Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-600(კ-24) 15 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ჭ-იის (მესამე პირი) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მოსარჩელე - დ. მ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 5 ივნისს თ. მ-იმა და დ. მ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელეებმა მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის №... და 2018 წლის 8 მაისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სადავო აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ამ აქტებით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელეების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. ჭ-იე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, თ. მ-იის და დ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. მ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, შეჩერდა საქმის წარმოება გარდაცვლილი თ. მ-იის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის ვადისა. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება. განჩინებაში მითითებულია, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ იძებნება ინფორმაცია 2021 წლის 2 ივლისს გარდაცვლილი თ. მ-იის სამკვიდრო ქონების თაობაზე. ასევე, არც თ. მ-იის სავარაუდო უფლებამონაცვლეს არ მიუმართავს სასამართლოსათვის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 მაისის N... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის N... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-8, მე-9 მუხლებზე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მოპასუხეც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ განმცხადებელმა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა უფლების დამდგენი დოკუმენტი. ამდენად, სადავო არ არის, რომ მოსარჩელის ოჯახი სოფლად მაცხოვრებელი კომლი იყო და გამოყოფილი ჰქონდა მიწის ის ფართი, რაც საარქივო ცნობაშია მითითებული. კერძოდ, საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის არქივის 2015 წლის 23 სექტემბრის NAA2015066066-05 საარქივო ცნობით დასტურდება, რომ დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის ...ს სასოფლო საბჭო - საკრებულოს 1967-1970 წლების, 1971-1972 წლებისა და 1973-1975 წლების სოფელ ...ს საკომლო წიგნების მონაცემებით, ოჯახის უფროსად ჩაწერილია გ. პ.-ს ძე მ-ი (გადახაზულია 1973-1975 წლებში), ხოლო კომლის წევრებად ფიქსირდებიან: მ-ი ნ. პ.-ს ასული (ცოლი), მ-ი მ. (შვილი, ფიქსირდება მხოლოდ 1967-1970 წლებში), მ-ი ა. (შვილი), მ-ი თ. (რძალი), მ-ი დ. ა.-ს ასული (შვილიშვილი), მ-ი და. ა.-ს ასული (შვილიშვილი, ფიქსირდება მხოლოდ 1967-1970 წლებში), მ-ი ო. ა.-ს ძე (შვილიშვილი), მ-ი ლ. ა.-ს ასული, ხოლო კომლის პირად საკუთრებად აღრიცხულია 1932 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის 0,01 ჰა შენობის ქვეშ. მითითებული ინფორმაცია ასევე დასტურდება საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის რეგიონული არქივის 2020 წლის 4 მარტის წერილით.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სადავოა საარქივო მასალებში მითითებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-111 მუხლზე, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე და დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 9 მარტს თ. მ-იის წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... განაცხადთან დაკავშირებით წარუდგინა დაზუსტებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საბურთალოს რაიონის გამგეობამ უარი განაცხადა №... განცხადებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და სარეგისტრაციო საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დაინტერესებული პირის უფლების დამდგენი დოკუმენტი - საარქივო ცნობა არ შეიცავდა მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ მახასიათებლებზე ინფორმაციას (სქემატურ ნახაზს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების აღნიშვნას ან სხვას). ამდენად, გამგეობის მიერ ვერ იქნა დადასტურებული უფლების დამდგენ დოკუმენტსა და სარეგისტრაციო საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გამგეობის წერილს, ხოლო წერილი თავის მხრივ, არ მიუთითებდა, რომ დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი კონკრეტულ ადგილას არ მდებარეობდა. ადგილობრივი მმართველობის ორგანო აღნიშნავდა, რომ არასაკმარისი მონაცემების გამო ვერ დაადგინა იდენტურობა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით არ გამოუკვლევია, თუ სად მდებარეობდა უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, ხოლო კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებულმა ადმინისტრაციულმა წარმოებამ, თავის მხრივ, გამოიწვია მოსარჩელე დ. მ-ის საკუთრების უფლების შეზღუდვა, რადგან მოსარჩელე მხარეს აქვს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლის ნამდვილობაც შედავებული არ ყოფილა.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე. მან ვერ დაადასტურა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება და სადავო აქტის კანონშესაბამისობა. უდავოა, რომ მოსარჩელეს გააჩნდა უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა მიწის ნაკვეთის მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ კი სადავო ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია არ განახორციელა იმის გამო, რომ ვერ დგინდებოდა უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობა. შესაბამისად, საკითხის თავიდან განხილვის დროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დ. მ-ის მონაწილეობით და მასთან დაცული მონაცემების გათვალისწინებით უნდა დაადგინოს უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გამგეობის უარი ადგილმდებარეობის დადასტურებაზე, არ უნდა გახდეს მხარის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი, როდესაც უდავოდ დგინდება, რომ მას გააჩნია ამ უფლების დამდგენი დოკუმენტი. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა მოწინააღმდეგე მხარის განმარტებაზე, რომლის თანახმად, 2024 წლის ზაფხულში სადავო არეალში იწყება სისტემური რეგისტრაცია, რაც გულისხმობს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას პროაქტიულ საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჭ-იემ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია მოსარჩელეები თავდაპირველად ასაჩივრებდნენ საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 17 აპრილის წერილს იდენტურობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე, თუმცა შემდგომ მათ აღნიშნული მოთხოვნა თავად მოხსნეს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა წერილის შინაარსთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, კასატორის განმარტებით, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ზედდებაშია №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან, საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა 2018 წლის 7 ივლისის წერილით დაადასტურა ა. ჭ-იის უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთთან იდენტურობა. აღნიშნული წერილი კი მოსარჩელეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. ამასთან, კასატორი ყურადღებას ამახვილებს 2002-2005 წლებში მომზადებულ, სისტემური რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტზე (ე.წ. ყვითელი ფენა), რომლის თანახმად, სადავო უბანზე მითითებულია მართლზომიერი მფლობელი - ჭე-ე ა.. კასატორის განმარტებით, გვარი ,,ჭ-ე“ შეცდომით არის დაფიქსირებული, როგორც ,,ჭე-ე“, თუმცა არცერთ შემთხვევაში, არც ყვითელი ფენით ამ სადავო მონაკვეთზე ,,მ-ი“ არ ფიგურირებს. ასევე, კასატორი მიუთითებს ა. ჭ-იის სახელზე 2000 წლის 24 ოქტომბერს მომზადებულ სარეგისტრაციო მოწმობაზე, რომელიც სადავო მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის იდენტურია და აღნიშნავს, რომ მითითებული დოკუმენტებით დასტურდება წლების განმავლობაში ა. ჭ-იის მიერ მიწის ნაკვეთის მართლზომიერი ფლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ჭ-იის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ჭ-იის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, თ. მ-იის განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ..., ..., დაზუსტებული ფართობი: 1 800 კვ.მ. (ს/კ ...), დარეგისტრირდა თ. მ-იის და დ. მ-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: სამკვიდრო მოწმობა, დამოწმების თარიღი: 26.12.2015 წელი (ა. მ-ის სამკვიდრო მოწმობა) და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N51 მჭე., დამოწმების თარიღი: 06.10.1992 წელი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2016 წლის 1 თებერვლის №... გადაწყვეტილება და მისი მოქმედება შეწყდა ძალაში შესვლის დღიდან. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 5 დეკემბერს წარედგინა ქალაქ თბილისის პროკურატურის №13/01-78855 წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ სისხლის სამართლის №010051217801 საქმეზე (გამოყოფილი სს №082088087 საქმიდან) გამოძიება შეწყდა და დადგინდა, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით (განცხადების №...). კერძოდ, ყალბ დოკუმენტს წარმოადგენდა მიღება-ჩაბარების აქტი N51 მჭე, რაც აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა.

დადგენილია, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს თ. მ-იის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მიუთითა №... საქმეზე წარდგენილ დოკუმენტაციაზე, წარუდგინა მცხეთის რაიონი, დიღომში მდებარე მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (1996წ., 1999წ., გადამხდელი - ა. მ-ი), სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის არქივის 2015 წლის 23 სექტემბრის და გარდაბნის არქივის 2015 წლის 16 ოქტომბრის საარქივო ცნობები და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი ..., ....

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გარდაბნის არქივის 2015 წლის 16 ოქტომბრის საარქივო ცნობის თანახმად, გარდაბნის არქივში დაცულ სოფელ ...ს 1955-1957 წლების, 1958-1960 წლებისა და 1961-1963 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია გ. პ.-ს ძე მ-ი, ხოლო კომლის წევრებად ფიქსირდებიან: მ-ი ნ. პ.-ს ასული (ცოლი), მ-ი მ. (შვილი), მ-ი მა. (შვილი, ამოწერილია 1957 წელს), მ-ი ა. (შვილი), მ-ი ლა. (შვილი, გათხოვილია და წასულია ოჯახიდან 1957 წელს), მ-ი თ. ი.-ს ასული (რძალი, კომლის შემადგენლობაშია 1961-1963 წლების ჩანაწერში), მ-ი დ. ა.-ს ასული (ვაჟის შვილი, კომლის შემადგენლობაშია 1961-1963 წლების ჩანაწერში), მ-ი და. ა.-ს ასული (ვაჟის შვილი, კომლის შემადგენლობაშია 1961-1963 წლების ჩანაწერში, გადაიცვალა 1962 წელს). კომლის პირად საკუთრებად აღრიცხულია 1952 წელს აშენებული სახლი (1961-1963 წწ. მონაცემებში მითითებულია 1932 წელს აშენებული სახლი) და მიწა, რომელიც 1955 წლის მდგომარეობით შეადგენდა 0,75 ჰა-ს, 1956-1957 წლებში მიწის ფართობი შემცირებულია და ფიქსირდება 0,33 ჰა, 1959 წელს ფიქსირდება 0,36 ჰა, ხოლო 1960 წელს - 0.15 ჰა.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის არქივის 2015 წლის 23 სექტემბრის საარქივო ცნობის თანახმად, დუშეთის რეგიონულ არქივში დაცულ, მცხეთის რაიონის ...ს სასოფლო საბჭო - საკრებულოს 1967-1970 წლების, 1971-1973 წლებისა და 1973-1975 წლების სოფელ ...ს საკომლო წიგნებში ოჯახის უფროსად ჩაწერილია გ. პ.-ს ძე მ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მ-ი გ. პ.-ს ძე (ოჯახის უფროსი, გადახაზულია 1973-1975 წლებში, გარდაიცვალა), მ-ი ნ. პ.-ს ასული (ცოლი), მ-ი მ. (შვილი, ფიქსირდება მხოლოდ 1967-1970 წლებში), მ-ი ა. (შვილი), მ-ი თ. (რძალი), მ-ი დ. ა.-ს ასული (შვილიშვილი), მ-ი ლ. ა.-ს ასული (შვილიშვილი, 1971-1975 წლებში ჩანაწერებში), მ-ი ო. ა.-ს ძე (შვილიშვილი). კომლის პირად საკუთრებად აღრიცხულია 1932 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის 0,01 ჰა შენობის ქვეშ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. მ-იის წარმომადგენლის 2017 წლის 27 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება, რომლის ფარგლებშიც სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის რეგიონული არქივის 2018 წლის 7 თებერვლის N31/24565 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის ...ს სასოფლო საბჭო - საკრებულოს სოფელ ...ს 1986-1995 წლების, 1996-2000 წლების და 2001-2005 წლების საკომლო წიგნებში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ა. გრ.-ს ძე მ-ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა. გრ.-ს ძე მ-ი (ოჯახის უფროსი), თ. ი.-ს ასული მ-ი (ცოლი), დ. ა.-ს ასული მ-ი (შვილი), ლ. ა.-ს ასული მ-ი (შვილი, ამოწერილია 1986-1995 წლებში), ო. ა.-ს ძე მ-ი (შვილი, მითითებულია მხოლოდ 1986-1995 წლებში). არსებული ჩანაწერების მიხედვით, 1986-1995 წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1932 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის 0,01 ჰა შენობის ქვეშ, 1996-2000 წლებისა და 2001-2005 წლების მონაცემები კი ქონების შესახებ ინფორმაციას არ შეიცავდა. ამასთან, სოფელ ...ს 2006-2007 წლების საკომლო წიგნები და 1992-2007 წლების მიწის ნაკვეთების განაწილების (სარეფორმო) სიები, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის სიები, მიღება-ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შესულა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, განმცხადებელს განემარტა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N31/24565) თ. მ-იის კომლს ეკუთვნოდა 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დაინტერესებული პირის მიერ კი მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 1 800 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნული ნახაზი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნა 2018 წლის 9 მარტს. ამასთან, განმცხადებლის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ი. ი-ის, ი. კ-ას და ტ. ქ-ის 2018 წლის 1 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობები, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (მდებარე: სოფ. ..., ..., ს/კ ..., ს/კ ..., ს/კ ...) მომიჯნავედ არსებულ მამა-პაპისეულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სარგებლობს აწ გარდაცვლილი ა. მ-ის ოჯახი, მეუღლე თ. მ-იი და შვილი დ. მ-ი.

2018 წლის 4 აპრილს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა საბურთალოს რაიონის გამგეობას, დუშეთის რეგიონული არქივის 2018 წლის 7 თებერვლის N31/24565 წერილით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და თ. მ-იის მიერ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების მოთხოვნით. აღნიშნული წერილის პასუხად, საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 17 აპრილის №31-01181072579 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება, ვინაიდან დაინტერესებული პირის უფლების დამდგენი დოკუმენტი - საარქივო ცნობა არ შეიცავდა მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ მახასიათებლებზე ინფორმაციას (სქემატურ ნახაზს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების აღნიშვნას ან სხვას). წერილში აღნიშნულია, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული იყო მიწის ნაკვეთის მხოლოდ ფართობი, ისე, რომ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობისა და განლაგების შესახებ საკმარისი ინფორმაცია მოცემული არ იყო. შესაბამისად, შეუძლებელი იყო დოკუმენტში ასახული მიწის ნაკვეთისა და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის შედარება და მათი იდენტურობის საკითხის შესწავლა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილებით, თ. მ-იის 2017 წლის 27 დეკემბრის განცხადება არ დაკმაყოფილდა და განმცხადებელს უარი ეთქვა რეგისტრაციის განხორციელებაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 17 აპრილის №31-01181072579 წერილით არ დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (დუშეთის რეგიონული არქივის 2018 წლის 7 თებერვლის №31/24565 წერილი) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილება გასაჩივრდა თ. მ-იის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით, 2018 წლის 26 აპრილს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 მაისის №... გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის №... და 2018 წლის 8 მაისის №... გადაწყვეტილებების კანონიერებას, რომელთა თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის არსებითი საფუძველი გახდა გამგეობის მიერ უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დაუდასტურებლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, მხარეთა შორის სადავო არ არის უძრავ ნივთზე მოსარჩელე მხარის უფლების დამდგენი დოკუმენტი. საარქივო ცნობებით დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახი სოფლად მაცხოვრებელი კომლი იყო და გამოყოფილი ჰქონდა მიწის ნაკვეთი. ასევე, საქმეში წარმოდგენილია მიწის გადასახადის გადახდის ქვითრები და სამი პირის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება ფართის ფლობასთან დაკავშირებით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავოა მხოლოდ საარქივო მასალებში მითითებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის საკითხი, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ გასაჩივრებულა. კასატორს წარმოადგენს მხოლოდ მესამე პირი ა. ჭ-იე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი მისი საკუთრებაა და აღნიშნულის დასადასტურებლად მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე, ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაზე, სისტემურ რუკაზე (ე.წ. ყვითელი ფენა) და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმზე, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის და იდენტურობის დადასტურების თაობაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როდესაც საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების შეფასება, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების თანახმად, მიუხედავად მესამე პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გამგეობის მიერ ფართის იდენტურობის დადასტურებისა, სადავო უძრავ ნივთზე ა. ჭ-იის საკუთრების უფლება ამ ეტაპზე რეგისტრირებული არ არის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება კი წარმოიშობა მხოლოდ მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. შესაბამისად, კასატორის მიერ იმ გარემოებებზე მითითება, რომ მას აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტები და გამგეობის მიერ დადასტურებულია უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. ამასთან, მესამე პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სადავო უძრავ ნივთზე ა. ჭ-იის საკუთრების უფლების არსებობის დადგენა არ წარმოადგენს მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი გააჩნია მოსარჩელე მხარესაც, თუმცა ვერ დგინდება საარქივო ცნობებსა და წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ უფლებამოსილებას ანიჭებდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, თუმცა მითითებული კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის ამჟამად მოქმედი რედაქცია ადგენს, რომ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. თუმცა ამავე ნორმის თანახმად, ისინი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტების მიღებისას დაეყრდნო საბურთალოს რაიონის გამგეობის წერილს, ხოლო წერილი თავის მხრივ, არ მიუთითებდა, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი კონკრეტულ ადგილას არ მდებარეობდა, იდენტურობა ვერ დადგინდა არასაკმარისი მონაცემების გამო. მარეგისტრირებელ ორგანოს კი დამატებით არ გამოუკვლევია, თუ სად მდებარეობდა უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთი, რაც ქმნიდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენების საფუძველს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დ. მ-ის მონაწილეობით და მასთან დაცული მონაცემების გათვალისწინებით უნდა დაადგინოს უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებისას, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოსაკვლევია რეგისტრირებული აქვს თუ არა მოსარჩელე მხარეს (მოსარჩელის ოჯახს) წარმოდგენილი საარქივო ცნობების საფუძველზე სხვა მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, მონაცემთა დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, მითითებული საკითხი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა შეაფასოს ა. ჭ-იის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციასთან ერთობლიობაში, ვინაიდან მოსარჩელე მხარისა და მესამე პირის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთები სრულ ზედდებაშია ერთმანეთთან, ერთი და იმავე უძრავ ნივთზე კი ორი სხვადასხვა პირის უფლება ვერ იარსებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ა. ჭ-იის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ა. ჭ-იეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გ. ნ-ი მიერ 2024 წლის 30 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ჭ-იის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;

3. ა. ჭ-იეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გ. ნ-ი (პ/ნ ...) მიერ 2024 წლის 30 სექტემბერს N403 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი