Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-754(2კ-23) 29 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურისა (მოპასუხე) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,მ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 26 ივნისს შპს „მ...მ“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის №38959 ბრძანებისა და №... საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 23 თებერვლის №4317 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 23 მარტის №7674 ბრძანებისა და №... საგადასახადო მოთხოვნის (112 930.97 ლარის ოდენობით დარიცხულ თანხასთან დაკავშირებით), სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 11 აპრილის №9539 ბრძანებისა და 2017 წლის 12 აპრილის №... კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის (131 219.18 ლარის ოდენობით დარიცხული თანხების ნაწილში), სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №16644 და №16645 ბრძანებების ბათილად ცნობა; ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა №14274/2/17, №4327/2/2017 და №4328/2/2018 საჩივრებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,მ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები - შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება №14274/2/17, №4327/2/2017 №4328/2/2018 საჩივრებთან დაკავშირებით, გაუფასურებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების (ცეცხლგამძლე აგური) საანგარიშო პერიოდში რეალიზებულად ჩათვლისა და ერთობლივ შემოსავალში ასახვის (დავის საგნის პირველი საკითხი), ასევე, ,,შლაკის“ საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასებისა და საწყის საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვის (დავის საგნის მეხუთე საკითხი) ნაწილში; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით შპს ,,მ...ს“, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით, შპს ,,მ...ს“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 136-ე მუხლზე, 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 161-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ პირველ სადავო საკითხთან (გაუფასურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგურის) მიწოდებად განხილვა) დაკავშირებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შიდა ინვენტარიზაციის აქტი, რომლის მიხედვითაც ცეცხლგამძლე აგურების რაოდენობამ შეადგინა 13 500 ცალი (გადამხდელის მიერ ჩამოწერილია 36 940 ცალი). შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება შემოწმებისთვის წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გადამხდელის მიერ ჩატარებული შიდა ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 13 500 ცეცხლგამძლე აგური მიეკუთვნება საწარმოს მიერ 2013 წლის ბოლოს ჩამოწერილ და შემოწმების მიერ რეალიზებულად განხილულ სასაქონლო მარაგებს (36 940 ცალი ცეცხლგამძლე აგური). ამგვარი დასკვნა წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. მეორე სადავო საკითხთან (ე.წ. „შლაკის“ საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის-საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვა) დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ საწარმოს წარმოების პროცესში გააჩნია საწარმოო დანაკარგები, რომელიც იანგარიშება ჩაშვებული ნედლეულის (ჯართის) გამოსავლიანობის პროპორციულად. დანაკარგი წარმოადგენს წარმოების პროცესში გამოსაყენებელი ნედლეულის შემდგომ დარჩენილ მასას, რომელსაც გააჩნია მოცულობა და საქონლის თვისებები (ე.წ. შლაკი). საწარმო აღნიშნულ მასას არ ანიჭებს ღირებულებას და უწოდებს მას წარმოების დანაკარგს. ასევე განმარტავს, რომ არსებული ნარჩენის გადატანა ხდება საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი შემდგომი გამოყენება არ ხდება. საწარმო წარმოების პროცესში იყენებს ე.წ. „ინდუქციურ მეთოდს“, რომლის შედეგად დარჩენილ მასებს აქვთ სასაქონლო თვისებები (გამოიყენება სხვადასხვა წარმოების პროცესში მაგ: სამშენებლო ბლოკის და ცემენტის). სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება წარმოედგინა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. შლაკის რაოდენობისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის თაობაზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლზე, 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 161-ე მუხლზე და პირველ სადავო საკითხთან (გაუფასურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგურის) მიწოდებად განხილვა) დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება შემოწმებისთვის წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გადამხდელის მიერ ჩატარებული შიდა ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 13 500 ცეცხლგამძლე აგური მიეკუთვნება საწარმოს მიერ 2013 წლის ბოლოს ჩამოწერილ და შემოწმების მიერ რეალიზებულად განხილულ სასაქონლო მარაგებს (36 940 ცალი ცეცხლგამძლე აგური). გადამხდელს რაიმე მტკიცებულება/არგუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, არ წარმოუდგენია. შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. მეორე სადავო საკითხთან (ე.წ. „შლაკის“ საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის-საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვა) დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ საწარმოს წარმოების პროცესში გააჩნია საწარმოო დანაკარგები, რომელიც იანგარიშება ჩაშვებული ნედლეულის (ჯართის) გამოსავლიანობის პროპორციულად. დანაკარგი წარმოადგენს წარმოების პროცესში გამოსაყენებელი ნედლეულის შემდგომ დარჩენილ მასას, რომელსაც გააჩნია მოცულობა და საქონლის თვისებები (ე.წ. შლაკი). საწარმო აღნიშნულ მასას არ ანიჭებს ღირებულებას და უწოდებს მას წარმოების დანაკარგს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება წარმოედგინა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. შლაკის რაოდენობისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის თაობაზე. გადამხდელს რაიმე მტკიცებულება/არგუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, არ წარმოუდგენია. შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ზეპირ მოსმენაზე მოისმინა მხარეთა პოზიციები სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საკითხის განხილვის გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,მ...ს“ საგადასახადო შემოწმება, ხოლო შემოწმების შედეგებზე 2016 წლის 29 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. შემოწმების აქტში მიეთითა, რომ საწარმოს 2013 წლის ბოლოს ჩამოწერილი აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ცეცხლგამძლე აგური, რაოდენობა 36 940 ცალი) 216 421 ლარის ღირებულებით. შემოწმებით მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია, აღნიშნული ოპერაციის განხორციელების სისწორის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად (ზეპირსიტყვიერი განმარტებით, აღნიშნული ფასეულობები გამოუსადეგარი იყო წარმოებისთვის). საწარმოს მიერ დამატებითი დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი. საწარმოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული სსკ-ის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნები. შედეგად, ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები ჩაითვალა საანგარიშო პერიოდში რეალიზებულად და დაექვემდებარა ერთობლივ შემოსავალში ასახვას სსკ-ის მე-100 მუხლის გათვალისწინებით, ამასთან, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტში ასევე მიეთითა, რომ საწარმოს წარმოების პროცესში გააჩნია საწარმოო დანაკარგი, რომელიც იანგარიშება ჩაშვებული ნედლეულის (ჯართის) გამოსავლიანობის პროპორციულად. დანაკარგი წარმოადგენს წარმოების პროცესში გამოსაყენებელი ნედლეულის შემდგომ დარჩენილ მასას, რომელსაც გააჩნია მოცულობა და საქონლის თვისებები (ე.წ. შლაკი). საწარმო აღნიშნულ მასას არ ანიჭებს ღირებულებას და უწოდებს მას წარმოების დანაკარგს. ასევე განმარტავს, რომ არსებული ნარჩენის გადატანა ხდება საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი შემდგომი გამოყენება არ ხდება. საწარმო წარმოების პროცესში იყენებს ე.წ. „ინდუქციურ მეთოდს“, რომლის შედეგად დარჩენილ მასებს გააჩნია სასაქონლო თვისებები (გამოიყენება სხვადასხვა წარმოების პროცესში მაგ: სამშენებლო ბლოკის და ცემენტის). შესაბამისად, სსკ-ის 145-ე მუხლის მიხედვით მისი ნულოვანი ღირებულებით აღრიცხვა არამართლზომიერია (ბასს-ების მიხედვით, მისი ღირებულება უნდა შეფასდეს თვითღირებულებით ან ნეტო სარეალიზაციო ფასით). შედეგად, შემოწმებით საწარმოო ნარჩენი (ე.წ. შლაკი) შეფასდა საბაზრო-სარეალიზაციო ფასით და აღნიშნულის შედეგად გაიზარდა მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახული საწყის-საბოლოო სმფ-ების ღირებულება.

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს გამოიცა N38959 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა N... საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს ,,მ...ს“ გადასახდელად დაერიცხა სულ 144 782.71 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. საჩივრის ავტორი მათ შორის სადავოდ ხდიდა შემდეგ საკითხებს: 1) ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგური) მიწოდებად განხილვა; 2) ე.წ. შლაკის საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის-საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვა.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 23 თებერვლის N4317 ბრძანებით, შპს ,,მ...ს“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ სადავო საკითხთან (ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგური) მიწოდებად განხილვა) დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, კერძოდ, ცეცხლგამძლე აგური (რაოდენობა 36 940 ცალი) განთავსებულია კომპანიის კუთვნილი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და არ მომხდარა მისი რეალიზაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). მეორე სადავო საკითხთან (ე.წ. შლაკის საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის-საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვა) დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. შლაკის რაოდენობასა და სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 23 თებერვლის N4317 ბრძანების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 4 აპრილს შედგენილი იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. დასკვნაში პირველ სადავო საკითხთან (ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგური) მიწოდებად განხილვა) დაკავშირებით მიეთითა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შიდა ინვენტარიზაციის აქტი, რომლის მიხედვითაც ცეცხლგამძლე აგურების რაოდენობამ შეადგინა 13 500 ცალი (ჩამოწერილია 36 940 ცალი). იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დოკუმენტი ვერ იქნა განხილული ფაქტობრივ გარემოებებში აღწერილი საქონლის ნაშთად არსებობის დამადასტურებლად, აღნიშნულ საკითხზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. ამავე დასკვნაში მეორე სადავო საკითხთან (ე.წ. შლაკის საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის-საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვა) დაკავშირებით მიეთითა, რომ საწარმომ მოცემულ ვადაში ვერ წარმოადგინა ინფორმაცია წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. შლაკის რაოდენობისა და სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 4 აპრილის დასკვნის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 11 აპრილს გამოიცა N9539 ბრძანება, ხოლო 2017 წლის 12 აპრილს გადასახადის გადამხდელს წარედგინა N... საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს ,,მ...ს“ გადასახდელად დაერიცხა სულ 131 219.18 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. საჩივრის ავტორი მათ შორის სადავოდ ხდიდა შემდეგ საკითხებს: 1) გაუფასურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგური) მიწოდებად განხილვა; 2) წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. შლაკის საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის-საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვა.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N16644 ბრძანებით, შპს ,,მ...ს“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ სადავო საკითხთან (გაუფასურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგური) მიწოდებად განხილვა) დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდება, რომ გადამხდელის მიერ ჩატარებული შიდა ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 13 500 ცალი ცეცხლგამძლე აგური მიეკუთვნება საწარმოს მიერ 2013 წლის ბოლოს ჩამოწერილ და შემოწმების მიერ რეალიზებულად განხილულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს (36 940 ცალი ცეცხლგამძლე აგური), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). მეორე სადავო საკითხთან (წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. შლაკის საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის-საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვა) დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. შლაკის რაოდენობასა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნული დასკვნის წარდგენის უზრუნველსაყოფად, გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საექსპერტო დასკვნის გამცემ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,მ...ს“ სრული გასვლითი საგადასახადო შემოწმება, ხოლო შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 23 მარტს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში მიეთითა, რომ საწარმოს წარმოების პროცესში გააჩნია საწარმოო დანაკარგი, რომელიც იანგარიშება ჩაშვებული ნედლეულის (ჯართის) გამოსავლიანობის პროპორციულად. დანაკარგი წარმოადგენს წარმოების პროცესში გამოსაყენებელი ნედლეულის შემდგომ დარჩენილ მასას, რომელსაც გააჩნია მოცულობა და საქონლის თვისებები (ე.წ. შლაკი). საწარმო აღნიშნულ მასას არ ანიჭებს ღირებულებას და უწოდებს მას წარმოების დანაკარგს. ასევე განმარტავს, რომ არსებული ნარჩენის გადატანა ხდება საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი შემდგომი გამოყენება არ ხდება. საწარმო წარმოების პროცესში იყენებს ე.წ. „ინდუქციურ მეთოდს“, რომლის შედეგად დარჩენილ მასებს გააჩნია სასაქონლო თვისებები (გამოიყენება სხვადასხვა წარმოების პროცესში მაგ: სამშენებლო ბლოკის და ცემენტის). შესაბამისად, სსკ-ის 145-ე მუხლის მიხედვით მისი ნულოვანი ღირებულებით აღრიცხვა არამართლზომიერია (ბასს-ების მიხედვით, მისი ღირებულება უნდა შეფასდეს თვითღირებულებით ან ნეტო სარეალიზაციო ფასით). შედეგად, შემოწმებით საწარმოო ნარჩენი (ე.წ. შლაკი) შეფასდა საბაზრო-სარეალიზაციო ფასით და აღნიშნულის შედეგად გაიზარდა მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახული საწყის-საბოლოო სმფ-ების ღირებულება.

