექმნილი საუნივერსიტეტო დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და მოწყობის ისეთი იმანენტური საგანმანათლებლო კატეგორიები, ელემენტები და კომპონენტები, როგორიც არის: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის სამართლებრივი სტატუსი და მისი კლასიფიკაცია აკადემიურ, სამეცნიერო, ადმინისტრაციულ, დამხმარე და სხვა თანამდებობებებად (32 მუხ.); ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის სამართლებრივი სტატუსი და მისი კლასიფიკაცია პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის თანამდებობებად (33 მუხ.); გ) პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის სამართლებრივი სტატუსი (2 მუხ. „ჯ“, „კ“, „ი“ და „ი1“ ქვ.პ.); დ) აკადემიური თანამდებობის დაკავების ზოგადი პირობები და წესები, კონკურსის წარმართვის ფორმა და სახელმძღვანელო პრინციპები (34 მუხ.); ე) კონკრეტული არსებითი პირობების ნუსხა, რომელთა დაკმაყოფილების შედეგადაც ინიშნება აკადემიური თანამდებობის დაკავების მაძიებელი სუბიექტი სასურველ პოზიციაზე (35 მუხ.); ვ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურაში შემავალი, მმართველობითი, ხელმძღვანელობითი, აღმასრულებელი და სხვა საკვანძო შტოები, მათი შერჩევის, დაკომპლექტების წესები და საქმიანობის ვადები, აგრეთვე, მათ შორის უფლებამოსილებათა და ვალდებულებათა გამიჯვნის ნორმატიული თავისებურებები (თავი IV). ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ მოცემულობას, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 11.09.2013წ. №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში (სხვების გარდა) შედის რექტორი, აკადემიური საბჭო და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს რექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ბრძანებას („წესდების“ 14.9. მუხ. და 28.5. მუხ.). აღნიშნული აკადემიური თანამდებობის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს „წესდების“ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 7 წლის ვადით, რომელსაც გააჩნია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკონკურსო პროცედურა ითვალისწინებს რიგ, კანონმდებლობით მოწესრიგებულ, ადმინისტრაციული მოქმედების (მასობრივი ინფორმაციის საშუალებით კონკურსის გამოცხადება, განცხადებების რეგისტრაცია და სხვ.) შესრულებას და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (კონკურსის დანიშვნა, აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსის შედეგების დამტკიცებას) გამოცემას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პერსონალის ფორმირება, ვაკანსიის დაკავების წესი გულისხმობს ღია კონკურსის ჩატარებას, ამდენად, თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, რომელიც ტარდება ამ პრინციპების განუხრელი დაცვით („წესდების“ 28.1. მუხ.). საჯაროობისა და კონკურსში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით და წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე („წესდების“ 28.2. მუხ.), კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებული განცხადება განთავსდება ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე, უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე („წესდების“ 28.3. მუხ), განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა („წესდების“ 28.4. მუხ.). კონკურსის გამართულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ქმნის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიებს, ამტკიცებს მათ შემადგენლობასა და კომისიის მუშაობის შედეგებს („წესდების“ 8.1. მუხ. „ც“ ქვ.პ.). კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რექტორის წარდგინებით („წესდების“ 28.5. მუხ.). საკონკურსო კომისიის შექმნის მიზანია ვაკანსიის დაკავებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან კონკურსანტის შესაბამისობის დადგენა, საკონკურსო კომისიის დასკვნა ადასტურებს ან უარყოფს კორკურსანტის მიერ ვაკანსიის დაკავების უფლებას, საკონკურსო კომისიის დასკვნის საფუძველზე ხდება კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება (შეფასება) არის დანიშვნის პროცედურის სავალდებულო კომპონენტი, რომელიც წარმოადგენს თითოეული კომისიის წევრთა გადაწყვეტილებების ერთობლიობას. კონკურსანტების შეფასების უფლებამოსილება წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დისკრეციის სფეროს, შესაბამისად, სახეზეა სზაკ-ის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ზღვარდადებული დისკრეცია, რომელიც ხორციელდება საუკეთესო კანდიდატის გამოვლენისა და მისი თანამდებობაზე დასანიშნად შერჩევის მიზნით. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შებოჭილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, „წესდების“ 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებით განსაზღვრული გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებით, აღნიშნული გულისხმობს ობიექტური, ნეიტრალური, მიუკერძოებელი და მართებული განსჯის მეშვეობით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, შესაბამისად სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლებისა. საკონკურსო კომისიის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები (კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს („წესდების“ 28.5. მუხ.). საბოლოოდ კი, კონკურსში გამარჯვებულ პირთან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კანცლერი აფორმებს შრომით კონტრაქტს („წესდების“ 16.1. მუხ. „ზ“ ქვ.პ.), „უმაღლესი განათლების შესახებ კანონის“ 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება ფორმდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ მოცემულობაზე, რომ საკონკურსო კომისია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დროებით სტრუქტურულ ერთეულს, ადგილი აქვს უფლებამოსილების ერთგვარ გამიჯვნას – საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გამოიტანოს დასკვნა, მაგრამ არ არის უფლებამოსილი აღასრულოს იგი, აკადემიური საბჭოა უფლებამოსილი აღასრულოს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება, თუმცა, არ არის უფლებამოსილი გამოიტანოს გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის შეფასების თაობაზე. უფლებამოსილების ამგვარი გაყოფა არის შიდასტრუქტურული, ხოლო მესამე პირებთან უნივერსიტეტს წარმოადგენს უნივერსიტეტის რექტორი. ამდენად, აკადემიური პერსონალის შერჩევა და დანიშვნა ხდება არა შრომის კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას აკადემიური საბჭო შებოჭილია კონკურსის შედეგებით, გადაწყვეტილებას დანიშვნის შესახებ საფუძვლად უდევს საკონკურსო კომისიის დასკვნა, რომელიც წარმოადგენს იურიდიული შემადგენლობის გადამწყვეტ ელემენტს, იურიდიულ ფაქტს (ხდომილებას), რომელსაც ეყრდნობა უნივერსიტეტი ვაკანტური ადგილის დაკავების საკითხის გადაწყვეტისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს მხარეთა სადავო სამართალურთიერთობის ცხად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ განზომილებაზე. მოსარჩელე თვლის, რომ №3/1257-14 ადმინისტრაციულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2015წ. გადაწყვეტილების აღსასრულებლად მოპასუხის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები - ა) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 20.04.2016წ. დადგენილება; ბ) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 23.01.2017წ. №1/2017 დადგენილება, ...ის მიმართულებით კომისიის გაფართოების ნაწილში; გ) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 10.02.2017წ. №17/2017 დადგენილება - უკანონოა მათი ადმინისტრაციული, საჯარო სამართლის ნორმებთან შეუსაბამობის გამო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხსენებული აქტები ვერ პასუხობს ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, „წესდების“ 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებით განსაზღვრული გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად ჩატარების ვალდებულებას. მოსარჩელის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად უდევს ინტერპრეტაციული დაშვება, რომ ზემოაღნიშნული საჯარო-სამართლებრივი ნორმების დარღვევის არ არსებობის პირობებში, ადგილი არ ექნებოდა საკონკურსო კომისიის მოსარჩელის კონკურენტ ა. თ-ის გამარჯვებით დაინტერესებული პირებით დაკომპლექტებას, შედეგად არც კონკურსანტთა აკადემიური და სხვა პროფესიული მიღწევების არსებულ შეფასებას, შესაბამისად, კონკურსის ადმინისტრაციული ნორმებით დადგენილი პროცედურის შესაბამისად ჩატარების პირობებში, მოსარჩელე გამოცხადდებოდა ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ კონკურსში გამაჯრვებულ პირად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია გამარჯვებულ პირთან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კანცლერი აფორმებს შრომით კონტრაქტს („წესდების“ 16.1. მუხ. „ზ“ ქვ.პ.), თუმცა, აღნიშნულს განაპირობებს ის ფაქტი, რომ შრომითი კონტრაქტის გაფორმება იმპერატიულად არის მოთხოვნილი „უმაღლესი განათლების შესახებ კანონის“ 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისას სსიპ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოქმედებს არა ნების ავტონომიისა და მისი თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, არამედ საჯრო ნორმების კარნახით, უნივერსიტეტი არაა უფლებამოსილი აკადემიურ პერსონალთან დადოს მაგ., დავალების, მომსახურების ან/და შრომითი ხელშეკრულების გარდა, სხვა ნებისმიერი სასურველი შინაარსის ხელშეკრულება. ამასთანავე, ინტერპრეტაციული დაშვებაც კი, რომ სამართალურთიერთობის იმანენტური ბუნება სამოქალაქო სამართლებრივია, შეუთავსებელია მხარეთა სადავო ურთიერთობის კონტექსტში საჯარო ნორმების მოქმედების ელემენტარულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ლოგიკასთან. აღნიშნულ შემთხვევაში, გამოდის რომ მოსარჩელე, საჯარო კანონმდებლობით მკაცრად გაწერილი წესების მიხედვით ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების ნაცვლად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში (მაგ., გასაუბრების ეტაპზე) იმყოფებოდა, ხოლო „შრომის კოდექსის“ მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელი, ამ შეთხვევაში - უნივერსიტეტი, საერთოდ არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის (მოსარჩელის) დასაქმებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნულისაგან საპირისპიროდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2015წ. გადაწყვეტილება ექსპლიციტურად მიუთითებს სსიპ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დასაბუთების ვალდებულების განუხორციელებლობაზე, ხოლო განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი აქტები მიღებულია სწორედ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. შესაბამისად, მტკიცება, რომ მითითებული დავა მიეკუთვნება კერძო-სამართლებრივ დავათა კატეგორიას, უსაფუძვლოა. აკადემიური დაწინაურების პროცედურა, მათ შორის კომისიის შემადგენლობა, შეფასების კრიტერიუმები და გადაწყვეტილების მიღების მეთოდი, რეგულირდება არა შრომითი ხელშეკრულებით, არამედ “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონით, კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 11.09.2013წ. №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით,“ აგრეთვე, საამისო საჭიროების არსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტის სხვა შიდა მარეგულირებელი აქტებით. აღნიშნული დანაწესები წარმოადგენს საჯარო რეგულირების ნორმებს, რომლებიც სავალდებულოა ყველასთვის და მიღებულია საჯარო ხელისუფლების ორგანოების მიერ საკანონმდებლო უფლებამოსილებათა შესასრულებლად. ხსენებული წესები იმპერატიული ხასიათისაა, არ ექვემდებარება შეცვლას ინდივიდუალური მოლაპარაკების შედეგად და მათგან გადახვევა არც ორმხრივი ხელშეკრულებით შეიძლება. ისინი შემოღებულია კანონით (ex lege) და თანაბრად სავალდებულოა როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე კონკურსში მონაწილე პირებისთვის სახელშეკრულებო პირობების შინაარსის მიუხედავად. შესაბამისად, მოცემულ დავაში უფლებებისა და მოვალეობების წყარო არის საჯარო სამართალი. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს, ის, ამ კონტექსტში, მოქმედებს არა როგორც კერძო ურთიერთობებში მონაწილე კონტრაჰენტი, არამედ, როგორც საჯარო დაწესებულება, რომელიც ასრულებს კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრულ ფუნქციას, კერძოდ, ახდენს უმაღლესი განათლების უზრუნველყოფას და აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის მაძიებლის კარიერის მართვას, მის ადმინისტრირებას. აღნიშნული არ უკავშირდება საჯარო-სამართლებრივ ნორმათა მხოლოდ ფორმალურ გამოყენებას. გასაჩივრებული აქტების მიღების პროცესში მოპასუხე მხარე - უნივერსიტეტი ცხადია მოქმედებდა როგორც საჯარო ადმინისტრაციული ორგანო კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ინდივიდუალური აქტი მოსარჩელესთან დაკავშირებით მიღებულ იქნა აკადემიური საბჭოს მიერ საკონკურსო კომისიის შეფასების შედეგების დამტკიცების საფუძველზე, კომისიის შექმნა, მისი შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები, როგორც ზემოთ აღინიშნა, მკაცრად რეგულირდება საჯარო სამართლის ნორმებით, ასეთი კომისიები წარმოადგენენ კანონით გათვალისწინებულ ორგანოებს, მათ დელეგირებული აქვთ კონკურსში მონაწილე პირების კვალიფიკაციის, დამსახურების და სხვა პროფესიული მიღწევების საჯარო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის საჯარო ფუნქცია. დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურის მიზანს წარმოადგენს არა ორმხრივი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, არამედ მხოლოდ იმის უზრუნველყოფა, რომ საჯარო აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნები განხორციელდეს დამსახურების, მიუკერძოებლობის, კანონიერებისა და ჯეროვანი ფუნქციონირების პრინციპების შესაბამისად. ეს მიზნები საჯარო ხასიათისაა, პროცესის რეგულირება მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების სისტემის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების ინტერესის შესრულებას. გასაჩივრებული აქტებით მოსარჩელეს უარი ეთქვა დაწინაურებაზე, აღნიშნული ინდივიდუალური აქტის ფორმით ცალმხრივი, საჯარო უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა, მოსარჩელეს არ შეუძლია მოახდინოს ზეგავლენა საკონკურსო კომისიის ფორმირებაზე, შეფასების სამართლებრივი კრიტერიუმების გამოყენებაზე, მოსარჩელეს დამოუკიდებლად არც აქტების სამართლებრივი შედეგის შეცვლა შეუძლია, გარდა სასამართლოს მეშვეობით მისი გადასინჯვის მოთხოვნისა. მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხეს და მიიჩნევს, რომ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაზე, ფუნქციონირებასა და გადაწყვეტილების მიღების უნარზე ნეგატიური ზეგავლენა იქონია ზემოაღნიშნული პრინციპების უხეშმა დარღვევამ, კერძოდ, საკონკურსო კომისიაში მიკერძოებული და მოსარჩელის კონკურენტის გამარჯვებით დაინტერესებული წევრების მონაწილეობამ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნული მიკერძოება წარმოადგენდა იმის აშკარა იურიდიულ წინაპირობას, რომ მოსარჩელისა და მისი კონკურენტის - ა. თ-ის პროფესიული მიღწევები არასწორად, ტენდენციურად შეფასდა, ამდენად, მათი შეფასებაც არასწორ ფაქტებს დაეყრდნო, მოსარჩელის კონკურენტს დაუმსახურებელი, ფაქტობრივი საფუძველს მოკლებული უპირატესობა მიენიჭა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საკვანძო უთანხმოება, რაც მათ ურთიერთობას ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ბუნებას სძენს, უკავშირდება საჯარო ნორმებით მოწესრიგებული პროცედურის შედეგად კონკურსის ჩატარებისა და კონკურსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. მართალია, საბოლოოდ მხარეებს შორის ფორმდება სამოქალაქო ბუნების მქონე შრომითი კონტრაქტი, თუმცა, გარდა იმისა, რომ თავად შრომითი კონტრაქტის გაფორმებაც განათლების სფეროში საჯარო ნორმებით დეტერმინირებული დისპოზიციური კი არა, იმპერატიული წინაპირობაა, შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ადმინისტრაციული სამართლის ნორმებით დადგენილი მმართველობითი საქმიანობის მხოლოდ საბოლოო ფორმალური დაგვირგვინებაა. მხარეთა სადავო ურთიერთობის ბუნება გამოიხატება მათი უთანხმოების საჯარო ნორმებზე გადამწყვეტი დამოკიდებულებით, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული უთანხმოების იურიდიული ბაზისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივია. ამ დავის სამოქალაქო სამართალწარმოების განსჯადად მიჩნევა წარმოშობს სამოქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების გამოყენების აუცილებლობას, რაც ეწინააღმდეგება განსჯადობის პრინციპებს. უკეთუ საჯარო ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი იერარქიული და ვერტიკალური ურთიერთობის კონტექსტში აღმოცენებული და განვითარებული აღნიშნული სადავო შემთხვევა თავისი მთელი არსით უკავშირდება საჯარო ნორმების დაცულობის საკითხის გადაწყვეტას, შესაბამისად, მოცემული დავა საჯარო-სამართლებრივი ხასიათისა და იმანენტური საჯარო ბუნების მატარებელია, ხოლო ყოველივე აღნიშნული მთლიანობაში ქმნის საკმარისად მყარ იურიდიულ საფუძველს ხსენებული დავის ადმინისტრაციული განსჯადობის წესის დაცვით განხილვისათვის.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე გადაწყვეტილია განსახილველის მსგავსი შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის მაძიებელ პირის უფლებათა სავარაუდო დარღვევებიდან გამომდინარე სარჩელთა შესაბამის განსჯად სასამართლოში წარდგენის ფაქტობრივ-სამართლებრივ პრობლემატიკას (იხ. სუსგ. ბს-213(გ-23), 21.03.2023წ.; იხ. აგრეთვე., ბს-643(გ-23), 25.07.2023წ.; №ბს-302(გ-25), 08.04.2025წ.).
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ქ. ქ-ეის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.04.2021წ. განჩინება დაუსაბუთებელია, მასში არ არის მოყვანილი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადობის დამადასტურებელი რაიმე მოსაზრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე და 399-ე მუხლებითა და:
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ქუთათელაძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე