Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-584(კ-24) 15 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ჯ. ხ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 1 თებერვალს ჯ. ხ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანების ბათილად ცნობა და არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად სადავო საკითხზე ჯ. ხ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება.

სარჩელის თანახმად, ჯ. ხ-ის ოჯახი მესტიის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს სოფელ ...ში ფლობდა ერთ საცხოვრებელ სახლს, რომელიც 1987 წელს განვითარებული სტიქიური მოვლენის (თოვლის ზვავი) გამო დაინგრა. სტიქიამდე, საცხოვრებელ სახლში ჯ. ხ-ი ცხოვრობდა მეუღლესთან - რ. ი-ითან და შვილებთან - ნ. ი-ითან, ლ. ხ-ითან და მ. ხ-ითან ერთად. ამავე სახლში ცხოვრობდნენ ჯ. ხ-ის მშობლები: მამა - გ. ხ-ი; დედა - ლუ. ხ-ი; ჯ. ხ-ის და - ლა. ხ-ი; ძმა - რ. ხ-ი, მისი მეუღლე - ნ. ხ-ი-ხ-ი და შვილები: კ. და ლი. ხ-იები. მესტიის სახალხო დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 29 იანვრის №20 გადაწყვეტილებით გ. ხ-ის ეკომიგრანტ ოჯახს გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში გამოეყო 5-ოთახიანი საცხოვრებელი სახლი შვიდ სულზე, რომელშიც შედიოდა ოჯახის ჩამოთვლილი წევრებიდან ყველა, ჯ. ხ-ის, მისი მეუღლისა და შვილების გამოკლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ. ხ-იმა, როგორც ეკომიგრანტმა 2017 წლის 5 იანვარს მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადით, რომლის დაკმაყოფილებაზე მას უარი ეთქვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ჯ. ხ-იმა წარადგინა საჩივარი, რაც არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელის მითითებით, მან სარჩელი აღძრა სასამართლოში, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადგენილი იქნებოდა ფაქტი ჯ. ხ-ი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, თუ სანაცვლოდ მიიღო ფულადი დახმარება. აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკითხები განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის სხდომებზე, რომლის №21 ოქმის საფუძველზე, ჯ. ხ-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ოქმის საფუძველზე კი, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანებით ჯ. ხ-ის ოჯახი არ დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანება მოსარჩელე ჯ. ხ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად ჯ. ხ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაზე, რომლის შესაბამისად, განსახლებასა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემას ექვემდებარება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და არა ოჯახის ცალკე აღებული წევრები და აღნიშნა, რომ ჯ. ხ-ი წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ, საცხოვრებელი სახლის მიღების მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიექტს, მაგრამ უნდა დადგენილიყო, ამჟამად მოსარჩელე, როგორც გ. ხ-ის ოჯახის წევრი ითვლებოდა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებულად, თუ, იგი 1987 წელს სოფელ ...ში განვითარებული სტიქიური მოვლენების დროს არ იყო გ. ხ-ის ოჯახის წევრი და შესაბამისად, ექვემდებარებოდა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას, როგორც ეკომიგრანტი.

საკასაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ“ 1968 წლის 25 დეკემბრის კანონზე, მიწის კოდექსის 72-ე მუხლსა და 1987 წელს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 122-ე, 125-ე, 126-ე და 127-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კომლის წევრად არ მითითება არ ნიშნავდა ახალ, ცალკე კომლად ჩამოყალიბებას, ხოლო ცალკე კომლად დაფუძნებას ესაჭიროებოდა ახალი კომლისათვის ნაკვეთის ცალკე გამოყოფა. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მისი, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფას, თუმცა თავადვე განმარტავდა, რომ იგი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა გ. ხ-ის (მამის) ოჯახში. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჯ. ხ-ი არ იყო მითითებული გ. ს.-ს ძე ხ-ის კომლის შემადგენლობაში არ ნიშნავდა, რომ იგი იყო ცალკე ოჯახი. ამასთან, მოსარჩელის კომლის რეგისტრაცია ასახული უნდა ყოფილიყო საკომლო წიგნში, რაც საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ გამოკვლეული არ იყო, ხოლო მოსარჩელის, როგორც ცალკე ეკომიგრანტ ოჯახად მიჩნევის საკმარისი საფუძველი ვერ იქნებოდა მხოლოდ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2018 წლის 17 იანვრის A2018000873-03 საარქივო ცნობაზე თანდართული ანკეტა-განცხადება.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად ჯ. ხ-ი არ შედიოდა მისი მამის - გ. ხ-ის ოჯახის შემადგენლობაში, თუმცა არც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას და არც სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებისას არ დადგენილა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება - იყო თუ არა მოსარჩელის ოჯახი ცალკე კომლად რეგისტრირებული. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების 3.1.6. პუნქტის მიხედვით, დადგენილი ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა (არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ), რომ სოფელ ...ში არსებული ქონება ჯ. ხ-იმა დაირეგისტრირა თანასაკუთრების უფლებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის (იყო თუ არა ჯ. ხ-ი ეკომიგრანტი გ. ხ-ის ოჯახის (კომლის) წევრი) დადგენის მიზნით შესაძლებელი იყო რეგისტრაციის საფუძვლის გამოკვლევა. ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის დადგენას საჭიროებდა იყო თუ არა მოსარჩელის ოჯახი დაზიანებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით ცალკე კომლად რეგისტრირებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ჯ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის მითითებით, 2023 წლის 13 ივნისს ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სააპელაციო პალატას წარმოუდგინა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მესტიის არქივის 2023 წლის 5 ივნისის №AA2023008352-03 საარქივო ცნობა, რომლის მიხედვით, მესტიის რაიონის ...ს საკრებულოს 1986-1996წწ. საკომლო წიგნების ჩანაწერებში ჯ. ვ.-ს (გ.) ძე ხ-ის კომლი არ ფიქსირდებოდა. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისს საოქმო განჩინებით, საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილ იქნა მესტიის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრები ვ. (გ.) ხ-ის (დაბადების თარიღი ... წელი) კომლის შესახებ ინფორმაცია 1970 წლიდან 1988 წლამდე პერიოდში, ხოლო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის საოქმო განჩინებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრიდან გამოთხოვილ იქნა ჯ. ხ-ის ჩაწერისა და რეგისტრაციის შესახებ (საინფორმაციო ბარათი) მონაცემები, დაბადებიდან დღემდე პერიოდში. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 20 სექტემბრის №01/223938 და 2023 წლის 2 ოქტომბრის №01/232801 წერილებზე და აღნიშნული დოკუმენტებისა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამორკვეულად მიიჩნია, რომ მესტიის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს 1980-1982წ. და შემდგომ პერიოდში, საკომლო წიგნის ჩანაწერებში გ. ს.-ს ძე ხ-ის კომლის შემადგენლობაში ჯ. ხ-ი აღარ იყო მითითებული. ამასთან, მესტიის რაიონის ...ს საკრებულოს 1986-1996წ. საკომლო წიგნების ჩანაწერებში ჯ. ვ.-ს (გ.) ძე ხ-ის კომლი არ ფიქსირდებოდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრიდან გამოთხოვილ ინფორმაციის მიხედვით კი, ჯ. ხ-ი 1991 წლის 14 ნოემბერს დარეგისტრირდა მისამართზე: ქალაქი თბილისი, ..., მე-... მ/რ., კორპ. ..., ბ. 29. წინა რეგისტრაციის ადგილად მითითებული იყო: ქალაქი მესტია, ...ს ქუჩა №10 – 02.10.1991წ., ხოლო ჯ. ხ-ის 1991 წლის 14 ნოემბრამდე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვერ იქნა დადასტურებული, რომ მოსარჩელის ოჯახი წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დამოუკიდებელ ეკომიგრანტ ოჯახს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ცალკე კომლად რეგისტრირებულ ოჯახს, რომელიც 1987 წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების (თოვლის ზვავი) გამო დაექვემდებარებოდა ცალკე განსახლებას. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჯ. ხ-ის მართებულად ეთქვა უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ხ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში მართალია, ფორმალურად აისახა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინებით განსაზღვრული შესასრულებლად სავალდებულო მითითებები, თუმცა რამ განაპირობა ჯ. ხ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იურიდიულად არ იქნა საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან გ. ს.-ს ძე ხ-ის კომლის შემადგენლობაში კასატორი რომ არ იყო მითითებული, ეს სადავო არ იყო 2019 წლის 11 აპრილის №ბს-21(კ-19) და 2021 წლის 21 მარტის №ბს-448(კ-22) განჩინებების გამომტანი სასამართლოებისათვის. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატას არ შეუფასებია დასახელებულ განჩინებებში ასახული უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, არ იყო შესწავლილი და შეფასებული, გ. ს.-ს ძე ხ-ის კომლისთვის საცხოვრებელი სახლის გადაცემა მხოლოდ 7 ადამიანისთვის, რამდენად მოიცავდა ჯ. ხ-ის 5-სულიან ოჯახს და მამისთვის სახლის გადაცემისას ჯ. ხ-ი იყო თუ არა გათვალისწინებული, ამასთან, რა მტკიცებულებები ადასტურებდა ამას.

კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანით/დასაბუთებით დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის იმპერატიული მოთხოვნები. რამდენადაც, განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს კანონით დადგენილი წესით უნდა ემტკიცებინა რამ განაპირობა ჯ. ხ-ითან დაკავშირებით სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის არქონა, თუ ასეთს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, აგრეთვე რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი და რატომ ვერ იქნა წარმოდგენილი იმის მტკიცებულებები, რომ ამგვარი, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე მონაცემების არარსებობა თავის დროზე დადასტურდა შესაბამისი წესით, იურიდიული მნიშვნელობის შედეგების განმაპირობებელი საბუთების შექმნით. სახელმწიფოს წარმომადგენელი ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ არ იძებნება ინფორმაცია კონკრეტულ, საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვან პერიოდზე, არ წარმოადგენდა მისი მხრიდან მტკიცების ტვირთის ჯეროვან რეალიზებას. განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ თავად კასატორს არ მიუწვდებოდა ხელი დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებზე/მტკიცებულებებზე, რომლებიც სწორედ ამ ადმინისტრაციულ ორგანოში ინახება. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო მოდავე მხარეთა შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპი, არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და ჯ. ხ-ის დააკისრა იმის მტკიცების მოვალეობა, რაც უნდა ემტკიცებინა ადმინისტრაციულ ორგანოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად სადავო საკითხზე ჯ. ხ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტი იძლევა ეკომიგრანტი ოჯახის განმარტებას, რომლის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მათ საკუთრებაში არსებულ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში. ხოლო დასახელებული წესის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ ფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ჯ. ხ-ის ოჯახი ფლობდა ერთ საცხოვრებელ სახლს, რომელიც 1987 წელს განვითარებული სტიქიური მოვლენის (თოვლის ზვავი) გამო დაინგრა. ამ საცხოვრებელ სახლში სტიქიამდე ცხოვრობდა ჯ. ხ-ი ოჯახის წევრებთან ერთად; კერძოდ, მესტიის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს 1971-1973წწ. საკომლო წიგნის ჩანაწერებში ოჯახის უფროსად ფიქსირდებოდა გ. ს.-ს ძე ხ-ი, კომლის წევრები არიან: 1. გ. ს.-ს ძე ხ-ი - ოჯახის უფროსი; 2. ლუ. დ.-ს ასული ხ-ი - ცოლი; 3. რო. გ.-ს ძე ხ-ი - შვილი; 4. ჯ. გ.-ს ძე ხ-ი - შვილი; 5. ლა. გ.-ს ასული ხ-ი - შვილი; 6. რ. გ.-ს ძე ხ-ი - შვილი; 7. სა. გ.-ს ასული ხ-ი - შვილი.

აღსანიშნავია, რომ მესტიის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს 1980-1982წწ. საკომლო წიგნის ჩანაწერებში ჯ. გ.-ს ძე ხ-ი გ. ხ-ის კომლის სიაში მითითებული არ არის, თუმცა მისი ცალკე კომლად გამოყოფისა და დარეგისტრირების შესახებ ინფორმაცია საქმეში წარმოდგენილი არ არის. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ სტიქიურ მოვლენამდე ჯ. ხ-ი ცხოვრობდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. ამდენად საკასაციო პალატა ასკვნის, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების მიზნებისთვის ჯ. ხ-ი წარმოადგენდა გ. ხ-ის ოჯახის წევრს, რომლებიც ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას.

სახალხო დეპუტატების მესტიის რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 29 იანვრის №20 გადაწყვეტილებით, ...ს სასოფლო (სადაბო) საბჭოს სოფელ ...ში მცხოვრებ გ. სა.-ს ძე ხ-ის, ოჯახის შემადგენლობა 7 (შვიდი) სულით, ნება დაერთო ჩასახლებულიყო სოფ. ...ში. მითითებულ გადაწყვეტილებაში ოჯახის წევრები აღნიშნული არ არის.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართალია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2018 წლის 17 იანვრის A2018000873-03 საარქივო ცნობის მიხედვით, სოფელ ...ში ჩასახლებულ გ. ხ-ის ოჯახის შემადგენლობაში ჯ. ხ-ი არ ფიქსირდება, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ერთ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები გ. ხ-ის ოჯახი და ჯ. ხ-ის ოჯახი ცალ-ცალკე შინასამეურნეო საქმიანობას ეწეოდნენ და განხილული უნდა ყოფილიყვნენ დამოუკიდებელ ეკომიგრანტ ოჯახებად, რასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ ამომწურავად იქნა მითითებული 2023 წლის 21 მარტს მიღებულ განჩინებაში. საგულისხმოა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების შესაბამისად, განსახლებასა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემას ექვემდებარება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და არა ოჯახის ცალკე აღებული წევრები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ 1990 წლიდან ჯ. ხ-ი აღარ იმყოფებოდა საქართველოში, ის დაბრუნდა ქვეყანაში 1995 წელს. სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში დაცული საინფორმაციო ბარათების მიხედვით, 14.11.1991წ. ჯ. ხ-ი დარეგისტრირდა მისამართზე: ქალაქი თბილისი, ..., მე-... მ/რ., კორპ. ..., ბ.29. წინა რეგისტრაციის ადგილად მითითებულია: ქალაქი მესტია, ...ს ქუჩა №... - 02.10.1991წ. ჯ. ხ-ი 29.08.2013-21.12.2016წ. დარეგისტრირებული იყო მისამართზე: გარდაბანი, ს. ... მე-..., ქ. №1, ხოლო 21.11.2022 წლიდან ჯ. ხ-ი დარეგისტრირდა მისამართზე: მესტია, ს. ...ში. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფელ ...ში არსებული ქონება ჯ. ხ-ის ოჯახმა 2014 წლის 14 აპრილს დაირეგისტრირა თანასაკუთრებაში, კერძოდ, თანამესაკუთრეები არიან: ლა. ხ-ი (ჯ.-ს და), რ. ხ-ი (ჯ.-ს ძმა), სა. ხ-ი (ჯ.-ს და) და ჯ. ხ-ი. დასახელებული პირებიდან, 1987 წელს განსახლებულთა სიებში ფიგურირებენ ლა. და რ. ხ-იები.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახი წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დამოუკიდებელ ეკომიგრანტ ოჯახს - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ცალკე კომლად რეგისტრირებულ ოჯახს, რომელიც დაექვემდებარებოდა ცალკე განსახლებას.

ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა