Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1315(კ-24) 19 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ხ-ი

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 30 მაისს ა. ხ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2023 წლის 24 აპრილის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის, მსჯავრდებულ ა. ხ-ისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2023 წლის 24 აპრილის №7523 ბრძანების ბათილად ცნობა, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდისთვის ა. ხ-ისთვის საშიშროების რისკის გადაფასების და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურისთვის ა. ხ-ის №14 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2023 წლის 24 აპრილის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2023 წლის 24 აპრილის №7523 ბრძანება მსჯავრდებულ ა. ხ-ისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მარტის განაჩენით ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მარტის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა. ხ-ის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 6 წელი და 6 თვე, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2023 წლის 24 აპრილის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის ამონაწერის თანახმად, ა. ხ-ის საშიშროების რისკის სახედ განესაზღვრა - მომეტებული. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გაეწია რეკომენდაცია, მსჯავრდებულ ა. ხ-ის მისი რისკის სახის შესაბამის დაწესებულებაში განთავსებაზე.

მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა. მსჯავრდებულს ჰქონდა პროგრამებში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ არ ჰქონდა შესაძლებლობა. თვლიდა, რომ მისი განათლება მისი მდგომარეობის შესაბამისი იყო და არ აპირებდა დამატებით სწავლას. ჰქონდა მუშაობის სურვილი, მაგრამ არ ჰქონდა შესაძლებლობა. არ ვლინდებოდა მიდრეკილება ანტისოციალური ქცევის მქონე პირთა მიმართ. ციხის ადმინისტრაციასთან და თანამესაკნეებთან იყო ნორმალურ დამოკიდებულებაში. საკუთარ აზრებს გამოხატავდა აგრესიის და ემოციური ქცევების გარეშე, კომუნიკაციის უნარებთან დაკავშირებით სირთულეები არ ჰქონდა. ა. ხ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის მოხდის დასაწყისი იყო - 27.10.2019 წელი, სასჯელის მოხდის დასასრული - 11.02.2026 წელი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2023 წლის 24 აპრილის №7523 ბრძანებით ა. ხ-ის სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა №2 პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველია - მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2023 წლის 24 აპრილის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმი.

სააპელაციო პალატამ, სადავო აქტის კანონიერების შემოწმების მიზნით, გამოითხოვა მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2023 წლის 24 აპრილის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმი საიდუმლო ინფორმაციის შემცველობით. სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სახეზე არ იყო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველი.

ურთიერთსაწინააღმდეგო და შეუსაბამო იყო მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2023 წლის 24 აპრილის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის ღია და საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ნაწილები. კერძოდ, სხდომის ოქმის ღია ნაწილი, ერთი მხრივ, მიუთითებდა მსჯავრდებულის პოზიტიურ მახასიათებლებზე, მათ შორის მასზედ, რომ არ ვლინდებოდა მიდრეკილება ანტისოციალური ქცევის მქონე პირთა მიმართ, ასევე, ციხის ადმინისტრაციასთან და თანამესაკნეებთან მსჯავრდებული იყო ნორმალურ დამოკიდებულებაში. საკუთარ აზრებს გამოხატავდა აგრესიის და ემოციური ქცევების გარეშე და კომუნიკაციის უნარებთან დაკავშირებით სირთულეები არ ჰქონდა. მეორე მხრივ, საიდუმლო ინფორმაციის შინაარსი არ შეესაბამებოდა მსჯავრდებულის აღნიშნულ დახასიათებას და არ ქმნიდა მსჯავრდებულისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების საკმარის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს სისხლისსამართლებრივი საქმის დეტალებზე, რომელზე მსჯავრდების გამოც ა. ხ-ი იხდის სასჯელს. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს, სატელეფონო ზარის მეშვეობით, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს აუკრძალა განათლების მიღება, სახლიდან გასვლა, ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა. სურდა მისი მუდმივი კონტროლი და დაემუქრა მეუღლის დედას სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ის გასამართლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, თუმცა 2023 წლის განაჩენი შთანთქა 2021 წლის 24 ივნისის განაჩენმა და ა. ხ-ის სასჯელის დასასრული იყო 2026 წლის 11 თებერვალი.

„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის თანახმად მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება მისი პიროვნული თვისებების, ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის და დანაშაულის მოტივის, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედების, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულების, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობის, დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების; ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების, მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტების, დარჩენილი _ სასჯელის ხანგრძლივობის, დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტების, წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევების, მსჯავრდებულის ასაკის, ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობის, დამოკიდებულების, ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტების, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტებისა თუ კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე.

კასატორის პოზიციის თანახმად, საკითხის გადაწყვეტისას რისკების შეფასების გუნდს შეეძლო კონკრეტული კრიტერიუმები საკითხის გადამწყვეტ ფაქტორად მიეჩნია, რაც არ ნიშნავდა ამ უფლებამოსილების გამოყენების კანონშეუსაბამობას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, რისკების შეფასების გუნდმა მიიჩნია, რომ დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა ვერ გადაწონა უარყოფითი კონტექსტის კრიტერიუმები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეზე სადავო საკითხს წარმოადგენს მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2023 წლის 24 აპრილის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის, მსჯავრდებულ ა. ხ-ისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2023 წლის 24 აპრილის №7523 ბრძანების ბათილად ცნობა, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდისთვის ა. ხ-ის საშიშროების რისკის გადაფასების და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურისთვის ა. ხ-ის №14 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „პატიმრობის კოდექსი“ (ძალადაკარგულია - 15.12.2023, №3988 (პენიტენციური კოდექსი)) განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს (მუხლი 3.1).

პატიმრობის კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.

პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული, როგორც წესი, სასჯელს იხდის მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად; ბ) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; თ) ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; თ​1) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191​1 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, თუ მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება შესაბამისი მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება და ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის; ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის 41 ნაწილით კი დადგენილია, რომ მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი. მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით. მოცემული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დატოვების, ასევე, იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილებას ბრძანების სახით იღებს გენერალური დირექტორი, გუნდის გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

მითითებული წესის მე-4 მუხლი ადგენს, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: ა) მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; ბ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დ) დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ვ) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; ზ) დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; თ) ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; კ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; ლ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; მ) წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; ნ) მსჯავრდებულის ასაკი; ო) ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; პ) დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; ჟ) ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; რ) წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2023 წლის 24 აპრილის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმით ა. ხ-ის საშიშროების რისკის სახედ განესაზღვრა - მომეტებული. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მიეცა რეკომენდაცია, მსჯავრდებულის ა. ხ-ის რისკის სახის შესაბამის დაწესებულებაში განთავსებაზე.

სადავო ოქმის მიხედვით, მსჯავრდებულს წარსულში დანაშაული ჩადენილი არ ჰქონდა. №2 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2022 წლის 2 დეკემბერს, №14 პენიტენციური დაწესებულებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ შესაბამისად, 2020 წლის 26 აგვისტოს, მსჯავრდებულს განესაზღვრა საშიშროების საშუალო რისკი. მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა. მსჯავრდებულს აქვს პროგრამებში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ არა აქვს შესაძლებლობა. თვლის, რომ მისი განათლება მისი მდგომარეობის შესაბამისია და არ აპირებს დამატებით სწავლას. აქვს მუშაობის სურვილი, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა. არ ვლინდებოდა მიდრეკილება ანტისოციალური ქცევის მქონე პირთა მიმართ. ციხის ადმინისტრაციასთან და თანამესაკნეებთან არის ნორმალურ დამოკიდებულებაში. საკუთარ აზრებს გამოხატავს აგრესიის და ემოციური ქცევების გარეშე, კომუნიკაციის უნარებთან დაკავშირებით სირთულეები არ აქვს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2023 წლის 24 აპრილის №7523 ბრძანებით ა. ხ-ის სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა №2 პენიტენციურ დაწესებულებაში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის შეფასებას, რომ მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში განთავსების განსაზღვრა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება). ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია შებოჭილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის მე-4 მუხლით, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს თუ რა გარემოებები უნდა იქნას შეფასებული მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია კასატორი მიუთითებს მსჯავრდებულის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენას. თუმცა საქმეზე უდავოდ დადგენილია გარემოებები, რომლებიც ასახავენ ა. ხ-ის დადებით ქცევას. კერძოდ, მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა. მსჯავრდებულს აქვს პროგრამებში მონაწილეობისა და მუშაობის სურვილი, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა. არ ვლინდებოდა მიდრეკილება ანტისოციალური ქცევის მქონე პირთა მიმართ. ციხის ადმინისტრაციასთან და თანამესაკნეებთან არის ნორმალურ დამოკიდებულებაში. საკუთარ აზრებს გამოხატავს აგრესიის და ემოციური ქცევების გარეშე, კომუნიკაციის უნარებთან დაკავშირებით სირთულეები არ აქვს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებული გარემოებები პირდაპირ კავშირშია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლით, განსაზღვრულ კრიტერიუმებთან. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტებით ფასდება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; აღნიშნული კრიტერიუმებით მსჯავრდებულის შეფასების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული შესაბამისი მსჯელობა და შეფასება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა მსჯავრდებულის შესახებ საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი 2023 წლის 24 აპრილის სხდომის ოქმის საფუძვლად გამოყენებული საიდუმლო ინფორმაცია ა. ხ-ითან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საიდუმლო ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები, საიდუმლოების შემცველობის გამო, არ აისახა სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთების გარეშე. სადავო აქტებში არ არის სათანადო მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რატომ ჩათვალა ადმინისტრაციულმა ორგანომ მსჯავრდებულ ა. ხ-ისთვის რისკის სახედ - მომეტებულის განსაზღვრა და №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსება საფუძვლიანად, პატიმართან დაკავშირებით არსებული როგორც ნეგატიური, ასევე დადებითი მახასიათებლების არსებობის პირობებში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, არა მხოლოდ მიუთითოს ფაქტორებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს დაუპირისპირა საკითხის გადაწყვეტის მიზნით, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახოს მსჯელობა, რომელიც ახსნის ამგვარი გადაწყვეტილების კანონზომიერებას. ამგვარი დასაბუთების გარეშე, შეუძლებელია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერება და შეფასდეს მისი კანონშესაბამისობა. განსახილველ შემთხვევაში კი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, რამ განაპირობა მოსარჩელისათვის მომეტებული რისკის განსაზღვრა ... იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებში მითითებულია მოსარჩელის შესახებ არაერთი დადებითი გარემოება (მსგავს საკითხზე იხ. სუსგ №ბს-125(კ-24) 06.06.2024 წ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (იხ. სუსგ ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. შონია

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. აბუსერიძე