ასევე დადგენილია, რომ მითითებული შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 23 მარტს გამოიცა N7674 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა N... საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს ,,მ...ს“ გადასახდელად დაერიცხა სულ 112 930.97 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. საჩივრის ავტორი მათ შორის სადავოდ ხდიდა შემდეგ საკითხებს: 1) გაუფასურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგური) მიწოდებად განხილვა; 2) წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. შლაკის საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის-საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვა.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N16645 ბრძანებით, შპს ,,მ...ს“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ სადავო საკითხთან (გაუფასურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგური) მიწოდებად განხილვა) დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდება, რომ გადამხდელის მიერ ჩატარებული შიდა ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 13 500 ცალი ცეცხლგამძლე აგური მიეკუთვნება საწარმოს მიერ 2013 წლის ბოლოს ჩამოწერილ და შემოწმების მიერ რეალიზებულად განხილულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს (36 940 ცალი ცეცხლგამძლე აგური), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა შესაბამისი წლების სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირება. მეორე სადავო საკითხთან (წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. შლაკის საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის-საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვა) დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა წარმოების პროცესში დარჩენილი ე.წ. შლაკის რაოდენობასა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნული დასკვნის წარდგენის უზრუნველსაყოფად, გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საექსპერტო დასკვნის გამცემ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის N..., 2017 წლის 23 მარტის N... და 2017 წლის 12 აპრილის N... საგადასახადო მოთხოვნები, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 23 თებერვლის N4317 და 2017 წლის 20 ივნისის N16644 და N16645 ბრძანებები შპს ,,მ...ს“ მიერ გასაჩივრდა საჩივრებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. წარდგენილი საჩივრებით გადასახადის გადამხდელი მათ შორის სადავოდ ხდიდა შემდეგ საკითხებს: 1) გაუფასურებული სასაქონლო-მატერიალური მარაგები (ცეცხლგამძლე აგური); 2) ე.წ. შლაკის საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის-საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით (საჩივრები №14274/2/17, №4327/2/2017 და №4328/2/2018), შპს ,,მ...ს“ საჩივრები ზემოაღნიშნული სადავო საკითხების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება სადავოა ორი საკითხის ნაწილში: 1) გაუფასურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგურის) მიწოდებად განხილვა და ერთობლივ შემოსავალში ასახვა; 2) ე.წ. „შლაკის“ საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასება და საწყის-საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,მ...ს“ 2013 წლის ბოლოს ჩამოწერილი ჰქონდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ცეცხლგამძლე აგური, რაოდენობა 36 940 ცალი). აღნიშნული ოპერაციის განხორციელების სისწორის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად კი შესაბამისი დოკუმენტაცია შემოწმების დროს არ იქნა წარდგენილი, თუმცა საჩივრის განხილვის ეტაპზე გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, კერძოდ, ცეცხლგამძლე აგური (რაოდენობა 36 940 ცალი) განთავსებული იყო კომპანიის კუთვნილი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და არ მომხდარა მისი რეალიზაცია. საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შპს ,,მ...მ“ აუდიტის დეპარტამენტს მისი მითითების შესაბამისად წარუდგინა ინვენტარიზაციის აქტი, საწარმოს ტერიტორიაზე 13 500 ცალი აგურის აღრიცხვის თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აგური, ცალკე აღებული, არ წარმოადგენს იმგვარი ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულ საქონელს, რაც შესაძლებელს გახდიდა საწარმოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი თითოეული აგურის იდენტიფიცირების, კერძოდ, გადამხდელის მიერ მისი 2013 წლამდე შეძენისა და 2013 წელს ჩამოწერის დადასტურებას სხვა რაიმე ფორმით. ამდენად, ამ ნაწილში შემმოწმებელს უნდა ეხელმძღვანელა იმ ფაქტობრივი მოცემულობით, რაც რეალურად ფიქსირდებოდა ადგილზე, ასახული იყო წარდგენილ მტკიცებულებაში და ისე განესაზღვრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ცეცხლგამძლე აგური) საანგარიშო პერიოდში რეალიზებულად ჩათვლისა და ერთობლივ შემოსავალში მისი ასახვის საკითხი.

მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 28-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში, შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოების დანაკარგად მიიჩნევდა და ღირებულებას არ ანიჭებდა წარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის შემდგომ დარჩენილ მასას, ე.წ. შლაკს, რაც საგადასახადო ორგანოს პოზიციით იყო არასწორი, ვინაიდან მას ჰქონდა სასაქონლო თვისებები და შესაბამისი ღირებულება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ შემოწმების ჩატარების დროს, მითითებული მასა - ე.წ. შლაკი, საწარმოს ტერიტორიაზე იყო დაყრილი, ტერიტორიიდან გატანილი არ ყოფილა და გადამხდელს მისი რეალიზაცია არ ჰქონდა განხორციელებული. ამასთან, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება/დასკვნა იმის თაობაზე, რომ მითითებული საქონელი, ე.წ. შლაკი, რაც არსებობდა საწარმოს ტერიტორიაზე, რაიმე მატერიალური ღირებულების მქონე საქონელია და საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული სადავო საკითხები ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ხელახლა გამოკვლევას საჭიროებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ (მოცემული სადავო საკითხების ნაწილში) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი