Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბ-666-4(ა-24) 18 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

განმცხადებელი (კასატორი) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს „მ...“

მოპასუხე (კასატორი) - სსიპ შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ...მ“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით (ადმინისტრაციული საქმე - #ბს-754(2კ-23)).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები - სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება №14274/2/17, №4327/2/2017 №4328/2/2018 საჩივრებთან დაკავშირებით, გაუფასურებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების (ცეცხლგამძლე აგური) საანგარიშო პერიოდში რეალიზებულად ჩათვლის და ერთობლივ შემოსავალში ასახვის (დავის საგნის პირველი საკითხი) და „შლაკის“ საბაზრო-სარეალიზაციო ფასით შეფასების და საწყის საბოლოო სმფ-ების ღირებულებაში ასახვის (დავის საგნის მეხუთე საკითხი) ნაწილში; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი - წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, საკასაციო საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერა არ იყო წარმოდგენილი დედნის სახით. შესაბამისად, კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში დაევალა ხარვეზის შევსება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებაზე, დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.

2024 წლის 06 აპრილს და 2024 წლის 02 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა რ. ღ-ამ განცხადებებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მან წარმოადგინა დედნის სახით ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, თუმცა საქმეში შეცდომით ჩაკერებული იყო საკასაციო საჩივრის ასლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და განცხადების განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2024 წლის 2024 წლის 10 ივლისს, 12:00 საათზე, შემდგომში კი გადაინიშნა 2024 წლის 18 სექტემბერს 11:30 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებებს, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებების სამართლებრივი საფუძვლები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბარდა 2023 წლის 31 ივლისს. საკასაციო პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 1 აგვისტოს, შესაბამისად, მხარისათვის ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 7 აგვისტო (ორშაბათი), 24 საათი. დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ Nბს-754(2კ-23) ადმინისტრაციულ საქმეში, მხარეთათვის გასაგზავნ ასლებს შორის წარმოდგენილია (და არა ჩაკერებული) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის - გ. თ-ის დედანი ხელმოწერით. მხარის მიერ აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილია 2023 წლის 03 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინების გასაჩივრების წესების სრული დაცვით, ამდენად, მართალია, დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის, თუმცა, დასტურდება, რომ არ არსებობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის ხარვეზის დადგენის კანონისმიერი საფუძველი და შესაბამისად, სამინისტროს მიერ ხარვეზის შეუვსებლობა იმთავითვე გამორიცხავს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას.

ამდენად, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა, რამეთუ არ არსებობდა ხარვეზის დადგენის საფუძვლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლებისას სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას განჩინებით სრულად ან ნაწილობრივ გააუქმებს ან ამ კოდექსის 431-ე მუხლით დადგენილი წესით საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვებს. აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების ან საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან განიხილება საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაცხადება საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, მოცემულ საქმეზე განახლდეს საქმის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის ნაწილში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ...“, მოპასუხე (კასატორი) - სსიპ შემოსავლების სამსახური).

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით, 423-ე, 430-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 431-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნაწილში მოცემულ საქმეზე განახლდეს წარმოება;

3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი;

4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობა შემოწმდეს მხარეთა დასწრების გარეშე;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე