Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე #ბს-84(კ-25) 24 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ.ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 18 მარტს ნ.ხ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის #816 ბრძანებით, იგი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა სამსახურში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები. იგი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დაარღვია მითითებული კანონის მოთხოვნები, რამდენადაც მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, ფაქტობრივად, არ არსებობდა.

ამდენად, მოსარჩელემ (1) ნ.ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის #816 ბრძანების ბათილად ცნობა, (2) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ნ.ხ-ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის #... პენიტენციური დაწესებულების ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენის დავალება და (3) მისთვის, ნ.ხ-ის გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

2022 წლის 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მე-2 სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ნ.ხ-ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის პოზიციაზე აღდგენის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ნ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნ.ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის #816 ბრძანება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ნ.ხ-ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის პოზიციაზე აღდგენა; მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ნ.ხ-ის გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე პერიოდში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ნ.ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის #816 ბრძანება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის #ბს-266(2კ-23) განჩინებით ნ.ხ-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2024 წლის 1 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე ნ.ხ-ის წარმომადგენლის - ვ.კ-ის მიერ დაზუსტდა მე-2 სასარჩელო მოთხოვნა და ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმით: დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აღადგინოს ნ.ხ-ე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის პოზიციაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენის მიზნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულ იქნა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან გასაუბრების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის თავმჯდომარე - ქ.ბ-ე. მოწმის განმარტებით, გასაუბრების ყველა მონაწილეს, მათ შორის, ნ.ხ-ეს დაესვა კითხვა - წარმოედგინა თუ არა თავი ...ად. ამასთან, მოწმემ - ქ.ბ-ემ დაადასტურა 2019 წლის პირველი თებერვლის გასაუბრების ოქმის შინაარსის სისწორე (ნ.ხ-ის პასუხის ნაწილში - „...ად ვერ ხედავს თავს“) და დამატებით აღნიშნა, რომ გასაუბრების ეტაპზე თავად აკეთებდა გასაუბრებაში მონაწილეების პასუხების ჩანაწერებს და სწორედ აღნიშნულ ჩანაწერებთან შედარების შემდგომ დაადასტურა ხელმოწერით გასაუბრების ოქმის შინაარსის სისწორე.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს არ უსარგებლია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის #... დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების“ მე-16 მუხლით მინიჭებული უფლებით, კერძოდ, ნ.ხ-ეს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისთვის ან საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების ხელმეორედ ჩატარების მოთხოვნით (საბოლოო შეფასების შედეგების გაცნობის დღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში) წერილობით არ მიუმართავს.

სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ გასაუბრების ოქმში მითითებული პასუხების სისწორე ხელმოწერით დადასტურებულია კომისიის წევრების მიერ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა - გასაუბრების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის თავმჯდომარემ - ქ.ბ-ემ, ასევე, დაადასტურა ოქმის შინაარსის სისწორე. ამასთან, გასაუბრებაში მონაწილე არც ერთ პირს გამოუთქვამს პრეტენზია გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების არასწორად დაფიქსირებასთან დაკავშირებით, ხოლო მოსარჩელის მიერ საქმეში არ იყო წარმოდგენილი აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი შესაბამისი მტკიცებულებები.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების ტვირთი, რომ ნ.ხ-ეს გასაუბრების ეტაპზე უარი არ განუცხადებია მსჯავრდებულთა ...ის დეპარტამენტის ...ის პოზიციაზე დანიშვნაზე, სწორედ მოსარჩელე მხარეს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით უნდა შეძლოს მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცება. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სასამართლო სხდომაზე განმარტებული პოზიციების გათვალისწინებით, გაიზიარა აპელანტის პოზიცია და მიიჩნია, რომ გასაუბრების ოქმში მითითებული ნ.ხ-ის პასუხის სისწორეში (ოქმის ნამდვილობაში) ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა.

ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ გასაუბრების ოქმში დაფიქსირებული პასუხი, მისი სისწორის დადასტურების პირობებშიც კი, არ ქმნიდა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ნ.ხ-ე უარს აცხადებდა მსჯავრდებულთა ...ის დეპარტამენტის ...ის პოზიციაზე დანიშვნაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კითხვაზე - „წარმოუდგენია თუ არა თავი ...ად?“ მონაწილის დადებითი ან უარყოფითი პასუხი წარმოადგენდა მისი ნების გამოხატვას კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმების თაობაზე, რომლის საფუძველზეც, მეორე მხარეს შეეძლო კეთილსინდისიერად ერწმუნა, რომ იგი შესაბამისი უფლებებით აღიჭურვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის აღნიშვნით, მისთვის არავის შეუთავაზებია ...ის თანამდებობა, თორემ იგი აუცილებლად დათანხმდებოდა, რადგან 2005 წლიდან იყო ..., გასაუბრების ეტაპზე კი მსგავსი შინაარსის საუბარს ადგილი არ ჰქონია. მან, ასევე, მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ რეორგანიზაციის დროს ის მზად იყო არა მხოლოდ ...ის, არამედ ნებისმიერი იმ სხვა პოზიციის დასაკავებლად, რომელსაც მისი კვალიფიკაცია შეესაბამებოდა.

შესაბამისად, კასატორისათვის გაუგებარია, თუ როგორ უნდა გაეხადა სადავოდ გასაუბრების ოქმის შინაარსი, რომელიც მას მატერიალური სახით, მისი მოთხოვნის მიუხედავად, არ გადასცემია და მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩაბარდა. გაურკვეველია, თუ რა სახით უნდა გაესაჩივრებინა იგი ნ.ხ-ეს, როდესაც მისთვის უცნობი იყო ოქმის შინაარსი.

კასატორის მითითებით, უდავოა, რომ გასაუბრების ვიდეო ან აუდიო ჩაწერა არ განხორციელებულა. ამასთან, არ დასმულა არც ერთი პროფესიული შეკითხვა, ასევე, მისთვის არ შეუთავაზებიათ რაიმე სახის პოზიცია.

კასატორი მიუთითებს, რომ მისი გასაჩივრების ერთადერთი სამართლებრივი საშუალება სწორედ სარჩელის სასამართლოში წარდგენაა და სხვა მექანიზმს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ პირველივე შესაძლებლობისთანავე, მას შემდეგ, რაც შეიტყო ოქმის შინაარსი, სადავოდ გახადა გასაუბრების ოქმი, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ გასაუბრების აუდიო/ვიდეო ჩაწერა არ მიმდინარეობდა, გაუგებარია, სხვა რა ბერკეტი გააჩნდა მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ კონკრეტული გარემოების სამტკიცებლად.

კასატორის განმარტებით, პროცესზე მოწმის სახით დაკითხული კომისიის თავმჯდომარე - ქ.ბ-ე გასაუბრების ოქმს დაეთანხმა ზოგადად, მთლიანობაში, თუმცა მან ვერ გაიხსენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არსებითი გარემოებები, კერძოდ, ვინ დაუსვა შეკითხვა მოსარჩელეს სოციალურ მუშაკად გადაყვანის თაობაზე, არსებობდა თუ არა აღნიშნული შტატი და განემარტა თუ არა ნ.ხ-ეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იგი უარს იტყოდა გადაყვანაზე, გათავისუფლდებოდა სამსახურიდან. მსგავსი ინფორმაცია მისი მხრიდან არ დადასტურებულა.

კასატორის შეფასებით, სასამართლომ, ასევე, მოსარჩელის ნების განმარტებისას არ გაითვალისწინა მის მიერ გაჟღერებული ნება დავის მიმდინარეობის პროცესში, რომელიც გამოიხატებოდა სამსახურში აღდგენაში. ნ.ხ-ესთან მიმართებით ჩატარებული უკანონო რეორგანიზაციის ცალსახა ფაქტის მიუხედავად, სასამართლომ შეაფასა მხოლოდ გასაუბრების ოქმში მითითებული პასუხი.

კასატორი თვლის, რომ გასაუბრების ოქმიდან არ იკვეთება, განემარტა თუ არა მოსარჩელეს გასაუბრების პროცესში, რომ რეორგანიზაციის შემდეგ სამსახურს გააჩნია ...ის 13 ვაკანტური პოზიცია მსჯავრდებულთა ...ის დეპარტამენტში. ამავე ოქმიდან არ დგინდება, განემარტა თუ არა მას, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იგი უარს იტყოდა აღნიშნულ პოზიციაზე, იგი გათავისუფლდებოდა სამსახურიდან. ასეთ პირობებში, მხოლოდ მსგავსი ფორმით დასმული შეკითხვა არ უნდა გამხდარიყო ნ.ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიკვლია მოსარჩელის ნების თავისუფლების საკითხი და იგი მის საუარესოდ განმარტა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.ხ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს (1) ნ.ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის #816 ბრძანების კანონიერება, (2) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ნ.ხ-ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის პოზიციაზე აღდგენის დავალება და (3) მისთვის, ნ.ხ-ის გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის თავისუფლების სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არაერთი საერთაშორისო საკანონმდებლო აქტით. კერძოდ, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შრომის თავისუფლება (ძველი რედაქციით საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი) მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 28 თებერვლის #.../4-24 გადაწყვეტილება საქმეზე „ლეონარდო დევდარიანი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, 3). ამასთან, შრომის თავისუფლებით დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ, ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #.../2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-19).

საკასაციო პალატა, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის #ბს-266(2კ-23) განჩინებაში ასახული მითითებების გათვალისწინებით. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, „საქმის მასალებით დასტურდება, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის #457 ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი #1-ის შესაბამისად, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულთა ...ის დეპარტამენტში განისაზღვრა ...ის 90 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო თვეში ერთ ერთეულზე - 1 300 ლარი). ასევე დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ იქნა სახელმწიფო (ქართული) ენის მართლწერის ტესტი, ზოგადი უნარების ტესტი, საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის განმსაზღვრელი ტესტი და გასაუბრება. ნ.ხ-ემ სახელმწიფო (ქართული) ენის მართლწერის ტესტში მიიღო 62 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), ზოგადი უნარების ტესტში - 48 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის განმსაზღვრელი ტესტში - 18 ქულა (მაქსიმალური ქულა - 30). მნიშვნელოვანია, რომ ნ.ხ-ის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან არ გამოუწვევია ტესტების შედეგად მიღებულ ქულებს, არამედ გამოიწვია დაკავებული თანამდებობის - ...ის ...ის საშტატო ერთეულის გაუქმებამ და სხვა საშტატო ერთეულზე, კერძოდ, ...ის თანამდებობაზე უარის თქმამ, რადგან გასაუბრების დროს კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვაზე - წარმოუდგენია თუ არა თავი ...ად? ნ.ხ-ემ უპასუხა, რომ ის „...ად ვერ ხედავდა თავს“(ტ. I, ს.ფ. 207-217). სწორედ აღნიშნული პასუხი გახდა ნ.ხ-ის სოციალურ მუშაკად არ გადაყვანის საფუძველი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება“. აღსანიშნავია, რომ გასაუბრების ოქმში მითითებული პასუხები, რომლებიც ხელმოწერილია კომისიის წევრების მიერ ეჭვის შეტანის საფუძველს არ იძლევა და არც გასაუბრებაში მონაწილე არც ერთ პირს არ გამოუთქვამს პრეტენზია გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების არასწორად დაფიქსირებასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი გასაუბრების ოქმის ამონაწერის თანახმად, გასაუბრებაზე ყველა მონაწილეს დაესვა კითხვა - წარმოუდგენია თუ არა თავი ...ად? აღნიშნულ კითხვაზე, როგორც ნ.ხ-ის, ისე მონაწილეთა ნაწილის პასუხი უარყოფითი იყო, რამაც გამოიწვია 13 საშტატო ერთეულის ვაკანტურად დატოვება.

საქმეზე დადასტურებულ გარემოებათა და მათ მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ვინაიდან, გარდა 2019 წლის 1 თებერვლის გასაუბრების ოქმისა, საქმეში წარმოდგენილია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ...ის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 15 თებერვლის #01/45133 წერილი, რომლითაც ასევე დასტურდება, რომ 2019 წლის 22 თებერვლის საშტატოს მდგომარეობით, მსჯავრდებულთა ...ის დეპარტამენტში განსაზღვრული იყო 90 ...ის შტატი. აქედან 77 საშტატო ერთეული იყო დაკავებული, ხოლო 13 - ვაკანტური, რომელთა ვაკანტურობის მიზეზად წერილში მითითებულია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან გასაუბრების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის გასაუბრების ოქმის მიხედვით, გასაუბრების მსვლელობისას ცამეტმა მოსამსახურემ განაცხადა, რომ ვერ ხედავდა თავს ...ის პოზიციაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის ხელახლა განხილვის პირობებში, ზემოთ მითითებულ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სწორად შეფასების გარდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოსაკვლევია ნ.ხ-ის მხრიდან ნების თავისუფლად გამოვლენის საკითხი, კერძოდ, რატომ არ იქნა გათვალისწინებული ...ის პოზიციის შეთავაზებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გასაუბრებაზე გაჟღერებული უარი. ამასთანავე, კონკრეტულ შემთხვევაში გამოსაკვლევია გასაუბრების ოქმის ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენების საკითხი.“

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის #ბს-266(2კ-23) განჩინებაში ასახული მითითებების გათვალისწინებით, ამავე განჩინებით რელევანტურად მიჩნეული გარემოებების დადგენის მიზნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულ იქნა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან გასაუბრების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის თავმჯდომარე - ქ.ბ-ე. მოწმის განმარტებით, გასაუბრების ყველა მონაწილეს, მათ შორის, ნ.ხ-ეს დაესვა კითხვა, წარმოედგინა თუ არა თავი ...ად. ამასთან, მოწმემ - ქ.ბ-ემ დაადასტურა 2019 წლის 1 თებერვლის გასაუბრების ოქმის შინაარსის სისწორე (ნ.ხ-ის პასუხის ნაწილში - „...ად ვერ ხედავს თავს“) და დამატებით აღნიშნა, რომ გასაუბრების ეტაპზე თავად აკეთებდა გასაუბრებაში მონაწილეების პასუხების ჩანაწერებს და სწორედ აღნიშნულ ჩანაწერებთან შედარების შემდგომ დაადასტურა ხელმოწერით გასაუბრების ოქმის შინაარსის სისწორე.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ გასაუბრების ოქმში მითითებული პასუხების სისწორე ხელმოწერით დადასტურებულია კომისიის წევრების მიერ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა - გასაუბრების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის თავმჯდომარემ - ქ.ბ-ემ, ასევე, დაადასტურა ოქმის შინაარსის სისწორე. ნიშანდობლივია ისიც, რომ გასაუბრებაში მონაწილე არც ერთ პირს არ გამოუთქვამს პრეტენზია გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების არასწორად დაფიქსირებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის #ბს-266(2კ-23) განჩინებაში ასახული მსჯელობებისა და მის შესაბამისად, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ გასაუბრების ოქმში მითითებული ნ.ხ-ის პასუხის სისწორეში (ოქმის ნამდვილობაში) ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა.

ამასთან, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან გასაუბრების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის თავმჯდომარის მიერ დასმულ კითხვაზე - „წარმოუდგენია თუ არა თავი ...ად?“ მონაწილის დადებითი ან უარყოფითი პასუხი წარმოადგენდა მისი ნების გამოხატვას კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმების თაობაზე.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმის ხელახლა განხილვისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სრულად იქნა გათვალისწინებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის #ბს-266(2კ-23) განჩინებაში ასახული მსჯელობები, ხოლო კასატორის მხრიდან არ წარმოდგენილა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა