საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-73(კ-24) 18 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სპეციალური პენიტენციური სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ტ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 14 სექტემბერს ა. ტ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა: ა. ტ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 15 აგვისტოს №17792 ბრძანების ბათილად ცნობა; სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ა. ტ-ი აღდგება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ...ის, ...ის პოზიციაზე ან ტოლფას თანამდებობაზე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ა. ტ-ისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება 2022 წლის 15 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1 430 (ათას ოთხას ოცდაათი) ლარის ოდენობით (დარიცხული); დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოსარჩელე ა. ტ-ის მიმართ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მოსარჩელე ა. ტ-ისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ა. ტ-ი 2021 წლის 27 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში, ...ის პოზიციაზე, კერძოდ, ...ად, ქალთა მე-5 დაწესებულებაში. 2022 წლის მაისში ა. ტ-ის დაუდასტურდა ორსულობა, რასაც თან ახლდა საავადმყოფო ფურცლის გახსნა. მოსარჩელის განმარტებით, ამის შემდგომ მის მიმართ დაიწყო დისკრიმინაციული მოპყრობა და შევიწროვება. პირველი აშკარა და დაუფარავი უთანხმოება კი გამოიწვია მოსარჩელის მიერ მის ხელთ არსებული ინფორმაციის, კანონის შესაბამისად ორსული ქალის ღამის ცვლაში დასაქმების აკრძალვის შეხსენებამ. აღნიშნულის გამო, იგი დაიბარეს სამინისტროში, სადაც ჯგუფის ხელმძღვანელის ზემდგომის მხრიდან მოუწია დისკრიმინაციული ფრაზების მოსმენა და ა. ტ-ი ქალთა მე-5 დაწესებულებიდან გადაიყვანეს ... დაწესებულებაში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული მისთვის დიდი სტრესი იყო, ვინაიდან ეს ორი დაწესებულება აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკით მუშაობს. ... დაწესებულებაში გადაყვანიდან მალევე, სტრესისა და ნერვიულობის ფონზე ა. ტ-ის დაეწყო მუცლის საშინელი ტკივილები, რის გამოც კვლავ მოუწია გაეხსნა საავადმყოფო ფურცელი. აღნიშნულის შემდგომ, იგი ისევ იქნა დაბარებული სამინისტროში, სადაც კვლავ მოუწია შეურაცხმყოფელი ფრაზების მოსმენა, მას 10 დღე შვებულებაც კი მისცეს (რომელიც არ მოუთხოვია) მოსაფიქრებლად, თუ როგორ აპირებდა გაგრძელებას და პარალელურად უწევდა იმის მოსმენა, რომ აჯობებდა თავისით დაეწერა განცხადება და წასულიყო. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამინისტროში ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას მას ჯგუფის ხელმძღვანელის ზემდგომმა პირმა უთხრა, რომ მისი მდგომარეობის მიუხედავად, კვლავ გადაიყვანდა ღამის ცვლაში, ღამის ცვლაში მუშაობის ალტერნატივა კი სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკის დაწერა და წასვლა იყო. მოსარჩელის განმარტებით, მძიმე ემოციური ფონის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეურაცხყოფის, სტრესისა და ნერვიულობის ფონზე, იმის გათვალისწინებით, რომ კვლავ ღამით მორიგეობა მოუწევდა, შეშინებულმა დაწერა განცხადება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას სურდა სამსახურიდან წასვლის მიზეზის მითითება, თუმცა უთხრეს, რომ პატაკში აღნიშნულის მითითება არ შეიძლებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 15 აგვისტოს N17792 ბრძანება, ა. ტ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ; სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ა. ტ-ი აღდგება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ...ის, ...ის პოზიციაზე ან ტოლფას თანამდებობაზე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაეკისრა ა. ტ-ისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 15 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1 430 (ათას ოთხას ოცდაათი) ლარის ოდენობით (დარიცხული); დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4 მუხლებზე, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 31-ე, 32-ე მუხლებზე, პატიმრობის კოდექსის 71 მუხლზე, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №635 ბრძანების მე-8, მე-9 მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის განმარტებით, მართალია მან დაწერა პატაკი სამსახურიდან წასვლის თაობაზე, თუმცა მის მიერ გამოხატული ნება არ შეესაბამებოდა ნამდვილ ნებას, ვინაიდან ამ ნებაზე ზეგავლენა მოახდინა პენიტენციურმა სამსახურმა. კერძოდ, ა. ტ-ი მიიჩნევს, რომ მის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც მას ორსულობა დაუდასტურდა და ცდილობდნენ ის მიეყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე. ბიულეტინის გახსნასთან დაკავშირებით პრეტენზიების მოსმენა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, უარი გრაფიკების ცვლილებაზე, გადაყვანა სხვა დაწესებულებაში, ამას დამატებული მუდმივი დაბარებები სამინისტროში, ყველაფერი იმას მიუთითებდა, რომ მოსარჩელეს უნდა დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის Nბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილებაზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის მოსარჩელე იყო დაახლოებით 16 კვირის ორსული, როდესაც მან დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. მოსარჩელის ფსიქოემოციური ფონი ძლიერ იყო შეცვლილი ორსულობის პერიოდში, მით უმეტეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მას საკმაოდ გართულებული ორსულობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ არ გამოიკვლია ა. ტ-ის მიერ დაწერილ განცხადებას რა ედო საფუძვლად, რისი დასტურიც არის თუნდაც იმავე დღესვე განცხადების დაკმაყოფილება. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სადავოს არც ის გარემოება წარმოადგენს, რომ მოსარჩელის მიმართ არ ყოფილა არცერთი დისციპლინური პასუხისმგებლობა დაწესებული, იგი პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. ამასთან, მოსარჩელე ქალთა მე-5 დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა ... დაწესებულებაში, რამაც კიდევ უფრო გააუარესა ორსული ქალის ფსიქოემოციური ფონი.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ისე მიიღო გადაწყვეტილება ორსული ქალის გათავისუფლების შესახებ, რომ არ ჩაუტარებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური აქტის გამოსაცემად; არ დაინტერესებულა რამ განაპირობა მის მიერ განცხადების დაწერის სურვილი სამსახურიდან წასვლის თაობაზე; რატომ არ იყენებდა კანონით მინიჭებულ უფლებას დეკრეტული შვებულების აღებაზე; არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, როგორიცაა ნების ნამდვილობა; ასევე, რა შედეგების მომტანი იქნებოდა ეს მისთვის, ბავშვის ინტერესებისათვის; სრულად აცნობიერებდა თუ არა ნების გამოვლენის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებს და ა.შ. ყოველივე აღნიშნულს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო აქტის გამოცემისთვის. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალების საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოთხოვნები დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის (მოპასუხე) სააპელაციო საჩივრის პირობებში, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობა წარმოადგენს, რამდენადაც გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელის - ა. ტ-ის მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 15 აგვისტოს №17792 ბრძანების ბათილად ცნობის, ა. ტ-ის სამსახურში აღდგენის და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 31-ე, 32-ე მუხლებზე და სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ა. ტ-ის სამსახურიდან დათხოვნისას არ გამოიკვლია მის მიერ დაწერილ განცხადებას რა დაედო საფუძვლად. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის (სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერისას) მოსარჩელე იყო დაახლოებით 16 კვირის ორსული და მისი ფსიქოემოციური ფონი ძლიერ იყო შეცვლილი ორსულობის პერიოდში (საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მას საკმაოდ გართულებული ორსულობა ჰქონდა. 16.05.2022-დან 25.05.2022-ის ჩათვლით, ასევე 02.06.2022-დან 23.06.2022-ის ჩათვლით ა. ტ-ი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე მისი ორსულობიდან გამომდინარე შექმნილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო), ადმინისტრაციულმა ორგანომ ა. ტ-ის განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, იმავე დღესვე დააკმაყოფილა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა 16 კვირის ორსული ა. ტ-ი, რომლის მიმართ არ ყოფილა არც ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობა დაწესებული და რომელიც პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას, პატაკის საფუძველზე ისე გაათავისუფლა, რომ არც დაინტერესებულა რა გარემოებებით იყო გამოწვეული სურვილი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რა შედეგების მომტანი იყო ეს მისთვის, ბავშვის ინტერესებისთვის, სრულად აცნობიერებდა თუ არა ნების გამოვლენის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას და ა.შ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 54-ე მუხლებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის Nბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, მართალია, არის მისი ნების გამოვლენა, თუმცა ნება გამოვლენილი უნდა იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებისგან და ზეწოლისგან დაცულად. ამდენად, ნების თავისუფალი გამოვლენის საკითხი გამოკვლევას და შეფასებას ექვემდებარება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, ვერ დგინდება, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება (პატაკი) წარმოადგენდა მისი ნამდვილი ნების გამოხატვას.
ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელთა თაობაზე გამოსაცემი აქტი მიღებულ იქნეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 109-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 პუნქტებზე და განმარტა, რომ ა. ტ-ის მიერ პატაკით მიმართვის ფაქტი ვერ ჩაითვლება ერთადერთ პირობად მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების უპირობოდ გამოსაცემად, რადგან მოსარჩელის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლი პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია და ავტომატურად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე არ განაპირობებს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ა. ტ-ი იმავე დღიდან გაათავისუფლა თანამდებობიდან, როდესაც მან პატაკით მიმართა უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ა. ტ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის არ დაიცვა ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არსებობდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 15 აგვისტოს №17792 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე კი არსებობდა მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
კასატორი მიუთითებს პატიმრობის კოდექსის 71 მუხლზე, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №635 ბრძანების მე-8, მე-9 მუხლებზე, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლზე, ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის N52 ბრძანების 48-ე მუხლზე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, ა. ტ-ი სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდა განცხადების დაწერის დღიდანვე - 2022 წლის 15 აგვისტოდან. შესაბამისად, სამსახურს კანონით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადა არ დაურღვევია. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სამსახურს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა ეჭვი შეეტანა სამსახურიდან წასვლის შესახებ ა. ტ-ის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობაში, მით უფრო, რომ მოსარჩელეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობის მთელი დროის მანძილზე არცერთხელ არ დაუფიქსირებია პრეტენზია და არ მიუმართავს ხელმძღვანელობისთვის ან სხვა რომელიმე ორგანოსთვის, არ დაუწერია განცხადება სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში და არ განუხორციელებია რაიმე სახის ქმედება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა სამსახურიდან წასვლის შესახებ მის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განჩინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე მისი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2021 წლის 29 ოქტომბრის №16585 ბრძანებით, ა. ტ-ი დაინიშნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ...ის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო 2021 წლის 29 ოქტომბრის №16635 ბრძანებით, ა. ტ-ის მიენიჭა უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდება - „...ი“.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2021 წლის 2 ნოემბრის №16843 ბრძანებით, ა. ტ-ის, მისივე თანხმობით, სამუშაო ადგილად განესაზღვრა №5 პენიტენციური დაწესებულება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 19 აპრილის №7405 ბრძანებით, ა. ტ-ი დაინიშნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ...ის თანამდებობაზე (სპეციალური წოდება - „...ი“) 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
2022 წლის 16 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ა. ტ-ი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებულია, რომ იგი იყო ორსულად.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 27 მაისის №10158 ბრძანებით, ა. ტ-ის, მისივე თანხმობით, სამუშაო ადგილად განესაზღვრა №8 პენიტენციური დაწესებულება.
2022 წლის 2 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ა. ტ-ი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 22 ივნისის №12214 ბრძანებით, ა. ტ-ის მიეცა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 2022 წლის 27 ივნისიდან 2022 წლის 6 ივლისის ჩათვლით.
ა. ტ-ის 2022 წლის 15 აგვისტოს პატაკის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 15 აგვისტოს №17792 ბრძანებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ...ი, „...ი“ ა. ტ-ი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან 2022 წლის 15 აგვისტოდან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ ა. ტ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 15 აგვისტოს №17792 ბრძანების კანონიერებას. ამასთან, მის თანმდევ მოთხოვნებს წარმოადგენს მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ადგენდა, რომ სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს პირადი პატაკის საფუძველზე. ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს პირადი განცხადების საფუძველზე. თავის მხრივ, პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების წესებს განსაზღვრავს ამავე კანონის 109-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა. ტ-იმა პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა სამსახურიდან დათხოვნა, 2022 წლის 15 აგვისტოდან. შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ადგილი არ ჰქონია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დარღვევას, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ვინაიდან ა. ტ-ის პატაკი შეიცავდა სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტულ თარიღს. შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანების თანახმად, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა სწორედ მის მიერ მითითებული თარიღიდან - 2022 წლის 15 აგვისტოდან. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხის მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ჩაუტარებლობის შესახებ მითითებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს მმართველობის სფეროს ზოგად მოწესრიგებას, სპეციალური ნორმის არსებობის შემთხვევაში კი მოქმედებს სპეციალური მოწესრიგება. ამდენად, სზაკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე მითითება არ ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მართალია ადასტურებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პირადი პატაკის მის მიერ დაწერის ფაქტს, თუმცა მიუთითებს, რომ აღნიშნული განახორციელა მძიმე ემოციური ფონის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სტრესისა და ნერვიულობის ფონზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოები მიუთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის Nბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ იმსჯელა ორსული პირის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების თაობაზე და განმარტა, რომ ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფსიქოემოციური სფეროს ცვლილებების გამო, აუცილებელია მისი ნების ნამდვილობის გამოკვლევა არა სტანდარტულ, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურ შეფასებას დაექვემდებაროს. ამასთან, აღინიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა ჩატარებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური აქტის გამოსაცემად, რა დროსაც იგი ვალდებული იყო მიუკერძოებლად გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის Nბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვის არ იყო მიღებული ამჟამად მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის კანონი და არ არსებობდა მითითებული კანონის 109-ე მუხლით დადგენილი რეგულაცია, 14 დღიანი ვადის გამოყენებისა და გამონაკლისის სახით, მოხელის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე. მითითებულ პერიოდში მოქმედებდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის კანონი, რომლის 95-ე მუხლი ადგენდა, რომ პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებლობის ცვლილების პირობებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის Nბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილებით დადგენილი განმარტებების უპირობოდ გამოყენება და სადავო შემთხვევაზე გავრცელება, არასწორია.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. მითითებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ 14 დღიანი ვადა დაწესებულია დამცავ მექანიზმად, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურიდან წასვლის პროცესის გონივრულად წარმართვას, თუმცა იგი შეიძლება გამოირიცხოს იმ პირობებში, როდესაც მოხელის განცხადება შეიცავს დაუყოვნებლივი გათავისუფლების მკაფიო მოთხოვნას და მოცემული გარემოება არ ქმნის საფრთხეს უწყების შეუფერხებელი საქმიანობისთვის. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ვალდებულება, გაათავისუფლოს მოხელე მის მიერ მითითებულ თარიღში, ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევის გარეშე. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც განცხადებაში მითითებულია კონკრეტული თარიღი, ადმინისტრაციულ ორგანო არ ელოდება 14 სამუშაო დღის გასვლას, თუკი ეს არ არღვევს დაწესებულების საქმიანობის უწყვეტობას. ამდენად, მითითებული ნორმის მიზანი არა მხოლოდ საჯარო სამსახურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების დაცვაა, არამედ ამავდროულად ემსახურება დასაქმებული პირის შრომის თავისუფლების პრინციპის უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კანონმდებლობით გარანტირებულია ყოველი პირის უფლება თავისი თავისუფალი და ნამდვილი ნების საფუძველზე გააგრძელოს დაკავებულ თანამდებობაზე სამსახური ან დატოვოს კონკრეტული თანამდებობა. მოსამსახურის სურვილი, აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე, გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, რაც მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან პირიქით უარი თქვას შრომაზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული (სუსგ 11.01.2018წ. №ბს-663-659(კ-17)). ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები, კერძოდ, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან (სუსგ 05.11.2014წ. Nას-649-616-2014). ამრიგად, მხოლოდ ნამდვილი და თავისუფალი ნების გამოხატვამ უნდა გამოიწვიოს პირის სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებების ერთობლიობას, რომლებიც მიუთითებს მოსარჩელის მიერ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების ნებაყოფლობით და რეალურ ხასიათზე. იყო თუ არა განცხადება გაკეთებული ისეთი ფსიქოემოციური მდგომარეობის ფონზე, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონია მოსარჩელის ნებაზე, ან იკვეთება თუ არა მტკიცებულებებით იძულების ან ზეწოლის ფაქტი.
განსახილველ შემთხვევაში, ორსული პირის ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი ნების ნამდვილობის შეფასების საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, ა. ტ-ის ორსულობა დაუდასტურდა 2022 წლის მაისში. აღნიშნულის შემდგომ, იგი ორჯერ იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, ასევე, ისარგებლა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით და 2022 წლის აგვისტოში წარადგინა პირადი პატაკი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ცალსახაა, რომ შვებულების პერიოდში მას ჰქონდა დროებითი დისტანცირება სამსახურებრივ გარემოსთან, რაც ამცირებს ალბათობას, რომ განცხადება გაკეთდა მყისიერად ან სტრესული ფაქტორების უშუალო ზეგავლენით. მნიშვნელოვანია, რომ განცხადება შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, 2022 წლის 15 აგვისტოს, კეთდება კონკრეტული თარიღის მითითებით, სწორედ აღნიშნული თარიღიდან ითხოვს იგი გათავისუფლებას. საქმის მასალებში არ მოიპოვება იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელემ მისი ორსულობის დადასტურებიდან სამსახურიდან გათავისუფლებამდე პერიოდში რაიმე პრეტენზია წარადგინა ხელმძღვანელ პირთან, სხვა უფლებამოსილ პირთან ან სხვა ორგანოში, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა სამსახურიდან წასვლის შესახებ მის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობას. ამდენად, არ დასტურდება სტრესის ზეგავლენის, განსაკუთრებული ფსიქოემოციური ფონის არსებობის ან ხელმძღვანელი პირების ზეწოლის გამო მოსარჩელის მიერ სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 27 მაისის №10158 ბრძანებით, ა. ტ-ის, მისივე თანხმობით, განესაზღვრა სამუშაო ადგილად №8 პენიტენციური დაწესებულება და მას ამის თაობაზე არანაირი პრეტენზია, არც ერთ ეტაპზე არ დაუფიქსირებია. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნები სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-620(კ-19)) განმარტა, რომ ,,მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.“
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ სარჩელში დაფიქსირებული მოსარჩელის განმარტებები, სამსახურიდან წასვლის შესახებ მის ნებაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ზეგავლენასთან დაკავშირებით, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობისა და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების გათვალისწინებით, ვერ გახდება მოსარჩელის პოზიციის გაზიარების საფუძველი. ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე იყო ორსულად, მოპასუხეს უპირობოდ არ ანიჭებდა ვალდებულებას ეჭვი შეეტანა ორსული მოხელის მიერ გამოხატულ ნებაში სამსახურიდან კონკრეტული თარიღიდან წასვლის თაობაზე და ეწარმოებინა დამატებითი კვლევა ორსულის ნების ნამდვილობის დასადგენად. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური გარემოებები ამგვარ საფუძველს არ ქმნიდა. გარდა ამისა, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ფაქტის არარსებობა, არარელევანტურია პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვის ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 15 აგვისტოს №17792 ბრძანება ა. ტ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, არ არსებობს მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე