Facebook Twitter

№ბს-642(კ-24) 25 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. მ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ. მ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დ. მ-ეის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე’’, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 15 ივნისის №01-06/307 დადგენილების ბათილად ცნობა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით დ. მ-ეის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. შეჩერდა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დ. მ-ეის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 15 ივნისის №01-06/307 დადგენილების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით დ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დ. მ-ეის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 15 ივნისის №01-06/307 დადგენილება, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №5-ში, დ. მ-ეის მიერ განხორციელებული უნებართვო მშენებლობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) დავალების ნაწილში. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ და დ. მ-ეის მიერ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

კასატორის განმარტებით, დ. მ-ეის მიერ ქ. ბათუმში, ...ის ქ. №5-ში, განხორციელდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ, ობიექტის შესწავლის შედეგად დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზემოაღნიშნული მშენებლობა საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული ნებისმიერი სახის მშენებლობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას (პირველ კლასს მიკუთვნებული ობიექტის შემთხვევაში - შეთანხმებას) წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელებული მშენებლობა განიხილება, უნებართვო მშენებლობად. მოცემულ შემთხვევაში, დ. მ-ეს არ გააჩნდა მშენებლობის ნებართვა და არც შეთანხმებული რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი იქნებოდა. ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით 2019 წლის 06 დეკემბერს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ დ. მ-ეის მიმართ გაიცა მითითება №204 და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითების თანახმად, დ. მ-ეს დაუყონებლივ უნდა შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და 10 (ათი) დღის ვადაში მოეყვანა ობიექტი პირვანდელ მდგომარეობაში. საქმისწარმოების პროცესში, 2020 წლის 25 თებერვალს ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის” სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გადამოწმდა ობიექტი და დადგინდა მითითების შეუსრულებლობის ფაქტი - დ. მ-ეს არ განუხორციელებია ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა/დემონტაჟი. შესაბამისად, დ. მ-ეის მიმართ შედგა შემოწმების აქტი №90. აღნიშნული შემოწმების აქტი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით 2020 წლის 26 თებერვალს განთავსდა ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალა.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” საქართველოს კანონის 125-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, დ. მ-ეს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული კანონის 125-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, ეცნობა საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა. მიუხედავად ამისა, 2020 წლის 17 მარტს დ. მ-ე ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურში საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა.

ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის” სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გათვალისწინებულ იქნა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მოთხოვნები და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” საქართველოს კანონის 135-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2020 წლის 17 აპრილს გამოიცა №01-06/168 დადგენილება - სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დ. მ-ეის მიმართ მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადის 2 თვით გაგრძელების თაობაზე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №5-ში, უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი დ. მ-ეს არ განუხორციელებია და არც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული/შეთანხმებული სანებართვო დოკუმენტაცია წარმოუდგენია ადმინისტრაციული ორგანოსათვის.

კასატორის განმარტებით, ვინაიდან სამართალდარღვევის ფაქტი მოსარჩელის მიერ ჩადენილია „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, პასუხისმგებლობის დაკისრებისას გამოყენებულ იქნა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, რომლის 43-ე მუხლის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დ. მ-ე დაჯარიმდა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობისათვის და ასევე, დავალდებულდა შეეჩერებინა აღნიშნული მშენებლობა და მოეყვანა ობიექტი პირვანდელ მდგომაროებაში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) დ. მ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ...ის დასახლება, დაზუსტებული ფართობი 253.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა 56.49 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., უფლების რეგისტრაციის თარიღი 2013 წლის 15 თებერვალი (ს.ფ. 17-20); ბ) 2019 წლის 6 დეკემბერს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ დ. მ-ეის მიმართ შედგენილ იქნა №204 მითითება, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №5-ში, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე დ. მ-ემ უნებართვოდ აწარმოა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. მითითებით დ. მ-ეს განესაზღვრა 10 დღის ვადა დარღვევის გამოსწორების მიზნით და დაევალა სამშენებლო სამუშაოების დაუყონებლივ შეჩერება, ასევე, უნებართვოდ აშენებული შენობის დემონტაჟი (ს.ფ. 58-59); გ) 2020 წლის 25 თებერვალს, ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ თანამშრომლებმა შეამოწმეს დ. მ-ეის მიერ №204 მითითების პირობების შესრულება და იმავე დღეს შედგენილი №90 შემოწმების აქტით დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ მითითების პირობები შესრულებული არ იყო, დაწესებულ 10 დღიან ვადაში დ. მ-ეს არ განუხორციელებია შენობის დემონტაჟი (ს.ფ. 60-61); დ) ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ დირექტორის 2020 წლის 17 აპრილის №01-06/168 დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დ. მ-ეის მიმართ მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით (ს.ფ. 74-76); ე) ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ დირექტორმა 2020 წლის 15 ივნისს გამოსცა №01-06/307 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დ. მ-ეის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“, რომლის თანახმად, დ. მ-ეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერება და დადგინდა მშენებლობის საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი (ს.ფ. 85-89); ვ) სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ბათუმი, დასახლება ...ი, ...ის ქუჩა №5-ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე 253.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 56.49 კვ.მ შენობა-ნაგებობა არის სწორედ ის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა, რომლის უნებართვო მშენებლობისათვის ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის’’ 2020 წლის 15 ივნისის №01-06/307 დადგენილებით დ. მ-ეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა, 3 000 ლარის ოდენობით, დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერება და დადგინდა, მშენებლობის დემონტაჟი (ს.ფ. 17-18, 85-89).

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით დ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დ. მ-ეის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 15 ივნისის №01-06/307 დადგენილება, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №5-ში, დ. მ-ეის მიერ განხორციელებული უნებართვო მშენებლობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) დავალების ნაწილში. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისა“ და დ. მ-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს დემონტაჟის დავალების ნაწილში ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 15 ივნისის №01-06/307 დადგენილების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (მე-9 ნაწილი). შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა. ამ თავით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (მე-13 და მე-14 ნაწილები).

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მშენებლობის განხორციელების დროს მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2.03.2020 წ. №139 დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე მუხლის 36-ე პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არის პირობები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე. ამ პირობათა საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ. მ-ემ ქ. ბათუმში, დასახლება ..., ...ის ქუჩა №5-ში, მის საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდის მქონე 253.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აწარმოა 56.49 კვ.მ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რისთვისაც მას არ ჰქონდა კანონის დადგენილი წესით გაცემული მშენებლობის ნებართვა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულებით „აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-13). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ სადაო 56.49 კვ.მ საცხოვრებელი სახლი 2013 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დ. მ-ეის სახელზე. შესაბამისად, მასთან დაკავშირებული მოსარჩელის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ საგამონაკლისო და განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს, თუ რამდენად ეფუძნება სადავო საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის მოსარჩელისათვის დაკისრება შესაბამის ლეგიტიმურ მიზნებს და წარმოადგენს თუ არა იგი მოსარჩელის უფლებაში პროპორციულ ჩარევას,

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბს-240(2კ-24) (25/06/2024) საქმეზე განმარტა შემდეგი: ,,სამშენებლო წესრიგის სამართალი არის მართლწესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აწესრიგებს მართლწესრიგის სამართლით დაცული სიკეთეებისათვის სამშენებლო საქმიანობით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების საკითხებს. უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობით გამოწვეული ზოგადი საფრთხე გამომდინარეობს სამშენებლო სამართლის ფორმალური და მატერიალური ზოგად-აბსტრაქტული დებულებების დარღვევისგან და ქმნის საფუძველს უფლებაში ჩარევისა და მშენებლობის აკრძალვისათვის. მშენებლობის აკრძალვის საფუძველი – უნებართვო მშენებლობა ფორმალურად სახეზეა, როდესაც ის ხორციელდება სამშენებლო ნებართვის ან შეტყობინების გარეშე, რაც საკმარისი საფუძველია. სამშენებლო კოდექსი მშენებლობაზე ზედამხედველობის ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, რეპრესიული კონტროლის ფარგლებში განახორციელოს ჩარევითი ღონისძიება. ეს, პირველ რიგში, მიმართულია უკანონო მშენებლობისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი დასრულება ან შენობის ექსპლუატაციაში მიღება. ჩარევის სამართლებრივი საფუძვლები ასევე ადგენს კანონიერი სამშენებლო საქმიანობის მიმართ ჩარევის შესაძლებლობას, როდესაც იცვლება მშენებლობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძვლები. ორივე შემთხვევას აქვს ის საერთო, რომ მიმართულია საფრთხის თავიდან ასაცილებლად. სამშენებლო წესრიგის სამართლის ღონისძიების განხორციელების საფუძვლების შემოწმება მოითხოვს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლას. მშენებლობის ნებართვის უფლება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებიდან. ის, როგორც საფრთხის თავიდან აცილების პრევენციული საშუალება, შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისი პროცედურების გავლით გამოირიცხოს მშენებლობის განხორციელებით დამდგარი საფრთხეები. შენობის დემონტაჟის, როგორც სამშენებლო წესრიგის დაცვის ინსტრუმენტის, გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს ფორმალურად და მატერიალურად უკანონო მშენებლობა – მხოლოდ ერთ-ერთის არსებობა არ არის საკმარისი მის გამოსაყენებლად. მშენებლობის ნებართვის გარეშე განხორციელებული მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს, მატერიალური კანონიერების თვალსაზრისით, არის ლეგალური, თუმცა დარღვეულია ფორმალური კანონიერების კრიტერიუმი, რამდენადაც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ მომხდარა მისი კანონთან შესაბამისობის შემოწმება. ფორმალური კანონიერების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია მისი ფორმალური კანონიერების ფარგლებში მოქცევა. თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი. ასეთი შენობის დემონტაჟი წინააღმდეგობაში მოვა არა მარტო კონსტიტუციის გარანტირებულ საკუთრების უფლებასთან, არამედ თანაზომიერების კონსტიტუციურ პრინციპთან, რამდენადაც, შენობის დემონტაჟის შემთხვევაში, თავიდან უნდა დაიწყოს ფორმალური პროცედურები, რაც ითხოვს დამატებით დროსა და რესურსს. ასევე, ფორმალურად კანონიერი, მაგრამ მატერიალურად უკანონო მშენებლობის ნებართვაც ვერ დაექვემდებარება დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილებას, რამდენადაც შესაძლებელია, კანონიერი ნდობა არსებობდეს ასეთი (მატერიალურად უკანონო) აქტის მიმართ მხოლოდ ფორმალურად და მატერიალურად არალეგალური შენობა-ნაგებობა მოდის წინააღმდეგობაში საჯაროსამართლებრივ სამშენებლო წესრიგთან და ქმნის შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს’’.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოქმედებდეს თანაზომიერების პრინციპის დაცვით. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას იგი ერთი მხრივ, შეზღუდულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნით და მეორე მხრივ, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეული შემზღუდველი ხასიათის ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი. თანაზომიერების პრინციპი კრძალავს მმართველობითი ღონისძიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას. ეს პრინციპი, თავის მხრივ, გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპიდან, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა იმდენად არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო ინტერესების დაცვისათვის გარდაუვალი საშუალებაა. თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება. საშუალებასა და მიზანს შორის თანაზომიერების შემოწმება ხდება შემდეგი ნაბიჯების გავლით: პირველი ნაბიჯი – მიზნის დადგენა; მეორე ნაბიჯი – შესაფერისობის დადგენა; მესამე ნაბიჯი – აუცილებლობის დადგენა; მეოთხე ნაბიჯი – პროპორციულობის დადგენა (ბს-240(2კ-24) (25/06/2024)).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის, სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო, მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, არც ერთი ინტერესის დაცვა არ უნდა მოხდეს მეორე ინტერესის არაპროპორციულად და გაუმართლებლად შეზღუდვის ხარჯზე (სუსგ Nბს-468-465(კ-17), 21.01.2020წ.).

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ 15.12.2023წ. კანონით ცვლილება შევიდა და კოდექსს დაემატა 1418 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი დამხმარე შენობა-ნაგებობებით (მისი არსებობის შემთხვევაში), გარდა ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველო მთავრობის მიერ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ობიექტებისა, არ საჭიროებს ლეგალიზებას და მიიჩნევა კანონიერად.

,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141​8 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ოქტომბრის №352 დადგენილებით დამტკიცდა თანდართული ის გეოგრაფიული არეალები და მათი სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში მომზადებული საზღვრების ელექტრონული ვერსიები, სადაც ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) კანონიერად მიჩნევისთვის საჭიროა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი კრიტერიუმის დაკმაყოფილება. დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თუ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა), მათ შორის, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) აკმაყოფილებს კოდექსის 1418 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ წარდგენილი არ არის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა, საცხოვრებელ სახლზე (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) გაიცემა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, შენიშვნით: „სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე“ და იგი აისახება საკადასტრო გეგმაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის და სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია