საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1294(2კ-24) 19 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 8 აპრილს შპს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 21 დეკემბრის №000680 დადგენილებისა და შპს „...ას“ დირექტორის - გ.მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 04 მარტის №206 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 21 დეკემბრის №000680 დადგენილება და მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 04 მარტის №206 ბრძანება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილ ადგილზე დათვალიერების ოქმსა და ფოტოსურათებით უდავოდ დასტურდებოდა აპელანტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბეტონის საძირკველის მქონე ლითონის კონსტრუქციის განთავსების ფაქტი. ამგვარი კონსტრუქციის არსებობას ასევე ადასტურებდა თავად აპელანტის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საკადასტრო გეგმა და ორთოფოტო, რომელზეც დატანილი იყო შენობა-ნაგებობის პირობითი აღმნიშვნელი.
პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლიდან გამომდინარე, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომელიც მოტივირებული საფუძვლის არსებობისას შეიძლება გაგრძელდეს ერთჯერადად არაუმეტეს 2 თვის ვადით. აღნიშნული შესაძლებლობა განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 21 ოქტომბრის №4-3/320-გ/20 ბრძანებით შპს „...ას“ მიმართ დაწყებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებული იქნა 2020 წლის 21 ოქტომბრიდან 2020 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შემოწმების აქტი №000680 შედგა 2020 წლის 21 აგვისტოს, აქტის გამოცემაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო დამატებით ვადის გაგრძელების შესაძლებლობას. ამდენად, მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 21 დეკემბრის სადავო აქტი შესაბამისობაში იყო კანონმდებლობით დადგენილ ვადებთან. ამდენად, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენდა მისი გაუქმების საფუძველს. ამასთან, საგულისხმოა, რომ ამ დროისთვის (21 დეკემბერს) შპს ,,...ას“ სამართალდარღვევა გამოსწორებული არ ჰქონდა, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2020 წლის 21 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „...ას“ მიერ არ განხორციელდა ობიექტის დემონტაჟი და არ იქნა წარდგენილი განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ სადავო აქტის გამოცემის ვადასთან დაკავშირებით წარმოდგენილი პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია, რამეთუ შემოწმება განხორციელებული იყო ხარვეზის გამოსწორებისთვის მიცემულ და აქტის გამოცემისთვის განსაზღვრულ უკანასკნელ დღეს - 21 დეკემბერს და იმ დროისთვისაც დარღვევა გამოსწორებული არ იყო.
ზემოაღნიშნული მსჯელობის მიუხედავად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას ცალმხრივად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა არსებული ობიექტის მშენებლობის განხორციელების საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია. მუნიციპალურ ინსპექციას საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის არ გაუთვალისწინებია ის ფაქტი, რომ 2020 წლის 9 ნოემბერს აპელანტს მიმართული ჰქონდა არქიტექტურის სამსახურისთვის სადავო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის და სამომავლოდ სამეურნეო და საწარმოო ობიექტების განთავსებით მიზნით. გარდა ამისა, აპელანტი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიუთითებდა, რომ აპირებდა სამართალდარღვევის გამოსწორებას მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების გზით. ამდენად, პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში თუ კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ მონაცემებში იქნებოდა მოქცეული სადავო ობიექტი, რის გამოც აღარ გადავიდოდა მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს საკუთრების საკადასტრო საზღვრებში, შესაბამისად, სამართალდარღვევა მითითებულ ნაწილში აღმოფხვრილი იქნებოდა და არ იარსებებდა აპელანტისთვის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ასევე არ იქნა გათვალისწინებული.
პალატამ, შპს ,,...ას“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით, მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის მიხედვით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 18 თებერვლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე 2022 წლის 25 თებერვალს უძრავ ნივთზე მდებარე - ქ. თბილისი, ...ის (ყოფ. ...ის) ქ. №10-ის მიმდებარედ, ნაკვეთის წინა ნომერი №..., ფართი 25 კვ.მ., დარეგისტრირდა შპს ,,...ის“ საკუთრების უფლება. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი იყო და მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ შპს ,,...ის“ მიერ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის - 25 კვ.მ. ფართის შეძენის შედეგად მოხდა აპელანტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება, შესაბამისად, სადავო კონსტრუქცია მთლიანად მოქცეული იქნა შპს ,,...ის“ კერძო საკუთრებაში და აღარ გადადიოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რასაც ასევე ადასტურებს სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი 2024 წლის 12 მაისს შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
სააპელაციო სასამართლომ საკასაციო პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკაზე მითითებით განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. დარღვევის გამოსწორება, როგორც სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოება, იწვევს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. დაინტერესებული პირის სასარგებლოდ იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა, რომელიც საფუძვლად დაედო აქტის გამოცემას, წარმოადგენს საკითხის ხელახლა განხილვის საფუძველს. ამასთან, სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ მუნიციპალური ინსპექციის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების გასაჩივრება აჩერებს საჯარიმო თანხის გადახდის, დემონტაჟის განხორციელების ვალდებულებას, შესაბამისად, სადავო აქტის გასაჩივრებისას პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა მუნიციპალური ინსპექციის და მერიის სადავო აქტები. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ შეცვლილ ვითარებაზე, როგორც პასუხისმგებლობისაგან ნაწილობრივ განთავისუფლების საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს სავალდებულოდ უნდა ემსჯელა საკითხის ხელახალი განხილვისას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
კასატორი - ქ. მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის სრულად იყო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც მისთვის გადაწყვეტილების მიღების საკმარის საფუძველს წარმოადგენდა, კერძოდ: 1. მშენებლობა განხორციელებული იყო სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; 2. დადგენილი იყო მშენებლობის მწარმოებელი პირი; 3. დადგენილი იყო მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში არსებობის ფაქტი, რომელზეც მთლიანად ექცეოდა განხორციელებული მშენებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალური ინსპექციის მოსაზრებით, ფაქტობრივი გარემოებები დამატებით გამოკვლევას აღარ საჭიროებდა.
კასატორის მითითებით, მართალია, სასამართლოს მიერ მუნიციპალური ინსპექციის დადგენილების კანონიერების შეფასება ხდება დადგენილების გამოცემის დროს ანუ 2020 წლის 21 დეკემბერს არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების სისწორის გათვალისწინებით, თუმცა დადგენილების გამოცემის შემდეგ ისეთი გარემოების წარმოშობა, რომელიც პირისთვის სასარგებლოა, სააპელაციო სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას შეცვლილი ფაქტობრივი გარემოების(მიწის ნაკვეთის, რომელზეც გადადიოდა მშენებლობა შპს „...ის“ საკუთრებაში მოქცევა) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების და შესაბამისი სანქციის გამოყენების წინაპირობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 21 დეკემბრის №000680 დადგენილების ბათილად ცნობა, წარმოადგენს გადახვევას/განსხვავებას უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის №ბს-863(2კ-19) განჩინებით დადგენილი პრაქტიკისგან, რომლითაც უზენაესმა სასამართლომ მართალია დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივრები, თუმცა ამით დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელმაც თავისი გადაწყვეტილებით შეცვალა კვალიფიკაციის შეცვლა და, შესაბამისად, შეამცირა სანქცია.
კასატორი - ქ. მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში, ...ის (ყოფ. ...ის) ქ. №10, ნაკვეთი №..., №..., ... საკადასტრო კოდით (ყოფ. ს/კ...) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შპს „...ის“ მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია/მოწყობილია ლითონის კონსტრუქციის შენობა-ნაგებობა, რკინა-ბეტონის საძირკვლით, რომელიც ნაწილობრივ გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე, სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამასთან, დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი სამართალდარღვევა, კერძოდ, არც უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი განხორციელდა და არც შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი. აღნიშნული კი წარმოადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და დამრღვევისთვის ამავე ნორმით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს.
კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ სააპელაციო ეტაპზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მართალია, ეხება მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებას, თუმცა აღნიშნულით არ დასტურდება, რომ გამოვლენილი სამართალდარღვევა სრულად ექცევა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამასთან, ხსენებული დოკუმენტი წარმოდგენილია სასამართლო განხილვის ეტაპზე და აღნიშნულმა არ შეიძლება გავლენა მოახდინოს მანამდე გამოცემული დადგენილების კანონიერებაზე. კასატორის მითითებით არ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა (ყოფილი ...ის) №10-ის მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., 2019 წლის 29 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. ქ. თბილისში, ...ის ქუჩა (ყოფილი ...ის) №10-ში მდებარე 5360.4 კვ.მ უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., 2020 წლის 26 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „...ის“ სახელზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შპს „...ის“ მიმართ 2020 წლის 4 აგვისტოს შედგენილ იქნა №000680 მითითება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ლითონის კონსტრუქციის შენობა-ნაგებობა, რკინა-ბეტონის საძირკვლით, რომელიც ნაწილობრივ გადადიოდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, მხარეს დაევალა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით სამართალდარღვევის ობიექტის დემონტაჟი, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 21 აგვისტოს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №000680, რომლითაც დადგინდა, რომ შპს „...ის“ მიერ არ იქნა შესრულებული 2020 წლის 20 თებერვლის №000260 მითითების პირობები. 2020 წლის 13 ოქტომბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „...ის“ წარმომადგენელმა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ აპირებდნენ წითელი ხაზების გასწორებას, მიმართული ჰქონდათ რეესტრისთვის და ელოდებოდნენ პასუხს. ამასთან, კომპანიას სურდა შეეძინა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო, შესაბამისად, მიმართეს ქონების მართვის სააგენტოს აუქციონის მოთხოვნით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 21 ოქტომბრის №4-3/320-გ/20 ბრძანებით, შპს „...ის“ მიმართ დაწყებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2020 წლის 21 ოქტომბრიდან 2020 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2020 წლის 21 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „...ის“ მიერ არ განხორციელდა ობიექტის დემონტაჟი და არ იქნა წარდგენილი განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 21 დეკემბერს მიღებული იქნა №000680 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის თანახმად, შპს „...“ დაჯარიმდა 25 000 ლარით ქ. თბილისში, ...ის (ყოფ. ...ის) ქ. №..., ნაკვეთი №..., №..., ს/კ: №...-ში (ყოფ. ს/კ: №...) ლითონის კონსტრუქციის შენობა-ნაგებობის, რკინა-ბეტონის საძირკვლით უნებართვოდ განთავსებისთვის/მოწყობისთვის (ნაწილობრივ რომელიც გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე, სახელმწიფოს ტერიტორიაზე). ამავე დადგენილებით შპს „...ის“ დაევალა უნებართვოდ განთავსებული/მოწყობილი ობიექტის დემონტაჟი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, ხოლო მოტივირებული საფუძვლის არსებობისას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „...ის“ სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა ერთჯერადად გაგრძელდა 2 თვით, ვინაიდან სამართალდამრღვევმა განმარტა, რომ დარღვევის გამოსწორების მიზნით, მიმართული ჰქონდათ როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ისე სსიპ ქონების მართვის სააგენტოსათვის.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 18 თებერვლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე 2022 წლის 25 თებერვალს ქ. თბილისი, ...ის (ყოფ. ...ის) ქ. №...-ის მიმდებარედ, (ს/კ...) არსებულ 25 კვ.მ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა შპს ,,...ის“ საკუთრების უფლება. ამდენად, შპს ,,...ის“ მიერ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის - 25 კვ.მ. ფართის შეძენის შედეგად დაკორექტირდა აპელანტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრები და სადავო კონსტრუქცია მთლიანად მოექცა შპს ,,...ის“ კერძო საკუთრებაში.
სააპელაციო სასამართლომ მართბულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, დაინტერესებული პირის სასარგებლოდ იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა, რომელიც საფუძვლად დაედო აქტის გამოცემას, წარმოადგენს საკითხის ხელახლა განხილვის საფუძველს. ამასთან, საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ მუნიციპალური ინსპექციის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ამდენად, იმ პირობებშიც კი, როდესაც ფაქტობრივი მდგომარეობა იცვლება სადავო საკითხის სასამართლო წესით განხილვის ეტაპზე, არსებობს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსათვის საკითხის ხელახალი განხილვის დავალების წინაპირობები. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს სადავო სამართალურთიერთობების მიმართ უნებართვო მშენებლობის განხორციელების შემდგომ, ნაკვეთის კერძო საკუთრებაში მოქცევის გამო, კანონმდებლობით განსაზღვრული განსხვავებული სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე