Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-186(კ-25) 8 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)- შპს "თ..."

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 13 დეკემბერს შპს "თ...მა" სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ შპს "თ...მა" ს/კ ... მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობისას დაარღვია "მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების მოთხოვნები, კერძოდ, სამშენებლო მოედანზე არ იყო მოწყობილი უსაფრთხოების ღობე. შესაბამისად, მოსარჩელე სამშენებლო სამართალდარღვევის გამო, დაჯარიმდა 30 000 ლარით. მოსარჩელემ დაჯარიმების შესახებ დადგენილება გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე მიიღეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამშენებლო მოედანზე მოწყობილი იყო ბეტონის ღობე, თუმცა ღობის გადაწევის სამუშაოების პროცესში ღობე მოხსნილი იყო, რა დროსაც მუნიციპალურმა ინსპექციამ განახორციელა შემოწმება და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 22 იანვრის №... დადგენილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 ნოემბრის №1748 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით შპს "თ...ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს "თ...მა", რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით შპს" თ...ს" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,თ...ს“ მიმართ 22.01.2019წ. შედგა №... შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, თბილისი-მცხეთის გზის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისას ობიექტზე დარღვეულია „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილების მოთხოვნები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციის 22.01.2019წ. №... დადგენილებით შპს „თ...“ დაჯარიმდა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით, ქალაქ თბილისში, თბილისი-მცხეთის მიმდებარედ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მიმდინარე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისას, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის.

სააპელაციო პალატამ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-14 მუხლის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-2 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტზე და მე-18 მუხლზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან არ ირკვეოდა თუ რის საფუძველზე დაჯარიმდა შპს "თ...". სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სამშენებლო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების შედეგად მშენებარე კორპუსი არ იყო შემოსაზღვრული დროებითი უსაფრთხოების სამშენებლო ღობით. ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ ქვეითები, იყო სატრანსპორტო მოძრაობა. უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო იურიდიულ პირს დაედო შესაბამისი სახდელი.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის არსებული ვითარების ამსახველი ფოტოსურათების), მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ შპს „თ...მა“ ქალაქ თბილისში, თბილისი-მცხეთის გზის მიმდებარედ, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისას დაარღვია „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 წესები. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას და სადავო ადმინისტრაციული აქტის მომზადება-გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს "თ...მა", რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა მართალია გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ, თუმცა არასწორად განმარტეს იგი. სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ სათანადოდ არ შეისწავლეს და არ შეაფასეს ადმინისტრაციული წარმოებისას გადაღებული სურათები, რომლებშიც ნათლად ჩანს, რომ სამშენებლო მოედნის გარე პერიმეტრი შემოღობილი იყო დამცავი ღობით და მშენებლობისას მიმდინარეობდა შიდა ღობის მონტაჟი, რისი განთავსების აუცილებლობას "მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 27.05.2014წ. N361 წესები არ მოითხოვდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოება ჩაატარა ტენდენციურად, რადგან დაარღვია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

კასატორმა ასევე იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს "თ...ს" საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს "თ...ს" საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 22 იანვრის №... დადგენილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 ნოემბრის №1748 ბრძანების კანონიერება.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, თბილისი-მცხეთა მთიანეთის გზის მიმდებარედ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „თ...". დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №4301629 ბრძანებით შეთანხმდა IV კლასის მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 12 დეკემბრიდან 2020 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2019 წლის 22 იანვარს შეადგინა №... შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, შპს ,,თ...მა“ ქალაქ თბილისში, თბილისი-მცხეთის გზის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისას ობიქტზე დაარღვია „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილების მოთხოვნები. კერძოდ, სამშენებლო მოედანზე სრულყოფილად არ იყო მოწყობილი უსაფრთხოების ღობე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ 2019 წლის 22 იანვრის №... დადგენილებით შპს „თ...“ დაჯარიმდა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით, ქალაქ თბილისში, თბილისი-მცხეთის მიმდებარედ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მიმდინარე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისას, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის. ამავე დადგენილებით, შპს "თ...ს“ დაევალა ქალაქ თბილისში, თბილისი-მცხეთის მიმდებარედ, ... საკადასტრო კოდზე, მრავალფუნქციური შენობის მშენებლობისას, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-23 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. ამავე მუხლის მე-13 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული სამშენებლო სამართალდარღვევის მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მინიჭებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამოვლენისას, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული სხვა სამშენებლო სამართალდარღვევებისგან განსხვავებით, კანონმდებელი არ გამოხატავს ნებას, სანქცირებამდე დამრღვევს განუსაზღვროს გამოსწორების ვადა. კანონით დასჯადად და პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ჰქმნის მარტოოდენ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მშენებლობის წარმოებისას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ერთ-ერთ უმთავრეს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ, აუცილებლობას წარმოადგენს სანებართვო სამართლის ინსტიტუტების სწორად გამოყენება. „..აღნიშნული სამართლის ინსტიტუტების სწორი გაგება-გამოყენება უშუალოდ განაპირობებს ადამიანთა ყოფას, საზოგადოებრივი წესრიგის ხარისხსა და კულტურას..“ (სუს 2013 წლის 2 ივლისის Nბს-60-55(კ-13) გადაწყვეტილება). შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მაღალია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის წარმოშობის რისკი.

სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. მითითებული კოდექსის მიზნების აღსრულებას ემსახურება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“.

ზემოხსენებული რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული მოწესრიგება ვრცელდება მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელ სამუშაოებზე და განსაზღვრავს უსაფრთხოების მოთხოვნებს სამშენებლო მოედანზე: ორგანიზების, სამშენებლო მანქანა-მექანიზმების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ინსტრუმენტის ექსპლუატაციის, ელექტრო და აირსაშემდუღებლო, დატვირთვა-დაცლის, საიზოლაციო, მიწის, ბეტონისა და რკინა-ბეტონის, სამონტაჟო, სადემონტაჟო და სხვა სამშენებლო სამუშაოთა წარმოების დროს. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა სამუშაოთა წარმოების დროს. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა სამუშაოთა წარმოების დროს. ამავე რეგლამენტის თანახმად, სამშენებლო მოედანზე სამუშაოები უნდა იყოს ორგანიზებული იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მშენებლობის უსაფრთხოება. სამშენებლო მოედანი დასახლებულ ადგილებში და საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ ან მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა. შემოღობვა ხალხის მოძრაობის ადგილებში გადახურული უნდა იყოს ისეთი დამცავი საფარით, რომელიც უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას. სიბნელის დროს შემოღობვა უნდა იყოს აღჭურვილი სასიგნალო ნათურებით ან/და გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი მასალა ან შეფერილობა, რომელიც აღიქმება. იმავე წესით უნდა შემოიღობოს სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის ტერიტორია (მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).

ზემოაღნიშნული დადგენილების მე-18 მუხლის თანახმად კი, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად.

ამასთან, "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, შენობა-ნაგებობებში, ასევე მათ ნაწილებში უსაფრთხოება უნდა შენარჩუნდეს, შენობისა და ნაგებობის მოვლაზე პასუხისმგებელი მისი მესაკუთრეა, ან მისი წარმომადგენელი.

მოცემულ შემთხვევაში, შპს "თ...ს" მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მდგომარეობდა იმაში, რომ სამშენებლო მოედანი სრულად არ იყო შემოღობილი სამშენებლო ღობით - ანუ დარღვეული იყო სამშენებლო მოედნის ორგანიზებასთან დაკავშირებული მოთხოვნები: სამშენებლო მოედანზე სამუშაოები არ იყო ორგანიზებული იმგვარად, რომ უზრუნველყოფილიყო მშენებლობის უსაფრთხოება (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-2 მუხლი).

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ შემოწმების აქტში და მის საფუძველზე გამოცემულ 2019 წლის 22 იანვრის №... სადავო დადგენილებაში დაფიქსირებული, სამშენებლო უსაფრთხოების მოთხოვნები შპს „თ...ს“ მხრიდან დაირღვა, რაც საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, არსებული ვითარების ამსახველი ფოტოსურათებითა (21.01.2019წ. ფოტოსურათით, ტ.1 ს.ფ. 341) და მოწმის ახსნა-განმარტებით დასტურდება. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირის ახსნა-განმარტებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ შპს "თ...ს" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ობიექტის შემოწმებისას ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ფუნდამენტის ამოღება, ხოლო ნაკვეთი სრულად არ იყო შემოღობილი დამცავი ღობით. მოწმის ახსნა-განმარტებითვე დგინდება, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდნენ ქვეითები. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე სამშენებლო ტერიტორიაზე დამცავი ღობის მოხსნას მოსარჩელე სარჩელში არ უარყოფდა, თუმცა აღნიშნულს ხსნიდა იმ გარემოებით, რომ მიმდინარეობდა შიდა ღობის მონტაჟი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტებში არ არის გამონაკლისი შემთხვევები, რაც მშენებელს საშუალებას აძლევს გარკვეულ პირობებში არ შემოღობოს სამშენებლო ტერიტორია. საგულისხმოა, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას (9.09.2024წ. სასამართლო სხდომაზე) შპს "თ...ს" დირექტორმა ასევე დაადასტურა სადავო დადგენილების მიღების დროისთვის სამშენებლო ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღობის არქონა. მანვე განმარტა, რომ მალევე გამოასწორა სამართალდარღვევა და მოაწყო ღობე. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე უსაფრთხოების შენარჩუნებას გააჩნია პრევენციული ფუნქცია უზრუნველყოს გამვლელი პირების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მითითებულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეულ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს შპს "თ...ს" შუამდგომლობაზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის Nბს-693(კ-კს-21) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა, აქვე, მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“).“

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კ. მ-ეს შპს "თ...ს" საკასაციო საჩივარზე 27.01.2025წ. N7268 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კ. მ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "თ...ს" საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება;

3. კ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს "თ...ს" საკასაციო საჩივარზე 27.01.2025წ. N7268 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა