Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1232(კ-24) 15 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. წ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, მესამე პირები - ლ. ნ-ი, თ. ჯ-ი, გ. კ-ე, ნ. ჩ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 26 ივლისს ნ. ჩ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 13 ივლისის N50300 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელე მხარედ მიეთითა ლ. წ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნენ - თ. ჯ-ი, გ. კ-ე, ლ. ნ-ი და ნ. ჩ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით დაინიშნა საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით და ექსპერტიზის დასრულებამდე შეჩერდა საქმის წარმოება. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 ივნისის განჩინებით საქმეზე განახლდა წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. წ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინებით ლ. წ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 5 ივნისის № A17120151-009/002 შეტყობინებაზე, მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-183 25-ე, 47-ე მუხლები და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ლ. წ-ასთვის სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით. ინფორმირებული იყო, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა და ინფორმაცია აუქციონის შესახებ უნდა მიეღო შესაბამისი ვებ - გვერდიდან. ამდენად, აპელანტის მტკიცება, რომ იმყოფებოდა საზღვარგარეთ და შეტყობინება აუქციონის შესახებ არ ჩაუბარებია, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია დაუსაბუთებლად. პალატის მსჯელობით, აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად სამართლებრივად გასაზიარებელი და სარწმუნო მტკიცებულებები მხარეს არ წარუდგენია.

რაც შეეხება საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიას, რომ უძრავი ქონების შემფასებლის მიერ განსაზღვრული საბაზრო ღირებულება არ ასახავს ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებას, სააპელაციო სასამართლომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ვინაიდან კანონით დადგენილი წესით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 23 ოქტომბრის №A17120151-004/001 გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით მხარისთვის ცნობილი იყო ლ. წ-ას და ნ. ჩ-ას სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, მოსარჩელე (მოვალე) უფლებამოსილი იყო ედავა ქონების ფასზე, რაც კანონით დადგენილი წესითა და პირობებით მხარეს არ განუხორციელებია. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია ამ ქონების შეფასების და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების, ასევე აუქციონის შედეგის გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასი არ აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულებას. მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესის დარღვევაც არ არის სახეზე, ვინაიდან ქონების საბაზრო ღირებულება 2018 წლის 15 ივნისის მდგომარეობით განისაზღვრა 32 000 ლარით (ობიექტის ინსპექციის თარიღად მითითებულია 2017 წლის 1 ნოემბერი), ხოლო აუქციონის საწყის ფასად მითითებულ იქნა - 24000 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. წ-ას მიერ.

კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ყადაღადადებული ქონების შეფასება კერძო აღმასრულებლის მიერ განხორციელდა კანონის უხეში დარღვევით. განმარტავს, რომ დეტალურად არ იქნა დათვალიერებული და შესწავლილი შესაფასებელი ქონება, კერძოდ მიწის ნაკვეთი სრულად, მათ შორის ნარგავები, კივის, ლიმონის, ფორთოხლის და მანდარინის პლანტაციები, ასევე რკინაკონსტრუქციით გადახურული სასათბურე ნაგებობები. კასატორის მსჯელობით, იძულებით აღსრულებას დაქვემდებარებული ყადაღადადებული ქონების შეფასების ძირითადი დანიშნულება არის მისი არარეალური ღირებულებით გასხვისების თავიდან აცილება. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღმასრულებლის მიერ, ქონების არასწორ შეფასებას შეიძლება შედეგად მოჰყვეს მოვალის უფლებების დარღვევა. კასატორის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის უფლების გამოუყენებლობა არ ნიშნავს სამომავლოდ აღსრულების პროცესის მონაწილის უფლების მოსპობას იდავოს ქონების ფასზე, მას შემდეგ რაც გაეცნობა აღმასრულებლის ინიციატივით განხორციელებულ ქონების შეფასების შედეგს და მიიჩნევს, რომ მისი ქონება შეფასდა არასწორად.

საჩივრის ავტორი ასევე არ იზიარებს საქმის განმხილველი სასამართლოების და ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას, აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი შეტყობინების მოსარჩელის დედისათვის (ნ. ჩ-ა) ჩაბარების თაობაზე და განმარტავს, რომ აუქციონის შესახებ გაფრთხილების გზავნილი შესაძლებელია ჩაბარდა მესამე პირს ნ. ჩ-ას და არა როგორც მესაკუთრის ლ. წ-ას წარმომადგენელს, რამდენადაც აღნიშნულ პერიოდში (05.06.2018 წელი) ლ. წ-ა არ იმყოფებოდა საქართველოში და როგორც დიპლომატი მივლინებული იყო საზღვარგარეთ. კასატორის განმარტებით, აუქციონის დასრულების და განკარგულების გამოცემის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა ქონების იძულებით აუქციონზე გაყიდვის შესახებ. ამავე პერიოდში მისთვის ცნობილი გახდა უძრავი ქონების არასათანადოდ, სამჯერ ნაკლებ ფასად შეფასების თაობაზე, რის გამოც მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ჩატარდა უძრავი ქონების (მდებარე ქ. ფოთი, ...ს ქუჩა N..., ს/კ ...) 2017 წლის ნოემბრის მდგომარეობით საბაზრო ღირებულების შეფასება და საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 88 500 ლარი. კასატორის განმარტებით, სასამართლოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ რეალური ღირებულისაგან სამჯერ ნაკლებ ფასად მოხდა უძრავი ქონების შეფასება და შემდგომ აუქციონზე გასხვისება. ასევე გასათვალისწინებლად მიიჩნევს, რომ აუქციონის დასრულებიდან ხანმოკლე პერიოდში განხორციელდა უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეზე გასხვისება და უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. წ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 ივლისს, ლ. ნ-ის (იპოთეკარი) და ნ. ჩ-ას (მსესხებელი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი - ...), რომლის თანახმად, ნ. ჩ-ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით ისესხა 19200 ლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე სამი პროცენტის დარიცხვით და გადახდით. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ლ. წ-ას კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ. ფოთი, ...ს ქუჩა №..., (მახასიათებლები: ზონა - ფოთი ..., სექტორი - ცენტრი ... 02, კვარტალი -11, ნაკვეთი 190. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1671.00 კვ.მ. შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი - შენობა №1 საერთო ფართით 89.69 კვ.მ. №2, საკადასტრო კოდი - ...). ვალდებულების შესრულების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის ორი იანვარი. იპოთეკის უფლება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2017 წლის 2 ივლისს.

დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის 18 ოქტომბერს, ნოტარიუსმა ე. შ-იმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (რეგისტრაციის ნომერი - №171226564), რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენს - ლ. ნ-ი, ხოლო მოვალეს - ნ. ჩ-ას. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს: სესხის ძირითადი თანხა - 19 200 ლარი, ყოველთვიურად 3% - გადაუხდელი თანხა 328 ლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126 ლარი და 72 თეთრი, ასევე აღსრულების ხარჯები სრულად. აღსასრულებელი ვალდებულების სახედ მითითებულია იპოთეკის საგნის რეალიზაცია. იპოთეკის საგანს წარმოადგენს ლ. წ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი ფოთი, ...ს №..., საკადასტრო კოდი - ....

2017 წლის 18 ოქტომბერს, ლ. ნ-იმ იძულებით აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ, 2017 წლის 18 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (რეგისტრაციის ნომერი - 171226564) საფუძველზე, მოვალე ნ. ჩ-ასთვის 19200 ლარის, 328 ლარის და 126.72 ლარის დაკისრება.

დადგენილია, რომ ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (რეგისტრაციის ნომერი - 171226564) საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება (წარმოების ნომერი – №A17120151).

2017 წლის 20 ნოემბერს, ნ. ჩ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს და წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (საქმე №2176169-17), რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს გაცემული №171226564 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება და აუქციონზე ქონების რეალიზაცია.

2018 წლის 12 აპრილს, ლ. ნ-იმ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს და წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განჩინება (საქმე №2/33294-17), რომლითაც დამტკიცდა ნ. ჩ-ას და ლ. ნ-ის შორის დამტკიცდა მორიგება.

დადგენილია, რომ 2018 წლის 4 ივნისს, ლ. ნ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აუქციონის დანიშვნის მოთხოვნით, ვინაიდან ნ. ჩ-ამ არ შეასრულა მორიგების პირობები.

2018 წლის 5 ივნისს, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ №A17120151-007/003 წერილით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს და მოითხოვა ლ. წ-ას სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ. ფოთი, ...ს ქუჩა №..., ს/კ ..., შეფასება. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის 2018 წლის 15 ივნისის დასკვნის თანახმად, შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეადგინა 32 000 ლარი (13 000 აშშ დოლარი). ობიექტის ინსპექციის თარიღად მითითებულია 2017 წლის 1 ნოემბერი.

სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 5 ივნისის №A17120151-009/002 შეტყობინებით მოვალე ნ. ჩ-ას და მესაკუთრე ლ. წ-ას ეცნობა, რომ სააღსრულებო საქმეზე ინიშნებოდა იძულებითი საჯარო აუქციონი. შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ ლ. წ-ას ჩაბარდა პირადად, ხოლო ნ. ჩ-ას არ ჩაბარდა.

დადგენილია, რომ №A17120151 სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის მიზნით, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა 2018 წლის 27 ივნისს (აუქციონი - №..., ლოტი - №...). აუქციონის საწყის ფასად მიეთითა - 24000 ლარი, ვაჭრობის ბიჯად განისაზღვრა - 320 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხად - 1600 ლარი. ელექტრონული აუქციონი დასრულდა 2018 წლის 5 ივლისს, 16:00 საათზე თ. ჯ-ის გამარჯვებით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 13 ივლისის №50300 განკარგულების თანახმად, მოვალე ლ. წ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი ფოთი, ...ს ქუჩა №..., საკადასტრო კოდი ..., შემძენი (მესაკუთრე) 2018 წლის 5 ივლისს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა თ. ჯ-ი, რომელმაც უძრავი ქონება შეისყიდა 24320 ლარად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის - ლ. ნ-ის სასარგებლოდ.

დადგენილია, რომ №A17120151 საქმეზე გამართული აუქციონის ნამეტმა თანხამ შეადგინა 3289.45 ლარი. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ეცნობა ლ. წ-ას, რომელმაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინა კუთვნილი საბანკო ანგარიში, ზემოაღნიშნული თანხის ჩარიცხვის მიზნით.

დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ...ს ქუჩა №..., საკადასტრო კოდით - ..., რეგისტრირებულია გ. კ-ეის სახელზე, 2018 წლის 10 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 24 სექტემბრის №5005637220 დასკვნა, რომლის თანახმად, უძრავი ქონების (მისამართი - ქ. ფოთი, ...ს ქუჩა №..., საკადასტრო კოდი - ...) საბაზრო ღირებულება, 2017 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 88500 ლარს.

პირველყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარე რამდენიმე საფუძვლით ხდის სადავოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 13 ივლისის №50300 განკარგულების კანონშესაბამისობას, კერძოდ მიუთითებს, რომ არ ეცნობა კანონით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია და ასევე მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების შემფასებლის მიერ განსაზღვრული საბაზრო ღირებულება არ ასახავს ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებას.

სააღსრულებო წარმოების წარმართვის წესს არეგულირებს სპეციალური კანონმდებლობა - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 25-ე მუხლი განსაზღვრავს აღსრულების დაწყების წესსა და პირობებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტით კანონმდებელმა განმარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. მითითებული ნორმის მე-12 პუნქტის ნორმატიული შინაარსის მიხედვით, კი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული საკითხები კი დარეგულირებულია მითითებული საკანონმდებლო აქტის 70-78-ე მუხლებით.

საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ კანონის ხსენებული ნორმა მიუთითებს შეტყობინების ჩაბარებისას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოწესრიგების გამოყენებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), კი სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 5 ივნისის № A17120151-009/002 შეტყობინებით მოვალე ნ. ჩ-ას და მესაკუთრე ლ. წ-ას ეცნობათ სააღსრულებო საქმეზე იძულებითი საჯარო აუქციონის დანიშვნის თაობაზე. შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ ლ. წ-ას ჩაბარდა პირადად. აღნიშნული გარემოება კი ადასტურებს კასატორ (მოსარჩელე) ლ. წ-ასთვის სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულობას. მისთვის ცნობილი იყო, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა და ინფორმაცია აუქციონის შესახებ უნდა მიეღო შესაბამისი ვებ - გვერდიდან. ამდენად, საკასაციო საჩივარში მითითებული ის არგუმენტი, რომ იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მას შეტყობინება აუქციონის შესახებ არ ჩაუბარებია, საკასაციო პალატის მსჯელობით საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულის დამადასტურებელ, სამართლებრივად გასაზიარებელი გარემოებაზე, კასატორს არ მიუთითებია.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ქონების შეფასების ნაწილში, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც, თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. ამ ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით, 2018 წლის 15 ივნისს, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებელმა მოამზადა ლ. წ-ას სახელზე რიცხული უძრავი ქონების (მისამართი - ქ. ფოთი, ...ს ქუჩა №..., საკადასტრო კოდი - ...) შეფასება. დასკვნის თანახმად, შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეადგინა 32 000 ლარი (13 000 აშშ დოლარი). ობიექტის ინსპექციის თარიღად მითითებულია 2017 წლის 1 ნოემბერი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 13 ივლისის №50300 განკარგულების თანახმად, მოვალე ლ. წ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი ფოთი, ...ს ქუჩა №..., საკადასტრო კოდი ...) შემძენი (მესაკუთრე) 2018 წლის 5 ივლისს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა თ. ჯ-ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 24320 ლარად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის - ლ. ნ-ის სასარგებლოდ.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის ჩანაწერის გათვალისწინებით, კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს მოვალის მიერ ქონების შეფასების შესახებ ექსპერტის დასკვნის წარდგენის წესს, კერძოდ, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთი და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ - ერთ - ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კანონმდებლის მიერ მინიჭებული ზემოაღნიშნული უფლებამოსილებით არ უსარგებლია მხარეს და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა არ წარუდგენია. შესაბამისად გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების ის მსჯელობა, რომ იმ პირობებში, როდესაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 23 ოქტომბრის №A17120151-004/001 გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით ლ. წ-ას და ნ. ჩ-ას სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხარე (მოვალე) უფლებამოსილი იყო ედავა ქონების ფასზე, რაც მას კანონით დადგენილი წესითა და პირობებით არ განუხორციელებია.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია ამ ქონების შეფასების და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების, ასევე აუქციონის შედეგის გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასი არ აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულებას. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიც დაცულია, ვინაიდან ქონების საბაზრო ღირებულება 2018 წლის 15 ივნისის მდგომარეობით განისაზღვრა 32 000 ლარით (ობიექტის ინსპექციის თარიღად მითითებულია 2017 წლის 1 ნოემბერი), ხოლო აუქციონის საწყის ფასად მითითებულ იქნა - 24000 ლარი. საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მითითებული საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მითითებული არგუმენტი ქონების ღირებულების შეუსაბამობასთან დაკავშირებით ვერ გახდება სადავო აქტის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 13 ივლისის N50300 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ლ. წ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ივლისის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, ლ. წ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ნ. ჩ-ას (პ/ნ ...) მიერ 2024 წლის 26 ნოემბერს (საგადახდო დავალება №24784443357) საკასაციო საჩივარზე სს „ს...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. წ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ივლისის განჩინება;

3. ლ. წ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. ჩ-ას (პ/ნ ...) მიერ 2024 წლის 26 ნოემბერს (საგადახდო დავალება №24784443357) საკასაციო საჩივარზე სს „ს...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი