Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

#ბს-823 (კს-24) 01 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – კ.გ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - შპს " ..."

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2024წ. განჩინება

დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კ.გ-ამ 23.04.2014წ. სარჩელით, ხოლო 07.11.2019წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 15.06.2009წ. №01-22/1898-15 წერილის, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბათილად ცნობა მოსარჩელე კ.გ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკ. კოდი: N...) ზედდების, არა უმეტეს 3060 კვ.მ. ფართის ნაწილში; რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 25.06.09წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელე კ.გ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზედდების, არა უმეტეს 3060 კვ.მ. ფართის ნაწილში; რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 15.07.09წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელე კ.გ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზედდების, არა უმეტეს 3060 კვ.მ. ფართის ნაწილში; რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 26.11.12წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელე კ.გ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზედდების, არა უმეტეს 3060 კვ.მ. ფართის ნაწილში; აჭარის ა/რ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ აჭარის ა/რ-ის მთავრობის 18.12.13წ. №315 ბრძანების ბათილად ცნობა მოსარჩელე კ.გ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზედდების, არა უმეტეს 3060 კვ.მ. ფართის ნაწილში; რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 26.12.13წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელე კ.გ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზედდების, არა უმეტეს 3060 კვ.მ. ფართის ნაწილში; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 21.02.17წ. №25/2488 და 24.02.17წ. №25/2685 წერილობითი მიმართვების ბათილად ცნობა მოსარჩელე კ.გ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზედდების, არა უმეტეს 3060 კვ.მ. ფართის ნაწილში; მარეგისტრირებელი ორგანოს 24.02.17წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელე კ.გ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზედდების, არა უმეტეს 3060 კვ.მ. ფართის ნაწილში; მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, კანონისმიერი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება 275 400 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დღისათვის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში; მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი სარგებლის გადახდის დაკისრება 192 780 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდა თვეში 2 295 აშშ დოლარის ოდენობით უნდა განხორციელდეს 2019 წლის 26 ნოემბრიდან ზიანის თანხის (275400 აშშ დოლარის) სრულად გადახდამდე, გადახდის დღისათვის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხე მხარისათვის კ.გ-ას სასარგებლოდ მის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების გადახდის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.2020წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს "...".

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.2021წ. გადაწყვეტილებით კ.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე კ.გ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკ. კოდი:...) ზედდების, არა უმეტეს 3060 კვ.მ. ფართის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი: აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 15.06.2009წ. №01-22/1898-15 წერილი, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 25.06.09წ. №... გადაწყვეტილება, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 15.07.09წ. №... გადაწყვეტილება, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 26.11.12წ. №... გადაწყვეტილება, აჭარის ა/რ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ აჭარის ა/რ-ის მთავრობის 18.12.13წ. №315 ბრძანება, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 26.12.13წ. №... გადაწყვეტილება, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 21.02.17წ. №25/2488 და 24.02.17წ. №25/2685 წერილობითი მიმართვები, მარეგისტრირებელი ორგანოს 24.02.17წ. №... გადაწყვეტილება, კანონისმიერი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე კ.გ-ას სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა.რ. მთავრობას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 275 400 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დღისათვის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში, მოპასუხეებს - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა/რ მთავრობას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს მოსარჩელე კ.გ-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.2021წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ა/რ-ის მთავრობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიერ.

18.01.2022წ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სსკ-ის 279-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2022წ. განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა სააპელაციო საქმის წარმოება №3/ბ-289-2021 (010310114488388) ადმინისტრაციულ საქმეზე, №010210022005387580 სამოქალაქო საქმის (მოსარჩელე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; მოპასუხეები - კ.გ-ა, ლ.დ-ე, ჯ.ვ-ე, დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა) გადაწყვეტამდე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2024წ. განჩინებით №3/ბ-289-2021 ადმინისტრაციული საქმის წარმოება განახლდა იმ საფუძვლით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.09.2023წ. განჩინებით სარჩელი №010210022005387580 სამოქალაქო საქმეზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

26.04.2024წ. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ კვლავ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სსკ-ის 279-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება სამოქალაქო საქმის (საქმე N2-1427/24) გადაწყვეტამდე. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ 12.01.2022წ. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ჯ.ვ-ესა და ლ.დ-ეს შორის 27.03.2008წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე ლ.დ-ესა და კ.გ-ას შორის 31.03.2008წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.09.2023წ. განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დარჩა განუხილველი, ვინაიდან მოპასუხედ დასახელებული პირი ჯ.ვ-ე სარჩელის აღძვრამდე, კერძოდ 26.03.2014წ. იყო გარდაცვლილი. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ (ჯ.ვ-ის ამორიცხვა მოპასუხეთა სიიდან), მერიამ 12.04.2024წ. იმავე სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რაც სასამართლოს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული (საქმე N2-1427/24). ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებით სამოქალაქო დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ შესაფასებელი იქნება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კ.გ-ას საკუთრების შეძენის კანონიერების საკითხი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კ.გ-ას დაეკარგება იურიდიული ინტერესი ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის მიმართ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2024წ. განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა სააპელაციო საქმის წარმოება №3/ბ-289-2021წ. (010310114488388) ადმინისტრაციულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული №2-1427/24 (010210024009088679) საქმის (მოსარჩელე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; მოპასუხეები - კ.გ-ა (პ/ნ ...), ლ.დ-ე (...), დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა) გადაწყვეტამდე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელით წარმოებულ სამოქალაქო საქმეში დავის საგანს წარმოადგენს იმ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხის გარკვევა, რომელზეც კ.გ-ა, როგორც წინამდებარე ადმინისტრაციულ საქმეში მოსარჩელე მხარე, აფუძნებს თავის სასარჩელო მოთხოვნებს და ითხოვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასა და ადმინისტრაციული ორგანოებისაგან ზიანის ანაზღაურებას. კერძოდ, კ.გ-ა მიუთითებს, რომ 31.03.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი საკუთრების უფლება წაერთვა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით და აქედან გამომდინარე ითხოვს როგორც ამ აქტების ბათილად ცნობას, ისე მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელით წარმოებული სამოქალაქო საქმის შედეგს ზეგავლენა ექნება წინამდებარე ადმინისტრაციული საქმის წარმოებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2024წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა კ.გ-ას მიერ.

კერძო საჩივრის ავტორმა - კ.გ-ამ აღნიშნა, რომ წინამდებარე ადმინისტრაციული დავა სასამართლო წარმოებაშია 2014 წლიდან, რაც ცხადყოფს, რომ მოპასუხეები 2014 წლიდან ფლობდნენ ინფორმაციას როგორც ჯ.ვ-ესა და ლ.დ-ეს შორის 27.03.2008წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ისე კ.გ-ასა და ლ.დ-ეს შორის 31.03.2008წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ, თუმცა მოპასუხეებმა 8 წლის ანუ ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ მათთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიმართეს სასამართლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით მოპასუხე საქმის განხილვის გაჭიანურებას ცდილობს, რითაც კ.გ-ას უსაფუძვლოდ ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მესაკუთრის უფლებები. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო დავა სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 2014 წლიდან დღემდე კ.გ-ას, როგორც მესაკუთრეს, უსაფუძვლოდ ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები, ვერ იღებს თავისი საკუთრებით სარგებელს და ადგება დიდი ოდენობით ზიანი. კ.გ-ას, როგორც კეთილსინდისიერ შემძენს და მესაკუთრეს, აქვს ყველა ის სამართლებრივი ბერკეტი, რაც კეთილსინდისიერ მესაკუთრეს აძლევს უფლებას თავისუფლად, ხელშეშლის გარეშე განკარგოს თავისი საკუთრება. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელში მითითებულია იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომელთა შესახებ უკვე იმსჯელა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ. ამდენად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ცდილობს მოახდინოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.2021წ. გადაწყვეტილების რევიზირება, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ კ.გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2024წ. განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს, რომლებიც დადგენილია 279-ე და 280-ე მუხლებში. 279-ე მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, ხოლო 280-ე მუხლი საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს უფლებას შეაჩეროს საქმის წარმოება თავისი ინიციატივით ან მხარეთა განცხადებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების შეჩერება თავისი არსით არის სასამართლოს მიერ სასამართლო განხილვის სტადიაში პროცესუალური მოქმედებების დროებითი შეჩერება, გამოწვეული ობიექტური, სასამართლოსგან დამოუკიდებელი, პროცესის დამაბრკოლებელი გარემოებებით. სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად შეიძლება სხვა საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ იქონიოს არსებითი მნიშვნელობა მოცემული საქმის გადაწყვეტაზე, ანუ საქმის წარმოების შეჩერებამდე უნდა დადგინდეს, თუ რა კავშირია სასამართლოს მიერ განსახილველ კონკრეტულ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება ან სხვა რომელიმე ორგანოს წარმოებაშია, რამდენად გამომდინარეობენ ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების მიღებას საფუძვლად დაედო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში აღძრული სამოქალაქო სარჩელი, სადაც დავის საგანს შეადგენს ჯ.ვ-ესა და ლ.დ-ეს შორის 27.03.2008წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე ლ.დ-ესა და კ.გ-ას შორის 31.03.2008წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სსკ 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2024წ. განჩინების კანონიერების შემოწმებისას შესაფასებელია, თუ რამდენად არის ფაქტობრივად და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 26.12.07წ. №3100 საკუთრების უფლების მოწმობისა და აღიარების კომისიის მიერ დამტკიცებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, 3060 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში 04.01.08წ. დარეგისტრირდა ჯ.ვ-ის საკუთრებად Nს/კ... საკადასტრო კოდით, რომელსაც შემდგომ შეეცვალა კატეგორია და გახდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 27.03.08წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება ჯერ ლ.დ-ის საკუთრებაში, ხოლო 31.03.08წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კ.გ-ას საკუთრებაში დარეგისტრირდა. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 15.06.09წ. N01-22/1898 წერილით მიმართა საჯარო რეესტრს და მის საკუთრებაში არსებული 42536 კვ.მ. დაუზუსტებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაზუსტება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა მარეგისტრირებელი ორგანოს 25.06.09წ. N... გადაწყვეტილებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად დარეგისტრირდა 44699 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელმაც მოიცვა კ.გ-ას საკუთრებაში რეგისტრირებული 3060 კვ.მ. დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი. აჭარის ა/რ საკუთრებაში რეგისტრირებული 44699 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან მარეგისტრირებელი ორგანოს 14.07.09წ. N... გადაწყვეტილებით ცალკე ნაკვეთად გამოეყო 38776 კვ.მ. მიწის ფართი (ს.კ. N...), რომელიც 26.12.2013 წლიდან გადადის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში. 24.02.17წ. N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი ერთიანდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან და საერთო ჯამში 50219 კვ.მ. N... საკადასტრო კოდის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რეგისტრირდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებად, რომელზეც აშენდა და ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ... კომპლექსი. ... კომპლექსის უზუფრუქტუარს წარმოადგენს შპს „...“.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ორივე საქმეში ეხება ერთსა და იმავე უძრავ ქონებას, სამოქალაქო დავის ფარგლებში მოთხოვნილია N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე კ.გ-ას საკუთრების უფლების წარმოშობის, ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების შესწავლა, ხოლო მოცემულ დავაში კ.გ-ა ითხოვს იმ აქტების ბათილად ცნობას, რომლითაც N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება მოექცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ხოლო შემდეგ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნილია ასევე ზიანის და მიუღებელი სარგებლის ანაზღაურება. აღძრული ადმინისტრაციული სარჩელით კ.გ-ა თვლის, რომ მან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო ქმედებით დაკარგა საკუთრების უფლება N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე, რაც გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ და კ.გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო სარჩელის განხილვისას დამდგარ შედეგს არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემული ადმინისტრაციული დავის განხილვისათვის. ლ.დ-ესა და კ.გ-ას შორის 31.03.08წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე კ.გ-ას საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია სამოქალაქო სარჩელით ითხოვს კ.გ-ას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის, ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. ამდენად, სამოქალაქო საქმეში შეძენის კანონიერების დადგენა იმ უძრავ ქონებაზე, რომელზეც კ.გ-ა წინამდებარე ადმინისტრაციულ საქმეში აფუძნებს თავის სასარჩელო მოთხოვნებს, კერძოდ N... საკადასტრო კოდთან ზედდების ნაწილში ითხოვს მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, ზიანისა და მიუღებელი სარგებლის ანაზღაურებას. შესაბამისად, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ იქონიებს გავლენას ადმინისტრაციულ პალატაში მიმდინარე საქმის იურიდიულ შედეგზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო დავა უსაფუძვლოა, არ არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძვლები და ბათუმის მერიის სარჩელით ხდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების რევიზირება - არ ქმნის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული კერძო საჩივრის ფარგლებში სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს სამოქალაქო სარჩელის საფუძვლიანობაზე. ამასთან, ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას (სუსგ 09.10.2014წ. საქმე №ას-212-197-2014). მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს დამატებით ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2022წ. განჩინებით იმავე საფუძვლით იქნა შეჩერებული საქმის წარმოება, რასაც დაეთანხმა კ.გ-ა და ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით არ გასაჩივრებულა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 279-ე მუხლი შეიცავს საქმის წარმოების გაგრძელების შეუძლებლობის დათქმას, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კ.გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი