საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-977(კ-23) 20 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
სხდომის მდივანი - მარიამ ზარიძე
კასატორი (მოსარჩელე) - ა. ც-ი
წარმომადგენელი - ნ. ლ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ც. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,,ჯ...“
წარმომადგენელი - დ. ჩ-ა
მესამე პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
წარმომადგენლები - თ. ჭ-ა, თ. ი-ი-ო-ი
თავდაპირველი მოსარჩელე - მ. წ-ი
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 20 დეკემბერს ა. ც-იმა და მ. წ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს ,,ჯ...ს“ მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელეებმა მოითხოვეს: 1. დაევალოს ქ. თბილისის მერიას უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება. კერძოდ, საფრთხის შემცველი ტერიტორია - თბილისის ზღვის წყალსაცავის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარედ, ე.წ. ტურბინიდან ხიდამდე და ხიდიდან სანაპირომდე ტერიტორია, შემოსაზღვრული იყოს 2.5 მ. სიმაღლის ჯებირით, რომელსაც გასდევს მავთულხლართი. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდეს სამაშველო სამსახურის საგუშაგო და განხორციელდეს მაშველების პატრულირება. ასევე, დამონტაჟდეს საინფორმაციო აბრები, სადაც გარკვევით იქნება აღნიშნული ბანაობის აკრძალვა, საშიშროებიდან გამომდინარე; 2. დაევალოს შპს ,,ჯ...ს“ უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება. კერძოდ, საფრთხის შემცველი ტერიტორია - თბილისის ზღვის წყალსაცავის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარედ, ე.წ. ტურბინიდან ხიდამდე და ხიდიდან სანაპირომდე ტერიტორია, შემოსაზღვრული იყოს 2.5 მ. სიმაღლის ჯებირით, რომელსაც გასდევს მავთულხლართი. ასევე დამონტაჟდეს აბრები, სადაც გარკვევით იქნება აღნიშნული ბანაობის აკრძალვა, საშიშროებიდან გამომდინარე. ადგილზე დამონტაჟდეს ვიდეოთვალები, რომელთა მეშვეობითაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს ეფექტურ კონტროლს; 3. მოპასუხე მხარეს სოლიდარულად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ 2017 წლის 3 ივლისს ც. ც-ი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თ...ზე. ც. ბავშვობიდან სპორტით იყო დაკავებული, აქტიურად თამაშობდა კალათბურთს და გატაცებული იყო პარკურით. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ც. ც-იმა ჩამოაყალიბა პარკურის კლუბი ,,...“. ც. ც-ი ცურვის დროს მორევმა ჩაითრია და ადგილზე მისულმა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2015 წლიდან ყოველ წელს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება არაერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი, რასაც სწორედ იქ არსებული მორევი იწვევს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ადგილას არც სამაშველო სამსახურის საგუშაგოა განთავსებული და არც ტერიტორიაა შემოსაზღვრული, უფრო მეტიც, ინფორმაციის შემცველი აბრაც კი ჩამოვარდნილი იყო ზემოაღნიშნული შემთხვევის დროს.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, თბილისის წყალსაცავი (,,თ...“), მისი ძირითადი ფუნქციების მიუხედავად (თბილისის წყალმომარაგება და მელიორაცია), ქალაქის ძირითად რეკრეაციულ ზონად ჩამოყალიბდა. დღეისათვის, წყალსაცავი და მისი ინფრასტრუქტურა სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო კომპანიების მიერ დაუგეგმავად, ფრაგმენტულად და სტიქიურად იმართება, რაც სრულ შეუსაბამობაშია მსგავსი დატვირთვის მქონე რეკრეაციული ობიექტის მართვის სტანდარტებთან. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული ნორმატიული აქტი ,,წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, დღემდე არ არის მიღებული. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლსა და ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლზე მითითებით მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოსახლეობა იმ საფრთხისაგან, რაც მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს. მაგალითად, გააფრთხილოს მოსახლეობა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შემქმნელი ვითარების არსებობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ა. ც-ისა და მ. წ-ის სარჩელი მოპასუხე - შპს ,,ჯ...ს“ მიმართ, შპს ,,ჯ...სთვის“ უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფისა და მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების დავალების ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ა. ც-ისა და მ. წ-ის სარჩელი დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში, მიღებული იქნა წარმოებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 28 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა პირველი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის დავალება, კერძოდ: საფრთხის შემცველი ტერიტორია - თბილისის ზღვის წყალსაცავის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარედ, ე.წ. ტურბინიდან ხიდამდე და ხიდიდან სანაპირომდე ტერიტორია (ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ზოლის გათვალისწინებით), შემოსაზღვრული იყოს 2.5 მ სიმაღლის ჯებირით, რომელსაც გასდევს მავთულხლართი. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდეს სამაშველო სამსახურის საგუშაგო და განხორციელდეს მაშველების პატრულირება. ასევე, დამონტაჟდეს საინფორმაციო აბრები, სადაც გარკვევით იქნება აღნიშნული ბანაობის აკრძალვა, საშიშროებიდან გამომდინარე; ამასთან, მოსარჩელე მხარის მეორე სასარჩელო მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ჯ...სათვის“ 100 000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დარჩა უცვლელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, ა. ც-ის და მ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ქმედების განხორციელება, კერძოდ: თბილისის ზღვის წყალსაცავის ე. წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია (ტურბინიდან ხიდამდე და ხიდიდან სანაპირომდე - ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ზოლის გათვალისწინებით) შემოსაზღვროს ჯებირით და დაამონტაჟოს საინფორმაციო აბრები, რომლებზეც აღნიშნული იქნება საშიშროებიდან გამომდინარე ბანაობის აკრძალვა; დანარჩენ ნაწილში ა. ც-ისა და მ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის მდებარეობს თბილისის წყალსაცავის შემავსებელი არხი, სადაც მიედინება მდინარე იორი. N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შპს ,,ჯ...“, ხოლო N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. ვიდრე მდინარე იორი შეუერთდება წყალსაცავს, იქმნება ე.წ. ჩანჩქერი და არის სწრაფი დინება. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ც. ც-ი 2017 წლის 3 ივლისს, სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიღუპა. განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლოს მიერ მოხდა ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება, რა დროსაც საინფორმაციო დაფა არ იყო განთავსებული, ასევე საფრთხის შემცველი ტერიტორიაც არ იყო სრულყოფილად შემოსაზღვრული და ნებისმიერ მსურველ პირს ჰქონდა წყალში შესვლის შესაძლებლობა. ამდენად, საქალ აქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირების კუთხით სიცოცხლისთვის საფრთხის აღკვეთის ეფექტური ღონისძიებები არ იყო გატარებული.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“ ქვეპუნქტებზე, მე-3 პუნქტზე და ყურადღება გაამახვილა ამავე კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტზე, მასში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 26.10.2004წ. N515 დადგენილებით) მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, 75-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა მოცემულ ეტაპზე ცალსახად არ აკისრებს ვალდებულებას კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოს თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიცოცხლისთვის საფრთხის აღკვეთის ღონისძიებათა გატარების მიზნით და ამასთან, საფრთხე ექმნება სწორედ აღნიშნული ტერიტორიით მოსარგებლე პირებს, სწორედ ქ. თბილისის თვითმმართველობის ორგანოს წარმოეშობა უფლებამოსილება დაარეგულიროს აღნიშნული საკითხი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საფრთხის აღკვეთის მიზნით მნიშვნელოვანია შეიზღუდოს მოსახლეობის დაშვება საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე. აღნიშნული მიზნით კი, კონკრეტული ტერიტორიის ჯებირით შემოსაზღვრა და საინფორმაციო აბრების განთავსება, წარმოადგენს დასახული მიზნის მიღწევის ეფექტურ საშუალებას. რაც შეეხება საგუშაგოს განთავსებას და მაშველების პატრულირებას, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ღონისძიებათა გატარების საჭიროება იქმნება იმ ადგილებზე, სადაც ნებადართულია წყალში შესვლა. ვინაიდან, თბილისის წყალსაცავის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია შეფასდა, როგორც საფრთხის შემცველი ტერიტორია დამსვენებელთათვის, შესაბამისად, უნდა აიკრძალოს მითითებულ ადგილზე წყალში შესვლაც, რაც საგუშაგოების განთავსებისა და პატრულირების საჭიროებას აღარ ქმნის.
ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელე მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 1005-ე მუხლებზე და ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაზე, სადაც გამოძიების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ქმედებათა არარსებობა. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა გამოძიების ეტაპზე გამოკითხულ პირთა ჩვენებებზე, სადაც აღნიშნულია, რომ ც. ც-იმა არ იცოდა ცურვა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, იგი მაინც შევიდა ღრმა წყალში, რაც გახდა მისი დაღუპვის მიზეზი. გამოკითხვის ოქმებში ასევე აღნიშნულია, რომ ტრაგიკული შემთხვევის დღემდეც ისინი რამოდენიმეჯერ იმყოფებოდნენ და ბანაობდნენ იგივე ტერიტორიაზე, თუმცა ც. ც-ი ღრმად წყალში არ შედიოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების ეტაპზე დადგენილი გარემოებები გამორიცხავს დამდგარ ზიანსა და მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (უმოქმედობას) შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას. ც. ც-ის გარდაცვალება წარმოადგენს უბედურ შემთხვევას, რაც გამოწვეულია ცურვის არცოდნის პირობებში ღრმა წყალში შესვლით. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე პრევენციული ზომების გატარება, თუმცა აღნიშნული, ზემოთ მითითებული სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, ვერ გახდება მოსარჩელე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით არ დადგინდა სხვა პირის ბრალეულობა დამდგარ შედეგთან მიმართებით. შესაბამისად, ადგილი არ აქვს მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რამაც ზიანი გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ც-ის მიერ. ა. ც-იმა მითითებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ჯ...სათვის“ 50 000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში, სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. აპელანტმა მითითებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა. ც-ის და მ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ქმედების განხორციელება, კერძოდ: თბილისის ზღვის წყალსაცავის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია (ტურბინიდან ხიდამდე და ხიდიდან სანაპირომდე - ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ზოლის გათვალისწინებით) შემოსაზღვროს ჯებირით და დაამონტაჟოს საინფორმაციო აბრები, რომლებზეც აღნიშნული იქნება საშიშროებიდან გამომდინარე ბანაობის აკრძალვა; ასევე გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ, მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1, 2, მე-4 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ც-ის და მ. წ-ის სარჩელის მოთხოვნა - დაევალოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ქმედების განხორციელება, კერძოდ: თბილისის ზღვის წყალსაცავის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია (ტურბინიდან ხიდამდე და ხიდიდან სანაპირომდე - ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ზოლის გათვალისწინებით) შემოსაზღვროს ჯებირით და დაამონტაჟოს საინფორმაციო აბრები, რომლებზეც აღნიშნული იქნება საშიშროებიდან გამომდინარე ბანაობის აკრძალვა - არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეების ა. ც-ის და მ. წ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პირველ, მე-2, მე-5, მე-7, მე-15, მე-16, 50-ე, 61-ე მუხლებზე, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს 06/27/2018 N 2608 კანონით ვებგვერდი, 12/06/2014 სარეგისტრაციო კოდი 140070000.05.001.017468) პირველ, მე-3, 56-ე, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (ამოქმედდა 2018 წლის 27 ივნისის №2608-IIს კანონით) პირველ, მე-10, 441 მუხლებზე და მითითებული ნორმების საფუძველზე განმარტა, რომ ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს 06/27/2018 N 2608 კანონით) და ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოების: 2017 წლის 7 დეკემბრამდე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2018 წლის 31 დეკემბრამდე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან - საქართველოს მთავრობის ვალდებულება წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე. შესაბამისად, ითვლება, რომ აღნიშნულ ნაწილში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება შეზღუდულია და საკითხის გადაწყვეტა სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (27.12.2017 წლამდე), საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (31.12.2018 წლამდე) და საქართველოს მთავრობის (01.01.2019 წლიდან დღემდე) უფლებამოსილებას.
აღნიშნულიდან გადმომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოსარჩელეების: ა. ც-ისა და მ. წ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ: თბილისის ზღვის წყალსაცავის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია (ტურბინიდან ხიდამდე და ხიდიდან სანაპირომდე - ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ზოლის გათვალისწინებით) შემოსაზღვროს ჯებირით და დაამონტაჟოს საინფორმაციო აბრები, რომლებზეც აღნიშნული იქნება საშიშროებიდან გამომდინარე ბანაობის აკრძალვა - ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას, მოწინააღმდეგე მხარის შპს ,,ჯ...ს“ მიერ, სასამართლო დავალების საფუძველზე, დამატებით იქნა წარმოდგენილი მათთან დაცული დოკუმენტაცია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 15/04/2021 წერილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 04.03.2021 N53100976 გადაწყვეტილება (ნომენკლატურა I კლასი, 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობის მშენებლობა), 29.04.2021 N53100976 გადაწყვეტილება (ნომენკლატურა I კლასი, 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობის მშენებლობა), 10.04.2021 N5308020 გადაწყვეტილება (ნომენკლატურა I კლასი, 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობის რეკონსტრუქცია), შპს ,,ჯ...ს“ ღრმაღელის საფილტრო სადგურის ტერიტორიის შემოღობვის ალბომი 1 - ზღვის მხარე ტერიტორიის შემოღობვა (არქიტექტურულ-სამშენებლო და კონსტრუქციული ნაწილი); ალბომი 2 - საფილტრის მხარე ტერიტორიის შემოღობვა (არქიტექტურულ-სამშენებლო და კონსტრუქციული ნაწილი) (მუშა პროექტი, თბილისი 2020 წელი) და დანართი ფოტო მასალა. ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება (მხარეებიც სადავოდ არ ხდიან და აპელანტი ა. ც-იც ადასტურებს), რომ დღეის მდგომარეობით N..., ს/კ ..., საკადასტრო კოდზე განთავსებულ შპს ,,ჯ...ს“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, აგრეთვე N... საკადასტრო კოდზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მათ შორის თბილისის ზღვის წყალსაცავის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია (ტურბინიდან ხიდამდე და ხიდიდან სანაპირომდე - ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ზოლის გათვალისწინებით)) განხორციელდა 4 მეტრი არაყრუ დამცავი ღობის მშენებლობა და ტერიტორია შემოფარგლულია რკინის კონსტრუქციის ღობითა და მავთულხლართებით, ღობეზე განთავსებულია სხვადასხვა შინაარსის ბანერები - ,,ფრთხილად დახრჩობის საფრთხეა“, საშიში ზონაა, ბანაობა აკრძალულია და ა.შ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რაც ამ ნაწილში მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნიდა.
ამასთან, ზიანის ანაზღაურების შესახებ ა. ც-ის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-2, მე-6 მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე, 209-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე, 992-ე, 1005-ე, 1008-ე მუხლებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე, 105-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2017 წლის 29 ივლისის დადგენილების (სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ) თანახმად, სისხლის სამართლის N001030717008 საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ამავე დადგენილებით დასტურდება, რომ მოსარჩელის შვილი და მისი მეგობრები დაკავებული იყვნენ ექსტრემალური სპორტით - პარკურით და ვარჯიშობდნენ. გარდაცვლილმა კარგად არ იცოდა ცურვა, გადახტა წყალში და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ამდენად, მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს ,,ჯ...ს“ ქმედებასა და დამდგარ შედეგს (ც. ც-ის გარდაცვალება) შორის. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ც-ის მიერ.
კასატორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-10, 29-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა შესრულებული პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველეყო საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ეფექტური დაცვა. კასატორის განმარტებით, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის ზღვის აკვატორიაში 2015-2016 წლებში დაფიქსირდა 3-3 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი, ხოლო 2017 წელს - 5 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. ამასთან, თბილისის ზღვის წყალსაცავსა და მდინარე არაგვის წყლის შემავსებელი არხის, ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 2016-2017 წლებში დაიღუპა 3-3 ადამიანი. კასატორის მითითებით, აღნიშნული ხაზს უსვამს იმას, რომ ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია საფრთხის შემცველია.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ 2014 წელს მიღებული ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობას დაეკისრა ვალდებულება დადგენილებით მიეღო ნორმატიული აქტი ,,წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“. იმის მიუხედავად, რომ კანონის მიხედვით, ფორმალურად, სახელმწიფოს აღნიშნული აქტის მისაღებად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა მიცემული, უკვე მომხდარი არაერთი ფატალური შემთხვევის ფონზე, აღნიშნული ნორმატიული აქტი დღემდე არ არის მიღებული. 8 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ხდება მისი მიღების ვადის გადაწევა, ასევე იცვლება მიმღები ორგანო. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით განმარტავს, რომ ახალგაზრდა შვილის გარდაცვალებით მშობელი განიცდის მნიშვნელოვან მორალურ ტკივილს, რაც დაკავშირებულია განგრძობად მორალურ განცდებთან და სტრესულ მდგომარეობასთან. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით ა. ც-ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ც-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, ა. ც-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრებით საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ც-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე ა. ც-ი არის ... წლის ...ს დაბადებული ც. ც-ის მამა. ც. ც-ი გარდაიცვალა 2017 წლის 3 ივლისს.
2017 წლის 3 ივლისს, საქართველოს შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N001030717008, ც. ც-ის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2017 წლის 29 ივლისის დადგენილებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. დადგენილებაში მითითებულია, რომ ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ც. ც-ის თვითმკვლელობამდე მიყვანის ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ც. ც-ი, რომელიც მეგობრებთან ერთად წავიდა თ...ზე და კარგად არ იცოდა ცურვა, თ...ში ჩამავალი ჩანჩქერიდან გადახტა და ცურვის არცოდნის გამო ვერ მიაღწია ნაპირამდე, რის გამოც წყალში ჩაიძირა და გარდაიცვალა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 7 სექტემბრის წერილის თანახმად, თბილისის ზღვის აკვატორიაში 2015-2016 წლებში დაფიქსირდა 3-3 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი, ხოლო 2017 წელს - 5 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. ამასთან, თბილისის ზღვის წყალსაცავის და მდინარე არაგვის წყლის შემავსებელი არხის, ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 2016-2017 წლებში დაიღუპა 3-3 ადამიანი. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2020 წლის 29 ივნისის წერილით დგინდება, რომ სამსახურის საინფორმაციო ბაზაში აღრიცხული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წლიდან 2020 წლის 21 ივნისის მდგომარეობით, თ...ში გარდაიცვალა 2015 წელს - 4 ადამიანი (მათ შორის 1 არასრულწლოვანი), 2016 წელს - 6 ადამიანი (მათ შორის 2 არასრულწლოვანი), 2017 წელს - 9 ადამიანი (მათ შორის - 2 არასრულწლოვანი), 2018 წელს - 5 ადამიანი (მათ შორის 2 არასრულწლოვანი), 2019 წელს - 4 ადამიანი (მათ შორის 1 არასრულწლოვანი).
საჯარო რეესტრის ამონაწერების (მომზადების თარიღები: 26.10.2015 წელი, 23.12.2015 წელი) თანახმად, N... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული 937 490 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქალაქი თბილისი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია (ნაკვეთი ...), მესაკუთრეს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, ხოლო N... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული 23 506 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქალაქი თბილისი, ... (ნაკვ. ...), მესაკუთრედ კი აღრიცხულია შპს ,,ჯ...“. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოთი დგინდება, რომ N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის მდებარეობს არხი, რომელიც უერთდება თბილისის ზღვის წყალსაცავს.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის წერილი, რომლითაც სამსახური მიმართავს შპს ,,ჯ...ს“ და განუმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისთვის ცნობილი გახდა შპს ,,ჯ...ს“ მიერ თბილისის ზღვის მიმდებარედ (ს/კ ...), მის საკუთრებაში არსებული ღრმაღელის საფილტრე სადგურის სანიტარული ზონის შემოღობვის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ჯ...ს“ ეთხოვა მათი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ყოფილიყო თ...ში ჩამავალი არხის შემოღობვის სამუშაოები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მხრიდან. ამასთან, ვინაიდან საპროექტო ღობის კონტურს უნდა გაევლო ქალაქ თბილისის მერიის კუთვნილ ტერიტორიაზე, შპს ,,ჯ...ს“ ეთხოვა სამშენებლო ნებართვის ასაღებად მიემართა ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურისთვის, რაზედაც ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან მოხდებოდა შუამდგომლობა.
ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 4 მარტის, 10 მარტის და 29 აპრილის გადაწყვეტილებები N... (მესაკუთრე - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი), N... (მესაკუთრე - შპს ,,ჯ...“) და N... (მესაკუთრე - შპს ,,ჯ...“) საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე I კლასის სამშენებლო სამუშაოების წარმოების, კერძოდ, 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობის მოწყობის შეთანხმების თაობაზე. ასევე, საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების პროექტები და ფოტოსურათები, რომლებზეც ასახულია რკინის კონსტრუქციის ღობე და მავთულხლართები. ღობეზე განთავსებულია სხვადასხვა შინაარსის ბანერები - ,,ფრთხილად!!! დახრჩობის საფრთხეა“, ,,საშიში ზონა! ბანაობა აკრძალულია“.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ა. ც-ის პირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ქმედების განხორციელების დავალება. კერძოდ, თბილისის ზღვის წყალსაცავის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის (ტურბინიდან ხიდამდე და ხიდიდან სანაპირომდე - ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ზოლის გათვალისწინებით) ჯებირით შემოსაზღვრა და საინფორმაციო აბრების დამონტაჟება, რომლებზეც აღნიშნული იქნება საშიშროებიდან გამომდინარე ბანაობის აკრძალვა. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული ტერიტორია საშიში ზონაა, სახელმწიფოს მხრიდან კი არ იქნა შესრულებული მისი პოზიტიური ვალდებულება, საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ეფექტური დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე (ამ შემთხვევაში, საშიში ზონის შემოსაზღვრა და გამაფრთხილებელი აბრების განთავსება), რასაც მისი არასრულწლოვანი შვილის გარდაცვალება მოჰყვა. თავის მხრივ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ქმედების განხორციელება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას არ მიეკუთვნება და ამგვარ ვალდებულებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოქმედი კანონმდებლობის არცერთი ნორმა არ აკისრებს. მეტიც, ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ ამ ეტაპისთვის ა. ც-ის მიერ მითითებული ტერიტორია შემოსაზღვრულია ღობით და მასზე შესაბამისი აბრებიც არის განთავსებული.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ადამიანის სიცოცხლე დაცულია. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას არა მხოლოდ თავი შეიკავოს სიცოცხლის განზრახ და უკანონო ხელყოფისგან, არამედ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები თავისი იურისდიქციის ფარგლებში მყოფთა სიცოცხლის დასაცავად (L.C.B. v. the United Kingdom, 9 June 1998, § 36, Reports of Judgments and Decisions 1998-III; Osman v. the United Kingdom, 28 October 1998, § 115, Reports 1998-VIII; and Paul and Audrey Edwards v. the United Kingdom, no. 46477/99, § 71, ECHR 2002-II). კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებების შესრულების მიზნით, საშუალებების არჩევა ექცევა ხელშემკვრელი სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლებში. კონვენციით გათვალისწინებული უფლებების უზრუნველსაყოფად რამდენიმე გზა არსებობს. მაშინაც, როცა სახელმწიფომ ვერ გამოიყენა ერთი კონკრეტული ღონისძიება, რომელსაც ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობა, მას შეუძლია თავისი პოზიტიური ვალდებულება შეასრულოს სხვა საშუალებების გამოყენებით (იხილეთ İlbeyi Kemaloğlu and Meriye Kemaloğlu v. Turkey, no. 19986/06, § 37, 10 April 2012, and Ciechońska, cited above, § 65).
ამდენად, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა სახელმწიფოს აკისრებს არამხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას არ ხელყოს ადამიანის სიცოცხლე, არამედ პოზიტიურ ვალდებულებასაც - იზრუნოს სიცოცხლისთვის საფრთხის ასაცილებლად და დაიცვას იგი სხვა პირთა მხრიდან ხელყოფისაგან. აღნიშნული უფლების დაცვა გარანტირებული უნდა იყოს როგორც ადეკვატური კანონმდებლობის არსებობით, ისე მისი ეფექტური გამოყენებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონზე (ამოქმედდა 2014 წლის 12 ივნისიდან. ძალადაკარგულია ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონით, 2018 წლის 1 აგვისტოდან), რომელიც განსაზღვრავდა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, ფიზიკური პირების და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს (პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი). აღნიშნული კანონის 56-ე მუხლის (გარდამავალი დებულებები) მე-11 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ადგენდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველეყო „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის გამოცემა, თუმცა აღნიშნულ ნორმაში 2015-2016 წლებში განხორციელებული ცვლილების შედეგად, მითითებულმა ვადამ გადაიწია ჯერ 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო შემდეგ - 2017 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან, ამავე ნორმაში 2017 წელს განხორციელებული ცვლილებით, „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის მიღების ვალდებულება დაეკისრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, 2018 წლის 31 დეკემბრამდე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი ძალადაკარგულია 2018 წლის 1 აგვისტოდან, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონის საფუძველზე, რომელიც დღემდე მოქმედ ნორმატიულ აქტს წარმოადგენს. ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ორგანიზებას, სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებებს, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონის თავდაპირველი რედაქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ადგენდა, რომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველეყო „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღება. აღნიშნულ ნორმაში 2018-2021 წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კი, მითითებულმა ვადამ გადაიწია ჯერ 2020 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ - 2021 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ - 2022 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ - 2023 წლის 1 იანვრამდე, საბოლოოდ კი 2022 წელს განხორციელებული ცვლილებით, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონის 72-ე მუხლი ამოღებულ იქნა და აღნიშნულ კანონს დაემატა 441 მუხლი (სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება), რომლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგინდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ადგენს წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესს.
ამდენად, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 29 მაისის და 2018 წლის 27 ივნისის კანონების ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება, რომ სახელმწიფოს, მიუხედავად შესაბამისი კონკრეტული რეგულაციების განსაზღვრის საჭიროებაზე მითითებისა, 2015 წლიდან დღემდე არ აქვს მიღებული წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის შესახებ ნორმატიული აქტი. ამდენად, მართალია სახელმწიფო ერთი მხრივ, აანალიზებს საკითხის საკანონმდებლო დონეზე რეგულირების საჭიროებას, თუმცა მეორე მხრივ, გატარებული ღონისძიებები არ არის ეფექტური. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტებით კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანო(ებ)ზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება ამ დრომდე ძალაში არ შესულა, თუმცა წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების საჭიროება დროთა განმავლობაში მეტად მწვავდება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ,,ჯევრიოღლუ თურქეთის წინააღმდეგ“ (CEVRİOĞLU v. TURKEY (საჩივარი no. 69546/12), 04.10.2016 წელი), სადაც განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილი კერძო სამშენებლო მოედანზე არსებულ წყლით სავსე, დიდ ორმოში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მართალია უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული რეგულაციები, რაც გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამშენებლო ობიექტზე და რასაც შეეძლო დაეცვა მომჩივნის შვილის სიცოცხლე, თუმცა იმ პერიოდში მოქმედმა სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელმა კანონმდებლობამ, ვერ უზრუნველყო სამშენებლო საქმიანობიდან მომდინარე სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი რისკების თავიდან აცილება, რადგან არ არსებობდა ადეკვატური და განსაზღვრული საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც პრაქტიკაში ეფექტიანად იფუნქციონირებდა და ეფექტიანად იქნებოდა აღსრულებული შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ, უსაფრთხოების რელევანტური ღონისძიებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
მოცემულ შემთხვევაში, ა. ც-ის პირველი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიაზე (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 26.10.2004წ. N515 დადგენილებით), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებასა და შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად. აღნიშნული ქარტიის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, კანონის ფარგლებში აქვთ სრული თავისუფლება განახორციელონ თავიანთი ინიციატივა ნებისმიერი საკითხის მიმართ, რომელიც არ გამოირიცხება მათი კომპეტენციიდან ან რომელიც მინიჭებული არა აქვს ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, როგორც წესი, სახელმწიფო უფლებამოვალეობების განხორციელება ხდება ხელისუფლების იმ ორგანოს მიერ, რომელიც ყველაზე ახლოს არის მოქალაქეებთან.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით. კონსტიტუციის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია კანონმდებლობის დაცვით თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას და რომელზე გადაწყვეტილების მიღებაც კანონით არ გამოირიცხება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ორგანული კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით განახორციელოს ღონისძიებები დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის) მხარდაჭერის, სოციალური დახმარების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით − ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი განათლების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის და სხვა მიზნებით.
მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილებას წარმოადგენს მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონმდებლობით პირდაპირ არ არის დაკისრებული თვითმმართველობის ორგანოსთვის, თუმცა არ მიეკუთვნება სხვა უწყების განსაკუთრებულ კომპეტენციათა რიცხვს და ამავდროულად საკითხი შეეხება თვითმმართველობის ორგანოს იურისდიქციის ფარგლებში მყოფ მოსახლეობას. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა მოცემულ ეტაპზე ცალსახად არ აკისრებს ვალდებულებას კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოს თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიცოცხლის საფრთხის აღკვეთის ღონისძიებათა გატარების მიზნით, მითითებული ტერიტორია წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას და ამასთან, საფრთხე ექმნება სწორედ აღნიშნული ტერიტორიით მოსარგებლე პირებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოს წარმოეშობა უფლებამოსილება დაარეგულიროს არსებული საკითხი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება შეზღუდულია და საკითხის გადაწყვეტა სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (27.12.2017 წლამდე), საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (31.12.2018 წლამდე) და საქართველოს მთავრობის (01.01.2019 წლიდან დღემდე) უფლებამოსილებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს კანონმდებლობით ეკისრებოდათ „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის მიღება, რაც დღეის მდგომარეობითაც არ არის მიღებული. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას კი, როგორც იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომლის მომიჯნავედაც მდებარებოს საფრთხის შემცველი ზონა (თბილისის ზღვის წყალსაცავი ე.წ. ჩანჩქერი), ეკისრება შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარების ვალდებულება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლიდან დღემდე თბილისის ზღვის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ადამიანი დაიხრჩო წყალში, რაც ადასტურებს, რომ მითითებული ტერიტორია, თავისი ბუნებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროებს უსაფრთხოების ზომების გატარებას. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერების (მომზადების თარიღები: 26.10.2015 წელი, 23.12.2015 წელი) თანახმად, N... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული 937 490 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქალაქი თბილისი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია (ნაკვეთი ...), მესაკუთრეს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, სწორედ ამ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება არხი, რომელიც უერთდება თბილისის ზღვის წყალსაცავს, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ ქალაქ თბილისის მერიას ეკისრებოდა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარების ვალდებულება.
ამასთან, რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ა. ც-ის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ტერიტორია ამ დროისთვის შემოსაზღვრულია ღობით და მასზე შესაბამისი აბრებიც არის განთავსებული, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, აღნიშნული სამუშაოები განხორციელებულია არა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, არამედ შპს ,,ჯ...ს“ მიერ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე, შპს ,,ჯ...ს“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული ღობის მოწყობა და აბრების განთავსება განხორციელდა კომპანიის ნების საფუძველზე, ვინაიდან საკითხი იყო სენსიტიური. ამასთან, მართალია საქმის მასალებში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის წერილიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მხრიდან თ...ში ჩამავალი არხის შემოღობვის სამუშაოები შპს ,,ჯ...მა“ მერიის თხოვნით განახორციელა, თუმცა მითითებული გარემოება ვერ გახდება აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ამგვარი სამუშაოების განხორციელებას მოცემული საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, მის ვალდებულებად არ მიიჩნევდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ა. ც-ის პირველი სასარჩელო მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ: თბილისის ზღვის წყალსაცავის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია (ტურბინიდან ხიდამდე და ხიდიდან სანაპირომდე - ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ზოლის გათვალისწინებით) შემოსაზღვროს ჯებირით და დაამონტაჟოს საინფორმაციო აბრები, რომლებზეც აღნიშნული იქნება საშიშროებიდან გამომდინარე ბანაობის აკრძალვა.
მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ა. ც-ის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებული კოდექსის 413-ე მუხლი კი ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის), რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული დანაწესით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არსებითია დადასტურდეს ქმედების უკანონობა, ხოლო ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარეთა აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2017 წლის 29 ივლისის დადგენილებით, ც. ც-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლოა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებაზე (საქმე №ბს-1031(კ-20)), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,24.09.2010წ. კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაუქმდა სსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც მანამდე პრეიუდიციულ ძალას ანიჭებდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ, კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს ცალკეულ ფაქტთან მიმართებით, ცვლილება განიცადა აგრეთვე სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტმა, რის შედეგადაც სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეჩერების სავალდებულო საფუძველს აღარ წარმოადგენს საქმის სისხლის სამართლის წესით განხილვა. ხსენებული ცვლილებებით კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოხდა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მტკიცებითი სტანდარტების ურთიერთგამიჯვნა. საპროცესო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოება არაა დამოკიდებული სისხლის სამართლის საქმის შედეგებზე პრეიუდიციული ძალით, ისევე როგორც სისხლის სამართალწარმოება - სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმის შედეგზე. ამასთან, პრეიუდიციული ძალის არ ქონა არ გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული პროცესუალური აქტების მტკიცებულებად მიღებისა და მათი სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით შესაბამისი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. სასამართლოს არ ერთმევა უფლებამოსილება იმსჯელოს განაჩენზე, მისი არსებობის შემთხვევაში, როგორც წერილობით მტკიცებულებაზე და გაიზიაროს ან არ გაიზიაროს მასში ასახული ფაქტობრივი გარემოებები (სუსგ №ბს-144-141(2კ-14), 22.01.2015წ.). ამდენად, არ არის სრულიად გამორიცხული სისხლის სამართლის საქმის შედეგის განსხვავება ადმინისტრაციული საქმის შედეგისგან და პირიქით. სხვაობა შესაძლოა ახსნილ იქნას სამართლის შესაბამისი დარგით მოწესრიგებული პასუხისმგებლობის სხვადასხვაგვარი მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობებით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19.07.2018წ. გადაწყვეტილება საქმეზე „სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Sarishvili-Bolkvadze v Georgia), no. 58240/08, §87). სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები უკავშირდება დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო ინდივიდის დასჯას, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივის - დელიქტური სამართალურთიერთობის მონაწილე ორგანოს მიერ ზიანის მიყენებით ხელყოფილი უფლების აღდგენას. პასუხისმგებლობის წინაპირობების სხვაობა შედეგად იწვევს მტკიცების სტანდარტების სხვადასხვა საფეხურის გამოყენებას სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. ამდენად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან დამოუკიდებლად მოწმდება სკ-ის 1005.1 მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა“.
მოცემულ შემთხვევაში, ა. ც-ის მეორე სასარჩელო მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ჯ...სათვის“ 50 000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაკავშირებულია მოსარჩელის შვილის გარდაცვალების ფაქტთან, რასაც ა. ც-ი სახელმწიფოს მიერ ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ პოზიტიური ვალდებულების დაუცველობას, კონკრეტულად კი თბილისის ზღვის ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე შემოღობვისა და შესაბამისი გამაფრთხილებელი აბრების არარსებობას უკავშირებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა. ც-ის პირველი სასარჩელო მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ქმედების განხორციელების თაობაზე, საფუძვლიანია, შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზეც, ვინაიდან დგინდება მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა (უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარე ითხოვს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრებას ორი მოპასუხის მიმართ სოლიდარულად, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ც-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას შპს ,,ჯ...სთვის“ 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. ც-ის მიერ ქმედების განხორციელების დავალების, შესაბამისი ტერიტორიის შემოღობვისა და მაფრთხილებელი ნიშნების მოწყობის შესახებ მოთხოვნა შპს ,,ჯ...ს“ მიმართ არ არის დაყენებული. აღსანიშნავია, რომ მართალია თავდაპირველად წარმოდგენილი სარჩელით ა. ც-ი ქმედების განხორციელების დავალებას შპს ,,ჯ...ს“ მიმართაც ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ა. ც-ის სარჩელი, მოპასუხე - შპს ,,ჯ...ს“ მიმართ, შპს ,,ჯ...სთვის“ უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფისა და მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების დავალების ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. საერთო სასამართლოებში საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის მონაცემებით კი დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის განჩინებით, ა. ც-ის აღნიშნული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი, რაც მის მიერ არ გასაჩივრებულა. მეტიც, ა. ც-იმა 2020 წლის 20 მაისს ახალი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შპს „ჯ...ს“ მიმართ, ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს დაევალოს თბილისის ზღვის წყალსაცავის, ე.წ ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია, ტურბინიდან ხიდამდე და ხიდიდან სანაპირომდე შპს „ჯ...ს“ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის საზღვრის გამყოფი ზოლის გათვალისწინებით, შემოსაზღვროს 2.5 მ. სიმაღლის მყარი კონსტრუქციით, რომელსაც გასდევს მავთულხლართი, ასევე დაამონტაჟოს საინფორმაციო აბრები, რომელზეც აღნიშნული იქნება საშიშროებიდან გამომდინარე ბანაობის აკრძალვა; ადგილზე განხორციელდეს დაცვის უწყვეტი ვიდეო მონიტორინგი; შპს „ჯ...მა“ უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული ხიდიდან მარჯვენა მხარეს ტერიტორიის შემოსაზღვრა 2.5 მ სიმაღლის მყარი კონსტრუქციით, რომელსაც გასდევს მავთულხლართი. აღნიშნულ საქმეზე 2022 წლის 30 მაისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, დაზუსტებული მოთხოვნის ფარგლებში მოსარჩელემ მოითხოვა დაევალოს შპს „ჯ...ს“ თბილისის ზღვის წყალსაცავის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს დაცვის უწყვეტი ვიდეო მონიტორინგი. დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული მოსარჩელის მიერ მისი გამოხმობის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით კი, მოცემული საქმის წარმოება შეწყდა, რაც მოსარჩელე მხარეს ასევე აღარ გაუსაჩივრებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოცემული დავის განხილვის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენს შპს ,,ჯ...ს“ მიმართ ქმედების განხორციელების დავალება და აღნიშნული მოპასუხის ქმედება ვერ იქნება შეფასებული საკასაციო სასამართლოს მიერ, შესაბამისად, ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი შპს ,,ჯ...ს“ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს. ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ც-ის მოთხოვნა შპს ,,ჯ...სთვის“ 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს ა. ც-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ც-ის სასარგებლოდ, დავის საგნიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად; ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ც-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 000 (ათასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი 1 000 (ათასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად; ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ც-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი 1 250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება ა. ც-ის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ: თბილისის ზღვის წყალსაცავის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია (ტურბინიდან ხიდამდე და ხიდიდან სანაპირომდე - ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ზოლის გათვალისწინებით) შემოსაზღვროს ჯებირით და დაამონტაჟოს საინფორმაციო აბრები, რომლებზეც აღნიშნული იქნება საშიშროებიდან გამომდინარე ბანაობის აკრძალვა;
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ც-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით;
6. ა. ც-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ც-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ც-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 000 (ათასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი 1 000 (ათასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ც-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი 1 250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე