Facebook Twitter

№ბს-1237(კ-23) 17 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ.ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირი - შპს „ ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ.ჩ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 ივლისის № ... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, ...ის ქ. №...-ში ასაშენებელი მრავალსართულიანი სახლის №... კორპუსი, ... სადარბაზო, მე-... სართული, 59.45 კვ.მ, ბინა №..., მესაკუთრედ მოსარჩელე რ.ჩ-ის რეგისტრაციის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...“.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით რ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 ივლისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2020 წლის 6 აგვისტოს №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, ...ის ქ. №...-ში ასაშენებელი მრავალსართულიანი სახლის კორპუსი №... (ამჟამად ...ის №...), ... სადარბაზო, მე-... სართული, ბინა №..., 59.45 კვ.მ, რ.ჩ-ის მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ.ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ.ჩ-ის მიერ.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს, რომ რ.ჩ-ე არის სადაო ქონების მესაკუთრე. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო შემოიფარგლება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძვლების განმარტებით, რითაც ირღვევა და უხეშად იზღუდება კასატორის კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება. სასამართლო ფაქტობრივად არ აღიარებს სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის ძალას და ქმნის პრეცედენტს, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება სრულად იქნეს უგულებელყოფილი, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურული ნაწილი არ იძლევა სასამართლოს მიერ დადგენილი უფლების რეალიზების საშუალებას. სასამართლო ყურადღების გარეშე ტოვებს საკუთრების, როგორც კონსტიტუციით დაცული სიკეთის პროპორციულობას იმ შეზღუდვასთან, რომელიც გამომდინარეობს შეზღუდვის მხოლოდ ფორმალური ასპექტებიდან. სასამართლოს არ აქვს გათვალისწინებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ, როდესაც პირის საკუთრების უფლების წარმოშობა დადასტურებულია, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს მხოლოდ საკუთრების უფლების არსებობის დეკლარირების საშუალებას. ასეთ პირობებში, უკვე წარმოშობილი და დადასტურებულად არსებული საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარი ნიშნავს, რომ სასამართლომ უარყო აღიარებული საკუთრების უფლება და შელახა მხარის კონსტიტუციით დაცული უფლებები.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ძირითადად ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „...“ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, რის გამოც მის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება არ შეიძლება დარეგისტრირდეს სხვა პირის საკუთრებად. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით (საქმე 2/7213-16) რ.ჩ-ე ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. 29, მესაკუთრედ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ შეიძლება გახდეს პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია იმ ქონებაზე რეგისტრაციის შემაფერხებელი გარემოება, რომლის მესაკუთრესაც ეს პირი აღარ წარმოადგენს და რომლის რეგისტრაციაც მხოლოდ ჩანაწერის სახით არის დარჩენილი საჯარო რეესტრში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით უტყუარად დასტურდებოდა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით რ.ჩ-ე ცნობილია უძრავი ქონების მესაკუთრედ, რაც ნიშნავს, რომ შპს „...“ უკვე აღარ წარმოადგენს აღნიშნული ქონების მესაკუთრეს, შესაბამისად, არამესაკუთრე პირის რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში, არ შეიძლებოდა გამხდარიყო რეგისტრაციის შეჩერებისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. შპს „...“ მხოლოდ საჯარო რეესტრიდან ამონაწერშია დარჩენილი ქონების მესაკუთრედ. აღნიშნული ჩანაწერი არასწორია და მასზე არასწორად გავრცელდა მოვალეთა რეეესტრში რეგისტრაციით განპირობებული შეზღუდვა. სასამართლო ყურადღების მიღმა ტოვებს იმ გარემოებას, რომ სასამართლო წესით მესაკუთრედ აღიარებულ პირს მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვამდე, ანუ განუსაზღვრელი ვადით, ეზღუდება საკუთრების უფლება, რაც თავის თავში, აგრეთვე, მოიცავს საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის და პირადი ინტერესების სასარგებლოდ უფლებრივად დატვირთვის ნაწილსაც.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესაბემება უზენაესი სასამართლოს 22.04.2021 წლის №ას-1504-2020 განჩინებას, სადაც აღნიშულია, რომ მორიგებითი შეთანხმების შესახებ განჩინება უტოლდება სასამართლო გადაწყვეტილებას. მორიგების აქტის დამტკიცებით მომხდარია არა რ.ჩ-ის საკუთრების უფლების წარმოშობა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, არამედ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მორიგების აქტის დამტკიცების მომენტისთვის რ.ჩ-ეს უკვე წარმოშობილი ჰქონდა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ხოლო მხარეთა ურთიერთშეთანხმება მორიგების აქტით გამოიხატებოდა მხოლოდ იმაში, რომ სასარჩელო წარმოების შეწყვეტისთვის შპს „...ის“ თანხმობა გამოეხატა არა საკუთრების უფლების წარმოშობის ფაქტზე, არამედ მესაკუთრედ რეგისტრაციაზე.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით: 1. დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და სამოქალაქო საქმეზე №2/7213-16, რ.ჩ-ის სარჩელის გამო მოპასუხე შპს „...ის“ მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: 1.1. მოსარჩელე რ.ჩ-ე ცნობილი იქნას მესაკუთრედ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ...ის ქ. №..., მდებარე მიწის ნაკვეთზე (სარეგისტრაციო ზონა - ..., სექტორი - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., მიწის ნაკვეთი ფართი - 6 328 კვ.მ, უძრავი ქონების ს/კ...) არსებულ ასაშენებელი მრავალსართულიანი სახლის კორპუსი №...-ში, ... სადარბაზოში, ... სართულზე, 59.45 კვ.მ ფართის, ბინა №...-ის მესაკუთრედ. 1.2. მხარეები თანხმდებიან, რომ მოსარჩელე მხარეს გააჩნია ფულადი სახის ვალდებულება მოპასუხის წინაშე 11 588 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნება შემდეგი სახით: სამშენებლო ობიექტზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების გაგრძელების და ასაშენებელი კორპუსის, .... სადარბაზოს, მე-... სართულის მოწყობის სამუშაოების დაწყებისთანავე მოსარჩელე მხარე გადაიხდის 5 794 აშშ დოლარს, ხოლო ასაშენებელი კორპუსის პირველი სადარაბაზოს სახურავის მოწყობის სამუშაოების დაწყებისთანავე, მოსარჩელე მხარე გადაიხდის 5 794 აშშ დოლარს, რითაც მოსარჩელე სრულად შესრულებს მის წილ ფულად ვალდებულებას. 1.3. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების აქტის 1.2 პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებამდე მოსარჩელე მხარეს ეკრძალება საკუთრებაში გადაცემული ქონების გასხვისება (გაყიდვა, გაჩუქება და სხვა) ან/და ნებისმიერი ფორმით უფლებრივად დატვირთვა, შესაბამისად მორიგების აქტის 1.3 პუნქტი აღირიცხება როგორც უფლებრივი შეზღუდვა მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერის ვალდებულების გრაფაში. 1.4. წინამდებარე მორიგების პირობების გათვალისწინებით, რ.ჩ-ე რეგისტრირებული იქნას მესაკუთრედ საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე, რომლის მახასიათებლებია: თბილისი, ...ის ქ. №..., მდებარე მიწის ნაკვეთზე (სარეგისტრაციო ზონა - ..., სექტორი - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., მიწის ნაკვეთი ფართი - 6 328 კვ.მ, უძრავი ქონების ს/კ...) არსებული ასაშენებელი მრავალსართულიანი სახლი, კორპუსი №..., ... სადარბაზო, ... სართული, 59.45 კვ.მ ფართის ბინა №.... 1.5. რ.ჩ-ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით .... დატვირთული იქნას შემდეგი ვალდებულებით: მესაკუთრის რ.ჩ-ის მიერ შპს „...ის“ წინაშე 11 588 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი ვალდებულების სრულად შესრულებამდე მესაკუთრეს ეკრძალება საკუთრებაში გადაცემული ქონების გასხვისება (გაყიდვა, გაჩუქება და სხვა) ან/და ნებისმიერი ფორმით უფლებრივად დატვირთვა. 1.6. რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კრედიტორის შპს „... ის“ წერილობითი განაცხადის საფუძველზე (ს.ფ 52-54); ბ) 2020 წლის 2 ივლისს რ.ჩ-ის წარმომადგენელმა - ბ.ბ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის კანონიერ ძალაში შესული №2/7213-16 განჩინების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ის №...-ის (ყოფ. ...ის ქ. №...-ში ასაშენებელი მრავალსართულიანი სახლის №... კორპუსი) ... სადარბაზოში, მე-... სართულზე მდებარე ბინა №...-ზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა (ს.ფ 57-62); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 ივლისის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ შპს „...“ (საიდენტიფიკაციო ნომერი...) რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში (სააღსრულებო საქმეების ნომრები: ...; ...; ...; ...; ...; ; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ; ...; ...; ...;), რის გამოც სარეგისტრაციო წარმოება ჩერდებოდა შპს „...ის“ მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვამდე, ან რეგისტრაცია შეიძლება განხორციელებულიყო ულებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე (ს.ფ 18-19); დ) 2020 წლის 8 ივლისს რ.ჩ-ის წარმომადგენელმა - ბ.ბ-მა №216647/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2020 წლის 3 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სასამართლო აქტის საფუძველზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა (ს.ფ 65-66); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, რ.ჩ-ის წარმომადგენელს - ბ.ბ-ის უარი ეთქვა 2020 წლის 8 ივლისის №216647/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მარეგისტრირებელი ორგანოს დასკვნით, იმ პირობებში, როდესაც შპს „...“ რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში, ასევე არ იყო წარდგენილი უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა განხორციელებულიყო რეგისტრაცია, ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ 20-23).

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მე-3 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ზემოაღნიშნული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

მითითებული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ა​1) არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით; გ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას; დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს; ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას; ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას; ზ) არსებობს ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევა; თ) მიწის ნაკვეთზე უფლების, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნისას მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის დაცული მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემები ან მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული საკადასტრო მონაცემი არ შეესაბამება ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს; თ​1) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში; თ​2) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, თუმცა წარდგენილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დოკუმენტი სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ განცხადების ასლთან ერთად ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ი) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებულ „ინსტრუქციაზე საჯარო რეესტრის შესახებ“, რომლის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო ორგანოებისა, მუნიციპალიტეტების/მუნიციპალიტეტების ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება. ამავე კანონის 192 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე და უნდა შეაჩეროს მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების იძულებით განკარგვისა და ამ კანონის 19​4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კანონის 193 მუხლის მიხედვით, რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 19​4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ზემოაღნიშნული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებულია მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მოვალის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და შეაჩეროს მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის ან სანივთო უფლებით/ვალდებულებით დატვირთვის რეგისტრაცია რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ქონება გასხვისებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სააღსრულებო დაწესებულებების მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ან სარეგისტრაციო დოკუმენტად წარმოდგენილია სასამართლო/საარბიტრაჟო აქტი, რომელიც არ არის შედგენილი მხარეთა მორიგების შედეგად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოში საქმის წარმოებისას დადებული მორიგება არის როგორც ვალდებულებითსამართლებრივი გარიგება, ისე საპროცესო მოქმედება. ვალდებულებითსამართლებრივი თვალსაზრისით მორიგება, როგორც წესი, გამოიწვევს მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ახლებურად ჩამოყალიბებას, ხოლო როგორც საპროცესო მოქმედება - დავის საგანზე საქმის წარმოების შეწყვეტას (სუსგ ას-982-2022, 16 იანვარი, 2024 წელი). სამოქალაქო დავის მორიგების გზით დამთავრება მოდავე სუბიექტთა უფლებამოსილებას წარმოადგენს და ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის ცალსახა გამოვლინებაა, ასეთ დროს მხარეები თავადვე განსაზღვრავენ სადავო ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ წინაპირობებს და აზრთა ურთიერთშეჯერების გზით, გარკვეული კომპრომისის გათვალისწინებით თავადვე ადგენენ საქმის გადაწყვეტის მათთვის ყველაზე ხელსაყრელ და ოპტიმალურ შედეგს. დავის მორიგების გზით დასრულებისას სასამართლოს როლი სამართალწარმოებაში მინიმუმამდეა დაყვანილი და პრიორიტეტული სწორედ მხარეთა მიერ არჩეული საქმის გადაწყვეტის შესაძლო შედეგია, სამართლაწარმოება ასეთ დროს მხოლოდ ამ მორიგების პირობების სასამართლო წესით დამტკიცებით შემოიფარგლება (სუსგ ას-361-2023, 7 ივნისი, 2023 წელი).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დიფერენცირება სასამართლო აქტსა და მორიგების შედეგად შედგენილ სასამართლო აქტს შორის წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს კონსტიტუციითა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დაცულ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობასთან. ამასთან, ნორმა რეგისტრაციის შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ მოვალეთა რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის შესახებ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება;

3. რ.ჩ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.01.2024წ. №5381 საგადასახადო დავალებით (ბანკში საგადახდო დავალების მიღების/შესრულების თარიღი 24/01/2024წ.) ბ.ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია