საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #ბს-194(2კ-25) 22 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
კასატორები (მესამე პირები) – ი. ჯ-ე, ა. დ-ე, გ. ძ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი. ს-ი
მოპასუხე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 8 აპრილს ი. ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის #13 საოქმო გადაწყვეტილების ა. ჯ-ეის ნაწილში ბათილად ცნობა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული #3197 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამავე სარჩელით მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოეყენების, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხისათვის ქ. ბათუმში, ...ის მე-...ის #1-ში მდებარე სადავო უძრავი ქონების (ს.კ. ...) გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან/და რაიმე სახის ზიანის მიყენების აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 აპრილის განჩინებით ი. ს-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
2022 წლის 11 მაისს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიასთან ერთად, მოპასუხეებად მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ა. დ-ე, ი. ჯ-ე და გ. ძ-ე.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ალ. ს-ის შვილიშვილი. მისი მამის - ე. ს-ის მიერ, გარდაცვლილი მამის - ალ. ს-ის მემკვირეობის მიღების ფაქტი დადასტურებულია 2019 წლის 4 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით.
მოსარჩელის მითითებით, საკომლო წიგნის ამონაწერითა და საარქივო ცნობით დგინდება, რომ ალ. ს-ის კომლს 1943-1944 წლებში ერიცხებოდა 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და 1935 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი. კომლის შემადგენლობაში შედიოდა ალ. ს-ი, მისი მეუღლე - ა. ს-ი და შვილი - ე. ს-ი. 1944 წელს ალ. ს-ი ოჯახთან ერთად გადაასახლეს შუა აზიაში, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდგომ, ისინი რეაბილიტირებულ იქნენ თავიანთ უფლებებში. ბათუმის სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ოჯახისათვის კუთვნილი ქონების სრულად დაბრუნება. ამასთან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ალ. ს-ის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ მცხოვრები რ. ჯ-ეის იძულებითი გამოსახლების შესახებ. გარდა ამისა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1990 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, ალ. ს-ის შვილი - ე. ს-ი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ა. ჯ-ეის განცხადების საფუძველზე, რომელიც, მისი შეფასებით, უკანონოდ ცხოვრობდა ალ. ს-ის ოჯახის საკუთრებაში, 2007 წლის 26 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაიცა #3197 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც არ. ჯ-ეს საკუთრებაში გადაეცა 0.767 ჰა მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის შეფასებით, აღნიშნული მიწა წარმოადგენს იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც გადასახლებამდე ალ. ს-ის კომლის საკარმიდამო ნაკვეთი იყო, მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლით. საკუთრების მოწმობაში არ არის მითითებული ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის შესახებ. სარეგისტრაციო მასალების შესაბამისად, არ. ჯ-ე თავის განცხადებაში მიუთითებდა, რომ მას დოკუმენტურად გააჩნდა 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო, ფაქტობრივად ფლობდა 7 670 კვ.მ-ს. შესაბამისად, იგი ითხოვდა საკუთრების მოწმობის გაცემას 7 670 კვ.მ-ზე, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, უკანონოდ დაკმაყოფილდა კომისიის მიერ.
მოსარჩელე, ასევე, მიუთითებს, რომ 2006 წლის 14 დეკემბერს არ. ჯ-ემ მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს. სარეგისტრაციო განაცხადს ერთვოდა 2006 წლის 7 დეკემბერს გაცემული #6-ჯ საარქივო ცნობა. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, საჯარო რეესტრმა ა. ჯ-ეის სახელზე დაარეგისტრირა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).
მოსარჩელე მიუთითებს საარქივო ცნობაზე, რომლის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო 1935 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი. ამასთან, 2007 წლის 15 იანვარს არ. ჯ-ემ საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (5 000 კვ.მ) სამ ნაწილად რეგისტრაციის შესახებ. მან განცხადებას თან დაურთო მიწის ნაკვეთის სამ ნაწილად, კერძოდ, 2 500 კვ.მ, 1 500 კვ.მ და 1 000 კვ.მ ნაკვეთებად გაყოფის შესახებ 2007 წლის 8 იანვრის სანოტარო აქტი (რეგისტრაციის ნომერი 1-74). სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა; განხორციელდა მოთხოვნილი რეგისტრაცია და გაიცა ამონაწერები 3 საკადასტრო კოდზე: ..., ... და ....
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არ. ჯ-ე გარდაიცვალა 2019 წლის 25 აპრილს. მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მიღების მოთხოვნით ნოტარიუსს განცხადებით მიმართეს მისმა დებმა - ა. დ-ემ და გ. ძ-ემ, ასევე, მისმა ძმის შვილმა - ი. ჯ-ემ, რომლებიც რეალურად, დღეის მდგომარეობით, უკანონოდ ფლობენ სადავო ნაკვეთს. ნოტარიუს მ. კ-ას მიერ შეჩერდა სამკვიდრო მოწმობის გაცემა ი. ს-ის განცხადების გამო, გამომდინარე იქედან, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მის მიერ დაწყებულ იქნა დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ სამოქალაქო დავა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მითითებული პირების მიერ განხორციელდა სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი სახლის თვითნებური დემონტაჟი. ამასთან, მათ გაჩეხეს და გაანადგურეს ნაკვეთში არსებული ნარგავებიც.
მოსარჩელის მტკიცებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ უკანონოდ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ა. ჯ-ეის სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში, სახეზე იყო არა მართლზომიერი მფლობელობის, არამედ მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების ფაქტი და შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ გააჩნდა მასზე საკუთრების აღიარების უფლება. ამასთან, საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შემთხვევაში, საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოსარჩელის შეფასებით, ასევე, უკანონოა, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის დაყოფის შესახებ, რამდენადაც არ. ჯ-ემ შეგნებულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრს.
მოსარჩელის მოსაზრებით, ხელვაჩაურის რაიონის არქივის მიერ გაცემულ საარქივო ცნობაში მითითებული 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც რ. ჯ-ეის კომლს აწერია 1986-2006 წლებში, რეალურად სხვა ნაკვეთია და ეს ის მიწაა, რომელიც ჯ-ეების კომლს გადაეცა მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ მიერ კოლმეურნეობისგან შეძენელი მიწის ნაკვეთი უკან დაუბრუნდა ალ. ს-ის, თუმცა ამის ნაცვლად არ. ჯ-ემ რეესტრის შეცდომაში შეყვანით საკუთრებაში დაირეგისტრირა ალ. ს-ის კომლის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელის მტკიცებით, უდავოა, რომ დღეის მდგომარეობით, არ. ჯ-ეზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ალ. ს-ის საკუთრებას, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ი. ს-იმა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე თვლის, რომ არსებობს კანონიერი და სამართლებრივი საფუძვლები სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
ამდენად, სარჩელის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა: (1) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების და მის საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) ნაწილში; (2) ა. ჯ-ეის საკუთრებაში არსებული 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) სამ ნაწილად დაყოფის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; (3) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის #13 საოქმო გადაწყვეტილების ა. ჯ-ეის ნაწილში ბათილად ცნობა და მის საფუძველზე გაცემული #3197 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა; (4) 7670 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 15 იანვრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და (5) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ი. ს-ის საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
2022 წლის 11 მაისს წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ქ. ბათუმში, ...ის მე-...ის #1-ში მდებარე სადავო უძრავ ქონებაზე (ს.კ. ...) ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით ი. ს-ის დაზუსტებული სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით ი. ს-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
შემდგომში, დაზუსტებულ სარჩელში მოპასუხეებად მითითებულ ა. დ-ეს, ი. ჯ-ესა და გ. ძ-ეს შეეცვალათ საპროცესო სტატუსი და ისინი საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად ჩაებნენ.
2022 წლის 21 ივლისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ი. ჯ-ეის საკუთრებაში რიცხულ, ქ. ბათუმში, ...ის მე-...ის #1-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს.კ. ...) ყადაღის დადება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით ი. ს-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა, საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ...ის ...ის #1-ში მდებარე 7681.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) გასხვისების შესახებ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ს-ი არის ალ. ს-ის შვილიშვილი, რომელმაც 2019 წლის 4 დეკემბრის #191467757 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მამის - ე. ალ.-ის ძე ს-ის სამკვიდრო ქონება სრულად მიიღო.
სასამართლომ საკომლო წიგნის ამონაწერითა და საარქივო ცნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ალ. ს-ის კომლს 1943-1944 წლებში ერიცხებოდა 0.75 ჰა მიწის ფართობი და 1935 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი. კომლის შემადგენლობაში შედიოდა ალ. ს-ი, მისი მეუღლე - ა. ს-ი და შვილი - ე. ს-ი. საქართველოს შსს გადასახლების შესახებ 14.05.1998წ. საარქივო ცნობის თანახმად, ე. ალ.-ის ძე ს-ი, დაბ. ...წ., სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის #6279 დადგენილების საფუძველზე, საქართველოდან 1944 წელს გადასახლებული იყო შუა აზიაში, სადაც 1956 წლამდე იმყოფებოდა აღრიცხვაზე სპეც. კომენდატურაში.
ამასთან, სპეც. კომენდატურის აღრიცხვიდან ე. ს-ი მოხსნილია სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 28 აპრილის #135/42 დადგენილების საფუძველზე. ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 1990 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ე. ალ.-ის ძე ს-ი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და აღდგენილ იქნა მისი დარღვეული უფლებები.
სასამართლომ ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის 20.12.2006წ. #6-ჯ საარქივო ცნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონის ...ის სასოფლო საკრებულოს საარქივო ფონდში დაცული 1958-1960წწ. საკომლო წიგნის ჩანაწერებში მოჩანს რ. ხ.-ს ძე ჯ-ე - ოჯახის უფროსი. ოჯახის შემადგენლობაში კი ირიცხება, ჯ-ე მ. უ.-ს ასული - ცოლი, დაბ. ...წ; ჯ-ე რა. რ.-ს ასული - შვილი, დაბ. ...წ; ჯ-ე მ. რ.-ს ძე - შვილი, დაბ. ...წ.; ჯ-ე ა. რ.-ს ძე - შვილი, დაბ. ...წ.; ჯ-ე გუ. რ.-ს ასული - შვილი, დაბ. ...წ.; ჯ-ე ჟ. რ.-ს ასული - შვილი, დაბ. ...წ.; ჯ-ე გ. რ.-ს ძე - შვილი, დაბ. ...წ.
ამასთან, საკომლო წიგნში კომლის კუთვნილი მიწის რაოდენობის მაჩვენებელ გრაფაში 1958-59წწ. აღნიშნულია 0.76 ჰა, ხოლო 1960 წლის გრაფაში - 0.76-ს გადასმული აქვს ხაზი და აწერია: 0.50 ჰა. საკომლო წიგნში მიწის შემცირების მიზეზი ნაჩვენები არ არის.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივის #AA2018007939-03 საარქივო ცნობაზე, რომლის თანახმად, „ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ...ის 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ჯ-ე ა. რ.-ს ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან 1. ჯ-ე ა. რ.-ს ძე - ოჯახის უფროსი; 2. ჯ-ე რა. რ.-ს ასული - და, თუმცა იგი გადახაზულია, მიწერილია გარდაიცვალა 02.09.1998წ.; 3. ჯ-ე მ. რ.-ს ძე - ძმა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის ოდენობა 1986-2006 წლებში შეადგენს 0.50 ჰა-ს. კომლს ერიცხება 1935 წელს აგებული 70 კვ.მ ფართის ოდენობის საცხოვრებელი სახლი.
საქმეში წარმოდგენილი, ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების ასლის შესაბამისად, „დაკმაყოფილდეს ძიება, დაუბრუნდეს მაძიებელ ს-ი ა. ზ.-სს ძეს თავისი ყოფილი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთზე არსებული ნარგავები, მოპასუხე რ. ხ.-ს ძე ჯ-ეისაგან. მოპასუხე ჯ-ეეს დარჩეს უფლება აღძრას სარჩელი ბათუმის რაიონის „...ის“ სახელობის კოლმეურნეობასთან, მის მიერ გადახდილი თანხის მიღებაზე“.
საქმეში წარმოდგენილი, ბათუმის სახალხო სასამართლოს 1962 წლის 28 აგვისტოს დადგენილების ასლის თანახმად კი, „ბათუმის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ, 1962 წლის 5 ივნისს განხილული/დაკმაყოფილებული იქნა სარჩელი და მოსარჩელე ალი ს-ის მიენიჭა უძრავ-მოძრავი ქონება, რაც დამტკიცებული იქნა აჭარის სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ. გადაწყვეტილებაში არ იყო ნაჩვენები ჯ-ეის გამოსახლებასა და ს-ის შესახლების შესახებ, რის გამოც სასამართლომ დაადგინა: რ. ხ.-ს ძე ჯ-ე თავისი ოჯახის წევრებით, გამოსახლებული იქნეს სადავო მიწიდან და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს ალ. ს-ის“.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება აღსასრულებლად არ მიქცეულა.
2006 წლის 14 დეკემბერს არ. ჯ-ემ მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს. სარეგისტრაციო განაცხადს ერთვოდა 2006 წლის 7 დეკემბერს გაცემული #6-ჯ საარქივო ცნობა.
აღნიშნული სარეგისტრაციო მოთხოვნის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 14 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით ა. ჯ-ეის სახელზე დარეგისტრირდა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...). საარქივო ცნობის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო 1935 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი.
სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 15 იანვარს არ. ჯ-ემ საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (5 000 კვ.მ) სამ ნაწილად რეგისტრაციის შესახებ. მან განცხადებას თან დაურთო მიწის ნაკვეთის სამ ნაწილად, კერძოდ, 2 500 კვ.მ, 1 500 კვ.მ და 1 000 კვ.მ ნაკვეთებად გაყოფის შესახებ 2007 წლის 8 იანვრის სანოტარო აქტი (რეგისტრაციის ნომერი 1-74). სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განცხადება, განხორციელდა მოთხოვნილი რეგისტრაცია და გაიცა ამონაწერები სამ საკადასტრო კოდზე, კერძოდ, ..., ... და ....
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 19 დეკემბერს არ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. განმცხადებლის მითითებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში საკომლო დოკუმენტებით მას გააჩნდა 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ფაქტობრივად მართლზომიერად ფლობდა 7674 კვ.მ-ს, რაზეც მოითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის #13 საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ა. ჯ-ეის საკუთრების უფლება 7670 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე გაიცა #3197 საკუთრების უფლების მოწმობა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 9 იანვარს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ა. ჯ-ეის #... სარეგისტრაციო განაცხადი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხელვაჩაურში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. სარეგისტრაციო განაცხადს ერთვოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის #3197 საკუთრების უფლების მოწმობა, პირადობის მოწმობის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და შპს „ც...-ის“ მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი 7674 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
რეგისტრაციის შესახებ 2008 წლის 15 იანვრის #... გადაწყვეტილებით დაუზუსტებელი ფართობის მქონე 7670 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) დარეგისტრირდა ა. ჯ-ეის საკუთრების უფლება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 12 ნოემბერს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ა. ჯ-ეის #... განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, უძრავი ნივთის (ს.კ. ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
რეგისტრაციის შესახებ 2010 წლის 18 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით 7 681 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. ..., წინა ს.კ. ...) დარეგისტრირდა დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ. ჯ-ე გარდაიცვალა 2019 წლის 24 აპრილს. ქ. ბათუმში, ...ის დასახლება ...ის #1-ში მდებარე 7 681.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად (ს.კ. ...), დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს ი. ჯ-ეის საკუთრებას.
2019 წლის 24 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ი. ს-ის #... განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა უძრავ ნივთზე (ს.კ. ...) განმცხადებლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ იქნა პირადი განცხადება, გარდაცვალების მოწმობა, სასამართლო გადაწყვეტილება.
2019 წლის 31 ოქტომბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ #... გადაწყვეტილება, იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის მიერ სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე მოთხოვნილი იყო უფლების რეგისტრაცია იმ ქონებაზე, რომელზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აღრიცხული იყო სხვა პირის საკუთრების უფლება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და მე-2 მუხლებზე.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს (2006 წლის 14 დეკემბერი) მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-13 მუხლებზე, 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლზე, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონის 4.1 მუხლზე.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ განმეორებით ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ 1958-1960 წლების საკომლო წიგნში ჯ-ეების კომლის ჩანაწერის მონაცემები და შესაბამისი საარქივო ცნობა წარმოადგენდა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, ამ უფლების დამადასტურებელ საბუთს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2006 წლის 14 დეკემბერს ა. ჯ-ეის მიერ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განაცხადის და თანდართული უფლების დამდგენი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის სამსახურს არ გააჩნდა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე - 25-ე მუხლებით განსაზღვრული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, წარმოებაზე უარის თქმის ან სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელე ი. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ა. ჯ-ეის საკუთრებაში არსებული 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის სამ ნაწილად დაყოფის შესახებ 2007 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო აქტებად მიჩნევის თაობაზე, მოკლებული იყო დასაბუთებას.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად და მხარეთა შორის უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და 1962 წლის 28 აგვისტოს დადგენილება, იძულებითი აღსრულების მიზნით, აღსასრულებლად არ მიქცეულა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით განისაზღვრებოდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წესი. მითითებული კოდექსის 353-ე - 354-ე მუხლების თანახმად, სააღსრულებო საბუთს წარმოადგენდა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაცემული იყო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და რაც გადამხდევინებელზე გაიცემოდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 359-ე მუხლით განისაზღვრებოდა სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მოთხოვნით წარდგინების ვადა, რომელიც 3 წელს შეადგენდა.
სასამართლოს მითითებით, 1997 წლის 26 ივნისს მიღებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსიც განსაზღვრავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადას. კერძოდ, მოქმედი კოდექსის 128.3 მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
ამავე კოდექსის 142-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული მოთხოვნის იძულებით აღსრულების მიზნით, კრედიტორი უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანიდან ათი წლის განმავლობაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად იყო დადგენილი, რომ ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და 1962 წლის 28 აგვისტოს დადგენილება იძულებითი აღსრულების მიზნით აღსასრულებლად არ მიქცეულა, დაინტერესებულ მხარეს დადგენილი წესით მისი აღსრულება არც მოუთხოვია და ამდენად, სასამართლოს ხსენებული აქტები იძულებით აღსრულებისათვის უკვე ხანდაზმული იყო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილებები მოსარჩელის სასარგებლოდ გავლენას ვერ მოახდენდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხზე.
სასამართლომ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ და მხარეთა შორის უდავოდ მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 26 დეკემბრის #13 საოქმო გადაწყვეტილებით ა. ჯ-ეის საკუთრებაში აღიარებული 7 674 კვ.მ მიწის ნაკვეთის უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა საჯარო რეესტრში 2006 წლის 14 დეკემბერს ა. ჯ-ეის საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავოდ მიიჩნევდა 0.7674 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მთლიან ნაკვეთზე ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებას და #3197 საკუთრების უფლების მოწმობას. რაც შეეხება 2767 კვ.მ ნაკვეთს, მოსარჩელე ი. ს-ი მასზე, ისევე, როგორც მთლიან 7674 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, თავის უფლებას იმით ასაბუთებდა, რომ საკომლო წიგნის ამონაწერით მისი ბაბუის - ალ. ს-ის კომლს 1943-1944 წლებში ერიცხებოდა 0.75 ჰა მიწის ფართობი და 1935 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი. 1944 წელს ალ. ს-ი ოჯახთან ერთად გადაასახლეს შუა აზიაში, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდგომ, ოჯახის ყველა წევრი რეაბილიტირებულ იქნენ თავიანთ უფლებებში. ამასთან, ბათუმის სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ოჯახს სრულად დაუბრუნდა კუთვნილი ქონება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ალ. ს-ის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ მცხოვრები ჯ-ეის ოჯახის იძულებითი გამოსახლების შესახებ. დღეის მდგომარეობით კი, როგორც მოსარჩელე მიუთითებდა, არ. ჯ-ეზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ალ. ს-ის საკუთრებას, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ი. ს-იმა.
სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1990 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მამა - ე. ალ.-ის ძე ს-ი რეაბილიტირებულ იქნა და აღდგა თავის უფლებებში, თუმცა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებით მოსარჩელის ოჯახს საკუთრებაში ავტომატურად არ დაბრუნებია რეპრესიის შედეგად ჩამორთმეული სახლი, საკარმიდამო ნაკვეთი და სხვა ქონება. როგორც თავად მოსარჩელე აღნიშნავდა, ალ. ს-ის გადასახლების შემდეგ მისი კომლის ქონება ჯ-ეების ოჯახს ჰქონდა სარგებლობაში, ხოლო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები (ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და 1962 წლის 28 აგვისტოს დადგენილება), რომლითაც ალ. ს-ის დაუბრუნდა ნარგავები და საცხოვრებელი სახლი, იძულებით აღსრულებაზე მიქცეული არ ყოფილა და ალ. ს-ის გადასახლების შემდეგ, ბოლომდე ჯ-ეების ოჯახი განაგრძობდა სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც მართლზომიერი, ისე, თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებისათვის, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა და სარგებლობა.
სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ი. ს-ის ოჯახის წევრები არც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის და არც დღეს არ ფლობენ და სარგებლობენ იმ 7670 კვ.მ მიწის ნაკვეთით, რომელზეც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის #13 საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ა. ჯ-ეის საკუთრების უფლება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ა. ჯ-ეის სახელზე სადავო უძრავი ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით უდავოდ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე, იმაზე, რომ მოსარჩელეს ქ. ბათუმში, ...ის დასახლება ...ის #1-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული #... გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია მოსარჩელე მხარის იურიდიული ინტერესი და სამართლებრივი კავშირი ქ. ბათუმში, ...ის დასახლება ...ის #1-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო ჩანაწერის კანონიერებასთან მიმართებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, საფუძველს მოკლებული იყო მოსარჩელის იურიდიული ინტერესი როგორც საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ისე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების კანონიერების მიმართ.
რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 15 იანვრის #... გადაწყვეტილების კანონიერებას, 7670 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების წარმოშობის ორი განსხვავებული ფორმით რეგულირების უფლებას ანიჭებს. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს: 1. საკუთრების უფლების რეგისტრაციას და 2. საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციას. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სამართლებრივი შედეგი ორივე შემთხვევაში რეგისტრირებული, ანუ წარმოშობილი საკუთრების უფლებაა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არ. ჯ-ემ 2008 წლის 9 იანვარს საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა #... სარეგისტრაციო განაცხადი, რასაც ერთვოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის #3197 საკუთრების უფლების მოწმობა. სწორედ საკუთრების უფლების მოწმობა იქნა მიჩნეული უფლების დამდგენ დოკუმენტად და სწორედ მის საფუძველზე იქნა მიღებული 7670 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2008 წლის 15 იანვრის #... გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურმა ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების სარეგისტრაციო წარმოების დროს გააკეთა საქმის გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასება და ანალიზი და მას არ გააჩნდა რაიმე საფუძველი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის #3197 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, უარი ეთქვა ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრაციის შესახებ 2008 წლის 15 იანვრის #... გადაწყვეტილება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და კანონის მოთხოვნათა საფუძველზე იყო მიღებული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. ჯ-ეის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ (ს.კ. ..., სარეგისტრაციო განაცხადი ...); ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება ა. ჯ-ეის საკუთრებაში არსებული 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) დაყოფის რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის #13 საოქმო გადაწყვეტილება ა. ჯ-ეის ნაწილში და მის საფუძველზე გაცემული #3197 საკუთრების უფლების მოწმობა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 15 იანვრის #... გადაწყვეტილება 7 670 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, #... საკადასტრო კოდზე (ნაკვეთის წინა #...) ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების საკითხთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების გამოცემა დაევალა.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2019 წლის 24 ოქტომბერს ი. ს-იმა #... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის #1, ჩიხი #3-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს.კ. ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება მისი საკუთრებაა, რაც დასტურდება საკომლო წიგნების ჩანაწერით და სასამართლოს გადაწყვეტილებით. განცხადებას განმცხადებელმა დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, გარდაცვალების მოწმობა და გადაწყვეტილება გამოსახლებაზე.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა განცხადებაზე თანდართული ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების შინაარსზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ძიება და მაძიებელ ს-ი ა. ზ.-სს ძეს დაუბრუნდა თავისი ყოფილი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთზე არსებული ნარგავები მოპასუხე რ. ხ.-ს ძე ჯ-ეისაგან. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე ჯ-ეეს დარჩა უფლება, აღეძრა სარჩელი ბათუმის რაიონის „...ის“ სახელობის კოლმეურნეობასთან მის მიერ გადახდილი თანხის მიღებაზე. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ალ. ს-ი 1944 წელს შეცდომით იქნა გასახლებული, რომელსაც აღმასკომის 1915 წლის 14 ივნისის დადგენილებით ჩამოერთვა პირადი საკუთრების სახლი და გადაეცა სოფელ ...ის კოლმეურნეობას, ხოლო კოლმეურნეობამ სახლი მიჰყიდა რ.ხ.ჯ-ეს. 1956 წელს იგი დაბრუნდა სპეც.გასახლებიდან... აღმასკომის დადგენილება ა.ს-იზე სახლის ჩამორთმევის შესახებ გაუქმებულ იქნა ბათუმის რაი.საბჭოს აღმასკომის 1961 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით.
ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ბათუმის სახალხო სასამართლოს 1962 წლის 28 აგვისტოს #2-1517 დადგენილების ასლზე, რომლითაც დგინდებოდა, რომ სასამართლომ განიხილა ალ. ს-ის სარჩელი მოპასუხე რ.ჯ-ეის მიმართ, ა.ს-ის საკუთარი სახლიდან რ.ჯ-ეისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი განხილულ იქნა ბათუმის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ, 1962 წლის 5 ივნისს. დაკმაყოფილდა სარჩელი და მოსარჩელე ალი ს-ის მიენიჭა უძრავ-მოძრავი ქონება, რაც დამტკიცებულ იქნა აჭარის სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ. გადაწყვეტილებაში არ იყო ნაჩვენები ჯ-ეის გამოსახლებასა და ს-ის შესახლების შესახებ, რის გამოც სასამართლომ დაადგინა: რ. ხ.-ს ძე ჯ-ე თავისი ოჯახის წევრებით, გამოსახლებული იქნეს სადავო მიწიდან და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს ალი ს-ის.
სააპელაციო პალატამ, ასევე, მოიხმო საქმეში დაცული ...ს სახელობის კოლმეურნეობის საკომლო წიგნის ასლი, ე. ალ.-ის ძე ს-ის გადასახლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14.05.1998წ. #7/6/1-ს-1989 საარქივო ცნობა, ასევე, მიუთითა საქმის მასალებით დადგენილად მიჩნეულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მისი მამისეული კომლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რომელიც კომლს ჩამოერთვა მისი მამის - ე. ალ.-ის ძე ს-ის სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის #6279 დადგენილების საფუძველზე, 1944 წელს საქართველოდან შუა აზიაში გადასახლების გამო. ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 1990 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით კი ე. ალ.-ის ძე ს-ი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რესპრესიის მსხვერპლად და აღდა უფლებებში.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა სარჩელის უარყოფასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ ბათუმის სახალხო სასამართლოს 05.06.1962წ. გადაწყვეტილება და 28.08.1962წ. დადგენილება აღსასრულებლად არ მიქცეულა და, რომ ისინი იძულებით აღსრულებისათვის უკვე ხანდაზმული იყო, რაც გამორიცხავდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ დაწყებულ დავაში, სასამართლოს ზემოთმითითებული გადაწყვეტილებების მოსარჩელის სასარგებლო სამართლებრივ არგუმენტად მიჩნევას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება და ამ ჩანაწერით კანონმდებელი ცალსახად ადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ათწლიან ვადას, თუმცაღა პალატის შეფასებით, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ვალდებული იყო შეეფასებინა ის საკითხი, რომ დავა შეეხებოდა საკუთრების უფლებას და დაინტერესებული პირის უფლებას, მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს საკუთრების უფლების აღრიცხვის მოთხოვნით, თუკი მას გააჩნდა საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის გასვლის საკითხი უნდა დაკავშირებოდა არა უბრალოდ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების, არამედ პირის უფლების რეალიზაციის ვადას, რომლის ფარგლებშიც მას შეუძლია შესაბამისი საფუძვლით საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვოს.
შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 05.06.1962წ. გადაწყვეტილება და 28.08.1962წ. დადგენილება უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საკითხის განხილვისას, სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტებთან ერთობლიობაში, მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენდა, რაც სრულყოფილად შესწავლილი და გაანალიზებული უნდა ყოფილიყო.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე. არც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და არც საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელიათ და არ შეუფასებიათ ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო უძრავ ნივთთან დაკავშირებით გასაჩივრებული აქტების გამოცემამდე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღიარების კომისიის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი (26.12.2007წ.) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-2 მუხლზე, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლზე, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ არ. ჯ-ემ 19.12.2007წ. განცხადებით კომისიისათვის მიმართვისას მიუთითა, რომ დოკუმენტის მიხედვით, მას ჰქონდა 5 000 კვ.მ, ხოლო ფაქტობრივად ფლობდა 7 674 კვ.მ-ს, რის გამოც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, მის მფლობელობაში არსებული 2674 კვ.მ (7674 - 5000) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო საკადასატრო აზომვითი ნახაზი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
სააპელაციო პალატის მითითებით, კომისიამ 2007 წლის 26 დეკემბერს #13 საკითხად განიხილა ა. ჯ-ეის განცხადება და მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის საფუძველზე, იგი აღიარა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0.764 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ და გასცა #3197 (26.12.2007წ.) საკუთრების უფლების მოწმობა 0.764 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არ. ჯ-ე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა არა 7 674 კვ.მ, არამედ მის მფლობელობაში არსებულ 2 674 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რადგან დოკუმენტურად მას უკვე რეგისტრირებული ჰქონდა 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ კომისია გასცდა მოთხოვნას და არ. ჯ-ეს საკუთრების უფლება უღიარა არა 2674 კვ.მ, არამედ სრულად 7674 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რაც ეწინააღმდეგებოდა კანონს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის, ასევე, 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ქმნიდა მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლოს და მოპასუხეებს არ შეუფასებიათ, ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციამ ხომ არ მოიცვა ალ. ს-ის კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთი მთლიანად ან ნაწილობრივ, რომელზე არსებულ უფლებებშიც, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა ე. ს-ი და რაზეც, როგორც ე. ს-ის მემკვიდრე, პრეტენზიას აცხადებდა მოსარჩელე ი. ს-ი. რეგისტრაციის განხორციელების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა დაედგინა როგორც ჯ-ეების, ისე ს-იების კომლებზე რიცხული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა, გამოეკვლია მიწით მოსარგებლეობის საკითხი, შეეფასებინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტები და კანონის მოთხოვნათა დაცვით მიეღო შესაბამისი სუბიექტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 19.08.2020წ. #AA2020009300-04 საარქივო ცნობაზე, რომლის თანახმად, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1943-1944 წლების საკომლო წიგნის დამოწმებული ქსეროასლით, ალ. ს-ის ოჯახის შემადგენლობისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, ირკვევა, რომ კომლს ერიცხება მიწის ფართობი 0.75 ჰა და 1935 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი.
სააპელაციო პალატამ, ასევე, აღნიშნა, რომ ი. ს-ის წარმომადგენლის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 24.04.2024წ. #AA2024006115-03 საარქივო ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ცენტრალურ არქივში დაცული ქალაქ ბათუმის სახალხო სასამართლოს 1961-1964, 1968 წლების მასალებს აღსრულების აქტები არ ახლავს, ხოლო ქალაქ ბათუმის რაიონული სასამართლოს 1961-1964, 1968 წლების მასალები ცენტრალურ არქივში დაცული არ არის.
12.04.2024წ. #AA2024005674-04 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ რ. ხ.-ს ძე ჯ-ეის კომლს 1954-1956 წლებში ერიცხება 0.73 ჰა და 1930 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1958, 1959 წლებში - კომლს ერიცხება მიწა 0.75 ჰა, ხოლო 1960 წელს 0.50 ჰა, ასევე 1930 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1961-1963 წლებში - მიწა - 0.50 ჰა და 1930 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. ამავე ცნობით ირკვევა, რომ დამატებითი ცნობების გრაფაში მიწის ფართის ცვლილებების შესახებ საფუძველი არ არის მითითებული, ხოლო ყველა საკომლო წიგნში სოფლის დასახელება მითითებულია „...“.
13.05.2024წ. #AA2024007435-03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1951-1953 წლების საკომლო წიგნით ჯ-ე რ. ხ.-ს ძე არის ოჯახის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ჯ-ე რ. ხ.-ს ძე - თვითონ, ოჯახის უფროსი; 2. ჯ-ე მ. უ.-ს ასული - ცოლი; 3. ჯ-ე რ. (უ.-ს ასული) გადახაზულია მიწერილია რ.-ს ასული - შვილი; 4. ჯ-ე მ. რ.-ს ძე - შვილი; 5. ჯ-ე ა. რ.-ს ძე - შვილი; 6. ჯ-ე გუ. რ.-ს ასული - შვილი; 7. ჯ-ე გ. რ.-ს ძე - შვილი; 8. ჯ-ე ჟ. რ.-ს ასული - შვილი. კომლს მიწერილი აქვს სიტყვა „გასახლებულია“ 1951 წლის 26 XII.
28.05.2024წ. #AA2024007462-03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ბათუმის რაიონის სოფელ ...ის ...ს სახელობის კოლმეურნეობის 1953-1957 წლების სხდომის ოქმებში, მათ შორის, #12 ოქმში, რ. ჯ-ეის ქონების შესახებ ინფორმაცია არ აღმოჩნდა. 21.06.2024წ. #AA2024009990-03 საარქივო ცნობით ი. ს-ის მიეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუნყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ცენტრალურ არქივში დაცული ბათუმის რაიონის სოფელ ...ის ...ს სახელობის კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრებისა და გამგეობის სხდომის ოქმებიდან/ოქმი #13, 09.12.1951წ.; ოქმი #11, 25.08.1952წ.; ოქმი #10, 20.06.1955წ., საარქივო ამონაწერის ასლები რ. ხ.-ს ძე ჯ-ეის საცხოვრებელ სახლში შესახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთის მიკუთვნების შესახებ. საარქივო ცნობაზე დართული #13 ოქმით ირკვევა, რომ 1957 წლის 9 დეკემბერს შედგა ...ს სახელობის კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრება, რომელმაც . . . დაადგინა: გაყიდულ იქნას კოლმეურნეობის კუთვნილი შენობა (ყოფ. ს-ის) აეროდრომის სპეც.მშენებლობასთან დაკავშირებით გადმოსახლებულ რ. ჯ-ეზე 38 931 მანეთად და განსხვავება - 1069 მანეთი ჩამოეწეროს ქონებას. 1952 წლის 25 აგვისტოს #11 ოქმში (ასლი) იკითხება - ...ის ...ს სახელობის კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრებამ დაადგინა: „საკომლმეურნეო მიწების-ზონარგაყრილ წიგნში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები, კერძოდ „115. ჯ-ე რ. ხ.-ს ძე, საკარმიდამო მიწის ფართობი 0.76, სპეც.გამოსახლებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ჩაიბარა. იხილე #109 შ-ე ა. 0.50... 0.26 ჩაიბარა კოლმეურნეობამ“.
02.08.2024წ. #AA2024011937-04 საარქივო ცნობით დასტურდება ქობულეთის არქივში დაცული, ჩაქვის რაიონის სახალხო სასამართლოს დოკუმენტებით, ს-ი ა. ზ.-ს ძის 1963 წლის 20 ნოემბრის #2-555 სასარჩელო განცხადება, ...ის სახელობის კოლმეურნეობის მიმართ. სტატისტიკური ანგარიშის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ 1964 წლის 20 აპრილს სარჩელი გაიგზავნა აჭარის უმაღლეს სასამართლოში.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ საჯარო რეესტრში არ. ჯ-ეზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ალ. ს-ის საკუთრებას, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო.
პალატამ აღნიშნა, რომ ბათუმის სახალხო სასამართლოს 28.08.1962წ. #2-1514 დადგენილების მიხედვით, ალ. ს-ისა (ი. ს-ის ბაბუა) და რ. ჯ-ეს (ა. ჯ-ეის მამა) შორის არსებობდა სასამართლო დავა ბინიდან გამოსახლების შესახებ. სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე, მოსარჩელე ალ. ს-ის რ. ჯ-ეისაგან დაუბრუნდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი მასზე არსებულ ნარგავებთან ერთად, ხოლო რ. ჯ-ეს დარჩა უფლება, სარჩელი აღეძრა კოლმეურნეობის წინააღმდეგ მის მიერ გადახდილი თანხების უკან დაბრუნების შესახებ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებით (28.08.1962წ.) ალ. ს-ის საკუთრებიდან გამოსახლებულ იქნა რ. ჯ-ე ოჯახის წევრებთან ერთად.
რაც შეეხება ხელვაჩაურის რაიონის არქივის მიერ გაცემულ საარქივო ცნობას, რომელშიც საუბარია 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც რ. ჯ-ეის კომლს აწერია 1986-2006 წლების მდგომარეობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დოკუმენტი საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას და შეჯერებას სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტებთან, რათა იდენტიფიცირებული ყოფილიყო დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცული საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივის 2018 წლის 23 მარტის #AA2018007939-03 საარქივო ცნობაზე, რომლის თანახმად, „ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ...ის 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ჯ-ე ა. რ.-ს ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ჯ-ე ა. რ.-ს ძე - ოჯახის უფროსი; 2. ჯ-ე რა. რ.-ს ასული - და, რაც გადახაზულია, მიწერილია გარდაიცვალა 02.09.1998წ.; 3. ჯ-ე მ. რ.-ს ძე - ძმა. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის ოდენობა 1986-2006 წლებში შეადგენს 0.50 ჰა-ს. კომლს, ასევე, ერიცხება 1935 წელს აგებული 70 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი სახლი.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მიუთითა 2020 წლის 25 თებერვლის #AA2020003109-03 საარქივო ცნობაზე, რომლითაც ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1938-1939წწ., 1940-1942წწ., 1945-1947წწ., 1950 და 1951-1953 წლების საკომლო წიგნებით რ. ჯ-ეის კომლს ქრონოლოგიურად ერიცხება: 1938-1939 წლებში - 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და 1935 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1940-1941 წლებში - 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და 1928 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1945-1947 წლებში - 0.76 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო საცხოვრებელი სახლის გრაფა შევსებული არ არის; 1948-1950 წლებში - 0.76 ჰა მიწის ნაკვეთი და 1930 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1951-1953 წლებში - 0.73 ჰა მიწის ნაკვეთი და 1930 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი.
სააპელაციო პალატამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა 2022 წლის 5 სექტემბრის #AA2022013086-04 საარქივო ცნობაზე, რომლითაც ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს 1938-1939, 1940-1942, 1943-1944, 1945-19447 წლების საკომლო წიგნების დამოწმებული ქსეროასლებით, რ. ჯ-ეის ქონებრივი მდგომარებისა და ოჯახის შემადგენლობის შესახებ, დადგენილია, რომ რ. ჯ-ეის კომლს ერიცხება ქრონოლოგიის მიხედვით: 1938-1939 წლებში 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და 1935 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1940-1942 წლებში 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და 1928 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1943-1944 წლებში - 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და 1928 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1945-1947 წლებში - 0.76 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო საცხოვრებელი სახლის გრაფა შევსებული არ არის.
სააპელაციო პალატის შეფასებით, ზემოაღნიშნული საარქივო ცნობებით ირკვევა, რომ რ. ჯ-ეის კომლი ჯერ კიდევ 1944 წლამდე (ს-ის გადასახლების თარიღი) 1938 წლის ჩანაწერების მიხედვით ფლობდა ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთს 0.75 ჰა ოდენობით, ისევე, როგორც ალ. ს-ის კომლი - 1943-44 წლებში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს ორი სხვადასხვა მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ერთზე კანონიერი უფლება გააჩნდა ე. ს-ის (ი. ს-ის მამას). ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელსაც წვდომა გააჩნია მიწის სარგებლობა-მფლობელობა/საკუთრების შესახებ საინფორმაციო ბანკზე, სრულად ხელეწიფება დაადგინოს, სად მდებარეობს ალ. ს-ის კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთი, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე ი. ს-ი. აღნიშნულის დადგენით გამოირიცხება სარეგისტრაციო განაცხადით #... განხორციელებული რეგისტრაციის უსწორობა და ი. ს-ის კანონიერი უფლების შესაძლო ხელყოფა.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სარეგისტრაციო სამსახურმა უნდა გაარკვიოს, სადავო მიწის ნაკვეთი რამდენად არის ზემოაღნიშნულ საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთი და ხომ არ წარმოადგენს იგი ჯ-ეების მიერ კოლმეურნეობისაგან მიღებულ იმ მიწას, რომელიც 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით მათ უკანონო მფლობელობად იქნა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ იყო გამოცემული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რაც ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს და განაპირობებდა სადავო აქტების ბათილად ცნობას.
განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ რამდენადაც გადასაწყვეტი საკითხი განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, იგი უნდა მოწესრიგებულიყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კი ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება და შესაბამისი გადაწყვეტილების მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად გამოკვლევის შედეგად მიღება. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოცემული მითითებების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება უნდა მიეცა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხისათვის: 1) რა უფლების რეგისტრაციას ითხოვდა განმცხადებელი/დაინტერესებული პირი და რა სამართლებრივი საფუძვლით; 2) უნდა დადგენილიყო სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის იდენტურობა უფლების დამდგენ საბუთში მითითებულ მიწის ნაკვეთთან - ხომ არ მოიცავდა ა. ჯ-ეის განცხადებაში მითითებული სარეგისტრაციო დოკუმენტი ალ. ს-ის კომლზე რიცხულ მიწის ნაკვეთს; 3) არსებობდა თუ არა უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი კანონიერი საფუძველი, „საჯარო რეესტრის შეესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით დაწესებული შეზღუდვის სახით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, ასევე, ი. ჯ-ემ, ა. დ-ემ და გ. ძ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კომისიის საკუთრების უფლების მოწმობები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, კერძოდ, იმ დროისათვის მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის #525 ბრძანებულების მე-4, მე-11 და მე-15 მუხლების, ასევე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-4 და მე-5 მუხლებზე დაყრდნობით.
კასატორი აღნიშნავს, რომ კომისია მოქმედებდა სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარდგენილი, მოპოვებული და დამუშავებული დოკუმენტების საფუძველზე. კასატორი ყურადღებას ამახვილებს კომლის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებული ქონებრივი უფლებების წარმოშობის თავისებურებებზე და აღნიშნავს, რომ კომისიამ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის 2006 წლის 20 დეკემბრის #6-ჯ ცნობით იხელმძღვანელა.
კასატორების - ი. ჯ-ეის, ა. დ-ეისა და გ. ძ-ეის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ა. ჯ-ეის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება და რეგისტრაციიდან 17 წლის შემდგომ, ხელყო საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ა. და ი. ჯ-ეების საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება.
კასატორთა მითითებით, აპელანტის წინაპარი, რეპრესირებული პირი - ალ. ს-ი საქართველოში დაბრუნების შემდეგ არ დაუფლებია ამჟამად სადავო უძრავ ქონებას. მას არც მომდევნო წლებში განუხორციელებია მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, მას არ გააჩნდა რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი. ალ. ს-ი გარდაიცვალა 1968 წლის 10 მარტს, თუმცა კასატორთა მოსაზრებით, მემკვიდრეებს აღნიშნულ ქონებაზე კანონის შესაბამისად უფლებები არ წარმოშობიათ.
კასატორთა განმარტებით, ალ. ს-ის შვილის - ე. ს-ის მიერ 32 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ე. ს-ი კი გარდაიცვალა 2000 წლის 31 მარტს.
კასატორები მიიჩნევენ, რომ საქმეში წარმოდგენილი 1962 წლის სასამართლო გადაწყვეტილება, მოქმედი კანონმდებლობისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 2006-2008წწ. ა. ჯ-ეის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლად, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტით არ დასტურდება სასამართლო გადაწყვეტილებით დაბრუნებული უძრავი ქონების მდებარეობა და იდენტობა.
კასატორთა შეფასებით, საქმეში არსებული საარქივო ცნობებით დასტურდება, რომ გადასახლებამდე ს-იების და ჯ-ეების ოჯახებს ცალ-ცალკე გააჩნდათ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, სავარაუდოდ, დაეუფლნენ თავიანთ მიწის ნაკვეთებს. ამავე დროს, ერთმანეთის მიმართ 62 წლის განმავლობაში მათ არ ჰქონიათ პრეტენზია სასამართლო წესით საკუთრების უფლების დარღვევაზე.
კასატორთა მითითებით, 2007 წელს ე. ს-ის სახელზე საკუთრების მოწმობის საფუძველზე, რეგისტრირებულ იქნა მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება (ს.კ. ...). იგი, ფაქტობრივად, წარმოადგენს ქონებას, რომელიც ალ. ს-ის კომლს გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გააჩნდა. საქმეში წარმოდგენილი საარჩევნო სიით დასტურდება, რომ ოჯახის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი. ს-ი, ე. ს-ი, ნ. ს-ი და ნო. ს-ი.
კასატორები ყურადღებას ამახვილებენ მოსარჩელის არგუმენტზე, რომელსაც საარქივო ცნობაში ჯ-ეების კომლის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება სხვა მიწის ნაკვეთად მიაჩნია, თუმცა კასატორთა მითითებით, ამ მოსაზრების დასადასტურებლად, საქმეში არ წარმოდგენილა ჯ-ეების სახელზე რეგისტრირებული, აღრიცხული ან მფლობელობაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია.
კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის კანონით განსაზღვრული 10-წლიანი ვადის გასვლა არ წარმოადგენს გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგის გაქარწყლების საფუძველს, რამდენადაც საკუთრების უფლება აბსოლუტური უფლებაა, რის გამოც, მასზე არ უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა.
კასატორთა მოსაზრებით, აღნიშნული არგუმენტაციაც ეწინააღმდეგება კანონს და სამართლიანობის პრინციპს, ვინაიდან საკუთრება უფლება ჯ-ეების ოჯახისთვისაც აბსოლუტური უფლებაა, რომლის წარმოშობის კანონიერებაც საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით არის დადასტურებული.
კასატორთა განმარტებით, არც საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობებით და არც სასამართლო გადაწყვეტილებით არ დასტურდება ი. ს-ის უფლებრივი მდგომარეობა სადავო უძრავ ქონებაზე, ვინაიდან გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მისი წინაპრის - ალ. ს-ის მიმართ და გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი არ დასტურდება საარქივო დოკუმენტებით. ყოველივე აღნიშნული კი აჩენს ვარაუდს, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულა ან იგი განხორციელდა სხვა ქონებაზე, ან გადაწყვეტილება გაუქმებულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა დამატებითი მტკიცებულების სახით მათ მიერ წარდგენილ წერილობით ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2014 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სოფელ ...ში, ს.კ. ... უძრავი ქონება, კერძოდ, 2962 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 252.20 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რეგისტრირებულია ე. ს-ის საკუთრებაში, სადაც ოჯახის წევრად რეგისტრირებულია ი. ს-ი. საქმეში წარმოდგენილი ...ის საკომლო წიგნის ამონაწერით დასტურდება, რომ ე. ს-ის კომლში 1986წ. მდგომარეობით ირიცხებოდნენ ედიშერ ენვერის ძე სოფიაშვილი და იაკობ ენვერის ძე სოფიაშვილი, რაც, კასატორთა მოსაზრებით, იმ ფაქტის დადასტურებაა, რომ ე. ს-ის სახელზე რეგისტრირებული ქონება სწორედ ის ქონებაა, რომელიც ს-იების კომლს გადასახლებამდე და გადასახლებიდან დაბრუნების შემდგომ გააჩნდა.
კასატორთა შეფასებით, 2007 წელს ა. ჯ-ეის სახელზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ვინაიდან უძრავი ქონება წარმოადგენდა მისი მამის - რ. ჯ-ეის სახელზე 1935 წლიდან რიცხული კომლის ქონებას, რომელსაც დღესაც ფლობს მისი შთამომავლობა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საკომლო ამონაწერით.
კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გავრცობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის მოთხოვნა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
კასატორთა განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ რ. ჯ-ეის კომლს ...ის თემის სოფელ ...ში 1935 წლიდან ერიცხება საცხოვრებელი სახლი და 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელსაც მისი მემკვიდრეები დღემდე ფლობენ.
კასატორები არ იზიარებენ საპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ გამოცემულა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რამდენადაც ისინი თვლიან, რომ საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობებით და სხვა მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ არ. ჯ-ემ კანონის შესაბამისად დაირეგისტრირა საკუთრებაში მამის - რ. ჯ-ეის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, რომელიც მისი ოჯახის მფლობელობაში უწყვეტად იყო გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ.
ამასთან, კასატორები მიუთითებენ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 359-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება საქმეზე, რომელშიც ერთი მხარეა მოქალაქე, შეიძლება წარდგენილ იქნეს იძულებით აღსრულებაზე სამი წლის განმავლობაში, კანონიერ ძალაში მისი შესვლის მომენტიდან.
კასატორთა განმარტებით, გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილება არ აღსრულებულა 62 წლის განმავლობაში და თავისი შინაარსით, იგი არის ბუნდოვანი, ვინაიდან მასში არ არის განსაზღვრული დასაბრუნებელი ქონების მდებარეობა, აღწერილობა და მახასიათებელი ნიშნები. შესაბამისად, კასატორები თვლიან, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ შეიძლება იქცეს ა. ჯ-ეის სახელზე კანონიერად განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ი. ჯ-ეის, ა. დ-ეისა და გ. ძ-ეის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 აპრილის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ი. ჯ-ეის, ა. დ-ეისა და გ. ძ-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ი. ჯ-ეის, ა. დ-ეისა და გ. ძ-ეის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს იმ საკითხთა იდენტიფიცირებას, რომელზე დაყრდნობითაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. ს-ის სარჩელი. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად უარყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებები ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებისა და 1962 წლის 28 აგვისტოს დადგენილების ხანდაზმულად მიჩნევასთან დაკავშირებით. კერძოდ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დავა შეეხებოდა პირის საკუთრების უფლებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის გასვლის საკითხი უნდა დაკავშირებოდა არა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების, არამედ პირის უფლების რეალიზაციის ვადას, რომლის ფარგლებშიც, მას შეუძლია შესაბამისი საფუძვლით საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვოს.
ამავდროულად, სააპელაციო პალატამ უკანონოდ მიიჩნია აღიარების კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რამდენადაც, პალატის მოსაზრებით, მათი გამოცემის პროცესში კომისია გასცდა ა. ჯ-ეის მიერ წარდგენილი მოთხოვნის ფარგლებს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილ საარქივო ცნობებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა საკომლო ჩანაწერების მიხედვით 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან გარკვეული გარემოებები დამატებით გამოკვლევა-შეფასებას საჭიროებდა.
საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეაფასოს ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებისა და 1962 წლის 28 აგვისტოს დადგენილების ხანდაზმულობის საკითხი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული განმარტებით სააპელაციო სასამართლომ უარყო განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით გადაწყვეტილების აღსრულების მიმართ 1960-იან წლებში მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების შესაძლებლობა, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო თავად საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე და იგი უნდა დაკავშირებოდა თავად ამ უფლების რეალიზაციის ვადას. მაშასადამე, მართალია, სააპელაციო პალატამ არ დააკონკრეტა, თუმცა იგულისხმა, რომ განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით ხანდაზმულობის საკითხი არ იყო რელევანტური, რამდენადაც საკუთრების უფლების რეალიზაციის მიმართ ხანდაზმულობის ვადა არ უნდა გავრცელებულიყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული განმარტებით, სააპელაციო პალატამ შექმნა იმგვარი სამართლებრივი მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც, ფაქტობრივად, ი. ს-ის დროის ნებისმიერ მონაკვეთში მიენიჭა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრისათვის მიმართვის უფლება. თუმცა სააპელაციო პალატას მხედველობიდან გამორჩა საქმის მასალებით დადგენილად მიჩნეული ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომ სწორედ ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და 1962 წლის 28 აგვისტოს დადგენილება წარმოადგენდა იმ ძირითად დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზეც, ი. ს-ის ოჯახი აღდგენილ იქნა უფლებრივ მდგომარეობაში, კერძოდ, საქართველოს შსს გადასახლების შესახებ 14.05.1998წ. საარქივო ცნობით დადგენილია, რომ ე. ალ.-ის ძე ს-ი, დაბ. ...წ., სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის #6279 დადგენილების საფუძველზე, საქართველოდან 1944 წელს გადასახლებული იყო შუა აზიაში, სადაც 1956 წლამდე იმყოფებოდა აღრიცხვაზე სპეც. კომენდატურაში.
ამასთან, სპეც. კომენდატურის აღრიცხვიდან ე. ს-ი მოხსნილია სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 28 აპრილის #135/42 დადგენილების საფუძველზე. ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 1990 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ე. ალ.-ის ძე ს-ი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და აღდგენილ იქნა მისი დარღვეული უფლებები.
საქმეში წარმოდგენილი ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, ასევე, დგინდება, რომ დაკმაყოფილდა ძიება და მაძიებელ ს-ი ა. ზ.-სს ძეს დაუბრუნდა თავისი ყოფილი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთზე არსებული ნარგავები, მოპასუხე რ. ხ.-ს ძე ჯ-ეისაგან. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე ჯ-ეეს დარჩა უფლება, აღეძრა სარჩელი ბათუმის რაიონის „...ის“ სახელობის კოლმეურნეობასთან, მის მიერ გადახდილი თანხის მიღებაზე. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ალ. ს-ი 1944 წელს შეცდომით იქნა გასახლებული, რომელსაც აღმასკომის 1915 წლის 14 ივნისის დადგენილებით ჩამოერთვა პირადი საკუთრების სახლი და გადაეცა სოფელ ...ის კოლმეურნეობას, ხოლო კოლმეურნეობამ სახლი მიჰყიდა რ.ხ.ჯ-ეს. 1956 წელს ს-ი დაბრუნდა სპეც.გასახლებიდან... აღმასკომის დადგენილება ა.ს-იზე სახლის ჩამორთმევის შესახებ გაუქმებულ იქნა ბათუმის რაი.საბჭოს აღმასკომის 1961 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით.
ამასთან, ბათუმის სახალხო სასამართლოს 1962 წლის 28 აგვისტოს #2-1517 დადგენილების ასლით დგინდება, რომ სასამართლომ განიხილა ალ. ს-ის სარჩელი მოპასუხე რ.ჯ-ეის მიმართ, ალ. ს-ის საკუთარი სახლიდან რ. ჯ-ეისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი განხილულ იქნა ბათუმის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ, 1962 წლის 5 ივნისს. დაკმაყოფილდა სარჩელი და მოსარჩელე ალ. ს-ის მიენიჭა უძრავ-მოძრავი ქონება, რაც დამტკიცებულ იქნა აჭარის სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ. გადაწყვეტილებაში არ იყო ნაჩვენები ჯ-ეის გამოსახლებასა და ს-ის შესახლების შესახებ, რის გამოც სასამართლომ დაადგინა: რ. ხ.-ს ძე ჯ-ე თავისი ოჯახის წევრებით, გამოსახლებულ იქნეს სადავო მიწიდან და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს ალ. ს-ის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ი. ს-ის მიერ თავდაპირველად ა. ჯ-ეის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობის მოთხოვნის უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მისი მოსაზრებით, არ. ჯ-ემ და შემდგომში მისმა მემკვიდრეებმა საკუთრების უფლებით დაირეგისტრირეს სწორედ ის უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი), რომელიც, თავის დროზე, გადასახლების გამო ჩამოერთვა მოსარჩელის ოჯახს და რომელიც შემდგომში, მათ ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებისა და ბათუმის სახალხო სასამართლოს 1962 წლის 28 აგვისტოს #2-1517 დადგენილების საფუძველზე დაიბრუნეს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ რამდენადაც მოსარჩელე ა. ჯ-ეის სახელზე ქონების აღრიცხვის კანონიერებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება მისი ოჯახისათვის ჩამორთმეულ ქონებას განეკუთვნებოდა, სწორედ ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს ზემოაღნიშნული ორი დოკუმენტი წარმოადგენს იმ ძირითად აქტებს, რომლითაც დადგინდა ს-იების ოჯახისათვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, მათ შორის, აღნიშნული უძრავი ქონებიდან ჯ-ეების ოჯახის გამოსახლების გზით. შესაბამისად, გადასახლებული ალ. ს-ისათვის ჩამორთმეული უძრავი ქონების ს-იების ოჯახისათვის დაბრუნების, ანუ მათი ქონებრივი უფლებების აღდგენის ერთადერთ საშუალებას სწორედ მითითებული გადაწყვეტილებისა და დადგენილების აღსრულება წარმოადგენდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 353-ე - 354-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სააღსრულებო საბუთს წარმოადგენს სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაცემულია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და რაც გადამხდევინებელზე გაიცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 359-ე მუხლით განისაზღვრებოდა სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მოთხოვნით წარდგინების ვადა, რომელიც 3 წელს შეადგენს.
ამასთან, დღეს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთგზის განუმარტავს, რომ სამოქალაქო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადების განსაზღვრა სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი ინსტრუმენტია. „ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა. სამოქალაქო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დაწესება ემსახურება პირის მოთხოვნის რეალიზაციის გარკვეული დროით შემოსაზღვრას. მისგან განსხვავებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადით დგინდება დრო, რომლის ფარგლებშიც, პირმა უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო მოთხოვნის რეალიზების საფუძველზე მის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მოთხოვნის შესაბამისი ორგანოების წინაშე წარდგენა და ამ გზით, ამ გადაწყვეტილებით მისთვის მიკუთვნებული სიკეთის იძულებითი მექანიზმების გამოყენებით დაუფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აპრილის #ას-205-198-2012 განჩინებაზე, რომელშიც უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. მოცემული მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ. ხანდაზმულობის ვადის გასვლა უფლებამოსილ პირს უკარგავს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნის უფლებას. კანონმდებელმა ამ საკითხის მიმართ დააწესა ხანდაზმულობის სპეციალური ვადა - 10 წელი და, ამ ვადის გასვლის გამო, გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა ეკარგება.“
შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით, საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებულ სარჩელებთან დაკავშირებით, არაერთგზის განიმარტა, რომ საკუთრების უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება (იხ. სუსგ: საქმე #ას-146-140-2012, 12 ივლისი 2012 წელი, საქმე #ას-404-383-2012, 7 მაისი, 2012 წელი, საქმე #ას-1169-1124-2016, 10 მარტი, 2017 წელი), თუმცა აღნიშნული განმარტებები მიესადაგება საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით სასამართლოში მოთხოვნის წარდგენას და არ გულისხმობს ამ ტიპის დავებთან მიმართებით სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიმართ 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების გამორიცხვას. როგორც ზემოთ აღინიშნა, უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ იძულებითი აღსრულების 10-წლიანი ვადის გასვლით სასამართლოს გადაწყვეტილებას ეკარგება იურიდიული ძალა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც საქალაქო, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და 1962 წლის 28 აგვისტოს დადგენილება, იძულებითი აღსრულების მიზნით, აღსასრულებლად არ მიქცეულა, მაშინ, როდესაც საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 359-ე მუხლით განისაზღვრებოდა სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მოთხოვნით წარდგინების ვადა, რომელიც 3 წელს შეადგენდა. ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტებით არ განსაზღვრულა მხოლოდ ჯ-ეების მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ს-ის ოჯახის სასარგებლოდ გამოთავისუფლება. ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით ს-ის ოჯახის სასარგებლოდ დადგინდა გადასახლების შედეგად ჩამორთმეული უძრავი ქონების დაბრუნება, რითაც მათ ფაქტობრივად შეექმნათ ქონებრივი უფლებების აღდგენის საფუძველი. შესაბამისად, მითითებული გადაწყვეტილებისა და დადგენილების აღსრულება არ გულისხმობდა მარტოოდენ ჯ-ეების ოჯახის იძულებით გამოსახლებას ს-იების კუთვნილი საკომლო ქონებიდან. აღსრულების შედეგად უნდა აღდგენილიყო ალ. ს-ის შუა აზიაში გადასახლებამდე არსებული უფლებრივი მდგომარეობა.
თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და 1962 წლის 28 აგვისტოს დადგენილება აღსასრულებლად მიქცეული არ ყოფილა, რასაც თავად მხარეებიც ადასტურებენ. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დადგენილების თითქმის 60 წლის განმავლობაში აღუსრულებლობით ამ დოკუმენტებმა დაკარგა იურიდიული ძალა, რის გამოც გადაწყვეტილებისა და დადგენილების ადრესატ ს-იების ოჯახს წაერთვა უშუალოდ ამ დოკუმენტების საფუძველზე მინიჭებული უფლება, მოეთხოვათ გადასახლების პერიოდში დაკარგული უძრავი ქონების დაბრუნება.
ამასთან, საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ ი. ს-ის არც ერთ წინამორბედს, პაპას - ალ. ს-ის და მამას - ე. ს-ის, გადასახლებიდან დაბრუნების შემდგომ მთელი პერიოდის განმავლობაში პრეტენზია არ განუცხადებიათ ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებისა და 1962 წლის 28 აგვისტოს დადგენილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით. ასევე, საქმეში არ მოიძებნება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჯ-ეების ოჯახთან ან მის რომელიმე წარმომადგენელთან ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით რაიმე სადავო ურთიერთობის არსებობას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. ჯ-ეისა და დღეის მდგომარეობით, ი. ჯ-ეის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება კიდეც რომ წარმოადგენდეს ალ. ს-ისა და მისი ოჯახისათვის ჩამორთმეულ და შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილებით დაბრუნებულ ქონებას, როგორც ალ. ს-იმ, ასევე, მისმა მემკვიდრეებმა და მით უფრო, ი. ს-იმა, დაკარგეს მითითებული უძრავი ქონების მოთხოვნის უფლება, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც საბჭოთა პერიოდისათვის, ასევე, დღეს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის დაცვით ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და 1962 წლის 28 აგვისტოს დადგენილება იძულებით აღსასრულებლად არ მიქცეულა, რის გამოც აღნიშნულმა დოკუმენტებმა დაკარგა იურიდიული ძალა. შედეგად, ამ გადაწყვეტილებისა და დადგენილების ადრესატებს წაერთვათ ხსენებული დოკუმენტებით მიკუთვნებული ქონებრივი სიკეთის მოთხოვნის უფლება.
ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მიზნით, ერთი მხრივ, გასათვალისწინებლად მიიჩნია ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და 1962 წლის 28 აგვისტოს დადგენილება და ხანდაზმულობის ვადების გავრცელების გამორიცხვით გაიზიარა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგები. მეორე მხრივ, საქმეში წარმოდგენილ საარქივო ცნობებზე დაყრდნობით, პალატამ ჩათვალა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სრულყოფილად არ ჰქონდა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, მან მარეგისტრირებელ ორგანოს გარკვეულ გარემოებათა შესწავლა-შეფასება და მის საფუძველზე, ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.
აქვე, ნიშანდობლივია ისიც, რომ სააპელაციო პალატამ, საარქივო ცნობების შინაარსის კვლევამდე და უშუალოდ ა. ჯ-ეის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერების შესწავლამდე, არსებითად ბათილად ცნო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის #13 საოქმო გადაწყვეტილება ა. ჯ-ეის ნაწილში და მის საფუძველზე გაცემულ #3197 საკუთრების უფლების მოწმობა. მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ არ. ჯ-ე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა არა 7 674 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, არამედ მის მფლობელობაში არსებულ 2 674 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რადგან დოკუმენტურად მას 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი უკვე ჰქონდა რეგისტრირებული. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კომისია გასცდა მოთხოვნას და არ. ჯ-ეს საკუთრების უფლება უღიარა არა 2 674 კვ.მ, არამედ სრულად - 7 674 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რ. ჯ-ეისა და ალ. ს-ის საკომლო ჩანაწერების დეტალური შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ადგენს, რომ ორივე კომლს 1944 წლამდე (ანუ ალ. ს-ის გადასახლებამდე) გააჩნდა საკუთარი 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი. ამ გარემოებაზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლო უშვებს, რომ წესით, უნდა არსებობდეს ორი სხვადასხვა მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ერთზე კანონიერი უფლება ი. ს-ის მამას უნდა ჰქონოდა. შედეგად, სააპელაციო პალატამ საჯარო რეესტრს სწორედ ამ ფაქტის კვლევა დაავალა, რათა დადგენილიყო, ი. ს-ის ხომ არ გააჩნდა დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთი, რომელიც შემხებლობაში არ იქნებოდა 2006 წლის მდგომარეობით ა. ჯ-ეის სახელზე აღრიცხულ მიწასთან.
აღნიშნულ განმარტებათა შეფასების მიზნით, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, საქმეში დაცული ...ს სახელობის კოლმეურნეობის, საკომლო წიგნის ასლით ირკვევა, რომ ს-ი ალ. ზ-ის ძე არის ოჯახის უფროსი, რომლის კომლში შედიოდა თვით ს-ი ალ. ზ-ის ძე (დაბ. ...წ.), ს-ი ა. ახ.-ს ასული (ცოლი, დაბ. ...წ.) და ს-ი ე. ალ.-ს ძე (შვილი, დაბ. ...წ.). კომლს ერიცხებოდა 0.75 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ასევე, 1935 წელს აგებული სახლი და ნალია. ამავე დოკუმენტით საფუძვლად მითითებულია - ფონდი #15, აღწერა #2, საქმე #45, 1943-1944 წლების სოფ. ...ის საკ. წიგნი #1 ფ.95, არქივის უფროსი - შ. ფ-ე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ალ.-ის ძე ს-ის გადასახლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14.05.1998წ. #7/6/1-ს-1989 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ე. ალ.-ის ძე ს-ი, დაბადებული ... წელს, საქართველოდან გადასახლებული იყო შუა აზიაში - 1944 წელს, სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის #6279 დადგენილების საფუძველზე, სადაც იმყოფებოდა აღრიცხვაზე სპეც. კომენდატურაში 1956 წლამდე. ე. ალ.-ის ძე ს-ი მოხსნილ იქნა სპეც. კომენდატურის აღრიცხვიდან სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 28 აპრილის #135/42 დადგენილების საფუძველზე. ე. ალ.-ის ძე ს-ისთან ერთად გადასახლებულნი იყვნენ და სპეც. კომენდატურაში აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები.
ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 1990 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ე. ალ.-ის ძე ს-ი აღიარებულ იქნა პოლიკიტური რეპრესიის მსხვერპლად და აღდგენილ იქნა მისი დარღვეული უფლებები.
საქმის მასალებით, კერძოდ, #191467757 სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ი. ს-ი არის ე. ალ.-ის ძე ს-ის შვილი და მემკვიდრე. სამკვიდრო, რომელზეც გაცემულია სამკვიდრო მოწმობა, მოიცავს მამკვიდრებლის კუთვნილ აქტივებსა და პასივებს, მათ შორის, სამკვიდრო მოწმობის მიღების უფლებას ე. ს-ის მამის - 1968 წლის 1 მარტს გარდაცვლილი ალ. ს-ის კუთვნილ აქტივებსა და პასივებზე, რაც ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო ე. ს-იმ, მაგრამ სამკვიდრო უფლებები კანონით დადგენილი წესით არ გაუფორმებია.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2019 წლის 31 ოქტომბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ #... გადაწყვეტილება, იმ საფუძვლით რომ დაინტერესებული პირის (ი. ს-ის) მიერ სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე მოთხოვნილი იყო უფლების რეგისტრაცია იმ ქონებაზე, რომელზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით აღრიცხული იყო სხვა პირის საკუთრების უფლება.
როგორც საქმეში დაცული მასალით ირკვევა, 14.12.2006წ. არ. ჯ-ემ #... განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში, ...ში მდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო #6-ჯ საარქივო ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის 07.12.2006წ. #6-ჯ საარქივო ცნობით ხელვაჩაურის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის საარქივო ფონდში დაცულ 1985-2006 წლების საკომლო წიგნში ჩანს ჯ-ე ა. რ.-ს ძე, ოჯახის უფროსი, დაბ. ...წ. ოჯახის შემადგენლობაში ირიცხება: ჯ-ე მ. რ.-ს ძე - ძმა, დაბ. ...წ.; სულ მიწა 1986-2006 წლებში ნაჩვენებია 0.50 ჰა (ნული ორმოცდაათი), სახლის აგების წელი - 1935 წელი, ბოსელი - 1947წ. საფუძველი - ფონდი #15, აწ.2, საქ. 353, დ.70.
2006 წლის 12 დეკემბრის შპს „ტ...ს“ მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (სოფელი ...) დატანილია ერთი შენობა-ნაგებობა.
საქმის მასალებით, კერძოდ, 14.12.2006წ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (განცხადების რეგისტრაციის #...) დგინდება, რომ სარეგისტრაციო ზონა, ხელვაჩაურის - 22 (კოდი), სექტორი - ...ი ... (კოდი), კვარტალი - 03, ნაკვეთის #..., ფართობი - 5000 კვ.მ, სოფელი ..., ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო, მესაკუთრედ რეგისტრირებულია სოფელ ...ში მცხოვრები არ. ჯ-ე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის 07.12.2006წ. #6-ჯ ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის 20.12.2006წ. #6-ჯ საარქივო ცნობის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის ...ის სასოფლო საკრებულოს საარქივო ფონდში დაცული 1958-1960წწ. საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად, რ. ხ.-ს ძე ჯ-ე არის ოჯახის უფროსი, დაბ. ...წ., ოჯახის შემადგენლობაში ირიცხება: ჯ-ე მ. უ.-ს ასული (ცოლი), დაბ. ...წ.; ჯ-ე რა. რ.-ს ასული (შვილი), დაბ. ...წ.; ჯ-ე მ. რ.-ს ძე (შვილი), დაბ. ...წ.; ჯ-ე ა. რ.-ს ძე (შვილი), დაბ. ...წ.; ჯ-ე გუ. რ.-ს ასული (შვილი), დაბ. ...წ.; ჯ-ე ჟ. რ.-ს ასული (შვილი), დაბ. ...წ.; ჯ-ე გ. რ.-ს ძე, დაბ. ...წ. საკომლო წიგნში სულ მიწის რაოდენობა 1958-59წწ. მიწის მაჩვენებელ გრაფაში აღნიშნულია 0.76 ჰა, ხოლო, 1960 წლის გრაფაში 0.76 ჰა-ს გადასმული აქვს ხაზი და აწერია: 0.50 ჰა. საკომლო წიგნში მიწის შემცირების მიზეზი ნაჩვენები არ არის.
2007 წლის 8 იანვრის #1-74 სანოტარო აქტით არ. ჯ-ემ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთის სამ ნაკვეთად გაყოფა: 1) 1500 კვ.მ; 2) 1000 კვ.მ და 3) 2500 კვ.მ.
15.01.2007წ. ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან - განცხადებები რეგისტრაციის ნომერი ...; სარეგისტრაციო ზონა, ხელვაჩაურის - ... (კოდი), სექტორი - ... ... (კოდი), კვარტალი - 03, ნაკვეთის #..., ფართობი - 1500 კვ.მ, სოფელი ..., ნაკვეთის ფუნცია - სასოფლო-სამეურნეო, ნაკვეთის წინა #..., მესაკუთრედ რეგისტრირებულია სოფელ ...ში მცხოვრები არ. ჯ-ე; - განცხადებები რეგისტრაციის ნომერი ...; სარეგისტრაციო ზონა, ხელვაჩაურის - ... (კოდი), სექტორი - ... ... (კოდი), კვარტალი - 03, ნაკვეთის #..., ფართობი - 1000 კვ.მ, სოფელი ..., ნაკვეთის ფუნცია - სასოფლო-სამეურნეო, ნაკვეთის წინა #..., მესაკუთრედ რეგისტრირებულია სოფელ ...ში მცხოვრები არ. ჯ-ე; - განცხადებები რეგისტრაციის ნომერი 103/07; სარეგისტრაციო ზონა, ხელვაჩაურის - ... (კოდი), სექტორი - ... ... (კოდი), კვარტალი - 03, ნაკვეთის #..., ფართობი - 2500 კვ.მ, სოფელი ..., ნაკვეთის ფუნცია - სასოფლო-სამეურნეო, ნაკვეთის წინა #..., მესაკუთრედ რეგისტრირებულია სოფელ ...ში მცხოვრები არ. ჯ-ე. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის 07.12.2006წ. #6-ჯ ცნობა; მიწის ნაკვეთის გაყოფის განცხადებადამოწმებული ნოტარიუს თ.ჩ-ას მიერ 08.01.2007 წ, რეესტრის #1-74.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2007 წლის 19 დეკემბერს არ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელშიც მიუთითა, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში საკომლო დოკუმენტებით გააჩნდა 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ფაქტობრივად ფლობდა 7674 კვ.მ-ს, რაზეც მოითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2007 წლის 26 დეკემბერს #13 საკითხად განიხილა ა. ჯ-ეის განცხადება. არ. ჯ-ე ჩათვალა მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად და ამ საფუძვლით აღიარებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0.764 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, რის შედეგადაც გაიცა #3197 (26.12.2007წ.) საკუთრების უფლების მოწმობა.
2008 წლის 9 იანვარს არ. ჯ-ემ #... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას დაურთო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის საკუთრების უფლების მოწმობა #3197, პირადობის მოწმობის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, 7674 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს „ც...-ის“ მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ რეგისტრაციის შესახებ 2008 წლის 15 იანვრის #... გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე დაუზუსტებელი ფართობის მქონე 7670 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) დარეგისტრირდა ა. ჯ-ეის საკუთრების უფლება.
მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით (განცხადების რეგისტრაციის #..., თარიღი 09.01.2008წ.) სარეგისტრაციო ზონა, ხელვაჩაურის - ... (კოდი), სექტორი - ... ... (კოდი), კვარტალი - 03, ნაკვეთის #..., ფართობი (დაუზუსტებელი) - 7670 კვ.მ, სოფელი ..., მესაკუთრედ რეგისტრირებულია არ. ჯ-ე. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია - 26.12.2007წ. #3197 საკუთრების უფლების მოწმობა.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2010 წლის 12 ნოემბერს არ. ჯ-ემ #... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ხელვაჩაურის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის (ს.კ. ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად.
რეგისტრაციის შესახებ 18.11.2010წ. #... გადაწყვეტილებით ა. ჯ-ეის განცხადება დაკმაყოფილდა და ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 7681 კვ.მ (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ს.კ. ... (ნაკვეთის წინა #..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი #1, #2) მესაკუთრედ დარეგისტრირდა არ. ჯ-ე; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 26.12.2007წ. #3197 საკუთრების უფლების მოწმობა.
საქმეში დაცული #77197002052 გარდაცვალების მოწმობით არ. ჯ-ე გარდაიცვალა 2019 წლის 24 აპრილს.
21.06.2022წ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ბათუმში, ...ის ...ის #1-ში მდებარე 7 681.00 კვ.მ (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (#1, #2), ს.კ. ... (ნაკვეთის წინა #...) რეგისტრირებულია ი. ჯ-ეის საკუთრებად; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 21.06.2022წ. #220761310 სამკვიდრო მოწმობა.
19.08.2020წ. #AA2020009300-04 საარქივო ცნობით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1943-1944 წლების საკომლო წიგნის დამოწმებული ქსეროასლით, ალ. ს-ის ოჯახის შემადგენლობისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, ირკვევა, რომ კომლს ერიცხება 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და 1935 წელს საცხოვრებელი სახლი აგებული.
საკასაციო პალატა, ასევე, აღნიშნავს, რომ ი. ს-ის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 24.04.2024წ. #AA2024006115-03 საარქივო ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ცენტრალურ არქივში დაცული ქალაქ ბათუმის სახალხო სასამართლოს 1961-1964, 1968 წლების მასალებს აღსრულების აქტები არ ახლავს, ხოლო ქალაქ ბათუმის რაიონული სასამართლოს 1961-1964, 1968 წლების მასალები ცენტრალურ არქივში დაცული არ არის.
12.04.2024წ. #AA2024005674-04 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ რ. ხ.-ს ძე ჯ-ეის კომლს 1954-1956 წლებში ერიცხება 0.73 ჰა და 1930 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1958, 1959 წლებში - კომლს ერიცხება მიწა 0.75 ჰა, ხოლო 1960 წელს 0.50 ჰა, ასევე 1930 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1961-1963 წლებში - მიწა - 0.50 ჰა და 1930 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. ამავე ცნობით ირკვევა, რომ დამატებითი ცნობების გრაფაში მიწის ფართის ცვლილებების შესახებ საფუძველი არ არის მითითებული, ხოლო ყველა საკომლო წიგნში სოფლის დასახელება მითითებულია „...“.
13.05.2024წ. #AA2024007435-03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1951-1953 წლების საკომლო წიგნით ჯ-ე რ. ხ.-ს ძე არის ოჯახის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ჯ-ე რ. ხ.-ს ძე - თვითონ, ოჯახის უფროსი; 2. ჯ-ე მ. უ.-ს ასული - ცოლი; 3. ჯ-ე რ. (უ.-ს ასული) გადახაზულია მიწერილია რ.-ს ასული - შვილი; 4. ჯ-ე მ. რ.-ს ძე - შვილი; 5. ჯ-ე ა. რ.-ს ძე - შვილი; 6. ჯ-ე გუ. რ.-ს ასული - შვილი; 7. ჯ-ე გ. რ.-ს ძე - შვილი; 8. ჯ-ე ჟ. რ.-ს ასული - შვილი. კომლს მიწერილი აქვს სიტყვა „გასახლებულია“ 1951 წლის 26 XII.
28.05.2024წ. #AA2024007462-03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ბათუმის რაიონის სოფელ ...ის ...ს სახელობის კოლმეურნეობის 1953-1957 წლების სხდომის ოქმებში, მათ შორის, #12 ოქმში, რ. ჯ-ეის ქონების შესახებ ინფორმაცია არ აღმოჩნდა. 21.06.2024წ. #AA2024009990-03 საარქივო ცნობით ი. ს-ის მიეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუნყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ცენტრალურ არქივში დაცული ბათუმის რაიონის სოფელ ...ის ...ს სახელობის კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრებისა და გამგეობის სხდომის ოქმებიდან/ოქმი #13, 09.12.1951წ.; ოქმი #11, 25.08.1952წ.; ოქმი #10, 20.06.1955წ., საარქივო ამონაწერის ასლები რ. ხ.-ს ძე ჯ-ეის საცხოვრებელ სახლში შესახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთის მიკუთვნების შესახებ. საარქივო ცნობაზე დართული #13 ოქმით ირკვევა, რომ 1957 წლის 9 დეკემბერს შედგა ...ს სახელობის კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრება, რომელმაც . . . დაადგინა: გაყიდულ იქნას კოლმეურნეობის კუთვნილი შენობა (ყოფ. ს-ის) აეროდრომის სპეც.მშენებლობასთან დაკავშირებით გადმოსახლებულ რ. ჯ-ეზე 38 931 მანეთად და განსხვავება - 1069 მანეთი ჩამოეწეროს ქონებას. 1952 წლის 25 აგვისტოს #11 ოქმში (ასლი) იკითხება - ...ის ...ს სახელობის კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრებამ დაადგინა: „საკომლმეურნეო მიწების-ზონარგაყრილ წიგნში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები, კერძოდ „115. ჯ-ე რ. ხ.-ს ძე, საკარმიდამო მიწის ფართობი 0.76, სპეც.გამოსახლებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ჩაიბარა. იხილე #109 შ-ე ა. 0.50... 0.26 ჩაიბარა კოლმეურნეობამ“.
02.08.2024წ. #AA2024011937-04 საარქივო ცნობით დასტურდება ქობულეთის არქივში დაცული, ჩაქვის რაიონის სახალხო სასამართლოს დოკუმენტებით, ს-ი ა. ზ.-ს ძის 1963 წლის 20 ნოემბრის #2-555 სასარჩელო განცხადება, ...ის სახელობის კოლმეურნეობის მიმართ. სტატისტიკური ანგარიშის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ 1964 წლის 20 აპრილს სარჩელი გაიგზავნა აჭარის უმაღლეს სასამართლოში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია როგორც აღიარების კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
აღიარების კომისიის მიერ მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე გაცემულ საკუთრების უფლების მოწმობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება განმარტებულია, როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი: ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; ბ) სარგებლობაში არსებული; გ) თვითნებურად დაკავებული.
იმავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა დაერთოს: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა /მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო, არასასოფლო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში - მიწის ნაკვეთის ხარისხობრივი (კარგი და მწირი) მონაცემები.
ამავე „წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტებს შორის მოაზრებულია საკომლო წიგნიდან ამონაწერიც.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მათთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს (2006 წლის 14 დეკემბერი) მოქმედ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სხვა სანივთო, საგარანტიო და ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების სახელმწიფო რეგისტრაცია, ამ უფლებების აღიარებისა და დადასტურების მიზნით. ეს კანონი ადგენს უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესსა და პირობებს, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს და განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესს.
მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლით განსაზღვრული იყო უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის საფუძველი, კერძოდ, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდებოდა უფლების დამადასტურებელი საბუთებისა და საკადასტრო ინფორმაციის საფუძველზე. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი უფლების დამადასტურებელი საბუთის, ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული სარეგისტრაციო განცხადებისა და სხვა საბუთების საფუძველზე.
ამასთან, ამავე კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება, თუ: ა) გასაჩივრდა უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) და ეს გასაჩივრება აჩერებს დამადასტურებელი საბუთების მოქმედებას და აღნიშნული შეჩერების შესახებ შესაბამისი ორგანოს მიერ ოფიციალურად ეცნობება სარეგისტრაციო სამსახურს; ბ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციის პროცესის შეჩერებას. უძრავ ნივთზე ყადაღის დადება არ აჩერებს სარეგისტრაციო წარმოებას, თუ დაყადაღების აქტში პირდაპირ არ არის მითითებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე დაუყოვნებლივ ხდება განმცხადებლის წერილობითი ინფორმირება შეჩერების მიზეზების დასაბუთებით.
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების ვადის განმავლობაში სარეგისტრაციო სამსახური უარს ამბობს რეგისტრაციის განხორციელებაზე, თუ: ა) დადგენილია არსებითი წინააღმდეგობის არსებობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებასა და საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ უფლებრივ მდგომარეობას შორის, რაც შეუძლებელს ხდის რეგისტრაციას; ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება არ ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი საბუთი ბათილად, ძალადაკარგულად ან არარად არის ცნობილი; დ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია (გამოცემულია) ან დამოწმებულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ. სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს გადახდილი მომსახურების საფასური უკან არ უბრუნდება.
ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოება შეიძლება შეწყდეს დაინტერესებული პირის განცხადებით, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება ან ამ უფლების ობიექტი აღარ არსებობს ან გარიგება გაუქმდა მხარეთა შეთანხმებით. თუ განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო რეგისტრაციის შეჩერების ვადაში სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა, სარეგისტრაციო წარმოება წყდება. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სარეგისტრაციო მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს, როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით კი, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სარეგისტრაციო წარმოების შედეგად.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს რეგისტრაცია, რომელსაც ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი განმარტავს და განსაზღვრავს, რომ რეგისტრაცია წარმოებს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხვა სამართლებრივ შედეგებთან ერთად, საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა და შეწყვეტა სწორედ საჯარო რეესტრში რეგისტრაციას - რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას. ამასთან, ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაშიც, თუკი რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საქმეში დაცული საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივის 2018 წლის 23 მარტის #AA2018007939-03 საარქივო ცნობის თანახმად, „ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ...ის 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ჯ-ე ა. რ.-ს ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ჯ-ე ა. რ.-ს ძე - ოჯახის უფროსი; 2. ჯ-ე რა. რ.-ს ასული - და, რაც გადახაზულია, მიწერილია გარდაიცვალა 02.09. 1998წ.; 3. ჯ-ე მ. რ.-ს ძე - ძმა. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის ოდენობა 1986-2006 წლებში შეადგენს 0.50 ჰა-ს. კომლს, ასევე, ერიცხება 1935 წელს აგებული 70 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი სახლი.
2020 წლის 25 თებერვლის #AA2020003109-03 საარქივო ცნობის მიხედვით, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1938-1939წწ., 1940-1942წწ., 1945-1947წწ., 1950 და 1951-1953 წლების საკომლო წიგნებით რ. ჯ-ეის კომლს ქრონოლოგიურად ერიცხება: 1938-1939 წლებში - 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და 1935 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1940-1941 წლებში - 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და 1928 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1945-1947 წლებში - 0.76 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო საცხოვრებელი სახლის გრაფა შევსებული არ არის; 1948-1950 წლებში - 0.76 ჰა მიწის ნაკვეთი და 1930 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1951-1953 წლებში - 0.73 ჰა მიწის ნაკვეთი და 1930 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი.
ამასთან, 2022 წლის 5 სექტემბრის #AA2022013086-04 საარქივო ცნობის საფუძველზე, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს 1938-1939, 1940-1942, 1943-1944, 1945-19447 წლების საკომლო წიგნების დამოწმებული ქსეროასლებით, რ. ჯ-ეის ქონებრივი მდგომარებისა და ოჯახის შემადგენლობის შესახებ, დადგენილია, რომ რ. ჯ-ეს კომლს ერიცხება ქრონოლოგიის მიხედვით: 1938-1939 წლებში 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და 1935 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1940-1942 წლებში 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და 1928 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1943-1944 წლებში - 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და 1928 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; 1945-1947 წლებში - 0.76 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო საცხოვრებელი სახლის გრაფა შევსებული არ არის.
საარქივო ცნობების შინაარსის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ რ. ჯ-ეის კომლი, ჯერ კიდევ 1944 წლამდე (ალ. ს-ის გადასახლებამდე) 1938 წლის ჩანაწერების მიხედვით ფლობდა ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის სოფელ ...ში 0.75 ჰა მიწის ნაკვეთს, ისევე, როგორც ალ. ს-ის კომლი - 1943-44 წლებში. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ წესით, უნდა არსებობდეს ორი დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთი, რომელთაგან როგორც ჯ-ეების, ასევე, ს-იების ოჯახს დამოუკიდებელი უფლება უნდა გააჩნდეთ. თუმცა საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ამ განმარტების პარალელურად სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარ სამართლებრივ შედეგს როგორც აღიარების კომისიის, ასევე, საჯარო რეესტრის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სააპელაციო პალატამ, ფაქტობრივად, დაუშვა ორი ურთიერთდამოუკიდებელი მიწის ნაკვეთის არსებობა და შესაბამისად, ი. ს-ის საკუთრების უფლების ჯ-ეების ოჯახის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან შემხებლობაში არყოფნა. აღნიშნულის მიუხედავად, მან ი. ს-ის სარჩელის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. ჯ-ეის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, ასევე, არსებითად ბათილად ცნო მისი სამ ნაწილად დაყოფის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება და მარეგისტრირებელი ორგანოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილებისა და საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე 7670 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ა. ჯ-ეის საკუთრების უფლება.
ამ მხრივ, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლოსათვის გაურკვეველია, თუ რამ განაპირობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის #13 საოქმო გადაწყვეტილების ა. ჯ-ეის ნაწილში ბათილად ცნობა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული #3197 საკუთრების უფლების მოწმობის არსებითად ბათილად ცნობა იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ, ფაქტობრივად, დაასკვნა, რომ ი. ს-ის შესაძლოა მოთხოვნის უფლება გააჩნდეს არა ა. ჯ-ეის საკუთრებაში რეგისტრირებულ, არამედ სრულიად სხვა მიწის ნაკვეთზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუკი ი. ს-ის საკომლო ჩანაწერების საფუძველზე ეკუთვნის აბსოლუტურად სხვა მიწის ნაკვეთი და მისი საკუთრების უფლების შელახვას შესაძლოა არც იწვევდეს ა. ჯ-ეის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია, ასეთი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, დაუდგენელია, თუ რა იურიდიული ინტერესი შეიძლება გააჩნდეს უშუალოდ ი. ს-ის კომისიის მიერ ა. ჯ-ეის სახელზე თუნდაც უკანონოდ 7670 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღიარების მიზნით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ.
მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული პირის სარჩელის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოს მიერ ბათილად ცნობის თვითკმარ საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობის დადასტურება. სასამართლოს მიერ აქტის ბათილად ცნობის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს ამ აქტით კონკრეტულად მოსარჩელის კანონიერი უფლებისა თუ ინტერესისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება. განსახილველ შემთხვევაში, საარქივო ცნობების შინაარსის იდენტიფიცირებით და იმის დაშვებით, რომ წესით, ს-იებისა და ჯ-ეების ოჯახებს დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთები უნდა გააჩნდეთ, სააპელაციო პალატამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ა. ჯ-ეის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციები შესაძლებელია ი. ს-ის უფლებასთან საერთოდ არ იყოს შემხებლობაში და შესაბამისად, მას პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებდეს. ამ პირობებში, სააპელაციო სასამართლოს განმარტებებთან წინააღმდეგობრივია და ზოგადად, დაუსაბუთებელია ი. ს-ის სარჩელის გამო ა. ჯ-ეის ნაწილში აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გამოცემული საკუთრების უფლების მოწმობის არსებითად ბათილად ცნობა. დასახელებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს შექმნიდა მხოლოდ იმ გარემოების უტყუარად დადასტურება, რომ არ. ჯ-ემ კომისიას ასაღიარებლად წარუდგინა ი. ს-ის ოჯახის კუთვნილი საკომლო ქონება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების აღიარების უკანონობის საკითხი მთლიანად დამოკიდებული იყო ი. ს-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირებაზე და იმის განსაზღვრაზე, ემთხვეოდა თუ არა იგი ა. ჯ-ეის სახელზე აღიარებულ მიწას.
ამავდროულად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, მისი აღსრულების ფარგლებში თუკი საჯარო რეესტრი დაადგენდა, რომ ა. ჯ-ეის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება წარმოადგენს დამოუკიდებელ ქონებას და იგი შემხებლობაში არ არის ი. ს-ის ქონებრივ უფლებებთან, შეიქმნებოდა სამართლებრივი მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც, აღიარების კომისიის მიერ ა. ჯ-ეისათვის მინიჭებული საკუთრების უფლება გამოცხადდებოდა ბათილად იმ პირის სარჩელის საფუძველზე, რომლის კანონიერ უფლებასა თუ ინტერესზეც უშუალო და პირდაპირ გავლენას არ ახდენდა აღიარების კომისიის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ყოველივე ზემოხსენებული ადასტურებს სააპელაციო პალატის მსჯელობის გადაწყვეტილებით დამდგარ სამართლებრივ შედეგებთან აშკარა შეუთავსებლობას.
აქვე, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ კომისიის მიერ ა. ჯ-ეის სახელზე გაცემულ საკუთრების უფლების მოწმობაში, მართალია, მითითებული იყო 7 670 კვ.მ, თუმცა ნიშანდობლივია, რომ შედეგობრივად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მას საკუთრების უფლება საკომლო ჩანაწერებით დადასტურებულ 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უღიარა მიწის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის, ხოლო დანარჩენ ნაწილზე კი მიწის თვითნებურად დაკავების საფუძვლით.
გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ არ. ჯ-ეს რეგისტრირებული საკუთრების უფლება გაუუქმა იმ დაშვების პირობებში, რომ შესაძლოა ი. ს-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი სხვაგან მდებარეობდეს და წარმოადგენდეს ს-იების საკომლო ჩანაწერებში მოხსენებულ სრულიად სხვა უძრავ ქონებას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ა. ჯ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობა (როგორც არსებითად, ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად) არ დაფუძნებია სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ ფაქტის უტყუარად დადასტურებას, რომ არ. ჯ-ესა და მის მემკვიდრეებს საკუთრებაში ი. ს-ისა და მისი წინამორბედების კუთვნილი საკომლო ქონება აქვთ რეგისტრირებული. უფრო მეტიც, სააპელაციო პალატის შეფასებები იხრება იმის მტკიცებისაკენ, რომ ჯ-ეებისა და ს-იების ოჯახებს ჯერ კიდევ 1938 წლიდან თავ-თავიანთი, დამოუკიდებელი საკომლო ქონებები გააჩნდათ და დღეის მდგომარეობით, ი. ს-ის წინამორბედთა საკომლო ჩანაწერებში აღწერილი უძრავი ქონება შესაძლოა არც ემთხვეოდეს ა. ჯ-ეის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას. ასეთ პირობებში კი, ა. ჯ-ეის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების გაუქმება, განსაკუთრებით კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ნაწილში, მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.
ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის საკითხს, რითიც, ფაქტობრივად, ი. ს-ის წინამორბედთა სასარგებლოდ 1960-იან წლებში მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას გაუცოცხლა მისი იძულებითი აღსრულებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დაკარგული იურიდიული ძალა. უფრო კონკრეტულად, როგორც ზემოთ აღინიშნა, იმ პირობებშიც კი, თუკი დაიშვება, რომ არ. ჯ-ეს საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს ი. ს-ის ოჯახის კუთვნილი საკომლო მიწის ნაკვეთი, ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებისა და 1962 წლის 28 აგვისტოს დადგენილების თითქმის 60 წლის განმავლობაში აღუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა გადაწყვეტილებაში მისი პაპის - ალ. ს-ის ოჯახის საკუთრებად მოხსენებული უძრავი ქონების მიღების უფლება.
მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია უშუალოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე მსჯელობის ნაწილშიც. პალატა თითქოს ადასტურებს ჯ-ეებისა და ს-იების ოჯახების ურთიერთდამოუკიდებელი ქონებრივი უფლებების არსებობას, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ადგენს ამ დასკვნისაგან სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა დაკმაყოფილებული. კერძოდ, გარდა იმისა, რომ გასულია ბათუმის რაიონული სახალხო სასამართლოს 1962 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებისა და 1962 წლის 28 აგვისტოს დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ყველანაირი ვადა, მოსარჩელემ ვერ შეძლო ვერც იმ გარემოების უტყუარად დადასტურება, რომ ა. ჯ-ეის საკუთრებაში მოექცა უშუალოდ ს-იების კომლის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რაც შექმნიდა მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ი. ჯ-ეის, ა. დ-ეისა და გ. ძ-ეის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ს-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ს-ის ი. ჯ-ეის, ა. დ-ეისა და გ. ძ-ეის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მათ მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ი. ჯ-ეის, ა. დ-ეისა და გ. ძ-ეის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ი. ს-ის ი. ჯ-ეის, ა. დ-ეისა და გ. ძ-ეის სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა