Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-693(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ.ვ-ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი, მესამე პირი - ი.გ-ი)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 10 იანვარს ნ.ვ-ს-მა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისია და მესამე პირის ი.გ-ის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 14 ნოემბრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 19 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 იანვრის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 4 აპრილის №001949216 დასკვნის შესაბამისად, ნ.ვ-ს-ისა და ი.გ-ის თანასაკუთრებად რიცხული უძრავი ნივთის - მდებარე, თელავი, ქუჩა ..., ჩიხი ... №...; ს/კ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელება) დავალების მოთხოვნით.

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით, სარჩელის წარმოებაში მიღებასთან ერთად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაება ი.გ-ი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ვ-ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დავის საგნის გათვალისწინებით მიუთითა, რომ როდესაც ადგილი აქვს უძრავი ნივთის ფართობის დაყოფას ან სხვაგვარად განკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრირებულ უფლებაში არსებითი ხასიათის ცვლილების განხორციელებისათვის სავალდებულოა თანამესაკუთრეთა თანხმობის წარდგენა, რაც თავის მხრივ შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერთან, რომლის თანახმად, საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ (სსკ-ის 956 მუხლი). მიუთითა, რომ რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადებას თან არ ერთოდა სხვა თანამესაკუთრის თანხმობა ცვლილების რეგისტრაციაზე, აღნიშნული გარემოება კი ნ.ვ-ს-ის №... სარეგისტრაციო განცხადებაზე ჯერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, ხოლო შემდგომ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა (19.12.2018 წელი).

პალატის მსჯელობით, ვინაიდან სახეზეა უძრავ ნივთზე (ს/კ...) ი.გ-ის და ნ.ვ-ს-ის თანასაკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისას, თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა შესაბამისობაშია საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს მოთხოვნილ რეგისტრაციასთან დაკავშირებით აპელანტის (მოსარჩელის) ინტერესის დაკმაყოფილების შესაძლებლობას თანამესაკუთრის თანხმობის არარსებობის პირობებში. საქმეში წარდგენილ ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში დაცულ მასალებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენდა თანასაკუთრების (მართლზომიერი თანამფლობელობა) უფლების ობიექტს და თანამესაკუთრეთა წილი განსაზღვრული იყო წილობრივი მონაცემებით, კერძოდ, სწორედ იმ ფორმით, რა ფორმითაც ამჟამად უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია თანასაკუთრების უფლება. შესაბამისად, მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული მონაცემები შეესაბამება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ.ვ-ს-ის მიერ.

კასატორი დეტალურად მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველი საკითხი არ წარმოადგენს უძრავი ნივთის დაყოფას ან სხვაგვარად განკარგვა, არამედ უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, წარმოადგენს წილების განსაზღვრას კვადრატული მეტრობით და კონკრეტული ფართის მითითებით. წარმომადგენელი აკონკრეტებს, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შედეგად განცხადებით მოთხოვნილი იყო უძრავი ნივთის რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტება, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობის მონაცემები იყო არაზუსტი და არ შეესაბამებოდა რეალობას. აღნიშნულს მისივე მსჯელობით ადასტურებს საქმეზე დართული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 04 აპრილის N001949216 საექსპერტო დასკვნა. აპელირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მიუთითებს, რომ სადავ აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 23-ე პუნქტით, სადაც მითითებულია, რომ საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევიან მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები.

კასატორის განმარტებით, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული არაჯანსაღი დამოკიდებულების გამო ვერ ხერხდება ერთობლივი განცხადების წარდგენის უზრუნველყოფა, მის მოთხოვნას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ წარმოადგენდა სწორედ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული უფლების დამდგენი დოკუმენტის სათანადო შესწავლის და შეფასების საფუძველზე, თანამესაკუთრის - ი.გ-ის მონაწილეობით რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, კასატორი საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში, ითხოვს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.ვ-ს-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შეფასების საგანს წარმოადგენს არსებობს თუ არა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: ქ. თელავში, ... ... ჩიხი №...-ში მდებარე უძრავ ნივთის (ს/კ...) 3/8 ნაწილზე რეგისტრირებულია ი.გ-ის, ხოლო 5/8 ნაწილზე ნ.ვ-ს-ის საკუთრების უფლება.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არ არის მიღწეული თანხმობა უძრავი ნივთის წილების შესაბამისად რეალურად გაყოფაზე.

დადგენილია, რომ ნ.ვ-ს-ის წარმომადგენელმა 2018 წლის 8 ნოემბერს N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანა. აღნიშნულ ცვლილებას ითხოვდა თანდართული ექსპერტიზის დასკვნისა და ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. განმცხადებელს დაევალა წარედგინა თანამესაკუთრეთა თანხმობა ფართის ცვლილებასთან დაკავშირებით.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ აღმოიფხვრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ნოემბრის N... გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. რეესტრის 2018 წლის 27 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დადგენილია, რომ ასევე გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე საჩივრის ავტორს ეთქვა უარი და განემარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე უკვე ნამსჯელი იყო პირველი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის N... გადაწყვეტილებაში.

სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება იწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რა დროსაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდება, კერძოდ, „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი მარეგისტრირებელ ორგანოს ანიჭებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის უფლებამოსილებას, უკეთუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი („ბ“ ქვეპუნქტი).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც განმცხადებელმა უნდა დაურთოს სარეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საკუთრების უფლების/მასში ცვლილების რეგისტრაცია. სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით (სადავო პერიოდში მოქმედი. ძალადაკარგულია 2020 წლის 1 იანვრიდან) დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციას“ რომლის მე-14 მუხლის 23-ე პუნქტში განმარტებულია, რომ საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. აღნიშნული საკითხი ანალოგიურადაა მოწესრიგებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით“, რომლის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/ მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის, არქივისა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირი. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა თაობაზე ინფორმაციას სააგენტოს წარუდგენენ უძრავი ნივთის დაყოფაზე/განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები. მითითებულ სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როდესაც ადგილი აქვს უძრავი ნივთის ფართობის დაყოფას ან სხვაგვარად განკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრირებულ უფლებაში არსებითი ხასიათის ცვლილების შეტანისას თანამესაკუთრეთა თანხმობის წარდგენა სავალდებულოა, რაც თავის მხრივ, შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსთან, სადაც მითითებულია, რომ საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ.

მითითებულ ნორმათა საფუძველზე ცალსახაა, რომ კანონმდებლობა ამომწურავად განსაზღვრავს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადებისათვის წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალს. ასეთი ცვლილების რეგისტრაციაზე სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობა კი ერთ - ერთ აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს, რომლის წარუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენ ის გარემოება, რომ ნ.ვ-ს-ის სარეგისტრაციო განცხადებას არ ერთოდა ცვლილების რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტი - უძრავი ნივთის თანამესაკუთრის თანხმობა. საქმეში მესამე პირად ჩაბმული, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის თანამესაკუთრე - ი.გ-ი (მესამე პირი 16.2) უარს აცხადებს უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციაზე. ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიმდინარე დავაზე (თანამესაკუთრეთა საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე). ამდენად, ვინაიდან სახეზეა უძრავ ნივთზე (ს/კ... ი.გ-ის და ნ.ვ-ს-ი) თანასაკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისას თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა შესაბამისობაშია საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს მოთხოვნილ რეგისტრაციასთან დაკავშირებით კასატორის ინტერესის დაკმაყოფილების შესაძლებლობას თანამესაკუთრის თანხმობის არარსებობის პირობებში.

რაც შეეხება კასატორის მითითებას საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში არსებულ ხარვეზზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლზე მითითებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ დარეგულირებულია საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს მის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა. განსახილველ შემთხვევაში მართალია, ტექ. ინვენტარიზაციის მასალები, მოქმედი კანონმდებლობით საარქივო მასალას წარმოადგენს, მაგრამ 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, სწორედ აღნიშნული სამსახური ასრულებდა მარეგისტრირებელი ორგანოს ფუნქციას და აღრიცხავდა შენობა - ნაგებობებს მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთებით, ამდენად, 1997 წლის 25 ნოემბრამდე აღრიცხვა ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში ადასტურებდა მართლზომიერი მფლობელობის ფაქტს და თუ ამ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი სახლი იყო განთავსებული, სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის დანაწესით, ისინი კერძო პირთა საკუთრებად ჩაითვალა.

საქმეში წარმოდგენილი ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში დაცული მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენდა თანასაკუთრების (მართლზომიერი თანამფლობელობა) უფლების ობიექტს და თანამესაკუთრეთა წილი განსაზღვრული იყო წილობრივი მონაცემებით, სწორედ იმ ფორმით, რა ფორმითაც ამჟამად უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია თანასაკუთრების უფლება. შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული მონაცემები შეესაბამება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, აღნიშნული კი საფუძველმოკლებულს ხდის კასატორის პოზიციას.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ნ.ვ-ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, ნ.ვ-ს-ის (პასპორტის ნომერი...) უნდა დაუბრუნდეს (საგადახდო დავალებით N...) თ.მ-ის (პ/ნ...) მიერ 2024 წლის 15 აპრილს საკასაციო საჩივარზე სს „...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ვ-ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინება;

3. ნ.ვ-ს-ის (პასპორტის ნომერი...) დაუბრუნდეს (საგადახდო დავალებით N...) თ.მ-ის (პ/ნ...) მიერ 2024 წლის 15 აპრილს საკასაციო საჩივარზე სს „...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი