Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-288(ს-25) 10 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - ო. თ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 26 ივლისს ო. თ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირების რ. თ-ისა და შპს „ს...ს“ მიმართ. მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, რ. თ-ის სახელზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერისა და 2011 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, უძრავი ქონების 1/3 წილისა და მისი მიმდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაცია მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ო. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. თ-იმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განკარგულებებით, ო. თ-ი დაჯარიმდა 100 (ასი) და 150 (ასორმოცდათი) ლარით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. თ-იმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინებით ო. თ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ო. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რ. თ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 2 ნოემბერს განხორციელებული ჩანაწერი (№ ...) 600 მ2 მიწის ნაკვეთსა და 90.40 მ2 შენობა-ნაგებობაზე; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ო. თ-ის უარი ეთქვა სადავო საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის მის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2023 წლის 27 ივნისს ო. თ-იმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 ლარისა და 2011 წლის 28 სექტემბრის განკარგულებებით დაკისრებული და გადახდილი 150 ლარისა და 100 ლარის უკან დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით ო. თ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ო. თ-ის დაუბრუნდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი; ხოლო ჯარიმის სახით გადახდილი თანხის 250 ლარის დაბრუნების ნაწილში ეთქვა უარი.

2024 წლის 16 მაისს გორის რაიონულ სასამართლოს კვლავ განცხადებით მიმართა ო. თ-იმა და გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განკარგულებებით დაკისრებული და გადახდილი 150 ლარისა და 100 ლარის უკან დაბრუნება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით ო. თ-ის განცხადება ჯარიმის სახით გადახდილი თანხის 250 ლარის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განკარგულებები, რომელთა საფუძველზეც ო. თ-ის მიერ გადახდილია ჯარიმის თანხა, ძალაშია და სხვა სამართლებრივი საფუძველი, რამაც შესაძლოა, მოთხოვნილი ჯარიმის თანხის დაბრუნება გამოიწვიოს, არ არის წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განკარგულებების საფუძველზე გადახდილი ჯარიმის (250 ლარის) უკან დაბრუნების თაობაზე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო.

გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება გაასაჩივრა ო. თ-იმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული დადგენილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. თ-ის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა - კანონმდებლობა ადგენს ორსაფეხურიან საქმის წარმოებას. კერძო საჩივარზე წარმოება სრულდება გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ო. თ-ი სადავოდ ხდის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით ო. თ-ის უარი ეთქვა მის მიერ ჯარიმის სახით გადახდილი თანხის - 250 ლარის დაბრუნებაზე, რაც ო. თ-იმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ივნისის განჩინება. ამასთან, ამავე განჩინებით ო. თ-ის განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია ისეთი განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას მოკლებულია საკასაციო სასამართლო, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივართან დაკავშირებული სამართალწარმოება დასრულდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ სადავოდ გამხდარი სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ საჩივრდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. თ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. თ-ის საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ.შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ.მაკარიძე