Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1244(კ-24) 10 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 22 სექტემბერს სს ,,...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სააგენტოს 2023 წლის 7 მარტის NHA 9 23 00248300 და 2023 წლის 22 აგვისტოს NHA 7 23 00886517 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით, სს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 22.08.2023 წ. NHA 7 23 00886517 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში დასმულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სს „...ს“ (სს „...ს“) მოპასუხემ უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს (დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი).

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 მარტის NHA 92300248300 გადაწყვეტილება გამოცემული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. მითითებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ N1 და N2 სამედიცინო შემთხვევებზე არ დასტურდებოდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხოლო N3 სამედიცინო შემთხვევაზე - არ არსებობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების აუცილებლობა.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 22 აგვისტოს NHA 72300886517 გადაწყვეტილების შინაარსზე, სადაც მითითებულია პაციენტების დიაგნოზი და ჩარევა, მხარეთა პოზიციები, თუმცა არ არის განმარტებული, თუ რატომ არ მოხდა საჩივრის ავტორის პოზიციის გაზიარება და არ არის დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული აქტი კანონიერად. სააპელაციო პალატის განმარტებით, დასტურდება, რომ განმეორებითი წარმოების პირობებში მიღებული აქტი, ასევე დაუსაბუთებელია, რაც ყურადღების მიღმა დატოვა ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 185-ე, 201-ე მუხლებზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, მიზანშეწონილობის გადამოწმებისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება (ეს ვალდებულება თავისთავად გააჩნია პირველადი აქტის მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოსაც, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც დასაბუთების თვალსაზრისით ხარვეზიანია, რამეთუ მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც რა თქმა უნდა უნდა იყოს დასაბუთებული, მაგრამ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში უფრო მეტად წარმოეშობა დასაბუთების და შემოწმების ვალდებულება, რამეთუ სწორად მოხდეს საჯარო მმართველობის განხორციელება). მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტებში გამოყენებული დასაბუთება არ განსაზღვრავს თუ რა ფაქტობრივი გარემოებები, ან მათი ერთობლიობა ჩაითვლება დარღვევის სწორი კვალიფიკაციისათვის, კონკრეტულად რა მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას, ასევე თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვეოდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, რა კონკრეტული დიაგნოზი უნდა გადაცემულიყო, ამ შემთხვევაში თუკი სახეზე იყო სამედიცინო საქმიანობის შესწავლის/შეფასების საკითხი და დგინდებოდა რაიმე სახის ხარვეზი, აღნიშნული შეფასებული ხომ არ უნდა ყოფილიყო რეგულირების სააგენტოს მიერ? ასევე დადგენილი წესით მოხდა თუ არა მონიტორინგის განხორციელება?. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების დასაბუთება აგრეთვე აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას (და არა მასში მითითებული ზოგადი ჩანაწერით), რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია (ამასთან დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობა/შეფასების შედეგად ცნობილი ხდება უკვე მსგავს შემთხვევებში არსებული/დადგენილი პრაქტიკა და თუ როგორ უნდა განხორციელდეს სწორად დაინტერესებული პირის შემდგომი საქმიანობა, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული ხარვეზის დაშვების ალბათობა). უდავოა, რომ დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს და დაინტერესებული პირის (თუნდაც მესამე პირის) მიერ გაცნობის შემთხვევაში ნათელია მიღებული გადაწყვეტილების შედეგი (იდენტურ შემთხვევაში ნათელი ხდება თუ როგორ უნდა განახორციელოს სწორად მისი საქმიანობა, როგორ უნდა აიცილოს თავიდან მსგავსი კატეგორიის საქმეებში/შემთხვევებში ის შესაძლო შედეგი, რასაც შესაძლოა კვლავ მოჰყვეს სამართლებრივი დავა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და დაზოგავს ყველანაირ რესურსს), ხოლო მიღებული გადაწყვეტილების გადმოცემული დასაბუთების სიმცირე, მის მიმართ გამორიცხავს დაინტერესებული პირის მიერ გაზიარებას/გარკვევას იმ საკითხისას, თუ რასთან დაკავშირებითაც იქნა მიღებული ასეთი სახის გადაწყვეტილება (ბუნდოვანი ხდება შემდგომში მსგავს შემთხვევებში როგორ უნდა მოიქცეს და რა არის სწორი, რომ გამოირიცხოს მის საქმიანობაში ხარვეზების დაშვების ალბათობა).

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სადავო აქტის მიღების პროცესში არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი სხვა გარემოებები, რაც მიღებული აქტის სამართლებრივ დასაბუთებას და სანდოობის უფრო მაღალ ხარისხს განსაზღვრავდა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2022წ. N3/6215-19 გადაწყვეტილებით (რომლითაც მხარეს ვრცლად განემარტა და მიეთითა სამართლებრივ საფუძვლებსა და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ხარისხზე), მოპასუხე მხარეს დაევალა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა უშედეგოდ. განსახილველი დავის ფარგლებში გამოცემული სადავო აქტები კვლავ ვერ აკმაყოფილებენ დასაბუთების მაღალ ხარისხს, არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება თუ გარემოება წარმოშობდა აღნიშნული დასკვნისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. ზოგადი მითითება, რომ არ დასტურდება გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ვერ გახდება სადავო აქტის მიმართ ნდობის/გაზიარების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე“, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №04/14601 გადაწყვეტილებით, „... ...ოს“ უარი ეთქვა მათ შორის პაციენტების: ნ.ჯ-ს და ა.ე-ს სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე, ხოლო სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №04/14900 გადაწყვეტილებით, „... ...ოს“ უარი ეთქვა მათ შორის პაციენტ მ.ბ-ვის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 8 ივლისის №04/36889 გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით წარდგენილი სს ...ის „...ს“ 2019 წლის 11 აპრილის N407/02 ადმინისტრაციული საჩივარი მითითებული პაციენტების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №04/14601 და №04/14900 გადაწყვეტილებები, ასევე, სააგენტოს 2019 წლის 8 ივლისის №04/36889 გადაწყვეტილება სს „...მა“ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სს „...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის N04/14601 გადაწყვეტილება ნ.ჯ-სთვის და ა.ე-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის N04/14900 გადაწყვეტილება მ.ბ-ვისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 8 ივლისის N04/36889 გადაწყვეტილება მათ შორის პაციენტების: ნ.ჯ-ს, ა.ე-ს და მ.ბ-ის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში პაციენტ ნ.ჯ-სთან დაკავშირებით მითითებულია, რომ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის N... თანახმად, ნ.ჯ-ი 2018 წლის 11 აგვისტოს 13:48 საათიდან - 2018 წლის 15 აგვისტოს 17:00 საათამდე მკურნალობდა „...ში“, დიაგნოზით - N...–..., დაუზუსტებელი ცვლილებით. მდგომარეობა სტაციონარში შესვლისას: ,,..., კონტაქტში შემოდის ადექვატურად. ...ის კუნთების რიგირობა არ არის. ... ნიშნები უარყოფითი. სუნთქვა სპონტანური, თანაბარი. ...’’. ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები და კონსულტაციები: ,,.. მჟავა - ტუტოვანი ცვლა და ელექტროლიტები, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი. სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (...’’. ჩატარებული მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული. ... კავშირი ,,...ას’’ 2019 წლის 28 ნოემბრის შეფასების თანახმად, ისტორიაში ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი და მათი კომბინაცია მიუთითებდა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაზე. სიმპტომების ამბულატორიულად მართვა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მაკროჰემატურია და პროტეინურია სავარაუდოს ხდის თირკმლის უკმარისობის განვითარების საშიშროებას თუ არ იქნება მართული და დიფერენცირებული დაუყოვნებლივ.

ამავე გადაწყვეტილებაში პაციენტ ა.ე-სთან დაკავშირებით მითითებულია, რომ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის N... თანახმად, ა.ე-ი 2018 წლის 25 ივლისის 09:19 საათიდან - 2018 წლის 30 ივლისის 15:00 საათამდე მკურნალობდა „... ...ში“, დიაგნოზით - .... მდგომარეობა სტაციონარში შესვლისას: საშუალო სიმძიმის, სიმძიმე განპირობებული იყო მორეციდივე, პროგრესირებადი ტკივილით ...ის არეში, ...ით. ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები და კონსულტაციები: ,,... ...’’. ჩატარებული მკურნალობა: ,,...ის მართვა - საჭიროებისამებრ, სიმპტომოთერაპია’’. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული. ... კავშირი ,,...ას’’ 2019 წლის 28 ნოემბრის დასკვნის თანახმად, აღნიშნულ შემთხვევაზე გადაუდებელი დახმარება, ასევე ჩარევა და ჰოსპიტალიზაცია იყო აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობდა რისკი არსებული ...ის, რისი თავიდან აცილება მოხდა დროული ჩარევის საფუძველზე. ...ით, რაც არ აძლევდა ექიმ - ...ას საშუალებას განესაზღვრა დაზიანების სიღრმე, თუმცა შეტევითი ირადირებული ტკივილი და დეჰიდრატაცია, რაც სავარაუდოდ იყო მიზეზი სითხის მიღების შეუძლებლობის, მეტყველებდნენ პრობლემების სიმწვავესა და ჩარევის გადაუდებლობაზე. მსგავსი მწვავე ტკივილის მიზეზები, გარდა ...სა, შესაძლებელია ყოფილიყო ..., ..., ..., - ამ დაავადებების გამორიცხვა შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის პირობებში. ...ის სიმპტომი ასევე სავარაუდოს ხდიდა ...ს, რაც ასევე უნდა გამხდარიყო ჰოსპიტალიზაციის ჩვენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, საქალაქო სასამართლომ პაციენტების: ნ.ჯ-ს და ა.ე-ს ნაწილში არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ არ დასტურდებოდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, რადგან სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება თუ გარემოება წარმოშობდა აღნიშნული დასკვნისა და სს ,,...ისთვის’’ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. გასაჩივრებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 20 მარტის №04/14601 გადაწყვეტილებაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება არ დასტურდება, გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან კი ვერ დგინდება, რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება (სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული გარემოების შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას). ამასთან საყურადღებოა, რომ ვერც სასამართლო სხდომაზე იქნა მოპასუხეთა მხრიდან წარმოდგენილი დასაბუთებული და გასაგები პოზიცია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმეში ნ.ჯ-თან და ა.ე-თან დაკავშირებით წარმოდგენილია ... კავშირი „...ას“ 2019 წლის 28 ნოემბრის დასკვნები, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში პაციენტ მ.ბ-თან დაკავშირებით მითითებულია, რომ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის N ... თანახმად, მ.ბ-ი 2018 წლის 18 ოქტომბრის 17:20 საათიდან - 2018 წლის 21 ოქტომბრის 13:00 საათამდე მკურნალობდა „... ...ში“, დიაგნოზით - ...- .... ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები და კონსულტაციები: ... დიეტა. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული. ა(ა)იპ ... ასოცირებული პროფესორის რეცენზიის (სამედიცინო ბარათზე ...) თანახმად, ყველა პაციენტი დიაგნოზით ..., ..., დაუზუსტებელი, საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას და მეთვალყურეობას. აღნიშნული განპირობებულია დაავადების თავისებურებით, გართულებების მაღალი სიხშირით და მძიმე მიმდინარეობით. კერძოდ, ხშირია სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოების შეუქცევადი დაზიანება.

ამავე გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტ მ.ბ-ის ნაწილში საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების აუცილებლობა. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დიაგნოზი სადავო არ არის, ასევე, მკურნალმა ექიმმა მიიჩნია, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და წარმოდგენილ დასკვნაშიც არის მითითებული, რომ აღნიშნული დიაგნოზის შემთხვევაში ხშირია სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოების შეუქცევადი დაზიანება, აღნიშნული კი ამავდროულად წარმოადგენს გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობის ერთ-ერთ კრიტერიუმს (უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 7 მარტს მიღებული იქნა NHA 9 23 00248300 გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პაციენტი ნ.ჯ-ი 11.08.2018წ.-დან 15.08.2018წ.-მდე მკურნალობდა შპს ,,... ...ში“. შემთხვევა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, ხელოვნური პროგრამული კოდით: ..., ..., N...- ..., დაუზუსტებელი ცვლილებებით; ჩარევა: ..., ... - სტაციონარი. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით მაკროჰემატურია არ დასტურდება, ასევე, არ არის ჩატარებული დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობა. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ კლინიკის მიერ მოწოდებული დიაგნოზი არ დასტურდება. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პაციენტი ა.ე-ი 25.07.2018წ.-დან 30.07.2018წ.-მდე მკურნალობდა შპს ,,... ...ში“. შემთხვევა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, ხელოვნური პროგრამული კოდით: ...- ..., დაუზუსტებელი ლოკალიზაციით, მწვავე სისხლდენით. აღნიშნული დიაგნოზი/ჩარევა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1.2-ით განსაზღვრული გადაუდებელი მდგომარეობის იდენტურია. შესაბამისად, პროგრამული შემთხვევის დაფინანსების მეთოდოლოგიაც განსხვავებულია. კერძოდ, დანართი 1.2-ის მიხედვით განსაზღვრული კოდირებით მოწოდებისას, პაციენტს არ ეკუთვნის თანაგადახდა, ხოლო ხელოვნური კოდის (SUR კოდის) მოწოდების შემთხვევაში, პაციენტი იხდის თანაგადახდის საფასურს. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად. გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ პაციენტი მ.ბ-ი 18.10.2018წ.-დან 21.10.2018წ.-მდე მკურნალობდა შპს ,,... ...ში“. შემთხვევა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, ხელოვნური პროგრამული კოდით: ..., დიაგნოზი: ...- .... წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით გადმოცემულია მხოლოდ ...ში, ... კი არ დასტურდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პაციენტების: ნ.ჯ-ს, ა.ე-ს და მ.ბ-ის სამედიცინო შემთხვევები არ ანაზღაურდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

დადგენილია, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 მარტის NHA 9 23 00248300 გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, 2023 წლის 7 აპრილს. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 22 აგვისტოს NHA 7 23 00886517 გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებას პაციენტების: ნ.ჯ-ს, ა.ე-ს და მ.ბ-ისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა სწორედ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოპასუხის მიერ მიღებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის Nბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.2. მუხლით, რომლის მიხედვითაც „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.“ კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში.“ მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.“

ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხებოდა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).“

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, საქალაქო სასამართლომ პაციენტების: ნ.ჯ-ს და ა.ე-ს ნაწილში არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ არ დასტურდებოდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, რადგან სადავო აქტი იყო დაუსაბუთებელი და არ იძლეოდა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება თუ გარემოება წარმოშობდა აღნიშნული დასკვნისა და შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. ამასთან, საქალაქო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში პაციენტ მ.ბ-ის ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების აუცილებლობა. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული გარემოებების შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2023 წლის 7 მარტს მიიღო გადაწყვეტილება NHA 9 23 00248300, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებას კვლავ უარი ეთქვა პაციენტების: ნ.ჯ-ს, ა.ე-ს და მ.ბ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, 2023 წლის 7 აპრილს, რაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 22 აგვისტოს NHA 7 23 00886517 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 22 აგვისტოს NHA 7 23 00886517 გადაწყვეტილებაში მითითებულია პაციენტების დიაგნოზი და ჩარევა, ასევე მხარეთა პოზიციები, თუმცა არ არის განმარტებული თუ რატომ მიიჩნია ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული აქტი კანონიერად და რატომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმის თაობაზე, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, მიზანშეწონილობის გადამოწმებისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება ასევე გააჩნია პირველადი აქტის მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოსაც, მაგრამ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში უფრო მეტად წარმოეშობა დასაბუთების და შემოწმების ვალდებულება, რათა სწორად მოხდეს საჯარო მმართველობის განხორციელება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების დასაბუთება აგრეთვე აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას (და არა მასში მითითებული ზოგადი ჩანაწერით), რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კონკრეტულად რომელი მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას, ასევე თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი, მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვეოდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, რა კონკრეტული დიაგნოზი უნდა გადაცემულიყო, ამასთან, ამ შემთხვევაში თუკი სახეზე იყო სამედიცინო საქმიანობის შესწავლის/შეფასების საკითხი და დგინდებოდა რაიმე სახის ხარვეზი, აღნიშნული შეფასებული ხომ არ უნდა ყოფილიყო რეგულირების სააგენტოს მიერ. ამდენად, სადავო სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 22 აგვისტოს NHA 7 23 00886517 გადაწყვეტილება კვლავ არ არის დასაბუთებული და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება თუ გარემოება წარმოშობდა სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. მხოლოდ ზოგადი მითითება კი იმის თაობაზე, რომ არ დასტურდება გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ვერ გახდება ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის გაზიარების საფუძველი. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 28 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 28 ნოემბრის N33734 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი