Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე #ბს-222(კ-25) 8 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ზ. ყ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

მესამე პირები (ასკ 16.2) – ნ. კ-ე, ზ. ხ-ა, ნ. ხ-ა, ვ. მ-ე, სს „ს...“, სს „ტ...“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 22 თებერვალს ზ. ყ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 7 აგვისტოს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის #5058066 ბრძანებით, დამკვეთ ნ. კ-ეის მოთხოვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისში, .... #...-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის (დაშენება) მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო, გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადად განისაზღვრა: 06.08.2020წ.-06.02.2020წ. პერიოდი. აღნიშნული ნებართვა გაცემულია 2014 წლის 25 დეკემბრის #1659729 ბრძანებით შეთანხმებულ პროექტზე.

მოსარჩელის მითითებით, ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 7 აგვისტოს #5058066 ბრძანება მის მიერ გასაჩივრებულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა მერის პირველი მოადგილის 2020 წლის 2 ნოემბრის #1537 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ნ. კ-ეის წარმომადგენელის - მ. უ-ის 2020 წლის 2 ოქტომბრის #AR1777557 განცხადების საფუძველზე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის 25 დეკემბრის #1659729 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის მაგივრად 2020 წლის 15 ოქტომბრის #5145036 ბრძანებით დაამტკიცა ახალი პროექტი, რომელზედაც 2020 წლის 30 ოქტომბერს #5167375 ბრძანებით გასცა მშენებლობის ახალი ნებართვა. აღნიშნულის შემდგომ, ნ. კ-ეის წარმომადგენელის - მ. უ-ის 2020 წლის 6 ნოემბერს #AR1786476 განცხადების საფუძველზე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2020 წლის 15 ოქტომბრის #5145036 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის მაგივრად, 2020 წლის 16 ნოემბრის #5187408 ბრძანებით კვლავ დაამტკიცა ახალი პროექტი, რომელზედაც 2020 წლის 1 დეკემბერს #5206438 ბრძანებით გასცა მშენებლობის ახალი ნებართვა, რომლითაც მშენებლობის ვადად განისაზღვრა: 01.12.2020წ.-დან 06.02.2021წ.-ის ჩათვლით პერიოდი.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული პროექტები და ნებართვები ითვალისწინებს ქალაქ თბილისში, .... #...-ში მდებარე აგურის კორპუსზე მე-6 სართულის დაშენებას, რაც, სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებისა და სამშენებლო კანონმდებლობის შესაბამისად, კატეგორიულად იკრძალება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ 2020 წელს გაცემული ყველა ზემოაღნიშნული ბრძანება მის მიერ გასაჩივრებულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა მერის პირველი მოადგილის 2020 წლის 30 დეკემბრის #1844 ბრძანებით 2020 წლის 15 ოქტომბრის #5145036, 2020 წლის 30 ოქტომბრის #5167375 და 2020 წლის 16 ნოემბრის #5187408 ბრძანებებზე წარდგენილი საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელის განმარტებით, გაცემული ნებართვის საფუძველზე, ქალაქ თბილისში, .... #...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დაშენდა მე-6 სართული, რომელიც არ არის მანსარდი და არის ბეტონის და ბლოკის კონსტრუქციებით შესრულებული ძირითადი შენობის სხვა სართულების მსგავსი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სართული. მოსარჩელის შეფასებით, ამხანაგობის წევრების თანხმობის გარეშე, მოინგრა და გაუქმდა შენობისთვის მნიშვნელოვანი სავენტილაციო შახტები.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მე-6 სართულის დაშენება განხორციელდა სამშენებლო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, კერძოდ, დარღვეულია სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნები. მისივე მითითებით, დაშენებამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შენობა ძლიერი მიწისძვრის პირობებში სრულიად დაუცველი გახდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ ზემოხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა, არ შეესაბამება კანონს და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ამდენად, მოსარჩელემ (1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის #5145036 ბრძანების, (2) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 ოქტომბრის #5167375 ბრძანების, (3) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 16 ნოემბრის #5187408 ბრძანების, (4) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის #1844 ბრძანების, (5) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 1 დეკემბრის #5206438 ბრძანებისა და (6) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 11 თებერვლის #86 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. კ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ზ. ხ-ა და ნ. ხ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ვ. მ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ყ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „ს...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „ტ...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით ზ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ძირითად საფუძვლად მიუთითებდა, რომ სადავო აქტებით ხდება მისი უფლებების დარღვევა და კანონიერი ინტერესის შელახვა, რადგან სადავო მშენებლობა საფრთხეს უქმნის შენობის სეისმომედეგობას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ზემოაღნიშნული არგუმენტი და მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო მშენებლობის შედეგები, უსაფრთხოების თვალსაზრისით, სათანადოდ შეისწავლა და შეაფასა. კერძოდ, განმცხადებელმა ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 ივლისის #003941220 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სადავო შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შენობაზე არსებული რაოდენობრივად მცირე დაზიანებები გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთით და ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით. გასულ წლებში სახლის ძირითად ნაწილზე, დაახლოებით, საერთო ფართის 87%-ზე მანსარდის ტიპის სართულის დაშენებას რაიმე სახის დაზიანებები და დეფორმაციები არ გამოუწვევია. საკვლევი შენობის სართულიანობიდან გამომდინარე (ხუთი სართული), დარღვეულია სეისმური ნორმების თავი III, ცხრილი 8-ის მოთხოვნები, რის საფუძველზეც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის #0048301815 დასკვნის მიხედვით დაშენება იქნა შეჩერებული. მე-5 სადარბაზოს სახურავის ფენილის დემონტაჟით, სართულშუა გადახურვის ფილამდე, ხოლო შემდგომ მანსარდის ტიპის სართულის მოწყობით, დატვირთვები არ იზრდება. შესაბამისად, სეისმომედეგობა არ ქვეითდება და სეისმური ნორმების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ უნდა ამცირებდეს ძირითადი შენობის სეისმომედეგობას, არ ირღვევა, ...ს გამზ. #...-ში, მე-5 სადარბაზოს თავზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება მანსარდის ტიპის საცხოვრებელი ფართის მოსაწყობად კვლევით ნაწილში მოყვანილი რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია, რაც ასევე მისაღებია შენობის ერთიანი იერსახის მოწესრიგების კუთხითაც. ამავე დასკვნის თანახმად, კვლევით ნაწილში მოყვანილი შენიშვნების გათვალისწინებით, ქ. თბილისში, .... #...-ში მდებარე ხუთსართულიანი შენობის (საკადასტრო კოდით: #...) მე-5 სადარბაზოს თავზე მსუბუქი კონსტრუქციებით შესაძლებელია მანსარდის ტიპის სართულის მოწყობა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით, რომელიც განხილული უნდა იყოს, როგორც საფუძველი მუშა არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების შესადგენად.

გარდა ამისა, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა შპს „ო...ს“ მიერ 2020 წლის 13 ოქტომბერს მომზადებული დასკვნა, რომლის თანახმად, დამკვეთის დავალების საფუძველზე წარდგენილი მასალების მიხედვით, ქ. თბილისში, .... #...-ში (ს.კ. ...) მდებარე სარეკონსტრუქციო შენობა #2/5-ზე დაშენების კორექტირებული პროექტის ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები შერჩეულია საანგარიშო მოდელის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის საფუძველზე. ისინი აკმაყოფილებს მდგრადობის, სიმტკიცისა და დეფორმაციის შესაბამისი ნორმატიული კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, პროექტს დასამტკიცებლად მიეცა ერთმნიშვნელოვნად დადებითი შეფასება.

სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის #5145036, 2020 წლის 30 ოქტომბრის #5167375, 2020 წლის 16 ნოემბრის #5187408 და 2020 წლის 1 დეკემბრის #5206438 ბრძანებებით განისაზღვრა, რომ სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #003941220 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში გათვალისწინებული პირობების დაცვით.

ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებელმა უზრუნველყო სათანადო დასკვნების წარდგენა, რითიც დაადასტურა, რომ სადავო მშენებლობით შენობის სიმტკიცესა და მდგრადობას საფრთხე არ ექმნებოდა. ამასთან, არქიტექტურის სამსახურმა არა მხოლოდ შეისწავლა და გაითვალისწინა ეს დასკვნები, არამედ მშენებლობის ნებართვებში პირდაპირ და უშუალოდ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 ივლისის #003941220 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში გათვალისწინებული პირობების დაცვის სავალდებულოობაზე. მშენებლობის ნებართვები გაიცა სწორედ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რაც გამორიცხავს სადავო ნებართვებით უსაფრთხოების დარღვევას.

რაც შეეხება აპელანტის მითითებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 აგვისტოს #004830815 დასკვნას, რომლის თანახმად, კვლევაში აღნიშნული ტიპის შენობებზე მე-6 სართულის დაშენება იკრძალება სნ და წ. სეისმომედეგი მშენებლობა (პნ 01.01-09), რადგან რეგლამენტის შესაბამისად, შენობის მაქსიმალური სართულიანობა არის 5, სააპელაციო სასამართლომ, წარმოდგენილი დასკვნების შეფასებისას, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 აგვისტოს #004830815 დასკვნა არის ზოგადი ხასიათის, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 ივლისის #003941220 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა არის უფრო კონკრეტული ხასიათის და უფრო ახალი. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო შპს „ო...ს“ 2020 წლის 13 ოქტომბრის დასკვნაც.

აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 აგვისტოს #004830815 დასკვნა ვერ იქნებოდა მიჩნეული სადავო აქტებით გაცემული მშენებლობის ნებართვების ბათილად ცნობის საფუძვლად - მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების საწინააღმდეგოდ შეთანხმების დამადასტურებელ მტკიცებულებად. რაც შეეხება ამხანაგობის ოქმს, მართალია, აპელანტი მიუთითებდა მის სიყალბეზე, თუმცა დოკუმენტის ნამდვილობა სათანადო წესით არ იყო სადავოდ გამხდარი და არც ამხანაგობის სხვა წევრების პრეტენზია დაფიქსირებულა ნების გამოხატვის ნამდვილობასთან მიმართებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული დასკვნის მოთხოვნა არ ნიშნავდა, რომ სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება არასრულყოფილად წარიმართა. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარდგენილ იქნა შესაბამისი დასკვნები და შესწავლილ იქნა უსაფრთხოების საკითხი, რაც ქმნიდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველს.

სააპელაციო პალატამ, ასევე, არ გაიზიარა აპელანტის მითითება თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე მითითებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე მითითებით მხარეს შეუძლია, სადავოდ გახადოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგი - მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მის მიმართ განსხვავებული მოპყრობა იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნილი უფლება/უპირატესობა სხვა პირს ანალოგიურ/არსებითად მსგავს გარემოებებში მინიჭებული აქვს (ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში). განსახილველ შემთხვევაში კი, სააპელაციო პალატა არ იკვლევდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა პირებისთვის განსხვავებული დოკუმენტის მოთხოვნის კანონიერებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის მართლზომიერებას. იმ პირობებში კი, როდესაც სადავო მშენებლობის ნებართვა კანონიერად გაიცა, არარელევანტური იყო თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე მსჯელობა.

ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შახტების გაუქმების თაობაზე აპელანტის არგუმენტი, რადგან სადავო აქტებით შახტების გაუქმების საკითხი საერთოდ არ ყოფილა განხილვის საგანი და არ შეთანხმებულა. საკითხის განსხვავებულ შეფასებას, ამ შემთხვევაში, ვერ განაპირობებდა სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანებები, რომლითაც განმცხადებელს დაევალა შახტების შიდა ღიობის კონტურის ასახვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ყ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის შეფასებით, მშენებლობის პირობები დგინდება არქიტექტურული პროექტის მიხედვით და ამ პირობების სავალდებულოდ შესრულების ერთადერთ გარანტიას წარმოადგენს კონკრეტულ არქიტექტურულ პროექტში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მშენებლობა. იმის შემოწმება, თუ რამდენად უსაფრთხოა მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ხდება არქიტექტურული პროექტის ექსპერტიზის დასკვნით შეფასება. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 ივლისის #003941220 დასკვნით კი მშენებლობის კონკრეტული პროექტი არ არის შეფასებული.

კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შახტების გაუქმების საკითხი საერთოდ არ ყოფილა განხილვის საგანი, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ იმგვარი კორექტირებული პროექტები შეითანხმა, სადაც შახტები გაუქმებულია, რაც საქმეში არსებულ შეთანხმებულ პროექტში კარგად ჩანს და რაც მესამე პირებმაც დაადასტურეს სხდომაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში.

კასატორის მითითებით, არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 7 აგვისტოს #5058066 ბრძანებით, თავდაპირველად, არქიტექტურის სამსახურის მიერ დაშენების ნებართვა გაიცა არქიტექტურის სამსახურის მიერ 2014 წლის 25 დეკემბრის #1659729 ბრძანებით შეთანხმებულ პროექტზე. ამ პროექტში იყო გათვალისწინებული სავენტილაციო შახტები. შემდეგ მოხდა ამ პროექტის კორექტირება და არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცდა კორექტირებული პროექტები, რომლებშიც გაუქმდა სავენტილაციო შახტები. ეს განხორციელდა იმ მიზნით, რომ დაშენების ფართობი გაზრდილიყო. კასატორი თვლის, რომ დაშენების ფართობის გაზრდა მოხდა კორპუსის მაცხოვრებლების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის ხარჯზე.

კასატორის მითითებით, არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის #5145036 და 2020 წლის 16 ნოემბრის #5187408 ბრძანებებით შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტები, რომლებშიც უკვე აღარ იყო გათვალისწინებული შენობის სავენტილაციო შახტები. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ამ პროექტების შეთანხმებით არქიტექტურის სამსახურმა თანხმობა განაცხადა სავენტილაციო შახტების დემონტაჟზე.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული აქტების საფუძველზე საცხოვრებელი სახლის სეისმომედეგობა შემცირდა, რაც მუდმივი სტრესის საფუძველია, ვინაიდან მოსალოდნელი მიწისძვრის შემთხვევაში შენობის ნგრევის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. გარდა ამისა, შახტების ამოქოლვის და მონგრევის გამო, მოსარჩელის ბინაში სველი წერტილების ვენტილაცია ვერ ხდება, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს საცხოვრებელ პირობებს და არსებით ზიანს აყენებს კორპუსში მაცხოვრებლებს.

კასატორი მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 აგვისტოს #004830815 ექსპერტის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ქ. თბილისში, .... #...-ის ტიპის შენობებზე მე-6 სართულის დაშენება იკრძალება. კასატორის მითითებით, სასამართლო არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, თუ რატომ არის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა. კასატორი თვლის, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლის - ნ. კ-ეის პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად შეგნებულად მომზადდა ყალბი დასკვნა. სასამართლო არ ითვალისწინებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებული ექსპერტის - ა. რ-იის ჩვენებას, რომელმაც განაცხადა, რომ მას კონკრეტული არქიტექტურული პროექტი არ შეუფასებია, რაც დასკვნაში არსებული ჩანაწერებითაც დასტურდება. მან 2020 წლის 15 ივლისის #003941220 დასკვნა გასცა იდეის დონეზე. კასატორის განმარტებით, არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებულ არც ერთ არქიტექტურულ პროექტს არ აქვს გავლილი სეისმომედეგობაზე საექსპერტო შეფასება. იგი თვლის, რომ სახეზეა თაღლითური სქემა, რომლის საფუძველზეც, კორპუსზე დაშენდა სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებით მკაცრად აკრძალული მე-6 სართული.

კასატორის შეფასებით, არქიტექტურის სამსახურს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 ივლისის იდეის დონეზე გაცემული დასკვნა გამოყენებული აქვს, როგორც კონკრეტული პროექტის დასკვნა. ამდენად, კასატორი თვლის, რომ არქიტექტურის სამსახურმა თაღლითური სქემის მიხედვით, ექსპერტიზის ყალბი დასკვნის საფუძველზე, ისე გასცა მშენებლობის ნებართვები, რომ წარმოდგენილი პროექტები ექსპერტის მიერ არ ყოფილა შემოწმებული.

კასატორი აღნიშნავს, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ქ. თბილისში, .... #...-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-6 სართულის დაშენების ნებართვა გაცემულ იქნა სწორედ გაყალბებული დასკვნის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (მე-6 სართულის დაშენება) სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებით აკრძალულია.

შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, აშკარად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ნ. კ-ემ და მისმა წარმომადგენელმა - ლ. კ-ემ არქიტექტურის სამსახურში წარადგინეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 ივლისის #003941220 დასკვნა და განაცხადში მიუთითეს, რომ ამ დასკვნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 დეკემბრის #1659729 ბრძანებით შეთანხმებული პროექტით მე-6 სართულის დაშენება. სინამდვილეში ამ დასკვნით, როგორც ა. რ-იმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, კონკრეტული პროექტი არ ყოფილა შეფასებული. ესე იგი, არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებულ არც ერთ არქიტექტურულ პროექტს სავალდებულო საექსპერტო შეფასება არ გაუვლია.

ამ კუთხით, კასატორი მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, ასევე, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ სხვენის მაშინდელ მფლობელს - გ. თ-ეს არქიტექტურის სამსახურმა მე-6 სართულის დაშენების ნებართვის გაცემისათვის მოსთხოვა წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა შეთანხმებული პროექტის მიხედვით ჩასატარებელი სამუშაოების მიზანშეწონილობასა და შესაძლებლობასთან დაკავშირებით, სადაც, ასევე, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 აგვისტოს გაცემული #004830815 ექსპერტის დასკვნაში დაფიქსირებული გარემოებები, რომლის მიხედვითაც, ქალაქ თბილისში, .... #...-ის ტიპის შენობებზე მე-6 სართულის დაშენება იკრძალება.

მანამდე, არქიტექტურის სამსახურმა 2015 წლის 3 ივნისის #1931381 გადაწყვეტილებით გ. თ-ეს, აგრეთვე, მოსთხოვა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან წარედგინა დასკვნა ნაწარმოები მშენებლობის და კორექტირებით გათვალისწინებული სამუშაოების მიზანშეწონილობის შესახებ არსებული შენობის მდგრადობასთან მიმართებით.

კასატორის მითითებით, 2019 წლის 18 ივლისის #4595802 გადაწყვეტილებით არქიტექტურის სამსახურმა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 აგვისტოს გაცემული #004830815 ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, კორპუსზე მე-6 სართულის დაშენების ნებართვის გაცემაზე, ასევე, უარი უთხრა ნ. ხ-ისაც, რომელსაც სურდა გ. თ-ეისგან შეეძინა სხვენი და კორპუსზე მე-6 სართული დაეშენებინა. სხვენის მაშინდელმა მფლობელებმა არქიტექტურის სამსახურში კორპუსზე მე-6 სართულის დაშენების მიზანშეწონილობაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნა ვერ წარადგინეს, რადგან, კასატორის მითითებით, ასეთი დაშენება, სამშენებლო კანონმდებლობის მიხედვით, აკრძალულია.

კასატორის მოსაზრებით, არქიტექტურის სამსახურის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქმეში მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა მის ნაცვლად, ისიც მხოლოდ პროექტის კონსტრუქციული ნაწილის შესაფასებლად, სამსახურმა მიიღო შპს „ო...ს“ 2020 წლის 13 ოქტომბრის ყალბი დასკვნა, მხოლოდ პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე, რომელშიც საერთოდ არ არის განხილული, სეისმომედეგი მშენებლობის ნორმების გათვალისწინებით, რამდენად არის მიზანშეწონილი ამ კორპუსზე პროექტით გათვალისწინებული მე-6 სართულის დაშენება.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას მასზედ, რომ რამდენადაც გასაჩივრებული აქტები გაცემულია უფლებამოსილ ორგანოსთან 2014 წელს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის კორექტირების მიზნით, მათი კანონიერების შესწავლისას გამოყენებული უნდა იქნეს განაცხადის შეტანის დროს მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და წესები. კასატორი მიიჩნევს, რომ არქიტექტურის სამსახურს არ ჰქონდა უფლება 2020 წელს არქიტექტურული პროექტებისა შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვების გაცემის დროს გამოეყენებინა 5 წლის წინ უკვე გაუქმებული კანონმდებლობა, რამდენადაც მშენებლობის ვადის გაგრძელება მათ შეეძლოთ მხოლოდ დაწყებულ მშენებლობაზე, ხოლო ქალაქ თბილისში, .... #...-ში მდებარე შენობაზე მე-6 სართულის დაშენება არ იყო დაწყებული.

კასატორის მითითებით, კანონმდებლობა ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ ძველი კანონმდებლობის გამოყენებით მხოლოდ დაწყებული და დაუმთავრებელი დაშენების დასამთავრებლად მშენებლობის ნებართვის 6 თვის ვადით გაგრძელებას ითვალისწინებდა. კერძოდ, კასატორი მიუთითებს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების მე-20 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ამ წესის ამოქმედებამდე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დაწყებულ და დაუმთავრებელ დაშენებაზე, მიშენებაზე ან/და მანსარდის მოწყობაზე მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება ან განახლება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლში მითითებული მშენებლობის კონსერვაცია დაუშვებელია.

შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ კანონმდებლობის თანახმად, 2014 წლის 25 დეკემბრის #1659729 ბრძანებით დამტკიცებულ პროექტზე 5 წლის შემდგომ შეუძლებელი იყო მშენებლობის ვადის 6 თვით გაგრძელება.

კასატორის მითითებით, ახალი წესების ამოქმედებამდე, ქ. თბილისში, .... #...-ის მე-5 სადარბაზოს სხვენში მე-6 სართულის დაშენებაზე გაცემული იყო ორი ნებართვა, კერძოდ, 2014 წლის 25 დეკემბრის #1659729 ბრძანებით გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 25 დეკემბრიდან 2015 წლის 25 ივნისის ჩათვლით. ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე, ქ. თბილისში, .... #...-ში 2015 წლის 12 აგვისტოს #2136530 ბრძანების საფუძველზე, მეორედ გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 12 აგვისტოდან 2016 წლის 12 თებერვლის ჩათვლით. თუმცა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაშენება არ დაწყებულა.

კასატორი მიუთითებს „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების 21-ე მუხლის მე-7 პუნქტსა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების მე-7 მუხლზე და მათზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ არქიტექტურის სამსახურს მესამე ნებართვის გაცემის უფლება უკვე აღარ ჰქონდა, თუმცა სამსახურმა მშენებლობის ვადა გააგრძელა მეორედ უკვე 5 წლის შემდეგ.

კასატორის მოსაზრებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2020 წლის 7 ოქტომბრის კრების ოქმში საკითხი დასმულია მხოლოდ მე-5 სადარბაზოს სხვენის გადახურვისა და მანსარდის ტიპის საცხოვრებლის მშენებლობასა და მოწყობაზე. მასში არაფერია ნახსენები მე-6 სართულის დაშენების შესახებ. კასატორისათვის უდავოა, რომ შენობაზე სახურავი კი არ მოეწყო, არამედ მე-6 სართული დაშენდა, ატმოსფერული ნალექებისგან შენობის დაცვა და სახურავის შეკეთება კი არ საჭიროებს შენობაზე მე-6 სართულის დაშენებას. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ კრების ოქმი შეიცავს ყალბ ინფორმაციას.

კასატორი მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, ასევე, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილების 21-ე მუხლის მე-6 პუნქტზე და მიიჩნევს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 ივლისის #003941220 დასკვნა არ ატარებს ერთმნიშვნელოვნად დადებით ხასიათს. იგი შეიცავს ყალბ მონაცემებს, არის ორაზროვანი, დადებითი შეფასების დასაბუთება არ ემყარება რაიმე ტექნიკურ დოკუმენტაციას ან კანონმდებლობას და წარმოადგენს მხოლოდ ზერელე და უსაფუძვლო შინაარსის ყალბ მსჯელობას. შეცვლილი და დამახინჯებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სეისმური ნორმების მოთხოვნები.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 აგვისტოს #004830815 დასკვნა კი ატარებს ერთმნიშვნელოვნად უარყოფით ხასიათს და დასაბუთებულია სეისმომედეგი მშენებლობის ნორმების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტის კონკრეტული, მკაცრი და იმპერატიული მოთხოვნებით. კერძოდ, სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებით დაწესებულია შენობის სიმაღლეზე შეზღუდვები და განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #71 დადგენილების #3 დანართის მე-8 ცხრილის მე-8 პუნქტით აგურის შენობებისთვის თბილისში 8-ბალიანი სეისმურობის პირობებში მხოლოდ 4 სართული. შესაბამისად, კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისი 8-ბალიანი მიწისძვრის საშიშროების ზონაში მდებარეობს, ხოლო იმისათვის, რათა აგურის შენობამ გაუძლოს 8-ბალიან მიწისძვრას, მისთვის მაქსიმალური სართულიანობა განსაზღვრულია 4 სართულით. ამდენად, კასატორი თვლის, რომ ქ. თბილისში, .... #...-ის აგურის შენობაზე მე-6 სართულის დაშენება აკრძალულია. მითუმეტეს, შენობა უკვე 5-სართულიანი იყო და სეისმომედეგობა მე-6 სართულის დაშენებამდე ისედაც დაკარგული ჰქონდა.

კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ დაშენება განხორციელებულია რკინის და ბეტონის მძიმე კონსტრუქციებით. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან იმის მტკიცება, რომ დაშენება განხორციელებულია მსუბუქი კონსტრუქციებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ყ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს (1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის #5145036 ბრძანების, (2) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 ოქტომბრის #5167375 ბრძანების, (3) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 16 ნოემბრის #5187408 ბრძანების; (4) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 დეკემბრის #1844 ბრძანების, (5) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 1 დეკემბრის #5206438 ბრძანებისა და (6) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 11 თებერვლის #86 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ. ყ-ის მხრიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ძირითად საფუძვლად იქცა ის გარემოება, რომ მისი მოსაზრებით, სადავო აქტებით ხდება მისი უფლებების დარღვევა და კანონიერი ინტერესის შელახვა, კერძოდ, სადავო მშენებლობა საფრთხეს უქმნის შენობის სეისმომედეგობას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ არგუმენტს და მის საწინააღმდეგოდ, ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო მშენებლობის შედეგები, უსაფრთხოების თვალსაზრისით, სათანადოდ შეისწავლა და შეაფასა. კერძოდ, განმცხადებელმა ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 ივლისის #003941220 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სადავო შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შენობაზე არსებული რაოდენობრივად მცირე დაზიანებები გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთით და ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით. გასულ წლებში სახლის ძირითად ნაწილზე, დაახლოებით, საერთო ფართის 87%-ზე მანსარდის ტიპის სართულის დაშენებას რაიმე სახის დაზიანებები და დეფორმაციები არ გამოუწვევია. საკვლევი შენობის სართულიანობიდან გამომდინარე (ხუთი სართული), დარღვეულია სეისმური ნორმების თავი III, ცხრილი 8-ის მოთხოვნები, რის საფუძველზეც, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის #0048301815 დასკვნის მიხედვით დაშენება იქნა შეჩერებული. მე-5 სადარბაზოს სახურავის ფენილის დემონტაჟით, სართულშუა გადახურვის ფილამდე, ხოლო შემდგომ მანსარდის ტიპის სართულის მოწყობით, დატვირთვები არ იზრდება. შესაბამისად, სეისმომედეგობა არ ქვეითდება და სეისმური ნორმების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ უნდა ამცირებდეს ძირითადი შენობის სეისმომედეგობას, არ ირღვევა, ...ს გამზ. #...-ში, მე-5 სადარბაზოს თავზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება მანსარდის ტიპის საცხოვრებელი ფართის მოსაწყობად კვლევით ნაწილში მოყვანილი რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია, რაც ასევე მისაღებია შენობის ერთიანი იერსახის მოწესრიგების კუთხითაც. ამავე დასკვნის თანახმად, კვლევით ნაწილში მოყვანილი შენიშვნების გათვალისწინებით, ქ. თბილისში, .... #...-ში მდებარე ხუთსართულიანი შენობის (საკადასტრო კოდით: #...) მე-5 სადარბაზოს თავზე მსუბუქი კონსტრუქციებით შესაძლებელია მანსარდის ტიპის სართულის მოწყობა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით, რომელიც განხილული უნდა იყოს, როგორც საფუძველი მუშა არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების შესადგენად.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა შპს „ო...ს“ მიერ 2020 წლის 13 ოქტომბერს მომზადებული დასკვნა, რომლის თანახმად, დამკვეთის დავალების საფუძველზე, წარდგენილი მასალების მიხედვით, ქ. თბილისში, .... #...-ში (ს.კ. ...) მდებარე სარეკონსტრუქციო შენობა #2/5-ზე დაშენების კორექტირებული პროექტის ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები შერჩეულია საანგარიშო მოდელის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის საფუძველზე. ისინი აკმაყოფილებს მდგრადობის, სიმტკიცისა და დეფორმაციის შესაბამისი ნორმატიული კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, პროექტს დასამტკიცებლად მიეცა ერთმნიშვნელოვნად დადებითი შეფასება.

შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გასაჩივრებული მშენებლობის ნებართვების არქიტექტურული პროექტის შეფასების გარეშე გაცემა. ასევე, დაუსაბუთებელია კასატორის მხრიდან ერთმნიშვნელოვნად დადებითი შეფასების არარსებობის მტკიცება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 ივლისის #003941220 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით, მაშინ, როდესაც აღნიშნული დასკვნა შპს „ო...ს“ მიერ 2020 წლის 13 ოქტომბერს მომზადებულ დასკვნასთან ერთობლიობაში, ცხადყოფს კონკრეტული პირობების დაცვით მშენებლობის წარმოების მიმართ ერთმნიშვნელოვნად დადებითი შეფასების არსებობას.

ამასთან, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის #5145036, 2020 წლის 30 ოქტომბრის #5167375, 2020 წლის 16 ნოემბრის #5187408 და 2020 წლის 1 დეკემბრის #5206438 ბრძანებებით განისაზღვრა, რომ სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #003941220 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში გათვალისწინებული პირობების დაცვით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განმცხადებელმა უზრუნველყო სათანადო საექსპერტო დასკვნების წარდგენა, რომლითაც დადასტურებულია, რომ სადავო მშენებლობით შენობის სიმტკიცესა და მდგრადობას საფრთხე არ ექმნება. ამასთან, არქიტექტურის სამსახურმა არა მხოლოდ შეისწავლა და გაითვალისწინა ხსენებული დასკვნები, არამედ მშენებლობის ნებართვებში პირდაპირ და უშუალოდ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #003941220 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში გათვალისწინებული პირობების დაცვის სავალდებულოობაზე. მშენებლობის ნებართვები სწორედ ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინების პირობით გაიცა.

საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 აგვისტოს #004830815 დასკვნა არის ზოგადი, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 ივლისის #003941220 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა არის უფრო კონკრეტული ხასიათის და ახალი. ამასთან, გასათვალისწინებელია შპს „ო...ს“ 2020 წლის 13 ოქტომბრის დასკვნაც.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 აგვისტოს #004830815 დასკვნა ვერ იქცევა სადავო აქტებით გაცემული მშენებლობის ნებართვების ბათილად ცნობის საფუძვლად - მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების საწინააღმდეგოდ შეთანხმების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

ამავდროულად, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 ივნისის #ბ-19/01211023360-17 ბრძანებით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისში, .... #...-ში (ს.კ. ...) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია (დაშენება) – III კლასი. შესაბამისად, ნიშანდობლივია, რომ დაშენება ჯერ კიდევ 2021 წლის 11 ივნისის მდგომარეობით იქნა დასრულებული და უფრო მეტიც, საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია (დაშენება) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიღებულია ექსპლუატაციაში. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორის მიერ საქმეში არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაშენების შედეგად ქალაქ თბილისში, .... #...-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (კორპუსის) სეისმომედეგობის შემცირებას.

რაც შეეხება კასატორის მითითებებს ამხანაგობის ოქმის, ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 ივლისის #003941220 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის გაყალბების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომელიც რაიმე თაღლითური სქემის არსებობის ან/და მითითებული დოკუმენტების სიყალბის თაობაზე მიუთითებდა. ამასთან, გარდა იმისა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ნამდვილობა სათანადო წესით სადავო არ გამხდარა, საქმეში არ არის წარმოდგენილი ამხანაგობის სხვა წევრთა პრეტენზია ნების გამოხატვის ნამდვილობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კასატორის არგუმენტს მშენებლობის ნებართვის ვადის ერთჯერადად 6 თვეზე მეტი ვადით გაგრძელების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის #ბს-938(2კ-24) განჩინებაზე, რომლითაც საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორთა მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრებები მშენებლობის ნებართვის ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელების შეუძლებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილ იქნა არა საცხოვრებელ სახლზე დაშენებისთვის მშენებლობის უკვე არსებული ნებართვის ვადის გაგრძელება, არამედ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე კორექტირებული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ არგუმენტს და მის საწინააღმდეგოდ მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით დადასტურებულია მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის 6 თვით ერთჯერადად გაგრძელების შემდგომ, კორექტირებული მშენებლობის ნებართვის შეთანხმების საფუძველზე, ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობა.

რაც შეეხება სავენტილაციო შახტების გაუქმების თაობაზე კასატორის მითითებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სააპელაციო პალატის მიერ კი დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სადავო აქტებით შახტების გაუქმების საკითხი საერთოდ არ ყოფილა განხილვის საგანი და არ შეთანხმებულა. საკითხის განსხვავებულ შეფასებას ამ შემთხვევაში ვერ განაპირობებდა სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანებები, რომლებითაც განმცხადებელს დაევალა შახტების შიდა ღიობის კონტურის ასახვა.

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეულ ზემოაღნიშნულ გარემოებას გააქარწყლებდა. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი მდგომარეობით, დაშენების პროცესი დასრულებულია, საქმეში არ მოიპოვება სათანადო მტკიცებულება (მაგ. საექსპერტო დასკვნა), რომელიც ხსენებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შედეგად კორპუსში არსებული შახტების ფაქტობრივ გაუქმებას დაადასტურებდა. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ გაცემული მშენებლობის ნებართვებით სავენტილაციო შახტების გაუქმების საკითხი არ შეთანხმებულა, კასატორმა ვერ შეძლო ვერც იმ გარემოების დამტკიცება, რომ წარმოებულმა სამშენებლო სამუშაოებმა შედეგად აღნიშნული შახტების ფაქტობრივად გაუქმება გამოიწვია.

რაც შეეხება თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით კასატორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული დასკვნის მოთხოვნა, არ ადასტურებს სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების არასრულყოფილად წარმართვას. ნიშანდობლივია, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარდგენილ იქნა შესაბამისი დასკვნები და შესწავლილ იქნა სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების საკითხი, რაც ქმნიდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველს.

ამასთან, საკასაციო პალატა განმეორებით მიუთითებს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის #5145036, 2020 წლის 30 ოქტომბრის #5167375, 2020 წლის 16 ნოემბრის #5187408 და 2020 წლის 1 დეკემბრის #5206438 ბრძანებებით განისაზღვრა, რომ სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 ივლისის #003941220 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში გათვალისწინებული პირობების დაცვით. ამდენად, სამშენებლო ნებართვებით განსაზღვრული პირობების პრაქტიკაში შეუსრულებლობა ან მათი არასრულყოფილი შესრულება ქმნის არა გაცემული მშენებლობის ნებართვების უკანონოდ მიჩნევისა და მათი ბათილად ცნობის, არამედ ნებართვით განსაზღვრული პირობების დარღვევის მოტივით სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მხრიდან მშენებლობის მწარმოებელი სუბიექტის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ. ყ-ის საკასაციო საჩივარზე ქ. ს-ის (პ/ნ ...) 31.01.2025წ. #7773 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქ. ს-იის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ზ. ყ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება;

3. ქ. ს-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ზ. ყ-ის საკასაციო საჩივარზე 31.01.2025წ. #7773 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა