საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-251 (კ-25) 22 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ.უ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2024წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2024წ. განჩინებით მ.უ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.06.2024წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა მ.უ-ას მიერ.
საკასაციო სასამართლოს 21.03.2025წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, კასატორს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 6000 ლარს, შესაბამისად, კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2025წ. განჩინება გაეგზავნა კასატორს საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 30.04.2025წ., ამდენად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა ამოიწურა 07.05.2025წ. 24 საათზე (ოთხშაბათი). დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, მ.უ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2024წ. განჩინებაზე მ.უ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი