Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-805(3კ-24) 17 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ს. ფ-ი, ნ. ს-ი, ნი. ს-ი, მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მესამე პირები - მ. ფ-ი, რ. ფ-ი, გ. ფ-ი, ნ. ხ-ი).

სოფიკო ფირცხელიანმა, ნ. ს-იმა და ნი. ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 29 სექტემბრის №03/14442 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. ხ-ის შორის გაფორმებული 2009 წლის 1 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება, 2.2. პუნქტის ნაწილში, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი №...-ში მდებარე ბინა, მოსარჩელეების ნაწილში; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულება, სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, მოსარჩელეების ნაწილში; დ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მოსარჩელის მონაცემები ამოღებულ იქნეს ნ. ხ-ის დევნილი ოჯახის წევრთა შემადგენლობიდან და სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზიდან; ე) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელის დარეგისტრირება ცალკე ოჯახად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის საოქმო განჩინებებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. ხ-ი, მ. ფ-ი, რ. ფ-ი და გ. ფ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ს. ფ-ის, არასრულწლოვანი ნ. ს-ის და ნი. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. ფ-ის, ნ. ს-ის და ნი. ს-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ფ-ის, ნ. ს-ის და ნი. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ს. ფ-ის, ნ. ს-ის და ნი. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულება სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ მოსარჩელეების ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. ხ-ის შორის გაფორმებული 2009 წლის 1-ლი ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება, 2.2. პუნქტის ნაწილში, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი №...-ში მდებარე ბინა, მოსარჩელეების ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 29 სექტემბრის №03/14442 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელის, როგორც დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი პირის მონაცემები ამოღებულ იქნეს ნ. ხ-ის, როგორც დევნილი ოჯახის წევრთა შემადგენლობიდან და სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზიდან. მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ს. ფ-ის დარეგისტრირება ცალკე ოჯახად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების (განჩინების) გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება აღნიშნული კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. აღნიშნული გზავნილი 2023 წლის 15 სექტემბერს ჩაბარდა ადრესატს მისამართზე ...ს ქუჩა №... საფოსტო ყუთში მოთავსების გზით (ტ.2, ს. ფ. 123). საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საფოსტო ყუთი განიხილება ორგანიზაციის კანცელარიის კონტროლს დაქვემდებარებულ საშუალებად, რომლის მეშვეობითაც დაწესებულების კანცელარია იღებს კორესპონდენციას და შემდგომ არეგისტრირებს საქმის წარმოების პროგრამაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საფოსტო ყუთში განთავსებულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება საქმის წარმოების პროგრამაში რეგისტრაციის გზით ან/და ამგვარი რეაგირების დაყოვნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკები დაწესებულების პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების ასლი საქართველოს პრეზიდენტს 2023 წლის 15 სექტემბერს ჩაბარდა, განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა 2023 წლის 16 სექტემბრიდან დაიწყო და შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადა 2023 წლის 6 ოქტომბერს 24:00 საათზე ამოიწურა. საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შესულია 2023 წლის 9 ოქტომბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21-დღიანი ვადის დარღვევით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საკასაციო საჩივარიც ხელმოწერილია 2023 წლის 9 ოქტომბერს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა, რაც საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე