Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-286(კ-25) 11 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ფ. ჯ-ა; მესამე პირები - დ. ჩ-ე, მ. რ-ე, გ. რ-ე, ლ. რ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ფ. ჯ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის №IDP 4 23 00001546 ბრძანება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“; ბ) დაევალოს მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის გრძევლადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ დ. ჩ-ე, მ. რ-ე, გ. რ-ე, ლ. რ-ე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ფ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის №IDP 4 23 00001546 ბრძანება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რომლითაც დაკმაყოფილდება ფ. ჯ-ას განაცხადი (ოჯახის, განაცხადით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის განმარტებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის სხდომის №30 ოქმის შესაბამისად, განხორციელდა ქ. ქუთაისში იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა განსახლების მიზნით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მათ შორის, განხილულ იქნა მოსარჩელის განაცხადი. იგი განაცხადს აკეთებს ოჯახის წევრებთან - შვილთან და სამ შვილიშვილთან ერთად. მოსარჩელემ განაცხადში მიუთითა რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი - აბაშა, ... №6, ...ის შენობა. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. 2022 წლის 3 აპრილს მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე. ადგილზე იმყოფებოდა თავად მოსარჩელე, რომელმაც განმარტა, რომ ბინაში ცხოვრობენ ქირის გარეშე 2000 წლიდან. შვილი - დ. ჩ-ე იმყოფება ირლანდიაში. შვილიშვილი - მ. რ-ე იმყოფება ქუთაისში. ასევე განმარტა, რომ შენობა ეკუთვნის სახელმწიფოს. მეუღლე გარდაეცვალა 2017 წელს. შვილის ყოფილი მეუღლე - გ. რ-ე ცხოვრობს ხონის რაიონის სოფელ ...ში. მოსარჩელის განმარტებით, მის შვილს - დ. ჩ-ეს ბათუმში ჰქონდა ბინა, თუმცა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გაასხვისა ბიძაშვილზე - ხ. ჯ-აზე. ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, რომელმაც 2023 წლის 3 მაისს იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება (ოქმი №30), მოსარჩელის განაცხადი არ დაეკმაყოფილებინა გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო. ამასთან, განაცხადს დააკლდა ქირის კრიტერიუმში - 1.5 ქულა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და არასრულად განმარტა კანონი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რის გამოც არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის ოჯახი სხვა იდენტურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებთან მიმართებით განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მონიტორინგის ოქმიდან ცალსახად და უტყუარად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე რეალურად ფლობს და შეუზღუდავად სარგებლობს ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლით. ასევე, არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე შესაძლოა თავშესაფრის გარეშე დარჩეს. შესაბამისად, სასამართლოს, ქულებზე მითითების ნაცვლად, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების თანახმად, მოსარჩელეს განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ აქვს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ფ. ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი აფხაზეთიდან. მ. რ-ე (დაბ. ...წ), გ. რ-ე (დაბ. ...წ) და ლ. რ-ე (დაბ. ...წ) არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (ს.ფ. 77, 82-84, 86, 70-75); ბ) ფ. ჯ-ა, მ. რ-ე, გ. რ-ე და ლ. რ-ე რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში, მისამართზე: ქ. აბაშა, ... ქ. №6, ბინა №9 და იღებენ სოციალურ შემწეობას (ს.ფ. 85, 89, 90, 14); გ) 2022 წლის 24 სექტემბერს, ფ. ჯ-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. განცხადებაში ფ. ჯ-ასთან ერთად მითითებული არიან: დ. ჩ-ე, მ. რ-ე, გ. რ-ე და ლ. რ-ე (ს.ფ. 68-69); დ) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის თანახმად (დანართი №5), განმცხადებლების ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია - საქართველო, სამეგრელო, ზემო სვანეთი, აბაშა, ... ქ. №6. ოჯახის წევრები - დ. ჩ-ე (შვილი) - დევნილი - №...; მ. რ-ე (შვილიშვილი) - დევნილი - №...; გ. რ-ე (შვილიშვილი) - დევნილი - №...; ლ. რ-ე (შვილიშვილი) - დევნილი - №... (ს.ფ. 70-75); ე) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, ფ. ჯ-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია სამეგრელო, ზემო სვანეთი, აბაშა, ... ქ. №6, ...ა; იურიდიული მისამართია სამეგრელო, ზემო სვანეთი, აბაშა, ... ქ. №6. კრიტერიუმებში ოჯახს მინიჭებული აქვს ქულები: 1. 1994 წლის პირველ იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2 წევრი - 2 ქულა; 2. C.1.1 - საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში - 1.50 ქულა; 3. 18 წლამდე არაკის წევრები - 3 არასრულწლოვანი - 2.00 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 2.50 ქულა (კრიტერიუმებით შეფასებით შეადგინა - 8 ქულა). განაცხადში აღნიშნულია, რომ განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს შვილი და სამი შვილიშვილი. განაცხადს აკეთებენ ერთად. შვილს - დ. ჩ-ეს გააჩნდა საკუთრება, რომელიც გაასხვისა 07.09.2021 წელს ხ. ჯ-აზე. მის: ქ. ბათუმი, ... ქ. №198ა, კორპ. №1, კორპ. №2, კორპ. №3, ბინა №62 (მშენებარე) (ს.ფ. 67-69); ვ) დ. ჩ-ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ბინა, მდებარე: ქ. ბათუმი, ... ქ. №198ა, კორპ. №3, სართული №12, ბინა №62, ფართი (მშენებარე) 63.77 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი .... აღნიშნულ ბინაზე 2021 წლის 1 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ხ. ჯ-ას საკუთრების უფლება (ს.ფ. 87-88); ზ) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, ფ. ჯ-ასთან მონიტორინგი განხორციელდა 2022 წლის 3 აპრილს, მისამართზე ქ. აბაშა, ... ქ. №6, ...ის შენობა, მეორე სართული. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ განმცხადებელი მისამართზე ცხოვრობს 2000 წლიდან, ქირის გარეშე. შენობა ეკუთვნის სახელმწიფოს. 1993-2000 წლებში ცხოვრობდნენ მისამართზე: ქ. აბაშა, ... ქ. №7, დის სახლში. ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: დ. ჩ-ე და არასრულწლოვნები - მ. რ-ე, გ. რ-ე და ლ. რ-ე. განმცხადებელის მშობლები დაკრძალულნი არიან მარტვილის რაიონში. ნ. ჯ-ა - და, დევნილი, ოჯახით ცხოვრობს თბილისში; ე. ჯ-ა - და, არადევნილი, ცხოვრობს აბაშაში; რ. ჯ-ა - ძმა, არადევნილი, ოჯახით ცხოვრობს თბილისში; ნ. ჯ-ა - ძმა, დევნილი, ოჯახით ცხოვრობს თბილისში; რ. ჩ-ე - მეუღლე, დევნილი, გარდაიცვალა 2017 წელს, დაკრძალეს მარტვილში; მ. ჩ-ე - მული, დევნილი, ოჯახით ცხოვრობს ქუთაისში; გ. რ-ე - (დ. რ-ის ყოფილი მეუღლე), არადევნილი, ცხოვრობს ხონის რაიონში, სოფელ ...ში. განმცხადებლის განმარტებით, მის შვილს დ. გააჩნდა ქ. ბათუმში ... ქ. №198ა, კორპ. №1, კორპ. №2, კორპ. №3, ბინა №62 მშენებარე ბინა, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული. ვერ შეძლო იპოთეკის გადახდა და გაასხვისა თავის ბიძაშვილზე, ხ. ჯ-აზე (ს.ფ. 91-94); თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 ოქმით დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, კომისიამ განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, ქ. ქუთაისში, იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლება. ფ. ჯ-ას ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძველზე მითითებით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთებაში ცხოვრების გამო (დააკლდა 1.5 ქულა) (ს.ფ. 101-112); ი) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის №IDP 4 23 00001546 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №30), ფ. ჯ-ას (პ/ნ ...) ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ. 113).

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის №IDP 4 23 00001546 ბრძანების „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ კანონიერების და მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წინაპირობების შემოწმებას შეეხება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი, დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას. საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით, მოსარჩელესთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააგენტოს მითითება მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელე სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრობს, არ ქმნის მოსარჩელის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ უყურადღებოდ დატოვა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე 19 კვ.მ ფართში შვილთან და სამ არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომელმაც აღნიშნა, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები, მისი ჯანმრთელობის, ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, რაც განსახილველ შემთხვევაში უგულებელყოფილი იქნა, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აღნიშნული საკითხი სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად. მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას იღებენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას, ხოლო მე-8 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის.

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

ყოველივე ზემოხსენებულის და სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია