საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-125(კ-25) 06 მაისი, 2025წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2024წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ხ-ემ 02.08.2024წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ადგილობრივი საბჭოს 09.07.2024წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გ. ხ-ეის შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.10.2024წ. გადაწყვეტილებით გ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 09.07.2024წ. №01/24/შ/პ-0211 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა გ. ხ-ეის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2024წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. მსჯავრდებული გ. ხ-ეის მიმართ სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი არ ყოფილა გამოყენებული, წახალისებულია არაერთხელ, კარგი ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულებთან, არ არის კონფლიქტური და აგრესიული, თავაზიანია, არ არის შემჩნეული ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნების, დაწესებულების დებულების დარღვევაში, ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს, ჰყავს მეუღლე, ორი არასრულწლოვანი შვილი და ასაკოვანი დედა. გასათვალისწინებელია, რომ გ. ხ-ე გათავისუფლების შემდეგ აპირებს დასაქმებას და ოჯახის წევრებზე ზრუნვას, ოჯახისგან გრძნობს მორალურ და ფინანსურ მხარდაჭერას, გულწრფელად ნანობს ჩადენილ დანაშაულს. მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა წინააღმდეგობაში არ მოდის სასჯელის მიზანთან, მოსარჩელის ქცევაში ცხადად ჩანს საზოგადოებაში დაბრუნების და რესოციალიზაციის სურვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ადგილობრივმა საბჭომ იმსჯელა როგორც დადებით, ასევე უარყოფით გარემოებებზე და გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ორი დამოუკიდებელი განზრახი ხასიათის მართსაწინააღმდეგო ქმედება. მოსარჩელე არის ნასამართლობის მქონე, წარსულში ჩადენილი აქვს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მის მიმართ ერთხელ უკვე იქნა გამოყენებული საშეღავათო პირობა და სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა შინაპატიმრობით, რაც არ გამხდარა მისი შემდგომი ქცევის შემცვლელი. გ. ხ-ეს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია. სააპელაციო სასამართლომ დადებითად შეაფასა სასჯელის მოხდის პერიდში მსჯავრდებულის მიერ გამოვლენილი ქცევა, თუმცა შეფასების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს განესაზღვრა საშიშროების მომეტებული რისკი და სასჯელს იხდის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული წახალისებების ვიწრო და მკაცრად შემოფარგლული შინაარსობრივი ბუნებიდან გამომდინარე, ეს უკანასკნელი არ ხასიათდება მტკიცების იმგვარი შესაძლებლობებით, რომელიც საშუალებას მისცემს საბჭოს ერთიანად და უტყუარად დაადგინოს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის დონე. წარსული ნასამართლობისა და შეღავათების გამოყენების შემდგომ განზრახი დანაშაულის ჩადენა კრიმინოლოგიური თვალსაზრისით მიუთითებს სამართლებრივი ნორმების მიმართ მის დამოკიდებულებაზე. გ. ხ-ეის განმარტებით, მას აქვს უმაღლესი განათლება და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობას არ საჭიროებდა, თუმცა წარსულში ჩადენილი დანაშაული და მიმდინარე საქმე მოწმობს იმას, რომ ეს არ გამხდარა მისი შემდგომი ქცევის განმსაზღვრელი. ამდენად, რესოციალიზაციის მიზანი მიღწეული არ არის, ასევე არსებობს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი. სასჯელის ნაწილის მოხდის შემთხვევაში კანონმდებლობა საბჭოს არ აკირებს მსჯავრდებულის მიმართ შეღავათების გამოყენების ვალდებულებას. საკითხის გადაწყვეტისას საბჭოს შეუძლია კონკრეტული კრიტერიუმი საკითხის გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნიოს, რაც არ მიუთითებს ამ უფლებამოსილების კანონშეუსაბამოდ გამოყენებაზე. სასჯელის მიზნები ამ ეტაპზე არ მიღწეულა. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც არსებობს თავისუფლების პირობებში მსჯავრდებულის კანონშესაბამისი ქცევისა და უსაფრთხო რესოციალიზაციის მოლოდინი. ამგვარ მოლოდინს ქმნის თავად დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები, მისი ქცევა გამოხატული უნდა იქნეს სოციალურ აქტივობებში ჩართულობით თუ სარებილიტაციო პროგრამებში მონაწილეობით. კასატორმა მიუთითა, რომ საკითხის გადაწყვეტისას ადგილობრივი საბჭო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით სწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპების დაცვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.08.2018წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მიხედვით საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი (მე-6 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). მსჯავრდებულის შეფასება ხდება ამავე წესის 13.1 მუხლით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, საბჭომ 09.07.2024წ. ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. ხ-ეის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. საბჭომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გ. ხ-ემ ჩაიდინა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები, ის არის ნასამართლობის მქონე, კერძოდ მსჯავრდებულს წარსულში ჩადენილი აქვს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაული, აღნიშნული დანაშაულის გამო შეფარდებული სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ გამოყენებული იქნა საშეღავათო პირობები და სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა შინაპატიმრობით, თუმცა ამას დადებითი ზეგავლენა არ მოუხდენია მსჯავრდებულზე და არ გამხდარა მისი შემდგომი ქცევის შემცვლელი, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია, რაც რესოციალიზაციის ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს, დამატებითი პაემნის თაობაზე წახალისების ფაქტები არ მიუთითებს აგრეთვე მსჯავრდებულის ქცევის განვითარების დადებით დინამიკაზე, ვინაიდან აღნიშნული განპირობებულია მსჯავრდებულის გარესამყაროსთან კავშირის უზრუნველყოფით, რაც შეეხება ოჯახის ყოლის ფაქტს, აღნიშნული მსჯავრდებულისთვის არ გამხდარა დანაშაულის ჩადენისაგან შემაკავებელი ფაქტორი. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის, გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას. კანონმდებლობა ორგანოს ავალებს არა მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, არამედ მათ გათვალისწინებას და შეფასებას. კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს სასჯელის მიზნების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისტემური ურთიერთშეჯერების შედეგად. მართალია, საპატიმრო სასჯელის ერთ-ერთი არსებით ფუნქციას შეადგენს საზოგადოების დაცვა, კრიმინალის მიერ ხელახალი დანაშაულის ჩადენისა და ამით შემდგომი ზიანის მიყენების თავიდან აცილება, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს თავისუფლება აღკვეთილ მსჯავრდებულთა სოციალური რეინტეგრაციის ლეგიტიმურ მიზანს, მნიშვნელოვანია ისეთი სახის ზომების მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულების სოციალურ რეინტეგრაციას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლდნენ (Mastromatteo v. Italy, დიდი პალატა, 2002, §72). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სასჯელს იხდის საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის გამო. მოქმედი კანონმდებლობით დანაშაულის ამ სახის ჩადენის ან წარსულში პირის ნასამართლობის ფაქტი არ გამორიცხავს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესაძლებლობას, შესაბამისად ინდივიდუალური საქმის გარემოებების გათვალისწინებით მსჯავრდებულის მიმართ შესაძლოა გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული აღნიშნული შესაძლებლობა. გასაჩივრებული აქტის თანახმად მოსარჩელისთვის შეფარდებული სასჯელის ვადის იწურება 12.11.2026წ.. სსკ-ის 73.4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე მას სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ, ანუ 2024 წლის 13 მაისიდან წარმოეშვა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის მოთხოვნის უფლება, ამასთან მოსარჩელე არ არის მოთავსებული განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, რაც სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს (სსკ-ის 73.31 მუხ.), შესაბამისად კასატორის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მსჯავრდებული დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას არ ადასტურებს. მართალია, რიგ შემთხვევებში არ გამოირიცხება ჩადენილი დანაშაულისა და წარსულში ჩადენილი დანაშულის ფაქტებისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მინიჭება, თუმცა ასეთ შემთხვევაში მსჯარვდებულის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სათანადო დასაბუთებას საჭიროებს. „დანაშაულის ხასიათის“ კრიტერიუმით ფასდება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, გარემოება და ვითარება, რომლის ფარგლებში იქნა ჩადენილი დანაშაული (13.1 მუხ „ა“ქვ.პ.). საქმეში დაცული მასალებით სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებული არ გამოვლენილა, შესაბამისად არ დგინდება მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სხვა პირისთვის მორალური ან/და ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი. რაც შეეხება წარსულში პირის ნასამართლობის ფაქტს, მოსარჩელემ წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი მოიხადა, ხოლო ახალი დანაშაული არ ჩაუდენია წინა სასჯელის მოხდის ან მის მიმართ წარსულში გამოყენებული შინაპატიმრობის ვადის პერიოდში. სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული ნორმით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური (სუსგ 07.06.2016წ. საქმე №54აპ-16). აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს არა პირობით ვადამდე გათავისუფლებას, არამედ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახით - შინაპატიმრობით შეცვლას. შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას, როგორც წესი, შინაპატიმრობა აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით (სსკ-ის 471 მუხ.), შესაბამისად შინაპატიმრობა არის სასჯელის ერთ-ერთი სახე (სსკ-ის 40.1 მუხ. „ვ“ ქვ.პ.). მართალია, როგორც შინაპატიმრობა, აგრეთვე ვადამდე გათავისუფლება გულისხმობს საპატიმრო დაწესებულებიდან მსჯავრდებულის გათავისუფლებას, თუმცა კონვენციის მე-5 მუხლის მიზნებისთვის შინაპატიმრობა, მისი ხარისხისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, ითვლება აგრეთვე თავისუფლების აღკვეთად („Buzadji v. the Republic of Moldova“, 05.07.2016წ. §104), ამდენად შინაპატიმრობა გულისხმობს პირის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის სახის გამოყენებას და არა მისი სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა კონვენცია არ იძლევა რეაბილიტაციის უფლების გარანტიას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ითვალისწინებს მსჯავრდებულებისთვის, მათ შორის უვადო პატიმრებისთვისაც კი რეაბილიტაციის შესაძლებლობას, იმ შემთხვევებში, როდესაც დამნაშავეთა საპატიმრო სასჯელის გასამართლებლად სახელმწიფო ეყრდნობა მხოლოდ საზოგადოების წინაშე არსებულ რისკს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ამ დამნაშავეთა რეაბილიტაციის წახალისების აუცილებლობა (Murray v. Netherlands, 2016, §§ 101-104). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში არაერთხელ წახალისდა. როგორც წესი, წახალისების სახეები გამოიყენება მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში (წახალისებების გამოყენების პერიოდში მოქმედი პატიმრობის კოდექსის 66-ე მუხ.), შესაბამისად კასატორის მითითება იმაზე, რომ წახალისებების გამოყენების ფაქტი არ მიუთითებს მსჯავრდებულის ქცევის განვითარების დადებით დინამიკაზე, არ არის დასაბუთებული. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სხვა კრიტერიუმებთან ერთად ფასდება აგრეთვე „მსჯავრდებულის პიროვნება“. აღნიშნული კრიტერიუმით შეფასებისას, სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღების გარდა, ყურადღება ექცევა ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან მსჯავრდებულის დამოკიდებულებას, დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან განსაკუთრებული ზედამხედველობის საჭიროებას და სხვ. („წესის“ 13.1 მუხ. „ე“ ქვ.პ.). სადავო აქტის თანახმად მსჯავრდებული დაწესებულებაში არ არღვევს რეჟიმის მოთხოვნებს, სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის აგრესიული და კონფლიქტური, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაკავებულია სპორტული აქტივობით, კითხულობს სხვადასხვა ლიტერატურას, კერძოდ მან წაიკითხა ასზე მეტი წიგნი, მათ შორის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ჟანრის წიგნები (იხ. 18.12.2024წ. სხდომის ოქმი). რაც შეეხება სოციალურ აქტივობებს, მოსარჩელის განმარტებით №8 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული ტრენინგები განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც სურს განათლების მიღება და ამ მხრივ საჭიროებს მომზადებას, აღნიშნული სოციალური აქტივობები მოსარჩელეს არ ესაჭიროება, რადგან მას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება და დაკავებამდე შესაბამის სფეროში მოღვაწეობდა (იხ. 18.12.2024წ. სხდომის ოქმი). შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს აგრეთვე „ოჯახური პირობები“. აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება ექცევა მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები და სხვ.. ზოგიერთ შემთხვევაში პირისთვის თავისუფლების აღკვეთისას შესაძლოა წარმოიშვას დაკავებული პირის ოჯახური მდგომარეობის გარკვევის საჭიროება, ვინაიდან პირის დაკავებამ შესაძლოა წარმოშვას ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული საკითხები (Hadzhieva v. Bulgaria, 01.02.2018წ. §60-67). მოსარჩელის მითითებით მას ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი (12 და 5 წლის), ოჯახის წევრებთან აქვს კარგი და თბილი დამოკიდებულება. სარჩელში აღნიშნულია აგრეთვე, რომ მსჯავრდებულის მეუღლეს აღენიშნება სმენის მძიმე ორმხრივი დაქვეითება, რის გამო არასრულწლოვანი შვილების საჭიროებებთან დაკავშირებით მასწავლებლებს კომუნიკაცია მოსარჩელესთან გააჩნდათ. აღნიშნული დგინდება აგრეთვე საქმეში დაცული ქ. თბილისის №... საჯარო სკოლის მასწავლებლის 30.04.2024წ. განმარტებით (ტ. 1, ს.ფ. 70). ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარი არ არის სათანადოდ დასაბუთებული.
როგორც უკვე აღინიშნა, სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით სასჯელის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულისთვის საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესების პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება (პენიტენციური კოდექსის 135.1 მუხ.). სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება, სასჯელის შეცვლა, სასჯელის შემცირება ან სასჯელის მოხდის გადავადება ემსახურება მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, როგორც სასჯელის ერთ-ერთ მიზანს, ხოლო თავისი არსით უკავშირდება სისხლის სამართალში მოქმედ ჰუმანიზმის პრინციპსა და სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობას. რესოციალიზაცია გულისხმობს მსჯავრდებულის გამოსწორებას, მის გარდაქმნას, (სისხლისსამართლებრივად) კანონმორჩილ მოქალაქედ ქცევას, საზოგადოებაში ინტეგრაციას. სასჯელის ეფექტურობის მიღწევა შეუძლებელია, თუ ადგილი არ ექნება ინდივიდუალურ მიდგომას არა მხოლოდ ბრალდებულისთვის სასჯელის შეფარდების ეტაპზე, არამედ მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის აღსრულების პროცესშიც. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა შესაძლებელია განხილულ იქნას, როგორც მსჯავრდებულის წახალისების ფორმა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს მსჯავრდებულის პიროვნება, გაირკვეს უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შემდეგ მისი რესოციალიზაციის შესაძლებლობა, თითოეული კრიტერიუმის შეფასებით საბოლოოდ უნდა დადგინდეს მსჯავრდებულის ყოფაქცევის გამოსწორების ფაქტი და მისი გამოსწორებისთვის დანიშნული სასჯელის მთლიანად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის საჭიროება (სუსგ 18.03.2024წ. საქმე №ბს-942(კ-23)). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ასეთი საჭიროების დასაბუთება ვერ უზრუნველყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე