Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1341(კს-24) 30 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ.ღ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

დავის საგანი - საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2024 წლის 10 იანვარს მ.ღ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის 18 დეკემბრის №439 და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 21 დეკემბრის №453 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დადასტურდება 2008 წლის აგვისტოს ომამდე მ.ღ-ის ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის 18 დეკემბრის №439 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 21 დეკემბრის №453 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხეს - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დადასტურდება 2008 წლის აგვისტოს ომამდე მ.ღ-ის ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, №3ბ/1456-24 ადმინისტრაციულ საქმეზე (მოსარჩელე - მ.ღ-ი, მოპასუხე - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა) შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლით; შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის დანაწესით, დასაშვებობის საკითხის განსაზღვრისას კანონმდებელი აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობის ფაქტს, რათა სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა შეამოწმოს მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ხოლო წერილობითი დოკუმენტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად მიჩნევის კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა ასეთი დოკუმენტის საფუძველზე უშუალოდ სამართლებრივი შედეგის დადგომა წარმოადგენს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მ.ღ-ის მიერ სადავოდ გამხდარი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის 18 დეკემბრის და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 21 დეკემბრის ცნობები მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და იგი არ აწესებს, არ ცვლის, არ წყვეტს და არც ადასტურებს მოსარჩელის ან სხვა პირის რაიმე უფლებას, ასევე მას არ შეიძლება მოჰყვეს რაიმე სამართლებრივი შედეგი. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს დევნილის სტატუსის მინიჭება, რომელიც ხორციელდება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, რომლის გამოცემისას, სააგენტომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლოა გაითვალისწინოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე, თუმცა დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი, სავალდებულო ხასიათი, შესაბამისად, აღნიშნული ცნობები უშუალოდ არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობის ბათილად ცნობა თავისთავად არ გამოიწვევდა მოსარჩელის მიმართ დამდგარი სამართლებრივი შედეგის შეცვლას და მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო ცნობაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების და უარყოფის შესაძლებლობა მოსარჩელე მხარეს გააჩნდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ 2008 წლის შემდგომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი 2008 წლის აგვისტოს ომამდე კერძო საჩივრის ავტორის ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის მკაფიოდ და ცალსახად დამადასტურებელი ცნობის წარდგენის გარეშე, არა სავარაუდოდ, არამედ აუცილებლად არ დააკმაყოფილებდა მ.ღ-ის მოთხოვნას დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ გარემოებას კი კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს სწორედ იმის დასტურად, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც დაადასტურებდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტს, წარმოადგენდა შესაბამისი პირისთვის დევნილის სტატუსი მინიჭებისთვის საჭირო უმთავრეს დოკუმენტს, რომელიც თავისი შინაარსით უდავოდ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი შედეგი და იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მ.ღ-ის კანონიერ უფლებას და ინტერესს.

კერძო საჩივრის ავტორმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით მიმდინარე, წინამდებარე საქმის მსგავს დავებზე, 2008 წლის შემდგომ დადგენილი იყო ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც არცერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა გასაჩივრებული ცნობის, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სტატუსი და აღნიშნულ პრაქტიკას შეესაბამებოდა წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინების ძალაში დატოვება უარყოფითად აისახება ყველა იმ პირის ინტერესზე, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ჰქონდეთ დევნილის სტატუსი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა მითითებული არგუმენტის და შესაბამისი პრაქტიკის ილუსტრირების მიზნით საჩივარს დაურთო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განჩინების ასლი საქმეზე №3ბ/1396-24, რომლითაც განხილულ იქნა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი, იგი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მ.ღ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ მ.ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად კი განსაზღვრულია, რომ სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ხოლო, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომლის თანახმად: „სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე წყვეტს სარჩელის შესაბამისობას სასკ-ის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებულ სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებთან და 262 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განჩინებით წყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. სასამართლო ვალდებულია, მხარის მოთხოვნისგან დამოუკიდებლად, შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობის საკითხი. სასამართლოს ინიციატივით დასაშვებობის საკითხის შემოწმებას ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი. სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები წარმოადგენენ საპროცესო წინამძღვრებს. არსებობს მხარეებთან მიმართებაში საპროცესო წინამძღვრები და დავის საგანთან არსებული წინამძღვრები. საპროცესო წინამძღვრები საჯარო ინტერესს გამოხატავს. საჯარო ინტერესი გამოიხატება იმაში, რომ სარჩელს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოჰყვეს შედეგი, როცა ყველა საპროცესო წინამძღვრები სახეზეა. სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს პროცესის დასაშვებობა მხარეთა დამოუკიდებლად. ამდენად, სარჩელის დასაშვებობის საკითხი შესაძლოა დადგეს სასამართლოს მიერ სარჩელის დასაშვებად ცნობის შემდეგ, აგრეთვე ზედა სასამართლო ინსტანციებში“ (სუსგ №ბს-752-744(კს-16); 09.03.2017წ.).

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის 18 დეკემბრის №439 ცნობის და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 21 დეკემბრის №453 მიმართვის კანონიერების შემოწმებას და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც დადასტურდება 2008 წლის აგვისტოს ომამდე მ.ღ-ის ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის 18 დეკემბრის №439 ცნობის მიხედვით გამგეობამ მიიჩნია, რომ მ.ღ-ი (დაბადებული -... წლის ... ...ს) 2008 წლის აგვისტოს ომამდე არ იყო სოფელი ...ის მუდმივი მაცხოვრებელი. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 21 დეკემბრის №453 წერილით კი მ.ღ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

მითითებული კანონის მუხლი მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. მე-7 პუნქტის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

საკასაციო პალატა მიუთითებს „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე, რომლითაც კანონმდებელმა განსაზღვრა დევნილის სტატუსის მისანიჭებლად დაინტერესებული პირის მიერ აუცილებლად წარსადგენი მტკიცებულებათა ჩამონათვალი. აღსანიშნავია, რომ ამ მტკიცებულებათა შორისაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში).

ბრძანების მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტი ან სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო უზრუნველყოფს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას, შესაბამისი საბუთებისა (დოკუმენტების) და მტკიცებულებების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სათანადო ორგანოებიდან მათ გამოთხოვას. ამავე მუხლის მე-20 პუნქტის მიხედვით, დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის რეგისტრაციისა და რესტიტუციის სამმართველოს უფროსი და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.

მოხმობილი სამართლებრივი ნორმების დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული დოკუმენტები წარმოადგენს არა დევნილის სტატუსის მიმნიჭებელ აქტს, არამედ ამ უფლების რეალიზებისთვის კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მტკიცებულებას, რაც დამოუკიდებლად, უცილობლად არ იწვევს ადრესატისთვის რაიმე სავალდებულო სამართლებრივ შედეგს. მართალია მათი გამოცემა მიმართულია გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ (დევნილის სტატუსის მინიჭება), თუმცა დამოუკიდებლად ასეთ შედეგს ვერ იწვევს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მიიჩნევა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ქმედება განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული. ინდივიდუალური აქტის დეფინიციის ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, რომელიც მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ (ე.ი. ის აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირთა სამართლებრივ მდგომარეობას). სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება მიმართულია ცალმხრივად და უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმოშობისკენ. ადმინისტრაციული აქტის ცალმხრივობა და მისი შესასრულებლად სავალდებულო ძალა აქტის ცნების ის ელემენტებია, რაც (აქტის ცნების სხვა ელემენტებთან ერთად) აქტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს ქმნის (სუსგ საქმე №ბს-627(კ-21); 31.10.2023წ.), ამდენად, როდესაც საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, მოწესრიგება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ელემენტი, სახეზე არ არის.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული წერილები მართალია გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, თუმცა შინაარსის გათვალისწინებით გააჩნიათ მხოლოდ ფაქტის ფიქსაციის და არა სამართალურთიერთობის რეგულირების დატვირთვა, შესაბამისად არა რეგულატორული ფუნქციის, არამედ ინფორმაციული დატვირთვის მატარებელია. ამდენად ცალსახაა, რომ №439 ცნობა არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და შესაბამისად არ ექცევა სზაკ-ის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ქვეშ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც თავად წყვეტს რამდენად გაითვალისწინებს დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობის შინაარს, რომელსაც დამოუკიდებლად არ გააჩნია წინასწარ დადგენილი და სავალდებულო ხასიათი.

რაც შეეხება მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ არგუმენტად კერძო საჩივრის ავტორის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განჩინებაზე მითითებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული განჩინება გასაჩივრებულია საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მასზე არ არის მიღებული საბოლოო განჩინება/გადაწყვეტილება, ამდენად სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება არ არის კანონიერ ძალაში შესული და ვერ იქნება გამოყენებული როგორც სასამართლო პრაქტიკის დამდგენი დოკუმენტი.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლის არსებობას. შესაბამისად, მ.ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა