საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1312(კ-24) 19 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ. ც-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 31 მარტს ჯ. ც-ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, მოპასუხისათვის აჭარის სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის წინაშე ჯ. ც-ეისათვის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სამეურნეო ნაგებობების, ქონების განადგურებით მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ თანხის გამოყოფის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის დავალება მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სვეტლანა ჯ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას აჭარის სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის წინაშე ჯ. ც-ეზე საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სამეურნეო ნაგებობების, ქონების განადგურებით მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ თანხის გამოყოფის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრა დაევალა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით დამტკიცებულ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცირების, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესზე“ და აღნიშნა, რომ საქმეში დაცული 1989 წლის მაისში გაცემული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტით დადგენილი იყო, რომ თ. ი.-ს ძე ც-ეს შუახევის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს სოფელ ...ში გააჩნდა 1977 წელს აგებული ხის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა საკუჭნაო. ... წლის ...ს გაცემული დაბადების მოწმობით ირკვეოდა, რომ ჯ. ც-ე იყო თ. ც-ეის შვილი. თ. ც-ე გარდაიცვალა 2019 წლის 05 თებერვალს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში - ჯ. ქ-ეის 19.10.2021 წლის N144 ცნობის თანახმად, ჯ. ც-ე მამის გარდაცვალების დღიდან - 05.02.2019 წლიდან ფაქტობრივად დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას, მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით, რომლებიც 2019 წლის 24 დეკემბერს მეზობლის სახლზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა შიგნით არსებულ ქონებასთან ერთად.
2020 წლის 14 მარტს ჯ. ც-ემ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა ხანძრის შედეგად დამწვარი სახლის აღდგენისთვის ფულადი დახმარების გაცემა. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2020 წლის 21 სექტემბრის N05/3042 (3042-05-2-202009211111) მიმართვით ჯ. ც-ეის განცხადება გადაეგზავნა შუახევის მუნიციპალიტეტს. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2020 წლის 14 თებერვლის №81 ბრძანებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას, ხანძრის შედეგად დაზარალებული 5 ოჯახისათვის დახმარების გაწევის მიზნით, გამოეყო 75 000 ლარი. ბრძანების დანართის თანახმად, ოჯახებს შორის არ იყო ჯ. ც-ეის ოჯახი.
პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილზე და მე-5 მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხილავს დაინტერესებული პირის, ჯ. ც-ეის განცხადება სახლის აღდგენისთვის ფულადი დახმარების გაწევის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. მხარეთა შორის სადავო იყო სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის წინაშე ჯ. ც-ეზე საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სამეურნეო ნაგებობების, ქონების განადგურებით მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ თანხის გამოყოფის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრა, რაც შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა განეხილა დაინტერესებული პირის მიერ ქონების განადგურებით მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ თანხის გამოყოფის საკითხზე შეტანილი განცხადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ, რაც გამოიხატებოდა დაზარალებული ოჯახის ქმედითი დახმარების შესახებ დაინტერესებული პირის განცხადებაში დასმულ საკითხზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით დამტკიცებული წესით რეაგირებაში და სათანადო საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი კომისიისთვის შუამდგომლობით მიმართვაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით დამტკიცებული წესის №2 დანართის პირველ, მე-4 და მე-5 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ხანძრის დროს არ ცხოვრობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, შესაბამისად მასზე არ გავრცელდებოდა №14 დადგენილებით განსაზღვრული დახმარება. დამწვარი საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა ჯ. ც-ეის მამას - თ. ც-ეს. სახლის დაწვის დროისთვის (24.12.2019წ.) ჯ. ც-ე ცხოვრობდა თერჯოლაში, სოფელ ...ში, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდებოდა დადგენილების მოქმედება.
კასატორი აღნიშნავს, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილებას ასაბუთებს მემკვიდრეობითი სამართლის ნორმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328.1 მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. თ. ც-ე გარდაიცვალა 2019 წლის 5 თებერვალს, რა დროსაც მას მოპოვებული არ ჰქონდა დადგენილებიდან გამომდინარე რაიმე უფლება, შესაბამისად არც ჯ. ც-ე შეიძლება ჩაითვალოს მის მემკვიდრედ აღნიშნულ ნაწილში. კასატორის მოსაზრებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გამოიყენეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანება, რადგან ის მოქმედებს მხოლოდ გადაადგილებას დაქვემდებარებულ, ეკომიგრანტ ოჯახებზე, ჯ. ც-ე კი არ არის ეკომიგრანტი და გადაადგილებას არ ექვემდებარება. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის №25 განკარგულება, რადგან ის მოქმედებს მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ, გადაადგილებას დაქვემდებარებულ, ეკომიგრანტ ოჯახებზე. ამასთან, სასამართლოებმა არასწორად გამოიყენეს სამემკვიდრეო სამართლის ნორმები, რადგან №14 დადგენილებით გათვალისწინებული ფინანსური დახმარება არ არის განგრძობადი ხასიათის და მემკვიდრეობით არ გადადის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 1989 წლის მაისში გაცემული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტით დგინდება, რომ მოსარჩელის მამას - თ. ც-ეს შუახევის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს სოფელ ...ში გააჩნდა 1977 წელს აგებული ხის საცხოვრებელი სახლი და დამახმარე ნაგებობა საკუჭნაო. 2023 წლის 22 სექტემბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, თ. ც-ე გარდაიცვალა 2019 წლის 5 თებერვალს. ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 19 ოქტომბერს გაცემული ცნობის თანახმად, ჯ. ც-ე მამის გარდაცვალების დღიდან, 2019 წლის 5 თებერვლიდან ფაქტობრივად დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას, მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით, რომლებიც 2019 წლის 24 დეკემბერს მეზობლის სახლზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა არსებულ ქონებასთან ერთად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ 2020 წლის 22 იანვარს გაცემული ცნობის თანახმად, ცნობა მიეცა შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მცხოვრებ ჯ. ც-ეს, მასზედ, რომ 2019 წლის 24 დეკემბერს ნამდვილად გაჩნდა ხანძარი მის საცხოვრებელ სახლზე და დაიწვა საცხოვრებელი სახლი არსებული ინვენტარით.
2020 წლის 23 იანვარს ჯ. ც-ემ განცხადებით მიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მერს ფ. ფ-ეს და საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის პირველი ხარისხის მასალის გამოყოფა მოითხოვა. შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ჯ. ქ-ემ, 2020 წლის 23 იანვარს წერილით მიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მერს, მასზედ, რომ 2019 წლის 24 დეკემბერს, სოფელ ...ში ხანძრის შედეგად დაიწვა ჯ. ც-ეის საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობების ჩათვლით და მას სახლის მშენებლობისთვის ესაჭიროებოდა 30 მ3 სამერქნე მასალა. 2021 წლის 26 აპრილს ჯ. ც-ემ განცხადებით კვლავ მიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ო. ტ-ეს და აღნიშნა, რომ 2020 წელს მიიღო ნაწილი მასალა და დაიწყო სახლის მშენებლობა, სურს მშენებლობის გაგრძელება და ითხოვა დამატებით გამოეყოთ 20 მ3 სამასალე ხე-ტყე.
...ს ადმინისტრაციულ ერთეულში შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 27 აგვისტოს გაცემული ცნობის თანახმად, ჯ. ც-ე ნამდვილად ცხოვრობს შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში, აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთი და ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. 2022 წლის 26 იანვარს მოსარჩელის წარმომადგენელმა წერილით მიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მერს, მასზედ, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ის მცხოვრებ ჯ. ც-ეს საკუთრებაში გააჩნდა მამისეული საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობებთან ერთად და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელსაც მამის გარდაცვალების დღიდან როგორც თანმყოფი მემკვიდრე ფლობდა და სარგებლობდა. 2019 წლის 24 დეკემბერს მეზობლის სახლზე გაჩენილი ხანძარი გავრცელდა ჯ. ც-ეის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობებზე, რის შედეგად როგორც საცხოვრებელი ისე დამხმარე ნაგებობანი შიგ არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად განადგურდა, რაც დადასტურებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობით. მიუხედავად ამისა, ჯ. ც-ეისათვის ზარალი არ აუნაზღაურებიათ წვრილმანი ბიუროკრატიული მიზეზების გამო. მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მოითხოვა დაწვრილებით და გულდასმით შეესწავლათ აღნიშნული საკითხი და ჯ. ც-ეისათვის აენაზღაურებინათ ზარალი დადგენილი ნორმებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2022 წლის 10 თებერვალს №100- 100220419 წერილით მ. ქ-ეს ეცნობა, რომ 2022 წლის 26 იანვრის №17 წერილის პასუხად ჯ. ც-ეზე ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე საკითხს განიხილავდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სტიქიისა და სოციალურ საკითხთა კომისია და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებოდათ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2022 წლის 18 მარტის №100-1002207767 წერილით მ. ქ-ეს მისი 2022 წლის 26 იანვრის №17 წერილით, სადაც აღნიშნულია, რომ 2019 წლის 24 დეკემბერს, სოფელ ...ში ხანძრის შედეგად დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მათ შორის მოქალაქე ჯ. ც-ეის საცხოვრებელი სახლიც და დაზარალებული მოითხოვს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დახმარების გაწევას, ეცნობა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სტიქიისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ განიხილა საკითხი და კომისიამ ჯ. ც-ეს რეკომენდაცია გაუწია 15 მ3 ოდენობით სამასალე ხე-ტყის გამოყოფის თაობაზე და მასალები შემდგომი გადაწყვეტილების მიზნით უახლოეს დროში გადაეგზავნებოდა შესაბამის კომისიას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის საგანს ჯ. ც-ეისათვის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სამეურნეო ნაგებობების განადგურებით მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ თანხის გამოყოფის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის კანონიერების დადგენა წარმოადგენს.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობებით, რომელიც ეკუთვნოდა მოსარჩელის მამას. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით დამტკიცებულია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცირების, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესი“. აღნიშნული წესის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, წესის მიზანია სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისებით უზრუნველყოფის მიზნით, ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერა, მათი დროებითი თავშესაფრებით და/ან საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება და მიყენებული ზარალის შეძლებისდაგვარად აღმოფხვრა. „წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ხანძრის (ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული წყლის ჭავლის) შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება შემდეგი წესით: ა) საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 15 000 ლარის ოდენობით (აღნიშნული არ საჭიროებს ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას); ბ) საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივი განადგურების შემთხვევაში, რომელიც აღდგენამდე გამოუსადეგარია საცხოვრებლად, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება სახლის აღდგენის მიზნით წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული პირდაპირი ხარჯის 100%, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. „წესის“ მე-5 მუხლის თანახმად, გამგეობა/მერია აქტიურად თანამშრომლობს კომისიასთან, დეპარტამენტსა და ნებისმიერ სხვა თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, პრობლემის დროული რეაგირებისა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ის განიხილავს ადგილობრივი კომისიის რეკომენდაციებს დაზარალებული ოჯახების ქმედითი დახმარების თაობაზე და წარადგენს სამინისტროში შუამდგომლობას. სწორედ ხსენებული შუამდგომლობის აღძვრას ითხოვს სარჩელით ჯ. ც-ე.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 14.02.2020წ. №81 ბრძანებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას ხანძრის შედეგად დაზარალებული 5 ოჯახისათვის დახმარების გაწევის მიზნით 75 000 ლარი გამოეყო. კერძოდ, ხუთ დაზარალებულ ოჯახს ფინანსური დახმარების სახით გამოეყო 15 000 ლარი. მათ შორის არ არის ჯ. ც-ეის ოჯახი. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დასტურდება ჯ. ც-ეის მამის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად სრულად განადგურების ფაქტი, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა მოსარჩელისათვის ფულადი დახმარების გაწევის საკითხზე და შესაბამისი შუამდგომლობით მიემართა კომპეტენტური ორგანოსათვის.
რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ხანძრის პერიოდში ჯ. ც-ე არ ცხოვრობდა სადავო სახლში და, შესაბამისად, იგი ვერ იქნებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით განსაზღვრული დახმარების მიმღები პირი, პალატა აღნიშნავს, რომ თავად ადმინისტრაციული ორგანოს - ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 19 ოქტომბერს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ჯ. ც-ე მამის გარდაცვალების დღიდან - 2019 წლის 5 თებერვლიდან ფაქტობრივად დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას, მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯ. ც-ეს გამოეყო სახლის ასაშენებელი ხის მასალა. ამდენად, თავად ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე