საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1299(კ-24) 19 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ ...“
მოწინააღმდეგე მხარე - სახელმწიფო აუდიტის სამსახური
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 26 მაისს სს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სს „ს...ის“ შენიშვნების განუხილველად დატოვების თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2019 წლის 29 ოქტომბრის №008926/30 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის სს „ს...ის“ მიერ 2019 წლის 22 ოქტომბერს წარდგენილი №8754/01 შენიშვნების სისწორის დადასტურებისა და 2019 წლის 17 სექტემბრის ზეპირი მოსმენის №007822/30 სხდომის ოქმში შესწორებების შეტანის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით სს „ს...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარეობდა სს „ს...ის“ 2019 წლის 3 სექტემბრის №7429/29 საჩივრის განხილვა, რა დროსაც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2019 წლის 17 სექტემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა. აღნიშნული სხდომის ოქმი მოსარჩელემ ჩაიბარა 2019 წლის 17 ოქტომბერს. მხარე არ დაეთანხმა ოქმში დაფიქსირებულ მონაცემებს და მასთან დაკავშირებული შენიშვნები წარადგინა 2018 წლის 22 ოქტომბერს, თუმცა საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ წარდგენილი შენიშვნები დატოვა განუხილველად, კანონით გათვალისწინებული სამდღიანი ვადის დარღვევით წარდგენის გამო.
სააპელაციო პალატის შეფასებით, შენიშვნების წარსადგენის ვადის ათვლა დაიწყო ჩაბარებიდან შემდეგ სამუშაო დღეს - 2019 წლის 18 ოქტომბერს (პარასკევს) და დასრულდა 2019 წლის 20 ოქტომბერს. იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წლის 20 ოქტომბერი დაემთხვა დასვენების დღეს - კვირას, შენიშვნების წარდგენის ვადის ბოლო დღეს წარმოადგენდა 2019 წლის 21 ოქტომბერი. მხარემ ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმთან დაკავშირებით შენიშვნები ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა 2019 წლის 22 ოქტომბერს, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „...ამ“ აღნიშნული უფლებით არ ისარგებლა კანონით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში, რის გამოც, სახეზე იყო შენიშვნების განუხილველად დატოვების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კოდექსში მითითებული ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება. სასამართლოს უნდა განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 112-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი, ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმზე დაინტერესებული მხარის მიერ შენიშვნების წარდგენის 3 დღიანი ვადის ათვლის წესი. კასატორის პოზიციით, აღნიშნული 3 დღე არის სამუშაო დღე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად. სასამართლომ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უარი თქვა ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენებაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ ვადების ათვლა უნდა მომხდარიყო მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 07.08.2018 წლის N11477/21 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შაბათი და კვირა არის დასვენების დღეები და სხდომის ოქმებზე შენიშვნების წარდგენის ვადის ათვლისას მათი ჩათვლა არ უნდა მომხდარიყო. ამდენად, შენიშვნების წარდგენის ვადა სრულდებოდა 22.10.2019 წელს (18 ოქტომბერი - პარასკევი, 21 ოქტომბერი - ორშაბათი, 22 ოქტომბერი - სამშაბათი). 19 და 20 ოქტომბერი ემთხვეოდა შაბათს და კვირას, დასვენების დღეებს და მათი ჩათვლა სზაკ-ით დადგენილი ვადების ათვლისას არ უნდა მომხდარიყო.
კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ სზაკ-ის მე-15 მუხლი ადგენს მხოლოდ ვადის ათვლის დასაწყისის (პირველი დღის) განსაზღვრის შესაძლებლობას. კასატორი მიუთითებს საკანონმდებლო აქტებზე - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“, საქართველოს საბაჟო კოდექსი, „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული ვადებისა და საფასურის შესახებ“ (ძალადაკარგულია) და აღნიშნავს, რომ მათში ტერმინი ათვლა გამოიყენება არა როგორც ვადის ათვლის დასაწყისის აღმნიშვნელი, არამედ როგორც ვადის გამოთვლა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ საქმეზე სადავო საკითხს წარმოადგენს სს „ს...ის“ შენიშვნების განუხილველად დატოვების თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2019 წლის 29 ოქტომბრის №008926/30 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის სს „ს...ის“ მიერ 2019 წლის 22 ოქტომბერს წარდგენილი №8754/01 შენიშვნების სისწორის დადასტურებისა და 2019 წლის 17 სექტემბრის ზეპირი მოსმენის №007822/30 სხდომის ოქმში შესწორებების შეტანის დავალება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარეობდა სს „ს...ის“ 2019 წლის 3 სექტემბრის №7429/29 საჩივრის განხილვა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2019 წლის 17 სექტემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ საჩივრის ავტორი და მოწინააღმდეგე მხარე - ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტი.
სს „ს...ის“ წარმომადგენელმა 2019 წლის 01 ოქტომბერს №008228/28 განცხადებით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა სს „ს...ის“ 2019 წლის 3 სექტემბრის №7429/29 საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის მიერ ჩატარებული სხდომის ოქმები, მათ შორის, 2019 წლის 17 სექტემბრის სხდომის ოქმი (როგორც წერილობითი, ასევე აუდიო ვერსია). სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის 9 ოქტომბრის №008466/28 წერილით სს „ს...ის“ წარმომადგენელს გაეგზავნა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და დამატებით ეცნობა, რომ სს „ს...ის“ 2019 წლის 3 სექტემბრის №7429/29 საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის მიერ 2019 წლის 9, 17 და 18 სექტემბერს გაიმართა სხდომები. აქედან, 2019 წლის 9 და 18 სექტემბრის სხდომებზე აუდიოჩანაწერი არ გაკეთებულა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის 9 ოქტომბრის №008466/28 კორესპონდენცია სს „ს...ის“ წარმომადგენელმა ჩაიბარა 2019 წლის 17 ოქტომბერს.
სს „ს...ის“ წარმომადგენელმა 2019 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმში წარადგინა შენიშვნები 2019 წლის 17 სექტემბრის №007822/30 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმთან დაკავშირებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმში 2019 წლის 29 ოქტომბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა (ოქმი №008926/30), სს „ს...ის“ 2019 წლის 22 ოქტომბრის №8754/01 შენიშვნებთან დაკავშირებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2019 წლის 29 ოქტომბრის №008926/30 საოქმო გადაწყვეტილებით განუხილველად დარჩა სს „ს...ის“ 2019 წლის 22 ოქტომბრის №8754/01 შენიშვნები პრეზიდიუმის 2019 წლის 17 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომის №007822/30 ოქმთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ავტორის მიერ გაშვებული იყო პრეზიდიუმის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმზე შენიშვნების წარსადგენად კანონით დადგენილი 3-დღიანი ვადა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად, სხდომის დროს იწარმოება ოქმი. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ადმინისტრაციული ორგანო ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხი შეეხება სწორედ 112-ე მუხლის მე-4 ნაწილით შენიშვნების წარდგენისათვის განსაზღვრული 3-დღიანი ვადის გამოთვლის წესს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს (მუხლი 1.1). მოცემული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ამავე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების სახეებია: ა) მარტივი ადმინისტრაციული წარმოება; ბ) ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება; გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით (თავი VI. ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ზეპირი მოსმენა ტარდება ამ კოდექსის VIII თავით (ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება) დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-15 მუხლის (თავი I. ძირითადი დებულებები) თანახმად, ამ კოდექსში მითითებული ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის (თავი VI. ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) პირველი ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-15 მუხლი შეეხება კოდექსში მითითებულ ზოგად ვადებს, ხოლო ამავე კოდექსის 94-ე მუხლი არის უშუალოდ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისთვის განსაზღვრული სპეციალური წესი. ამდენად, ადმინისტრაციულ წარმოებაში, ვადის გამოთვლისას სწორედ სზაკ-ის 94-ე მუხლი გამოიყენება, რომელიც, თავის მხრივ, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილ წესზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამდენად, სს „...“ უფლებამოსილი იყო ოქმთან დაკავშირებული შენიშვნები წარედგინა ოქმის გაცნობიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, რომელიც აითვლებოდა 17 ოქტომბრიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ვადის ათვლის წესების თანახმად, ვადის დინების პირველი დღე იყო - 18 ოქტომბერი, ხოლო მე-3 დღე - 20 ოქტომბერი, რაც ემთხვეოდა კვირას. ამდენად, მოსარჩელეს შეეძლო შენიშვნების წარდგენა არაუგვიანეს ვადის ბოლო უქმე დღის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, ორშაბათს - 21 ოქტომბერს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 112-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ოქმთან დაკავშირებით შენიშვნების წარდგენის ვადა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 30.10.2024 წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება;
3. სს „...ას“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო 30.10.2024 წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე