Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1098(2კ-24) 6 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ნ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 12 ივლისს ნ. ხ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 05 ოქტომბრის №3 საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ხ-ეის განცხადება - ქალაქ ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 1090,0 კვ.მ მიწის საკარმიდამო ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რის თაობაზეც გაიცა 2020 წლის 19 ოქტომბრის №39 განკარგულება. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და დამხმარე შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთი მოქცეულია ერთიან ფიქსირებულ საზღვრებში, გაშენებულია მცენარეთა ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, „კომისიის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით, ვინაიდან ნ. ხ-ეის საკუთრებაში გადაცემულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე დგინდებოდა ზედდება აჭარის ა/რ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. „კომისიამ “ 2021 წლის 11 ივნისის №გ-22.14211623 განკარგულებით ბათილად ცნო მის მიერ 2020 წლის 5 ოქტომბრის №3 საოქმო გადაწყვეტილება ნ. ხ-ეის ნაწილში და 2020 წლის 19 ოქტომბრის №39 განკარგულება, მოსარჩელეს უარი ეთქვა ქალაქ ბათუმში, ...ში მდებარე 138 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე. საკუთრების გაუქმების საფუძვლად კი მიუთითა, რომ თითქოს მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთს, მიწის ნაკვეთზე ადრე იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძველი ობიექტის ნანგრევები და მიწის ნაკვეთი 2005 წლიდან რეგისტრირებული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

მოსარჩელის განმარტებით, მისთვის არ იყო ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. იგი არ იყო მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში. მოსარჩელის მითითებით, იგი 1990 წლიდან ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს, სადაც განთავსებული აქვს საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობა, მრავალწლიანი ხეხილის ნარგავები და ერთწლიანი კულტურები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კი, ადასტურებს, რომ ათეული წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთის გამოყენება ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიზნით.

მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის 2021 წლის 11 ივნისის №გ.22.14211623 განკარგულებისა და ამავე კომისიის 2021 წლის 21 ივნისის №პ/12286195 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებები ნ. ხ-ეის ნაწილში და მის საფუძველზე მიღებული 2021 წლის 11 ივნისის №გ.22.14211623 და 2021 წლის 21 ივნისის №პ/12286195 განკარგულებები. ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელ კომისიას დაევალა გადაწყვეტილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი გარემოებების შესწავლის შემდგომ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ხ-ემ და ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელმა კომისიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ნ. ხ-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ „კომისიის“ მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იყო სრულყოფილად შესწავლილი, გამოკვლეული და გაანალიზებული. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ „კომისიას“ ზუსტად უნდა განესაზღვრა და გაეანალიზებინა კონკრეტული ფაქტობრივი მოცემულობები და სამართლებრივი გარემოებები, რაც დაკავშირებული იყო მიწის ნაკვეთის ნ. ხ-ეის საკუთრებაში სპორადული წესით რეგისტრაციის სასარგებლო ან საწინააღმდეგო კონკრეტულ ფაქტორებთან. კერძოდ, კომისიას უნდა შეესწავლა და გამოეკვლია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელობის განხორციელებისა და მიწის ნაკვეთზე ნ. ხ-ეის საკუთრების რეგისტრაციისათვის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა ამ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის არსებობა და იქ ნ. ხ-ეის ოჯახის ცხოვრების ფაქტი, მიწის ნაკვეთის გამოყენების, მისი შემოღობვის და ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი.

ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, კომისიას მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ზუსტად უნდა დაედგინა საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მახასიათებლების და სტატუსის განმსაზღვრელი ის გარემოებები, რაც რეგლამენტირებულია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 13 ივლისის №310 ბრძანებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის მიერ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემის შესახებ სარეკომენდაციო ინსტრუქციით“ და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება ნ. ხ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ნ. ხ-ემ.

კასატორის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, სადავო ქონება სახელმწიფოს საკუთრებიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო რეგისტრაციის საფუძვლები სადავო არ არის. შესაბამისად, ვიდრე ძალაშია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამდგენი დოკუმენტები, მანამდე სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება. კასატორს მიაჩნია, რომ სადავო ქონება წარმოადგენს რა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, მისი განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - ნ. ხ-ე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები და დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შესაძლებლობას აძლევდა სასამართლოს თავად გადაეწყვიტა სადავო საკითხი. თუკი სასამართლო საჭიროდ ჩათვლიდა დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლოს თავად უნდა შეეგროვებინა დამატებითი მტკიცებულებები და მიეღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ნ. ხ-ეის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ნ. ხ-ეის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო აქტების გამოცემის დროს არსებული რედაქცია), რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება - მოვალეობებს. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის მე-3 მუხლის "თ" ქვეპუნქტის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონის 41 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა)საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ან მისი უფლებამონაცვლის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით, თუ არსებობს/მოძიებულია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას; დ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 27 ივლისს, ნ. ხ-ემ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაცია. ვინაიდან, დაინტერესებულ პირს არ გააჩნდა მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 05 აგვისტოს №229272 წერილით მიმართა მოპასუხე „კომისიას“, რათა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაედგინათ, მიწის ნაკვეთი იყო თუ არა გაცემული „საკარმიდამო“ დანიშნულებით და ეს მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა საოჯახო ან საკარმიდამო მეურნეობისათვის გასაცემ მიწის ნაკვეთს.

2020 წლის 25 სექტემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმით №00083 ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია ფიქსირებული ღობით, დგას საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა, ასევე გაშენებულია ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები. შესაბამისად, 2020 წლის 19 ოქტომბერს მიღებულ იქნა №39 განკარგულება, ნ. ხ-ეისათვის მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ მოსაწყობად გაცემის დადასტურების შესახებ.

,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №39 განკარგულებით, დადასტურდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობით, კომისიისთვის წარდგენილ ნ. ხ-ეის გაცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული, ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 1090.0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდგარის შენობა-ნაგებობების საკარმიდამო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის ფაქტი.

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წლის 24 დეკემბერს №01-01-10/4838 წერილით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც მოითხოვა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლა იმ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, რომლებზეც დადგინდა ზედდება სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან. ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის 2021 წლის 11 ივნისის №გ.22.14211623 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის 2020 წლის 5 ოქტომბრის №3 საოქმო გადაწყვეტილება ნ. ხ-ეის ნაწილში და 2020 წლის19 ოქტომბრის №39 განკარგულება. ნ. ხ-ეს უარი ეთქვა №... განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის დადასტურებაზე, იმ საფუძველზე მითითებით, რომ ქ. ბათუმში, ...ს ქ.№...-ში მდებარე 1090,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთს. ამასთან, 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის ამონარიდის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა სპეციალურ ზონას. ასევე, ორთოფოტოს (2000, 2010, 2014 წლები) მონაცემებით, მიწის ნაკვეთი დაკავებული იყო სახელმწიფოს ძველი ობიექტით (ნანგრევები) და ამდენად, არ წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებულ მიწის ნაკვეთს. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, მიწის ნაკვეთზე 2005 წლიდან რეგისტრირებული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება (ს/კ ...). მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველი მიწის ნაკვეთი არ შეიძლებოდა გამოყოფილიყო საკარმიდამოდ ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე).

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ნ. ხ-ეის საცხოვრებელი სახლი, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. საქმეში არსებული ფოტომასალით ასევე თვალსაჩინოა, რომ მიწის ნაკვეთს შემოვლებული აქვს ღობე და ეზოში არის მრავალწლიანი ნარგავები. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება სადავო განკარგულებაში მითითებული გარემოება, რომ ორთოფოტოს (2000, 2010, 2014 წლები) მონაცემებით, მიწის ნაკვეთი დაკავებული იყო სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტით (ნანგრევები) და მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებულ მიწის ნაკვეთს. ამასთან, საქმის მასალებით არ არის დადგენილი და არც განკარგულებაშია მითითებული რომელ დაწესებულებას ეკუთვნოდა ნანგრევები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სპეციალურ ზონასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გარკვეული ტერიტორიები, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვრებთან სიახლოვის გამო, საბჭოთა პერიოდში წარმოადგენდა სპეციალურ ზონას, მაგრამ დღესდღეობით ასეთი შეზღუდვა ამ ტერიტორიებზე არ არსებობს. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ სადავო აქტში მოყვანილი გარემოებები შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ არგუმენტებს, კერძოდ, განსახილველ დოკუმენტში ადმინისტრაციულ ორგანოს სახნავად განკუთვნილი მიწა მიჩნეული აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად, მაშინ როდესაც სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვრის, სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული) კატეგორიის მიწის ნაკვეთს ან საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, რომელიც გამოიყენება ან რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი).

ასევე უსაფუძვლოა კასატორის - აჭარის ა/რ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მითითება მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებობის გამო სადავო მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობაზე, რამეთუ სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთის აჭარის ა/რ-ის საკუთრებაში გადაცემით არ იცვლება მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი და არ ხდება მიწის ნაკვეთის პრივატიზება ან/და მისი განკერძოება (სუსგ №ბს-535(კ-20), 28.06.2021წ.).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ადმინისტრაციულ ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, კასატორს ნ. ხ-ეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, ვინაიდან ნ. ხ-ეს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა მხარეს გადავადებული ჰქონდა, მასვე უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ნ. ხ-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება;

3. კასატორს - ნ. ხ-ეს დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის ოდენობით შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე