¹ ას-654-1302-03 4 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
სარჩელი საგანი: ალიმენტის დავალიანების გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 25 მარტს ზ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. ჭ-ის მიმართ და მოითხოვა საალიმენტო დავალიანების ხელახალი გადაანგარიშება და მოპასუხისათვის დაკისრება, ვინაიდან, მას მერე, რაც 1998წ. 21 აპრილს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. ჭ-ეს დაეკისრა ორი არასრულწლოვანი შვილის სარჩენად მისი შემოსავლის 25 %-ის დაკისრება 40 რუსული რუბლის ოდენობით, შეიცვალა ვალუტის კურსი. მითითებულ საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა მ. ჭ-ისათვის 9000 ლარის დაკისრება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აპრილის განჩინებით აღნიშნულ საქმეზე წარმოება შეწყდა. მოსარჩელეს განემარტა, რომ მ. ჭ-ის მხრიდან ადგილი აქვს ალიმენტის გადახდისაგან ჯიუტად თავის არიდებას, ამრიგად, მოპასუხის მოქმედებაში შეიმჩნევა სისხლის სამართლის საქმის ნიშნები, რის შესახებ უნდა მიემართოს სამართალდამცავ ოგანოებს.
აღნიშნულ განჩინებაზე ზ. ჭ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ვინაიდან იგი ვერ მიმართავდა პროკურატურასა და აღმასრულებელს, თუ არ მოხდებოდა ალიმენტის ოდენობის გადაანგარიშება სასამართლოს მიერ.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 მაისის განჩინებით სასამართლომ არ გაიზიარა კერძო საჩივრის საფუძვლები და საქმე განსახილველად გადაუგზავნა სააპელაციო პალატას.
აღნიშნული დავის განხილვა დაინიშნა 2003წ. 22 ივლისს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. სასამართლო უწყება მხარეებს ჩაბარდა 2003წ. 20 ივნისს. დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არცერთი მხარე არ გამოცხადდა, რისი მიზეზიც სასამართლოსათვის ცნობილი არ ყოფილა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 275-ე მუხლის “დ” პუნქტით, რომლის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.
სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებაზე ზ. ჭ-ემ კვლავ შეიტანა კერძო საჩივარი და მიუთითა, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა მხოლოდ საქმის განხილვის შემდეგ, ხოლო საქმის მასალებში წარმოდგენილ საფოსტო განყოფილების ცნობას ხელი მოაწერა მისმა მეზობელმა, რომელმაც გვიან გადასცა უწყება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
პალატამ არ გაიზიარა ზ. ჭ-ის მოსაზრება სასამართლო უწყების გვიან ჩაბარების შესახებ და დაეყრდნო საქმის მასალებში წარმოდგენილ საფოსტო განყოფილების ცნობას, რომელზეც დაფიქსირებულ იქნა ზ.ჭელიძის ხელმოწერა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ კერძო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც ზ. ჭ-ის კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აპრილის განჩინებაზე ზ. ჭ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც ამავე სასამართლოს 22 მაისის განჩინებით განსახილველად გაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას. საქმის განხილვა ჩაინიშნა 2003წ. 2 ივლისს, რის შესახებ მხარეებს ეცნობათ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების საფუძველზე, ასევე, დადგენილია, რომ სასამართლოს უწყებები მხარეებს ჩაბარდათ 20 ივნისს, თუმცა პროცესზე ზ. და მ. ჭ-ები არ გამოცხადებულან და რაიმე საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სასამართლოსათვის არ შეუტყობინებიათ. ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორედ იხელმძღვანელა სსკ-ს 275-ე მუხლის “დ” პუნქტით და კერძო საჩივარი დატოვა განუხილველი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზ. ჭ-ის არგუმენტს, თითქოს სასამართლო უწყება ჩაიბარა მისმა მეზობელმა და დაგვიანებით გადასცა მას, ვინაიდან ზემოხსენებული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ზ. ჭ-ეს კერძო საჩივარში მითითებული არგუმენტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. ჭ-ის კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივლისის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.