Facebook Twitter

№ბს-1186(2კ-24) 21 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...-ს“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „...-ს“ მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) მოპასუხეს - შპს „...-ს“, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 09.03.2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 136 (67+69=136) ლარის გადახდა; ბ) მოპასუხე შპს „...-ს“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ (ს/კ ... და ...) და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - სახელმწიფოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო და განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეცა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „...-ს“ მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს - შპს ,,...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 09.03.2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 136 (ასოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...-ს“ მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „...-ს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობის და სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) გამოყენების გამო, 2019 წლის 27 ნოემბრიდან - სადავო ფართის გამოთავისუფლებამდე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 136 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...-ს“ მიერ.

4.1 კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ ქონება, რომელიც მდებარეობს თბილისში, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ (ს/კ ...- 188 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №... ფართით 44.5 კვ.მ და ს/კ... - 263 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №... ფართით 69.28 კვ.მ და ნაგებობა №... - მშენებარე) 2015 წლის 9 მარტიდან წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს შპს „...“, რაც დასტურდება 2019 წლის 20 ივნისის აქტით და ფოტოსურათებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ადგილზე დათვალიერება და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კვლავ დადასტურდა შპს „...-ს“ მიერ სახელმწიფო ქონების ფლობა.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ოქტომბრის და 2015 წლის 28 ოქტომბრის წერილები შპს „...-ს“ გაეგზავნა როგორც ფაქტობრივ, ასევე იურიდიულ მისამართზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2019 წლის 20 ივნისის აქტით და 2015 წლის ფოტომასალით უტყუარად დასტურდება შპს „...-ს“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობა სამეწარმეო მიზნით, კერძოდ, შპს „...-ს“ აქვს ...ის დამზადების საწარმო, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილში განთავსებული იყო სწორედ სხვადასხვა ...ის დასამზადებელი მასალები, მათ შორის, ..., ერთ ქონებაში კი განთავსებული იყო ოფისი. ფოტომასალაში ასევე, ჩანს საწარმოს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საწარმო რეგისტრირებულია 2011 წლის 8 აპრილიდან და სწორედ აღნიშნული თარიღიდან დასტურდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი მფლობელობა სამეწარმეო მიზნებისთვის. ვინაიდან ქონება სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირდა 2015 წლის 9 მარტიდან, კანონის თანახმად, სააგენტოს, ამ თარიღიდან აქვს უფლება მოსთხოვოს თანხის დაკისრება არამართლზომიერ მფლობელს. საყურადღებოა, რომ სახელმწიფო ქონების მომიჯნავედ, რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება წარმოადგენს ი.ჯ-ის საკუთრებას 2011 წლის 7 ნოემბრიდან.

4.2 კასატორი - შპს „...“ აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება კომპანიის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ არამართზომირად არ სარგებლობდა და არ ფლობდა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. №...-ის მიმდებარე ტაერიტორიაზე, ს/კ... და ... მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულებით დაკავებული ჰქონდა ი.ჯ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. №... ს/კ ... პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის მხრიდან სადავო ქონებების მფლობელობის ფაქტი დაადგინა არასწორად და მოპასუხემ სწორედ მითითებული ფაქტის სწორად დადგენის მიზნით მოახდინა ფაქტის კონსტანტაციის ოქმების და მოწმეთა ახსნა-განმარტებების წარმოდგენა. აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მხრიდან წარდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, 2019 წლის 20 ივნისის აქტს, რითაც თითქოსდა დადასტურდა, რომ მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა სადავო ქონებას. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, რომელიც განთავსებული იყო ერთ-ერთი შენობის კედელზე, საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის ქონების გამოყენების ფაქტი დადასტურებულიყო. საგულისხმოა, რომ 2022 წლის 12 იანვრის №1718 სამსახურებრივი ბარათით და მასზე დართული ფოტომასალით, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის სადავო ქონების კედელზე განთავსების ფაქტიც კი, აღარ დასტურდებოდა. კომპანია სამეწარმეო საქმიანობას აწარმოებს ი.ჯ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში, რომელიც მთლიანობაში 497 კვ.მ-ია. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოსდა კომპანიის დირექტორი - ი.ჯ-ი, მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ ფართში დახვდათ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს, არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, რადგან ი.ჯ-ს, როგორც ფიზიკურ პირს, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებებზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით მიმართული აქვს, როგორც ლეგალიზაციის კომისიისათვის, ისე სასამართლოსათვის და ი.ჯ-ის, როგორც ფიზიკური პირის სააპელაციო საჩივარს იხილავს იგივე შემადგენლობა, რომელმაც გამოიტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სასამართლოსათვის ცნობილი ფაქტი იყო ის, რომ ი.ჯ-ი როგორც ფიზიკური პირი, 2000 წლიდან სარგებლობდა და ფლობდა სწორედ იმ უძრავ ქონებებით, რომელიც სახელმწიფომ საკუთრებაში დაირეგისტრირა 2015 წელს. შესაბამისად, ი.ჯ-ი მონიტორინგის სამსახურს ადგილზე დახვდა არა როგორც მოპასუხის წარმომადგენელი და დირექტორი, არამედ როგორც ფიზიკური პირი, რადგან დღემდე იგი აგრძელებს სადავო ქონებებით სარგებლობას და აქვს მოლოდინი იმისა, რომ მოიპოვებს მათზე საკუთრებას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...-ს“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდებით:... (დაზუსტებული ფართობი 188,00 კვ.მ, შენობა ნაგებობა №...- 44,5 კვ.მ) და ... (შენობა ნაგებობა №...- 69,28 კვ.მ და ნაგებობა №... - მშენებარე), 2015 წლის 9 მარტიდან წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას (ს.ფ 17-18, 19-20); ბ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №006244515 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენს 67 ლარს, ხოლო №... საკადასტრო კოდზე - 69 ლარს (ს.ფ 20-32); გ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის აქტების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ №... და №...) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს იურიდიული პირი შპს „...“. წარმოდგენილია შესაბამისი ფოტომასალა (ს.ფ 33-42); დ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის პირველ ოქტომბერს, 2015 წლის 28 ოქტომბერს და 2017 წლის 15 ივნისს შპს „...-ს“ გაუგზავნა (№... , №..., №...) წერილები, რომელშიც მითითებულია, რომ შპს „...“ არამართლზომიერად სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებებით (მდებარე ქ. თბილისი, ... ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ (ს/კ №... და №...) და იყენებდა მათ სამეწარმეო საქმიანობისთვის. ამავე წერილებით სააგენტომ შპს „...-ს“ მოსთხოვა სამეწარმეო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 9 მარტიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. სს „...ის“ ცნობებით დგინდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გაგზავნილი ზემოაღნიშნული კორესპონდენცია შპს „...-ს“ არ ჩაბარებია (ს.ფ 45-49, 317, 320, 324); ე) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 12 იანვრის №1718 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ჯგუფი გავიდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ (ს/კ №... და №...) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განახორციელა აღნიშნული ობიექტების ადგილზე დათვალიერება. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა შპს „...-ს“ დირექტორი - ი.ჯ-ი, რომლის განცხადებითაც იგი სარგებლობს აღნიშნული ქონებებით დაახლოებით 20 წელია და დღესაც აგრძელებს სარგებლობას. მითითებულ სამსახურებრივ ბარათზე თანდართულია 2021 წლის 23 დეკემბრით დათარიღებული ფოტომასალა (ს.ფ 137-144); ვ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2024 წლის 9 თებერვლის №16304 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომლების მიერ 2024 წლის 29 იანვარს მოხდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (ს/კ №... და №...) ადგილზე დათვალიერება/მოკვლევა და დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონებებით შპს „...“ ისევ სარგებლობს. მითითებულ სამსახურებრივ ბარათზე თანდართულია 2024 წლის 29 იანვრით დათარიღებული ფოტომასალა (ს.ფ 233-243).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდის დაკისრება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (1.1 მუხლი). ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა. დასახელებული მუხლის 13 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია უტყუარად დასტურდებოდეს, რომ პირი, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, სახელმწიფო ქონებით სარგებლობს და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით). დასაკისრებელი თანხის ოდენობა კი, გამოიანგარიშება საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ამდენად, აუცილებელია ზუსტად იქნას განსაზღვრული - სარგებლობის მთელი პერიოდი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება, მანვე უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარმოდგენა. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად კი, მოპასუხემ საწინააღმდეგო მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. ამდენად, სამეწარმეო მიზნებისათვის სახელმწიფო ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტის დადასტურება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულების სრულყოფილი და ყოველმხრივი შეფასების შედეგად უნდა განხორციელდეს.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა დადასტურებულად მიჩნეული, რომ მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სარგებლობდა და არსებული მდგომარეობითაც სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებებით (მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდებით: ... და ...).

რაც შეეხება პერიოდს, რომელზეც უნდა განხორციელდეს მოპასუხისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრება, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის პირველ ოქტომბერს, 2015 წლის 28 ოქტომბერს და 2017 წლის 15 ივნისს შპს „...-ს“ გაუგზავნა (№..., №..., №... ) წერილები, თუმცა ზემოაღნიშნული კორესპონდენცია შპს „...-ს“ არ ჩაბარებია. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 27 ნოემბერს (სასამართლოში შესაგებლის წარდგენის თარიღი) მოპასუხისათვის ცნობილი გახდა მოსარჩელის მხრიდან მის მიმართ კანონით დადგენილი მოთხოვნის წაყენების თაობაზე.

ამდენად, შპს „...-ს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობის და სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) გამოყენების გამო, 2019 წლის 27 ნოემბრიდან - სადავო ფართის გამოთავისუფლებამდე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა ყოველთვიურად 136 ლარის გადახდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...-ს“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება;

3. შპს „...-ს“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.11.2024წ. №2194 საგადასახადო დავალებით მ.დ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია