Facebook Twitter

№ბს-34(კ-24) 5 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ს...“

მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 5 აპრილს სს „ს...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის (2022 წლის 01 იანვრიდან - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №06.38213261 ბრძანებისა (სს ,,ს...ს“ დაჯარიმებისა და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების დემონტაჟის თაობაზე) და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 08 თებერვლის №ბ38.382203915 ბრძანების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ს...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №06.38213261 ბრძანება და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 08 თებერვლის №ბ38.382203915 ბრძანება. მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებებზე და აღნიშნა, რომ სამშენებლო საქმეზე სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის მიმართ 2021 წლის 27 აგვისტოს გაიცა N14 მითითება, რომელშიც დარღვევის სახეობად მითითებული იყო: ქ. რუსთავი, სს ,,ს...ს“ მიერ ...ის ... გასასვლელების მიმდებარე ტერიტორიაზე ს.კ ... და ს.კ ... შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე განთავსებული იყო ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ს...ს ანძები და 2 შენობა-ნაგებობა (ჯიხური). მითითებით მხარეს განესაზღვრა 30 დღიანი ვადა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ან/და დარღვევის გამოსწორებითვის.

2021 წლის 27 სექტემბერს დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ არ იყო შესრულებული მითითებით გასატარებელი ღონისძიებები. მოსარჩელესთან კომუნიკაციის შედეგად, სადემონტაჟო სამუშაოებისათვის სს „ს...ს“ დამატებით განესაზღვრა ვადა 2021 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის 21.10.2021 2021 წლის 21 ოქტომბრის N03/214 ოქმით დგინდებოდა, რომ საქმის განხილვაზე გამოცხადებულმა სს ,,ს...ს“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ ... კოდზე განთავსებული მიწის ნაკვეთი ჰქონდათ იჯარით აღებული და ელოდებოდნენ ნებართვას, რათა გადაეტანათ ჯიხურები და ანძები მითითებულ ტერიტორიაზე. ნებართვის აღების მიზნით მიმართული ჰქონდათ არქიტექტურის სამსახურისთვის. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა დამატებითი ვადა. საკითხის განხილვა გადაიდო 2021 წლის 22 ნოემბერს, 11:00 საათზე.

2021 წლის 22 ნოემბრის N03/270 ოქმით დგინდებოდა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ განსაზღვრულიყო მაქსიმალური ვადა. 2021 წლის 22 ნოემბრის საქმის განხილვის სხდომაზე მოსარჩელე სს ,,ს...ს“ წარმომადგენლის მოთხოვნა 2 თვით დემონტაჟის ვადის გაგრძელების თაობაზე - მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ არ დაკმაყოფილდა.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ 2021 წლის 22 ნოემბერს მიღებული იქნა N06.38213261 ბრძანება სს ,,ს...ს“ დაჯარიმების, შენობა-ნაგებობის და ანძების დემონტაჟის შესახებ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 08.02.2022 წლის N38.382203915 ბრძანებით სს ,,ს...ს“ 2021 წლის 07 დეკემბრის N10/3821341178-38 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის 22.11.2021 წლის N06.38213261 ბრძანება.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 25 იანვრის N382202580 წერილით მოსარჩელეს მისი 2021 წლის 18 ოქტომბრის N... განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების მე- 5 მუხლისა და დანართი 1-ის შესაბამისად, სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განთავსებული 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 მ3-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. აღნიშნულიდან გამომდინარე ეთქვა თანხმობა - ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ქ. რუსთავი, მე-... დასავლეთით მიმდებარედ, ს/კ ..., ფიჭური კავშირგაბმულობის სადგურის მოწყობის მიზნით, სატელეკომუნიკაციო ანძა დამონტაჟების თაობაზე, წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად განისაზღვრა 1 (ერთი) თვე.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელემ დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოცემამდე დაიწყო სამართალდარღვევის აღმოფხვრა. კერძოდ, მან მიმართა არქიტექტურის სამსახურს შესაბამისი სამუშაოების განხორციელებაზე დასტურის მისაღებად, რის თაობაზე ასევე აცნობა ზედამხედველობის სამსახურს და მოითხოვა დამატებითი ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლი ზედამხედველობის ორგანოს აძლევს შესაძლებლობას გააგრძელოს საქმის განხილვის ვადა შემოწმების აქტის შედგენიდან 4 თვემდე ვადით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო დადგენილება მოსარჩელის დაჯარიმების თაობაზე. ამასთან, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 25 იანვრის №05-382202580 წერილით მოსარჩელეს მიეცა თანხმობა სამუშაოების განხორციელებაზე. მოსარჩელემ, 2022 წლის 28 იანვრის განცხადებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას განუმარტა, რომ სს ,,ს...ს“ უკვე დაწყებული ჰქონდა სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების დემონტაჟისა და ალტერნატიულ ლოკაციაზე მონტაჟის პროცედურები.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დარღვევის გამოსასწორებლად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეცა შესაძლებლობა მოსარჩელისათვის, მოპასუხეს უნდა გაეგრძელებინა ადმინისტრაციული წარმოების ვადა დამატებით 2 თვემდე ვადით, რის შესაძლებლობასაც მას კანონმდებლობა აძლევდა და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, სს „ს...ს“ არაერთხელ გაუგრძელდა ვადა დემონტაჟის განხორციელების მიზნით, თუმცა უშედეგოდ. სს „ს...მა“ უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი დაუკავშირა ახალი ნებართვის აღებას, რაც დამოუკიდებელია აღნიშნული წარმოებისგან. უნებართვო მშენებლობა და ობიექტის დემონტაჟი, კანონმდებლობის თანახმად, არცერთ შემთხვევაში არ ექვემდებარება შეჩერებას. გარდა ამისა, სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია ის გარემოება, რომ სამართალდარღვევა წარმოების დაწყებიდან 2 თვით ადრე გამოვლინდა და მხოლოდ 2 თვის შემდეგ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც ორჯერ გაგრძელდა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გარდა ამისა, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების დროს მხარეს ჰქონდა დრო დემონტაჟის განსახორციელებლად, თუმცა არც აღნიშნული წარმოების ვადაში არ განახორციელა დემონტაჟი, შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო სრულიად დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატას შეფასების გარეშე აქვს დატოვებული ასევე უშუალოდ უნებართვო მშენებლობა, რომელიც სახეზე იყო წარმოების ყველა ეტაპზე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №06.38213261 ბრძანებისა (სს ,,ს...ს“ დაჯარიმებისა და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების დემონტაჟის თაობაზე) და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 08 თებერვლის №ბ38.382203915 ბრძანების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას 31.05.2021 წელს N19/3821151242-38 კოლექტიური განცხადებით მიმართეს ...ის ... გასასვლელების მოსახლეობამ, რომლის თანახმადაც მითითებულ ტერიტორიაზე განთავსებული იყო ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ს...ს ანტენები, რომლებიც პირდაპირ ასხივებდა, აუარესებდა ადამიანის ჯანმრთელობას, მოქმედებდა ლიმფურ კვანძებზე და იწვევდა სიმსივნეს, თვის ტკივილებს და ა.შ. მოსახლეობა ითხოვდა აღნიშნული ანტენების გადატანას განთავსების ადგილიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის 2021 წლის 19 აგვისტოს 06-382123137 წერილის თანახმად, სამსახურის მიერ 2021 წლის 4 ივნისს განხორციელდა 2021 წლის 31 მაისის წლის №19/3821151242-38 განცხადებაში არსებული ფაქტების ადგილზე გადამოწმება, რა დროსაც დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთების - ს/კ ... და ს/კ ... შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია სს ,,ს...ს“ ანძები და ჯიხურები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,ს...ს“ წარმომადგენელი უნდა გამოცხადებულიყო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში და წარედგინა ანძებისა და ჯიხურების კანონიერად განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყებოდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

საქმეში წარმოდგენილი ქალაქ რუსთავი მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 5 აგვისტოს 05-382121789 წერილით დგინდება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე მსუბუქი კონსტრუქციების (ანძები, ჯიხურები) განთავსების თაობაზე შესაბამისი ნებართვა/თანხმობა არ გაცემულა.

2021 წლის 27 აგვისტოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის მიერ გაიცა №14 მითითება, რომელში დარღვევის სახეობად მითითებული იყო: ქ. რუსთავი, სს „ს...ს“ მიერ ...ის ... გასასვლელების მიმდებარე ტერიტორიაზე ს.კ. ... და ს.კ. ... მიწის ნაკვეთებს შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე განთავსებული იყო ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ს...ს ანძები და 2 შენობა-ნაგებობა (ჯიხური). ამავე მითითებით მხარეს განესაზღვრა 30 დღიანი ვადა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ან/და დარღვევის გამოსწორების თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 27 სექტემბრის №03/196 შემოწმების აქტით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ არ იყო შესრულებული №14 მითითებით გასატარებელი ღონისძიებები.

სს ,,ს...ს“ 2021 წლის 17 სექტემბრის №695/14-6 წერილით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ ქ. რუსთავში, სს ,,ს...ს“ მიერ ...ის ... გასასვლელების მიმდებარე ტერიტორიაზე ს.კ ... და ს.კ ... მიწის ნაკვეთებს შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე განთავსებული ანძებიდან და 2 შენობა-ნაგებობიდან (ჯიხური) სს „ს...ს“ საკუთრებაში იყო მხოლოდ ერთი კონტეინერი. ამავე წერილიდან ირკვეოდა, რომ №14 მითითების თანახმად, სს „ს...ს“ განზრახული ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული კონტეინერის დემონტაჟი, რისთვისაც ითხოვა დემონტაჟისთვის აუცილებელი მაქსიმალური ვადა.

საქმეში წარმოდგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 28 სექტემბრის №06-382127136 წერილით დგინდება, რომ სამსახურის მიერ დამატებით გადამოწმდა ფაქტი მითითებულ ანძებთან და შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც განიმარტა, რომ დადასტურდა წერილში მითითებული ფაქტი, იმასთან დაკავშირებით, რომ სს ,,ს...ს“ საკუთრებაში ნამდვილად იყო ტერიტორიაზე განთავსებული მხოლოდ ერთი კონტეინერი ანძებთან ერთად. აღნიშნულიდან გამომდინარე, წერილის საფუძველზე, სადემონტაჟო სამუშაოებისათვის მოსარჩელეს დამატებით განესაზღვრა ვადა 2021 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. ამავე წერილით სს ,,ს...ს“ ეცნობა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში დანიშნული იყო 2021 წლის 21 ოქტომბერს.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის 2021 წლის 21 ოქტომბრის №03/214 ოქმით დგინდება, რომ საქმის განხილვაზე გამოცხადებულმა სს ,,ს...ს“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი ჰქონდათ იჯარით აღებული და ელოდებოდნენ ნებართვას, რათა გადაეტანათ ჯიხურები და ანძები მითითებულ ტერიტორიაზე. ნებართვის აღების მიზნით მიმართული ჰქონდათ არქიტექტურის სამსახურისთვის. მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა დამატებითი ვადა. საკითხის განხილვა გადაიდო 2021 წლის 22 ნოემბერს.

სს ,,ს...ს“ 2021 წლის 18 ნოემბრის №870/14-6 წერილის თანახმად, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურს და მოითხოვა სს ,,ს...ს“ კუთვნილი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ალტერნატიულ ლოკაციაზე გადატანა/მონტაჟის თაობაზე თანხმობის გაცემა. ამავე წერილით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს ეცნობა, რომ მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ სს ,,ს...ს“ მარტივი შეტყობინების განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით და ითხოვა არქიტექტურის სამსახურის მიერ წარმოების დასრულებამდე დემონტაჟისთვის ვადის გაგრძელება. ამავე წერილის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს მოსთხოვა №14 მითითებით გათვალისწინებული დემონტაჟის ვადა გადაედო არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ სს „ს...ს“ №... განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. საქმეში წარმოდგენილი არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 11 ნოემბრის №3821315268 წერილით დგინდება, რომ განცხადების პასუხად მოსარჩელეს ეცნობა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელი იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოების ვადა განისაზღვრა 2 თვით.

2021 წლის 22 ნოემბრის №03/270 ოქმით დგინდება, რომ საქმის განხილვის სხდომაზე მოსარჩელე სს ,,ს...ს“ წარმომადგენლის მოთხოვნა 2 თვით დემონტაჟის ვადის გაგრძელების თაობაზე, მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ არ დაკმაყოფილდა. 2021 წლის 21 ნოემბრის საქმის განხილვის სხდომაზე გაიცა რეკომენდაცია 2021 წლის 27 აგვისტოს №14 მითითებით დაწყებული არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე სს „ს...ს“ მიმართ დაჯარიმების, შენობა-ნაგებობის და ანძების დემონტაჟის შესახებ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ 2021 წლის 22 ნოემბერს მიღებულ იქნა №06.38213261 ბრძანება სს ,,ს...ს“ დაჯარიმების, შენობა-ნაგებობის და ანძების დემონტაჟის შესახებ და სს ,,ს...ს“ (ს/ნ ...) დაეკისრა 6000 (ექვსი ათასი) ლარის გადახდა. ამავე ბრძანებით, სს ,,ს...ს“ დაეკისრა უნებართვოდ განთავსებული შენობა-ნაგებობის (ჯიხური) და ანძების (მისამართი: ქ. რუსთავი, ...ის ... გასასვლელების მიმდებარე ტერიტორია, ს/კ ... და ს/კ ... შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორია) დემონტაჟის განხორციელება შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

2021 წლის 22 ნოემბრის №06.38213261 ბრძანება მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 25 იანვრის №382202580 წერილით მოსარჩელეს მისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-5 მუხლისა და დანართი 1-ის შესაბამისად, სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განთავსებული 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 მ3-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. აღნიშნულიდან გამომდინარე ეთქვა თანხმობა - ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ქ. რუსთავი, მე-... ... მიმდებარედ, ს/კ ..., ფიჭური კავშირგაბმულობის სადგურის მოწყობის მიზნით, სატელეკომუნიკაციო ანძის დამონტაჟების თაობაზე, წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად განისაზღვრა 1 (ერთი) თვე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 8 თებერვლის №38.382203915 ბრძანებით სს ,,ს...ს“ 2021 წლის 07 დეკემბრის №10/3821341178-38 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის 2021 წლის 22 ნოემბრის №06.38213261 ბრძანება.

საქმეში წარმოდგენილია სს ,,ს...ს“ 2022 წლის 28 იანვრის განცხადება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას განუმარტა, რომ სს „ს...მა“ დაიწყო სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების დემონტაჟისა და ალტერნატიულ ლოკაციაზე მონტაჟის პროცედურები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ, სარჩელის ნაწილობრივ (სასკ 32.4) დაკმაყოფილებასა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოსარჩელემ დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოცემამდე დაიწყო სამართალდარღვევის აღმოფხვრა. კერძოდ, მან მიმართა არქიტექტურის სამსახურს შესაბამისი სამუშაოების განხორციელებაზე დასტურის მისაღებად, რის თაობაზე ასევე აცნობა ზედამხედველობის სამსახურს და მოითხოვა დამატებითი ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლი ზედამხედველობის ორგანოს აძლევს შესაძლებლობას გააგრძელოს საქმის განხილვის ვადა შემოწმების აქტის შედგენიდან 4 თვემდე ვადით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო დადგენილება მოსარჩელის დაჯარიმების თაობაზე. ამასთან, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 25 იანვრის №05-382202580 წერილით მოსარჩელეს მიეცა თანხმობა სამუშაოების განხორციელებაზე. მოსარჩელემ, 2022 წლის 28 იანვრის განცხადებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას განუმარტა, რომ სს ,,ს...ს“ უკვე დაწყებული ჰქონდა სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების დემონტაჟისა და ალტერნატიულ ლოკაციაზე მონტაჟის პროცედურები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს (მუხლი 1.გ). კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 (შენობა-ნაგებობაში ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტაციაში უმნიშვნელო ცვლილების შეტანა) და მე-6 (სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს მითითების/დავალების ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შესასრულებელ სამუშაოები) ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის ჰ18 ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობა 1. უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას თვითმმართველ ქალაქში – 6 000 ლარის ოდენობით. 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. 124-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ მოტივირებული საფუძვლის არსებობისას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ადგილი ჰქონდა ჯიხურისა და ანძების უნებართვოდ განთავსებას. ამასთან, უნებართვო ნაგებობის დემონტაჟის შესახებ ზედამხედველი ორგანოს მითითება არ იქნა შესრულებული, რაც უდავოდ ქმნიდა მოწინააღმდეგე მხარის სამართალდამრღვევად ცნობისა და მისთვის სახდელის დაკისრების საფუძვლებს. თუმცა, არსებითად სარჩელის საფუძველს წარმოადგენს და მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ეფუძნება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის 1-2-ე ნაწილების დანაწესს, რომლის მიხედვითაც, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. ხოლო, მოტივირებული საფუძვლის არსებობისას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. მოსარჩელის პოზიციის თანახმად, რაც ასევე გაზიარებულ იქნა ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მიერ, ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი იყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ვადის დამატებით 2 თვის (ჯამურად - შემოწმების აქტის შედგენიდან - 4 თვე) ვადით გაგრძელებაზე უარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

მითითებული ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადის მაქსიმალურად გაგრძელება წარმოადგენს ზედამხედველი ორგანოს დისკრეციას. ამასთან, კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ასეთი დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ მოტივირებული საფუძვლის არსებობისას (საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლი, მე-2 ნაწილი). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი მოტივირებული საფუძველია ჩადენილი სამართალდარღვევის გამოსწორების დადასტურებული ნება და ამ მიზნით განხორციელებული მოქმედებები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადის გაგრძელება, ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნა, საფუძვლიანი იქნებოდა, თუკი ადგილი ექნებოდა სამართალდარღვევის გამოსწორების შესახებ გამოხატულ ნებას და კონკრეტულად განხორციელებულ მოქმედებებს.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სს „ს...ს“ მიმართ მითითება გაიცა 2021 წლის 27 აგვისტოს. 2021 წლის 27 სექტემბერს კი შედგა შემოწმების აქტი, ხოლო სახდელის დადების შესახებ აქტი გამოცემულია 2021 წლის 22 ნოემბერს. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა ქმნიდა შესაძლებლობას, საქმეზე დადგენილების მიღება გადადებულიყო ორი თვის ვადით - 2022 წლის 27 იანვრამდე, თუმცა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სახდელის დაკისრებამდე სს „ს...ს“ არათუ დასრულებული, არამედ დაწყებული ჰქონდა უნებართვო ნაგებობის, კონსტრუქციის დემონტაჟი. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მართალია სს „ს...“ შუამდგომლობდა საქმის წარმოების ვადების გახანგრძლივებასა და დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ, თუმცა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 4 თებერვლის N06-3822035171 წერილით დგინდება, რომ 2022 წლის 4 თებერვალს განხორციელდა ქალაქ რუსთავში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე ... და N... საკადასტრო კოდებს შორის სს „ს...ს“ მიერ უნებართვოდ განთავსებული ობიექტის დათვალიერება და დადგინდა, რომ სს „ს...ს“ ობიექტის დემონტაჟი არ ჰქონდა განხორციელებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის პოზიციას და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, უსაფუძვლოა შეფასება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებასა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ვადის დამატებით 2 თვის (ჯამურად - შემოწმების აქტის შედგენიდან - 4 თვე) ვადით გაგრძელებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი, იმის გათვალისწინებით, რომ 2 თვის გასვლის შემდეგაც, დარღვევა არ იყო აღმოფხვრილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის პოზიცია ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 25 იანვრის №382202580 წერილით მოსარჩელეს მისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-5 მუხლისა და დანართი 1-ის შესაბამისად, სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განთავსებული 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 მ3-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. აღნიშნულიდან გამომდინარე ეთქვა თანხმობა - ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ქ. რუსთავი, მე-... ... მიმდებარედ, ს/კ ..., ფიჭური კავშირგაბმულობის სადგურის მოწყობის მიზნით, სატელეკომუნიკაციო ანძის დამონტაჟების თაობაზე, წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად განისაზღვრა 1 (ერთი) თვე.

საქმეში წარმოდგენილია სს ,,ს...ს“ 2022 წლის 28 იანვრის განცხადება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას განუმარტა, რომ სს „ს...მა“ დაიწყო სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების დემონტაჟისა და ალტერნატიულ ლოკაციაზე მონტაჟის პროცედურები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება უპირველეს ყოვლისა არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ... სადავო აქტის გასაჩივრებისას პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა ზედამხედველობის სამსახურის და მერიის სადავო აქტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება/განჩინებები №ბს-1109 (2კ-21); №ბს-785-771(კ-14)).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამრღვევი უფლებამოსილია მის მიერ განხორციელებული უკანონო, უნებართვო, სამშენებლო სამუშაოები მოაქციოს კანონიერ ფარგლებში. თუმცა აღნიშნული დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საექსპერტო დასკვნა განხორციელებული მშენებლობის ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის თაობაზე და არსებული შენობის აზომვითი ნახაზები ან არქიტექტურული პროექტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნებართვის გაცემის შემთხვევაში, უკვე წარმოებული სამუშაოები ექცევა სამართლებრივ ჩარჩოში, მიიჩნევა კანონიერ მშენებლობად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სს „ს...“ მიიღებდა თანხმობას სატელეკომუნიკაციო ანძის დამონტაჟების შესახებ იმავე ადგილას, სადაც უნებართვოდ უკვე დამონტაჟებული იყო ანძები, სამართალდარღვევა ჩაითვლებოდა აღმოფხვრილად და აღარ დადგებოდა პასუხისმგებლობა, თუმცა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ობიექტის მონტაჟზე თანხმობის გაცემა მოხდა განსხვავებულ ლოკაციაზე. ამდენად, რუსთავის მერიისგან სატელეკომუნიკაციო ანძის მონტაჟის შესახებ თანხმობა ვერ უზრუნველყოფს ჩადენილი სამართალდარღვევის აღმოფხვრას და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რამდენადაც იგი სხვა ლოკაციასთან დაკავშირებით გამოიცა და სამართალდარღვევის საქმის წარმოებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოებაა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში უდავოდ დგინდება, რომ სს „ს...ს“ კავშირგაბმულობის ანძები და ჯიხურები განთავსებული იყო უნებართვოდ, რაც წარმოადგენდა სამშენებლო სამართალდარღვევას, ხოლო ჩადენილი სამართალდარღვევის აღმოფხვრილად მიჩნევისა თუ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლები საქმეზე არ არსებობდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

შესაბამისად, სახეზე არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სს „ს...ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, მოსარჩელე სს "ს...ს" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსის 33-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „ს...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. მაკარიძე