Facebook Twitter

საქმე #ბს-45(2კ-25) 20 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – გ. ჭ-ი, მ. ჭ-ი, მ. ნ-ე (რ. ჩ-ეის უფლებამონაცვლე)

მოპასუხეები – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 20 ივნისს გ. ჭ-იმა, მ. ჭ-იმა და მ. ნ-ემ (რ. ჩ-ეის მემკვიდრემ) სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, გ. ჭ-ი 1987 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა ქ. თბილისში, ...ს ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული 450 კვ.მ მიწის ნაკვეთით. წლების განმავლობაში, აღნიშნულ ფართზე გაცემულ იქნა სხვადასხვა სახის სამშენებლო ნებართვა და წარიმართა შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ფართზე განთავსებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარემონტო ფარეხები.

მოსარჩელეთა განმარტებით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს 2004 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ი ცნობილ იქნა მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ, საკადასტრო კოდით .... 2005 წლის 7 სექტემბერს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გ. ჭ-იმა მის დას - მ. ჭ-ის აჩუქა 85 კვ.მ. თავის მხრივ, მ. ჭ-იმა ხსენებული ფართი დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში, რის შედეგადაც, ფართს მიენიჭა ცალკე საკადასტრო კოდი - ....

მოსარჩელეთა მითითებით, 1993 წლიდან რ. ჩ-ე ფლობდა და სარგებლობდა ქ. თბილისში, ...ს ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობებითა და მისი ხარჯებით გაშენებული 114 კვ.მ ბაღით. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ე ცნობილ იქნა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ, საკადასტრო კოდით ....

მოსარჩელეთა განმარტებით, 2011 წლის ივნის-ივლისის თვეში საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაბარებულ იქნენ გ. ჭ-ი და რ. ჩ-ე, რომელთაც მოსთხოვეს ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ დაბრუნება, რაზეც მათი მხრიდან, პირველ ეტაპზე, გაცხადებულ იქნა უარი. შემდგომში, ისინი რამდენჯერმე კიდევ იქნენ დაბარებული პროკურატურაში, რა დროსაც მათ მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, კერძოდ, მათ დაემუქრნენ როგორც ოჯახის წევრის დაჭერით, ასევე, მათი პირადი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებითა და ციხეში ჩასმით.

მოსარჩელეთა აღნიშვნით, გ. ჭ-ისა და რ. ჩ-ეის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 2011 წლის 2 აგვისტოს ისინი კვლავ დაიბარეს თბილისის მთავარ პროკურატურაში, სადაც მოხდა შეთანხმება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გ. ჭ-ი, მისი და - მ. ჭ-ი და რ. ჩ-ე ქონებებს სახელმწიფოს სასარგებლოდ მიატოვებდნენ, მათ მიმართ გამოყენებული იქნებოდა საპროცესო შეთანხმება, კერძოდ, ჯარიმა 2000-2000 ლარის ოდენობით და გამოსაცდელი ვადა 3 წლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არსებითად განიხილავდა საქმეს და მოხდებოდა მათი დაპატიმრება, სადაც შეექმნებოდათ გაუსაძლისი პირობები.

2011 წლის 3 აგვისტოს გ. ჭ-ი, მ. ჭ-ი და რ. ჩ-ე გამოცხადდნენ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და წარადგინეს განცხადება ქონების მიტოვებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც უძრავი ქონება აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად.

მოსარჩელეთა მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 მარტის განაჩენით, გ. ჭ-ისა და რ. ჩ-ეის მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმა 2000-2000 ლარის ოდენობით და გამოსაცდელი ვადა 3-3 წლის ვადით.

ქონებების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შემდგომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 8 დეკემბრის #1-1/2588 ბრძანებით ქონებები გადავიდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, ხოლო 2011 წლის 29 დეკემბერს ისინი აღირიცხა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: (1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 8 დეკემბრის #1-1/2588 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც საჯარო რეესტრში განხორციელდა ..., ... და ... საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ქონებებზე ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია; (2) ქალაქ თბილისის მერის 2011 წლის 25 ნოემბრის #06-1/15553 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ..., ... და ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნა; (3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 29 დეკემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც განხორციელდა მ. ჭ-ისათვის უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია; (4) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 29 დეკემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც განხორციელდა გ. ჭ-ისათვის უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია; (5) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 29 დეკემბრის #... გადაწყვვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც განხორციელდა რ. ჩ-ეისათვის უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

2016 წლის 1 ნოემბერს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დავა მიმდინარეობს იმავე მხარეებს შორის სადაო აქტის საფუძვლად არსებული გარიგებების ნამდვილობის შემოწმების მიზნით. შესაბამისად, მან სამოქალაქო წესით განსახილველ #2/17340-16 საქმეზე დავის დასრულებამდე, #3/4560-16 საქმის განხილვის შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე #3/4560-16 მოსარჩელეების - გ. ჭ-ის, მ. ჭ-ისა და მ. ნ-ეის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, შეჩერდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე სამოქალაქო წესით განსახილველ #2/17340-16 საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2021 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა. მან წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის #2/17340-16 გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის #2ბ/894-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის #ას-146-2021 განჩინება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

2022 წლის 28 იანვარს და 2022 წლის 2 თებერვალს მის მიერ, ასევე, წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული 2019 წლის 20 დეკემბრის #2/17340-16 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით #3/4560-16 ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

2022 წლის 23 მარტს, მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

ზემოაღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად, მოსარჩელეებმა დამატებით მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით, ..., ... და ... საკადასტრო კოდებზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.

ამავე დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეებმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, კერძოდ, დავის დასრულებამდე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სადავო უძრავ ქონებებზე (ს.კ. ..., ს.კ. ... და ს.კ. ...) ყოველგვარი ცვლილებისა და რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით გ. ჭ-ის, მ. ჭ-ისა და მ. ნ-ეის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ყოველგვარი ცვლილებისა და რეგისტრაციის განხორციელება ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის, მ. ჭ-ისა და მ. ნ-ეის (რ. ჩ-ეის უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 08.12.2011წ. #1-1/2588 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ..., ... და ... საკადასტრო კოდებზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქალაქ თბილისის თვითმართველი ერთეულის სახელზე; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერის 25.11.2011წ. #06-1/15553 მიმართვა იმ ნაწილში, რომლითაც ..., ... და ... საკადასტრო კოდებზე განხორციელდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.12.2011წ. #..., 29.11.2011წ. #... და 29.11.2011წ. #... გადაწყვეტილებები, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა მოსარჩელეების სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, კერძოდ: ს.კ. ... - გ. ჭ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ს.კ. ... - მ. ჭ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ს.კ. ... - მ. ნ-ეის (რ. ჩ-ეის უფლებამონაცვლე) სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გ. ჭ-ის, მ. ჭ-ის და რ. ჩ-ეის მიერ 2011 წლის 3 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის წარდგენილი უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ განცხადებები არ ასახავდა მათ ნამდვილ ნებას. ამავე გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ მათი მოთხოვნები და თანმდევად, გაუქმდა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ამ განცხადებების საფუძველზე წარმოშობილი სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ ადმინისტრაციულ ორგანოთა მითითება, თითქოს სადავო აქტები გამოცემული იყო სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პალატამ აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, დაცული იყო თუ არა ფორმალური და მატერიალური კანონიერება 2011 წელს, სადავო აქტების გამოცემის დროს, განსახილველი საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებები.

შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა ქონების მიტოვების შესახებ მოსარჩელეთა განცხადებები და ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სადავო უძრავ ქონებებზე ამ განცხადებების საფუძველზე წარმოშობილი სახელმწიფოს საკუთრების უფლება, სახეზე იყო შემდგომში ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე ამ უძრავ ქონებათა რეგისტრაციისა და მისი საფუძვლების ბათილად ცნობის წინაპირობებიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებად ვერ მიიჩნევა პროცესის ფორმალური გამართულობა, როგორც წინამდებარე საქმეში, რადგან სასამართლომ იმსჯელა და შეაფასა სხვა სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და არა მის წარმოებაში არსებული დავის საგანი. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „მოსარჩელეთა მიერ გამოვლენილი ნება ვერ ჩაითვლება ნამდვილად... მოსარჩელეთა მიერ გამოვლენილი ნება ბათილია სწორედ ამორალურობისა და მართლსაწინააღმდეგოობის სამართლებრივი საფუძვლით, შესაბამისად, მის შემდგომ განხორციელებული მოქმედებებიც არ გამომდინარეობს სამართლიანობისა და კანონიერების პრინციპიდან, რის გამოც სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი“. კასატორისათვის გაუგებარია, თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით საქმე უკვე გადაწყვეტილი იყო, რა საჭირო იყო დამატებითი პროცესის გამართვა თუ ახალი გადაწყვეტილების მიღება ან ზოგადად, სარჩელის წარმოდგენა. თუკი სასარჩელო მოთხოვნის წარმოდგენა დაიშვებოდა, მაშინ სასამართლოს უნდა შეეფასებინა დავის საგანი და სხვა დოკუმენტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ციტირებით არ უნდა შემოფარგლულიყო.

კასატორის მითითებით, თუკი სასამართლო იმსჯელებდა მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე და ფორმალურად არ მიუდგებოდა სარჩელის განხილვას, იგი აუცილებლად შეაფასებდა სასარჩელო მოთხოვნას არა მისი დაკმაყოფილების გარდაუვალობიდან გამომდინარე, არამედ მისი საფუძვლიანობის მხედველობაში მიღებით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო აუცილებლად იმსჯელებდა, აქტის ვადაში მოქმედების პრინციპის მიხედვით, გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგებოდა თუ არა კანონს ან იყო თუ არა დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის წესი. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, ხომ არ არსებობდა წინამდებარე საქმეში, მაგალითისათვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა. განსახილველი საქმისათვის, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არა აქტის გამოცემის დროისათვის აქტის კანონთან შესაბამისობის დადგენა (უფლებამოსილება, საჯარო რეესტრის პრეზუმფცია, კანონის მიხედვით აქტის გამოცემა), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას აქტის გამოცემიდან 10 წლის შემდგომ შეცვლილი გარემოების გაუთვალისწინებლობა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიზანს წარმოადგენდა არა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად აქტის კანონიერების შემოწმება, არამედ მოსარჩელისათვის იურიდიული შედეგის დაყენება. თუმცა, კასატორის შეფასებით, ასეთი შედეგი მხოლოდ აქტების ბათილად ცნობით არ მიიღწევა, ხოლო საკუთრების დაცვა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიზნებისათვის სხვა გზითაც არის შესაძლებელი.

ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას ერთპიროვნულად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ჭ-ის, მ. ჭ-ისა და რ. ჩ-ეს საკუთრებაში ჰქონდათ ს.კ. ..., ს.კ. ... და ს.კ. ... მიწის ნაკვეთები. მოსარჩელეებმა 2011 წლის 3 აგვისტოს განცხადებებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და დასახელებულ უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების მიტოვება მოითხოვეს.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 8 აგვისტოს #... და #..., ასევე, ამავე წლის 11 აგვისტოს #... გადაწყვეტილებებით, მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებად.

საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2011 წლის 25 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 8 დეკემბრის #1-1/2588 ბრძანებით ცნობად იქნა მიღებული სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი და თვითმმართველ ქალაქ თბილისს დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადაეცა ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონება.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 8 დეკემბრის #1-1/2588 ბრძანების საფუძველზე, ს.კ. ..., ს.კ. ... და ს.კ. ... უძრავი ქონებები რეგისტრირებულ იქნა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ, კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის #2/17340-16 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გ. ჭ-ის, მ. ჭ-ისა და მ. ნ-ეის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ გ. ჭ-ის 03.08.2011წ. განცხადება ს.კ. ... უძრავ ქონებაზე და გაუქმდა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ამ განცხადების საფუძველზე წარმოშობილი სახელმწიფოს საკუთრების უფლება; ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ მ. ჭ-ის 03.08.2011წ. განცხადება ს.კ. ... უძრავ ქონებაზე და გაუქმდა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ამ განცხადების საფუძველზე წარმოშობილი სახელმწიფოს საკუთრების უფლება; ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ რ. ჩ-ეის 03.08.2011წ. განცხადება ს.კ. ... უძრავ ქონებაზე და გაუქმდა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ამ განცხადების საფუძველზე წარმოშობილი სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. ჭ-ის, მ. ჭ-ისა და რ. ჩ-ეის მიერ 2011 წლის 3 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განცხადებები მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ არ წარმოადგენს ნების თავისუფალი ფორმირების საფუძველზე დადებულ გარიგებებს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მოსაზრებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და შეაფასა სხვა სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და არა მის წარმოებაში არსებული დავის საგანი. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა იმავე მხარეებს შორის წარმართულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული #2/17340-16 გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა განსახილველი დავის მართებული გადაწყვეტისათვის. უფრო კონკრეტულად, მოცემულ საქმეზე სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმების თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა სწორედ სადავო უძრავი ნივთების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის მიმართ მოსარჩელეთა მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის საკითხს, რისი გამორკვევაც, ცხადია, სამოქალაქო საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად ვერ განხორციელდებოდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მითითებული გადაწყვეტილებით შეფასდა, რომ მოსარჩელეთა მიერ საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ წარდგენილი განცხადებები არ ასახავდა მათ ნამდვილ ნებას. ამავე გადაწყვეტილებით, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნები და თანმდევად, გაუქმდა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ამ განცხადებების საფუძველზე წარმოშობილი სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია სადავო უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების წარმოშობის უკანონობა, რის გამოც, თავის მხრივ, სახეზეა შემდგომში აღნიშნული უძრავი ნივთების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციის, ასევე, მისი საფუძვლების ბათილად ცნობის წინაპირობები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის საპროცესო დარღვევით განხილვის შესახებ და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს, ძირითადად, წარმოადგენს ფიზიკური პირების ნამდვილი ნების გარეშე სახელმწიფოსათვის გადაცემული მათი უძრავი ქონების უკან დაბრუნება, რაც, საბოლოოდ, საჯარო რეესტრის მიერ ამ ქონების მათზე რეგისტრაციით უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საპროცესო ნორმები არ დაურღვევია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა